მთავარი,სიახლეები

რუსეთს უკრაინაში დაკარგული ტექნიკის შევსება გაუჭირდება – ბრიტანეთის დაზვერვა

14.06.2022 • 1652
რუსეთს უკრაინაში დაკარგული ტექნიკის შევსება გაუჭირდება – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი თავდაცვის ხარჯებს ზრდის, ქვეყანას, სავარაუდოდ, მაინც შეექმნება სერიოზული პრობლემები უკრაინაში დაკარგული და განადგურებული საბრძოლო ტექნიკისა და აღჭურვილობის შესავსებად.

ამის მიზეზად უწყება 14 ივნისს გამოქვეყნებულ სადაზვერვო ცნობარში დასავლურ სანქციებს და გამოცდილების არქონას ასახელებს.

„10 ივნისს რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიული კომისიის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ სახელმწიფოს თავდაცვის ხარჯები შესაძლოა 600-700 მილიარდი რუბლით გაიზარდოს (8,5-10 მილიარდი ფუნტი სტერლინგი), რაც რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტის 20%-ით გაზრდას ნიშნავს“, – აღნიშნავს ბრიტანეთის დაზვერვა და მიუთითებს, რომ სახელმწიფო დაფინანსება, სავარაუდოდ, საშუალებას მისცემს რუსეთს, მოახერხოს სამხედრო ინდუსტრიული ბაზის მობილიზება და იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომლებიც უკრაინაში ომის გამო წამოიჭრა.

„თუმცა წარმოება, შესაძლოა, წააწყდეს სირთულეებს, ნაწილობრივ დასავლური სანქციების, ნაწილობრივ კი გამოცდილების არქონის გამო. მაღალხარისხიანი ოპტიკისა და მოწინავე ელექტრონიკის წარმოება რუსეთში კვლავაც პრობლემად რჩება“, – დაზვერვის ვარაუდით, სწორედ ამის გამო რუსეთს ძალიან გაუჭირდება უკრაინაში დაკარგული აღჭურვილობისა და ტექნიკის ჩანაცვლება.

რაც შეეხება დონბასში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, დაზვერვა მიუთითებს, რომ რუსეთის არმიის ძალისხმევა კვლავაც კონცენტრირებულია სევეროდონეცკზე, ხარკოვის მიმართულებაზე კი რუსულმა ძალებმა, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, პირველად მიაღწიეს მცირე წარმატებას.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე დაზვერვის ცნობებს ყოველდღიურად აახლებს. ტვიტერზე გამოქვეყნებულ გუშინდელ რელიზში უწყება წერდა, რომ მომავალი თვეების განმავლობაში, მდინარე სევერსკი დონეცის გადალახვის მცდელობები იქნება იმ მნიშვნელოვან ფაქტორებს შორის, რომლებიც ამ ომის კურსს განსაზღვრავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: