განათლება,მთავარი,სიახლეები

ახალი სასწავლო ქსელი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის

14.06.2022 • 3848
ახალი სასწავლო ქსელი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის

„განათლების კოალიცია“, „გაეროს ბავშვთა ფონდი“ და  „საერთაშორისო პლატფორმა CK-12“  სკოლებისთვის ახალ ინიციატივას იწყებენ.

უნდა შეიქმნას „საგანმანათლებლო პლატფორმა ck-12-ის სკოლების ქსელი“, რომლის მიზანი CK-12-ის რესურსების პოპულარიზაცია და ინტეგრირებაა სწავლა-სწავლების პროცესში.

კონკურსის ფარგლებში შეირჩევა 60 საჯარო სკოლა და პროექტის დასკვნით ეტაპზე გამორჩეული პრაქტიკის მქონე 10 მათგანი სპეციალური პრიზით დაჯილდოვდება.

„განათლების კოალიციის“ ინფორმაციით, ამ ქსელში ის სკოლები ჩაერთვებიან, რომლებიც სწავლა-სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების ყველაზე კარგ მაგალითებს აჩვენებენ.

როგორც „განათლების კოალიციის“ წარმომადგენელი, ირინა ხანთაძე „ბათუმელებს“ ეუბნება, ck-12-ის ქსელში VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის ქართულ ენაზე ითარგმნა და ადაპტირდა მათემატიკის, ფიზიკის, ბიოლოგიისა და ქიმიის ელექტრონული სახელმძღვანელოები, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს, ხელი მიუწვდებოდეთ მაღალი ხარისხის უფასო რესურსებზე, რომლებიც ასევე საშუალებას აძლევს მათ, რომ ისწავლონ ინდივიდუალური შესაძლებლობების ფარგლებში.

„ამ პლატფორმაზე განთავსებული რესურსები ფარავს მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნებს, სადაც ძალიან მარტივად, გასაგებად, ბევრი პრაქტიკული მაგალითისა და სხვა სავარჯიშოების გამოყენებით გადაიცემა ამ საგნების შინაარსი.

ჩვენია მიზანია, მასწავლებლებს დაინტერესებულ სკოლებში ვასწავლოთ, როგორ შეიძლება გამოიყენონ ეს სახელმძღვანელოები, სავარჯიშოები და სიმულაციები, რაც ჩაშენებულია სწავლების პროცესში და გაუმარტივონ ბავშვებს სხვადასხვა თეორიის, კონცეფციის გააზრება და გაგება.

ვფიქრობ, ეს მასალები საკმაოდ პრაქტიკული და საინტერესო ენითაა გადმოცემული და დაეხმარება მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც რთული კონცეფციების მარტივად გააზრებაში“, – გვითხრა ირინა ხანთაძემ, „განათლების კოალიციის“ წარმომადგენელმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ck-12-ის ინგლისურენოვანი მასალები ადაპტირებულია ქართულ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან და თემებიც კლასების მიხედვითაა დალაგებული.

„ასე, რომ თამამად შეუძლიათ იხელმძღვანელონ სკოლებმა ამ წიგნებით, ნახავენ ყველა იმ საკითხს, რაც სჭირდებათ. წელს ჩვენ კიდევ გავამდიდრებთ ამ მასალებს და დაემატება ძალიან საინტერესო სიმულაციები, რაც თვალსაჩინოებების თვალსაზრისით ბევრი თეორიის, პრაქტიკულად ახსნის და განმარტების შესაძლებლობას მისცემს მასწავლებლებს.

თუ მასწავლებელი ფიქრობს, რომ რომელიმე თემა, მასალა განსხვავებულად მიაწოდოს მოსწავლეს, ამის შესაძლებლობას ეს პლატფორმა იძლევა. მასწავლებლებს ასევე შეუძლიათ წაახალისონ მოსწავლეები, რომ ეს მასალები დამოუკიდებლადაც გამოიყენონ თემის უკეთ გააზრებისთვის: ისეა ეს წიგნები აწყობილი, რომ მოსწავლეს თავადაც შეუძლია შევიდეს და იქ ბევრი საკითხი ნახოს, გააკეთოს, ივარჯიშოს, გაიაზროს“, – ამბობს ირინა ხანთაძე.

მისი თქმით, CK-12 დაახლოებით ერთი წლის დაიწყო და 200-მდე მასწავლებელია ქსელში ჩართული. სურთ, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს.

„კონკურსის მიზანია, მეტი მასწავლებელი მოვიზიდოთ, უფრო სისტემურად რომ დაიწყონ ამ მასალების გამოყენება. კონკურსში მონაწილე სკოლებმა უნდა დაგვიდასტურონ მოტივაცია, რომ სკოლას, როგორც ინსტიტუციას, ექნება მზაობა, ჩაერთოს ამ პროცესში“, – ამბობს ირინა ხანთაძე.

საკონკურსო განაცხადების მიღება დასრულდება 15 ივლისს. გამარჯვებული სკოლები, საჭიროების მიხედვით, დაჯილდოვდებიან ტექნიკით.

„განათლების კოალიციის“ ინფორმაციით, ახალ ინიციატივას აფინანსებს ნორვეგიის მთავრობა. პროექტი მიზნად ისახავს ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერებას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: