მთავარი,სიახლეები

რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების 6 სცენარი – Insider

07.11.2022 • 1854
რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების 6 სცენარი – Insider

როგორ შეიძლება დასრულდეს ომი – ეს თემა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის მეცხრე თვეს კიდევ უფრო აქტუალურია. ექსპერტები სხვადასხვა ვარაუდს გამოთქვამენ და შესაძლო სცენარებს განიხილავენ. გამოცემა Insider-ი აქვეყნებს 6 ვარიანტს  – როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები უკრაინაში.

  • ვარიანტი პირველი – ცეცხლის შეწყვეტა

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორი, სეთ ჯონსი მიიჩნევს, რომ თუ საბრძოლო მოქმედებები ჩიხში აღმოჩნდება, უკრაინა და რუსეთი შესაძლოა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

თუმცა ჯონსის თქმით, ეს არა ომის დასასრული, არამედ პაუზა და გარდამავალი ეტაპი იქნება – ომიდან გაყინულ კონფლიქტში.  მას მაგალითად ჩეჩნეთის ომები მოჰყავს, როდესაც 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შედგა, შედეგად კი რუსეთმა ახალი შეტევა დაიწყო.

ასეთ პირობებში კრემლს შესაძლოა ჰქონდეს იმედი, რომ  დასავლელი პარტნიორები უკრაინის მხარდაჭერის ინტერესს დაკარგავენ.

  • ვარიანტი მეორე – სამშვიდობო შეთანხმება

კიდევ ერთ შესაძლო ვარიანტად Insider-ის ექსპერტი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას ასახელებს, თუმცა სეთ ჯონსის აზრით, პუტინი უკვე ძალიან შორს წავიდა იმისთვის, რომ ახლა ომი შედეგების გარეშე დაასრულოს.

აქვე დგას მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი – რა დათმობისთვის იქნება მზად უკრაინა.

ჯონსის აზრით, ნებისმიერი უკრაინელი ლიდერისთვის უკრაინის რომელიმე ტერიტორიის დათმობა ახლა „პოლიტიკური თვითმკვლელობაა“.

  • ვარიანტი მესამე – რუსეთის გამარჯვება

სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში, რუსეთს უკრაინის სწრაფად დაპყრობის, ხელისუფლების ჩამოგდებისა და მარიონეტული მთავრობის შექმნის იმედი ჰქონდა, თუმცა უკრაინამ ეს გეგმები ჩაუშალა.

ჯონსის თქმით, იმის შანსი, რომ რუსეთმა ომში გარდატეხა შეიტანოს, მთლიანად შემოატრიალოს მისი მიმდინარეობა და თავისი თავდაპირველი მიზნების მიღწევა შეძლოს, ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა თეორიულად, ტერიტორიული დათმობების შემთხვევაში, რუსეთი ეცდებოდა ეს გამარჯვებად და დასახული მიზნების მიღწევად გაეფორმებინა.

  • ვარიანტი მეოთხე – უკრაინის გამარჯვება

უკრაინის გამარჯვება ავტომატურად რუსეთის არმიის დამარცხებას ნიშნავს – სცენარი, რომ რუსეთის არმია თვითონ დატოვებს უკრაინას, ექსპერტის მოსაზრებით, თითქმის გამორიცხულია.

როგორც სეთ ჯონსი აღნიშნავს, ის ფაქტი, რომ რუსეთის დანაკარგების მიუხედავად, პუტინი საკუთარ გეგმებზე უარს არ ამბობს, ერთ რამეზე მიუთითებს –  რუსეთის ჯარების უკრაინის ტერიტორიიდან გასვლა, ვიდრე პუტინი ხელისუფლებაშია, ნაკლებსავარაუდოა.

  • ვარიანტი მეხუთე – გაჭიანურებული ომი

ეს ნაკლებად ოპტიმისტური ვარიანტია და გულისხმობს, რომ ომი შეიძლება წლები გაიწელოს.

ეს იქნება ომი დაუძლურებამდე, რაც ჯონსის აზრით, უკვე დაწყებულია. რუსეთი ახლა ცდილობს არა იმდენად ახალი ტერიტორიების დაკავებას, რამდენადაც უკრაინის დაღლასა და გამოფიტვას.

ასე, რომ აქ კითხვა ასე ჟღერს – ვინ გაძლებს მეტ ხანს?

  • ვარიანტი მეექვსე – ბირთვული ომი და NATO-ს ჩარევა

მეექვსე და აპოკალიფსური სცენარი კრემლის ბირთვულ შანტაჟს უკავშირდება. სეთ ჯონსი მიიჩნევს, რომ პუტინმა ბირთვული იარაღი შესაძლოა რუსეთის არმიის ტოტალური მარცხის შემთხვევაში გამოიყენოს, თუმცა რისკები ნებისმიერ გეოპოლიტიკურ სარგებელს აღემატება.

ამ სცენარზე მსჯელობისას კვლავაც ბოლომდე გაურკვეველი რჩება, ჩაერთვება თუ არა მასში NATO, რომლის ომში მონაწილეობაც, ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომს და მასში ჩინეთის ჩართვას ნიშნავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: