მთავარი,სიახლეები

რუსული არმიის შემხედვარე, გენერალს ვერ მოსთხოვ შუბლში ტყვია დაიხალოს, ისიც ადამიანია – ინტერვიუ 

09.09.2022 • 10273
რუსული არმიის შემხედვარე, გენერალს ვერ მოსთხოვ შუბლში ტყვია დაიხალოს, ისიც ადამიანია – ინტერვიუ 

„ინიციატივა გადადის უკვე უკრაინელების მხარეს,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მისი აზრით, უკრაინელების წარმატება უკვე გარდაუვალია, თუმცა პუტინს ზამთრის იმედი აქვსო, დასძენს სამხედრო ექსპერტი და არ გამორიცხავს, დაზამთრებამდე უკრაინელებმა „გარდამტეხი“ წარმატებების მიღწევა ვერ მოასწრონ.

გადამდგარი გენერალ-მაიორი ბოლო დღეებში უფრო უკრაინელების ტაქტიკით მოიხიბლა: მოწინავე რაზმის მიერ ამოცანის შესრულებას უფრო ჰგავდა პროცესი, იმდენად მსუბუქი იყო ქვედანაყოფი სამხედრო თვალსაზრისით – მდინარეც არ გადალახეს და ისე გადაიარეს გორაკები, რუსებმა საერთოდ ვერაფერი გაიგესო.

„რუსული არმიის შემხედვარე, ვერ მოსთხოვ ახლა გენერალს, რომ შუბლში ტყვია დაიხალოს, ისიც ჩვეულებრივი ადამიანია…“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი, რომელსაც უკრაინელების მიერ გავრცელებულ ბოლო ამბავზეც ვკითხეთ, გენერალი ტყვედ ჩავიგდეთო.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, თქვენი დაკვირვებით, რამდენად შეძლებენ უკრაინელები გათავისუფლებული ტერიტორიის დაცვას და რა შეიძლება იყოს შემდეგი ეტაპი? წუხელ ზელენსკიმ თქვა, რომ ხარკოვის ოლქში უკრაინამ უკვე 1000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნა. 

იმედი მაქვს, რომ უკრაინელები შეძლებენ ამ ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის დაცვას. უკრაინელები მოქმედებენ მსუბუქი დანაყოფებით და ძირითადი დატვირთვა მოდის ე.წ. სადაზვერვო-დივერსიულ ჯგუფებზე, რომლებიც მოწინააღმდეგის სიღრმეში შედიან და ისედაც არეულ რუსებს სულ აურიეს თავგზა. უკრაინელები ახერხებენ რუსების კოლონების განადგურებას. ფაქტია, რომ რუსების რეზერვიც დაიძრა უკვე ამ მიმართულებით. დღეს და ხვალ იქნება მნიშვნელოვანი ბრძოლები ამ რაიონში.

უკრაინელების მოქმედება ძალიან ჰგავს გერმანელთა ტაქტიკას მე-2 მსოფლიო ომის საწყის ეტაპზე, კერძოდ სწრაფად გადაადგილდებიან მოწინავე რაზმების აქტიური გამოყენებით.  იქ, სადაც ხვდებოდნენ ხისტ წინააღმდეგობას, არ ერთვებოდნენ ბრძოლაში, უვლიდნენ გვერდს და თავდაცვითი პოზიციებშორისი ღრიჭოებით ახორციელებდნენ გასვლას რუსების ზურგში, ქმნიდნენ პანიკას და ქაოსს.  უკრაინელების წარმატების საწინდარი იყო: მოულოდნელობის ეფექტი, მცირე დანაყოფთა მეთაურების ინიციატივა, კარგი დაზვერვა, კარგად ორგანიზებული და ზუსტი საცეცხლე მხარდაჭერა, ტერიტორიის კარგი ცოდნა… ანუ, ყველაფერი ის, რაც მოეთხოვება თანამედროვე საბრძოლო მოქმედებებს.

უკრაინელებმა გარღვევა განახორციელეს ბალაკლეია – შევჩენკოს დერეფნით კუპიანსკის მიმართულებით.  მათი ოპერატიული ამოცანაა ხარკოვ – იზიუმის მაგისტრალის გადაჭრა ვესიოლოეს და კუნიას რაიონში, შედეგად იზიუმის დაჯგუფების ალყაში მოქცევა.  ამავე დროს, თუ უკრაინელების ძირითადი ძალები არ იქნა დროულად მიხმარებული, დერეფანი გაფართოებული და წარმატება განვითარებული, შეიქმნება საფრთხე მათი „სოლის“ მოკვეთის, ვინაიდან, რუსების რეზერვები უკვე ორგანიზებულია და კონცენტრირებულია გარღვევის აღსაკვეთად.  ნებისმიერ შემთხვევაში, შემოდგომის გენერალური ბრძოლის კონტურები უკვე იკვეთება და ხვალ-ზეგ, ეს შეტაკება მოხდება კიდეც.

ფაქტია, რომ ძალიან მტკივნეული დარტყმა მიიღეს რუსებმა და კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოჩნდა რუსული დაზვერვის სისუსტეც.

არ ვფიქრობ, რომ ყურადღების გადატანის მიზნით წამოიწყეს ხერსონის მიმართულების გააქტიურება უკრაინელებმა და სინამდვილეში ხარკოვის მიმართულება ჰქონდათ დაგეგმილი, ვინაიდან დიდი ძალებით ცრუ მანევრები არ ხორციელდება, ხოლო უკრაინელებმა იქ სხვადასხვა მონაცემით, 30 000-მდე მებრძოლს მოუყარეს თავი.  უფრო მგონია, რომ ხერსონში უკრაინელების წინსვლა შეფერხდა, მათ მნიშვნელოვანი ზარალი მიიღეს, რუსებმა გააქტიურეს დარტყმა ღრმად შეჭრილ უკრაინელებზე და ბალაკლეას მიმართულების გააქტიურება გამოიყენეს რუსების ზეწოლის ვექტორის შეცვლისთვის.

ვინაიდან ბალაკლეას მიმართულებაზე უკრაინამ მიიღო წარმატება, არ არის გამორიცხული, აქცენტი გადაიტანოს იზიუმის მიმართულებაზე. ფაქტობრივად, ბალაკლეა აღებულია და დაახლოებით 30 კილომეტრის დაშორებით არიან იმ დასახლებულ პუნქტთან, რომელიც პირველი ჩაბარდა რუსეთს კოლაბორაციონისტული ხელისუფლების გამო. ეს უკვე ლუგანსკის ტერიტორიაა და ფაქტია, რომ ლუგანსკის რაიონშიც ექნებათ მნიშვნელოვანი წარუმატებლობა რუსებს.

  • იმუშავა ტაქტიკამ, რომ ძალების კონცენტრაცია ვერ მოახერხოს რუსებმა კონკრეტულ ადგილზე? 

არათუ იმუშავა, მუშაობს ახლაც. არ ვარ კორექტორი და არ ვიცი, ზუსტად რა ტერიტორიები გაათავისუფლეს უკრაინელებმა, მაგრამ ფაქტია, რომ ინიციატივა გადადის უკვე უკრაინელების მხარეს. ეს არის რეალობა. ჩვენ ახლა ვუყურებთ იმ ნიშნებს, რის შესახებაც ვსაუბრობდით წინა თვეებში თქვენთან ინტერვიუებში, რომ ზაფხულის ბოლოს გამოჩნდებოდა ნიშნები, რას შეძლებდა უკრაინა.

  • ეს არის ნიშანი, რომ უკრაინა მოახერხებს ფართომასშტაბიან კონტრშეტევას და ოკუპირებული ტერიტორიების სრულად გათავისუფლებას? 

ეს უნდა შეძლოს უკრაინამ. მე მაინც თავს შევიკავებ ვთქვა, რომ მნიშვნელოვანი ტერიტორიების გათავისუფლებას შეძლებს, მაგრამ ვხედავთ, რომ ინიციატივა გადავიდა უკრაინელების მხარეს. უკრაინა ძლიერდება და ალბათ შემდეგი წლის შუამდე მნიშვნელოვანი წარმატებები ექნება.

ეს არ არის ხანმოკლე ომი და რუსეთს ჯერ კიდევ აქვს რესურსი, შეინარჩუნოს დაკარგული ტერიტორიები.

  • რა ტაქტიკით მოქმედებს ამჯერად რუსეთი? 

წარმოიდგინეთ, იზიუმი ნახევარკუნძულივით არის შეჭრილი უკრაინელების თავდაცვის სიღრმეში. აქ თავის დროზე გერმანელებმა, მეორე მსოფლიო ომის დროს, 23-ე არმია ბლოკადაში მოაქციეს და გაანადგურეს. დაახლოებით იგივე სურათი შეიძლება დაუდგეს რუსეთს, თუ ისინი ვერ შეაჩერებენ უკრაინელების წინსვლას. უკრაინელებმა მოახერხეს საცეცხლე ზემოქმედების მანძილზე გასულიყვნენ ტრასაზე, რომელიც უკავშირდება იზიუმის რაიონში მომარაგების წერტილებს. რუსებმა სამხედრო ძალები უნდა გადმოისროლონ ახლა ამ მიმართულებაზე, არ მისცენ საშუალება გააფართოვონ გარღვევის რაიონი, მოახდინონ უკრაინელების წინსვლის შეჩერება და შემდგომ თვითონ შეეცადონ აქეთ მოაქციონ უკრაინელების მოწინავე დანაყოფები ალყაში.

თუმცა ამ დროს სუსტდება ხერსონის მიმართულება.  უკრაინელებმა ისევ განაახლეს შეტევები დაიწყეს ისევ ხერსონის მიმართულებაზე მცირე მასშტაბით.  ჩანს, მათაც მთავარი ძალისხმევა იზიუმისკენ აქვთ მიმართული.

  • ფაქტობრივად მძიმე ბრძოლები მიდის სამ მიმართულებაზე: ჩრდილოეთით – ხარკოვთან, აღმოსავლეთით – დონბასში და სამხრეთით – ხერსონის ოლქში, ანუ ფრონტის ხაზი არის ძალიან გრძელი. რატომ აირჩია უკრაინამ ეს ტაქტიკა, აქვს ამის რეალური რესურსი?

უკრაინა მთლიან ფრონტზე ერთდროულად არ იბრძვის, ის ახერხებს კონცენტრირებას გარკვეულ მონაკვეთებზე, ქმნის უპირატესობას, აღწევს მოულოდნელობის ეფექტს და ახორციელებს შეტევას. ნახეთ, ხარკოვის მიმართულებაზე უკრაინამ დაიწყო შეტევა ტანკების კოლონების გარეშე, მხოლოდ მსუბუქი ქვედანაყოფები მოქმედებდნენ და მოწინავე რაზმის მიერ ამოცანის შესრულებას ჰგავდა ეს პროცესი, როცა მზადდება ტერიტორია, როგორც პლაცდარმი ძირითადი ძალებისთვის საბრძოლველად შემოსაყვანად.

უკრაინელებს იქ მდინარე ბალაკლეიაც არ გადაულახავთ. მიჰყვებოდნენ მდინარის წყალგამყოფს და ხელოვნურ გორაკებს, რაც იქ წარმოქმნილია წლების განმავლობაში ქვანახშირის მოპოვების შედეგად. მოახერხეს გადადგილება სწრაფად, ფარულად და ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რუსების საჰაერო დაზვერვის საშუალებები რომ ვერ არის ისეთ დონეზე, როგორზეც უნდა იყოს. იქ ასევე იყო მხოლოდ დონეცკის მილიცია, რომელიც არაა საბრძოლო დანაყოფი. ეს ყველაფერი გამოიყენეს წარმატებით უკრაინელებმა.

ახლა რუსები იძულებული ხდებიან, რომ ხერსონის მიმართულებიდან ძალები გადმოიყვანონ აქეთ, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხერსონი არ იყოს მუდმივად საცეცხლე დარტყმების ქვეშ. უკრაინისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია სამხრეთის მიმართულება და ნუ გამოვრიცხავთ, რომ ეს მოქმედებები ზუსტად სამხრეთით კვლავ შეტევისთვის საჭირო მოქმედებები იყოს.

  • უკრაინა ხერსონს აუცილებლად დაიბრუნებს და ეს რამდენიმე კვირაში მოხდება,“ – თქვა „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი, ბენ ჰოჯესმა. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ ხერსონის მიმართულებაზე? 

ჩემი აზრით, უკრაინა რამდენიმე კვირაში ვერ დაიბრუნებს ხერსონს, გააჩნია, რამდენი კვირა იგულისხმა რეალურად ჰოჯესმა.

ფაქტია, რომ უკრაინასაც ძვირად დაუჯდა კონტრშეტევა და თავიდან მომზადება დასჭირდება. ცხადია ისიც, რომ უკრაინამ შეცვალა ტაქტიკა და ხერსონის მიმართულებით უშუალოდ საკონტაქტო მოქმედებების ნაცვლად იყენებს აქტიურ საცეცხლე ზემოქმედებას, რომ ნაკლებად ჰქონდეს ადამიანური დანაკარგები. უკრაინელები ცდილობენ მუდმივად საცეცხლე ტერორის ქვეშ ამყოფონ რუსების სამხედრო დანაყოფები და აქვთ ზუსტი დარტყმის შესაძლებლობა, ეს მათი უპირატესობაა.

  • მართალია „ჰაიმარსების“ მცირე ოდენობა მიაწოდეს უკრაინას, თუმცა ეს აღმოჩნდა ერთგვარი გარდატეხა უკრაინელებისთვის. ამ ეტაპზე რა შეიძლება იყოს გარდამტეხი, რომ უკრაინამ მოახერხოს ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა?

უკრაინამ მიიღო და კიდევ მიიღებს მნიშვნელოვან აღჭურვილობას, არ დაგავიწყდეს, რომ ჰაუბიცა 777-ებზეც გამოჩნდა ის სამიზნეები, რაზეც წინა ინტერვიუში ვისაუბრე და ნიშნავს, რომ მათ ასევე მიიღეს „ესკალიბურის“ მართვადი ჭურვები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია არტილერიისთვის.

  • აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, უკრაინა შეერთებული შტატებისგან კიდევ 675 მილიონი დოლარის დახმარებას მიიღებს – 105 მმ-იან ჰაუბიცებს; საარტილერიო საბრძოლო მასალებს; HARM-ის რაკეტებს; Humvee-ს მრავალპროფილიან მანქანებს. რამდენად გაზრდის ეს აღჭურვილობა უკრაინის შესაძლებლობებს?

მაგალითად, „ჰარმის“ რაკეტები არის რადარსაწინააღმდეგო რაკეტები, რომლითაც უკრაინელები რუსებს უნადგურებენ საჰაერო თავდაცვის სისტემების დაზვერვისა და თვალთვალის კომპონენტებს. ეს საშუალებას აძლევს უპილოტო საფრენ აპარატებს უფრო აქტიურად იმოქმედონ და მეტი ზიანი მიაყენონ მოწინააღმდეგეს. გარკვეული პერიოდი ვხედავდით, რომ უპილოტო საფრენი აპარატების ეფექტიანობა იყო დაბალი, რაც გამოწვეული იყო რუსების მხრიდან საჰაერო თავდაცვის ადაპტირებით ამ საფრთხეზე, „ჰარმის“ რაკეტებით კი უკრაინელებმა ისევ შეუწყვეს ხელი უპილოტო საფრენი აპარატების აქტიურად გამოყენებას.

  • ძირითადად რა კუთხით აქვს უკრაინას ამ ეტაპზე პრობლემა, რის გამოც ის ფართომასშტაბიან კონტრშეტევას ჯერ ვერ ახერხებს? 

ეს არის ერთიანობაში რაოდენობრივ-ხარისხობრივი უპირატესობა რუსებთან მიმართებით. განსაკუთრებით სამხრეთის მიმართულებით, სადაც სტეპებია, უკრაინას სჭირდება შესაბამისი ჯავშანტექნიკა, საჰაერო ძალები, მეტი სამხედრო შესაძლებლობა.

გაითვალისწინეთ, რომ ხერსონთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ზაპოროჟიე, რომელიც უფრო მოწყვლადია, ვინაიდან უკრაინელებს პირდაპირ შეუძლიათ გასვლა აზოვის ზღვაზე, მიმართულება იქნება: კრივოი-როგი  –  მარიუპოლი ან მელიტოპოლი.  თავად ხერსონის რაიონს თავდაცვის სიღრმე  გააჩნია, ვინაიდან მასზეა მიბმული შემდეგ ყირიმის ნახევარკუნძული. ზაპოროჟიე კი არის უფრო მოწყვლადი, რადგან მას თავდაცვის სიღრმე არ გააჩნია, მაგრამ ხერსონის რაიონის აღების გარეშე ზაპოროჟიეს აღება ძალიან რთული იქნება, ვინაიდან ხერსონის რაიონის კონტროლის გარეშე შესაძლოა უკრაინელები თავად აღმოჩნდნენ ბლოკირებული.

  • იგივე ბენ ჰოჯესის აზრით, უკრაინელები რაც უფრო სამხრეთით წავლენ წინ, უფრო მიუახლოვდებიან ყირიმს და მიეცემათ საშუალება, რომ ყირიმს HIMARS-ების მოკლე მოქმედების რაკეტებითაც კი მისწვდნენ, შესაბამისად იგი და განსაკუთრებით სევასტოპოლი [ქალაქი ყირიმის ნახევარკუნძულზე, სადაც განთავსებულია სამხედრო ბაზები და შავი ზღვის ფლოტის სარდლობა] რუსული სამხედრო ნაწილებისთვის გამოუსადეგრად აქციონ.

ამიტომაც ვამბობ, რომ ზაპოროჟიე არის მნიშვნელოვანი, თორემ ყირიმი მხოლოდ გარედან ჩანს, როგორც მიუწვდომელი და აუღებელი ნახევარკუნძული, ვინაიდან მას მხოლოდ მას ორი ვიწრო გამოსასვლელი აკავშირებს კონტინენტურ ნაწილს. ისტორიას თუ გავიხსენებთ, ფაქტია: ვინც მოინდომა ყირიმის დაკავება, ყველამ დაიკავა: ალიანსმა ყირიმის ომის დროს, შემდეგ ჯერ „თეთრებმა“, მერე „წითლებმა“, შემდეგ მანშტეინმა რუმინული კორპუსებით და საერთოდ ტანკების გარეში, შემდგომ საბჭოებმა, შემდგომ რუსებმა…. ყირიმი მიუდგომელი და დაუკავებელი არ არის, მთავარია, მსოფლიო რამდენად ღრმად გაყვება უკრაინას მხარდაჭერაში…. ჟღერდება ვერსიები, რომ უკრაინა უნდა შეეუგოს გარკვეულ დანაკარგებს.

  • უკრაინულ სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის არმიამ დაატყვევა გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი სიჩევოი, რაც ჯერ ოფიციალურ კიევს არ დაუდასტურებია. რა შემთხვევაში ვარდებიან გენერლები ტყვედ. ამით შეიძლება განვაზოგადოთ, რა ხდება რუსულ არმიაში?

გენერლები ზოგადად იშვიათად ვარდებიან ტყვედ და ეს ხდება რაღაც ძალიან დიდი მოვლენის შემდეგ, როცა უკვე მთელი არმია მოქცეულია ალყაში, ან სპეცოპერაცია ტარდება. რუსული არმიის შემხედვარე, ვერ მოსთხოვ ახლა გენერალს, ტყვედ ჩაბარების მაგივრად შუბლში ტყვია დაიხალოს, ისიც ჩვეულებრივი ადამიანია… ეს აჩვენებს იმასაც, რომ შესაძლოა გენერლები უშუალოდ წინა ხაზზე იყვნენ, რათა თავად მართონ სიტუაცია, რადგან არ ენდობიან, ან ვერ ასრულებენ ქვეშევრომები გენერლების მიერ დასახულ ამოცანებს.

ზოგადად, უკრაინაში კონტროლდება სამხედრო ტიპის ინფორმაციის გავრცელება და მხოლოდ ის ინფორმაცია ვრცელდება, რაც გენშტაბის მიერ არის ვიზირებული. ვერ გეტყვით, რამდენად მართალია ეს ინფორმაცია. თუ ჩაიგდეს გენერალი ხელში, ლოგიკურია, რომ აჩვენონ კიდეც, თუმცა არაა გამორიცხული, „აზოვსტალელი“ მებრძოლების გასაცვლელად გამოიყენონ და ამიტომაც არ აჩვენებენ.

  • „რუსეთის უკრაინაში შეჭრა შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ წარუმატებლობად შეფასდეს“, – მიიჩნევს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი უილიამ ბერნსი, რომელმაც ასევე თქვა, რომ „პუტინი ფსონს ახლა იმაზე დებს, რომ თვითონ უფრო გამძლეა, ვიდრე უკრაინელები, ევროპელები და ამერიკელები“. ეს ასეა თუ თავისი არმიის იმედი ისევ შეიძლება ჰქონდეს პუტინს?

ამას ვამბობ მეც ამდენი ხანი – რუსეთის შეჭრა უკრაინაში თავიდანვე იყო წარუმატებლობა, ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა რუსეთისთვის.

ჩემი აზრით, პუტინის ფსონია ახლა იმაზე, რომ მოვა ზამთარი და ევროპის რამდენიმე ქვეყანას აიძულებს, მოახდინონ ზემოქმედება უკრაინის ხელმძღვანელობაზე. არა მგონია, პუტინს თავისი გრანდიოზული გეგმის შესრულების სჯეროდეს, ის მინიმალურ წარმატებაზეც თანახმაა, რომ გავიდეს ამ ბრძოლიდან.

  • აქვს ამ წარმატების შანსი პუტინს? 

პუტინს რჩება ზამთარი, ასევე ატომური სადგური, ამას იყენებს ზემოქმედებისთვის. არ დაივიწყოთ ასევე რუსული ლობი და ზემოქმედება სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ძალიან ღრმად არის შესული რუსული ფული და სპეცსამსახურებიც. ისინი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

  • უშვებთ, რომ შესაძლოა ზამთრამდე უკრაინამ გარდამტეხი ეტაპი ვერ შეიტანოს ამ ომში? 

ჩემი აზრით, ვერ მოახერხებს უკრაინა დაზამთრებამდე მნიშვნელოვანი გარდატეხის შეტანას ამ ომში… გარდატეხის ნიშნები უკვე ჩანს, უკრაინამ უკვე აიღო ინიციატივა, რასაც ის იყენებს, მაგრამ გარდატეხას ამ სამ თვეში ვერ მოახერხებს. უკრაინას ექნება წარმატებები, მაგრამ 2014 წლის სიტუაციას დაუბრუნდეს, ეს ძალიან გაუჭირდება. ასევე მგონია, რომ ომის ამ ეტაპზე ლუგანსკი-დონეცკის გათავისუფლებას ვერ მოახერხებს უკრაინა.

ჩემი აზრით, ძალიან გაუჭირდებათ, მაგრამ ქალაქ ხერსონის აღება ზამთრამდე კიდევ შესაძლებელია, მთლიანად ხერსონის რაიონის – ვერა.

ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ ამ ეტაპზე ეს სურათია. აღჭურვილობას მასიურად, ასე სწრაფად ვერ მიიღებს უკრაინა. გარდა ამისა, ის მიწოდებული აღჭურვილობით დანაკარგებს ავსებს, რუსებიც ახდენენ შევსებას, თუმცა ბევრად უფრო ნაკლებად და ხარისხობრივად სუსტი ტექნიკით. უკრაინას სჭირდება მნიშვნელოვნად გაძლიერება, რომ უპირატესობა შექმნას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: