როგორ ნაწილდებოდა მშობლების ქონება და ვის ეკუთვნის ის, ბიჭს თუ გოგოს? ეს კითხვა ამჯერად ერთი ოჯახის სამი თაობის კაცებს დავუსვით – ბაბუა თამაზს, შვილ – ზურას და შვილიშვილ – მამუკას. სტატიიდან გაიგებთ, როგორია მათი განწყობები და რას ფიქრობენ სქესის მიხედვით ქონების განაწილებაზე – გოგოს მისცემენ მშობლების ქონებას, თუ ის ისევ მხოლოდ ბიჭს ეკუთვნის?
69 წლის თამაზ საგინაძე ხულოს სოფელ მანიაკეთში ცხოვრობს. მას 3 ძმა ჰყავს და 4 და. თამაზი გვიყვება, მასა და მის დედმამიშვილზე როგორ გაანაწილეს მშობლების ქონება.
„4 ძმა ვიყავით, 4 და გვყავდა. ჩვენი დრო სხვანაირი იყო, ადრეული პერიოდიდან გადმონაშთ წესებს მიჰყვებოდნენ. ქონებას ძმებს უნაწილებდნენ, დებს მზითვს ვატანდით, ეს იყო მათთვის ოჯახიდან დახმარება. დებზე ქონება არ იყოფოდა.
ძმებზე ყველაფერი თანაბრად გაიყო, თავისთავად. დავუშვათ, 4 კოვზი თუ გვქონდა, თითო-თითოს დავირიგებდით, 4 თეფში თუ იყო, ოთხივე თითოს ავიღებდით. ასეთი წესი იყო“, – გვეუბნება თამაზი. კაცი ამბობს, რომ მის მეხსიერებაში ქონების განაწილების ეს პრინციპია მხოლოდ: „ძმებს შორის ქონება იყოფოდა. დებს ამზითვებდნენ“.
თამაზის თქმით, სწორი ის იქნებოდა, მის მშობლებს წილი ოჯახის ქონებიდან დებისთვისაც რომ მიეცათ: „ის თუ ძმა არ არის, მაგიტომ არ უნდა მისცე [ქონებიდან წილი დებს]? მაგრამ, არც იმდენი საშუალება იყო, რომ ეს ყველაფერი 8 შვილზე გაყოფილიყო. რომ ყოფილიყო საშუალება… ერთადერთი იმის საშუალება იყო, რომ ყველა გოგოს თითო ძროხას, მზითვს ატანდნენ ოჯახიდან და მორჩა. მას შემდეგ, რაც ქორწილების გადახდა დაიწყეს, რაც თუ გოგოს ქორწილზე ოჯახს ფული შემოუვიდოდა, გოგოს მზითვს ხმარდებოდა.
როცა არ კეთდებოდა ქორწილები, ოჯახიდან ერთი ხელი ლოგინი და ერთი ძროხა იყო ყველა გოგოს მზითვი, ვინც აჭარაში ცხოვრობდა. საწოლსაც უყიდდნენ, თუ ჰქონდათ საშუალება, თუ არ ჰქონდათ და არაფერი. სად იყო საწოლი, ხის ტახტებზე წვებოდა ხალხი“, – გვეუბნება თამაზი.
კაცის თქმით, როცა ოჯახები ფინანსურად შედარებით მოძლიერდნენ, გოგოს მზითვიც უფრო მრავალფეროვანი გახდა და მაგალითად, თავისი ცოლისთვის მზითვში გამოტანებულ საკერავ მანქანას იხსენებს.
თამაზი დედმამიშვილებს შორის ყველაზე უმცროსია. მისი თქმით, რადგან პატარა იყო, მშობლების სახლი ისედაც მას ეკუთვნოდა და, შესაბამისად, ამ სახლშიც ცხოვრობს. სოფელში თამაზის კიდევ ერთი ძმა დარჩა საცხოვრებლად, დანარჩენი 2 კი – ბათუმსა და სამცხე-ჯავახეთში გადავიდნენ.
„არცერთი ძმა ჰაერზე არ გაგვიშვია [სახლიდან] და გვითქვამს, აჰა, მიდი და იცხოვრეო. მამაჩემი ყველა მათგანს დაეხმარა სახლის აშენებაში, რადგან სახლიდან სხვა არაფერი წაუღიათ, გარდა საოჯახო ნივთებისა.
მიწები, როგორც ასეთი, გავყავით. დავუშვათ, თუ დასჭირდებოდა, რომ ადიგენიდან ჩამოსულიყო ის ძმა და მეორეც ბათუმიდან ამოსულიყო, მიწა, რაც გვაქვს, 4-ზე განაწილებულია. ყველამ მისი საზღვარი იცოდა. მაგრამ იქ რომ მიწები მიიღეს, აქ არავინ აღარ ამოსულა და უთქვამს, რომ ძმაო, ეს ჩემი მიწა იყო და მორჩა. მიწებს ვსარგებლობდით 2 ძმა – სოფელში რომლებიც დავრჩით საცხოვრებლად. ერთი [წასული] ძმის მიწას მე ვსარგებლობდი, მეორის – მეორე ძმა“, – გვიხსნის თამაზმა.
თამაზს ვკითხეთ, თავად როგორ გაუნაწილა ქონება შვილებს – მას 4 გოგო და 1 ბიჭი ჰყავს.
„მე ახლა სოფელში ვცხოვრობ, ბიჭი ბათუმში, მაგრამ გაყოფილი არ ვართ. სოფლის სახლიც, რა თმა უნდა, ჩემი ბიჭი შვილისაა. [ბათუმში] სახლ-კარი და ყველაფერი ერთად გავაკეთეთ. მე ჯერ შემიძლია და აქ ამიტომ ვარ, რომ არ შემეძლება, მეც ქალაქში ვიცხოვრებ, ჩემ შვილთან ერთად.
საერთოდ არსად არ არსებობს ეგ, რომ გოგონებზე მიწა განაწილდეს და რაიმე მსგავსი. გავათხოვე, მზითვი გავატანე.
როცა მშობლები ძირ სახლში რჩებიან, ქონება თავისთავად რჩება თუ ერთი ბიჭი შვილი ჰყავთ მას, თუ რამდენიმე – უმცროს ბიჭს“, – ამბობს თამაზი.
კაცის თქმით, როცა ოჯახს კარგი ფინანსური შემოსავალი აქვს, იქ საერთოდაც აღარ განიხილება მშობლების სახლის და სხვა ქონების გაყოფის საკითხი. ქონების განაწილება სირთულეებს ადრე უკავშირდებოდა, როცა ოჯახებს გასაყოფიც არაფერი ჰქონდათო.
რას ფიქრობს თამაზის შვილი, 43 წლის ზურა საგინაძე მასა და მის დებს შორის მშობლების ქონების განაწილებაზე? – „ბათუმელებმა“ ამის შესახებ თავად ზურაბ საგინაძეს ჰკითხა.
„ჩემი აზრით, დედმამიშვილი ყველა ერთია და როგორც ბიჭებს ეკუთვნით ქონება, ისე უნდა ნაწილდებოდეს გოგონებზეც. მაგრამ, ჩვენთან, სამწუხაროდ, ასე არ ხდებოდა ადრე და ახლა, მე მგონი, ნელ-ნელა ტენდენცია იქითკენ მიდის, რომ გოგოსაც იმდენივეს მისცემენ [ოჯახის ქონებას], რამდენსაც ბიჭს“, – გვიხსნის ზურა.
ზურა საგინაძის დაკვირვებით, ბოლო წლებში ეს ტენდენცია ქალაქში უფრო შესამჩნევია, ვიდრე სოფლებში. „სოფელში თითქმის ყველაფერი ისევ ძველი სტილითაა, თუმცა ახლა, ძირითადად სოფლებში აღარც ცხოვრობს ხალხი. იმედი მაქვს, რომ მალე [ოჯახის ქონების განაწილების ძველი ტენდენცია] სრულად შეიცვლება და ყველა შვილზე თანაბრად განაწილდება“.
ზურა ფიქრობს, რომ არ იყო სამართლიანი გადაწყვეტილება, როცა ოჯახის ქონება მთლიანად მას დარჩა, დები კი მზითვის ამარა დატოვეს მშობლებმა: „როგორც გითხარით, ყველა დედმამიშვილზე თანაბრად უნდა განაწილებულიყო ქონება, მაგრამ, განა სოფელში რა იყო გასანაწილებელი? არც არაფერი, თუმცა მიუხედავად ამის, რაც იყო, ხუთნი ვიყავით, ქონებაც ხუთივეზე უნდა განაწილებულიყო. რაც შეეხება მიწას, არც ერთი დაქორწინებული გოგო არ მოვა და დაამუშავებს – თუ სურვილი ექნებათ, არც ეგ არის პრობლემა.
მე, როგორც ვიცი, მხოლოდ ბიჭ შვილზეც არ იყო მიწის დატოვება. აი, ოჯახში პატარა ძმა რომ რჩება, იმას ეკუთვნოდა ლომის წილი. დანარჩენი ბიჭი შვილები ცალკე ცხოვრობდნენ და ოჯახს თუ შეეძლო რამით დახმარება, ეხმარებოდნენ, გოგოს კი – მხოლოდ ამზითვებდნენ. რატომ ხდებოდა ასე არ ვიცი. ალბათ, ასეთი ტრადიცია იყო“, – გვითხრა ზურა საგინაძემ.
ზურას 2 შვილი ჰყავს. ის ქონების განაწილებას შვილებზე თანაბრად გეგმავს. მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, შვილი ბიჭია თუ გოგო – „ერთს რატომ უნდა ჰქონდეს მეტი და ერთს ნაკლები, დავუშვათ?“ – კითხულობს ზურა.
ზურას თქმით, ქონების სრულად მიცემა ბიჭი შვილებისთვის, გოგო შვილის ჩაგვრაა. ის ერთ დეტალზე ამახვილებს ყურადღებას: „რახან, დავუშვათ ბიჭი შვილი რჩება ოჯახში, მშობლები მასთან რჩებიან, მისი მოსავლელი არიან და ალბათ, ამიტომაც დაწესდა თავიდანვე ასე, რომ ცოტა მეტი ჰქონოდა ბიჭ შვილს. მაგრამ არანაკლებ ზრუნავენ მშობლებზე გოგო შვილები, ცოტა მეტსაც, ვიდრე ბიჭები. ამიტომ ვარ მომხრე, რომ ქონება შვილებზე თანაბრად გაიყოს და შემდეგ, მშობლებზეც თანაბრად იზრუნონ, როგორც გოგომ ისე ბიჭმა“, – გვეუბნება ზურა.
ზურას შვილი, 23 წლის მამუკა საგინაძეც მიიჩნევს, რომ „ოჯახში ქონება ყველა შვილზე თანაბრად უნდა განაწილდეს. „რა მნიშვნელობა აქვს გოგო იქნება თუ ბიჭი: შვილი შვილიაო“.
მამუკას ერთი და ჰყავს. მისი თქმით, ამაზე ოჯახში უსაუბრიათ და სახლი, სადაც ახლა მშობლებთან ერთად ცხოვრობს, მას დარჩება. თუმცა, დის მხოლოდ მზითვის ამარა დატოვებას არ აპირებენ – მისთვის ბინის შეძენა აქვთ გადაწყვეტილი.
„არალოგიკურია ჩემმა დამ მითხრას, არ მინდა ბინა და სახლი გამინაწილეო, რატომ უნდა მომთხოვოს მსგავსი რამ ვერ ვხვდები – ჩემთან ერთად უნდა იცხოვროს ქმართან ერთად? თუ მაინც მომთხოვს სახლის განაწილებას ჩემი და – გავუნაწილებდი“.
მამუკა ამბობს, რომ ის თავის შვილებს აუცილებლად თანაბრად გაუნაწილებს ქონებას – შვილების სქესის მიუხედავად.
____
ამავე თემაზე:
როცა მშობლის ქონება ბიჭს რჩება: რას ფიქრობენ ბებია – სედიკო, შვილი – იამზე, შვილიშვილი – ირმა