არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებით, მერიის მიერ 2022 წლის 11 იანვარს გამოცხადებულ ტენდერში შპს „აჭარგანათებამ“ გაიმარჯვა. კომპანიამ ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო და ხელშეკრულება 28 963 288 ლარზე გააფორმა ბათუმის მერიასთან.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებით, მერიას სატენდერო პირობები „აჭარგანათებაზე“ ჰქონდა მორგებული, რაც კორუფციის რისკებს შეიცავს.
ტენდერის მიხედვით, „აჭარგანათებამ“ 2026 წლამდე ქალაქის განათების სისტემა Led სანათებით უნდა შეცვალოს. ასევე, ევალება განათების წერტების მოვლა-განახლება.
„აჭარგანათება“ ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლების დროიდან უკონკურენტოდ იგებს მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს. კომპანიის ერთ-ერთი მეწილე, თამაზ თოფურიძე, ბათუმის საკრებულოს წევრი იყო წინა ხელისუფლების დროს, „ნაციონალური მოძრაობიდან“. მისი გარდაცვალების შემდეგ კი მეწილე მისი მეუღლე ზოია დოლიძე გახდა. ხოლო მოგვიანებით კომპანია მთლიანად გადავიდა თოფურიძეების საკუთრებაში.
თამაზ თოფურიძის შვილი, ირაკლი თოფურიძე, ბათუმის საკრებულოს წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“. საკრებულოს წევრის ენმ-დან რეზო ხარაზის თქმით კი, ირაკლი თოფურიძე ქალაქის მერის, არჩილ ჩიქოვანის კლასელიცაა.
„გამჭვირვალობა“ აღნიშნავს, რომ მათ კვლევა 2019 წელსაც ჩაატარეს: „კვლევაში აღვნიშნეთ, რომ კომპანიამ 2011-2019 წლებში 26,5 მილიონი ლარი მიიღო, მათ შორის, თანხის 82% (21,7 მილიონი ლარი) უკონკურენტო და გამარტივებული შესყიდვებიდან.
კვლევის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიამ კიდევ 17 ელექტრონულ შესყიდვაში გაიმარჯვა, მათ შორის, 14 შესყიდვაში უკონკურენტოდ და ერთში – კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე. შედეგად კომპანიამ 6,6 მილიონი ლარი მიიღო.
„აჭარგანათებამ“ სახელმწიფო შესყიდვებიდან 2011-2022 წლებში 62 100 748 ლარი მიიღო.“
„გამჭვირვალობის“ განცხადებით, მათი, ასევე აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების მიუხედავად, ბათუმის მერია „მაინც აგრძელებს მანკიერ პრაქტიკას და მსხვილ შესყიდვებში სატენდერო პირობებს კვლავ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირის ოჯახის კომპანიას არგებს“.
რა იწვევს ტენდერის პირობების „აჭარგანათებისთვის“ მორგების ეჭვებს?
როგორც „გამჭვირვალობა“ ამბობს, ბათუმის მერიის „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ“ თითქმის 30-მილიონიან შესყიდვაში მონაწილეობის ერთ-ერთ მთავარ პირობად პრეტენდენტებს მოსთხოვა 2018 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე გარე განათების წერტების 5 მილიონი ლარის ღირებულების მოვლა-ექსპლუატაციისა და 3 მილიონი ლარის ღირებულების გარე განათების მონტაჟის გამოცდილება.
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებსა და ჩვენს წინამორბედ კვლევაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ „აჭარგანათების“ გარდა ბათუმსა და, ზოგადად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გამოცხადებულ სახელმწიფო და მუნიციპალურ შესყიდვებში ასეთი მოცულობის სამუშაოები არც ერთ კომპანიას არ ჩაუტარებია.
რეგიონში გარე განათების სამუშაოების შესყიდვებში მონაწილე არც ერთი კომპანიის – „მარდის“, „გუნგლის“, „გელმარისა“ და „მშენებელი 5“-ის მონაცემები (მათი დაარსების დღიდან დღემდე) არ აკმაყოფილებს ბათუმის მუნიციპალური ა(ა)იპის მიერ დადგენილ კრიტერიუმს“, – ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“.
არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ „აჭარგანათებამ“ ასევე უკონკურენტოდ მოიგო ამავე მერიის აიპის მიერ გამოცხადებული ბოლო, 500 000 ლარის ოდენობის ტენდერი, რომელიც ქალაქის გარე განათების წერტების მოვლას ითვალისწინებდა ახალი, 30-მილიონიანი ტენდერის გამარჯვებულის გამოვლენამდე“.
„აჭარგანათების“ გარდა, თოფურიძეები ფლობენ კიდევ ერთ კომპანიას. შპს „განათება“, რომლის 100%-იანი მესაკუთრეა ნიკოლოზ თოფურიძე, ეს კომპანიაც სახელმწიფო შესყიდვებში უმეტესად უკონკურენტო პირობებში მონაწილეობს. თუ „აჭარგანათება“ ბათუმის გარე განათების სერვისის ძირითადი მიმწოდებელია, „განათების“ სამოქმედო სივრცე ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებია.
„მივმართავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, დაიწყოს მოკვლევა ბათუმის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის იმ შესყიდვების შესასწავლად, რომელიც კომპანიებმა – „აჭარგანათებამ“ და „განათებამ“ უკონკურენტოდ და კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგო და მოკვლევის შედეგები საზოგადოებას დროულად და ამომწურავად გააცნოს“, – აცხადებს „გამჭვირვალობა“.
საკრებულოს წევრი რეზო ხარაზი კი ამბობს, რომ ბათუმის მერიას მან ტენდერის საეჭვო პირებთან დაკავშირებით ადრეც მიმართა, შემდეგ კი წერილობით მოითხოვა პასუხები კითხვებზე, თუ რამდენად ეფექტური იქნებოდა გარე განათების სისტემის შეცვლა, იყო თუ არა წინასწარ შემუშავებული სატენდერო დოკუმენტაცია რის მიხედვითაც გამოცხადდა შემდგომში ტენდერი. რეზო ხარაზის თქმით, მერიამ მის წერილობით კითხვებს არ უპასუხა.
„ახლა ვაპირებ, მივმართო ქალაქის პროკურატურასაც, რადგან აღნიშნული ტენდერი კორუფციის რისკებს შეიცავს“ – ამბობს ხარაზი.