მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა უნდა ვიცოდეთ მეძუძური დედის კვების რაციონზე – პედიატრის რჩევები

06.11.2022 • 1583
რა უნდა ვიცოდეთ მეძუძური დედის კვების რაციონზე – პედიატრის რჩევები

დედის რძე ცოცხალი ბიოლოგიური ნივთიერებაა, რომელიც მუდმივად იცვლება ბავშვის მოთხოვნილების შესაბამისად, ამიტომ თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ეს ნიშნავს, რომ მას ამ გზით იმ მიკროელემენტებს აძლევთ, რომლებიც ყველაზე ეფექტურად ეხმარება მის ზრდას. რამდენად სწორია მოსაზრება, რომ მეძუძური დედა მკაცრ დიეტაზე უნდა იყოს? – „ხოზრევანიძის კლინიკის“ პედიატრი ნარგიზ სურმანიძე ამბობს, რომ ეს არ არის სწორი. მისი თქმით, მთავარია, დედის კვება იყოს ბალანსირებული და გამორიცხავდეს არაჯანსაღ ან/და ალერგიულ პროდუქტებს.

  • ქალბატონო ნარგიზ, როგორი უნდა იყოს მეძუძური დედის კვების რაციონი?

არსებობს მოსაზრება, რომ მეძუძური დედა უნდა იყოს მკაცრ დიეტაზე, ეს არ არის სწორი – მთავარია, რომ კვება იყოს აუცილებლად ბალანსირებული, რაც ნიშნავს იმას, რომ რაციონი უნდა შეიცავდეს, როგორც ცილებს ისე ნახშირწყლებს.  თუმცა მნიშვნელოვანია მეძუძური დედა მოერიდოს ისეთ საკვებს, რომელიც ხელს უწყობს აირების წარმოქმნას. ასეთია, მაგალითად, სწრაფი კვების პროდუქტები (მათ შორის შაურმა), ასევე  კონსერვები, შებოლილი საკვები, ჭარბ ცხიმში შემწვარი პროდუქტი, ენერგეტიკული სასმელი, ყავის დიდი რაოდენობით მიღებაც იწვევს გაზების დაგროვებას და ცხადია, ბავშვის აღგზნებას. 

დედის რძე შეიცავს განუმეორებელ მიკროელემენტებს, რომლებიც აუცილებელია ბავშვის განვითარებისთვის, ეს არის ბუნებრივი კვება და ყველაზე ადაპტირებული ახალშობილისთვის, ანუ ის ცილა, ცხიმები, მიკროელემენტები, რასაც შეიცავს დედის რძე, არის უპირველესი პირობა ბავშვის განვითარებისთვის, ხელოვნური საკვები არის მასთან მიახლოებული საკვები. 

  • შეიძლება თუ არა კოფეინის შემცველი ისეთი სითხეების მიღება მეძუძური დედისთვის, როგორიცაა ყავა და ჩაი?

კოფეინის შემცველი სითხეები სასურველია, რომ ახალშობილობის პერიოდში დედამ არ მიიღოს, იმიტომ რომ კოფეინი გარკვეულ გავლენას მაინც ახდენს ორგანიზმის ზოგიერთ ფუნქციაზე, ძირითადად ნერვულ სისტემაზე, აღიზიანებს ლორწოვანას და ა.შ. 

სადღაც უკვე 6 თვიდან, მცირედი დოზებით, შეუძლია დედას მიირთვას ჩაი, მაგალითად დღეში ერთხელ ყავა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი არის ჯანმრთელი და მისი მომნელებელი სისტემა, ანუ კუჭ-ნაწლავი მუშაობს ნორმის ფარგლებში.

  • როგორ შეიძლება მივხვდეთ, რომ ყავის, ჩაის მიღება აისახა ბავშვის მდგომარეობაზე?

მეძუძური დედის მიერ მიღებული ჭარბი კოფეინი შეიძლება ნეგატიურად აისახოს ბავშვის ძილზე და გამოვლინდეს  ძილის დარღვევით, ბავშვის აღგზნებით, შეინიშნება შფოთვა.

  • ლუდის მიღება დასაშვებია?

სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს ამასთან დაკავშირებით, თუმცა რახან ლუდი ალკოჰოლის შემცველი სითხეა, ძირითადად ითვლება, რომ არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს.

MayoClinic: დედის რძეში არ არსებობს ალკოჰოლის ისეთი დონე, რომელიც ბავშვისთვის უსაფრთხოდ ითვლება. ამიტომ თუ დალევთ, მოერიდეთ ძუძუთი კვებას, სანამ ალკოჰოლიდან მთლიანად არ გაიწმინდება თქვენი რძე. ამას, როგორც წესი, სჭირდება ორიდან სამ საათამდე 355 მილილიტრი – 5%-იანი ლუდისთვის, 148 მილილიტრი 11% ღვინისთვის ან 44 მილილიტრი – 40%-იანი ლიქიორის მიღების შემთხვევაში. ასევე, გასათვალისწინებელია თქვენი სხეულის წონა. შეგიძლიათ ალკოჰოლს დალევამდე გაამზადოთ გამოტუმბული რძე, რათა მოგვიანებით მისცეთ ბავშვს.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი CDC: მეძუძური დედებისთვის ალკოჰოლის არ დალევა ყველაზე უსაფრთხო ვარიანტია. ზოგადად, მეძუძური დედის მიერ ალკოჰოლის ზომიერი მოხმარება (1 სტანდარტული სასმელი დღეში) არ არის ცნობილი, რომ საზიანოა ჩვილისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დედა ერთჯერადი სასმლის შემდეგ მაინც იცდის 2 საათს ძუძუთი კვებამდე. თუმცა, ნორმაზე მაღალი დოზით მიღებული ალკოჰოლის ზემოქმედებამ, დედის რძიდან შეიძლება ზიანი მიაყენოს ჩვილის განვითარებას, ზრდას და ძილის რეჟიმს. 

  • ხილზე რა შეზღუდვები არსებობს?

დედა უნდა მოერიდოს ისეთი ხილის მიღებას, რომელიც ძნელად მოსანელებელია (მაგალითად ხურმა, კარალიოკი) და ხშირ შემთხვევაში არის ალერგენი [ზღვის პროდუქტები, შესაძლოა – თხილეული და ძროხის რძე]. მან ძირითადად უნდა მიირთვას სეზონური ხილი და ბოსტნეული, რაშიც ნაკლებია ნიტრატები და სხვა ქიმიკატები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ბავშვის ორგანიზმზე. ყველაფერი ნატურალური არის კარგი.

  • შეიძლება დედის მიერ მიღებული ალერგიული საკვები ბავშვში ალერგიული რეაქციით გამოვლინდეს?

ნამდვილად. ის, რაც დედისთვის ალერგენს წარმოადგენს, შეიძლება ბავშვისთვისაც იყოს ალერგიული. მაგალითად არასეზონური მარწყვი ხშირ შემთხვევაში იწვევს ალერგიას, ასევე არასეზონურად მიღებული პომიდვრის და ტომატის შემცველი პროდუქტები. ალერგიული გამოვლინება შეიძლება იყოს ნაწლავთა მოქმედების დარღვევით, კანზე გამონაყარით, ჰიპერემიით, ღებინებითა და ა.შ.

ამ ყველაფერთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სტრესი და გადაღლილობა ძალიან უარყოფითად მოქმედებს ლაქტაციაზე, ამიტომ მეძუძური დედა და მის ირგვლივ მყოფი ადამიანები უნდა ცდილობდნენ, რომ მეძუძური დედა ისეთ გარემოში იმყოფებოდეს, სადაც სიმშვიდე და ნაკლები სტრესია.

ამავე თემაზე: 

ჯანმო ჩვილების ხელოვნური საკვების მარკეტინგის შოკისმომგვრელ მასშტაბებს ამხელს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: