ბათუმი,მთავარი,სიახლეები

1 ლარად გასხვისებული იახტკლუბის მოწყობა ისევ გადაიდო – რა თანხას კარგავს ბიუჯეტი

05.11.2022 • 2291
1 ლარად გასხვისებული იახტკლუბის მოწყობა ისევ გადაიდო – რა თანხას კარგავს ბიუჯეტი

ბათუმის იახტკლუბის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც 2021 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, აჭარის მთავრობამ 2026 წლის ივლისამდე გადადო.

კომპანია „რივიერა“ [შემდგომში „ბათუმი რივიერა“], რომელსაც აქ მინიმუმ 3 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო, იახტკლუბს და მიმდებარე ტერიტორიას მეხუთე წელია სარგებლობს. სარგებლობაში კი, 2017 წელს, არც მეტი არც ნაკლები, 1 ლარი აქვს გადახდილი.

„რივიერა“ 1 ლარად იჯარით აღებულ ტერიტორიას [იახტკლუბს] 2038 წლამდე ისარგებლებს. ის შემოსავლები კი, რაც ადრე „იახტკლუბიდან“ აჭარის ბიუჯეტში შედიოდა, „რივიერას“ რჩება [იახტკლუბის ნავსაყუდელში დგომისთვის იახტების, თუ პატარა სასეირნო გემების მფლობელები ფულს იხდიან].

იახტკლუბის ნავსაყუდელი / ბათუმი, 2022 წ.

რა შემოსავლები რჩება კერძო კომპანიას „იახტკლუბისგან“, ეს კომპანიის კომერციული საიდუმლოებაა, თუმცა, რა დაკარგა სახელმწიფომ, ამის შესახებ აუდიტი 2019 წელში წერდა, რომ „სახელმწიფო ორგანიზაციებმა, საერთო ჯამში, ქონების წლიური საიჯარო ქირის სახით 380 094 ლარი დაკარგეს“.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, აჭარის საკუთრებაში არსებული შპს „ბათუმის ნავსაყუდელი 2015“ – რომლის საწესდებო კაპიტალიდან მთავრობამ იახტკლუბის ნავსაყუდელი ამოიღო და „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილ „რივიერას“ იჯარით 1 ლარად გადასცა – მომგებიანი კომპანია იყო.

ქონების 1 ლარად სარგებლობის სანაცვლოდ უნდა ჩაედო არანაკლებ 3 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია „რივიერას“ და ახალი იახტკლუბი 2021 წლის 31 დეკემბრამდე აეშენებინა.

სწორედ ეს ვალდებულება გადაუვადა კომპანიას აჭარის მთავრობამ რამდენჯერმე.

დღეის მდგომარეობით კი, „რივიერამ“ ახალი ობიექტი 2026 წლის 30 ივნისამდე უნდა აამოქმედოს.

„ბათუმელებმა“ კომპანიის წერილ[ებ]ის თუ სხვა კორესპონდენციის ასლები, რაც აღნიშნულ შეთანხმებას უკავშირდებოდა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ოფიციალურად გამოითხოვა. თუმცა, ასეთი დოკუმენტები სამინისტროდან ვერ მივიღეთ.

სამინისტროში ვცადეთ იმ მიზეზის გარკვევა, თუ რის საფუძველზე გადაუვადეს კომპანიას ვალდებულების შესრულების ვადები. სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ისევ წერილობით მივმართოთ. სამინისტროს პასუხს, მიღების შემთხვევაში აქვე მოგაწვდით.

განახლება: შესაბამისი დოკუმენტაცია სამინისტროდან დამატებით მივიღეთ, საიდანაც ირკვევა, რომ „რივიერასთან“ ახალი შეთანხმების აქტის გაფორმების საფუძველი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის №14 დადგენილება იყო.

იახტკლუბის პროექტი სამინისტროს შეთანხმებული აქვს და ის კმდს-მაც განიხილა, ვინაიდან იახტკლუბი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან – შუქურასთან ახლოს მდებარეობს.

აჭარის მთავრობის წინაშე ბათუმის იახტკლუბის განვითარების ვალდებულება ოფიციალურად ამჟამად აღებული აქვს შპს „ბათუმის იახტ კლუბს“,  რომელიც შპს „რივიერას“ ქვემოიჯარეა.

„ბათუმის იახტ კლუბი“, სახელმწიფოსგან ზღვის 1 ჰექტრამდე ფართობის 2037 წლამდე სარგებლობაში გადაცემასაც ითხოვს, რომელიც, როგორც ადრე კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს – იახტების მოძრაობის უსაფრთხოებისთვის სჭირდებათ.

ბათუმის იახტკლუბთან ზღვის აკვატორიის ნაწილი, სახელმწიფომ 2019 წელს მიწის ნაკვეთად, სწორედ ამ კომპანიის მიმართვის შემდეგ დაარეგისტრირა.

გარდა იახტკლუბის განვითარებისა, „რივიერას“ კიდევ ერთი ვალდებულება აქვს:

  • კომპანიას, „იახტკლუბის“ მიმდებარედ თავის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებზე, 2019 წლის 31 დეკემბრამდე „მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის საძირკვლის მოწყობის სამშენებლო სამუშაოები“ უნდა დაეწყო.
  • 2021 წლის შეთანხმებით კი, „რივიერამ“ „საძირკვლის მოწყობის სამშენებლო სამუშაოები“ 2023 წლის 30 ივნისამდე უნდა დაიწყოს.

ეს ვალდებულება პროექტ „ბათუმი რივიერას“ უკავშირდება, რომლის მიხედვითაც იახტკლუბთან ცათამბჯენები უნდა ააშენონ.

 

როგორი იქნება ბათუმის იახტკლუბი? – ნახეთ „ბათუმელების“ არქივიდან:

როგორი იქნება ბათუმის იახტკლუბი – პროექტი

 

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: