მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა იწვევს კუნთების ტკივილს – ექიმის რჩევები

08.11.2022 • 13847
რა იწვევს კუნთების ტკივილს – ექიმის რჩევები

კუნთების ტკივილი, იგივე მიალგია, დროდადრო ყველას აწუხებს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ტკივილი თავისით გაივლის მოკლე დროში, ზოგჯერ კი შეიძლება თვეების განმავლობაში გაგრძელდეს.

„ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ თერაპევტი მადონა შაინიძე ამბობს, რომ კუნთების ტკივილი, რომელიც ხშირად ხანგრძლივდება და შემაწუხებელი ხდება, შესაძლოა ჯანმრთელობის სხვა პრობლემაზე მიანიშნებდეს, ამიტომ აუცილებელია ექიმისთვის დროული მიმართვა.

  • ქალბატონო მადონა, რა არის კუნთების ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზები?

მიალგიის ყველაზე ხშირი მიზეზი (19%) მოდის მძიმე ფიზიკურ დატვირთვაზე, უეცარ უხეშ მოძრაობაზე, რაც იწვევს კუნთის გაჭიმვას. კუნთების ტკივილი შესაძლოა განვითარდეს სტრესის და, რა თქმა უნდა, ტრავმების შედეგად, თუმცა ასეთი ტკივილი ჩვეულებრივ გავლენას ახდენს სხეულის მცირე ნაწილზე და შესაძლოა ძალიან მალე თავისითაც გადაიაროს. რიგ შემთხვევებში შესაძლოა გარკვეული პროცედურებისა და მკურნალობის ჩართვა გახდეს საჭირო.

აღსანიშნავია, რომ ტრავმისა და დაზიანების დროს შესაძლოა კუნთების ტკივილი მომენტალურად არ აღენიშნოს პაციენტს, ან მისთვის იმ მომენტში უპირატესი იყოს სხვა ჩივილები, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ყურადღების გარეშე არ უნდა დარჩეს, რადგან შეიძლება კუნთოვანი ტკივილი წამოვიდეს უფრო მოგვიანებით და მკურნალობა გაიწელოს დროში.

გარდა ამისა, მიალგიის მიზეზი შეიძლება იყოს ემოციური დაძაბულობა, ის ხშირად გვხვდება ფსიქოემოციურ პაციენტებში.

სხვა მიზეზებიდან აღსანიშნავია კუნთის ანთება, რომელიც ცნობილია მიოზიტის სახელით, იგი უფრო მწვავედ მიმდინარეობს, მას ახასიათებს  გახანგრძლივებული ტკივილი. ის შეიძლება გამოწვეული იყოს ვირუსული და ბაქტერიული ინფექციის ფონზე, ასევე (ნარკოტიკით ან ალკოჰოლით) ინტოქსიკაციის შედეგად.

მიოზიტი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ერთი კონკრეტული კუნთის ან მრავალი კუნთის ტკივილით, რასაც პოლიმიოზიტი ჰქვია. ეს შეიძლება იყოს კისრის, მხრისა და მენჯის სარტყლის, ასევე ხახისა და სასუნთქი კუნთები. რაც უფრო ბევრი კუნთის ანთებაა, გამოვლინებაც უფრო მრავალფეროვანია, შესაძლოა პაციენტს უჭირდეს გადაადგილება, კიბეზე ასვლა… როცა ზედა კიდურების კუნთებია ჩართული – უჭირს ტანსაცმლის ჩაცმა, გახდა და ა.შ.

Mayoclinic: პოლიმიოზიტი იშვიათი ანთებითი დაავადება, რომელიც იწვევს კუნთების სისუსტეს. მისი ნიშნები და სიმპტომები ჩვეულებრივ ვითარდება თანდათანობით, კვირების ან თვეების განმავლობაში.

კუნთების ტკივილი შესაძლოა განვითარდეს გარკვეული ტიპის მედიკამენტების მიღების ფონზეც, რისი გართულებაც არის კუნთის ანთება.

მიალგიის სხვა მიზეზებს შორის არის გრიპი და ავტოიმუნური დაავადება.

  • შესაძლოა თუ არა კუნთების ტკივილი ორგანიზმში რაიმე პრობლემაზე მიგვანიშნებდეს?

კუნთების ხშირი ტკივილის მიზეზებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ელექტროლიტური დარღვევების ხსენება. მაგალითად, კალციუმის, ფოსფორის, კალიუმის წვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კუნთის ნორმალურ ფუნქციონირებაზე. როდესაც იცვლება ამ ელემენტების შემცველობა ორგანიზმში – ხდება ან მომატება, ან დაქვეითება, ამ დროსაც ვლინდება კუნთების ტკივილი.

ქოლესტერინის, კერძოდ, დაბალი სიმკვრივის (რომელიც, მარტივად რომ ავხსნა, ყველაზე ცუდი ქოლესტერინია ორგანიზმისთვის) ქოლესტერინის დონის მომატება ორგანიზმში იწვევს მეტაბოლურ ცვლილებებს და ეს ცვლილებები მომავალში აისახება კუნთზე. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქოლესტერინის მაჩვენებელი არაპირდაპირად აისახება კუნთებზე.

ორგანიზმში მეტაბოლური ცვლა ირღვევა შაქრიანი დიაბეტის დროსაც, ამ დროს ცვლილებები ვითარდება კუნთშიც და ხშირად დიაბეტის შორსწასულ სტადიაში პაციენტებს აღენიშნებათ კუნთების ტკივილი.

Mayoclinic: დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, კუნთების ტკივილს ახლავს: სუნთქვის გაძნელება ან თავბრუსხვევა; კუნთების უკიდურესი სისუსტე; მაღალი ცხელება და კისრის გაშეშება.

  • როგორ მკურნალობენ?

თვითმკურნალობა არ არის გამართლებული, როცა პაციენტმა არ იცის რა არის გახშირებული ტკივილის მიზეზი.

მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა. თავიდან პაციენტი მიმართავს თერაპევტს, რომელიც ზოგადი პროფილის ექიმია და რომელიც საჭიროებისა და ტკივილის მიზეზის მიხედვით გადაამისამართებს ტრავმატოლოგთან, ორთოპედთან, ნევროლოგთან თუ სხვა სპეციალისტთან.

სანამ მკურნალობას დავიწყებთ, მნიშვნელოვანია პაციენტის კლინიკური მონაცემები და გასინჯვა, მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია ტკივილის მიზეზზე.

თუ პაციენტი გვეუბნება, რომ მძიმე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ეწყება ტკივილი, შესაძლოა მკურნალობა საერთოდ არ გახდეს საჭირო, მას ვურჩევთ, რომ დაისვენოს ფიზიკური დატვირთვისგან. მაგრამ თუ ამ ტკივილის მიზეზი არის სხვა, მაგალითად, კუნთის ანთება, ინფექცია, ტრავმა და ა.შ. შესაბამისი გამოკვლევების შემდეგ ხდება მკურნალობა, მათ შორის მედიკამენტებით, გარეგანი გამოყენების პრეპარატებით, ფიზიოთერაპიით და ა.შ.

Mayoclinic – კუნთების ტკივილის დროს, რომელიც ვლინდება აქტივობის დროს, ჩვეულებრივ მიუთითებს კუნთის დაჭიმვაზე. ამ ტიპის დაზიანებებისას რეკომენდებულია დასვენება თქვენი ჩვეულებრივი საქმიანობიდან, ასევე დაზიანებული ადგილის აწევა თქვენი გულის დონეზე მაღლა, განსაკუთრებით ღამით, რაც საშუალებას აძლევს გრავიტაციას, შეამციროს შეშუპება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: