მთავარი,სიახლეები

კრემლის „ბირთვულმა მუქარებმა“ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო – ISW

07.11.2022 • 1299
კრემლის „ბირთვულმა მუქარებმა“ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო – ISW

კრემლი ხედავს, რომ მისმა „ბირთვულმა თამაშმა“ ვერ გატეხა უკრაინის ნება, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის სამხედრო აგრესიას – ასე აფასებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) მოსკოვის მუქარის შედეგებს და დასძენს, რომ ბოლო დღეებში რუსეთმა თავისი „ბირთვული რიტორიკა“ შეარბილა, თუმცა ამ თემით თამაშს განაგრძობს, რათა აიძულოს აშშ და მოკავშირეები, გააძლიერონ ზეწოლა უკრაინაზე და კიევი და მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვან.

„ინსტიტუტის შეფასებით, რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინაში კვლავაც ნაკლებსავარაუდოა და კრემლი ახლა ცდილობს, თავისი ბირთვული რიტორიკა შეარბილოს,“ – წერს ISW-ი დღევანდელ ანგარიშში.

ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ კრემლის ბირთვულმა მუქარებმა ვერ გატეხა უკრაინის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ნება, რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა გაეგრძელებინა.

„უკრაინამ და მისმა საერთაშორისო მოკავშირეებმა ცხადად გააგებინეს კრემლს, რომ არ დათანხმდებიან მოლაპარაკებებს იარაღის ლულის ქვეშ და არ იტყვიან უარს უკრაინის სუვერენულ უფლებაზე, დაიბრუნოს საკუთარი ტერიტორიები,“ – წერენ ინსტიტუტის ექსპერტები.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სწორედ ამიტომ, ახლა კრემლი ცდილობს, თავისი „ბირთვული პოლიტიკა“ შეერთებულ შტატებთან და მის მოკავშირეებთან დაალაგოს. ოფიციალური პირების ცნობით, ნაციონალური უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი ბირთვულ საფრთხეებზე პუტინის მრჩეველს იური უშაკოვს და უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელს ნიკოლაი პატრშუევს ესაუბრა.

რუსეთის ელჩმა დიდ ბრიტანეთში ანდრეი კელინმა ასევე დაადასტურა, რომ 26 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ თავის რამდენიმე კოლეგას დაურეკა და არწმუნებდა მათ, რომ რუსეთი არაა დაინტერესებული ამ ომში ბირთვული იარაღის გამოყენებით.

ინსტიტუტის ცნობით, კრემლის ბირთვული რიტორიკის შესუსტებაში გარკვეული როლი ჩინეთმაც შეასრულა.

ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:

  • „ვაგნერის“ დამფინანსებელმა ევგენი პრიგოჟინმა 6 ნოემბერს დაადასტურა, რომ დაჯგუფება ქმნის „სახალხო ლაშქრის“ საწვრთნელ და სამართავ ცენტრებს კურსკსა და ბელგოროდის ოლქებში;
  • რუსი სამხედრო ბლოგერების ინფორმაციით, რუსეთის 155-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადამ სასტიკი დანაკარგი განიცადა პავლივკას შეტევისას;
  • რუსული წყაროების მტკიცებით, უკრაინის არმია განაგრძობდა კონტრშეტევას სვატოვო-კრემენაიას მიმართულებაზე;
  • რუსეთის ოპოზიციური წყაროების ცნობით, უკრაინელთა თავდასხმას მაკეევკასთან ახლოს, ლუგანსკის ოლქში, სავარაუდოდ, 500 რუსი მობილიზებული შეეწირა;
  • რუსეთის ძალები განაგრძობდნენ თავდაცვითი პოზიციების გამაგრებას ხერსონის ოლქში, დნეპრის დასავლეთ (მარჯვენა) სანაპიროზე, პარალელურად, უკრაინელები განაგრძობდნენ დარტყმებს რუსეთის ლოგისტიკურ ქსელებზე;
  • რუსეთის ძალებმა სახმელეთო შეტევები განახორციელეს ბახმუტთან, ავდიივკასთან და ვუჰლედართან;
  • რუსეთის ძალებს კვლავაც არ შეუწყვეტიათ რიტორიკა, თითქოს უკრაინის არმია კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე დარტყმას გეგმავს;
  • რუსეთის საოკუპაციო ძალები „ევაკუაციის“ საბაბით განაგრძობდნენ ოკუპირებული რაიონებიდან უკრაინელი ბავშვების რუსეთში იძულებით გაყვანას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: