მთავარი,სიახლეები

სოცქსელებში ცუდი ინფორმაციები ვრცელდება – კადიროვი რუსეთის თავდაცვას საყვედურობს

11.09.2022
სოცქსელებში ცუდი ინფორმაციები ვრცელდება – კადიროვი რუსეთის თავდაცვას საყვედურობს

„საინტერესო“ – ასე უწოდა ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა ხარკოვის ოლქში შექმნილ ვითარებას. კადიროვმა დღეს, 11 სექტემბერს, თავის ტელეგრამარხზე გამოაქვეყნა 11-წუთიანი ხმოვანი შეტყობინება, რომელშიც ბევრი საინტერესო რამ თქვა.

კადიროვის თქმით, „სოციალურ ქსელებში ცუდი ინფორმაციები ვრცელდება“, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კი არაფერი განმარტა – „ეს რატომ ხდება“.

რამზან კადიროვმა ტელეგრამარხზე აუდიო მიმართვის ტექსტში მიმოიხილა უკრაინაში, კონკრეტულად კი ხარკოვის რეგიონში შექმნილი ვითარება. ის ირწმუნება, რომ „რუსეთის არმიას რომ სდომებოდა, უკან არც ერთი ნაბიჯით არ დაიხევდა“.

მაშინ, როცა კრემლი ამჯობინებს გაჩუმდეს ან ამტკიცოს, რომ ყველაფერი „გეგმის მიხედვით მიდის“, კადიროვი სიტუაციას აფასებს, როგორც „საინტერესოს“. ის ელის, რომ ერთ-ორ დღეში სპეციალური სამხედრო ოპერაციის ტაქტიკა შეიცვლება, მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდება და რუსი სამხედროების ტაქტიკა არ შეიცვალა, სიტუაციაში გასარკვევად ის თავდაცვის სამინისტროს და ასევე ქვეყნის ხელმძღვანელობას შეხვდება.

კადიროვის თქმით, ბოლო დღეებში მას ბევრ ინფორმაციას აწვდიან, თუმცა კონკრეტული ახსნა-განმარტება რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსგან ვერ მოისმინა.

კადიროვი ამავე მიმართვაში აღიარებს ოკუპანტების წარუმატებლობას იზიუმში, კუპიანსკსა და ბალაქლეში:

„თუ დღეს და ხვალ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარებაში ცვლილებები არ განხორციელდება, მე იძულებული ვიქნები მივიდე თავდაცვის სამინისტროსა და ქვეყნის (რუსეთის ფედერაცია) ხელმძღვანელობასთან, რათა ავუხსნა, რაც რეალურად ხდება, იქ ადგილზე. ვითარება არის ძალიან საინტერესო… „გასაოცარი“ სიტუაციაა… ის, რომ გადავიდა, გადაეცათ რამდენიმე ქალაქი, სოფელი, ამასაც აქვს თავისი პლუსები“.

კადიროვი იმედს არ კარგავს, რომ რუსული არმია უახლეს მომავალში მიაღწევს ოდესამდე და ასევე დაიბრუნებს ყველა ქალაქს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე გაათავისუფლეს. ის პირობას დებს, რომ მალე დაიკვეხნის „კონკრეტული შედეგებით“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: