მთავარი,სიახლეები

უკრაინამ ომში გარდატეხა მოახდინა, თუმცა ეს კონტრშეტევა ომს ვერ დაასრულებს – ISW

12.09.2022
უკრაინამ ომში გარდატეხა მოახდინა, თუმცა ეს კონტრშეტევა ომს ვერ დაასრულებს – ISW

უკრაინამ ომის მიმდინარეობაში გარდატეხა მოახდინა, თუმცა ეს კონტრშეტევა ომს ვერ დაასრულებს: გარკვეული დროის შემდეგ რუსეთის ჯარები თავდაცვის ახალ ხაზს მოაწყობენ და ადგილობრივ შეტევებსაც დაიწყებენ; უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დასჭირდებათ შეტევების ახალი ტალღა მთელი ტერიტორიის გასათავისუფლებლად – სავარაუდოდ, ომი 2023 წელსაც გაგრძელდება.

ასეთ დასკვნამდე მიდიან აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები უკრაინის შესახებ ახალ ანგარიშში.

„უკრაინის ხელისუფლება დემონსტრაციულად განიხილავდა ხერსონის კონტრშეტევისთვის მზადებას და ამით რუსეთის ყურადღება გადაიტანა იმ ტერიტორიიდან, რომელზეც ძირითად დარტყმას აპირებდა. საფუძვლიანი მომზადების შედეგად, გეგმამ იმუშავა. გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო თავდასხმები მტრის ლოგისტიკურ ქსელებზე ხერსონისა და ხარკოვის ოლქებში, რისთვისაც უკრაინის არმია ეფექტიანად იყენებდა „ჰაიმარსებსა“ და სხვა დასავლურ შეიარაღებას,“ – წერს ISW

ინსტიტუტის ექსპერტების აზრით, უკრაინამ ომში გარდატეხა მოახდინა  – ახლა სწორედ უკრაინის არმია განსაზღვრავს საბრძოლო მოქმედებების ხასიათსა და ადგილს, ხოლო რუსეთი უფრო და უფრო არაადეკვატურად უპასუხებს ამ ზეწოლას – როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად.

ISW ხაზს უსვამს, რომ მიმდინარე კონტრშეტევა უკრაინას ომის დასრულების საშუალებას არ მისცემს. რუსეთი გარკვეულ მომენტში შეძლებს თავდაცვის ახალი ხაზის შექმნას და მცირე შეტევებზე გადასვლას.

„უკრაინას შეტევების კიდევ ერთი სერია დასჭირდება დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად, ამიტომაც ომი, სავარაუდოდ, 2023 წელსაც გაგრძელდება,“ – წერს ISW.

ISW-ის სხვა მთავარი მიგნებები:

  • რუსეთმა სერიოზული ოპერატიული მარცხი განიცადა ხარკოვის ოლქში. უკრაინის ძალებმა ელვისებური კონტრშეტევით თითქმის მთელი რეგიონი დაიბრუნეს;
  • უკრაინის ძალებმა წაიწიეს წინ ვოლჩანსკსა და ველიკი ბურლუკში,
  • რუსეთის თავდაცვამ დაადასტურა ხარკოვის ოლქიდან ჯარების გაყვანა;
  • იზიუმის აღება ამ სექტორში რუსეთის გეგმებს მთლიანად შლის;
  • სამხრეთში პოზიციური ბრძოლები გრძელდება. უკრაინის არმია მტრის ზურგში დარტყმებს განაგრძობს – ბაზებზე, საწყობებსა და სატრანსპორტო საშუალებებზე;
  • რუსეთის დანაკარგების კომპენსირებას ყველა შესაძლო ძალით ცდილობს;
  • კონტრშეტევამ რუსეთი აიძულა ე.წ. რეფერენდუმების თარიღი განუსაზღვრელი ვადით გადაეწია.

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის გუშინდელი ანგარიშის თანახმად, უკრაინის ძალებმა ბოლო 5 დღის განმავლობაში დაიკავეს 3 000 კვადრატული კილომეტრი, მეტი, ვიდრე რუსეთმა აპრილის შემდეგ.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, გუშინ, 11 სექტემბერს, უკრაინის არმიამ კიდევ 20 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.

ხერსონის მიმართულებით კონტრშეტევა უკრაინის არმიამ 29 აგვისტოს დაიწყო, ხარკოვის ოლქში კი – 6 სექტემბერს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: