მთავარი,სიახლეები

82 წლის კაცი გონიოდან: ომსგამოქცეულ ოჯახს 300-ლარიანი დახმარება დაუნიშნეთ

06.11.2022 • 1199
82 წლის კაცი გონიოდან: ომსგამოქცეულ ოჯახს 300-ლარიანი დახმარება დაუნიშნეთ

ლადო მჟავანაძე 82 წლის შშმ პირი და ონკოპაციენტია, მისი ერთადერთი საარსებო წყარო 300-ლარიანი პენსიაა. კაცი აქამდე მარტო ცხოვრობდა და პენსია ძლივს ჰყოფნიდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ლადოსთან შვილი, რძალი და ერთი შვილიშვილი ჩამოვიდნენ – ისინი ოდესაში ცხოვრობდნენ და ბომბმა საცხოვრებელი გაანადგურა.

ლადოს პენსია ახლა უნდა ეყოს მოხუცის მედიკამენტებს, მთელი ოჯახის საკვებს თვიდან თვემდე და კომუნალურ გადასახადებს.

ექიმმა კაცს ახლახან 1952 ლარის ღირებულების წამლები გამოუწერა. ლადო ამბობს, რომ ამ წამლების ყიდვას ვერ შეძლებს პენსიით.

1978 წლიდან მეორე ჯგუფის შშმ პირის სტატუსი აქვს. რამდენიმე წლის წინ სიმსივნური ცხიმგროვა გაუჩნდა ზურგზე. ამოჭრეს. ტკივილები თავს ახლაც ახსენებს. მას მერე მკურნალობს საავადმყოფოებში.

ლადო მჟავანაძის წამლების თარო

„როცა ჯანმრთელი ვიყავი, ქვას წვენს ვადენდი, ახლა კვერცხი ვეღარ გამიტეხია. ყველაფრის წამალი რომ ვიყიდო, საჭმლის ფული აღარ გვრჩება. რაც გამომიწერეს იმ წამლებს თუ დავლევ, ხელება, მუხლების კანკალი აღარ მექნება, აღარც თავბრუსხვევები, მაგრამ კვება აღარ გჭირდება ადამიანს და წამლები უნდა იყიდო, ასე გამოდის“, – ამბობს 82 წლის პენსიონერი.

ლადოს შვილი, რომან მჟავანაძე უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ წამოვიდა საქართველოში მეუღლესთან, ნატალია კუჩერინკოსა და 14 წლის შვილთან ერთად. მათი მეორე, 25 წლის შვილი კი უკრაინაშია და სარეზერვო ძალებში ირიცხება.

ლადო მჟავანაძე ოჯახის წევრებთან ერთად

რომანს და ნატალიას სახლს ოდესაში ბომბი დაეცა მაშინ, როცა ოდესის პორტს აფეთქებდნენ, ჩამოინგრა მათი ცხრასართულიანი კორპუსის ნახევარი, დაინგრა მათი ბინაც და რომანმა გადაწყვიტა ოჯახი გონიოში, მამასთან ჩამოეყვანა. უკრაინაში რომანს ხილ-ბოსტნეულის საწყობები ჰქონდა, ნატალია მაღაზიაში მუშაობდა. ოჯახს არ უჭირდა და ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ უკრაინას ომის გამო დატოვებდნენ.

„ვეძებ სამსახურს საქართველოში და აქამდე ვერაფერი ვიპოვე. შემიძლია სილამაზის სალონში მუშაობა, როგორც ქალების, ასევე კაცების გაკრეჭა, შემიძლია ასევე ვიმუშავო მაღაზიაშიც, მოლარედ, კონსულტანტად, გამყიდველად. უკრაინაშიც ამ საქმეს ვაკეთებდი.

თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობთ. ჩამოვედით მოხუც ბაბუასთან და შემოსავალი არაფერი გვაქვს, ჩამოვიტანეთ 3 ათას ლარამდე უკრაინიდან, რაც უკვე დაგვეხარჯა. ახლა ბაბუას წამლის ფულს ვხარჯავთ. საქართველოს მთავრობამ ყოველთვიური 300-ლარიანი დახმარება გამოუყო უკრაინელ ლტოლვილებს, მაგრამ ჩვენ ამ სიაში ვერ მოვხვდით, არ ვიცი რატომ“, – ამბობს ნატალია კუჩერინკო.

ნატალიას მეუღლე, რომან მჟავანაძე ვერ მუშაობს. ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ხერხემლის მძიმე ოპერაცია გაიკეთა და მკვეთრი მოძრაობა, ოდნავი სიმძიმის აწევაც კი მისთვის არ შეიძლება. შესაბამისად, ამის გამო არ შეეხო შეზღუდვა, რაც 65 წლამდე უკრაინელ კაცებს ქვეყნის დატოვებას უკრძალავს.

საქართველოს მთავრობის ბრძანებით, 2022 წლის აგვისტოდან უკრაინელ ლტოლვილთა ოჯახებს დაენიშნათ 300-ლარიანი, ყოველთვიური ფულადი დახმარება, თუმცა ლადო მჟავანაძის უკრაინელი ოჯახის წევრების, ნატალია კუჩერინკო და რომან მჟავანაძის მსგავსად ომს გამოქცეული არაერთი ლტოლვილი დარჩა ამ დახმარების გარეშე.

ლადო მჟავანაძე

მთავრობამ ყოველთვიური, 300-ლარიანი დახმარება მხოლოდ იმ უკრაინელ ლტოლვილებს დაუნიშნა, ვინც მთავრობის მიერ გამოყოფილ სასტუმროებში უსასყიდლოდ იყო განთავსებული 2022 წლის პირველ აგვისტომდე.

„ჩვენმა 14 წლის გოგომ ბათუმის მეცამეტე სკოლაში დაიწყო სწავლა, უკრაინულ სექტორზე. გონიოდან ბათუმამდე ავტობუსით რომ წავიდეს 45 წუთი, 1 საათია საჭირო – ორი ტრანსპორტი უნდა გამოიცვალოს. უკრაინიდან ერთადერთი მანქანა ჩამოგვყვა. ყოველდღე ამ მანქანით ვატარებ სკოლაში, დღეში დაახლოებით, 5, 6 ლარის ბენზინია საჭირო, სკოლის წიგნების ამობეჭდვაა აუცილებელი, ბევრი ხარჯი გვაქვს. არ ვიცი, რატომ არ ჩაგვთვალეს 300-ლარიანი დახმარების მიღების ღირსად“, – ამბობს რომან მჟავანაძე.

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის ანგარიშის მიხედვით, უკრაინელი ლტოლვილებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების ბიუჯეტი 1 336,5 ათას ლარია, ხოლო ფაქტობრივი დაფინანსება 879,1 ათასი ლარი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: