რა იწვევს კუნთების ტკივილს – ექიმის რჩევები

კუნთების ტკივილი, იგივე მიალგია, დროდადრო ყველას აწუხებს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ტკივილი თავისით გაივლის მოკლე დროში, ზოგჯერ კი შეიძლება თვეების განმავლობაში გაგრძელდეს.

„ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ თერაპევტი მადონა შაინიძე ამბობს, რომ კუნთების ტკივილი, რომელიც ხშირად ხანგრძლივდება და შემაწუხებელი ხდება, შესაძლოა ჯანმრთელობის სხვა პრობლემაზე მიანიშნებდეს, ამიტომ აუცილებელია ექიმისთვის დროული მიმართვა.

  • ქალბატონო მადონა, რა არის კუნთების ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზები?

მიალგიის ყველაზე ხშირი მიზეზი (19%) მოდის მძიმე ფიზიკურ დატვირთვაზე, უეცარ უხეშ მოძრაობაზე, რაც იწვევს კუნთის გაჭიმვას. კუნთების ტკივილი შესაძლოა განვითარდეს სტრესის და, რა თქმა უნდა, ტრავმების შედეგად, თუმცა ასეთი ტკივილი ჩვეულებრივ გავლენას ახდენს სხეულის მცირე ნაწილზე და შესაძლოა ძალიან მალე თავისითაც გადაიაროს. რიგ შემთხვევებში შესაძლოა გარკვეული პროცედურებისა და მკურნალობის ჩართვა გახდეს საჭირო.

აღსანიშნავია, რომ ტრავმისა და დაზიანების დროს შესაძლოა კუნთების ტკივილი მომენტალურად არ აღენიშნოს პაციენტს, ან მისთვის იმ მომენტში უპირატესი იყოს სხვა ჩივილები, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ყურადღების გარეშე არ უნდა დარჩეს, რადგან შეიძლება კუნთოვანი ტკივილი წამოვიდეს უფრო მოგვიანებით და მკურნალობა გაიწელოს დროში.

გარდა ამისა, მიალგიის მიზეზი შეიძლება იყოს ემოციური დაძაბულობა, ის ხშირად გვხვდება ფსიქოემოციურ პაციენტებში.

სხვა მიზეზებიდან აღსანიშნავია კუნთის ანთება, რომელიც ცნობილია მიოზიტის სახელით, იგი უფრო მწვავედ მიმდინარეობს, მას ახასიათებს  გახანგრძლივებული ტკივილი. ის შეიძლება გამოწვეული იყოს ვირუსული და ბაქტერიული ინფექციის ფონზე, ასევე (ნარკოტიკით ან ალკოჰოლით) ინტოქსიკაციის შედეგად.

მიოზიტი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ერთი კონკრეტული კუნთის ან მრავალი კუნთის ტკივილით, რასაც პოლიმიოზიტი ჰქვია. ეს შეიძლება იყოს კისრის, მხრისა და მენჯის სარტყლის, ასევე ხახისა და სასუნთქი კუნთები. რაც უფრო ბევრი კუნთის ანთებაა, გამოვლინებაც უფრო მრავალფეროვანია, შესაძლოა პაციენტს უჭირდეს გადაადგილება, კიბეზე ასვლა… როცა ზედა კიდურების კუნთებია ჩართული – უჭირს ტანსაცმლის ჩაცმა, გახდა და ა.შ.

Mayoclinic: პოლიმიოზიტი იშვიათი ანთებითი დაავადება, რომელიც იწვევს კუნთების სისუსტეს. მისი ნიშნები და სიმპტომები ჩვეულებრივ ვითარდება თანდათანობით, კვირების ან თვეების განმავლობაში.

კუნთების ტკივილი შესაძლოა განვითარდეს გარკვეული ტიპის მედიკამენტების მიღების ფონზეც, რისი გართულებაც არის კუნთის ანთება.

მიალგიის სხვა მიზეზებს შორის არის გრიპი და ავტოიმუნური დაავადება.

  • შესაძლოა თუ არა კუნთების ტკივილი ორგანიზმში რაიმე პრობლემაზე მიგვანიშნებდეს?

კუნთების ხშირი ტკივილის მიზეზებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ელექტროლიტური დარღვევების ხსენება. მაგალითად, კალციუმის, ფოსფორის, კალიუმის წვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კუნთის ნორმალურ ფუნქციონირებაზე. როდესაც იცვლება ამ ელემენტების შემცველობა ორგანიზმში – ხდება ან მომატება, ან დაქვეითება, ამ დროსაც ვლინდება კუნთების ტკივილი.

ქოლესტერინის, კერძოდ, დაბალი სიმკვრივის (რომელიც, მარტივად რომ ავხსნა, ყველაზე ცუდი ქოლესტერინია ორგანიზმისთვის) ქოლესტერინის დონის მომატება ორგანიზმში იწვევს მეტაბოლურ ცვლილებებს და ეს ცვლილებები მომავალში აისახება კუნთზე. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქოლესტერინის მაჩვენებელი არაპირდაპირად აისახება კუნთებზე.

ორგანიზმში მეტაბოლური ცვლა ირღვევა შაქრიანი დიაბეტის დროსაც, ამ დროს ცვლილებები ვითარდება კუნთშიც და ხშირად დიაბეტის შორსწასულ სტადიაში პაციენტებს აღენიშნებათ კუნთების ტკივილი.

Mayoclinic: დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, კუნთების ტკივილს ახლავს: სუნთქვის გაძნელება ან თავბრუსხვევა; კუნთების უკიდურესი სისუსტე; მაღალი ცხელება და კისრის გაშეშება.

  • როგორ მკურნალობენ?

თვითმკურნალობა არ არის გამართლებული, როცა პაციენტმა არ იცის რა არის გახშირებული ტკივილის მიზეზი.

მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა. თავიდან პაციენტი მიმართავს თერაპევტს, რომელიც ზოგადი პროფილის ექიმია და რომელიც საჭიროებისა და ტკივილის მიზეზის მიხედვით გადაამისამართებს ტრავმატოლოგთან, ორთოპედთან, ნევროლოგთან თუ სხვა სპეციალისტთან.

სანამ მკურნალობას დავიწყებთ, მნიშვნელოვანია პაციენტის კლინიკური მონაცემები და გასინჯვა, მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია ტკივილის მიზეზზე.

თუ პაციენტი გვეუბნება, რომ მძიმე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ეწყება ტკივილი, შესაძლოა მკურნალობა საერთოდ არ გახდეს საჭირო, მას ვურჩევთ, რომ დაისვენოს ფიზიკური დატვირთვისგან. მაგრამ თუ ამ ტკივილის მიზეზი არის სხვა, მაგალითად, კუნთის ანთება, ინფექცია, ტრავმა და ა.შ. შესაბამისი გამოკვლევების შემდეგ ხდება მკურნალობა, მათ შორის მედიკამენტებით, გარეგანი გამოყენების პრეპარატებით, ფიზიოთერაპიით და ა.შ.

Mayoclinic – კუნთების ტკივილის დროს, რომელიც ვლინდება აქტივობის დროს, ჩვეულებრივ მიუთითებს კუნთის დაჭიმვაზე. ამ ტიპის დაზიანებებისას რეკომენდებულია დასვენება თქვენი ჩვეულებრივი საქმიანობიდან, ასევე დაზიანებული ადგილის აწევა თქვენი გულის დონეზე მაღლა, განსაკუთრებით ღამით, რაც საშუალებას აძლევს გრავიტაციას, შეამციროს შეშუპება.

ბრალდებულმა ბათუმში 5 ათასი აშშ დოლარის ყალბი კუპიურები გაასაღა – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ირანის მოქალაქე დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქალაქ ბათუმში გაასაღა 5 000 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 50-დოლარიანი კუპიურები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად დამატებით ამოღებულ იქნა 7 000 აშშ დოლარი, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.“ – აცხადებს სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

ბათუმში წვიმაა მოსალოდნელი, მთაში მოთოვს | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 ნოემბრის 21 საათიდან 9 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, წვიმა, მთაში – თოვა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი

10 ნოემბერს ღამით აჭარაში ზოგან მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 11-12 ნოემბერს კი – უმეტესად უნალექო ამინდი.

ზღვაზე ტალღის სიმაღლე: 7-12 დმ [2-3 ბალი]. ზღვის წყლის ტემპერატურა +18 გრადუსია.

რუსებმა ფრონტის ხაზზე „დრაკონის კბილები“ დააყენეს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, ოკუპირებული მარიუპოლის გარშემო რუსეთმა თავდაცვის სიმაგრეების მშენებლობა დაიწყო. ამ მიზნით ორ ქარხანაში აწარმოებენ პირამიდის ფორმის ტანკსაწინააღმდეგო კონსტრუქციას, რომელიც „დრაკონის კბილების“ სახელითაა ცნობილი.

„დრაკონის კბილებს“ უწოდებენ პირამიდის ფორმის რკინაბეტონის ფორტიფიკაციას,  რომლის დანიშნულებაც ტანკებისაა და ქვეითი ჯარის გადაადგილებისთვის ხელშეშლაა. ამგვარი თავდაცვითი სიმაგრეები პირველად მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს.

როგორც ბრიტანეთის დაზვერვა თავის 8 ნოემბრის რელიზში ვარაუდობს, „დრაკონის კბილები“ უკვე დააყენეს მარიუპოლსა და სოფელ ნიკოლსკოეს შორის, ასევე, ჩრდილოეთ მარიუპოლიდან სოფელ სტარი-კრიმამდე.

„მარიუპოლი საკვანძო ლოგისტიკური ხაზი და „სახმელეთო ხიდია“ რუსეთიდან ყირიმში. „დრაკონის კბილები“ უკვე გაიგზავნა თავდაცვითი სიმაგრეების მოსაწყობად ოკუპირებულ ზაპოროჟიესა და ხერსონშიც,“ – წერს უწყება.

დაზვერვის ცნობით, რუსეთი ყველა ოკუპირებულ რეგიონში იმაგრებს პოზიციებს. უწყება იხსენებს „ვაგნერის“ მფლობელის, ევგენი პრიგოჟინის 19 ოქტომბრის განცხადებასაც, რომლის თანახმადაც ლუგანსკის ოლქში დაიწყო „ვაგნერის თავდაცვითი ხაზის“ მშენებლობა.

„ეს მიუთითებს, რომ რუსეთი ფრონტის მთელ ხაზზე ღრმა ეშელონირებული თავდაცვისთვის ემზადება, ამან კი გარღვევის შემთხვევაში შესაძლოა ხელი შეუშალოს უკრაინელთა სწრაფ წინსვლას,“ – აღნიშნავს ბრიტანეთის დაზვერვა.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში დაზვერვა რუსეთის საავიაციო დანაკარგებზე წერდა და ასკვნიდა, რომ მოსკოვი უკრაინაში საჰაერო უპირატესობის მოპოვებას ვერც უახლოეს თვეებში შეძლებს.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 8 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 8 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 77 170 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +710]
  • ტანკი – 2 786 ერთეული [+15]
  • ჯავშანტექნიკა – 5 654 ერთეული [+24]
  • საარტილერიო სისტემა – 1 791 ერთეული [+9]
  • MLRS – 391 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 203 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 278 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 260 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 476 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 399 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 216 ერთეული [+17]
  • სპეცტექნიკა – 159ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 8 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 332 თვითმფრინავი
  • 171 ვერტმფრენი
  • 2 465 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 388 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 6 448 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 884 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 563 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 127 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

პუტინი უკრაინაში პრიგოჟინისა და კადიროვის ძალებზეა დამოკიდებული – ISW

პუტინი უკრაინაში პრიგოჟინისა და კადიროვის ძალებზეა დამოკიდებული – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში „ვაგნერის“ ფინანსისტის ევგენი პრიგოჟინისა და ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის ძალებზეა დამოკიდებული.

როგორც ინსტიტუტის დღევანდელ ანგარიშშია ნათქვამი, ომის მომხრე „სილოვიკების“ ბანაკი თავის გავლენას აძლიერებს, არა ომში გამარჯვების მიზნით, არამედ, ძირითადად, პირადი ბიზნესინტერესების დასაკმაყოფილებლად, როგორც რუსეთში, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ანალიტიკოსებს მაგალითად მოჰყავთ ევგენი პრიგოჟინის 6 ნოემბრის განცხადება, რომ „ვაგნერი“ „სახალხო ლაშქრისთვის“კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში სასწავლო-გამოსასწორებელ ცენტრებს ქმნის. ეს ცენტრები და ლაშქარიც რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტროლსგარეთ იმოქმედებს.

„სილოვიკების“ ბანაკის მეორე წევრი, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი, ასევე ცდილობს თავისი ბიზნესის გაფართოებას და ახალი შესაძლებლობების პოვნას უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე. უკრაინის წინააღმდეგობის ცენტრი მიუთითებს, რომ კადიროვი და მისი საველე მეთაურები ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთარ ბიზნესქსელს აფართოებენ,“ – წერს ISW.

ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ პიროგოჟინიცა და კადიროვიც რუსეთში შედარებით დამოუკიდებელ ფიგურებად რჩებიან, რადგან პუტინი დიდადაა დამოკიდებული უკრაინაში მათ ძალებზე.

„რუსი ჟურნალისტები ხშირად ეკითხებიან პრიგოჟინს კრემლთან დაკავშირებით მის ამბიციებზე, რასაც ის გამუდმებით უარყოფს, თუმცა ეს შეკითხვა ასევე ადასტურებს, რომ პრიგოჟინმა საზოგადოებაში უკვე შექმნა წარმოდგენა, რომ მას ხელისუფლებაში მოსვლა შეუძლია“, – ნათქვამია ინსტიტუტის ანგარიშში.

ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:

  • რუსეთის ძალებმა ფაქტობრივად ამოწურეს მაღალი სიზუსტის შეიარაღების სისტემების არსენალი, უდიდესი დანაკარგი განიცადეს ავაიციაში და, სავარაუდოდ, ძალიან გაუჭირდებათ, გააგრძელონ უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების კოორდინირებული კამპანია;
  • რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ ხერსონის ოლქიდან ევაკუაციის ახალი ფაზა დაიწყო;
  • რუსეთის ძალები ცდილობდნენ უკრაინელთა კონტრშეტევის შეჩერებას ხარკოვის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთით;
  • რუსული წყაროების მტკიცებით, უკრაინის არმია განაგრძობდა კონტრშეტევას სვატოვოს მიმართულებაზე;
    რუსული წყაროები ასევე ამტკიცებდნენ, რომ რუსეთის არმიამ შეზღუდული შეტევები განახორციელა კრემენაიას დასავლეთით;
  • რუსული წყაროების ცნობით, „ვაგნერის“ ძალები ბელოგოროვკის გარეუბნებში შევიდნენ;
  • რუსეთის არმია განაგრძობდა შეტევებს ბახმუტის გარშემო, ავდეევკისა და დონეცკის რაიონში და ოლქის დასავლეთ ნაწილში.

ბათუმის მერია ნაძვის ხეს 968 387 ლარად „აჭარგანათებისგან“ იყიდის

ბათუმის მერია საახალწლო ნაძვის ხეს 968 387 ლარად იყიდის. ნაძვის ხის შესყიდვაზე ხელშეკრულება კი, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ შპს „აჭარგანეთებასთან“ 2022 წლის 4 ნოემბერს გააფორმა.

ნაძვის ხის შესყიდვა ტენდერის გარეშე სამმართველომ გადაუდებელი აუცილებლობით ახსნა და მას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოც დაეთანხმა.

შესყიდვის ღირებულებად მერიის სამმართველოს მაშინ მითითებული ჰქონდა 865 795 ლარი, თუმცა იყო შენიშვნაც, რომ ნაძვის ხეში გადაიხდიდნენ 306 042,78 ევროს ეკვივალენტს ლარში – შესყიდვის დღისთვის ეროვნილი ბანკის კურსით, დღგ-ს გარეშე.

„აჭარგანათებასთან“ 968 387 ლარზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში კი აღნიშნულია, რომ „ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მოწოდებასთან დაკავშირებულ მიმწოდებლის ყველა ხარჯს, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს“.

საახალწლო ნაძვის ხის სპეციფიკაცია – ფოტო ხელშეკრულების დანართიდან

ხელშეკრულების მიხედვით, საახალწლო ნაძვის ხე 25 მეტრი სიმაღლის იქნება და ის მერიის სამმართველოს „აჭარგანათებამ“ 2022 წლის 24 დეკემბრამდე უნდა მიაწოდოს.

შპს „აჭარგანათება“ ქალაქის გარეგანათებასთან თუ გაფორმებასთან დაკავშირებით გამოცხადებულ მერიის ტენდერებს ბოლო რამდენიმე წელია იგებს.

„აჭარგანათებასთან“ , როგორც ტენდერში გამარჯვებულთან, მერიის სამმართველომ რამდენიმე თვის წინ ხელშეკრულება 28 963 287 ლარზეც გააფორმა.

ტენდერის მიხედვით, „აჭარგანათებამ“ 2026 წლამდე ქალაქის განათების სისტემა Led სანათებით უნდა შეცვალოს. ასევე, ევალება განათების წერტების მოვლა-განახლება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებით კი, ამ შემთხვევაში მერიას სატენდერო პირობები „აჭარგანათებაზე“ ჰქონდა მორგებული, რაც კორუფციის რისკებს შეიცავს:

რაც შეეხება ნაძვის ხეს, ბათუმის მერიამ მის შესარჩევად მოსახლეობის გამოკითხვა ჩაატარა და მოქალაქეებს 4 ესკიზი შესთავაზა.

„ბათუმელებმა“ მერიის სამმართველოსგან სექტემბერში მოითხოვა ინფორმაცია, თუ რომელი კომპანიისგან უნდა შეესყიდათ ნაძვის ხე. მაშინ სამმართველოს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია წერილობით უნდა გამოგვეთხოვა.

ამ თემაზე:

ბათუმის მერია საახალწლო ნაძვის ხის შეძენას გეგმავს და გამოკითხვას ატარებს

570-დან 29 გადავრჩით – რას ჰყვებიან განადგურებას გადარჩენილი რუსი მობილიზებულები

ალექსეი აგაფონოვი მობილიზებული სამხედროა ვორონეჟიდან, რომელიც რამდენიმე დღის წინ უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში უკრაინელთა შეტევას გადაურჩა. აგაფონოვი გამოცემა Вёрстка-ს უყვება, როგორ მიატოვა მეთაურობამ რეზერვისტები ფრონტის წინა ხაზზე.

მისი შეფასებით, მაკეევკასთან მობილიზებულთა ბატალიონის 500-ზე მეტი წევრი დაიღუპა.

როგორც აგაფონოვი იხსენებს, მობილიზებულებს ბატალიონის მეთაური ჰპირდებოდა, რომ მათ ჩაიყვანდნენ სვატოვოში, სადაც ფრონტის ხაზიდან 15 კილომეტრში „ტერიტორიული თავდაცვის ძალებს“ შეუერთდებოდნენ. თუმცა ამის სანაცვლოდ, მთელი ბატალიონი 2 ნოემბრის ღამეს წინა ხაზზე დატოვეს, უბრძანეს, სანგრები გაეთხარათ და თავდაცვის ხაზი გაემაგრებინათ.

„მთელ ბატალიონს სამი ნიჩაბი გვქონდა, არანაირი უზრუნველყოფა, საერთოდ არაფერი. როგორც შეგვეძლო ვთხრიდით, დილით დაიწყო სროლა – არტილერია, „გრადები“, ნაღმმტყორცნები, შვეულმფრენები, პირდაპირ ჩაგვცხრილეს. როდესაც ყველაფერი დაიწყო, ოფიცრები ეგრევე გაიქცნენ. 570-დან 29 გადავრჩით მთელი, კიდევ 12 დაჭრილია, დანარჩენები – აღარ არიან,“ – ჰყვება აგაფონოვი.

მისი ინფორმაციით, იმავე პოზიციაზე მანამდე, სავარაუდოდ, მობილიზებულთა სხვა ბატალიონიც გაანადგურებს, რადგან იქ მისულებს ათობით გვამი დახვდათ.

„ტელევიზორში აჩვენებენ, რომ ყველაფერი ძალიან ლამაზადაა, სინამდვილეში, იქ ლუგანსკის ოლქში ფრონტის წინა ხაზზე სწორედ მობილიზებულებს უშვებენ. როდესაც იქიდან გამოვდიოდით, ოფიცრებისთვის თვალიც არ მოგვიკრავს. ვნახეთ, რომ მხოლოდ მესამე ხაზზე სხედან „კონტრაქტნიკები“ და მოხალისეები,“ – ჰყვება აგაფონოვი.

მისი თქმით, ადგილობრივებსა და კონტრაქტით დაქირავებულებს ბრძოლა არ სურთ, ამიტომაც სვატოვოს რაიონში მთელი ქვეყნიდან მიჰყავთ მობილიზებულები, რომ როგორმე თავდაცვაში გაჩენილი ბზარები ამოავსონ: „აქ (სვატოვოში) სრული გაურკვევლობაა. ყველა გადარჩენილსა და ახალმიყვანილს აჯგუფებენ ახალ ბატალიონში და ისევ წინა ხაზზე უშვებენ“.

აგაფონოვის მონათხრობი გამოცემას კიდევ ერთი მობილიზებულის ცოლმაც დაუდასტურა.

„დილით დამირეკა (ქმარმა) უცხო ნომრიდან და მომიყვა, რაც მოხდა, რომ ისინი თავდაცვის ხაზზე დატოვეს, რომ ცეცხლის ქვეშ მოხვდნენ და რომ როგორღაც მიაღწიეს სვატოვომდე, სადაც ახლა იმალებიან. მეთაურებმა მიატოვეს ისინი და ახლა არ იციან, რა ქნან, უბრალოდ დახმარებას ითხოვენ,“ – ეუბნება გამოცემას ლუდმილა.

მობილიზებულების ახლობლებმა შაბათს ვორონეჟის პროკურატურასთან აქცია გამართეს.

„გვეუბნებიან, რომ ჩვენი შვილები ცოცხლები და ჯანმრთელები არიან და თავის სამხედრო მოვალეობას ასრულებენ. რანაირად არიან ცოცხლები და ჯანმრთელები, როდესაც იქ ყველანი გადაცხრილეს?!“ – კითხულობს მობილიზებული ანდრეი ხოლოდოვის დედა ოქსანა.

კიდევ ერთი მობილიზებულის ცოლი ანა ამბობს, რომ გადარჩენილი რეზერვისტები შინ დაბრუნებას ითხოვენ.

„ითხოვენ, რომ გაუშვან. იქ დარჩენა აღარ შეუძლიათ, ეშინიათ. იქ მათ ბომბავენ. არც მეთაურობა, არავინ არაა მათ გვერდით. გვინდა, ყველამ გაიგოს, როგორც მოექცნენ ამ ბიჭებს. კატებივით დაყარეს იქ, ყოველგვარი მომზადების და ყველაფრის გარეშე,“ – ამბობს ანა.

აქციის მონაწილეებმა ჩაწერეს ვიდეომიმართვაც, რომელშიც გუბერნატორს და სხვა უწყებებს დახმარებას სთხოვენ.

„იმ დღეს, როდესაც იქ მიიყვანეს, დააყენეს წინა ხაზზე. მეთაურობამ ისინი მიატოვა, გაიქცნენ იმ საბაბით, რომ დაბრუნდებოდნენ და მობილიზებულებს მათ ნივთებს მიუტანდნენ. 40 წუთი გავიდა, ისინი არ დაბრუნებულან და დაიწყო სროლა. ისროდნენ ყუმბარმტყორცნებიდან, ნაღმმტყორცნებიდან და სხვა იარაღიდან. სამ დღეს მიდიოდა ბრძოლა, მობილიზებულების თქმით. ჩვენი მებრძოლები იცავდნენ თავს, რითაც შეეძლოთ… არ სძინებიათ, არ უჭამიათ, სამი დღე იბრძოდნენ და მათი მეთაურობისგან განსხვავებით, არსად გაქცეულან,“ – ჰყვებიან ვიდეომიმართვაში.

იმ სამხედროთა სიაში, რომლებიც ბრძოლის ველიდან გამოსვლას ითხოვენ, 41 ადამიანია. სია მათმა მშობლებმა და ნათესავებმა შეადგინეს. ისინი ამბობენ, რომ 41-დან კავშირზე მხოლოდ 31 ჯარისკაცი გამოვიდა.

რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების 6 სცენარი – Insider

როგორ შეიძლება დასრულდეს ომი – ეს თემა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის მეცხრე თვეს კიდევ უფრო აქტუალურია. ექსპერტები სხვადასხვა ვარაუდს გამოთქვამენ და შესაძლო სცენარებს განიხილავენ. გამოცემა Insider-ი აქვეყნებს 6 ვარიანტს  – როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები უკრაინაში.

  • ვარიანტი პირველი – ცეცხლის შეწყვეტა

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორი, სეთ ჯონსი მიიჩნევს, რომ თუ საბრძოლო მოქმედებები ჩიხში აღმოჩნდება, უკრაინა და რუსეთი შესაძლოა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

თუმცა ჯონსის თქმით, ეს არა ომის დასასრული, არამედ პაუზა და გარდამავალი ეტაპი იქნება – ომიდან გაყინულ კონფლიქტში.  მას მაგალითად ჩეჩნეთის ომები მოჰყავს, როდესაც 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შედგა, შედეგად კი რუსეთმა ახალი შეტევა დაიწყო.

ასეთ პირობებში კრემლს შესაძლოა ჰქონდეს იმედი, რომ  დასავლელი პარტნიორები უკრაინის მხარდაჭერის ინტერესს დაკარგავენ.

  • ვარიანტი მეორე – სამშვიდობო შეთანხმება

კიდევ ერთ შესაძლო ვარიანტად Insider-ის ექსპერტი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას ასახელებს, თუმცა სეთ ჯონსის აზრით, პუტინი უკვე ძალიან შორს წავიდა იმისთვის, რომ ახლა ომი შედეგების გარეშე დაასრულოს.

აქვე დგას მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი – რა დათმობისთვის იქნება მზად უკრაინა.

ჯონსის აზრით, ნებისმიერი უკრაინელი ლიდერისთვის უკრაინის რომელიმე ტერიტორიის დათმობა ახლა „პოლიტიკური თვითმკვლელობაა“.

  • ვარიანტი მესამე – რუსეთის გამარჯვება

სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში, რუსეთს უკრაინის სწრაფად დაპყრობის, ხელისუფლების ჩამოგდებისა და მარიონეტული მთავრობის შექმნის იმედი ჰქონდა, თუმცა უკრაინამ ეს გეგმები ჩაუშალა.

ჯონსის თქმით, იმის შანსი, რომ რუსეთმა ომში გარდატეხა შეიტანოს, მთლიანად შემოატრიალოს მისი მიმდინარეობა და თავისი თავდაპირველი მიზნების მიღწევა შეძლოს, ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა თეორიულად, ტერიტორიული დათმობების შემთხვევაში, რუსეთი ეცდებოდა ეს გამარჯვებად და დასახული მიზნების მიღწევად გაეფორმებინა.

  • ვარიანტი მეოთხე – უკრაინის გამარჯვება

უკრაინის გამარჯვება ავტომატურად რუსეთის არმიის დამარცხებას ნიშნავს – სცენარი, რომ რუსეთის არმია თვითონ დატოვებს უკრაინას, ექსპერტის მოსაზრებით, თითქმის გამორიცხულია.

როგორც სეთ ჯონსი აღნიშნავს, ის ფაქტი, რომ რუსეთის დანაკარგების მიუხედავად, პუტინი საკუთარ გეგმებზე უარს არ ამბობს, ერთ რამეზე მიუთითებს –  რუსეთის ჯარების უკრაინის ტერიტორიიდან გასვლა, ვიდრე პუტინი ხელისუფლებაშია, ნაკლებსავარაუდოა.

  • ვარიანტი მეხუთე – გაჭიანურებული ომი

ეს ნაკლებად ოპტიმისტური ვარიანტია და გულისხმობს, რომ ომი შეიძლება წლები გაიწელოს.

ეს იქნება ომი დაუძლურებამდე, რაც ჯონსის აზრით, უკვე დაწყებულია. რუსეთი ახლა ცდილობს არა იმდენად ახალი ტერიტორიების დაკავებას, რამდენადაც უკრაინის დაღლასა და გამოფიტვას.

ასე, რომ აქ კითხვა ასე ჟღერს – ვინ გაძლებს მეტ ხანს?

  • ვარიანტი მეექვსე – ბირთვული ომი და NATO-ს ჩარევა

მეექვსე და აპოკალიფსური სცენარი კრემლის ბირთვულ შანტაჟს უკავშირდება. სეთ ჯონსი მიიჩნევს, რომ პუტინმა ბირთვული იარაღი შესაძლოა რუსეთის არმიის ტოტალური მარცხის შემთხვევაში გამოიყენოს, თუმცა რისკები ნებისმიერ გეოპოლიტიკურ სარგებელს აღემატება.

ამ სცენარზე მსჯელობისას კვლავაც ბოლომდე გაურკვეველი რჩება, ჩაერთვება თუ არა მასში NATO, რომლის ომში მონაწილეობაც, ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომს და მასში ჩინეთის ჩართვას ნიშნავს.

„ნახეთ, აქ ვინ არის“ – უკრაინაში დასავლური თავდაცვის ახალი სისტემები ჩაიტანეს

უკრაინაში ჩაიტანეს NASAMS-ისა და Aspide-ს საზენიტო სარაკეტო სისტემები – ამის შესახებ ტვიტერზე უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი წერს.

„ნახეთ, აქ ვინ არის! ეს იარაღი მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის არმიას და ჩვენს ცას უფრო უსაფრთხოს გახდის“ – წერს რეზნიკოვი და მადლობას უხდის ნორვეგიას, ესპანეთსა და აშშ-ს მიწოდებული კომპლექსებისთვის.

NASAMS – ეს არის გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რომელიც განკუთვნილია დაბალ და საშუალო სიმაღლეზე მყოფი საჰაერო სამიზნეებისთვის, როგორებიცაა: რაკეტები, თვითმფრინავები თუ დრონები. კომპლექსი ნორვეგიულმა Norwegian Kongsberg-მა და ამერიკულმა Raytheon-მა შექმნეს.

ამავე თემაზე: 

უკრაინა NASAMS-ის კომპლექსებს მალე მიიღებს – რა შეუძლია ამ სისტემას

რუსეთს 120 ცალი „ისკანდერი“ დარჩა – უკრაინის სამხედრო დაზვერვა

რუსეთმა უკრაინის ქალაქების დასაბომბად უკვე თავისი თანამედროვე რაკეტების 80% გამოიყენა – ასეთ ინფორმაციას აწვდის უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელი ვადიმ სკიბიცკი გამოცემა The Economist-ს.

დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთს მხოლოდ 120 ცალი „ისკანდერი“ დარჩა.

სკიბიცკის თქმით, უკრაინის სამხედრო დაზვერვისთვის ცნობილი გახდა კრემლის გეგმა, ირანისგან ბალისტიკური რაკეტები Fateh-110 და Zolfaghar შეისყიდოს და ყირიმში გადაიტანოს.

„ჩვენ ვიცით, რომ ასეთი შეთანხმება უკვე მიღწეულია,“ – ამბობს დაზვერვის წარმომადგენელი.

რუსეთს რომ თანამედროვე ტიპის მაღალი სიზუსტის რაკეტების დეფიციტი აქვს, ამაზე ცოტა ხნის წინ „უკრაინსკა პრავდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობდა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვიც.

უკრაინის მთავარი მზვერავის პროგნოზით, „დრონების ტერორი“ უკრაინის მასშტაბით შესაძლოა კიდევ დიდხანს გაგრძელდეს, თუმცა „რაკეტების ტერორისთვის“ რუსეთს რესურსი აღარ დარჩა.

„მარაგები თითქმის ამოწურულია. „ისკანდერებიდან“ დაახლოებით 13 % დარჩათ, „კალიბრებში“ – დაახლოებით 43 %, Х-101 და Х-555 – ასევე  45%, 30 %-ზე ქვემოთ ჩამოსვლა ძალიან საშიშია, რადგან ეს უკვე ხელშეუხებელი მარაგია. „ისკანდერებში“ რუსეთი უკვე კარგა ხანია ჩამოსცდა ამ ნიშნულს, მაგრამ სხვა რაკეტებში ჯერ კიდევ ცდილობენ ბალანსის შენარჩუნებას“, – ბუდანოვის შეფასებით, სწორედ რაკეტების ნაკლებობის, მათი ნაკლები სიზუსტისა და ეფექტიანობის გამო გახდა რუსეთი იძულებული, ირანული დრონების გამოყენება დაეწყო.

ინფორმაცია, რომ ირანის ხელისუფლება რუსეთისთვის დაახლოებით 1000 ერთეული იარაღის გასაგზავნად ემზადება, პირველ ნოემბერს CNN-მა გაავრცელა. სტატიაში ლაპარაკი იყო „მიწა-მიწის“ ტიპის ახლო მანძილზე მოქმედ ბალისტიკურ რაკეტებსა და უპილოტო საფრენ აპარატებზე, თუმცა რაკეტის ტიპი დაკონკრეტებული არ ყოფილა.

CNN-ის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, რუსეთი ტვირთს წლის ბოლოსთვის მიიღებს.

საერთაშორისო უწყებებმა და ექსპერტებმა არაერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ უკრაინაში რუსეთის დანაკარგების ფონზე კრიტიკულად იზრდება რუსეთის დამოკიდებულება ირანისა და ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებაზე.

ბსუ-ში კანცლერის არჩევნები 1 კანდიდატით ჩატარდა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კანცლერის არჩევნები ჩატარდა, სადაც მხოლოდ ერთი კანდიდატი, მერაბ დიასამიძე იყო წარმოდგენილი.

მერაბ დიასამიძე ამავე უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. ის ტურიზმის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია.

მერაბ დიასამიძე 16 ხმით აირჩიეს კანცლერად. უფლებამოსილების ვადა 4 წელია.

აღნიშნულ თანამდებობას 2021 წლის 28 ივნისიდან ნიკა ჩხარტიშვილი იკავებდა. როგორც ბსუ-ში განაცხადეს, ჩხარტიშვილმა თანამდებობა თავისი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ჩხარტიშვილის დანიშვნამდე კანცლერის თანამდებობა ალექსანდრე მითაიშვილს ეკავა, რომელიც  იმპიჩმენტის გზით გაათავისუფლეს.

გრიპზე უფასოდ აცრა 14 ნოემბრის ჩათვლით ყველას შეეძლება

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დღეიდან 14 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს პოლიკლინიკებში სეზონური გრიპის აცრის გაკეთებას უფასოდ შეძლებს ყველა მსურველი (6 თვის ასაკიდან). კვირეულის მიღმა გრიპზე აცრა მხოლოდ რისკჯგუფებისთვის არის უფასო, დანარჩენი მოქალაქეებისთვის კი აცრის კომერციულად გაკეთების ფასი 60-70 ლარია.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დროებით გაფართოვდა გრიპზე აცრის კონტინგენტის ჩამონათვალი და 5-15 ნოემბრის ჩათვლით ვაქცინაციის შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს მოქალაქეობის მქონე ნებისმიერ მსურველს, “ბათუმელებს” რამდენიმე პოლიკლინიკაში დაუდასტურეს. ცვლილების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ გამოუქვეყნებიათ NCDC-სა და ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრებს.

სეზონური გრიპის ვაქცინაცია საქართველოში 21 სექტემბრიდან დაიწყო. საქართველომ წელს 200 000 დოზა სანოფი პასტერის წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა. აღნიშნული ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის ერთ-ერთია.

მოსახლეობამ ვაქცინაციის მიმწოდებელ დაწესებულებებს უნდა მიმართოს და მომსახურების მისაღებად თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

აჭარაში ეს დაწესებულებებია:

  • სს „ევექსის კლინიკები“ – ქედის კლინიკა
  • სს ქობულეთის სამედიცინო ცენტრი (ქობულეთი)
  • სს “ევექსის ჰოსპიტლები” – ქობულეთი
  • სს საზღვაო ჰოსპიტალი (ბათუმი)
  • სს „ევექსის კლინიკები“ – ხულო
  • სს მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი-2010
  • შ.პ.ს. “თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი” (ბათუმი)
  • შპს ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი  (ბათუმი)
  • შპს ქ.ბათუმის № 4 პოლიკლინიკა (ბათუმი)
  • შპს “საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი” (ბათუმი)
  • შპს “ბათუმის N1 პოლიკლინიკა” (ბათუმი)
  • სს „ევექსის კლინიკები“ – ბათუმის პოლიკლინიკა

რა არის თავბრუსხვევა?

თავბრუსხვევა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია, რომელსაც აღნიშნავენ ადამიანები ნებისმიერ ასაკში, განსაკუთრებით კი – ხანდაზმულობისას.

თავბრუსხვევა უფრო სიმპტომია, ვიდრე დაავადება ამ დროს ადამიანს უჩნდება შეგრძნება, რომ მის გარშემო ყველაფერი მოძრაობს ან ბრუნავს, ან თვითონ მოძრაობს, ანუ აქვს მოძრაობის ილუზია.

თავბრუსხვევის სიმპტომად ადამიანები ასახელებენ ასევე წონასწორობის დარღვევას, გულისწასვლის ან შფოთვის შეგრძნებებს, თუმცა ჭეშმარიტი თავბრუსხვევა ანუ ვერტიგო არის საგნების ან საკუთარი სხეულის ტრიალის შეგრძნება და მიუთითებს ვესტიბულური სისტემის დაზიანებაზე.

რა სიხშირითაა გავრცელებული თავბრუსხვევა?

ფართომასშტაბიან ეპიდემიოლოგიურ კვლევებზე დაყრდნობით თავბრუსხვევა აწუხებს დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს.

რა ტიპის თავბრუსხვევა არსებობს?

გამომწვევი მიზეზის (დაზიანების) ლოკალიზაციის მიხედვით, თავბრუსხვევა არის ცენტრალური და პერიფერიული ტიპის. ცენტრალური თავბრუსხვევა თავის ტვინის გარკვეული სტრუქტურების დაზიანების შედეგად ვითარდება, ხოლო პერიფერიული – შიგნითა ყურის და კარიბჭე-ლოკოკინას ნერვის დაზიანების შედეგად.

ძირითადად რა დაავადებები იწვევენ თავბრუსხვევას?

ამბულატორიულ პრაქტიკაში პაციენტები უხშირესად მოგვმართავენ პოზიციური თავბრუსხვევით, ოტიტით, ვესტიბულური ნევრიტით, პოსტინსულტური მდგომარეობით და ვესტიბულური შაკიკით გამოწვეული თავბრუსხვევით, ასევე ფსიქოგენური თავბრუსხვევით.

თავბრუსხვევის მკურნალობა კომპლექსურია და პირველ რიგში გულისხმობს მისი გამომწვევი დაავადების მკურნალობას. ამისათვის საჭიროა ექიმთან დროული კონსულტაცია და გამოკვლევა.

————————————————–

მთავარი ფოტო: კლინიკა „მედცენტრის“ ექიმი ნევროლოგი ჯამბულ მაკარაძე.

————————————————–

თუ თავბრუსხვევა გაწუხებთ გაწუხებთ, გამოკვლევებისთვის გვეწვიეთ კლინიკა „მედცენტრში“.

მის.: ბათუმი, პუშკინის ქუჩა N118

ან დაგვირეკეთ და ჩაეწერეთ კონსულტაციაზე: 596 22 60 60

რა არის თავბრუსხვევის მიზეზები და რას ნიშნავს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი

უკრაინაში მოკლეს მღვდელი, რომელიც რუს ქალებს მეტი შვილის გაჩენას და ომში გაგზავნას ურჩევდა

უკრაინაში  რუსი მღვდლის მიხაილ ვასილიევის ცხედარი იპოვეს. სასულიერო პირი რუს ქალებს მოუწოდებდა, მეტი შვილი გაეჩინათ, რათა მათი ომში გაშვება აღარ გასჭირვებოდათ.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ სასულიერო პირი „6 ნოემბერს, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში, უკრაინაში, თავისი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა“.

როგორც 26 ოქტომბერს გამოცემა The Insider-ი წერდა, ერთ-ერთი სატელევიზიო არხის ეთერში, ვასილიევმა გამოთქვა აზრი, რომ თუ რუსი ქალები მეტ შვილს გააჩენდნენ, მათთვის უფრო იოლი იქნებოდა შვილების ომში გაგზავნა.

„თითოეულ ქალს უფალმა დააკისრა ბევრი შვილის გაჩენა. და თუ ქალი შეასრულებს ამ მცნებას „ინაყოფიერეთ და გამრავლდით“, უარს იტყვის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტაზე, ცხადია, მას მხოლოდ ერთი შვილი არ ეყოლება. ეს კი ნიშნავს, რომ მისთვის ასე მტკივნეული და საშიში აღარ იქნება შვილთან განშორება, თუნდაც დროებით,“ – ასე გამოეხმაურა ვასილიევი ამბავს რუს ქალზე, რომელსაც შვილის უკრაინაში გაშვება არ უნდოდა და მას კანარის კუნძულებზე მალავდა.

რუსეთის ეკლესიის საიტზე ასევე აღნიშნულია, რომ ვასილიევი, როგორც სასულიერო პირი, იმყოფებოდა „ცხელ წერტილებში“ რუსეთის „სამშვიდობო ოპერაციების“ დროს – კოსოვოში, ბოსნიაში, აფხაზეთში, ყირგიზეთში, ჩრდილოეთ კავკასიასა და სირიაში.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 7 ნოემბრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 7 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 76 460 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +530]
  • ტანკი – 2 771 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 5 630 ერთეული [+19]
  • საარტილერიო სისტემა – 1 782 ერთეული [+1]
  • MLRS – 391 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 202 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 277 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 260 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 472 ერთეული [+7]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 399 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 199 ერთეული [+8]
  • სპეცტექნიკა – 157 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 7 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 331 თვითმფრინავი
  • 170 ვერტმფრენი
  • 2 458 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 387 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 6 421 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 884 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 562 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 109 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინაში „ვაგნერი“ უმეტესად პატიმრებითაა დაკომპლექტებული, ისინი ფრონტზე იღუპებიან – ISW

რუსეთი საჰაერო უპირატესობას ვერც უახლოეს მომავალში მოიპოვებს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთი კვლავაც ვერ ახერხებს უკრაინაში საჰაერო უპირატესობის მოპოვებას და ეს ვითარება, სავარაუდოდ, ვერც მომავალ თვეებში შეიცვლება.

3 ნოემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკვე ორჯერ მეტი თვითმფრინავი დაკარგა უკრაინაში, ვიდრე საბჭოთა კავშირის 10-წლიან ომში ავღანეთში.

ბრიტანეთის დაზვერვა მიუთითებს, რომ ავღანეთში საბჭოთა კავშირის დანაკარგი 119 სამხედრო თვითმფრინავი იყო. უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინაში 277 რუსული თვითმფრინავი განადგურდა.

„ჩვენ არ შეგვიძლია ამ რიცხვების დამოუკიდებლად გადამოწმება, თუმცა რუსეთს კვლავაც არ აქვს უპირატესობა ჰაერში. ეს, სავარაუდოდ, ასევე გამოწვეულია ცუდი მომზადებით, გამოცდილი ეკიპაჟების დაკარგვით და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით დატვირთულ ზონაში მოქმედების გაზრდილი რისკებით,“ – აღნიშნავს უწყება.

დაზვერვის შეფასებით, ეს ვითარება ვერც უახლოეს თვეებში შეიცვლება, რადგან რუსეთის თვითმფრინავების დანაკარგი, სავარაუდოდ, ბევრად აღემატება მათ შესაძლებლობას, გამოუშვან ახალი ტექნიკა, კომპეტენტური პილოტების მომზადებას კი სჭირდება დრო, რომელიც ახლა რუსეთს არ აქვს.

„ეს კიდევ უფრო ამცირებს რუსეთის შესაძლებლობებს, აღადგინოს თავისი სამხედრო ავიაცია,“ – ასკვნის უწყება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 7 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი 277 თვითმფრინავი, 260 ვერტმფრენი და 1 465 უპილოტო საფრენი აპარატია.

„ქურდულ გარჩევებს“ აწყობდნენ – პოლიციამ 5 პირი დააკავა

შსს-მ 5 პირი დააკავა თბილისსა და სამეგრელოში „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები აქტიურად მონაწილეობდნენ დანაშაულებრივ საქმიანობაში და „მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე, მოდავე მხარეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარების, სადავო საკითხების „ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და მათი თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, გადაწყვეტილებების აღსრულებას პირადად აკონტროლებდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას აიძულებდნენ,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა „ქურდული სამყაროს“ წევრებმა მოდავე მხარეებს შორის არსებული დავის გადაწყვეტის მიზნით, თბილსსა და სამეგრელოში რამდენჯერმე მოაწყვეს ე.წ. ქურდული გარჩევები.

პოლიციამ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ. ასევე ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულებს 3-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.

ამავე თემაზე:

ფინანსურ დავებზე ისევ ლავასოღლის უკავშირდებოდნენ – შსს-მ 4 პირი დააკავა

ფრედი მერკურის მანქანა 11 მილიონ გრივნად გაიყიდა, ფული ომში დაჭრილებს მოხმარდება

ბრიტანეთში აუქციონზე 11 მილიონ გრივნად გაიყიდა ლეგენდარული მუსიკოსის, ფრედი მერკურის ავტომობილი, რომელიც ბოლო 9 წელი უკრაინელ არტისტს, ანდრეი დანილკოს ეკუთვნოდა.

ანდრეი დანილკოს მსოფლიო მისი სასცენო სახელით, ვერკა სერდუჩკათი იცნობს.

მერკურის მანქანა ხარკოველმა კრიპტობიზნესმენმა, ვოლოდიმირ ნასოვმა შეიძინა, აუქციონის სახლმა კი საკომისიო თანხებზე უარი თქვა.

შემოსავალი მთლიანად ომში დაჭრილი უკრაინელების რეაბილიტაციასა და პროთეზირებას მოხმარდება და გადაეცემა ლვოვის კლინიკა Superhumans-ს, რომელიც ახლა იხსნება.

პროთეზირებისა და რეაბილიტაციის ეს თანამედროვე ცენტრი ლვოვში ერთ-ერთი ჰოსპიტლის ბაზაზე იქმნება, მისი პაციენტები შეიძლება გახდნენ როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირები. კლინიკა 2023 წლის აპრილში გაიხსნება და ომში დაჭრილებისთვის მკურნალობა და პროთეზირება უფასო იქნება.

„მანქანა 250 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა, ეს 11 მილიონი გრივნაა. ძალიან გულუხვი შემოწირულება და გადამწყვეტი დახმარება ჩვენი კლინიკისთვის,“ – დაწერეს ცენტრის წარმომადგენლებმა ინსტაგრამზე.

ფრედი მერკურის ავტომანქანა Rolls-Royce Silver Shadow ანდრეი დანილკომ, დაახლოებით 10 წლის წინ, Coys Of Kensington-ის აუქციონზე 120 ათას დოლარად შეიძინა.

კრემლის „ბირთვულმა მუქარებმა“ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო – ISW

კრემლი ხედავს, რომ მისმა „ბირთვულმა თამაშმა“ ვერ გატეხა უკრაინის ნება, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის სამხედრო აგრესიას – ასე აფასებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) მოსკოვის მუქარის შედეგებს და დასძენს, რომ ბოლო დღეებში რუსეთმა თავისი „ბირთვული რიტორიკა“ შეარბილა, თუმცა ამ თემით თამაშს განაგრძობს, რათა აიძულოს აშშ და მოკავშირეები, გააძლიერონ ზეწოლა უკრაინაზე და კიევი და მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვან.

„ინსტიტუტის შეფასებით, რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინაში კვლავაც ნაკლებსავარაუდოა და კრემლი ახლა ცდილობს, თავისი ბირთვული რიტორიკა შეარბილოს,“ – წერს ISW-ი დღევანდელ ანგარიშში.

ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ კრემლის ბირთვულმა მუქარებმა ვერ გატეხა უკრაინის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ნება, რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა გაეგრძელებინა.

„უკრაინამ და მისმა საერთაშორისო მოკავშირეებმა ცხადად გააგებინეს კრემლს, რომ არ დათანხმდებიან მოლაპარაკებებს იარაღის ლულის ქვეშ და არ იტყვიან უარს უკრაინის სუვერენულ უფლებაზე, დაიბრუნოს საკუთარი ტერიტორიები,“ – წერენ ინსტიტუტის ექსპერტები.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სწორედ ამიტომ, ახლა კრემლი ცდილობს, თავისი „ბირთვული პოლიტიკა“ შეერთებულ შტატებთან და მის მოკავშირეებთან დაალაგოს. ოფიციალური პირების ცნობით, ნაციონალური უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი ბირთვულ საფრთხეებზე პუტინის მრჩეველს იური უშაკოვს და უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელს ნიკოლაი პატრშუევს ესაუბრა.

რუსეთის ელჩმა დიდ ბრიტანეთში ანდრეი კელინმა ასევე დაადასტურა, რომ 26 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ თავის რამდენიმე კოლეგას დაურეკა და არწმუნებდა მათ, რომ რუსეთი არაა დაინტერესებული ამ ომში ბირთვული იარაღის გამოყენებით.

ინსტიტუტის ცნობით, კრემლის ბირთვული რიტორიკის შესუსტებაში გარკვეული როლი ჩინეთმაც შეასრულა.

ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:

  • „ვაგნერის“ დამფინანსებელმა ევგენი პრიგოჟინმა 6 ნოემბერს დაადასტურა, რომ დაჯგუფება ქმნის „სახალხო ლაშქრის“ საწვრთნელ და სამართავ ცენტრებს კურსკსა და ბელგოროდის ოლქებში;
  • რუსი სამხედრო ბლოგერების ინფორმაციით, რუსეთის 155-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადამ სასტიკი დანაკარგი განიცადა პავლივკას შეტევისას;
  • რუსული წყაროების მტკიცებით, უკრაინის არმია განაგრძობდა კონტრშეტევას სვატოვო-კრემენაიას მიმართულებაზე;
  • რუსეთის ოპოზიციური წყაროების ცნობით, უკრაინელთა თავდასხმას მაკეევკასთან ახლოს, ლუგანსკის ოლქში, სავარაუდოდ, 500 რუსი მობილიზებული შეეწირა;
  • რუსეთის ძალები განაგრძობდნენ თავდაცვითი პოზიციების გამაგრებას ხერსონის ოლქში, დნეპრის დასავლეთ (მარჯვენა) სანაპიროზე, პარალელურად, უკრაინელები განაგრძობდნენ დარტყმებს რუსეთის ლოგისტიკურ ქსელებზე;
  • რუსეთის ძალებმა სახმელეთო შეტევები განახორციელეს ბახმუტთან, ავდიივკასთან და ვუჰლედართან;
  • რუსეთის ძალებს კვლავაც არ შეუწყვეტიათ რიტორიკა, თითქოს უკრაინის არმია კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე დარტყმას გეგმავს;
  • რუსეთის საოკუპაციო ძალები „ევაკუაციის“ საბაბით განაგრძობდნენ ოკუპირებული რაიონებიდან უკრაინელი ბავშვების რუსეთში იძულებით გაყვანას.

კორპუსები ბათუმში, სადაც გაზის გაყვანილობა სახიფათოა – რატომ არ შეიძლება მილების გადაბმა 

„ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე დახურულ სივრცეში,“ – ამბობს „სოკარ ჯორჯია გაზის“ კონტრაქტორი ფირმის საპროექტო და სამშენებლოს ყოფილი უფროსი ლაშა წულუკიძე ერთ-ერთ გადაბმულ მილზე, რაც შეფუთვის გადაწევის შემდეგ გამოჩნდა.

ეს კადრი ბათუმში, წმინდა ევდემოზის ქუჩის 48-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსშია გადაღებული. ერთი შეხედვით, ამ ახალ კორპუსში საფრთხის შემცველი არაფერია:

გაზის მილები სადარბაზოში არ ჩანს და შეფუთულია, ხოლო მოსახლეობამ საფრთხის შესახებ არაფერი იცის, თუმცა ბინის შესასვლელებთან, ჭერში თუკი შესაფუთ მასალას გადაწევთ, ნახავთ, რომ მილები გადაბმულია, რაც სპეციალისტების, ასევე სემეკის შეფასებით, „ფაქტობრივად ბომბია“.

ეს კორპუსი წმინდა ევდემოზის ქუჩიდან სემეკის 2022 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებაში მოხვდა. საუბარია გადაწყვეტილებაზე, სადაც საუბარია ბათუმში არსებულ 11 ახალ საცხოვრებელ კორპუსში საფრთხისშემცველ გაზგაყვანილობაზე, რის გამოც „სოკარ ჯორჯია გაზს“ გაფრთხილება მისცეს. სემეკის გადაწყვეტილებაში წერია, რომ ეს კორპუსები შემთხვევითობის პრინციპით შეარჩიეს.

გადაწყვეტილებაში საუბარია საფრთხეზე ორი გარემოების გამო: მილები ხანძრისგან დაცული არ არის და მეორე: „მილსადენებზე არსებული გასართი შეერთებები მოწყობილია იმ ადგილებში, სადაც მოქმედი ტექნიკური რეგლამენტით არ არის დასაშვები“, – წერია სემეკის გადაწყვეტილებაში.

„ბათუმელები“ 2 ნოემბერს წერდა კონკრეტულ ახალ კორპუსზე შენობის ფასადიდან გაზის მილების შეყვანის თემაზე. გარეფასადიდან მილების შეყვანის შემთხვევა ჯერ შესწავლილი არ არის, თუმცა სემეკმა დააფიქსირა ხარვეზები სხვა კორპუსების სადარბაზოებიდან გაზის მილების შეყვანის შემთხვევაში. სემეკმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ კონკრეტული 11 მისამართის გარდა, „ანალოგიური ხარვეზებით ხორციელდება მიერთების სამუშაოები მრავალბინიან საცხოვრებელ შენობებში ქ. ბათუმში წლების (5-6 წელი) განმავლობაში“.

რა შეიცვალა გაფრთხილების მიცემის შემდეგ? – სემეკის პრესცენტრში გვიპასუხეს, რომ მონიტორინგს განაგრძობენ, „სოკარ ჯორჯია გაზში“ კი, ჩვენი კითხვა უპასუხოდ დატოვეს. ორ კონკრეტულ მისამართზე „ბათუმელებს“ მოსახლეობამ უთხრა, რომ არაფერი შეცვლილა.

მაგალითად, წმინდა ევდემოზის 48-ში რამდენიმე გაღიზიანებული მოქალაქე დაგვხვდა: „სოკარს მოუთხოვია გაზის მილები იატაკიდან უნდა გავიყვანოთ, მთლიანად კორპუსში ასე იქნებაო,“ – ჰყვებოდნენ ადამიანები, რომლებიც მშენებარე კორპუსში ბინების მოსაწყობად ემზადებიან. ამ კორპუსის მეზობელია ის კორპუსი, რომელიც სემეკის გადაწყვეტილებაში მოხვდა, სადაც უკვე ხალხი ცხოვრობს და ჩვენც საშიშად გადაბმული მილების ფოტოები გადავიღეთ.

ორივე კორპუსს კომპანია „DS გრუპს“ აუშენებია. კომპანიის ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირს, რაულ შავაძეს ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს არ დაუმალავს „სოკარის“ ახალი მოთხოვნა.

„ახლა გამოგვიგზავნეს მოთხოვნა წერილობით, რომ იატაკიდან უნდა მოხდეს გაყვანილობა. რას უკავშირდება ეს არ ვიცი, რატომ შეცვალეს, უნდა მოვილაპარაკოთ,“ – გვითხრა რაულ შავაძემ. მისი თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია დარღვევებზე, რაც სემეკმა „სოკარის“ წინააღმდეგ დააფიქსირა მის მიერ უკვე აშენებულ კორპუსში.

„წელიწად-ნახევარია აქ ვცხოვრობ, პირველ მცხოვრები მე ვარ, არ ვიცოდი, ასეთი ამბავი თუ იყო. იმედია, გაერკვევიან და ჩვენც გაგვარკვევენ“, – გვითხრა ევდემოზის 48-ში მცხოვრებმა მალხაზ ბოლქვაძემ. მას და მის მეზობლებს არ სურთ იმის დაჯერება, რომ მათ კორპუსში გაზის მილები „საფრთხის შემცველია“.

„არ ვიცით, იქნებ სხვა კორპუსია? ნამდვილად ჩვენს კორპუსში ხდება ეს?“ – კითხულობდნენ მოქალაქეები და მიგვითითეს, რომ მილები შეფუთულია და დაცული.

„ფაქტია, რომ შეფუთულია, მაგრამ არ არის დაცული. ეს მილებს ხანძრისგან ვერ დაიცავს,“ – ამბობს გაზის გაყვანილობის სპეციალისტი, ლაშა წულუკიძე, რომლის მიმართვის საფუძველზეც შეისწავლა სემეკმა ბათუმში რამდენიმე ახალი კორპუსი.

სამეკის განმარტებით, გაზის მილების მსგავსი გაყვანილობა სადარბაზოში  „საფრთხის შემცველია“

ლაშა წულუკიძე, როგორც სპეციალისტი განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო რეგულაციები შეიცვალა, სადარბაზოებში გამოყოფილი უნდა იყოს სახანძრო დერეფანი, თავად დერეფანი კი დახურული უნდა იყოს. დახურულ სივრცეში გაზის მილების გადაბმა განსაკუთრებით საშიშია, გარდა იმისა, რომ მილები შესაბამისად შეფუთული არ არის.

„არავის არაფერი შეუცვლია მას შემდეგ, რაც გაკეთდა,“ – გვითხრეს ჰაიდარ აბაშიძის 65-ში მდებარე ახალ საცხოვრებელ კორპუსში. აქაც ანალოგიურად გვკითხეს: ნამდვილად ჩვენს კორპუსში დაფიქსირდა დარღვევები?

სამეკის განმარტებით, გაზის მილების მსგავსი გაყვანილობა სადარბაზოში  „საფრთხის შემცველია“
დერეფანი ჰაიდარ აბაშიძის 65-ში მდებარე კორპუსში
გაზის მილები ჰაიდარ აბაშიძის 65-ში

აქ კომენტარი არც ამხანაგობის თავმჯდომარემ მოგვცა, თუმცა დაგვიდასტურა, რომ „სოკარიდან“ მილების შესაფუთად ან რამეს შესაცვლელად კორპუსში არავინ მისულა აგვისტოდან [ანუ სემეკის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან] ამ დრომდე.

რა შეცვალა „სოკარმა“ დაფიქსირებული დარღვევებიდან? – „ბათუმელები“ დაუკავშირდა „სოკარ ჯორჯია გაზის“ პრესცენტრს, თუმცა ამ დრომდე პასუხი ვერ მივიღეთ.

ვინ არის პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე, როცა ადამიანებს სახელმწიფო უწყება, კონკრეტულად კი სემეკი ეუბნება, რომ გაზის მილები მათ კორპუსებში „საფრთხის შემცველია“?

__

ამავე თემაზე:

„ბომბია ფაქტობრივად“ – „სოკარის“ ყოფილი მენეჯერი საფრთხეზე, რასაც ადასტურებს სემეკიც

უკრაინაში ქორწილების ბუმია – ქვეყნის იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დაახლოებით 2500 დისტანციური ქორწინება დარეგისტრირდა.

რაც შეეხება ქორწინების ზოგად სტატისტიკურ მონაცემებს – უკრაინაში 2022 წლის პირველ 9 თვეში 177 ათასი ქორწინება დარეგისტრირდა. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში მხოლოდ 166 ათასი იყო.

„ქორწილების ბუმი უკრაინაში – სიყვარული აერთიანებს უკრაინელებს, მიუხედავად სრულმასშტაბიანი ომისა“, – წერს უკრაინის იუსტიციის სამინისტრო Facebook-ზე.

როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ვალერია კოლომიეც აღნიშნავს, დისტანციური ქორწინების ინიციატივა „ეკუთვნით სამხედროებს – ეს მათთვის არის დამატებითი სტიმული, რომელიც მათ სახლებში დაბრუნებას შთააგონებს“.

„ომის პირობებში ოჯახების შექმნით უკრაინელები მსოფლიოს უმტკიცებენ, რომ ჩვენ ვართ ერი, რომელსაც ნამდვილი სიყვარული შეუძლია და იცავს მნიშვნელოვან ცხოვრებისეული ღირებულებებს“, – თვლიან იუსტიციის სამინისტროში.

უკრაინაში „ვაგნერი“ უმეტესად პატიმრებითაა დაკომპლექტებული, ისინი ფრონტზე იღუპებიან – ISW

უკრაინული მხარის ინფორმაციით, კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერმა“, უკრაინაში უკვე დაკარგა 800-დან 1000-მდე დაქირავებული მებრძოლი. მხოლოდ ბოლო 2 თვეში კი, ლიკვიდირებულია 500-ზე მეტი პატიმარი, რომლებიც რეკრუტირებული იყვნენ ქვედანაყოფ „ვაგნერში“.

რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მფლობელი ევგენი პრიგოჟინი, რომელსაც რუსეთში ბიზნესმენად და „პუტინის მზარეულად“ იცნობენ, თავის ძალებს არაეფექტურად აკომპლექტებს პატიმრებისგან, რომლებსაც უკრაინის ომში აგზავნის. ამის პარალელურად კი, ცდილობს თავისი გავლენები გააფართოოს რუსეთის რეგიონებში.

ამ ყველაფრის შესახებ აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშშია მითითებული, რომლის ექსპერტებიც უკრაინის ომს ადევნებენ თვალს და ყოველდღიურ მიგნებებს აქვეყნებენ.

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსების ინფორმაციით, პრიგოჟინმა უარი თქვა კომენტარზე, როდესაც ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, კრასნოიარსკის ტერიტორიაზე არსებული კოლონიებიდან პატიმრების რეკრუტირებზე. თუმცა, მან ადრე რუსულ მედიასთან ღიად ისაუბრა ომში პატიმრების მონაწილეობაზე.

ის, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში უკრაინაში მოკლეს 500-ზე მეტი პატიმარი, რომლებიც რეკრუტირებული იყვნენ სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერში“, ISW-ის თანახმად, იმაზე ეს მიუთითებს, რომ ამ სამხედრო დანაყოფის მნიშვნელოვან ნაწილს უკრაინაში მსჯავრდებულები შეადგენენ.

„უკრაინის დაზვერვის ოფიცრებმა აქამდე ასევე განაცხადეს, რომ ბევრმა პატიმარმა, რომლებიც სხვადასხვა ინფექციური დაავადებით იტანჯებოდნენ, დაასნებოვნეს „ვაგნერის“ შემადგენლობის სხვა მებრძოლები. ამის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ კი პრიგოჟინმა თქვა, რომ ის არ ეწევა დისკრიმინაციას ავადმყოფობის ნიშნით“, – აღნიშნავენ ISW-ს ანალიტიკოსები „პუტინის მზარეულის“ კომენტარს.

82 წლის კაცი გონიოდან: ომსგამოქცეულ ოჯახს 300-ლარიანი დახმარება დაუნიშნეთ

ლადო მჟავანაძე 82 წლის შშმ პირი და ონკოპაციენტია, მისი ერთადერთი საარსებო წყარო 300-ლარიანი პენსიაა. კაცი აქამდე მარტო ცხოვრობდა და პენსია ძლივს ჰყოფნიდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ლადოსთან შვილი, რძალი და ერთი შვილიშვილი ჩამოვიდნენ – ისინი ოდესაში ცხოვრობდნენ და ბომბმა საცხოვრებელი გაანადგურა.

ლადოს პენსია ახლა უნდა ეყოს მოხუცის მედიკამენტებს, მთელი ოჯახის საკვებს თვიდან თვემდე და კომუნალურ გადასახადებს.

ექიმმა კაცს ახლახან 1952 ლარის ღირებულების წამლები გამოუწერა. ლადო ამბობს, რომ ამ წამლების ყიდვას ვერ შეძლებს პენსიით.

1978 წლიდან მეორე ჯგუფის შშმ პირის სტატუსი აქვს. რამდენიმე წლის წინ სიმსივნური ცხიმგროვა გაუჩნდა ზურგზე. ამოჭრეს. ტკივილები თავს ახლაც ახსენებს. მას მერე მკურნალობს საავადმყოფოებში.

ლადო მჟავანაძის წამლების თარო

„როცა ჯანმრთელი ვიყავი, ქვას წვენს ვადენდი, ახლა კვერცხი ვეღარ გამიტეხია. ყველაფრის წამალი რომ ვიყიდო, საჭმლის ფული აღარ გვრჩება. რაც გამომიწერეს იმ წამლებს თუ დავლევ, ხელება, მუხლების კანკალი აღარ მექნება, აღარც თავბრუსხვევები, მაგრამ კვება აღარ გჭირდება ადამიანს და წამლები უნდა იყიდო, ასე გამოდის“, – ამბობს 82 წლის პენსიონერი.

ლადოს შვილი, რომან მჟავანაძე უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ წამოვიდა საქართველოში მეუღლესთან, ნატალია კუჩერინკოსა და 14 წლის შვილთან ერთად. მათი მეორე, 25 წლის შვილი კი უკრაინაშია და სარეზერვო ძალებში ირიცხება.

ლადო მჟავანაძე ოჯახის წევრებთან ერთად

რომანს და ნატალიას სახლს ოდესაში ბომბი დაეცა მაშინ, როცა ოდესის პორტს აფეთქებდნენ, ჩამოინგრა მათი ცხრასართულიანი კორპუსის ნახევარი, დაინგრა მათი ბინაც და რომანმა გადაწყვიტა ოჯახი გონიოში, მამასთან ჩამოეყვანა. უკრაინაში რომანს ხილ-ბოსტნეულის საწყობები ჰქონდა, ნატალია მაღაზიაში მუშაობდა. ოჯახს არ უჭირდა და ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ უკრაინას ომის გამო დატოვებდნენ.

„ვეძებ სამსახურს საქართველოში და აქამდე ვერაფერი ვიპოვე. შემიძლია სილამაზის სალონში მუშაობა, როგორც ქალების, ასევე კაცების გაკრეჭა, შემიძლია ასევე ვიმუშავო მაღაზიაშიც, მოლარედ, კონსულტანტად, გამყიდველად. უკრაინაშიც ამ საქმეს ვაკეთებდი.

თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობთ. ჩამოვედით მოხუც ბაბუასთან და შემოსავალი არაფერი გვაქვს, ჩამოვიტანეთ 3 ათას ლარამდე უკრაინიდან, რაც უკვე დაგვეხარჯა. ახლა ბაბუას წამლის ფულს ვხარჯავთ. საქართველოს მთავრობამ ყოველთვიური 300-ლარიანი დახმარება გამოუყო უკრაინელ ლტოლვილებს, მაგრამ ჩვენ ამ სიაში ვერ მოვხვდით, არ ვიცი რატომ“, – ამბობს ნატალია კუჩერინკო.

ნატალიას მეუღლე, რომან მჟავანაძე ვერ მუშაობს. ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ხერხემლის მძიმე ოპერაცია გაიკეთა და მკვეთრი მოძრაობა, ოდნავი სიმძიმის აწევაც კი მისთვის არ შეიძლება. შესაბამისად, ამის გამო არ შეეხო შეზღუდვა, რაც 65 წლამდე უკრაინელ კაცებს ქვეყნის დატოვებას უკრძალავს.

საქართველოს მთავრობის ბრძანებით, 2022 წლის აგვისტოდან უკრაინელ ლტოლვილთა ოჯახებს დაენიშნათ 300-ლარიანი, ყოველთვიური ფულადი დახმარება, თუმცა ლადო მჟავანაძის უკრაინელი ოჯახის წევრების, ნატალია კუჩერინკო და რომან მჟავანაძის მსგავსად ომს გამოქცეული არაერთი ლტოლვილი დარჩა ამ დახმარების გარეშე.

ლადო მჟავანაძე

მთავრობამ ყოველთვიური, 300-ლარიანი დახმარება მხოლოდ იმ უკრაინელ ლტოლვილებს დაუნიშნა, ვინც მთავრობის მიერ გამოყოფილ სასტუმროებში უსასყიდლოდ იყო განთავსებული 2022 წლის პირველ აგვისტომდე.

„ჩვენმა 14 წლის გოგომ ბათუმის მეცამეტე სკოლაში დაიწყო სწავლა, უკრაინულ სექტორზე. გონიოდან ბათუმამდე ავტობუსით რომ წავიდეს 45 წუთი, 1 საათია საჭირო – ორი ტრანსპორტი უნდა გამოიცვალოს. უკრაინიდან ერთადერთი მანქანა ჩამოგვყვა. ყოველდღე ამ მანქანით ვატარებ სკოლაში, დღეში დაახლოებით, 5, 6 ლარის ბენზინია საჭირო, სკოლის წიგნების ამობეჭდვაა აუცილებელი, ბევრი ხარჯი გვაქვს. არ ვიცი, რატომ არ ჩაგვთვალეს 300-ლარიანი დახმარების მიღების ღირსად“, – ამბობს რომან მჟავანაძე.

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის ანგარიშის მიხედვით, უკრაინელი ლტოლვილებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების ბიუჯეტი 1 336,5 ათას ლარია, ხოლო ფაქტობრივი დაფინანსება 879,1 ათასი ლარი.

ესპანეთის პოლიციამ რეკორდული – 64 მილიონი ევროს ღირებულების მარიხუანა ამოიღო

ესპანეთის პოლიცია აცხადებს, რომ ამოიღეს 32 ტონა დაფასოებული მარიხუანა, რომლის მთლიანი ღირებულება სულ მცირე 64 მილიონი ევროა (63,74 მილიონი აშშ დოლარი). ესპანეთის პოლიციის თქმით, ეს ყველაზე დიდი რაოდენობაა, როგორც ესპანეთში და ისე საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, რაც კი აქამდე ამოუღიათ.

ინფორმაციას ოპერაციის დეტალების შესახებ როიტერსი ავრცელებს.

სპეცოპერაცია სახელწოდებით „გარდენს“ ერთდროულად ჩატარდა ესპანეთის ტერიტორიაზე. პოლიციამ რეიდი ჩაატარა ფერმებსა და საწარმოო ქარხნებში მთელი ქვეყნის მასშტაბით. შედეგად კი დააკავეს ცხრა კაცი და 11 ქალი, რომელთა ასაკი 20-დან 59 წლამდეა.

„სამოქალაქო გვარდიამ მიაგნო და ამოიღო დაფასოებული მარიხუანას ყველაზე დიდ მარაგს, რომელიც კი აქამდე ოდესმე უპოვიათ,“ – ნათქვამია ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის განცხადებაში.

ესპანეთის პოლიციის განცხადებით, დაკავებულებმა ჯერ გააშრეს მარიხუანა, შემდეგ კი დააფასოვეს და შეფუთეს. საბოლოოდ კი გააგზავნეს ესპანეთის, შვეიცარიის, ჰოლანდიის, გერმანიისა და ბელგიის სხვადასხვა რეგიონში.

ბანდის წევრები დააკავეს ტოლედოში, სიუდად რეალში, ვალენსიასა და ასტურიაში ოქტომბერში. თუმცა სპეცოპერაციის დეტალები მხოლოდ 5 ნოემბერს გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის.

მიშენება ბათუმის მერიის ნებართვით, რამაც კორპუსი ავარიულად აქცია – რას ჰყვებიან ჯავახიშვილის 78-ში

ჯავახიშვილის ქუჩაზე, №78 კორპუსის ბოლო სადარბაზოს ყველა სახლს წინ მიშენება აქვს გაკეთებული. ამ სადარბაზოს მცხოვრებლები ამბობენ, რომ 11 მეტრიანი მიშენება მათ მერიის ნებართვით გააკეთეს 2016 წელს. ჰქონდათ პროექტიც, რომლის მიხედვითაც დაიწყო მშენებლობა. კორპუსის მცხოვრებლები ჰყვებიან, რომ მშენებლობის დაწყებისას ბევრი ხარვეზი შენიშნეს და მერიას მიმართეს გადაემოწმებინა მშენებლობის შესაბამისობა პროექტთან.

2022 წელს კი, დაუბალანსებელ მიშენებიდან მხოლოდ 6 წლის შემდეგ, ეს მიშენება სრულიად გამოუსადეგარია და საშიში. მცხოვრებლები გასახლების ან კორპუსის გამაგრების პასუხისმგებლობას მერიას აკისრებენ – „თუ გადაცდომით მივაშენეთ, ეს მერიას უნდა მიეთითებინაო“.

რამდენიმედღიანი ლოდინის შემდეგაც, „ბათუმელებს“ მერიისგან პასუხი არ აქვს, გაცემულია თუ არა ჯავახიშვილის ქუჩაზე, №78-ში მიშენების ნებართვა და თუ გაცემულია, რის საფუძველზე. ბათუმის მერიის პრესსამსახურის ცნობით, იყო თუ არა მიშენებაზე ნებართვა გაცემული ვერ გვეტყვიან, რადგან საქმე ეხება 2016 წლის ნებართვას და ამ პერიოდის დოკუმენტები არქივშია გადატანილი.

მერიაᲨი იპოვეს მხოლოდ ის დოკუმენტი, რომლის თანახმადაც კორპუსზე გაიცა რეკონსტრუქციის უფლება.

კორპუსი უკვე ოფიციალურად არის შეტანილი მერიის მიერ გამოქვეყნებულ ავარიული სახლების სიაში. შესაბამისად, ამ კორპუსის ბინადრებსაც ბათუმის ბიუჯეტიდან გაუმაგრებენ ბინებს ან ახალს აუშენებენ. თუმცა, უცნობია, ეს როდის მოხდება.

 

კორპუსს ერთი შეხედვითაც ეტყობა, რომ დაბრეცილი და მარჯვნივ გადახრილი, დაწეულია სართულები. ავარიული კორპუსის ყველა მცხოვრების სახლში სახურავი 10 – 15 სანტიმეტრითაა დაწეული – კორპუსის ძველი ნაწილისა და მიშენებული ნაწილის გადაბმის ადგილებში. კორპუსის მიშენებული ნაწილი მყარი არ არის და ნელ-ნელა დაბლა იწევს. კედლები უკვე იმდენადაა დაბზარულია, რომ სახლის მიშენებულ ნაწილში აღარ შედიან.

აქ მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქეების თქმით, მშენებლობის საძირკველი თავიდანვე არასაკმარისად ღრმა იყო და მიშენების სხვა ეტაპებიც ხარვეზებით გაგრძელდა.

„თერთმეტმეტრიან მიშენებას სამი ბოძი გაუკეთეს მხოლოდ, ორმეტრიანიც კი არ იყო საძირკველი, რაც გათხარეს და ამანაც ძალიან დამაეჭვა. ბალასტიც კი არ ჩაუყრიათ, აქ ნაჭაობარი ტერიტორიაა და არ შეიძლებოდა პირდაპირ აშენება ბალასტის გარეშე, ეს მშენებელი ამბობდა ეს თანამედროვე მშენებლობააო.

ჩემი ტელეფონიდან ვრეკავდი მერიის სამსახურების ცხელ ხაზებზე, ავარიულად აშენებენ და მობრძანდით, შეამოწმეთ-მეთქი. მოვიდოდნენ, გადაამოწმებდნენ, დააჯარიმებდნენ ამ კაცს, მშენებელ ჯაბა ბერიძეს, მერე ისევ გააგრძელებდა მუშაობას.

ბოლოს, როცა მშენებლობა დასრულდა, მერიამ დაიწყო ჩვენი დაჯარიმება – არასწორადაა აშენებულიო“, – ჰყვება ავარიული კორპუსის მცხოვრები მაია თაკვარელია.

მისი აზრით, მიშენების ხარისხის კონტროლი მერიის ვალდებულებაა, რადგან ნებართვა თავად გასცა.

ბათუმის მერია, სავარაუდოდ, ამგვარი ან კიდევ სხვა ტიპის დარღვევებისთვის უგზავნიდა კორპუსის მცხოვრებლებს დაჯარიმების ოქმებს. „ბათუმელების“ მერიის პრესსამსახურისგან ვერ მიიღო ამ კორპუსთან დაკავშირებული დეტალების შესახებ ინფორმაცია. კორპუსის მცხოვრებლები კი ამბობენ, რომ მერიის მიერ გამოწერილ ჯარიმებს აპროტესტებენ.

ავარიული სახლი

„ჩვენც ვიცით, რომ დარღვევებით და უხარისხოდ აშენებდა მშენებელი და ვურეკავდით მერიას, რომ შეემოწმებინა მშენებლობის დასრულებამდე, მაგრამ რეაგირება არ ჰქონიათ, ახლა კი გვიანია“, – ამბობს კორპუსის მცხოვრები მაია თაკვარელია.

პროცესით დაზარალდა თეონა ჯაყელი, 30 წლის ორშვილიანი ქალი, რომელმაც მიშენებული და გარემონტებული ბინა იყიდა 30 ათას დოლარად, ბანკის იპოთეკური სესხით. ბინა ოჯახმა ერთი წლის წინ იყიდა, ახალგარემონტებულ კედლებზე ყიდვიდან ხუთ თვეში გამოჩნდა ბზარები, რაც თეონა ჯაყელის თქმით აშკარაა, რომ იქამდეც იყო, ოღონდ კარგად იყო შეფუთული.

„ბავშვების და ჩემი საძინებელი ცალ-ცალკეა, ორივე საძინებელი მიშენების ნაწილში მქონდა. ახლა აქ ვეღარ ვიძინებთ. ვნანობ ასეთი სახლი რომ ვიყიდე, დიდი შეცდომა დავუშვი“, – ამბობს თეონა.

ეს ლუკა მახარაძის სახლია. რემონტი მან რამდენიმე თვის წინ გააკეთა. გაშპალერებული კედელი ისევ გაიხსნა.

ლუკა მახარაძის ბინის კედელი

„სახლის მიშენებული ნაწილი ყოველდღიურად დაბლა იწევს. არ ვიცით, როდის ჩავცვივდებით“, – ამბობს ლუკა მახარაძე.

კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე, ნაზი ბეჟანიძე გვეუბნება, რომ საგანგაშო ბზარები კედლებზე მიშენებიდან მალევე, 2017 წლიდან დაიწყო.

„თავიდან პატარა ბზარებით დაიწყო. გვეგონა, რომ, უბრალოდ, მიშენებული ნაწილი ჯდებოდა და უმნიშვნელო ბზარები იყო, მერე კი გაღრმავდა და მივხვდით, არ იყო ჩვეულებრივი მდგომარეობა. სამხარაულის ექსპერტიზასაც მივმართეთ“, – ამბობს ნაზი ბეჟანიძე და ექსპერტიზის 2019 წლით დათარიღებულ დასკვნას გვიჩვენებს.

ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ სახლი ავარიულ მდგომარეობაშია და მიშენებული ნაწილების დეფორმირების პროცესი პროგრესირებს. შესაბამისად, ის საფრთხეს უქმნის მობინადრეთა სიცოცხლეს.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მობინადრეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეზღუდონ მიშენებული ნაწილით სარგებლობა:

„აუცილებელია მიშენებული ნაწილის და საძირკვლების პირობებისა და მზიდი კონსტრუქციების გამოკვლევა, რისთვისაც საჭიროა წარმოდგენილი იქნას მიშენებების კონსტრუქციული პროექტი და საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგები.

ჯავახიშვილის № 78-ში მცხოვრებლები

გამაგრების შესაძლებლობის შემთხვევაში საჭიროა დროულად განხორციელდეს შესაბამისი სამუშაოები, სათანადოდ დამუშავებული პროექტის მიხედვით. ხოლო გამაგრებითი ღონისძიებების გატარების გაუმართლებლობის შემთხვევაში აუცილებელია განხორციელდეს მათი დემონტაჟი კვლევების ჩატარებამდე, უსაფრთხოების მიზნით ასევე აუცილებელია ეზოში მიშენებული ნაწილების მიმდებარე ზონები შემოიღობოს უსაფრთხოების წესების დაცვით“, – წერია ექსპერტიზის დასკვნაში.

რატომ მოხსნეს თამარ მაყაშვილი სპექტაკლებიდან – ინტერვიუ

13 ნოემბერს ბათუმის დრამატულ თეატრში ბერტოლტ ბრეხტის პიესის, „დედა კურაჟის“ საპრემიერო ჩვენებაა დაგეგმილი. წელს 144-ე თეატრალური სეზონი ბათუმში ამ სპექტაკლით გაიხსნა. მასში ერთ-ერთ მთავარ როლს მსახიობი თამარ მაყაშვილი ასრულებდა, თუმცა 13 ნოემბერს ის აღარ ითამაშებს, რადგან თეატრის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით მოიხსნა „მიმდინარე რეპერტუარიდან“.

ამის მიზეზი გახდა მსახიობის მიერ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 31 ოქტომბერს გასულ გადაცემაში ნათქვამი ფრაზები. „არასდროს ვაცმევდი ამ რაღაც სულელურ კაბებს, იმ დღეს გავიხედე და კატოს არ აცვია ხულელი ბავშვივით რაღაცა საშინელი ბეშუმური კაბა? ცისარტყელა, ბეშუმური“, – თქვა თამარ მაყაშვილმა ოჯახის წევრებზე საუბრისას.

მოგვიანებით თამარ მაყაშვილმა სამჯერ მოიხადა ბოდიში ამ ნათქვამის გამო. მიუხედავად ამისა, მისი ბოდიში არ გაითვალისწინეს.

რამდენად მართლზომიერი იყო მსახიობის მიმართ თეატრის ადმინისტრაციის მხრიდან გატარებული ზომები, რამდენად ქმნის ეს გადაწყვეტილება საფრთხე სხვა მსახიობებისთვის? – ჰკითხა  „ბათუმელებმა“ ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, კინომცოდნე თეო ხატიაშვილს.

  • ქალბატონო თეო, თქვენი აზრით, რამდენად შესაბამისი ზომა იყო ბათუმის დრამატული თეატრის მხრიდან თამარ მაყაშვილის მოხსნა რეპერტუარიდან გადაცემაში მისი გამონათქვამისთვის?

ნამდვილად გადაჭარბებულია. არა იმიტომ, რომ არ უთქვამს არაფერი შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციის შემცველი, არამედ თუნდაც იმიტომ, რომ ამ ადამიანმა შემდგომ ბოდიში მოიხადა. ჩვენ ვისმენთ [მსგავს გამონათქვამებს] მათ შორის ხელოვანებისგან, მათ შორის უფრო დიდი რეჟისორებისგან და სახელოვანი ადამიანებისგან, რომელთა მიმართაც მაყურებლის მოწიწება და შესაბამისად, გავლენაც არის გაცილებით დიდი, მაგრამ არასდროს არ ვთხოვთ მათ პასუხს.

არასდროს რობერტ სტურუას პასუხი არ უგია თავისი არაერთხელ გამოთქმული ქსენოფობიური აზრების გამო.

არასდროს პასუხი არ უგია არცერთ პარლამენტარს, ხელისუფლების წარმომადგენელს, რომელიც თავის საჯარო გამოსვლებში სხვადასხვა ჯგუფის მიმართ იჩენს სიძულვილის ენას.

რას ვხედავთ ამ შემთხვევაში? ჩვეულებრივი პრაქტიკაა, როდესაც სუსტ, დაბალ რგოლზე გადატყდება ხოლმე თითქოს პასუხისმგებლობა. აი, ამ შემთხვევაში თითქოს ასეთი დიდსულოვანი და „კეთილშობილური“ დამოკიდებულება გამოიჩინა [საზოგადოებისადმი] ბათუმის თეატრის ხელმძღვანელობამ.

ძალიან კარგი პოსტი ეწერა დათა თავაძეს, სამეფო უბნის თეატრის რეჟისორს, რომელიც საუბრობდა იმაზე, რომ დღემდე თეატრალური სივრცე სავსეა სტერეოტიპული, ქსენოფობიურ ხუმრობებზე აგებული რეპერტუარით. მაგალითად, სომეხი პერსონაჟის დამახინჯებული ქართული ქართული შეიძლება გახდეს [სპექტაკლის] ძირითადი კომიკური ელემენტი, მაშინ როდესაც ამ თითქოს უწყინარ ხუმრობაში ღრმა არმენოფობია გამოსჭვივის.

მეორე მხრიდან რომ შევხედოთ და ვთქვათ, რომ ეს არის მართლაც დემოკრატიული, ტოლერანტული საზოგადოების რეაქცია, რომელსაც მიუღებლობა აქვს ნებისმიერი ქსენოფობიური გამოვლენისადმი, ამ შემთხვევაშიც კი ვფიქრობ ცოტა სასტიკად მოექცა ბათუმის თეატრის დირექცია ამ მსახიობს, იმიტომ, რომ მსახიობმა თავისი გამონათქვამის გამო მოიბოდიშა.

თუმცა, მე მგონია, რომ შეიძლება პრეცედენტის სახით კარგიც იყოს, რომ დანარჩენი მსახიობები, მხატვრები, მუსიკოსები, ასე შემდეგ დაფიქრდნენ უფრო მეტად, როდესაც მსგავს უკბილო ხუმრობებს ტელევიზიით მოგვიყვებიან.

თეო ხატიაშვილი
  • გახსენდებათ მსგავსი შემთხვევა, როცა საქართველოში სატელევიზიო გადაცემაში ასეთი გამონათქვამისთვის სპექტაკლებიდან მოუხსნიათ მსახიობი? თქვენი აზრით, რა მოხდა ამჯერად?

არ მახსენდება. ყოფილა შემთხვევა, როდესაც არაკორექტული გამონათქვამის გამო ატეხილა ამბავი საზოგადოებაში და ამის გამო მერე მოუხდიათ ბოდიში.

აქ მნიშვნელოვანია კიდევ ერთი მომენტი და ეს ბევრმა აღნიშნა, როდესაც ამ თემაზე კომენტარებს წერდნენ. როდესაც სატელევიზიო გადაცემაში ამბობს მსგავს შეურაცხმყოფელ გამონათქვამს ადამიანი, [გადაცემის] წამყვანი და პროდიუსერი ვალდებულია იქვე, ეთერში მიუთითოს მას ამის შესახებ. როგორც ვიცი, მაყაშვილის ამ ხუმრობას აჰყვა მთელი სტუდია.

გასაგებია, თეატრის ხელმძღვანელობას ვერ მოვთხოვთ „იმედის“ დანარჩენ წამყვანებს პასუხი მოსთხოვოს. იმას, რომ ზოგადად საზოგადოების [დამოკიდებულებაა] პრობლემაა, ამას კიდევ ერთხელ აჩვენებს ეს კონკრეტული შემთხვევა, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის პრობლემა, არამედ ეს არის ნორმა. აი, ასეთი დამოკიდებულებაა შენს ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური, რელიგიური, სოციალური ჯგუფებისადმი.

რამდენჯერ მოგვისმენია სოფლელებზე ხუმრობა და გაგვიტარებია ჩვეულებრივად? ეს არის ჩვეულებრივი კულტურული ფაშიზმის ქვეყანა.

ერთი თამარ მაყაშვილი დასაჯეს და თანაც ვინ დასაჯა? მან, ვინც ასევე ძალიან ხშირად შემჩნეულია დისკრიმინაციულ დამოკიდებულებაში სხვა ჯგუფების მიმართ.

  • თამარ მაყაშვილმა თავისი გამონათქვამისთვის ბოდიში მოიხადა, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. თქვენი დაკვირვებით, როგორ არჩევენ იმ ადამიანებს, ვის აპატიონ ყველაფერი და ვინ ბოდიშის მოხდის შემდეგაც კი დასაჯონ?

სამწუხაროდ ამ ჩვენს პოლიტიზებულ ქვეყანაში ყველაფერი ისევ დადის პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე. [მაყაშვილის შემთხვევაში] ეს არის გარკვეულწილად სადამსჯელო ოპერაციაც.

როდესაც გახმაურდა მაყაშვილის თეატრიდან განთავისუფლება, მაშინვე ძალიან ბევრს გაუჩნდა ეჭვი, რომ ეს იყო ერთგვარი შურისძიება რობერტ სტურუას და ხელისუფლების რჩეულებში მყოფი ზანგურისადმი, რომელსაც ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებდა თამარ მაყაშვილის ოჯახი.

მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ ეს იყო ერთგვარი სასჯელი, იმიტომ, რომ ვიღაცამ გაბედა და ასეთი ფავორიტი რეჟისორის ფავორიტ მსახიობს სასამართლოში უჩივლა.

  • ერთი შეხედვით იქმნება შთაბეჭდილება, რომ თეატრმა შეასრულა საზოგადოების იმ ნაწილის დაკვეთა, რომელიც აღშფოთდა, გაბრაზდა მსახიობის ამ განცხადებით. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს ასეა?

არ მჯერა, რომ ამას აკეთებს მართლა შეგნებით და თავისი განწყობების შესაბამისად ქანთარია, იმიტომ, რომ თვითონ უთქვამს ძალიან ბევრი რამ დისკრიმინაციული, შეურაცხმყოფელი…

ადამიანი ასეთი მორალის პოზიციებიდან ძალიან არადამაჯერებელია.

  • რა საფრთხეს შეიძლება ეს შეიცავდეს, როდესაც ასე ექცევა თეატრი მსახიობს? 

მაინც იმედს დავიტოვებ, რომ ეს ერთი კონკრეტული შემთხვევაა.. თუმცა იმას, რაც ხდება კულტურის სფეროში ბოლო წლებში, თამამად შეგვიძლია დავარქვათ რეპრესიები.

განსაკუთრებით გამორჩეულია მუზეუმი, საიდანაც არასასურველ, ხელისუფლებისადმი არაერთგულ კადრებს იშორებენ. თუმცა ადამიანები სრულიად ნეიტრალური განწყობებითაც ერთი ხელის მოსმით გაუშვეს.

სრული განუკითხაობაა. შესაძლებელი გახდა ყოველგვარი კანონის დაცვის, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე ერთ მშვენიერ დღეს თანამშრომელი მივიდეს სამსახურში და კარი დაკეტილი დახვდეს. ეს არის ერთიანი პროცესის ნაწილი. ვის რა მიზეზს მოუძებნიან, ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს.

ვართ პოტენციური საფრთხის წინაშე, რომ ერთ დღეს ჩვენი რაღაც არ მოეწონებათ. არა იმიტომ, რომ არ ვასრულებთ საქმეს ისე, როგორც საჭიროა, არამედ ხელისუფლების განწყობის მიხედვით, შეიძლება უსამსახუროდ აღმოვჩნდეთ.

უკვე ტენდენციად იქცა დამოკიდებულება – მე ვარ ხელისუფლების ბანდა და მე კანონს, როგორც მინდა ისე შემოვატრიალებ ჩემს სასარგებლოდ. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ არ მინდა ვინმე თანამშრომელი იყოს ჩემთან, მას გავუშვებ. თეატრი იქნება, მუზეუმი თუ სხვადასხვა სფერო, სამწუხაროდ ეს უკვე იქცა მიღებულ პრაქტიკად და ცხადია, საშიშია.

რა უნდა ვიცოდეთ მეძუძური დედის კვების რაციონზე – პედიატრის რჩევები

დედის რძე ცოცხალი ბიოლოგიური ნივთიერებაა, რომელიც მუდმივად იცვლება ბავშვის მოთხოვნილების შესაბამისად, ამიტომ თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ეს ნიშნავს, რომ მას ამ გზით იმ მიკროელემენტებს აძლევთ, რომლებიც ყველაზე ეფექტურად ეხმარება მის ზრდას. რამდენად სწორია მოსაზრება, რომ მეძუძური დედა მკაცრ დიეტაზე უნდა იყოს? – „ხოზრევანიძის კლინიკის“ პედიატრი ნარგიზ სურმანიძე ამბობს, რომ ეს არ არის სწორი. მისი თქმით, მთავარია, დედის კვება იყოს ბალანსირებული და გამორიცხავდეს არაჯანსაღ ან/და ალერგიულ პროდუქტებს.

  • ქალბატონო ნარგიზ, როგორი უნდა იყოს მეძუძური დედის კვების რაციონი?

არსებობს მოსაზრება, რომ მეძუძური დედა უნდა იყოს მკაცრ დიეტაზე, ეს არ არის სწორი – მთავარია, რომ კვება იყოს აუცილებლად ბალანსირებული, რაც ნიშნავს იმას, რომ რაციონი უნდა შეიცავდეს, როგორც ცილებს ისე ნახშირწყლებს.  თუმცა მნიშვნელოვანია მეძუძური დედა მოერიდოს ისეთ საკვებს, რომელიც ხელს უწყობს აირების წარმოქმნას. ასეთია, მაგალითად, სწრაფი კვების პროდუქტები (მათ შორის შაურმა), ასევე  კონსერვები, შებოლილი საკვები, ჭარბ ცხიმში შემწვარი პროდუქტი, ენერგეტიკული სასმელი, ყავის დიდი რაოდენობით მიღებაც იწვევს გაზების დაგროვებას და ცხადია, ბავშვის აღგზნებას. 

დედის რძე შეიცავს განუმეორებელ მიკროელემენტებს, რომლებიც აუცილებელია ბავშვის განვითარებისთვის, ეს არის ბუნებრივი კვება და ყველაზე ადაპტირებული ახალშობილისთვის, ანუ ის ცილა, ცხიმები, მიკროელემენტები, რასაც შეიცავს დედის რძე, არის უპირველესი პირობა ბავშვის განვითარებისთვის, ხელოვნური საკვები არის მასთან მიახლოებული საკვები. 

  • შეიძლება თუ არა კოფეინის შემცველი ისეთი სითხეების მიღება მეძუძური დედისთვის, როგორიცაა ყავა და ჩაი?

კოფეინის შემცველი სითხეები სასურველია, რომ ახალშობილობის პერიოდში დედამ არ მიიღოს, იმიტომ რომ კოფეინი გარკვეულ გავლენას მაინც ახდენს ორგანიზმის ზოგიერთ ფუნქციაზე, ძირითადად ნერვულ სისტემაზე, აღიზიანებს ლორწოვანას და ა.შ. 

სადღაც უკვე 6 თვიდან, მცირედი დოზებით, შეუძლია დედას მიირთვას ჩაი, მაგალითად დღეში ერთხელ ყავა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი არის ჯანმრთელი და მისი მომნელებელი სისტემა, ანუ კუჭ-ნაწლავი მუშაობს ნორმის ფარგლებში.

  • როგორ შეიძლება მივხვდეთ, რომ ყავის, ჩაის მიღება აისახა ბავშვის მდგომარეობაზე?

მეძუძური დედის მიერ მიღებული ჭარბი კოფეინი შეიძლება ნეგატიურად აისახოს ბავშვის ძილზე და გამოვლინდეს  ძილის დარღვევით, ბავშვის აღგზნებით, შეინიშნება შფოთვა.

  • ლუდის მიღება დასაშვებია?

სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს ამასთან დაკავშირებით, თუმცა რახან ლუდი ალკოჰოლის შემცველი სითხეა, ძირითადად ითვლება, რომ არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს.

MayoClinic: დედის რძეში არ არსებობს ალკოჰოლის ისეთი დონე, რომელიც ბავშვისთვის უსაფრთხოდ ითვლება. ამიტომ თუ დალევთ, მოერიდეთ ძუძუთი კვებას, სანამ ალკოჰოლიდან მთლიანად არ გაიწმინდება თქვენი რძე. ამას, როგორც წესი, სჭირდება ორიდან სამ საათამდე 355 მილილიტრი – 5%-იანი ლუდისთვის, 148 მილილიტრი 11% ღვინისთვის ან 44 მილილიტრი – 40%-იანი ლიქიორის მიღების შემთხვევაში. ასევე, გასათვალისწინებელია თქვენი სხეულის წონა. შეგიძლიათ ალკოჰოლს დალევამდე გაამზადოთ გამოტუმბული რძე, რათა მოგვიანებით მისცეთ ბავშვს.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი CDC: მეძუძური დედებისთვის ალკოჰოლის არ დალევა ყველაზე უსაფრთხო ვარიანტია. ზოგადად, მეძუძური დედის მიერ ალკოჰოლის ზომიერი მოხმარება (1 სტანდარტული სასმელი დღეში) არ არის ცნობილი, რომ საზიანოა ჩვილისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დედა ერთჯერადი სასმლის შემდეგ მაინც იცდის 2 საათს ძუძუთი კვებამდე. თუმცა, ნორმაზე მაღალი დოზით მიღებული ალკოჰოლის ზემოქმედებამ, დედის რძიდან შეიძლება ზიანი მიაყენოს ჩვილის განვითარებას, ზრდას და ძილის რეჟიმს. 

  • ხილზე რა შეზღუდვები არსებობს?

დედა უნდა მოერიდოს ისეთი ხილის მიღებას, რომელიც ძნელად მოსანელებელია (მაგალითად ხურმა, კარალიოკი) და ხშირ შემთხვევაში არის ალერგენი [ზღვის პროდუქტები, შესაძლოა – თხილეული და ძროხის რძე]. მან ძირითადად უნდა მიირთვას სეზონური ხილი და ბოსტნეული, რაშიც ნაკლებია ნიტრატები და სხვა ქიმიკატები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ბავშვის ორგანიზმზე. ყველაფერი ნატურალური არის კარგი.

  • შეიძლება დედის მიერ მიღებული ალერგიული საკვები ბავშვში ალერგიული რეაქციით გამოვლინდეს?

ნამდვილად. ის, რაც დედისთვის ალერგენს წარმოადგენს, შეიძლება ბავშვისთვისაც იყოს ალერგიული. მაგალითად არასეზონური მარწყვი ხშირ შემთხვევაში იწვევს ალერგიას, ასევე არასეზონურად მიღებული პომიდვრის და ტომატის შემცველი პროდუქტები. ალერგიული გამოვლინება შეიძლება იყოს ნაწლავთა მოქმედების დარღვევით, კანზე გამონაყარით, ჰიპერემიით, ღებინებითა და ა.შ.

ამ ყველაფერთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სტრესი და გადაღლილობა ძალიან უარყოფითად მოქმედებს ლაქტაციაზე, ამიტომ მეძუძური დედა და მის ირგვლივ მყოფი ადამიანები უნდა ცდილობდნენ, რომ მეძუძური დედა ისეთ გარემოში იმყოფებოდეს, სადაც სიმშვიდე და ნაკლები სტრესია.

ამავე თემაზე: 

ჯანმო ჩვილების ხელოვნური საკვების მარკეტინგის შოკისმომგვრელ მასშტაბებს ამხელს

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 ნოემბრის 21 საათიდან 7 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალეადი მოღრუბლულობა უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 6 – 11 გრადუსი
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო

ზღვაზე ტალღის სიმაღლე 5-10დმ [2-3 ბალი]. ზღვის წყლის ტემპერატურა +18 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმსა და მთელ აჭარაში 8 ნოემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი; მომდევო 2 დღეს კი, 9 და 10 ნოემბერს – წვიმა.

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 6 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 6 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 75 930 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +490]
  • ტანკი – 2 765 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 5 611 ერთეული [+10]
  • საარტილერიო სისტემა – 1 781 ერთეული [+5]
  • MLRS – 391 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 202 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 277 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 260 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 465 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 399 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 191 ერთეული [+7]
  • სპეცტექნიკა – 155 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 6 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 331 თვითმფრინავი
  • 169 ვერტმფრენი
  • 2 452 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 386 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 6 398 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 883 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 560 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 086 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

აშშ-ის უდიდესი ატომური წყალქვეშა ნავი ხმელთაშუა ზღვაში შევიდა

1 ლარად გასხვისებული იახტკლუბის მოწყობა ისევ გადაიდო – რა თანხას კარგავს ბიუჯეტი

ბათუმის იახტკლუბის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც 2021 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, აჭარის მთავრობამ 2026 წლის ივლისამდე გადადო.

კომპანია „რივიერა“ [შემდგომში „ბათუმი რივიერა“], რომელსაც აქ მინიმუმ 3 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო, იახტკლუბს და მიმდებარე ტერიტორიას მეხუთე წელია სარგებლობს. სარგებლობაში კი, 2017 წელს, არც მეტი არც ნაკლები, 1 ლარი აქვს გადახდილი.

„რივიერა“ 1 ლარად იჯარით აღებულ ტერიტორიას [იახტკლუბს] 2038 წლამდე ისარგებლებს. ის შემოსავლები კი, რაც ადრე „იახტკლუბიდან“ აჭარის ბიუჯეტში შედიოდა, „რივიერას“ რჩება [იახტკლუბის ნავსაყუდელში დგომისთვის იახტების, თუ პატარა სასეირნო გემების მფლობელები ფულს იხდიან].

იახტკლუბის ნავსაყუდელი / ბათუმი, 2022 წ.

რა შემოსავლები რჩება კერძო კომპანიას „იახტკლუბისგან“, ეს კომპანიის კომერციული საიდუმლოებაა, თუმცა, რა დაკარგა სახელმწიფომ, ამის შესახებ აუდიტი 2019 წელში წერდა, რომ „სახელმწიფო ორგანიზაციებმა, საერთო ჯამში, ქონების წლიური საიჯარო ქირის სახით 380 094 ლარი დაკარგეს“.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, აჭარის საკუთრებაში არსებული შპს „ბათუმის ნავსაყუდელი 2015“ – რომლის საწესდებო კაპიტალიდან მთავრობამ იახტკლუბის ნავსაყუდელი ამოიღო და „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილ „რივიერას“ იჯარით 1 ლარად გადასცა – მომგებიანი კომპანია იყო.

ქონების 1 ლარად სარგებლობის სანაცვლოდ უნდა ჩაედო არანაკლებ 3 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია „რივიერას“ და ახალი იახტკლუბი 2021 წლის 31 დეკემბრამდე აეშენებინა.

სწორედ ეს ვალდებულება გადაუვადა კომპანიას აჭარის მთავრობამ რამდენჯერმე.

დღეის მდგომარეობით კი, „რივიერამ“ ახალი ობიექტი 2026 წლის 30 ივნისამდე უნდა აამოქმედოს.

„ბათუმელებმა“ კომპანიის წერილ[ებ]ის თუ სხვა კორესპონდენციის ასლები, რაც აღნიშნულ შეთანხმებას უკავშირდებოდა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ოფიციალურად გამოითხოვა. თუმცა, ასეთი დოკუმენტები სამინისტროდან ვერ მივიღეთ.

სამინისტროში ვცადეთ იმ მიზეზის გარკვევა, თუ რის საფუძველზე გადაუვადეს კომპანიას ვალდებულების შესრულების ვადები. სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ისევ წერილობით მივმართოთ. სამინისტროს პასუხს, მიღების შემთხვევაში აქვე მოგაწვდით.

განახლება: შესაბამისი დოკუმენტაცია სამინისტროდან დამატებით მივიღეთ, საიდანაც ირკვევა, რომ „რივიერასთან“ ახალი შეთანხმების აქტის გაფორმების საფუძველი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის №14 დადგენილება იყო.

იახტკლუბის პროექტი სამინისტროს შეთანხმებული აქვს და ის კმდს-მაც განიხილა, ვინაიდან იახტკლუბი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან – შუქურასთან ახლოს მდებარეობს.

აჭარის მთავრობის წინაშე ბათუმის იახტკლუბის განვითარების ვალდებულება ოფიციალურად ამჟამად აღებული აქვს შპს „ბათუმის იახტ კლუბს“,  რომელიც შპს „რივიერას“ ქვემოიჯარეა.

„ბათუმის იახტ კლუბი“, სახელმწიფოსგან ზღვის 1 ჰექტრამდე ფართობის 2037 წლამდე სარგებლობაში გადაცემასაც ითხოვს, რომელიც, როგორც ადრე კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს – იახტების მოძრაობის უსაფრთხოებისთვის სჭირდებათ.

ბათუმის იახტკლუბთან ზღვის აკვატორიის ნაწილი, სახელმწიფომ 2019 წელს მიწის ნაკვეთად, სწორედ ამ კომპანიის მიმართვის შემდეგ დაარეგისტრირა.

გარდა იახტკლუბის განვითარებისა, „რივიერას“ კიდევ ერთი ვალდებულება აქვს:

  • კომპანიას, „იახტკლუბის“ მიმდებარედ თავის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებზე, 2019 წლის 31 დეკემბრამდე „მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის საძირკვლის მოწყობის სამშენებლო სამუშაოები“ უნდა დაეწყო.
  • 2021 წლის შეთანხმებით კი, „რივიერამ“ „საძირკვლის მოწყობის სამშენებლო სამუშაოები“ 2023 წლის 30 ივნისამდე უნდა დაიწყოს.

ეს ვალდებულება პროექტ „ბათუმი რივიერას“ უკავშირდება, რომლის მიხედვითაც იახტკლუბთან ცათამბჯენები უნდა ააშენონ.

 

როგორი იქნება ბათუმის იახტკლუბი? – ნახეთ „ბათუმელების“ არქივიდან:

როგორი იქნება ბათუმის იახტკლუბი – პროექტი

 

 

 

 

 

 

აშშ-ის უდიდესი ატომური წყალქვეშა ნავი ხმელთაშუა ზღვაში შევიდა

ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ძალების ინფორმაციით, პირველ ნოემბერს, ხმელთაშუა ზღვაში შევიდა აშშ-ის უდიდესი ბირთვული წყალქვეშა ნავი, Rhode Island (SSBN 740), რომელზეც განთავსებულია „ოჰაიოს“ კლასის ბალისტიკური რაკეტები.

ეს იყო ხანმოკლე გაჩერება ევროპაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ოპერაციების არეალში. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ფაქტობრივად, შტატებისა და მისი მოკავშირეებისთვის მოახდინა ამ რეგიონში წყალქვეშა ნავების მოქნილობისა და ადაპტაციის დემონსტრირება.

„Rhode Island-ის ვიზიტი გიბრალტარის პორტში აძლიერებს ჩვენს ურყევ ერთგულებას რეგიონში ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების მიმართ. შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოს აქვს თანამშრომლობის მდიდარი ისტორია, წვრთნების, ოპერაციების და მსგავსი თანამშრომლობის გამოცდილების სახით, რაც აძლიერებს ჩვენს საერთო შესაძლებლობებსა და პარტნიორობას“, – განაცხადა 69-ე ოპერატიული ჯგუფის მეთაურმა, კაპიტანმა ჯონ კრედდოკმა.

მან დასძინა, რომ „Rhode Island-ის ლეტალურობა და ტაქტიკური ოსტატობა განასახიერებს წყალქვეშა ძალების ეფექტურობასა და სიძლიერეს.

გიბრალტარის პორტის მონახულებამდე ეს წყალქვეშა ნავი ივლისში ეწვია საზღვაო ბაზას კლაიდში, შოტლანდიაში.

შეერთებული შტატების საზღვაო ძალები ბოლოს გიბრალტარში ერთ წელზე მეტი ხნის წინ იმყოფებოდნენ.

უკრაინასთან ომის პირობებში, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბირთვული იარაღით იმუქრება და აცხადებს, რომ „ეს ბლეფი არ არის“.

ამის საპასუხოდ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება თავად რუსეთისთვის იქნება კატასტროფა.

ხელვაჩაურის გზაზე საცობის გამო სასწრაფო სამსახურის მანქანა 1 საათით შეფერხდა

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ერთ საათზე მეტია, რაც საცობის გამო მოქალაქეების ავტომანქანით გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელია. საცობშიგაჭედილების თქმით, საცობის გამო შეფერხდა სასწრაფო დახმარების ჯგუფიც. ბოლო ორი თვის განმავლობაში მოქალაქეები ფრიდონ ხალვაშის გამზირის ერთ მონაკვეთში, განსაკუთრებით დილის და საღამოს საათებში, საცობების გამო ხშირად ჩივიან.

როგორც საცობშიმოყოლილები თავად გვიყვებიან, მოძრაობის დასარეგულირებლად რამდენჯერმე საპატრულო პოლიციასაც კი მიმართეს.

გზაზე გადაადგილების პრობლემა გამწვავდა მას შემდეგ, როცა აქ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ანგისიდან დაბა ხელვაჩაურამდე – 4 კილომეტრიან მონაკვეთზე, შპს „ერტედე“ ახორციელებს.

შესყიდვის ბიუჯეტი 19 მილიონი ლარია.

პარალელურად მიმდინარეობს სანიაღვრე არხების შეცვლისა და ორი ხიდის გაფართოების სამუშაოები. სახელშეკრულებო პირობების მიხედვით, სამუშაოები ავტომანქანების მოძრაობის პარალელურად უნდა განხორციელდეს.

სამუშაოების გარდა მოძრაობას ორმოებიც აფერხებს გზაზე.

„ისეთ ორმოში გვიწევს ჩასვლა და ამოსვლა, რომ ყველა ფრთხილობს არ დააზიანოს მანქანა, ეს დამატებით ართულებს მოძრაობას. ყველა ცდილობს გაძვრეს, ერთმანეთს გაუსწროს და იჭედება სიტუაცია. კარგი იქნება თუ პოლიცია დაარეგულირებს ამას“, – გვიყვება მოქალაქე, რომელსაც ამ გზაზე ინტენსიურად გადაადგილდება.

ამ დროისთვის სამუშაოები დასრულებული არ არის მაჭავარიანის ქუჩაზეც, რომელიც უკავშირდება აეროპორტის გზატკეცილს, საიდანაც ერთი მხრივ ტბელ აბუსელიძის ქუჩაზე შესაძლებელია გასვლა ან კობალაძის ქუჩის გავლით ინასარიძეზე-ხიმშიაშვილზე მოხვედრა.

ჯერ ვერც ეგრეთ წოდებული ჭოროხს გზა გახსნეს, რომლის რეაბილიტაციაც 2017 წელს დაიწყო. ეს გზა მახოს ხიდის გვერდით არსებული ბენზინგასამართი სადგურიდან მდინარის მარჯვენა ნაპირს მიუყვება, ჩაუვლის ბათუმის სამრეწველო ზონას და ბათუმი-სარფის მაგისტრალს ქალაქის ძაღლსაშენის მიმდებარედ უერთდება.

როცა მშობლის ქონება ბიჭს რჩება: რას ფიქრობენ ერთი ოჯახის 3 თაობის კაცები

როგორ ნაწილდებოდა მშობლების ქონება და ვის ეკუთვნის ის, ბიჭს თუ გოგოს? ეს კითხვა ამჯერად ერთი ოჯახის სამი თაობის კაცებს დავუსვით – ბაბუა თამაზს, შვილ – ზურას და შვილიშვილ – მამუკას. სტატიიდან გაიგებთ, როგორია მათი განწყობები და რას ფიქრობენ სქესის მიხედვით ქონების განაწილებაზე – გოგოს მისცემენ მშობლების ქონებას, თუ ის ისევ მხოლოდ ბიჭს ეკუთვნის?

69 წლის თამაზ საგინაძე ხულოს სოფელ მანიაკეთში ცხოვრობს. მას 3 ძმა ჰყავს და 4 და. თამაზი გვიყვება, მასა და მის დედმამიშვილზე როგორ გაანაწილეს მშობლების ქონება.

„4 ძმა ვიყავით, 4 და გვყავდა. ჩვენი დრო სხვანაირი იყო, ადრეული პერიოდიდან გადმონაშთ წესებს მიჰყვებოდნენ. ქონებას ძმებს უნაწილებდნენ, დებს მზითვს ვატანდით, ეს იყო მათთვის ოჯახიდან დახმარება. დებზე ქონება არ იყოფოდა.

ძმებზე ყველაფერი თანაბრად გაიყო, თავისთავად. დავუშვათ, 4 კოვზი თუ გვქონდა, თითო-თითოს დავირიგებდით, 4 თეფში თუ იყო, ოთხივე თითოს ავიღებდით. ასეთი წესი იყო“, – გვეუბნება თამაზი. კაცი ამბობს, რომ მის მეხსიერებაში ქონების განაწილების ეს პრინციპია მხოლოდ: „ძმებს შორის ქონება იყოფოდა. დებს ამზითვებდნენ“. 

თამაზის თქმით, სწორი ის იქნებოდა, მის მშობლებს წილი ოჯახის ქონებიდან დებისთვისაც რომ მიეცათ: „ის თუ ძმა არ არის, მაგიტომ არ უნდა მისცე [ქონებიდან წილი დებს]? მაგრამ, არც იმდენი საშუალება იყო, რომ ეს ყველაფერი 8 შვილზე გაყოფილიყო. რომ ყოფილიყო საშუალება… ერთადერთი იმის საშუალება იყო, რომ ყველა გოგოს თითო ძროხას, მზითვს ატანდნენ ოჯახიდან და მორჩა. მას შემდეგ, რაც ქორწილების გადახდა დაიწყეს, რაც თუ გოგოს ქორწილზე ოჯახს ფული შემოუვიდოდა, გოგოს მზითვს ხმარდებოდა.

როცა არ კეთდებოდა ქორწილები, ოჯახიდან ერთი ხელი ლოგინი და ერთი ძროხა იყო ყველა გოგოს მზითვი, ვინც აჭარაში ცხოვრობდა. საწოლსაც უყიდდნენ, თუ ჰქონდათ საშუალება, თუ არ ჰქონდათ და არაფერი. სად იყო საწოლი, ხის ტახტებზე წვებოდა ხალხი“, – გვეუბნება თამაზი.

კაცის თქმით, როცა ოჯახები ფინანსურად შედარებით მოძლიერდნენ, გოგოს მზითვიც უფრო მრავალფეროვანი გახდა და მაგალითად, თავისი ცოლისთვის მზითვში გამოტანებულ საკერავ მანქანას იხსენებს.

თამაზი დედმამიშვილებს შორის ყველაზე უმცროსია. მისი თქმით, რადგან პატარა იყო, მშობლების სახლი ისედაც მას ეკუთვნოდა და, შესაბამისად, ამ სახლშიც ცხოვრობს. სოფელში თამაზის კიდევ ერთი ძმა დარჩა საცხოვრებლად, დანარჩენი 2 კი – ბათუმსა და სამცხე-ჯავახეთში გადავიდნენ.

„არცერთი ძმა ჰაერზე არ გაგვიშვია [სახლიდან] და გვითქვამს, აჰა, მიდი და იცხოვრეო. მამაჩემი ყველა მათგანს დაეხმარა სახლის აშენებაში, რადგან სახლიდან სხვა არაფერი წაუღიათ, გარდა საოჯახო ნივთებისა.

მიწები, როგორც ასეთი, გავყავით. დავუშვათ, თუ დასჭირდებოდა, რომ ადიგენიდან ჩამოსულიყო ის ძმა და მეორეც ბათუმიდან ამოსულიყო, მიწა, რაც გვაქვს, 4-ზე განაწილებულია. ყველამ მისი საზღვარი იცოდა. მაგრამ იქ რომ მიწები მიიღეს, აქ არავინ აღარ ამოსულა და უთქვამს, რომ ძმაო, ეს ჩემი მიწა იყო და მორჩა. მიწებს ვსარგებლობდით 2 ძმა – სოფელში რომლებიც დავრჩით საცხოვრებლად. ერთი [წასული] ძმის მიწას მე ვსარგებლობდი, მეორის – მეორე ძმა“, – გვიხსნის თამაზმა.

თამაზს ვკითხეთ, თავად როგორ გაუნაწილა ქონება შვილებს – მას 4 გოგო და 1 ბიჭი ჰყავს.

„მე ახლა სოფელში ვცხოვრობ, ბიჭი ბათუმში, მაგრამ გაყოფილი არ ვართ. სოფლის სახლიც, რა თმა უნდა, ჩემი ბიჭი შვილისაა. [ბათუმში] სახლ-კარი და ყველაფერი ერთად გავაკეთეთ. მე ჯერ შემიძლია და აქ ამიტომ ვარ, რომ არ შემეძლება, მეც ქალაქში ვიცხოვრებ, ჩემ შვილთან ერთად.

საერთოდ არსად არ არსებობს ეგ, რომ გოგონებზე მიწა განაწილდეს და რაიმე მსგავსი. გავათხოვე, მზითვი გავატანე.

როცა მშობლები ძირ სახლში რჩებიან, ქონება თავისთავად რჩება თუ ერთი ბიჭი შვილი ჰყავთ მას, თუ რამდენიმე – უმცროს ბიჭს“, – ამბობს თამაზი.

კაცის თქმით, როცა ოჯახს კარგი ფინანსური შემოსავალი აქვს, იქ საერთოდაც აღარ განიხილება მშობლების სახლის და სხვა ქონების გაყოფის საკითხი. ქონების განაწილება სირთულეებს ადრე უკავშირდებოდა, როცა ოჯახებს გასაყოფიც არაფერი ჰქონდათო.

რას ფიქრობს თამაზის შვილი, 43 წლის ზურა საგინაძე მასა და მის დებს შორის მშობლების ქონების განაწილებაზე? – „ბათუმელებმა“ ამის შესახებ თავად ზურაბ საგინაძეს ჰკითხა.

„ჩემი აზრით, დედმამიშვილი ყველა ერთია და როგორც ბიჭებს ეკუთვნით ქონება, ისე უნდა ნაწილდებოდეს გოგონებზეც. მაგრამ, ჩვენთან, სამწუხაროდ, ასე არ ხდებოდა ადრე და ახლა, მე მგონი, ნელ-ნელა ტენდენცია იქითკენ მიდის, რომ გოგოსაც იმდენივეს მისცემენ [ოჯახის ქონებას], რამდენსაც ბიჭს“, – გვიხსნის ზურა.

ზურა საგინაძის დაკვირვებით, ბოლო წლებში ეს ტენდენცია ქალაქში უფრო შესამჩნევია, ვიდრე სოფლებში. „სოფელში თითქმის ყველაფერი ისევ ძველი სტილითაა, თუმცა ახლა, ძირითადად სოფლებში აღარც ცხოვრობს ხალხი. იმედი მაქვს, რომ მალე [ოჯახის ქონების განაწილების ძველი ტენდენცია] სრულად შეიცვლება და ყველა შვილზე თანაბრად განაწილდება“.

ზურა ფიქრობს, რომ არ იყო სამართლიანი გადაწყვეტილება, როცა ოჯახის ქონება მთლიანად მას დარჩა, დები კი მზითვის ამარა დატოვეს მშობლებმა: „როგორც გითხარით, ყველა დედმამიშვილზე თანაბრად უნდა განაწილებულიყო ქონება, მაგრამ, განა სოფელში რა იყო გასანაწილებელი? არც არაფერი, თუმცა მიუხედავად ამის, რაც იყო, ხუთნი ვიყავით, ქონებაც ხუთივეზე უნდა განაწილებულიყო. რაც შეეხება მიწას, არც ერთი დაქორწინებული გოგო არ მოვა და დაამუშავებს – თუ სურვილი ექნებათ, არც ეგ არის პრობლემა.

მე, როგორც ვიცი, მხოლოდ ბიჭ შვილზეც არ იყო მიწის დატოვება. აი, ოჯახში პატარა ძმა რომ რჩება, იმას ეკუთვნოდა ლომის წილი. დანარჩენი ბიჭი შვილები ცალკე ცხოვრობდნენ და ოჯახს თუ შეეძლო რამით დახმარება, ეხმარებოდნენ, გოგოს კი – მხოლოდ ამზითვებდნენ. რატომ ხდებოდა ასე არ ვიცი. ალბათ, ასეთი ტრადიცია იყო“, – გვითხრა ზურა საგინაძემ.

ზურას 2 შვილი ჰყავს. ის ქონების განაწილებას შვილებზე თანაბრად გეგმავს. მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, შვილი ბიჭია თუ გოგო – „ერთს რატომ უნდა ჰქონდეს მეტი და ერთს ნაკლები, დავუშვათ?“ – კითხულობს ზურა.

ზურას თქმით, ქონების სრულად მიცემა ბიჭი შვილებისთვის, გოგო შვილის ჩაგვრაა. ის ერთ დეტალზე ამახვილებს ყურადღებას: „რახან, დავუშვათ ბიჭი შვილი რჩება ოჯახში, მშობლები მასთან რჩებიან, მისი მოსავლელი არიან და ალბათ, ამიტომაც დაწესდა თავიდანვე ასე, რომ ცოტა მეტი ჰქონოდა ბიჭ შვილს. მაგრამ არანაკლებ ზრუნავენ მშობლებზე გოგო შვილები, ცოტა მეტსაც, ვიდრე ბიჭები. ამიტომ ვარ მომხრე, რომ ქონება შვილებზე თანაბრად გაიყოს და შემდეგ, მშობლებზეც თანაბრად იზრუნონ, როგორც გოგომ ისე ბიჭმა“, – გვეუბნება ზურა.

ზურას შვილი, 23 წლის მამუკა საგინაძეც მიიჩნევს, რომ „ოჯახში ქონება ყველა შვილზე თანაბრად უნდა განაწილდეს. „რა მნიშვნელობა აქვს გოგო იქნება თუ ბიჭი: შვილი შვილიაო“.

მამუკას ერთი და ჰყავს. მისი თქმით, ამაზე ოჯახში უსაუბრიათ და სახლი, სადაც ახლა მშობლებთან ერთად ცხოვრობს, მას დარჩება. თუმცა, დის მხოლოდ მზითვის ამარა დატოვებას არ აპირებენ – მისთვის ბინის შეძენა აქვთ გადაწყვეტილი.

„არალოგიკურია ჩემმა დამ მითხრას, არ მინდა ბინა და სახლი გამინაწილეო, რატომ უნდა მომთხოვოს მსგავსი რამ ვერ ვხვდები – ჩემთან ერთად უნდა იცხოვროს ქმართან ერთად? თუ მაინც მომთხოვს სახლის განაწილებას ჩემი და – გავუნაწილებდი“.

მამუკა ამბობს, რომ ის თავის შვილებს აუცილებლად თანაბრად გაუნაწილებს ქონებას – შვილების სქესის მიუხედავად.

____

ამავე თემაზე:

როცა მშობლის ქონება ბიჭს რჩება: რას ფიქრობენ ბებია – სედიკო, შვილი – იამზე, შვილიშვილი – ირმა

ბათუმი სოციალურად დაუცველებისთვის 183 ათას ლარად „საახალწლო ნობათს“ იყიდის

ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტომ „სასადილოებისა და თავშესაფრის ბენეფიციარებისთვის საახალწლო ნობათის“ შესყიდვაზე ტენდერი 183 ათას 240 ლარით გამოაცხადა.

თითოეული ბენეფიციარი საახალწლოდ მიიღებს შემდეგ პროდუქტებს:

  • შაქარი – 1 კილოგრამი
  • მზესუმზირას ზეთი – 1 ლიტრი
  • გაყინული ქათამი – 1 ცალი
  • ხორბლის ფქვილი – 1 კილოგრამი

ამ პროდუქტებს უფასო სასადილოს 7 595 ბენეფიციარისთვის, სააგენტო, სოციალურად დაუცველი ჯგუფის ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში შეისყიდის [შესყიდვის სავარაუდო ღირებულება – 182 280 ლარი];

თავშესაფრის 40 ბენეფიციარისთვის კი, პროდუქტებს დროებითი ღამის თავშესაფრის პროგრამის ფარგლებში შეისყიდიან – სავარაუდო ღირებულებით – 960 ლარი.

პირობის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა პროდუქტები სააგენტოს 2022 წლის 23 დეკემბრიდან 2022 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით უნდა მიაწოდოს, მოთხოვნის შესაბამისად [ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მიმწოდებელს გეგმა-გრაფიკს წარუდგენენ].

ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 11 ნოემბერს დაიწყება და 14 ნოემბერს დასრულდება.

ბათუმის გენგეგმისთვის გამოყოფილი 620 ათასი ლარი მერიამ მომავალი წლის ბიუჯეტში გადაიტანა

ბათუმის ბიუჯეტში ბოლოს შესული ცვლილების თანახმად, 620 000 ლარი, რომელიც სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტის [გენგეგმის ნაწილი] შემუშავებისთვის იყო გათვალისწინებული, მომავალი წლის ბიუჯეტში გადაიტანეს. ცვლილებასთან დაკავშირებით ბიუჯეტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ:

„მცირდება ღონისძიების დაფინანსება წარმოდგენილი შესრულების გათვალისწინებით – დაფინანსება გადადის 2023 წელს.“

„ბათუმელებმა“ მოიპოვა დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ მხარეები სასამართლოში დავობენ – მიზეზი კი ვადების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოა.

პირგასამტეხლოს დაკისრების აქტი მერიამ მიმწოდებელი კომპანიის – „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წინააღმდეგ მეორე ეტაპის დოკუმენტების შეთანხმებულ ვადაში ჩაუბარებლობის გამო გამოსცა.

„ბათუმელებთან“ საუბარში ორივე მხარე ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ეს დოკუმენტის მომზადების პროცესს არ შეაფერხებს.

მიმწოდებელი კომპანიის ხელმძღვანელმა, მამუკა სალუქვაძემ პირგასამტეხლოს დაკისრების აქტზევე დაწერა, რომ არ ეთანხმება გადაწყვეტილებას, შემდეგ კი კომპანიამ ეს აქტი სასამართლოში გაასაჩივრა.

მერიამ პირგასამტეხლოს დაკისრების აქტი 2022 წლის 19 აპრილს გამოსცა.

დოკუმენტების მიხედვით, 2022 წლის აპრილში ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, მირიან მეტრეველმა ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს მოხსენებითი ბარათით მიმართა, სადაც სამსახურის უფროსი  მერს ატყობინებდა, რომ გენგეგმაზე მომუშავე კომპანიამ დოკუმენტის მეორე ეტაპის  ჩაბარების ვადა დაარღვია.

მოხსენებით  ბარათში ასევე ვკითხულობთ, რომ დარღვევის გამო კომპანიას უნდა დაჰკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველი დაგვიანებული დღისთვის ხელშეკრულების ფასის 0,02% პროცენტის ოდენობით, 2022 წლის 11 თებერვლამდე – შესრულების წარმოდგენამდე.

სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათიდან ასევე ვიგებთ, რომ ეს აქტი კომპანიამ სასამართლოში გაასაჩივრა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ კი 2022 წლის 23 მარტის ,,სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ“ განჩინებით დააკმაყოფილა ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი
საქართველოს“ განცხადება და ბათუმის მერიას დაევალა არ დაუქვითოს კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო სასამართლო დავის დასრულებამდე.

მერიამ ეს განჩინება [სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ] სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ამ გარემოების გათვალისწინებით, მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი მერს სთხოვდა, რომ დაევალებინა საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსისთვის, ამ ეტაპზე არ დაექვითათ თანხა.

ამ საკითხთან დაკავშირებით მერს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ედნარ ნატარიძემაც მიმართა.

ნატარიძე მერს წერს, რომ კომპანიას ვადის დარღვევისთვის 43 924 ლარი დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით. მან მერს სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე აცნობა და ითხოვა მისთვის განემარტათ, როგორ უნდა მოქცეულიყო ასეთ შემთხვევაში: „გთხოვთ დაავალოთ შესაბამის სამსახურს, მოგვცეს სამართლებრივი განმარტება, ექვემდებარება თუ არა აღნიშნული პირგასამტეხლოს თანხა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაკავებას.“

მერიის ადმინისტრაციის უფროსი, ნუკრი დეკანაძე საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსს განუმარტავს, რომ მერიას უკვე ჩაჰბარდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც მერიას არ აძლევს უფლებას კომპანიას პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული თანხა დავის დასრულებამდე გამოუქვითოს. ადმინისტრაციის უფროსი ამავე წერილში წერს, რომ ეს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული.

კომპანიის დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ „ბათუმელებთან“ განმარტა, რომ დავა ეხება ხელშეკრულებაში კონკრეტული მუხლის ინტერპრეტაციას – ახლა სასამართლოში ცდილობენ იმის გარკვევას, რამდენად სწორად ესმით მისი შინაარსი მოდავე მხარეებს:

„ჩაჰბარდა დოკუმენტი, ამის შემდეგ მოვიდა შენიშვნები. შენიშვნების პერიოდი ითვალისწინებს თუ არა პირგასამტეხლოს დაკისრებას, იმისთვის, რომ შენიშვნა გამოსწორდეს, ამაზე იყო დავა. მართალია, დიდ თანხაზე არ იყო საუბარი, მაგრამ მომავალში კრიზისში რომ არ შევსულიყავით და ეს ყველაფერი სასამართლოს განესაზღვრა. ეს ეხება შენიშვნების გათვალისწინებისთვის საჭირო სამუშაო პერიოდს – ანუ ამ პერიოდს ეხება თუ არა პირგასამტეხლო, ეს უნდა განსაზღვროს სასამართლომ. ეს მნიშვნელოვანია, რომ არ დაზარალდეს პროექტი“.

ხელშეკრულებაში დოკუმენტის ჩაბარების ეტაპები დეტალურად არის გაწერილი, შეთანხმება თითოეული ეტაპის ჩაბარებას შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და შესაბამისი ანგარიშფაქტურის გამოწერიდან 10 სამუშაო დღეში ითვალისწინებს, შესაძლო შენიშვნებთან დაკავშირებით კი ხელშეკრულებაში ვკითხულობთ:

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ედნარ ნატარიძემ გენგემის მომზადების დაფინანსების 2023 წელს გადატანასთან დაკავშირებით „ბათუმელებთან“ განმარტა:

„პროცედურულად ბიუჯეტი ერთი წლით ადრე იგეგმება, ეს ბიუჯეტი გასული წლის ოქტომბერშია დაგეგმილი. იმ პერიოდისთვის გადაანგარიშებული იყო 2 მილიონი ლარი. შესრულების ეტაპების მიხედვით, ვადების გამოთვლის მიხედვით, როცა გადავიანგარიშეთ, ერთი შესრულების პერიოდი გარკვეული თარიღით გადადის მომავალ წელში. კომპანიას ყველა ამ პროცედურის შესრულება უწევს – ამ განრიგის გათვალისწინებით გადავიტანეთ 2023 წელს. ეს ყველაფერი საფინანსო სამსახურმა დაითვალა ხელშეკრულების პუნქტების გათვალისწინებით“.

ხელშეკრულების მიხედვით, მერია დოკუმენტის მომზადებაში ჯამში 2 მილიონ 495 700 ლარს გადაიხდის, თანხა კომპანიას, ეტაპობრივად, ჩაბარებული დოკუმენტების შესაბამისად ერიცხება. მერიას უკვე გადახდილი აქვს 898 452 ლარი, რაც საერთო ღირებულების 36 პროცენტია.

Exit mobile version