მთავარი,სიახლეები

რუსეთს 120 ცალი „ისკანდერი“ დარჩა – უკრაინის სამხედრო დაზვერვა

07.11.2022
რუსეთს 120 ცალი „ისკანდერი“ დარჩა – უკრაინის სამხედრო დაზვერვა

რუსეთმა უკრაინის ქალაქების დასაბომბად უკვე თავისი თანამედროვე რაკეტების 80% გამოიყენა – ასეთ ინფორმაციას აწვდის უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელი ვადიმ სკიბიცკი გამოცემა The Economist-ს.

დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთს მხოლოდ 120 ცალი „ისკანდერი“ დარჩა.

სკიბიცკის თქმით, უკრაინის სამხედრო დაზვერვისთვის ცნობილი გახდა კრემლის გეგმა, ირანისგან ბალისტიკური რაკეტები Fateh-110 და Zolfaghar შეისყიდოს და ყირიმში გადაიტანოს.

„ჩვენ ვიცით, რომ ასეთი შეთანხმება უკვე მიღწეულია,“ – ამბობს დაზვერვის წარმომადგენელი.

რუსეთს რომ თანამედროვე ტიპის მაღალი სიზუსტის რაკეტების დეფიციტი აქვს, ამაზე ცოტა ხნის წინ „უკრაინსკა პრავდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობდა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვიც.

უკრაინის მთავარი მზვერავის პროგნოზით, „დრონების ტერორი“ უკრაინის მასშტაბით შესაძლოა კიდევ დიდხანს გაგრძელდეს, თუმცა „რაკეტების ტერორისთვის“ რუსეთს რესურსი აღარ დარჩა.

„მარაგები თითქმის ამოწურულია. „ისკანდერებიდან“ დაახლოებით 13 % დარჩათ, „კალიბრებში“ – დაახლოებით 43 %, Х-101 და Х-555 – ასევე  45%, 30 %-ზე ქვემოთ ჩამოსვლა ძალიან საშიშია, რადგან ეს უკვე ხელშეუხებელი მარაგია. „ისკანდერებში“ რუსეთი უკვე კარგა ხანია ჩამოსცდა ამ ნიშნულს, მაგრამ სხვა რაკეტებში ჯერ კიდევ ცდილობენ ბალანსის შენარჩუნებას“, – ბუდანოვის შეფასებით, სწორედ რაკეტების ნაკლებობის, მათი ნაკლები სიზუსტისა და ეფექტიანობის გამო გახდა რუსეთი იძულებული, ირანული დრონების გამოყენება დაეწყო.

ინფორმაცია, რომ ირანის ხელისუფლება რუსეთისთვის დაახლოებით 1000 ერთეული იარაღის გასაგზავნად ემზადება, პირველ ნოემბერს CNN-მა გაავრცელა. სტატიაში ლაპარაკი იყო „მიწა-მიწის“ ტიპის ახლო მანძილზე მოქმედ ბალისტიკურ რაკეტებსა და უპილოტო საფრენ აპარატებზე, თუმცა რაკეტის ტიპი დაკონკრეტებული არ ყოფილა.

CNN-ის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, რუსეთი ტვირთს წლის ბოლოსთვის მიიღებს.

საერთაშორისო უწყებებმა და ექსპერტებმა არაერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ უკრაინაში რუსეთის დანაკარგების ფონზე კრიტიკულად იზრდება რუსეთის დამოკიდებულება ირანისა და ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებაზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: