განათლება,მთავარი,სიახლეები

რატომ მოუწყეს იმპიჩმენტი ბსუ-ს კანცლერს – უნივერსიტეტის განმარტება

07.06.2021 • 3602
რატომ მოუწყეს იმპიჩმენტი ბსუ-ს კანცლერს – უნივერსიტეტის განმარტება

დღეს, 7 ივნისს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი ალექსანდრე მითაიშვილი თანამდებობიდან იმპიჩმენტის გზით გაათავისუფლეს. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია კანცლერის გათავისუფლების ორ მიზეზს ასახელებს – ყოფილმა კანცლერმა არ წარადგინა გასული წლის ბიუჯეტის ანგარიში და  2021 წლის ბიუჯეტი.

უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საბჭოს თავმჯდომარე, სპიკერი, დავით ბარათაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მასთან შევიდა წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების მიერ ინიცირებული „სამსახურების ბარათი“, 16 კაცის ხელმოწერით. ისინი რიგგარეშე სხდომის გამართვის ითხოვდნენ.

ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამდებობის პირები კანცლერ ალექსანდრე მითაიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლებას ითხოვდნენ.

„ანალოგიური მოთხოვნით მომმართა უნივერსიტეტის რექტორის ყველა მოადგილემ,  ფაკულტეტის დეკანებმა [ერთი დეკანის გარდა], დეკანის მოადგილეებმა, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა და ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსებმა. პრინციპში, 61 ხელმოწერა შემოვიდა და ისინი იზიარებდნენ წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის ბარათის შინაარს“, – ამბობს დავით ბარათაშვილი.

მისი თქმით, მითაიშვილის მისამართით სხვადასხვა ბრალდება იყო გაჟღერებული.

„ამის გამო არ გაგვითავისუფლებია ის თანამდებობიდან, ბრალდებების ნაწილი, შესაბამისი უწყებების გამოსაკვლევია.

უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი იყო ის, რომ მითაიშვილმა არ წარმოადგინა გასული წლის ბიუჯეტის ხარჯვის ანგარიში, რომელიც პირველ აპრილამდე უნდა წარმოედგინა. ასევე არ ჰქონდა წარმოდგენილი 2021 ბიუჯეტი. რეგლამენტში წერია, რომ ეს არის კანცლერის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი“, – ამბობს დავით ბარათაშვილი.

მისი თქმით, ალექსანდრე მითაიშვილი სამსახურში 29 მაისს გამოცხადდა, თუმცა როცა იმპიჩმენტის შესახებ გაიგო, სასწრაფოდ დაწერა განცხადება შვებულებაზე, რასაც რექტორმა ხელი არ მოუწერა.

„მითაიშვილი მაინც გავიდა შვებულებაში სხვა გზებით. საფინანსო ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსმა, გურამ გვარიშვილმა მოუწერა ხელი შვებულებაზე. შემდეგ, ანუ დღეს, იმავე პირმა გაუუქმა შვებულება.

მიზეზი ბევრი იყო – მთელი უნივერსიტეტი ფაქტობრივად დაუპირისპირდა, უძრაობის პერიოდი დადგა უნივერსიტეტში, ვეღარ მუშაობდა, პროექტები გაჩერდა. პრორექტორები, რექტორი, დეკანები ყველა დაუპირისპირდა კანცლერს“, – ამბობს ბარათაშვილი.

ის დაპირისპირების კიდევ ერთ მიზეზად ინდოელი სტუდენტების სწავლის საფასურის საკითხსაც ასახელებს.

„ეს იყო სკანდალი. შუამავალ ფირმას სტუდენტებმა ჩაურიცხეს ფული, იმან კი უნივერსიტეტს ნაწილი ჩაურიცხა, ნაწილი არა და მიიმალა. თუმცა, სტუდენტები რა შუაში იყვნენ.

კანცლერი ითხოვდა, რომ არ გაგვეთავისუფლებინა სტუდენტები სწავლის საფასურისგან. ჩვენ შევქმენით კომისია, 2 ივნისს ჩავატარეთ სხდომა. ფაქტობრივად ამაში ჩართული იყო განათლების სამინისტროც, ინდოეთის საელჩოც, უკვე სკანდალის დონეზე ვიყავით მისული. სტუდენტები ითხოვდნენ დიპლომებს“, – გვეუბნება დავით ბარათაშვილი.

ალექსანდრე მითაიშვილს ფინანსური კუთხითაც ედავებიან. ბსუ-ს ოფიციალური პირები ამბობენ, ეს ბრალდებები პირდაპირ არის ჩამოთვლილი შიდა აუდიტის ანგარიშში, სადაც საუბარია პანდემიის პერიოდში ბიუჯეტის გადახარჯვაზე.

„თუმცა აუდიტის დასკვნაში ჩაშლილად არ იყო ეს თანხები – მთლიანი თანხები ეწერა. საწვავის ხარჯვა იყო ერთ მანქანაზე 2 400 ლიტრა, მეორე მანქანაზე 2000 ლიტრა, რაც ძალიან ბევრი გამოჩნდა. მაშინ როცა, სხვა სამსახურები ექსპედიციებს ატარებენ და გაცილებით ნაკლები აქვთ დახარჯული. ავტომანქანის რემონტზეა დახარჯული ასევე დიდი თანხები.

ამავე დასკვნაში ეწერა, რომ კანცლერმა უნივერსიტეტის ანგარიშები „საქართველოს ბანკში“ გადაიტანა, სადაც  მას პირადი ინტერესები ჰქონდა. ბანკის დიდი ვალი აქვს აღებული და ამაზე იყო საუბარი, მაგრამ რადგან ეს გამოძიების საგანია, ჩვენ ამაზე გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდით. ყოფილ კანცლერს ვუთხარით, რომ ამაზეც არის საუბარი“, – გვეუბნება დავით ბარათაშვილი.

მას ვკითხეთ,  კიდევ რა იყო ფაკულტეტის დეკანებსა და კანცლერს შორის დაპირისპირების მიზეზი, რაზეც დავით ბარათაშვილი ამბობს, რომ „ბევრი გარემოებაა, რაც შეუთავსებელია საუნივერსიტეტო საქმიანობასთან“.

„ეს ყველაფერი საგამოძიებო ორგანოების გასარკვევია, ჩვენ მხოლოდ აღნიშნული ორი მიზეზით გავათავისუფლეთ ის თანამდებობიდან. კანცლერი ფინანსურ საკითხებში მთავარი ფიგურაა, ფულის გადარიცხვები მასზეა დამოკიდებული. მან კი, ფაქტობრივად, გააჩერა უნივერსიტეტი“, – ამბობს ბარათაშვილი.

დავით ბარათაშვილის თქმით, საბჭომ ბსუ-ს რექტორს დაავალა სათანადოდ შეისწავლოს ყველა ბრალდება და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დოკუმენტაცია მიაწოდოს საგამოძიებო ორგანოებს.

„ეს რექტორის გადასაწყვეტია“, – ამბობს დავით ბარათაშვილი.

სხდომას, სადაც ალექსანდრე მითაიშვილის თანამდებობიდან გადაყენება იყო დაგეგმილი, ყოფილი კანცლერი არ დასწრებია. ბარათაშვილის თქმით, მას დოკუმენტაცია ფოსტით გაუგზავნეს. ამის საპირწონედ მითაიშვილმა უნივერსიტეტს შეატყობინა, რომ საავადმყოფოს ფურცელზე იმყოფებოდა და სხდომას ვერ დაესწრებოდა, „თუმცა საავადმყოფოს ფურცელი არ წარმოიდგენია“, – ამბობს ბარათაშვილი.

ალექსანდრე მითაიშვილი კანცლერის თანამდებობაზე 2019 წელს დაინიშნა.

___________________

ამავე თემაზე:

ბსუ-ს კანცლერი თავის იმპიჩმენტზე – პროკურატურას გადავეცი მასალები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: