მთავარი,სიახლეები

ჯანმო ჩვილების ხელოვნური საკვების მარკეტინგის შოკისმომგვრელ მასშტაბებს ამხელს

03.05.2022 • 10212
ჯანმო ჩვილების ხელოვნური საკვების მარკეტინგის შოკისმომგვრელ მასშტაბებს ამხელს

„ჩვილების ხელოვნური საკვების $55 მილიარდიანმა ინდუსტრიამ უნდა შეწყვიტოს მშობლებზე ორიენტირებული ექსპლუატაციური ონლაინ მარკეტინგი“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმოს) მიერ გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში. მიუხედავად იმისა, რომ დედის რძე იდეალური საკვებია ჩვილებისთვის, ჯანმოს ცნობით, 3-დან თითქმის 2 ბავშვი არ იკვებება ძუძუთი რეკომენდებული ექვსი თვის განმავლობაში და ეს მაჩვენებელი არ გაუმჯობესებულა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში.

ჯანმო: ჩვილები უნდა იკვებონ მხოლოდ ძუძუთი – ანუ მიიღონ მხოლოდ დედის რძე, სიცოცხლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ოპტიმალური ზრდის, განვითარებისა და ჯანმრთელობის მისაღწევად. ამასთან 6 თვემდე ჩვილების მხოლოდ 41% იკვებება ექსკლუზიურად ძუძუთი.

გაეროს კვლევამ აჩვენა, რომ ჩვილების ხელოვნური საკვების კომპანიები სოციალური მედიის პლატფორმებსა და ინფლუენსერებს უხდიან თანხებს, რათა მიიღონ პირდაპირი წვდომა ორსული ქალებისა და დედების აუდიტორიასთან მაშინ, როცა ისინი ყველაზე მოწყვლადები არიან. კომპანიები ამას ახერხებენ პერსონალიზებული კონტენტის საშუალებით, რომელიც ხშირად არც კი იცნობა, რომ რეკლამაა.

ქალის რძე საუკეთესო, განუმეორებელი, სტერილური და ცოცხალი ბიოლოგიური საკვებად მიიჩნევა, რომლის შემადგენლობა ბავშვის ინდივიდუალური მოთხოვნების მიხედვით იცვლება.

„იგი უზრუნველყოფს ბავშვს ადვილად მოსანელებელი მაღალხარისხიანი კვებითი ნივთიერებებით, ოპტიმალური თანაფარდობით. ჩვილობის ასაკში ძუძუთი კვება მოზარდის ჯანსაღი ფიზიკური და გონებრივი განვითარების საფუძველია. ქალის რძე ეხმარება ჩვილს იმუნიტეტის ჩამოყალიბებაში და მნიშვნელოვნად ამცირებს სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკს”, – წერს იუნისეფი.

ძუძუთი კვება ასევე სასარგებლოა დედებისათვის. იგი იცავს დედას მშობიარობის შემდგომი სისხლდენისაგან, აგრეთვე ამცირებს სარძევე ჯირკვლების და საკვერცხის სიმსივნური დაავადების რისკს.

კომპანიების მიერ გამოყენებული მეთოდები მოიცავს აპლიკაციებს, ვირტუალურ მხარდაჭერის ჯგუფებს ან „ბავშვთა კლუბებს“, სარეკლამო აქციებსა და კონკურსებს, ასევე საკონსულტაციო ფორუმებსა ან სერვისებს.

ეს გამჭოლი მარკეტინგი ზრდის დედის რძის შემცვლელების შესყიდვებს, წერია ანგარიშში, რითაც უარს ათქმევინებს დედებს ექსკლუზიურად ძუძუთი კვებაზე, როგორც ეს ჯანმოს რეკომენდაციითაა გათვალისწინებული.

„რძის კომერციული ფორმულების პოპულარიზაცია ათწლეულების წინ უნდა შეწყვეტილიყო“, – თქვა დოქტორმა ფრანჩესკო ბრანკამ, ჯანმო-ს კვებისა და სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის დირექტორმა.

„ის ფაქტი, რომ ახალშობილთა ხელოვნური საკვების კომპანიები ახლა იყენებენ კიდევ უფრო მძლავრ და მზაკვრულ მარკეტინგულ ტექნიკას გაყიდვების გასაძლიერებლად, უპატიებელია და უნდა შეწყდეს“.

ეს ანგარიში წარმოადგენს ჯანმოს მიერ, თებერვალში გამოქვეყნებული საწყისი/წინარე კვლევის გაგრძელებას იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს ბავშვების ხელოვნური კვების მარკეტინგი ჩვილის კვების შესახებ ჩვენს გადაწყვეტილებებზე.

იგი აჯამებს ახალი კვლევის მიგნებებს/შედეგებს, რომლის ფარგლებშიც მკვლევრებმა შეაგროვეს და გააანალიზეს სოციალურ მედიაში 2021 წლის იანვრიდან ივნისამდე გამოქვეყნებული 4 მილიონი პოსტი ჩვილების კვების შესახებ.  

პოსტებს წვდომა ჰქონდათ თითქმის 2,5 მილიარდ ადამიანთან და გამომუშავებული ჰქონდათ 12 მილიონზე მეტი მოწონება, გაზიარება ან კომენტარი.

რძის ფორმულის კომპანიები თავიანთ სოციალური მედიის ანგარიშებზე დღეში დაახლოებით 90-ჯერ აქვეყნებენ შინაარსს, რომელსაც 229 მილიონი მომხმარებელი ნახულობს, ანუ სამჯერ მეტი იმ ადამიანების რაოდენობაზე, რომლებსაც არაკომერციული ანგარიშებიდან ძუძუთი კვების შესახებ გამოქვეყნებული საინფორმაციო პოსტები მისდით.

ჯანმო მოუწოდებს ბავშვთა ხელოვნური კვების მრეწველობას შეწყვიტოს ჩვილების ხელოვნური კვების პროდუქტების ექსპლუატატორული მარკეტინგი და მოუწოდებს მთავრობებს, დაიცვან ბავშვები და ოჯახები შესაბამისი რეგულაციების შემოღებით, სათანადო მონიტორინგითა და აღსრულებით, რათა შეწყდეს ე.წ. რძის ფორმულის პროდუქტების ყველანაირი რეკლამა ან სხვა სახის პოპულარიზაცია.

სააგენტომ განაცხადა, რომ რძის ფორმულის გლობალური ციფრული მარკეტინგის გავრცელება ურცხვად არღვევს, დედის რძის შემცვლელების მარკეტინგის 40 წლის წინ მიღებულ საერთაშორისო კოდექსს.

შეთანხმება შექმნილია საზოგადოებისა და დედების დასაცავად ბავშვთა კვების ინდუსტრიის აგრესიული მარკეტინგული პრაქტიკისგან, რომელიც უარყოფითად აისახება ძუძუთი კვების პრაქტიკაზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, ის ფაქტი, რომ ციფრული მარკეტინგის ამ ფორმებს შეუძლია თავი აარიდოს ეროვნული მონიტორინგისა და ჯანდაცვის ორგანოების შემოწმებას, აჩვენებს, რომ საჭიროა ამ მხრივ ახალი მიდგომების დანერგვა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: