განათლება,მთავარი,სიახლეები

დასაქმდებით თუ არა უცხოეთში ქართული პროფესიული განათლების დიპლომით – ინტერვიუ

10.09.2022 • 2115
დასაქმდებით თუ არა უცხოეთში ქართული პროფესიული განათლების დიპლომით – ინტერვიუ

შეუძლია თუ არ პირს დასაქმდეს ლეგალურად ევროპის რომელიმე ქვეყანაში ქართული პროფესიული განათლების დიპლომით ან სერტიფიკატით? – სწორედ ამ კითხვაზე პასუხი აინტერესებთ ახალგაზრდებს პროფესიული განათლების პროგრამის შერჩევისას. „ბათუმელები“ ამ თემაზე პროფესიული კოლეჯის, „ბლექსის“ დირექტორის მოადგილეს, მაია თოიძეს ესაუბრა.

  • ქალბატონო მაია, თქვენი კოლეჯის მაგალითზე შეგიძლიათ აგვიხსნათ პრინციპი, თუ როგორ უნდა ჩაირიცხონ ახალგაზრდები ისეთ პროგრამებზე, რომლის დასრულების შემდეგ მათ უცხო ქვეყანაში დასაქმებაც შეეძლებათ?

განათლების და მეცნიერების სამინისტრომ 2019 წელს დაამტკიცა ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო, რომელიც ითვალისწინებს ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოს მოთხოვნებს. შესაბამისად, ყველა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აკმაყოფილებს ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩო მოთხოვნებს.

ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ამტკიცებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტანდარტებს და ჩვენ, პროფესიული სასწავლებლები, ამ სტანდარტების საფუძველზე შევიმუშავებთ ხოლმე საგანმანათლებლო პროგრამებს.

  • მოდით, განვმარტოთ ნათლად, რა განსხვავებაა, მოკლე ან გრძელვადიან პროფესიულ პროგრამებში. ყველა ამ პროგრამას მინიჭებული აქვს საერთაშორისო კლასიფიკაციის კოდი?

არა, რა თქმა უნდა. პროფესიული განათლება შეიძლება განხორციელდეს როგორც ფორმალური გზით, ასევე არაფორმალური გზით. იმისათვის, რომ პროგრამის ფარგლებში პირს მიენიჭოს კვალიფიკაცია და გაიცეს ფორმალური განათლების დამადასტურებელი დიპლომი, ამისთვის აუცილებელია დაწესებულებას მოპოვებული ჰქონდეს ავტორიზაცია.

ერთთვიანი, ორთვიანი, სამთვიანი თუ ერთწლიანი მომზადება/გადამზადების პროგრამებიც შეიძლება იყოს ფორმალური და შესაძლოა აღიარონ სხვა ქვეყნებშიც. თუმცა ამ შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი და არა დიპლომი.

  • მოზარდი, რომელმაც დაასრულა საბაზო საფეხური და გადაწყვიტა კონდიტერი გახდეს, თქვენს კოლეჯში შესაბამისი პროგრამის გავლის შემდეგ, მაგალითად, შეძლებს პოლონეთში, ან გერმანიაში დასაქმებას?

დიპლომი გაიცემა მხოლოდ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც არის მე-3, მე-4 ან მე-5 დონის. მე-3 დონის პროგრამებზე სწავლისთვის აუცილებელია მინიმუმ საბაზო [9 კლასი] განათლება, ხოლო მე-4 და მე-5 დონის პროგრამებზე – სრული ზოგადი განათლება.

ჩვენ ვახორციელებთ რამდენიმე მეოთხე დონის პროგრამას ინტეგრირებული მიდგომით, რაც ნიშნავს, რომ ამ პროგრამაში ჩაშენებულია ზოგადი მოდულები, რომლითაც გათვალისწინებულია ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი სწავლის შედეგები და შესაბამისად, ამ პროგრამის დასრულების შემდეგ, სტუდენტი მიიღებს დიპლომს, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების ატესტატთან.

ასევე, ვახორციელებთ მეოთხე დონის არაინტეგრირებული პროგრამასაც, მაგალითად, სარესტორნო მომსახურება, რომელიც დუალური მიდგომით ხორციელდება. დუალური პროგრამის ფარგლებში დამსაქმებელ კომპანიებთან გვაქვს სწავლის შედეგები განაწილებული. სტუდენტი პარალელურად სწავლობს კოლეჯსა და პარტნიორ ორგანიზაციებში. თუმცა კანონი გვაძლევს იმის უფლებას, რომ ამ პროგრამაშიც ჩავაშენოთ ინტეგრირებული ზოგადი მოდულები და პროგრამა განვახორციელოთ ინტეგრირებული მიდგომითაც.

  • მეოთხე დონის რომელი პროგრამა გაქვთ ამ დროისთვის?

მეოთხე დონის მხოლოდ სამი პროგრამა გვაქვს. მათ შორის, სასტუმრო მომსახურება ხორციელდება დუალური და ინტეგრირებული მიდგომით, სარესტორნო მომსახურება – მხოლოდ დუალურია, ხოლო კომპიუტერული ქსელი და სისტემების პროგრამა ხორციელდება როგორც ინტეგრირებული ასევე, არაინტეგრირებული მიდგომით.

  • მოთხოვნა ალბათ ისეთ პროგრამებზეა, რომელიც ინტეგრირებულია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, არა?!

ყოველთვის ასე არ არის. მაგალითად, კულინარიაზე წელს 180 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, ეს არ არის ინტეგრირებული პროგრამა. ინტეგრირებულია სასტუმრო მომსახურების პროგრამა, თუმცა ასეთი მაღალი კონკურსი არ გვქონდა.

ინტეგრირებულ პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში კი სტუდენტმა აუცილებლად სამი წელი უნდა ისწავლოს.

  • როცა ინტეგრირებულ პროფესიულ პროგრამას სტუდენტი დაასრულებს, ის შეძლებს ევროპის რომელიმე ქვეყანაში დასაქმებას?

რა თქმა უნდა. როგორც აღვნიშნე, ყველა პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი, შესაბამისად, პროგრამა, ითვალისწინებს ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოს მოთხოვნებს.

აღსანიშნავია, რომ შარშან მასიურად იყო პოლონეთსა და გერმანიაში დასაქმების მსურველთა მომართვიანობა, სურვილი ჰქონდათ მოკლევადიანი პროფესიული მომზადების პროგრამები გაევლოთ, მაგალითად, შეესწავლათ ელექტრობა.

ოღონდ ამ შემთხვევაში, ვსაუბრობთ ფორმალურ განათლებაზე, რომელიც არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ და შეუძლიათ მარტივად დასაქმდნენ უცხოეთში.

  • თუმცა ბევრ ქვეყანას თავისი შიდა სტანდარტები აქვს და ვიცით, რომ ხშირ შემთხვევაში, მაინც საჭიროა საერთაშორისო გამოცდების ჩაბარება. მაგალითად ისეთი პროფესიის შემთხვევაში, როგორიცაა შრომის უსაფრთხოება. ამის შესახებ აწვდით ინფორმაციას სტუდენტებს?

ყველა უცხოეთში დაიწყებს მუშაობას მეთქი, მე ამის თქმა არ შემიძლია. რომელიღაც ქვეყანაში შესაძლოა აღიარონ ეს დიპლომები ან სერტიფიკატი, ან შესაძლოა მოუწიოთ იმ ქვეყნის მიერ დაწესებული რეგულაციების დაკმაყოფილება. მაგალითად, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიებზე სხვადასხვა ქვეყნებს გამკაცრებული აქვთ მოთხოვნები, მათ აქვთ თავიანთი რეგულაციები, რეგლამენტები და თუ სხვა ქვეყანაში სურთ ადამიანებს დასაქმება, იმ ქვეყნის მოთხოვნებიც უნდა დააკმაყოფილონ.

მაგრამ თუ ადამიანი დაინტერესებულია უცხო ქვეყანაში დასაქმებით, სჯობს ავტორიზებულ სასწავლებელში მიიღოს ფორმალური განათლება.

  • როგორც ვიცი, გარკვეულ პროგრამებზე ჩასარიცხად ეროვნულ გამოცდების ჩაბარება უწევთ აბიტურიენტებს. რა შემთხვევაში აბარებს ეროვნულ გამოცდას?

პროფესიული ტესტირება მხოლოდ მეხუთე დონის პროგრამაზეა აუცილებელი. ჩვენთან ასეთია, მაგალითად, კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირების პროგრამა. თუმცა წელს, ჩვენ აღნიშნულ პროგრამაზე, მონიჭებული უფლების შესაბამისად, დავამატეთ შერჩევის მეორე ეტაპი – მოტივაციური გასაუბრება.

მესამე და მეოთხე დონის პროგრამებზე კი შერჩევა ხდება მოტივაციური გასაუბრებით, დაწესებულების მიერ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით, არსებული რეკომენდაციების საფუძველზე.

დაწესებულებების უმრავლესობას შემუშავებული გვაქვს მოტივაციური გასაუბრების სქემაც, ეს არის წინასწარ გაწერილი კითხვარი, რომელსაც პასუხობენ აპლიკანტები.

ვიყენებთ ე.წ. ფილტრაციის მეთოდსაც, იმ შემთხვევაში, როცა კონკრეტულ პროგრამაზე ძალიან მაღალი კონკურსია. მაგალითად, კულინარიის ხელოვნების პროგრამაზე დარეგისტრირებულ პირებს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, ჩაუტარდათ ტესტირება და რეიტინგული სიების შესაბამისად შეირჩევა 45 აპლიკანტი, რომლებიც გადავლენ მოტივაციურ გასაუბრებაზე.

მოტივაციური გასაუბრებით კი ვარჩევთ იმ აპლიკანტებს, რომელთაც აქვთ ინფორმაცია პროფესიის შესახებ, ინტერესი, სწავლის მზაობა, გააზრებული აქვთ კარიერული განვითარების შესაძლებლობა.

თუმცა აქ არ იგულისხმებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები, ისინი სხვა, ალტერნატიული პროფესიული მოსინჯვის გზით ირიცხებიან პროგრამებზე.

  • აბიტურიენტების ინფორმირება რამდენად სწორად ხდება სასწავლებლების მიერ?

დაწესებულებას შემუშავებული აქვს აპლიკანტთა ინფორმირების მექანიზმები. თუმცა ონლაინ რეგისტრაციების გამო ბევრი მათგანი მაინც ვერ ფლობს სრულყოფილ ინფორმაციას. ზოგი ფიქრობს, რომ ჩაირიცხება და შემდეგ შეუძლია გააცდინოს მეცადინეობები. ამ მიზეზით გასული წლის მიღებაზე ერთ-ერთ პროგრამაზე 6 პირს სწავლის დაწყებიდან 2 თვეში შეუწყდა ან შეუჩერდა სტატუსი, რადგან ვერ შეძლეს სასწავლო გრაფიკს მორგებოდნენ.

ჩარიცხვები მხოლოდ შემოდგომაზეა, რეგისტრაცია კი მაისში იწყება. აბიტურიენტს შეუძლია რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის გვერდზე (vet.emis.ge) გაიაროს და დარეგისტრირდეს იმ პროგრამაზე, რომელზეც სურს სწავლა.

მაგრამ კარგი იქნება თუ რეგისტრაციამდე ან მის შემდეგ აპლიკანტები ჩვენთან წინასწარ გაივლიან კონსულტაციას, რომ ყველა პროგრამაზე ამომწურავად მიიღონ პასუხი. ხშირად ასე არ ხდება.

  • ყველაზე მოთხოვნადი რომელი პროგრამები იყო წელს?

წელს ტოპ ოთხეულში იყო კულინარიის ხელოვნება, ელექტრობა, ინფორმაციის ტექნოლოგია, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიები.

მაღალი კონკურსია ასევე კონდიტერიაზე და სამკერვალო წარმოებაზე. ამის შემდეგ, შედარებით ნაკლები კონკურსი იყო კომპიუტერული ქსელისა და სისტემების, კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირების, სასტუმრო და სარესტორნო მომსახურების პროგრამებზე.

მშენებლობის მიმართულებით ჩვენ ვახორციელებთ ორ დუალურ პროგრამასაც, ეს არის საავტომობილო გზების მშენებლობა, ანაკრები და მონოლითური კონსტრუქციების მონტაჟი. თუმცა სამშენებლო მიმართულებით გრძელვადიან პროგრამებზე მოთხოვნა ყოველ წელს ყველაზე ნაკლებია. სამშენებლო მიმართულებით უფრო მოთხოვნადია მოკლევადიანი პროგრამები.

მოკლევადიანი პროგრამებიდან ყველაზე მოთხოვნადია ელექტრობის პროგრამა.

2022 წლიდან ვახორციელებთ პროგრამებს ქედისა და შუახევის მისამართებზე. შუახევში უკვე ჩატარდა შერჩევის პროცესი ელექტრობისა და შედუღების პროგრამებზე და შედეგების მიხედვით, ორთავე პროგრამა დაკომპლექტდება გამოცხადებული კვოტის ფარგლებში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: