მთავარი,სიახლეები

როგორ ჩამოაგდეს 11 თვითმფრინავი, 2 ვერტმფრენი, 2 რაკეტა და 13 დრონი – უკრაინის გმირი

10.09.2022 • 6353
როგორ ჩამოაგდეს 11 თვითმფრინავი, 2 ვერტმფრენი, 2 რაკეტა და 13 დრონი – უკრაინის გმირი

იაროსლავ მელნიკი – Buk M1 საზენიტო სარაკეტო დანაყოფის მეთაურია. მან მტრის 28 სამიზნე გაანადგურა: სხვადასხვა ტიპის 11 საბრძოლო თვითმფრინავი, 2 ვერტმფრენი, 2 ფრთოსანი რაკეტა და 13 უპილოტო ფრთოსანი აპარატი.

ნახევარი წელია იაროსლავ მელნიკის დანაყოფი ხარკოვის რეგიონში რუსულ საბრძოლო თვითმფრინავებს იგერიებს. ამ დანაყოფმა აიძულა რუსი პილოტები დაეტოვებინათ ხარკოვის რეგიონი და შეეწყვიტათ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა.

იაროსლავ მელნიკს არ შეშინებია ცეცხლსასროლი რაკეტებით აღჭურვილი თავისი სამხედრო ავტომობილით მარტო გამკლავებოდა რუსული თვითმფრინავების დიდ ჯგუფს, მეტიც, ოკუპანტების რაკეტამ მისი სამხედრო ავტომობილი დააზიანა, მაგრამ მან შეძლო  ცეცხლსასროლი რაკეტებით აღჭურვილი მანქანის ევაკუაცია და მისი ამოქმედება.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ მელნიკს უკრაინის გმირის წოდება შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ცერემონიაზე მიანიჭა.

უკრაინის თავდაცვის ძალების ოფიციალურ საინფორმაციო გამოცემასთან АрмияInform, იაროსლავ მელნიკი საუბრობს თავის პირველ ბრძოლაზე ოკუპანტების წინააღმდეგ, რისკსა და გამარჯვებებზე, იღბალზე, როცა შეუძლებელი შეძლო. საუბრობს შიშისა და ბრაზის შესახებაც, რასაც ომში ყველა მებრძოლი ატარებს.

იაროსლავ მელნიკოვის მონათხრობი:

  • პირველი ბრძოლის შესახებ

ჩვენი დანაყოფი საბრძოლო მოვალეობას ასრულებდა ხერსონის ოლქში. 24 თებერვალს 4:25 საათზე საარტილერიო დაბომბვების ხმა გავიგეთ, ჰორიზონტს აფეთქებების ცეცხლი ანათებდა.

მივიღეთ ბრძანება გადავსულიყავით ჯერ ნოვაია კახოვკაში, შემდეგ კი ზაპოროჟიეშ. აქ, 26 თებერვალს, დილით პირველი რუსული სამიზნე ჩამოვაგდეთ. რუსული ვერტმფრენების ჯგუფი დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდა, ჩვენს დანაყოფებზე თავდასხმას გეგმავდნენ.

ორი რაკეტით ჩამოვაგდეთ ერთი მათგანი – Mi-17. ზაპოროჟიეს მახლობლად მარტის შუა რიცხვებამდე ვიბრძოდით. შემდეგ გვიბრძანეს ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის მიმართულებით წასვლა, რადგან იქ რუსი პილოტები ძალიან აქტიურობდნენ. პირველივე დღეს ჩამოაგდო იქ ჩვენმა საბრძოლო ეკიპაჟმა ოკუპანტების საბრძოლო ვერტმფრენი. უკრაინის ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები ოკუპანტების მანქანებსა და ეკიპაჟის ნაშთებს პოულობდნენ.

  • ერთი ბუკი ათ თვითმფრინავ წინააღმდეგ

ხარკოვის ცაზე ერთდროულად მტრის თვითმფრინავების დიდი ჯგუფი იყრიდა თავს. ხანდახან მათი რაოდენობა ათსაც აჭარბებდა. რუსები ქალაქ იზიუმს და მის შემოგარენს ბომბავდნენ და ჩვენს საჰაერო თავდაცვით სისტემებზე ნადირობდნენ. ჩემი დანაყოფი მარტო იბრძოდა მათ წინააღმდეგ. ჩვენზე ნადირობდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც კი ჩავრთავდით აპარატურას მტრის სამიზნის დასაფიქსირებლად, მაშინვე შეგვნიშნავდა ათობით რუსი პილოტი და მათ სამიზნედ ჩვენც ვიქცეოდით.

თუკი შეგვნიშნავდნენ უყოყმანოდ შეიცვლიდნენ მისიას, გადადებდნენ ქალაქის დაბომბვას და ჩვენს საზენიტო სარაკეტო კომპლექსს დაუშენდნენ ბომბებს გასანადგურებლად.

თანამებძოლებთან ერთად

ათ თვითმფრინავს ათი ანტი-სარადარო რაკეტის გასროლა შეუძლია. მეტიც შეუძლია. რბილად რომ ვთქვათ, ძალთა დისბალანსი იყო, მაგრამ მაინც ჩავერთეთ საზენიტო ბრძოლებში. რუსმა ოკუპანტებმა ჩვენზე ნადირობა დაიწყეს, ჩვენ კი მათზე ვნადირობდით.

წამები გვქონდა აღჭურვილობის ჩასართავად, სამიზნის აღმოსაჩენად და ობიექტის დასაფიქსირებლად. ვრთავდით რადარს, ამ დროს კაბინაში ტკაცუნი ისმოდა და ანათებდა ინდიკატორი, რაც მიანიშნებდა, რომ სამიზნე ვიპოვეთ. თუმცა ამ დროს უკვე ჩვენს თავზე მფრენი ყველა რუსი პილოტისთვისაც ცხადი იყო სად ვუსაფრდებოდით.

სწრაფად ვუშვებდით ცეცხლს ცაში და უსწრაფესად ვტოვებდით პოზიციებს ანტი-სარადარო რაკეტებისთვის რომ დაგვეღწია თავი – ჩვენი ცეცხლის შემდეგ რუსები აუცილებლად დაგვიშენდნენ.

ერთ დღეს მივიღეთ ინფორმაცია ჩვენს ტერიტორიაზე მოწინააღმდეგის ორი თვითმფრინავის შესახებ. ორივე ამოვიღეთ მიზანში. ერთი ჩამოვაგდეთ, მეორეს შეეძლო საპასუხოდ თავს დაგვსხმოდა და სამაგიერო გადაეხადა, მაგრამ პილოტი უნებისყოფო გამოდგა – რომ შეხედა რა დაემართა მის მსგავს პილოტს გაიქცა, გაფრინდა. შეგვეძლო გაგვეშვა, არ გადმოდიოდა შეტევაზე, მაგრამ ვესროლეთ და ჩამოვაგდეთ.

  • ქვეითებს საზენიტო მსროლელების დანახვა უხაროდათ

ჩვენი, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ზონა რამდენიმე ათეული კილომეტრი იყო, თუმცა საბრძოლო პოზიციების მოწყობა ამ ტერიტორიის მიღმა, უსაფრთხო ადგილებშიც შეგვეძლო, ბრძოლის წინა ხაზისგან მოშორებით, ეს მაინც გვაძლევდა შესაძლებლობას აღმოგვეჩინა მტრის სამიზნე. თუმცა ჩვენი დანაყოფი პირიქით, ახლოს მიდიოდა ბრძოლის წინა ხაზთან. წინა ხაზს ქვეითები ამაგრებდნენ, გვებრალებოდნენ. ისინი საჰაერო დარტყმების საფრთხის ქვეშ იყვნენ. ამ საფრთხის ქვეშ ყოფნა გაცილებით რთულია, ვიდრე საარტილერიო ცეცხლის გამკლავება. ვცდილობდით დაგვეცვა ჩვენი ქვეითი ჯარისკაცები ავიადაბომბვებისგან და რაც შეიძლება ახლოს მივდიოდით ფრონტის ხაზთან.

ასე ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ავიადარტყმები მიგვეყენებინა მტრისთვის, მაგრამ ამავე დროს ჩვენი დანაყოფი ძალიან დაუცველი ხდებოდა.

ჩვენ მაინც ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან ვაცნობიერებდით, რომ ქვეით ჯარისკაცებს, ტანკისტებს და არტილერიას ჩვენი დაცვა სჭირდებოდა საჰაერო დარტყმებისგან.

უბრალოდ ის ფაქტიც კი, რომ გვერდით „ბუკი“ იდგა, დიდი იმედი იყო სახმელეთო ნაწილების მებრძოლებისთვის. დიდ პატივისცემას და მადლიერებას ვგრძნობდით მათგან. ეს საბრძოლო ძმობაა, რომლის გადმოსაცემადაც სიტყვები უძლურია.

ერთხელ რუსული რაკეტა ჩვენს თვითმავალ საცეცხლე სისტემას მოხვდა. არადა ყველაფერი სწორად გავაკეთეთ. მიზანში ამოვიღეთ მტერი, თუმცა არ გაამართლა და დაგვარტყეს, აფეთქების ხმა გაისმა. შოკში ვარ. თავს ვიმოწმებ – მთელი თუ ვარ: ხელები და ფეხები ადგილზეა. ირგვლივ ვიხედები, ყველა ცოცხალია და უვნებელი. ვტოვებთ ჩვენს საბრძოლო მანქანას და მივდივართ უახლოესი ტყისკენ. ვაკვირდებით იქიდან, როგორ დგას ჩვენი „ბუკი“ მინდორში მარტო.

ცოტა ხნის შემდეგ გადავწყვიტე მივირბინო და შევამოწმო რა მდგომარეობაშია, იქნებ ევაკუაცია შევძლო.  ერთის მხრივ, ეს უბრალოდ „რკინაა“, რისთვისაც სიცოცხლის გარისკვა არ ღირს. მეორეს მხრივ, „რკინას“ კიდევ აქვს შანსი გაანადგუროს მტრის ბევრი თვითმფრინავი და გადაარჩინოს ხალხის სიცოცხლე.

გავრბივარ „ბუკისკენ“, ვცდილობ ავამუშაო და გამომდის. თავშესაფრისკენ ვიღებ გეზს. თუ მეშინოდა? კი, მეშინოდა,  მაგრამ მე თვითონ ავირჩიე ეს პროფესია. ახლა კი ომია და ჩემი საქმე კარგად უნდა გავაკეთო. სამშობლოს, უკრაინას ვიცავ.

ერთხელ ისე მოხდა, რომ რუსული თვითმფრინავი ყოველგვარი გასროლის გარეშე ჩამოაგდო ჩვენმა დანაყოფმა. შევნიშნეთ პილოტი და მიზანში ამოვიღეთ, ოკუპანტმა სიგნალი მიიღო, მიხვდა, რომ მიზანში ამოვიღეთ, პილოტი პარაშუტით გადაფრინდა ბორტიდან – მოასწრო კატაპულტირება, მალე კი მისი თვითმფრინავი ჩვენი გასროლის გარეშე დაენარცხა მიწას.

იასროსლავ მელნიკი რუსეთის არმიის განადგურებულ ტექნიკასთან

იყო ერთი ასეთი შემთხვევაც: 1983 წელს დამზადებული რაკეტა გვქონდა. ეჭვით ვუყურებდი, მიზნისკენ თუ გაფრინდება ნეტა საერთოდ-მეთქი, ვფიქრობდი. მოვამზადეთ, გავისროლეთ და  თითქმის ორმოცი წლის წინანდელმა რაკეტამ სამიზნე გაანადგურა. რუსული თვითმფრინავი შემოდგომის ფოთოლივით დაეცა მიწაზე.

ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო სხვადასხვა ადგილიდან ბევრმა გადაიღო და კადრები ინტერნეტში გავრცელდა.

  • სახლი ტანკში, მცველი ბავშვები სათამაშო თოფებით და ადამიანების მხარდაჭერა

ძალიან რთულ პირობებში ვიბრძოდით. მარტის დასაწყისში ხარკოვში სასტიკი სიცივე იყო. ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცა. ყველაფერი გაიყინა. რამდენიმე დღის განმავლობაში შალის ტანსაცმელს არ ვიცვლიდით. არც სითბო იყო სადმე, არც ცხელი წყალი. ახლომახლო ცეცხლსაც კი ვერ დაანთებდი, მაშინვე შეგვნიშნავდნენ რაშისტები.

ვცხოვრობდით ტანკში, კონსერვებს ვათბობდით პატარა ცეცხლზე, ტანკში გვეძინა, იქ ვჭამდით და ვსვამდით.

შემდეგ დასახლებებს მივუახლოვდით. შინ გვეპატიჟებოდნენ, ჩვენზე ოჯახის წევრებივით ზრუნავდნენ,  ღუმელს გვინთებდნენ, კერძებს გვიმზადებდნენ, გამოჰქონდათ ყველაფერი, რაც გააჩნდათ.

ჩვეულებრივი მოქალაქეები გვიყურებდნენ როგორ ვიგერიებდით რუსების თავდასხმებს, უყურებდნენ როგორ ვესროდით მათ თვითმფრინავებს, თუ ჩვენი ტექნიკა დაზიანდებოდა, ხალხი მოდიოდა და გვეუბნებოდნენ: რა გჭირდებათ, რა ნაწილები დაზიანდა, წავალთ მოვძებნით ყველაფერსო.

ბავშვები მოდიოდნენ, სათამაშო თოფებით და დაცვას, დახმარებას გვთავაზობდნენ: იქ, პოსტზე თქვენი ჯარისკაცები დგანან და პოზიციებს იცავენ, დავდგებით რა ჩვენ მათ ნაცვლად ან ერთად მაინც ვიომოთო, გვთავაზობდნენ.

საჭირო სიტყვებს ძლივს ვპოულობდით, ძლივს ვუხსნიდით ბავშვებს, რომ მათი დახმარება არ იყო საჭირო.

  • ზოია და ნადიუშა

ორი თვითმავალ საცეცხლე სისტემას სახელები დავარქვით, ერთს ნადიუშა, მეორეს ზოია.

ორივეს მადლობას ვუხდიდით ერთგულების და თავდადებისთვის. ისინი ჩვენთან ერთად იყვნენ ბრძოლის ჯოჯოხეთში და არასდროს უღალატიათ, არასდროს გაუცრუებიათ ჩვენი იმედი ყველაზე რთულ მომენტებში.

მივდიოდი ყოველ დილით ზოიასთან და ვეუბნებოდი, „გამარჯობა გოგო, როგორ ხარ? ხომ კარგად გიმუშავებს ყველაფერი?“ ვამოწმებდი და ვუშვებდი… საზენიტო ბრძოლების დროსაც ველაპარაკებოდი ხშირად: „აბა ზოია, კიდევ ერთი რაკეტაც გავუშვათ და დავისვენოთ“, – მეგობარი მებრძოლივით ველაპარაკებოდი.

ხანდახან ხდებოდა ისეც, რომ ზოიას მუშაობა არ უნდოდა და მწყობრიდან გამოდიოდა. „რა ხდება ზოია? წავიდეთ სარემონტოდ?“ – ვეკითხებოდი. ვფიქრობდი, რომ ზოიამ ალბათ რაღაც ჩვენზე მეტი იცოდა და არ სურდა ბრძოლის ველზე წასვლა იმ დღეს.

ზოია ჩვენი თილისმაა. ჩვენ ვზრუნავდით მასზე და ის ჩვენზე ზრუნავდა. ზოია გვიცავდა, როცა რაკეტებს გვესროდნენ, მას ასობით უკრაინელი ჯარისკაცის და მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე გადაურჩენია, აურიდებია მათთვის საჰაერო დაბომბვები.

ზოიას თანამებრძოლი იყო ნადიუშაც, მათი ერთად ბრძოლა ფრონტზე ყოველთვის შედეგიანი იყო. „ბუკებით“ ბრძოლა ნამდვილი საბრძოლო ხელოვნებაა. მათი საშუალებით ცაში შეგიძლია რადიკალურად შეცვალო მდგომარეობა, რა თქმა უნდა, თუ ტექნიკა გიყვარს და იცი მისი გამოყენება.

ზალუჟნისთან ერთად

გადაბეჭდვის წესი


ასევე: