მთავარი,სიახლეები

მიშენება ბათუმის მერიის ნებართვით, რამაც კორპუსი ავარიულად აქცია – რას ჰყვებიან ჯავახიშვილის 78-ში

06.11.2022 • 5312
მიშენება ბათუმის მერიის ნებართვით, რამაც კორპუსი ავარიულად აქცია – რას ჰყვებიან ჯავახიშვილის 78-ში

ჯავახიშვილის ქუჩაზე, №78 კორპუსის ბოლო სადარბაზოს ყველა სახლს წინ მიშენება აქვს გაკეთებული. ამ სადარბაზოს მცხოვრებლები ამბობენ, რომ 11 მეტრიანი მიშენება მათ მერიის ნებართვით გააკეთეს 2016 წელს. ჰქონდათ პროექტიც, რომლის მიხედვითაც დაიწყო მშენებლობა. კორპუსის მცხოვრებლები ჰყვებიან, რომ მშენებლობის დაწყებისას ბევრი ხარვეზი შენიშნეს და მერიას მიმართეს გადაემოწმებინა მშენებლობის შესაბამისობა პროექტთან.

2022 წელს კი, დაუბალანსებელ მიშენებიდან მხოლოდ 6 წლის შემდეგ, ეს მიშენება სრულიად გამოუსადეგარია და საშიში. მცხოვრებლები გასახლების ან კორპუსის გამაგრების პასუხისმგებლობას მერიას აკისრებენ – „თუ გადაცდომით მივაშენეთ, ეს მერიას უნდა მიეთითებინაო“.

რამდენიმედღიანი ლოდინის შემდეგაც, „ბათუმელებს“ მერიისგან პასუხი არ აქვს, გაცემულია თუ არა ჯავახიშვილის ქუჩაზე, №78-ში მიშენების ნებართვა და თუ გაცემულია, რის საფუძველზე. ბათუმის მერიის პრესსამსახურის ცნობით, იყო თუ არა მიშენებაზე ნებართვა გაცემული ვერ გვეტყვიან, რადგან საქმე ეხება 2016 წლის ნებართვას და ამ პერიოდის დოკუმენტები არქივშია გადატანილი.

მერიაᲨი იპოვეს მხოლოდ ის დოკუმენტი, რომლის თანახმადაც კორპუსზე გაიცა რეკონსტრუქციის უფლება.

კორპუსი უკვე ოფიციალურად არის შეტანილი მერიის მიერ გამოქვეყნებულ ავარიული სახლების სიაში. შესაბამისად, ამ კორპუსის ბინადრებსაც ბათუმის ბიუჯეტიდან გაუმაგრებენ ბინებს ან ახალს აუშენებენ. თუმცა, უცნობია, ეს როდის მოხდება.

 

კორპუსს ერთი შეხედვითაც ეტყობა, რომ დაბრეცილი და მარჯვნივ გადახრილი, დაწეულია სართულები. ავარიული კორპუსის ყველა მცხოვრების სახლში სახურავი 10 – 15 სანტიმეტრითაა დაწეული – კორპუსის ძველი ნაწილისა და მიშენებული ნაწილის გადაბმის ადგილებში. კორპუსის მიშენებული ნაწილი მყარი არ არის და ნელ-ნელა დაბლა იწევს. კედლები უკვე იმდენადაა დაბზარულია, რომ სახლის მიშენებულ ნაწილში აღარ შედიან.

აქ მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქეების თქმით, მშენებლობის საძირკველი თავიდანვე არასაკმარისად ღრმა იყო და მიშენების სხვა ეტაპებიც ხარვეზებით გაგრძელდა.

„თერთმეტმეტრიან მიშენებას სამი ბოძი გაუკეთეს მხოლოდ, ორმეტრიანიც კი არ იყო საძირკველი, რაც გათხარეს და ამანაც ძალიან დამაეჭვა. ბალასტიც კი არ ჩაუყრიათ, აქ ნაჭაობარი ტერიტორიაა და არ შეიძლებოდა პირდაპირ აშენება ბალასტის გარეშე, ეს მშენებელი ამბობდა ეს თანამედროვე მშენებლობააო.

ჩემი ტელეფონიდან ვრეკავდი მერიის სამსახურების ცხელ ხაზებზე, ავარიულად აშენებენ და მობრძანდით, შეამოწმეთ-მეთქი. მოვიდოდნენ, გადაამოწმებდნენ, დააჯარიმებდნენ ამ კაცს, მშენებელ ჯაბა ბერიძეს, მერე ისევ გააგრძელებდა მუშაობას.

ბოლოს, როცა მშენებლობა დასრულდა, მერიამ დაიწყო ჩვენი დაჯარიმება – არასწორადაა აშენებულიო“, – ჰყვება ავარიული კორპუსის მცხოვრები მაია თაკვარელია.

მისი აზრით, მიშენების ხარისხის კონტროლი მერიის ვალდებულებაა, რადგან ნებართვა თავად გასცა.

ბათუმის მერია, სავარაუდოდ, ამგვარი ან კიდევ სხვა ტიპის დარღვევებისთვის უგზავნიდა კორპუსის მცხოვრებლებს დაჯარიმების ოქმებს. „ბათუმელების“ მერიის პრესსამსახურისგან ვერ მიიღო ამ კორპუსთან დაკავშირებული დეტალების შესახებ ინფორმაცია. კორპუსის მცხოვრებლები კი ამბობენ, რომ მერიის მიერ გამოწერილ ჯარიმებს აპროტესტებენ.

ავარიული სახლი

„ჩვენც ვიცით, რომ დარღვევებით და უხარისხოდ აშენებდა მშენებელი და ვურეკავდით მერიას, რომ შეემოწმებინა მშენებლობის დასრულებამდე, მაგრამ რეაგირება არ ჰქონიათ, ახლა კი გვიანია“, – ამბობს კორპუსის მცხოვრები მაია თაკვარელია.

პროცესით დაზარალდა თეონა ჯაყელი, 30 წლის ორშვილიანი ქალი, რომელმაც მიშენებული და გარემონტებული ბინა იყიდა 30 ათას დოლარად, ბანკის იპოთეკური სესხით. ბინა ოჯახმა ერთი წლის წინ იყიდა, ახალგარემონტებულ კედლებზე ყიდვიდან ხუთ თვეში გამოჩნდა ბზარები, რაც თეონა ჯაყელის თქმით აშკარაა, რომ იქამდეც იყო, ოღონდ კარგად იყო შეფუთული.

„ბავშვების და ჩემი საძინებელი ცალ-ცალკეა, ორივე საძინებელი მიშენების ნაწილში მქონდა. ახლა აქ ვეღარ ვიძინებთ. ვნანობ ასეთი სახლი რომ ვიყიდე, დიდი შეცდომა დავუშვი“, – ამბობს თეონა.

ეს ლუკა მახარაძის სახლია. რემონტი მან რამდენიმე თვის წინ გააკეთა. გაშპალერებული კედელი ისევ გაიხსნა.

ლუკა მახარაძის ბინის კედელი

„სახლის მიშენებული ნაწილი ყოველდღიურად დაბლა იწევს. არ ვიცით, როდის ჩავცვივდებით“, – ამბობს ლუკა მახარაძე.

კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე, ნაზი ბეჟანიძე გვეუბნება, რომ საგანგაშო ბზარები კედლებზე მიშენებიდან მალევე, 2017 წლიდან დაიწყო.

„თავიდან პატარა ბზარებით დაიწყო. გვეგონა, რომ, უბრალოდ, მიშენებული ნაწილი ჯდებოდა და უმნიშვნელო ბზარები იყო, მერე კი გაღრმავდა და მივხვდით, არ იყო ჩვეულებრივი მდგომარეობა. სამხარაულის ექსპერტიზასაც მივმართეთ“, – ამბობს ნაზი ბეჟანიძე და ექსპერტიზის 2019 წლით დათარიღებულ დასკვნას გვიჩვენებს.

ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ სახლი ავარიულ მდგომარეობაშია და მიშენებული ნაწილების დეფორმირების პროცესი პროგრესირებს. შესაბამისად, ის საფრთხეს უქმნის მობინადრეთა სიცოცხლეს.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მობინადრეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეზღუდონ მიშენებული ნაწილით სარგებლობა:

„აუცილებელია მიშენებული ნაწილის და საძირკვლების პირობებისა და მზიდი კონსტრუქციების გამოკვლევა, რისთვისაც საჭიროა წარმოდგენილი იქნას მიშენებების კონსტრუქციული პროექტი და საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგები.

ჯავახიშვილის № 78-ში მცხოვრებლები

გამაგრების შესაძლებლობის შემთხვევაში საჭიროა დროულად განხორციელდეს შესაბამისი სამუშაოები, სათანადოდ დამუშავებული პროექტის მიხედვით. ხოლო გამაგრებითი ღონისძიებების გატარების გაუმართლებლობის შემთხვევაში აუცილებელია განხორციელდეს მათი დემონტაჟი კვლევების ჩატარებამდე, უსაფრთხოების მიზნით ასევე აუცილებელია ეზოში მიშენებული ნაწილების მიმდებარე ზონები შემოიღობოს უსაფრთხოების წესების დაცვით“, – წერია ექსპერტიზის დასკვნაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: