მთავარი,სიახლეები

თუ პუტინს მიიმწყვდევენ ვირთხასავით, შეიძლება ბირთვული იარაღიც გამოიყენოს – ინტერვიუ

04.11.2022 • 5146
თუ პუტინს მიიმწყვდევენ ვირთხასავით, შეიძლება ბირთვული იარაღიც გამოიყენოს – ინტერვიუ

„ზამთრის მოახლოება და ამინდის ცვლილებები დაეტყოთ, რა დროსაც საჰაერო თვალთვალის შესაძლებლობა ქვეითდება ღრუბლიანობის და ნისლის გამო, ასევე რთულდება ფარულად გადაადგილების და შენიღბვის შესაძლებლობები,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც გასულ კვირაშიც ყურადღებით აკვირდებოდა ბრძოლის ველს.

გადამდგარი გენერლის აზრით, გადამწყვეტი წარმატებისთვის უკრაინას სჭირდება არამხოლოდ თანამედროვე აღჭურვილობა შესაბამისი რაოდენობით, არამედ ამ აღჭურვილობის ერთდროულად მიწოდება.

„ვერ იქმნება მასირებული დარტყმის შესაძლებლობა,“ – ვახტანგ კაპანაძე განმარტავს, რამდენად რთულია 1000 კილომეტრზე მასირებულ დარტყმა შეძლოს უკრაინამ. ის ამ ეტაპზე ვერ ხედავს წარმატებული კონტრდარტყმის რესურსს.

„არ ვიცი, როგორ, მაგრამ უკრაინამ უნდა შეძლოს რაღაცნაირად მიწოდებული ტექნიკის აკუმულირება, რომ არ გაფანტოს აქეთ-იქეთ და მასირების ეფექტს მიაღწიოს. ეს აუცილებელია წარმატებული დარტყმისთვის,“ – ამბობს გადამდგარი გენერალი.

„ბათუმელებმა“გადამდგარ გენერალ-მაიორთან, ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, აშშ-ს ომის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით, გასულ კვირას უკრაინის არმია განაგრძობდა კონტრშეტევას კრემანაიასა და სვატოვოს მიმართულებაზე, ხოლო რუსეთის ძალებმა რამდენიმე შეტევა განახორციელეს ბახმუტის, ავდეევკისა და დონეცკის რაიონებში, თუმცა არცერთი მიმართულებით არ არის მნიშვნელოვანი ცვლილებები. თქვენი დაკვირვებით, რა ფაქტორებმა შექმნა ეს მოცემულობა?

უკრაინელები მიუახლოვდნენ ე.წ. კულმინაციის წერტილს, რომლის შემდეგაც ყალიბდება გარემოება, როცა შემტევ მხარეს აღარ შეუძლია შეტევის გაგრძელება
და შეიქმნა ეს მოცემულობა, მათ ახლა სჭირდებათ ოპერატიული პაუზა: რეზერვების მომზადება, გადაჯგუფება და მომზადება გაზაფხულის კამპანიისთვის. რუსებმა კი, შეძლეს მობილიზაციის ხარჯზე თავდაცვის ზოლში არსებული „ღრიჭოების“ შევსება. რუსებმა ახალმობილეზებულების რაოდენობით მოახერხეს შეენელებიათ უკრაინელების შეტევები.

გაწონასწორდნენ ერთგვარად და პოზიციურ დაპირისპრიებაში გადავიდა უკვე ორივე მხარე, ამას ემატება ზამთრის მოახლოვება და ამინდის ცვლილებები, რა
დროსაც საჰაერო თვალთვალის და დაზვერვის შესაძლებლობა ქვეითდება ღრუბლიანობის და ნისლის გამო, ასევე რთულება ფარულად გადაადგილების და
შენიღბვის შესაძლებლობა.

  • ამ ერთგვარი სტაგნაციის მიუხედავად, უკრაინელების ინფორმაციით, ყოველდღიურად სულ ცოტა 700 რუსი ჯარისკაცი კვდება. ბოლო დღეებში 4 ქართველი მეომარი დაიღუპა და ამ ციფრით ჩანს, რომ უკრაინელებსაც დანაკარგი დიდი აქვთ. რა განაპირობებს ამ მასშტაბთ დაღუპულთა რაოდენობის გაზრდას?

ჩემთვის ძალიან სამწუხაროა განსაკუთრებით ქართველი მებრძოლების დაღუპვა. ვერ ვიტყვი, რომ ეს დაკავშირებულია ზოგადად უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგის ზრდასთან, მაგალითად, კადიროველებმა ერთდროულად 30-მდე მებრძოლი დაკარგეს, მაგრამ არა იმიტომ, რომ გაზარდეს თავისი აქტიურობა. ეს ომია და შესაძლებელია მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინელები შეტევაში იმყოფებიან და ეს ოპერატიული გარემოებაც ზრდის დანაკარგების რაოდენობას.

არ ვიცი, რამდენად სარწმუნოა ის ციფრები, რასაც უკრაინელები აჟღერებენ რუს დაღუპულებზე, თანაც, არ აუღიათ ბოლო დროს რამე მნიშვნელოვანი ტერიტორია, რომ დაეთვალათ, თუმცა არ გამოვრიცხავ დანაკარგების გაზრდას რუსებში – ახალმობილიზებულების კვალიფიკაცია ძალიან დაბალია.

  • უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ზალუჟნი ამბობს, რომ რუსეთმა 2-ჯერ მეტი ავიაცია დაკარგა უკრაინაში, ვიდრე ავღანეთში 10 წლის განმავლობაში: 278 რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს უკრაინაში, ავღანეთში კი, 118 საბჭოთა თვითმფრინავი. ეს დანაკარგი რამდენი პროცენტია რუსული არმიისთვის და რას ნიშნავს მსგავსი დანაკარგი ნებისმიერი არმიისთვის?

ვერ გეტყვით რამდენი პროცენტია, თუმცა თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ მონაცემი უფრო სარწმუნო ციფრია, ეს ფიქსირდება და დათვლადია, ვიდრე პირადი შემადგენლობის დანაკარგი.

ავღანეთთან შედარება არარელევანტური მგონია, ვინაიდან უკრაინას გააჩნია საჰაერო თავდაცვა, თანამედროვე, ან მასთან მიახლოებული, საბჭოთა კავშირის სისტემა მაინც. ავღანეთს კი, ეს არაფერი არ გააჩნდა იმ ომის შემთხვევაში. ეს რომ იყოს შედარება თანაზომიერ ოპერაციასთან, უფრო სარწმუნო იქნებოდა.

  • რა ხდება ხერსონთან – რამდენად გაიზარდა შესაძლებლობა, რომ უკრაინელებმა გაააქტიურონ კონტრშეტევა სამხრეთის მიმართულებაზე?

ვერ ვხედავ ამის ნიშნებს, რომ უკრაინელები ამზადებდნენ მნიშვნელოვან დარტყმას. შესაძლოა, ისინი ამას არ აპირებენ, ან ნიღბავენ, რომ არ ჩანდეს ძალების გადაჯგუფება და თავმოყრა. ფაქტია, რომ უკრაინელების აქტიურობა ხერსონის მიმართულებაზე შეჩერებულია. არ გამოვრიცხავ, თუმცა, როგორც წინა ინტერვიუებში ვამბობდი, ახლაც ეჭვი მეპარება, რომ უკრაინამ ამ ეტაპზე ხერსონის მიმართულებით მნიშვნელოვანი ოპერაციის განხორციელება შეძლოს.

უკრაინას ამ ეტაპზე სჭირდება ძალების მოგროვება და ოპერატიული პაუზა, რაც არ გააკეთა რუსეთმა სევეროდონეცკის და ლისიჩასკის აღების შემდეგ, შესაბამისად, მიიღეს ის, რაც მიიღეს. ვფიქრობ, უკრაინელები ამას ითვალისწინებენ, არ ჩქარობენ და სწორ ნაბიჯებს დგამენ. მოსალოდნელია, რომ  უკრაინელებმა კიდევ შეანელონ ტემპი და მოემზადონ ზამთრის ყინვებისთვის, გაზაფხულზე კი, კონტრდარტყმის განახლებისთვის.

ორივე მხარე ცდილობს ახლა, რომ გარკვეული პოზიტიური შედეგით დაასრულოს წელი, თუმცა ეჭვი მეპარება, რომ დიდი მასშტაბის საომარი ოპერაცია მოხდეს გაზაფხულამდე.

  • ისევ მაღალია ბირთვული ტაქტიკური იარაღის გამოყენების საფრთხე? მაგალითად, ბრიტანელი პოლკოვნიკი და სამხედრო ექსპერტი, რიჩარდ კემპი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში უშვებს ამის ალბათობას. „ეს უნდა იყოს ნატოს შეტევა, რომელსაც ექნება ჯეროვანი ეფექტი – მაგალითად, შავი ზღვის ფლოტის ჩაძირვა, ან რამე ასეთი,“ – ამბობს ის. მისივე თქმით, „თუ ქალაქს დაუმიზნებს… და თუ ათასობით ადამიანს ამოხოცავს, ამას ალბათ ექნება გავლენა უკრაინელების მორალზე, მაგრამ წინასწარ ვერავინ ივარაუდებს, როგორი იქნება ეს გავლენა – უკრაინელები ბრძოლის გაგრძელების სურვილს დაკარგავენ თუ პირიქით, უფრო გაუმძაფრდებათ ბრძოლის ჟინი“.

მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში მე ვერ ვხედავ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას. თუ კარგად დააკვირდებით, რუსეთს ჯერ არ გამოუყენებია ბოლომდე თავისი შესაძლებლობები… ვგულისხმობ ბელარუსის მხრიდან მეორე ფრონტის გახსნას, არ შეუყვანია ის რეზერვები, რომელიც მობილიზებულია, ხუმრობა არ რის 300 ათასი კაცი, ახლა საშემოდგომო გაწვევით დაახლოებით 130 ათასი კაცი დაემატება, მომავალში შესაძლოა კიდევ ერთი მობილიზაცია გამოაცხადოს და მილიონიანი მობილიზება იქნება. ჯერ რუსეთს არ სჭირდება ამ უკიდურესი ზომის გამოყენება.

  • მაგრამ რუსეთისთვის ცხადია ის ძალა, რაც უკრაინისთვის დასავლეთიდან მიწოდებულ აღჭურვილობას აქვს.

უკრაინას არ გააჩნია ეს აღჭურვილობა იმ რაოდენობით, რომ ომი მოიგოს. მე არ ვემხრობი დასავლეთიდან მიწოდებული აღჭურვილობის გაფეტიშებას. უკრაინას უკვე აქვს ხარისხობრივი უპირატესობა რუსეთთან, რაოდენობრივი – არა. უნდა გაიზარდოს საგრძნობლად რაოდენობა ამ ტექნიკის. უკრაინას ხარისხობრივთან ერთად სჭირდება რაოდენობრივი უპირატესობა, ან მინიმუმ თანაფარდობა.

არავითარი ნიშანი არ არის დღეს იმის, რომ რუსეთი აპირებს ბირთვული იარაღის გამოყენებას. თუ ის იქნება მიმწყვდეული ვირთხის მდგომარეობაში, შეიძლება ეს გამოიყენოს, მაგრამ ჯერ არ ვიცით, შედეგი რა იქნება, არ ვიცით, ევროპა როგორ გადაიტანს ამ ზამთარს, ან უკრაინა როგორ გადაიტანს ამ ზამთარს.

  • მიგაჩნიათ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შანსი იზრდება, თუკი პუტინი დაინახავს, რომ მარცხდება? 

რა თქმა უნდა, ასეა. მისი ამოცანა ცხადია, აღარაა ის, რომ კიევი აიღოს და ასე შემდეგ. მისი ამოცანაა, რაც დაიპყრო, ის არ დაკარგოს, განაგრძოს პოლიტიკური ცხოვრება. თუ დაინახავს პუტინი პოლიტიკურად, ან ფიზიკურად სიკვდილ-სიცოცხლის საფრთხეს, მაშინ შეიძლება გამოიყენოს.

ასე იყო მთელი „ცივი ომის“ განმავლობაშიც, სულ ელოდებოდნენ, როდის გამოიყენებდა რომელიმე მხარე ბირთვულ იარაღს. ბირთვული იარაღის გამოყენების „ხიბლი“ კი ის არის, რომ სწორედ მან შეძლო, არ მომხდარიყო დიდი ომი ამ დრომდე, რუსეთ-უკრაინის ომს თუ არ ჩავთვლით. ბირთვულმა შეიარაღებამ შექმნა ერთგვარი პარიტეტი მსოფლიოში, მისი გამოყენება ასე მარტივად არ მოხდება.

  • პოლკოვნიკი რიჩარდ კემპი მიიჩნევს, რომ რუსეთი განიხილავს ორ ვერსიას: „პირველი – საპასუხო კონტრიერიში წამოიწყოს, უკრაინელებს სამხრეთში უკან დაახევინოს და ხარკოვზე თუ არა, მთლიანად დონბასზე მაინც დაამყაროს უპირობო კონტროლი. თუ ამას მიაღწევს, ეს წარმატებაში ჩაეთვლება. მეორე სცენარი – ზელენსკი უნდა გატეხოს. ზელენსკიმ უნდა თქვას – ჯანდაბას, წაიღეთ დონბასი, ჩვენ კი მშვიდობა გვექნება.“ თქვენი აზრით, უნდა ჰქონდეს რუსეთს რომელიმე ამ სცენარით მოვლენების განვითარების მოლოდინი?

ეს შეიძლება იყოს საუკეთესო სურვილები რუსეთისთვის. ჩემი აზრით, რუსეთისთვის წარმატება იქნება შეინარჩუნოს ის, რაც მას ახლა აქვს და არა მთლიანად დონბასის აღება და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, არაფერი მნიშვნელოვანი არ მოხდება ამ ეტაპზე განსაკუთრებით რუსეთის მხრიდან… ამ ეტაპზე რუსებს შეტევის პოტენციალი ამოწურული აქვს.

  • თქვენი დაკვირვებით, რის იმედი აქვს ახლა პუტინს? 

პუტინს იმედი აქვს პოლიტიკური კუთხით, რომ სწორედ ენერგო პრობლემები გამოიწვევს გარკვეულ ცვლილებებს დასავლეთისა და მოსახლეობის მიდგომასთან. სამხედრო კუთხით კი თვლის, რომ უკრაინამ ამოწურა შეტევითი პოტენციალი და გადავა პოზიციურ დაპირისპირებაში, რაც მისცემს რუსებს ამოსუნთქვის საშუალებას.

  • სააგენტო Reuters-ის ფინანსური ექსპერტების გათვლებით მობილიზებულებისთვის გადასახდელი თანხა, სოციალური ბენეფიტების ჩათვლით, კრემლს 6 თვეში 900 მილიარდი რუბლიდან 3 ტრილიონ რუბლამდე დაუჯდება [დაახლოებით $14,6- $32,4 მილიარდი]. ეს ფინანსური ფაქტორი რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის?

რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, წინა ინტერვიუშიც აღვნიშნე, რომ რუსეთს ომის წარმოების რესურსი უჭირს, განსაკუთრებით ეკონომიკურ მხარეს ვგულისხმობ. მაგალითად, როცა უნდა დაერიგებინათ მობილიზებულისთვის 3 – 3 ათასი დოლარი, მისცეს მხოლოდ 400 – 400 დოლარი, რამაც უკმაყოფილება და გამოსვლები გამოიწვია. ეს მნიშვნელოვანი ტვირთია რუსეთის ეკონომიკისთვის, რომელიც ისედაც მძიმე დღეშია.

  • ადიროვი ისტერიულად მოუწოდებს მოქალაქეებს, რუს ჯარისკაცებს თბილი ტანსაცმელი შეუგროვონ. არის ის განწყობა, რომ კადიროვის მოწოდებას გამოეხმაუროს საზოგადოება რუსეთში ?

მე პირადად ვიცი, რომ ახალმობილიზებულს უთხრეს, თავისი ტანსაცმლით გამოცხადებულიყო შეკრების პუნქტში – ნამდვილად აქვთ რუსებს მომარაგების პრობლემა.

ეს ხდება იმიტომ, რომ დიდი მასშტაბის მობილიზაცია ჰქონდათ მოკლე დროში, სამობილიზაციო მარაგები კი, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროსაა შექმნილი. მოუვლელობის და კორუფციის შედეგად განადგურებულია ეს მარაგები ფაქტობრივად, არ ჰყოფნით აღჭურვა და მომარაგება. თუმცა, ჩემი აზრით, საშუალოვადიან პერსპექტივაში შეძლებს რუსეთი გამონახოს ეს რესურსი: იგივე ჩრდილოეთ კორეაში, ან ირანში შეიძინოს ტანსაცმელი.

რუსეთის რეალობაა ის, რომ მობილიზაციის შედეგად ხალხი მოაგროვეს, მაგრამ ეკონომიკა ვერ გადავიდა სამხედრო რელსებზე, რომ მოამარაგოს დიდი რაოდენობის ჯარი.

  • ამასობაში, რამდენად გაიზარდა უკრაინის კონტრშეტევის შესაძლებლობა? 

ეს არ არის მცირე ოპერაცია, ან ექსპედიციური კამპანია – ფართომასშტაბიანი ომია და 1000 კილომეტრზეა გადაჭიმული, ტერიტორია დიდია. რა აღჭურვილობასაც იღებს უკრაინა, ეს მას სჭირდება ძირითადად დანაკარგის შესავსებად. მან უნდა შეძლოს დააგროვოს ის შესაძლებლობები, რაც მისცემს ფართომასშტაბიანი დარტყმის შესაძლებლობას: მეტი ტანკები, ჯავშანტექნიკა… შესაბამისი ჯავშნის გარეშე ტრიალ მინდორში ვერ გავა შეტევაზე.

რა შეეხება საჰაერო თავდაცვის საშუალებებს, ეს მთლიანად ქვეყნის და სტრატეგიული დაცვის საშუალებებია, რაც ასევე არაა საკმარისი. ამდენად, უკრაინას სჭირდება თავდაცვითი, ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო საშუალებები, შეტევითი საშუალებები.

  • რის მიწოდებაც დაანონსებულია, ეს რამდენად შეცვლის ამ რეალობას? 

რა თქმა უნდა, ეს გაზრდის უკრაინის შესაძლებლობებს, მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ ისინი ამას მასობრივად არ იღებენ. უკრაინელები ამ აღჭურვილობას იღებენ მცირე რაოდენობით და ნაწილ-ნაწილ, რაც ვერ ქმნის მასირებული დარტყმის შესაძლებლობას. ომის ერთ-ერთი პრიორიტეტია მასირება, რაც გულისხმობს ძალების თავმოყრას კონკრეტულ მიმართულებაზე.

უკრაინელები ამ ეტაპზე ახერხებენ იმას, რომ კონკრეტული მიმართულებით შექმნან ძლიერი რესურსი, შემდეგ კი უწევთ, გადაიტანონ ეს სხვა მიმართულებაზე. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ერთდროული მიწოდება.

  • ქამდე ვისმენდით, რომ შესაბამისი აღჭურვილობის მიწოდებას სჭირდებოდა შესაბამისი დრო, ასევე პროფესიული გადამზადება და ადაპტირება. ამჯერად რა არის ობიექტური ფაქტორი, რის გამო უკრაინას ისევ არ აქვს შესაბამისი აღჭურვილობა? 

მომზადება უკვე გააჩნია უკრაინას, თავისი ინსტრუქტორები ჰყავს, პრობლემაა უფრო რემონტისა და უზრუნველყოფის ბაზების უზრუნველყოფა. სად შეიძლება მომსახურება, როცა ზიანდება ტექნიკა და გამოდის წყობიდან. ამ ლოჯისტიკური უზრუნველყოფის გარეშე აზრი არ აქვს აღჭურვილობის მიცემას. ის გამოდის წყობიდან  და იქნება უბრალოდ ჯართი. ასე რომ, ეს სისტემა უნდა შეიქმნას.

აღჭურვილობის მიწოდება ასევე დამოკიდებულია ბიუროკრატიაზე – დიდი წრის გავლაა საჭირო, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება.

ფაქტია და მხარდაჭერის სურვილი გაცხადებულია, მომარაგებაც დაწყებულია. რამდენად შეძლებენ უკრაინის კონტრდარტყმისთვის მომარაგებას, არ ვიცი. ეს არის სუბიექტური და ობიექტური მოვლენების ერთობლიობა. არ ვიცი, როგორ, მაგრამ უკრაინამ უნდა შეძლოს რაღაცნაირად ამ მიწოდებული ტექნიკის აკუმულირება, რომ არ გაფანტოს აქეთ-იქეთ და მასირების ეფექტს მიაღწიოს. ეს აუცილებელია წარმატებული დარტყმისთვის.

ამ ეტაპზე უკრაინა ახერხებს წარმატებულ თავდაცვას, წარმოქმნილი სიტუაციის სტატუსკვოს შენარჩუნებას, მაგრამ მას სჭირდება დამატებითი ძალები გადამწყვეტი წარმატების მისაღწევად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: