მთავარი,სიახლეები

ფინანსურ დავებზე ისევ ლავასოღლის უკავშირდებოდნენ – შსს-მ 4 პირი დააკავა

03.11.2022 • 2329
ფინანსურ დავებზე ისევ ლავასოღლის უკავშირდებოდნენ – შსს-მ 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 4 პირი დააკავა, კიდევ ორს კი, დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი.

შსს-ს ვერსიით, ბრალდებულები საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და ფინანსური დავების მოგვარებას სთხოვდნენ, მათ შორის, მინდია ლავასოღლის.

„…აქტიურად მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებაში, პირადი სარგებლისა და უპირატესობის მიღების მიზნით ერთვებოდნენ მოქალაქეთა და „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფ პირებს შორის წარმოშობილი პირადი კონფლიქტებისა თუ ფინანსური დავების მოგვარებაში, ასევე, „ქურდული წესებით“ გადაწყვეტაში უკავშირდებოდნენ კრიმინალურ ავტორიტეტებს, აგრეთვე, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ , მათ შორის, მინდია ლავასოღლის, ასლან ქობულაძეს, მეტსახელად ,,ბაბუს“ და მათგან მითითებებს იღებდნენ,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ქართველი „კანონიერი ქურდი“ – ჯ. ბ. (მეტსახელად „ბონჩო“), ქონებრივი სარგებლის მისაღებად, თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით მართავდა და ორგანიზებას უწევდა საქართველოში მცხოვრებ, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერ პირებს, ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებულ რ.ხ.-ს და ს.ყ.-ს. კერძოდ, ჯ.ბ. აღნიშნული პირების მეშვეობით უკავშირდებოდა ერთ-ერთ მოქალაქეს გ.გ.-ს, რომლისგანაც ბრალდებულები ქართველი ბიზნესმენისგან სესხის სახით გამორთმეული თანხის – 55 000 ლარის გამოძალვას ცდილობდნენ, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარითა და ე.წ. ქურდული გარჩევის გზით.“ – აცხადებს შსს.

სამინისტროს ინფორმაციით, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ქვემო ქართლში, აჭარასა და სამეგრელოში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავეს. ორი პირი, რომლებსაც ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს, საზღვარგარეთ იმყოფება.

ეს დანაშაული 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წელს ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა შსს ადასტურებს, რომ ფინანსური დავების მოგვარებისთვის ადამიანები „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებიან – 2022 წლის ივლისში 7 პირი დააკავეს „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ან „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: