მთავარი,სიახლეები

ბათუმის გენგეგმისთვის გამოყოფილი 620 ათასი ლარი მერიამ მომავალი წლის ბიუჯეტში გადაიტანა

05.11.2022 • 1293
ბათუმის გენგეგმისთვის გამოყოფილი 620 ათასი ლარი მერიამ მომავალი წლის ბიუჯეტში გადაიტანა

ბათუმის ბიუჯეტში ბოლოს შესული ცვლილების თანახმად, 620 000 ლარი, რომელიც სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტის [გენგეგმის ნაწილი] შემუშავებისთვის იყო გათვალისწინებული, მომავალი წლის ბიუჯეტში გადაიტანეს. ცვლილებასთან დაკავშირებით ბიუჯეტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ:

„მცირდება ღონისძიების დაფინანსება წარმოდგენილი შესრულების გათვალისწინებით – დაფინანსება გადადის 2023 წელს.“

„ბათუმელებმა“ მოიპოვა დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ მხარეები სასამართლოში დავობენ – მიზეზი კი ვადების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოა.

პირგასამტეხლოს დაკისრების აქტი მერიამ მიმწოდებელი კომპანიის – „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წინააღმდეგ მეორე ეტაპის დოკუმენტების შეთანხმებულ ვადაში ჩაუბარებლობის გამო გამოსცა.

„ბათუმელებთან“ საუბარში ორივე მხარე ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ეს დოკუმენტის მომზადების პროცესს არ შეაფერხებს.

მიმწოდებელი კომპანიის ხელმძღვანელმა, მამუკა სალუქვაძემ პირგასამტეხლოს დაკისრების აქტზევე დაწერა, რომ არ ეთანხმება გადაწყვეტილებას, შემდეგ კი კომპანიამ ეს აქტი სასამართლოში გაასაჩივრა.

მერიამ პირგასამტეხლოს დაკისრების აქტი 2022 წლის 19 აპრილს გამოსცა.

დოკუმენტების მიხედვით, 2022 წლის აპრილში ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, მირიან მეტრეველმა ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს მოხსენებითი ბარათით მიმართა, სადაც სამსახურის უფროსი  მერს ატყობინებდა, რომ გენგეგმაზე მომუშავე კომპანიამ დოკუმენტის მეორე ეტაპის  ჩაბარების ვადა დაარღვია.

მოხსენებით  ბარათში ასევე ვკითხულობთ, რომ დარღვევის გამო კომპანიას უნდა დაჰკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველი დაგვიანებული დღისთვის ხელშეკრულების ფასის 0,02% პროცენტის ოდენობით, 2022 წლის 11 თებერვლამდე – შესრულების წარმოდგენამდე.

სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათიდან ასევე ვიგებთ, რომ ეს აქტი კომპანიამ სასამართლოში გაასაჩივრა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ კი 2022 წლის 23 მარტის ,,სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ“ განჩინებით დააკმაყოფილა ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი
საქართველოს“ განცხადება და ბათუმის მერიას დაევალა არ დაუქვითოს კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო სასამართლო დავის დასრულებამდე.

მერიამ ეს განჩინება [სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ] სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ამ გარემოების გათვალისწინებით, მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი მერს სთხოვდა, რომ დაევალებინა საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსისთვის, ამ ეტაპზე არ დაექვითათ თანხა.

ამ საკითხთან დაკავშირებით მერს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ედნარ ნატარიძემაც მიმართა.

ნატარიძე მერს წერს, რომ კომპანიას ვადის დარღვევისთვის 43 924 ლარი დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით. მან მერს სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე აცნობა და ითხოვა მისთვის განემარტათ, როგორ უნდა მოქცეულიყო ასეთ შემთხვევაში: „გთხოვთ დაავალოთ შესაბამის სამსახურს, მოგვცეს სამართლებრივი განმარტება, ექვემდებარება თუ არა აღნიშნული პირგასამტეხლოს თანხა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაკავებას.“

მერიის ადმინისტრაციის უფროსი, ნუკრი დეკანაძე საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსს განუმარტავს, რომ მერიას უკვე ჩაჰბარდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც მერიას არ აძლევს უფლებას კომპანიას პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული თანხა დავის დასრულებამდე გამოუქვითოს. ადმინისტრაციის უფროსი ამავე წერილში წერს, რომ ეს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული.

კომპანიის დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ „ბათუმელებთან“ განმარტა, რომ დავა ეხება ხელშეკრულებაში კონკრეტული მუხლის ინტერპრეტაციას – ახლა სასამართლოში ცდილობენ იმის გარკვევას, რამდენად სწორად ესმით მისი შინაარსი მოდავე მხარეებს:

„ჩაჰბარდა დოკუმენტი, ამის შემდეგ მოვიდა შენიშვნები. შენიშვნების პერიოდი ითვალისწინებს თუ არა პირგასამტეხლოს დაკისრებას, იმისთვის, რომ შენიშვნა გამოსწორდეს, ამაზე იყო დავა. მართალია, დიდ თანხაზე არ იყო საუბარი, მაგრამ მომავალში კრიზისში რომ არ შევსულიყავით და ეს ყველაფერი სასამართლოს განესაზღვრა. ეს ეხება შენიშვნების გათვალისწინებისთვის საჭირო სამუშაო პერიოდს – ანუ ამ პერიოდს ეხება თუ არა პირგასამტეხლო, ეს უნდა განსაზღვროს სასამართლომ. ეს მნიშვნელოვანია, რომ არ დაზარალდეს პროექტი“.

ხელშეკრულებაში დოკუმენტის ჩაბარების ეტაპები დეტალურად არის გაწერილი, შეთანხმება თითოეული ეტაპის ჩაბარებას შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და შესაბამისი ანგარიშფაქტურის გამოწერიდან 10 სამუშაო დღეში ითვალისწინებს, შესაძლო შენიშვნებთან დაკავშირებით კი ხელშეკრულებაში ვკითხულობთ:

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ედნარ ნატარიძემ გენგემის მომზადების დაფინანსების 2023 წელს გადატანასთან დაკავშირებით „ბათუმელებთან“ განმარტა:

„პროცედურულად ბიუჯეტი ერთი წლით ადრე იგეგმება, ეს ბიუჯეტი გასული წლის ოქტომბერშია დაგეგმილი. იმ პერიოდისთვის გადაანგარიშებული იყო 2 მილიონი ლარი. შესრულების ეტაპების მიხედვით, ვადების გამოთვლის მიხედვით, როცა გადავიანგარიშეთ, ერთი შესრულების პერიოდი გარკვეული თარიღით გადადის მომავალ წელში. კომპანიას ყველა ამ პროცედურის შესრულება უწევს – ამ განრიგის გათვალისწინებით გადავიტანეთ 2023 წელს. ეს ყველაფერი საფინანსო სამსახურმა დაითვალა ხელშეკრულების პუნქტების გათვალისწინებით“.

ხელშეკრულების მიხედვით, მერია დოკუმენტის მომზადებაში ჯამში 2 მილიონ 495 700 ლარს გადაიხდის, თანხა კომპანიას, ეტაპობრივად, ჩაბარებული დოკუმენტების შესაბამისად ერიცხება. მერიას უკვე გადახდილი აქვს 898 452 ლარი, რაც საერთო ღირებულების 36 პროცენტია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: