მთავარი,სიახლეები

კორპუსები ბათუმში, სადაც გაზის გაყვანილობა სახიფათოა – რატომ არ შეიძლება მილების გადაბმა 

06.11.2022 • 1863
კორპუსები ბათუმში, სადაც გაზის გაყვანილობა სახიფათოა – რატომ არ შეიძლება მილების გადაბმა 

„ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე დახურულ სივრცეში,“ – ამბობს „სოკარ ჯორჯია გაზის“ კონტრაქტორი ფირმის საპროექტო და სამშენებლოს ყოფილი უფროსი ლაშა წულუკიძე ერთ-ერთ გადაბმულ მილზე, რაც შეფუთვის გადაწევის შემდეგ გამოჩნდა.

ეს კადრი ბათუმში, წმინდა ევდემოზის ქუჩის 48-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსშია გადაღებული. ერთი შეხედვით, ამ ახალ კორპუსში საფრთხის შემცველი არაფერია:

გაზის მილები სადარბაზოში არ ჩანს და შეფუთულია, ხოლო მოსახლეობამ საფრთხის შესახებ არაფერი იცის, თუმცა ბინის შესასვლელებთან, ჭერში თუკი შესაფუთ მასალას გადაწევთ, ნახავთ, რომ მილები გადაბმულია, რაც სპეციალისტების, ასევე სემეკის შეფასებით, „ფაქტობრივად ბომბია“.

ეს კორპუსი წმინდა ევდემოზის ქუჩიდან სემეკის 2022 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებაში მოხვდა. საუბარია გადაწყვეტილებაზე, სადაც საუბარია ბათუმში არსებულ 11 ახალ საცხოვრებელ კორპუსში საფრთხისშემცველ გაზგაყვანილობაზე, რის გამოც „სოკარ ჯორჯია გაზს“ გაფრთხილება მისცეს. სემეკის გადაწყვეტილებაში წერია, რომ ეს კორპუსები შემთხვევითობის პრინციპით შეარჩიეს.

გადაწყვეტილებაში საუბარია საფრთხეზე ორი გარემოების გამო: მილები ხანძრისგან დაცული არ არის და მეორე: „მილსადენებზე არსებული გასართი შეერთებები მოწყობილია იმ ადგილებში, სადაც მოქმედი ტექნიკური რეგლამენტით არ არის დასაშვები“, – წერია სემეკის გადაწყვეტილებაში.

„ბათუმელები“ 2 ნოემბერს წერდა კონკრეტულ ახალ კორპუსზე შენობის ფასადიდან გაზის მილების შეყვანის თემაზე. გარეფასადიდან მილების შეყვანის შემთხვევა ჯერ შესწავლილი არ არის, თუმცა სემეკმა დააფიქსირა ხარვეზები სხვა კორპუსების სადარბაზოებიდან გაზის მილების შეყვანის შემთხვევაში. სემეკმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ კონკრეტული 11 მისამართის გარდა, „ანალოგიური ხარვეზებით ხორციელდება მიერთების სამუშაოები მრავალბინიან საცხოვრებელ შენობებში ქ. ბათუმში წლების (5-6 წელი) განმავლობაში“.

რა შეიცვალა გაფრთხილების მიცემის შემდეგ? – სემეკის პრესცენტრში გვიპასუხეს, რომ მონიტორინგს განაგრძობენ, „სოკარ ჯორჯია გაზში“ კი, ჩვენი კითხვა უპასუხოდ დატოვეს. ორ კონკრეტულ მისამართზე „ბათუმელებს“ მოსახლეობამ უთხრა, რომ არაფერი შეცვლილა.

მაგალითად, წმინდა ევდემოზის 48-ში რამდენიმე გაღიზიანებული მოქალაქე დაგვხვდა: „სოკარს მოუთხოვია გაზის მილები იატაკიდან უნდა გავიყვანოთ, მთლიანად კორპუსში ასე იქნებაო,“ – ჰყვებოდნენ ადამიანები, რომლებიც მშენებარე კორპუსში ბინების მოსაწყობად ემზადებიან. ამ კორპუსის მეზობელია ის კორპუსი, რომელიც სემეკის გადაწყვეტილებაში მოხვდა, სადაც უკვე ხალხი ცხოვრობს და ჩვენც საშიშად გადაბმული მილების ფოტოები გადავიღეთ.

ორივე კორპუსს კომპანია „DS გრუპს“ აუშენებია. კომპანიის ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირს, რაულ შავაძეს ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს არ დაუმალავს „სოკარის“ ახალი მოთხოვნა.

„ახლა გამოგვიგზავნეს მოთხოვნა წერილობით, რომ იატაკიდან უნდა მოხდეს გაყვანილობა. რას უკავშირდება ეს არ ვიცი, რატომ შეცვალეს, უნდა მოვილაპარაკოთ,“ – გვითხრა რაულ შავაძემ. მისი თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია დარღვევებზე, რაც სემეკმა „სოკარის“ წინააღმდეგ დააფიქსირა მის მიერ უკვე აშენებულ კორპუსში.

„წელიწად-ნახევარია აქ ვცხოვრობ, პირველ მცხოვრები მე ვარ, არ ვიცოდი, ასეთი ამბავი თუ იყო. იმედია, გაერკვევიან და ჩვენც გაგვარკვევენ“, – გვითხრა ევდემოზის 48-ში მცხოვრებმა მალხაზ ბოლქვაძემ. მას და მის მეზობლებს არ სურთ იმის დაჯერება, რომ მათ კორპუსში გაზის მილები „საფრთხის შემცველია“.

„არ ვიცით, იქნებ სხვა კორპუსია? ნამდვილად ჩვენს კორპუსში ხდება ეს?“ – კითხულობდნენ მოქალაქეები და მიგვითითეს, რომ მილები შეფუთულია და დაცული.

„ფაქტია, რომ შეფუთულია, მაგრამ არ არის დაცული. ეს მილებს ხანძრისგან ვერ დაიცავს,“ – ამბობს გაზის გაყვანილობის სპეციალისტი, ლაშა წულუკიძე, რომლის მიმართვის საფუძველზეც შეისწავლა სემეკმა ბათუმში რამდენიმე ახალი კორპუსი.

სამეკის განმარტებით, გაზის მილების მსგავსი გაყვანილობა სადარბაზოში  „საფრთხის შემცველია“

ლაშა წულუკიძე, როგორც სპეციალისტი განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო რეგულაციები შეიცვალა, სადარბაზოებში გამოყოფილი უნდა იყოს სახანძრო დერეფანი, თავად დერეფანი კი დახურული უნდა იყოს. დახურულ სივრცეში გაზის მილების გადაბმა განსაკუთრებით საშიშია, გარდა იმისა, რომ მილები შესაბამისად შეფუთული არ არის.

„არავის არაფერი შეუცვლია მას შემდეგ, რაც გაკეთდა,“ – გვითხრეს ჰაიდარ აბაშიძის 65-ში მდებარე ახალ საცხოვრებელ კორპუსში. აქაც ანალოგიურად გვკითხეს: ნამდვილად ჩვენს კორპუსში დაფიქსირდა დარღვევები?

სამეკის განმარტებით, გაზის მილების მსგავსი გაყვანილობა სადარბაზოში  „საფრთხის შემცველია“

დერეფანი ჰაიდარ აბაშიძის 65-ში მდებარე კორპუსში

გაზის მილები ჰაიდარ აბაშიძის 65-ში

აქ კომენტარი არც ამხანაგობის თავმჯდომარემ მოგვცა, თუმცა დაგვიდასტურა, რომ „სოკარიდან“ მილების შესაფუთად ან რამეს შესაცვლელად კორპუსში არავინ მისულა აგვისტოდან [ანუ სემეკის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან] ამ დრომდე.

რა შეცვალა „სოკარმა“ დაფიქსირებული დარღვევებიდან? – „ბათუმელები“ დაუკავშირდა „სოკარ ჯორჯია გაზის“ პრესცენტრს, თუმცა ამ დრომდე პასუხი ვერ მივიღეთ.

ვინ არის პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე, როცა ადამიანებს სახელმწიფო უწყება, კონკრეტულად კი სემეკი ეუბნება, რომ გაზის მილები მათ კორპუსებში „საფრთხის შემცველია“?

__

ამავე თემაზე:

„ბომბია ფაქტობრივად“ – „სოკარის“ ყოფილი მენეჯერი საფრთხეზე, რასაც ადასტურებს სემეკიც

გადაბეჭდვის წესი


ასევე: