მთავარი,სიახლეები

„ჯერ ვერ ვფიქრობ საკუთარ თავზე“ – 19 წლის იაკობის ცხოვრება ნინოწმინდის პანსიონის შემდეგ

09.09.2022 • 1777
„ჯერ ვერ ვფიქრობ საკუთარ თავზე“ – 19 წლის იაკობის ცხოვრება ნინოწმინდის პანსიონის შემდეგ

„დიდი არაფერი. ერთხელ აღმზრდელმა სილა გამაწნა. გული მეტკინა. არ მესმოდა რა დავაშავე. კუთხეში დავჯექი და ვტიროდი. პანსიონის ერთი ბავშვი მოვიდა ჩემთან. გვერდით დაჯდა, მხარზე ხელი მომკიდა და მითხრა, არაფერია, მალე გავიზრდებით და წავალთ აქედანო.

გამიხარდა.

როცა მარტო ხარ და მხარდამჭერი არ გყავს, მხოლოდ ცუდზე ფიქრობ: არავინ მყავს… ყურადღებას არავინ მაქცევს… ასე ფიქრობ.

ორმა სიტყვამ შეიძლება ისე გაგაძლიეროს და გადაგადგმევინოს წინ ნაბიჯი, რომ ვერც მიხვდე რა მოხდა.“

ეს 19 წლის იაკობ მანჯავიძის მონათხრობია. ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში იაკობმა 4 წელი გაატარა. იგი მრავალშვილიანი ოჯახიდანაა.

იაკობი 15 წლის რომ გახდა, პანსიონიდან დედასთან, ზესტაფონში დაბრუნდა. ახლა დროებითი, არასტაბილური სამსახური აქვს. უყვარს კერვა, ქსოვა და ქარგვა, მაგრამ სამსახურის რუტინა და ოჯახის საზრუნავი მას დროს და შესაძლებლობას არ უტოვებს აკეთოს საყვარელი საქმე და ისწავლოს.

იაკობი „ბათუმელებთან“ ნინოწმინდის პანსიონში გატარებულ წლებზე, საყვარელ საქმეზე, ახლანდელ სამსახურსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

  • „პანსიონში მეც მსჯიდნენ ხანდახან ღამისთევით, ჩემს მეგობრებსაც“

ხანდახან პანსიონიდან გაქცევა მინდოდა, მაგრამ მეშინოდა სადმე არ დავკარგულიყავი და მიწევდა იქ ყოფნა. ნინოწმინდის ამბები რომ გახმაურდა, ბევრმა იკითხა: თუ ასეთი პირობები იყო რატომ აქამდე არ ამბობდნენ არაფერს ბავშვებიო. ვიცი, რომ გაჩნდება ეს კითხვა და წინასწარ მინდა ვთქვა:

არ მინდოდა დედა დამემძიმებინა და ჩემზე ენერვიულა. ვიცოდი, მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა პირობები სახლში რომ წავეყვანე, მერჩივნა ჰგონებოდა, რომ კარგად ვარ. ვარჩიე 14 წლამდე ისევ პანსიონში გამეძლო როგორმე.

როცა პანსიონიდან წამოვედი, დედას ყველაფერი ვუთხარი.

მინდოდა გავქცეულიყავი პანსიონიდან მაშინ, როცა ჯოხის დარტყმა და ტკივილი მახსენდებოდა, როცა რაღაცას მესროდნენ, მკაცრად გვისჯიდნენ, კუთხეში ცალ ფეხზე გვაყენებდნენ სკამით ხელში და ასე შემდეგ… სასჯელის იმდენი მძიმე ფორმა იყო, რომ აღარ შემეძლო. არამხოლოდ მე, ჩემს თანატოლებსაც აღარ შეეძლოთ.

ნინოწმინდის პანსიონში ასაკის მიხედვით ჯგუფებად ვიყავით დაყოფილი. ზოგ ჯგუფში კარგად ექცეოდნენ ბავშვებს, ზოგან არ იყენებდნენ დასჯის ამ მეთოდებს და მათ არც იცოდნენ რა ხდებოდა სხვა ჯგუფებში.

იყო პატარების, საშუალო ასაკის და მოზრდილების ჯგუფები.

კარგად გვკვებავდნენ, საჭმელი გემრიელი იყო. მაგრამ ხშირად ერთ კერძს მთელი კვირა ვჭამდით, ბორშჩს ან სხვა წვნიანს.

გვქონდა საერთო ოთახი, სადაც ტელევიზორს ვუყურებდით ან ვთამაშობდით. საერთო საძინებელში საწოლები ცალ-ცალკე იდგა, ყველას ჩვენ-ჩვენი თეთრეული გვქონდა. თუ რამეს არა დავაშავებდით, ღამე კარგად ჩაივლიდა. თუ ვიცელქებდით ან უბრალოდ ჩურჩულით შეწუხდებოდნენ აღმზრდელები, ღამეს გვათევინებდნენ – მუხლებზე გვაყენებდნენ.

ვერ ვიტყვი, რომ საერთოდ არ გავდიოდით პანსიონის მიღმა სადმე, მაგრამ გარე სამყაროსთან ნაკლები შეხება გვქონდა.

გვექცეოდნენ კარგადაც, მაგრამ ამ კარგ პერიოდს მერე ისევ სასტიკი სასჯელი ცვლიდა. მახსოვს ბევრი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევა.

მეც მსჯიდნენ ხანდახან ღამისთევით, ჩემს მეგობრებსაც. იქ 4 წელი გავატარე. დასჯის ამ მეთოდებს მთელი ეს 4 წელი იყენებდნენ.

პანსიონატიდან ჩვეულებრივ სკოლაში დავდიოდით, საგნები კარგად ისწავლებოდა, მასწავლებლები ჩვენთვის ენერგიას არ იშურებდნენ.

სკოლა პანსიონს მიღმა იყო, გარე სამყაროსთან ურთიერთობას ნიშნავდა ჩვენთვის სკოლაში სიარული.

ბევრ ოჯახში გაუსაძლისი პირობებია ბავშვების გასაზრდელად და სასიკეთო საქმე უნდა იყოს პანსიონის არსებობა, მაგრამ ბავშვმა იქ თავი დამცირებულად, შეზღუდულად არ უნდა იგრძნოს.

თუ მშობელს ურჩევნია შვილი პანსიონატს მიაბაროს, იქ ბავშვობის წლებს ლაღად უნდა ატარებდნენ. ყველა იმსახურებს კარგ ბავშვობას. მერე ზოგი ითრგუნება, რომ აი, სხვებს ასეთი კარგი ბავშვობა ჰქონდათ, მე კი ასეთი ცუდიო. ასე არავინ უნდა ფიქრობდეს.

ვის ხელში გავიზარდე, რატომ გავიარე ეს ყველაფერიო – ეს საფიქრალი არავის არ უნდა ჰქონდეს.

  • „ყოველ წელს ვიცვლით ადგილსამყოფელს, ვიხდით ქირას“

ახლა ოჯახში სამნი ვართ, მე, ჩემი ძმა და დედაჩემი. 2 და მყავს კიდევ. ერთი სტუდენტია და სწავლობს, მეორე ბათუმშია – მუშაობს და თან ჩაბარება უნდა.

ზესტაფონში კერძო სახლში, ნაქირავებ ერთ ოთახში ვცხოვრობთ. რთული პირობებია სახლში.

პირველ რიგში ადამიანს ნორმალური სახლი სჭირდება. ყოველ წელს ვიცვლით ადგილსამყოფელს, ვიხდით ქირას. რაც ბინაში იხარჯება, ის საკვებზე, სამოსზე, ელემენტარულ საჭიროებებზე გვაკლდება.

მაღაზიაში ვმუშაობ, მოლარე-კონსულტანტი ვარ, დილის ცვლაში 8:30-დან 15:30-მდე ვმუშაობ, საღამოს – 15:00-დან 22:00-მდე. მაბარია სალარო, ვემსახურები მომხმარებლებს, ვავსებ მაცივრებს, თაროებს.

მიყვარს და გამომდის თექაზე მუშობა, კერვა და ქსოვა.

მადლიერი ვარ ადამიანების, ვინც ხელსაქმე შემაყვარა და შენიშნა, რომ ეს შემიძლია. პანსიონიდან ზესტაფონში რომ წამოვედი 14 წლის და აქაურ სკოლაში გავაგრძელე სწავლა, გავიგე, რომ ჩემი კლასელის მეგობარი დადიოდა დღის ცენტრში – „ცხოვრების მეგზური“.

  • „ალბათ ოდესმე გამომივა, კი არა და… აუცილებლად გამომივა! მოვინდომებ“

რუსუდან მუმლაძე იყო დღის ცენტრის ხელმძღვანელი. ბევრი იშრომა ჩემთვის საინტერესო გარემო რომ შეექმნა, საქმე რომ შემყვარებოდა და გამომსვლოდა.

ამ ცენტრში ბევრი რამ ვისწავლე და მათი დამსახურებაა, რომ დიზაინით დავინტერესდი, მინდა ეს საქმე კარგად და ძირფესვიანად ვისწავლო. ძალიან მსიამოვნებს კერვა.

დასაწყისისთვის მინდა პროფესიულ კოლეჯში ჩავაბარო, მერე ვნახოთ. მაგრამ ვერ ვაბარებ ჯერ. არ არის ამის შესაძლებლობა.

ალბათ ეს ოდესმე გამომივა, კი არა და… აუცილებლად გამომივა! მოვინდომებ.

რომ შეკერო, მასალებია საჭირო. საკერავი მანქანა, ძაფები, ქსოვილი, თექა, ათასი რამ. ამისთვის ფული გჭირდება, მე ხელფასიდან მასალების ფული არ მრჩება.

ჩემი შემოსავალი ხმარდება ბინის ქირას, გადასახადებს, საკვებს და თუ რამე დაგვრჩება, სამოსს ვყიდულობთ, ყოველდღიურ, აუცილებელ რაღაცებს. ჩემს სამსახურთან ერთად სწავლა შეუძლებელია. თუ ისწავლი, უნდა ისწავლო. 

ჯერ მინდა ოჯახში მქონდეს სტაბილური გარემო: ქირა, საკვები, გადასახადები – ეს აუცილებელია, მხოლოდ მერე შემიძლია ვიფიქრო საკუთარ თავზე, როცა ოჯახში ყველა საჭიროება დაკმაყოფილებული იქნება.

  • „სწავლა რომ დაიწყო ნორმალურად უნდა გეცვას, თავს უნდა მიხედო“

არ ვიცი რატომ, მაგრამ ყველაზე ძალიან ხელსაქმე მაინტერესებს. ბევრს უკვირს, ბიჭი ასეთი რამეებით რატომ ინტერესდებაო, მაგრამ სხვების სიტყვები ჩემთვის არაფერს ნიშნავს, ჩემი ცხოვრება მაქვს და თავად ვწყვეტ რა პროფესიას ავარჩევ.

ადამიანმა ის უნდა აკეთოს, რაც სიამოვნებს. ყველა იმას აკეთებს, რაც მოსწონს. მე არავის ვეკითხები ვინ, რას და რატომ აკეთებს, ამიტომ მეც იმას გავაკეთებ რაც მსიამოვნებს და ერთიანს, სრულყოფილს მხდის.

სკოლის დამთავრებისთანავე მინდოდა კოლეჯში ჩაბარება, მაგრამ ვერ მოხერხდა. მიწევს დროებით სამსახურებში მუშაობა. ჩასაბარებლად საჭიროა მობილიზება, მომზადება, ცოტა თავისუფალი დრო და ფული.

საკერავი მასალები მინდა მქონდეს, რამე ისეთი სამოსის შექმნა რომ შემეძლოს. ხელითაც შევკერავდი, შემიძლია კარგად კერვა, მაგრამ საკერავი მანქანა კარგია. სამოსიდან დაწყებული სახლის აქსესუარებით დამთავრებული ყველაფრის დიზაინი მაინტერესებს, მაგრამ უფრო ალბათ სამოსი.

თუ ყველაფერი გამომივა, ვფიქრობ ვიქნები ის, ვინც მინდა რომ ვიყო.

სკოლა რომ დავამთავრე, მაშინვე მუშაობა დავიწყე. საკუთარი შემოსავალი თავისუფლებაა. პირველი ხელფასი ჩემთვის დიდი იმედი იყო.

გამწვანების სამსახურში დავსაქმდი პირველად, ვცელავდი ბალახს, ხეებს ძირებს ვუღებავდი კირით, გამხმარ ხეებს ვჭრიდით. მერე მაღაზიაში მუშაობა დავიწყე.

პანსიონატი რომ მახსენდება, პირველ რიგში მეგობრებთან ერთად გატარებული დრო ამოტივტივდება ხოლმე გონებაში. არ მინდა ცუდი ამბები მახსენებდეს თავს, მაგრამ მინდა თუ არა, მახსენდება მძიმე დღეებიც.

მერე მოდის მოგონებები აღმზრდელებზე… ძალიან არ მინდა, მაგრამ მაინც მახსენდება.

_____________________________________

გადაბეჭდვის წესი


ასევე: