მთავარი,სიახლეები

სიცოცხლისთვის საშიში 118 სახლი ბათუმში – მერიის ხედვა

13.06.2022 • 1771
სიცოცხლისთვის საშიში 118 სახლი ბათუმში – მერიის ხედვა

ბათუმის მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად ავარიული სახლების ჩანაცვლების წესი გაუგზავნა, სადაც დეტალურად გაწერა პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები. მერიის ინფორმაციით, ბათუმში უკვე გამოვლენილია სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი 118 სახლი, სადაც 3000-მდე ოჯახი ცხოვრებს.

ამ სახლების მდგრადობა მერიის დაკვეთით სამხარეულის ექსპეტიზის ბიურომ შეისწავლა. მონაცემები არ არის საბოლოო და მათი რაოდენობა შესაძლებელია გაიზარდოს ახალ მისამართებზე მომავალში ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნების საფუძველზე.

მერიის მიერ გაწერილი წესის შესაბამისად, პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა, ან პირებმა მერიას  განცხადებით უნდა მიმართონ. განცხადებას თან უნდა დაერთოს წერილობითი თანხმობა ავარიული სახლის ჩანაცვლების თაობაზე.

განმცხადებლებმა მერიას უნდა მიაწოდონ ასევე ინფორმაცია შესაბამისი მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის, ფართობისა და მდებარეობის შესახებ, შენობის ამსახველი ფოტოები და  წერილობითი თანხმობა იმის შესახებ, რომ  აძლევენ უფლებას მერიას მიმართოს კომუნალური სერვისების მიმწოდებელ კომპანიებს გამორთონ წყლი, გაზი და დენი.

პროექტის განმახორციელებელი, ანუ მერია უზრუნველყოფს ავარიული სახლის ნაცვლად ახალი შენობა-ნაგებობის  პროექტისა და დეტალური საპროექტო-საინჟინრო მომსახურების შესყიდვას კანონით დადგენილი წესით.

მომზადებული პროექტი უნდა შეთანხმდეს დაინტერესებულ პირებთან, ანუ ავარიული სახლის მესაკუთრეებთან.

ამასთან, აუცილებელია დაინტერესებული პირების თანხმობა, რომ ავარიული სახლის ჩანაცვლების შედეგად, შენობის საერთო ფართობის გაზრდის შემთხვევაში, მათ არ ექნებათ პრეტენზია [მათ შორის, გაზრდილი ფართობის მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირებაზე].

მერია უფლებამოსილია, დაინტერესებულ პირებს საჭიროების შემთხვევაში მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ან შესაბამისი პირობების შესრულება. ამასთან, ავარიული სახლების ჩანაცვლების მიზნით წარდგენილი დოკუმენტების სისწორისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება განაცხადის წარმდგენ პირებს, ანუ ავარიული სახლის მესაკუთრეებს.

ავარიული სახლების ჩანაცვლებისთვის საჭირო ღონისძიებები მუნიციპალური ბიუჯეტით დაფინანსდება.

ავარიული სახლების ჩანაცვლებისას, მერია უფლებამოსილია ასევე დაინტერესებული პირებს შესთავაზოს მერიის საბინაო ფონდში არსებული ბინა, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

ავარიული სახლის ჩანაცვლებისას, დაინტერესებული პირების საკუთრებაში არ იანგარიშება:

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება, ავტოფარეხი, სარდაფი, სხვენის ფართობი, რომელიც არ გამოიყენება საცხოვრებლად. სხვენის [შენობის ბოლო სართულის გადახურვის ზემოთ, გარე კედლებსა და ქანობიანი ან ბრტყელი სახურავის ფერდების შიდა ზედაპირებს შორის განლაგებული სივრცე] ფართობი იმ შემთხვევაშიც, თუ მისი საშუალო სიმაღლე იატაკიდან ჭერამდე 1.6 მეტრზე ნაკლებია.

ეს ფართობები მხოლოდ მერიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია  ჩაითვალოს, თუ იგი კეთილმოწყობილია და ფაქტობრივად გამოიყენება საცხოვრებლად.

ავარიული სახლების ჩანაცვლების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირები, დადგენილი წესის შესაბამისად, მიიღებენ ბინის ქირის კომპენსაციას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: