მთავარი,სიახლეები

რუსეთი საჰაერო უპირატესობას ვერც უახლოეს მომავალში მოიპოვებს – ბრიტანეთის დაზვერვა

07.11.2022
რუსეთი საჰაერო უპირატესობას ვერც უახლოეს მომავალში მოიპოვებს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთი კვლავაც ვერ ახერხებს უკრაინაში საჰაერო უპირატესობის მოპოვებას და ეს ვითარება, სავარაუდოდ, ვერც მომავალ თვეებში შეიცვლება.

3 ნოემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკვე ორჯერ მეტი თვითმფრინავი დაკარგა უკრაინაში, ვიდრე საბჭოთა კავშირის 10-წლიან ომში ავღანეთში.

ბრიტანეთის დაზვერვა მიუთითებს, რომ ავღანეთში საბჭოთა კავშირის დანაკარგი 119 სამხედრო თვითმფრინავი იყო. უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინაში 277 რუსული თვითმფრინავი განადგურდა.

„ჩვენ არ შეგვიძლია ამ რიცხვების დამოუკიდებლად გადამოწმება, თუმცა რუსეთს კვლავაც არ აქვს უპირატესობა ჰაერში. ეს, სავარაუდოდ, ასევე გამოწვეულია ცუდი მომზადებით, გამოცდილი ეკიპაჟების დაკარგვით და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით დატვირთულ ზონაში მოქმედების გაზრდილი რისკებით,“ – აღნიშნავს უწყება.

დაზვერვის შეფასებით, ეს ვითარება ვერც უახლოეს თვეებში შეიცვლება, რადგან რუსეთის თვითმფრინავების დანაკარგი, სავარაუდოდ, ბევრად აღემატება მათ შესაძლებლობას, გამოუშვან ახალი ტექნიკა, კომპეტენტური პილოტების მომზადებას კი სჭირდება დრო, რომელიც ახლა რუსეთს არ აქვს.

„ეს კიდევ უფრო ამცირებს რუსეთის შესაძლებლობებს, აღადგინოს თავისი სამხედრო ავიაცია,“ – ასკვნის უწყება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 7 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი 277 თვითმფრინავი, 260 ვერტმფრენი და 1 465 უპილოტო საფრენი აპარატია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: