კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

5 კოშკი 6-ის ნაცვლად – რა უნდა აშენდეს ბათუმში „რივიერაზე“

16.07.2019
5 კოშკი 6-ის ნაცვლად – რა უნდა აშენდეს ბათუმში „რივიერაზე“

ბათუმში, იახტკლუბისა და ჭაჭის კოშკის მიმდებარედ კომპანია „რივიერა ბათუმი“ გეგმავს კომპლექსის მშენებლობას, რომელიც 5 მაღალ შენობას მოიცავს. თავდაპირველად ამ ტერიტორიაზე 6 ცათამბჯენის აშენება იგეგმებოდა.

ბათუმის საკრებულომ დღეს, 16 ივლისს, ხმაურის ფონზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ბათუმის მერიას დაევალა დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის  მოსამზადებლად. პროცედურა პროექტის [გრგ-ის] საჯარო განხილვასაც გულისხმობს.

საკრებულოს გადაწყვეტილების გაპროტესტებას აპირებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. საკრებულოს წევრები ამ პარტიიდან აცხადებენ, რომ კენჭისყრა პროცედურის დარღვევით წარიმართა. 

საზოგადოება „ბათომმა“, საკრებულოს სხდომის დაწყებამდე, კიდევ ერთხელ მიმართა ქალაქის თვითმმართველობას, „უარი თქვას ქალაქის საზიანო გადაწყვეტილების მიღებაზე, რითაც 5 ცათამბჯენის აშენება იგეგმება ბათუმის კონცხზე – რივიერაზე“. საკრებულოს სხდომაზე კი „ბათომის“ დამფუძნებელს, შოთა გუჯაბიძეს სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს.

ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის განცხადებით, კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროექტი საბოლოო არ არის და ის არქიტექტურულ ნაწილში შესაძლოა შეიცვალოს.

ამ თემაზე: ლაშა კომახიძე რივიერაზე დაგეგმილი მშენებლობების შესახებ: ქალაქს ეს სჭირდება

ბათუმი რივიერა – 5 კოშკი ექვსის ნაცვლად – ფოტორენდერი პროექტიდან, რომელიც შესაძლოა კიდევ შეიცვალოს

რივიერას ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა საბოლოოდ ბათუმის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს. რაც შეეხება მშენებლობის ნებართვას, მერიაში აცხადებენ, რომ ასეთი სახის ობიექტზე ნებართვას მერია არ გასცემს.

„მერიის მიერ დადგინდა, რომ საპროექტო კომპლექსი, რომლის მშენებლობასაც აპირებს „ბათუმი რივიერა“, თავისი მახასიათებლებით, ფუნქციური დატვირთვიდან და სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით, წარმოადგენს მე-5 კლასის ობიექტს, რაზეც ქ. ბათუმის მერიის მიერ ნებართვა არ გაიცემა, ასეთი სახის ობიექტზე მშენებლობის ნებართვას გასცემს შესაბამისი საჯარო დაწესებულება.“ – აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ საკრებულოში გადაგზავნილ განმარტებით ბარათში.

საქართველოს კანონმდებლობით, V კლასის [განსაკუთრებული მნიშვნელობის] ობიექტების მშენებლობის ნებართვას გასცემს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო.

პროექტი „ბათუმი რივიერა“ დაახლოებით ცხრა ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აქედან  59 042 კვ/მ ტერიტორია უშუალოდ „სილქ როუდის“ საკუთრებაშია, 923 კვ/მ ნავსაყუდელის ნაგებობა და იქვე არსებული 8 533 კვ/მ მიწის ნაკვეთი 20-წლიანი იჯარით აქვს აღებული კომპანიას, 10 226 კვ/მ ტერიტორია აჭარის საკუთრებაშია, ხოლო 8 631 კვ/მ ბათუმის მუნიციპალიტეტის [ჭაჭის თაუერი] საკუთრებაა.

ბათუმელი აქტივისტები ამ მშენებლობას იმ მოტივით ეწინააღმდეგებიან, რომ კოშკების აშენების შემთხვევაში შეიცვლება ისტორიული ქალაქის იერსახე და გაუარესდება თანამედროვე ქალაქის ვენტილაცია.

ნახეთ პროექტის მოწინააღმდეგეების არგუმენტები:

რატომ უსტვენდნენ დღეს ბათუმის მერიასთან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: