ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

აჭარის მთავრობა გოდერძიზე მიწას სასტუმროს აშენების პირობით ყიდის – აუქციონი

11.09.2022
აჭარის მთავრობა გოდერძიზე მიწას სასტუმროს აშენების პირობით ყიდის – აუქციონი

გოდერძის უღელტეხილზე, ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალთან, აჭარის მთავრობა 3 151 კვ.მ მიწის ნაკვეთს, სასტუმროს აშენების პირობით, აუქციონზე ყიდის. აუქციონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა.

ნაკვეთი ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ დანისპარაულის ადმინისტრაციულ საზღვრებშია და საწყისი გასაყიდი ფასი, 600 ათასი ლარია. აქ 50-ნომრიანი სასტუმრო უნდა აშენდეს.

ხედი გასაყიდი მიწის ნაკვეთიდან / გოდერძის უღელტეხილი, ხულო, სოფელი დანისპარაული / ფოტო აუქციონიდან

აუქციონის პირობა ასეთია:

  • საბოლოო საპრივატიზებო საფასურის გადახდა აუქციონის დასრულებიდან 2 ეტაპად, კერძოდ: 2022 წლის 1-ელ დეკემბრამდე საბოლოო საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 25%-ის გადახდა; 2024 წლის 1-ელ ივნისამდე კი, დარჩენილი საპრივატიზებო საფასურის გადახდა;
  • შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა არანაკლებ 10 000 ლარის ოდენობით, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას;
  • არაუგვიანეს 2022 წლის 30 ნოემბრისა არქიტექტურული პროექტის მომზადებამდე სამთოსათხილამურო კურორტის ლანდშაფტის შესაბამისი საპროექტო ობიექტის ვიზუალური ესკიზის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში შესათანხმებლად წარდგენა;
  • არაუგვიანეს 2023 წლის 31 მარტისა საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე განსათავსებელი შენობა-ნაგებობის, სადაც განთავსებული უნდა იყოს არანაკლებ 50 სასტუმროს ნომერი, მშენებლობის ნებართვის მიღება;
  • არაუგვიანეს 2024 წლის 30 დეკემბრისა საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე განსათავსებელი შენობა-ნაგებობის მზიდი კონსტრუქციის მშენებლობის დასრულება;
  • არაუგვიანეს 2025 წლის 30 ნოემბრისა შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში გადაცემა/ამოქმედება, სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90% უნდა შეადგენდეს საქართველოს მოქალაქეებს;
  • დასაქმებულთა თანაფარდობის და პროფილის შენარჩუნება ობიექტის ამოქმედებიდან არანაკლებ 15 წლის განმავლობაში;

პირობაში ასევე აღნიშნულია, რომ აუქციონში გამარჯვებულმა ამ პროექტში არანაკლებ 1 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

ელექტრონული აუქციონი, სადაც ვაჭრობის ბიჯი 15 ათასი ლარია, დაწყებულია და ის 2022 წლის 19 სექტემბერს დასრულდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: