ბათუმი,მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობის ახალი შეთანხმება „რივიერასთან“ ცათამბჯენის და იახტკლუბის მშენებლობაზე 

30.01.2020 • 4569
აჭარის მთავრობის ახალი შეთანხმება „რივიერასთან“ ცათამბჯენის და იახტკლუბის მშენებლობაზე 

ბათუმის იახტკლუბის რეკონსტრუქცია 2021 წლის ნაცვლად 2023 წელს დასრულდება. შესაბამის ხელშეკრულებაში ცვლილება, მოიჯარე კომპანიის [შპს „რივიერას“] მოთხოვნითა და აჭარის მთავრობის ნაწილობრივი თანხმობით, დაახლოებით თვენახევრის წინ შევიდა. ეს ხელშეკრულება ე.წ. „ბათუმი რივიერას“ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური შენობის საძირკვლის მოწყობის სამუშაოებსაც ითვალისწინებდა, რომელიც 2019 წელს უნდა დაწყებულიყო. ახალი ცვლილებით ეს პირობაც შეიცვალა.

შპს „რივიერას“ ბათუმის იახტკლუბი აჭარის მთავრობამ 1 ლარად, 20-წლიანი იჯარით და გარკვეული ვალდებულებებით 2017 წლის დეკემბერში გადასცა. იახტკლუბის განვითარებასთან ერთად, საიჯარო ხელშეკრულების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ის, რომ „რივიერას“ მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის საძირკვლის მოწყობა იახტკლუბის მიმდებარე ნაკვეთებზე 2019 წლის 31 დეკემბრამდე დაეწყო. „რივიერას“ მიმართ ეს და სხვა მოთხოვნები ხელშეკრულებაში, 2019 წლის 18 დეკემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებით შეიცვალა.

[highlight color=”green”] ახალი შეთანხმებით[/highlight] „რივიერა“ ვალდებულია უზრუნველყოს „2020 წლის 31 დეკემბრამდე სარგებლობაში გადაცემული ქონების მომიჯნავედ თავისსავე [ამჟამად შპს „ბათუმი რივიერას“-ავტ.] საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის სანებართვო პირობით განსაზღვრული მშენებლობის ეტაპის – საძირკვლის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დაწყება“.

[highlight color=”red”]თავდაპირველი ხელშეკრულებით[/highlight] კი, ამ მომიჯნავე ნაკვეთებზე მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის საძირკვლის მოწყობის სამუშაოები „რივიერას“ 2019 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დაეწყო.

ბათუმის იახტკლუბის იჯარით გაცემის ხელშეკრულებაში აღნიშნული ეს მომიჯნავე ნაკვეთები, ბათუმის კონცხზე მდებარე ის ნაკვეთებია, სადაც „რივიერა“ 5 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს. ეს ტერიტორია დღეს შემოღობილია და იქ სამუშაოები დაწყებულია.

ამასთან, აღნიშნული ნაკვეთები იპოთეკითაა დატვირთული, იპოთეკარი კი, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაფუძნებულ თანაინვესტირების ფონდთან დაკავშირებული კომპანია „ჯი სი ეფ ლუქსემბურგია“. იპოთეკის ხელშეკრულება 2018 წლის ივნისშია გაფორმებული. „ჯი სი ეფ ლუქსემბურგისგან“ „ბათუმი რივიერამ“ 25 მილიონი აშშ დოლარის სესხი აიღო.

ბათუმის კონცხი /იანვარი, 2020 / ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

იახტკლუბის იჯარით გაცემის ხელშეკრულებაში სხვა ცვლილებებიც შევიდა:

[highlight color=”green”]ახალი შეთანხმებით[/highlight] მოიჯარე შპს „რივიერა“ ვალდებულია უზრუნველყოს „ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში შეთანხმებული პროექტის შესაბამისად განსაზღვრული ობიექტების [იახტკლუბის – ავტ.] სარემონტო სამუშაოების/მშენებლობის დაწყება და 2023 წლის 31 დეკემბრამდე ექსპლუატაციაში მიღება და ამოქმედება“.

[highlight color=”red”]თავდაპირველი ხელშეკრულებით[/highlight] კი, „რივიერას“ ევალებოდა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში უზრუნველეყო შეთანხმებული პროექტის შესაბამისად განსაზღვრული ობიექტების სარემონტო სამუშაოების/მშენებლობის დაწყება და 2021 წლის 31 დეკემბრამდე ექსპლუატაციაში გაშვება და ამოქმედება.

[highlight color=”green”]ახალი შეთანხმებით[/highlight] „რივიერას“ დაევალა „ხელშეკრულების გაფორმებიდან 2021 წლის ბოლომდე სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე [იახტკლუბის – ავტ.] არანაკლებ 500 000 აშშ დოლარის, 2022 წლის ბოლომდე დამატებით არანაკლებ 1 500 000 აშშ დოლარის და 2023 წლის ბოლომდე დამატებით არანაკლებ 1 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება.

[highlight color=”red”]თავდაპირველი ხელშეკრულებით[/highlight] კი, აღნიშნული ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება კომპანიას შესაბამისად, 2019, 2020 და 2021 წლების ბოლომდე ჰქონდა.

ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობას „რივიერა“, აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრისთვის, 2019 წლის აპრილში გაგზავნილ წერილში იმით ხსნის, რომ ვერ მოხერხდა განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დროული დამტკიცება, რის გამოც შემდგომი პროცედურებიც დაგვიანდა.

ამონარიდი შპს „რივიერას“ დირექტორის, ნინო ხელაძის მიერ თორნიკე რიჟვაძისა და ჯაბა ფუტკარაძისთვის გაგზავნილი წერილიდან:

ამონარიდი „რივიერას“ დირექტორის წერილიდან, რომელიც 2019 წლის 24 აპრილითაა დათარიღებული. / ბათუმის საკრებულომ განაშენიანების რეგულირების გეგმა [გრგ] 2019 წლის 22 აგვისტოს დაამტკიცა.

„ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის პარალელურად, „რივიერას“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „თი ბი სი ბანკის“ მიერ გაცემული 200 000 ლარის საბანკო გარანტია აქვს წარდგენილი. გარანტია მოქმედებს 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

[red_box]ბათუმის იახტკლუბის გასხვისება:[/red_box]

შპს „რივიერას“, ბათუმის ზღვისპირას მდებარე 12 533 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე 923 44 კვ.მ ნავსაყუდელი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის 2017 წლის ბრძანებით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად გადაეცა სარგებლობაში.

მოგვიანებით შპს „რივიერამ“ იახტკლუბი სხვას – ახალდაფუძნებულ შპს „ბათუმის იახტკლუბს“ მისცა:

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში წარდგენილია ბათუმის იახტკლუბის განვითარების პროექტი, რომლის მიხედვით იგეგმება იახტკლუბის ტერიტორიის შემოღობვა და ბათუმის ნავსადგურის მხრიდან ოთხსართულიანი, დაახლოებით 18,5 მეტრი სიმაღლის შენობის აშენება, რომელშიც რესტორანი, საცურაო აუზი და სხვადასხვა დანიშნულების ოთახი განთავსდება. იგეგმება იახტებისთვის სპეციალური ბენზინგასამართი სადგურის მოწყობაც. უფრო დეტალურად, თუ რა იგეგმება იახტკლუბის ტერიტორიაზე, ნახეთ ბმულზე:

ბათუმის ე.წ. იახტკლუბს, ქონების იჯარით გაცემამდე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „ბათუმის ნავსაყუდელი 2015“ მართავდა. 2017 წლის 13 სექტემბერს კი „ბათუმის ნავსაყუდელის“ საწესდებო კაპიტალიდან ამოღებულ იქნა ქონება და ის აჭარის საკუთრებად დარეგისტრირდა [შემდგომში იჯარით გასხვისების მიზნით].

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, აჭარის საკუთრებაში არსებული შპს „ბათუმის ნავსაყუდელი 2015“, რომლის საწესდებო კაპიტალიდან მთავრობამ იახტკლუბის ნავსაყუდელი ამოიღო და „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილ „რივიერას“ იჯარით გადასცა, მომგებიანი კომპანია იყო.

„მომგებიანი კომპანიის საწესდებო კაპიტალიდან ქონების ამოღებით ამ კომპანიამ შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო დაკარგა. აღნიშნული გარიგებით, სახელმწიფო ორგანიზაციებმა საერთო ჯამში ქონების წლიური საიჯარო ქირის სახით 380 094 ლარი დაკარგეს“, – განაცხადა აუდიტმა.

სახელმწიფომ, 2019 წელს, შპს „ბათუმის იახტ კლუბის“ მიმართვის შემდეგ, ბათუმის იახტკლუბთან ზღვის აკვატორიის ნაწილი მიწის ნაკვეთად დაირეგისტრირა. კომპანია „ბათუმის იახტ კლუბი“, სახელმწიფოსგან ზღვის 1 ჰექტარამდე ფართობის 2037 წლამდე სარგებლობაში გადაცემას ითხოვს. ამ კომპანიაში „ბათუმელებს“ შარშან განუცხადეს, რომ ეს ტერიტორია მათ იახტების მოძრაობის უსაფრთხოებისთვის სჭირდებათ.

ამ თემაზე:

როგორი იქნება ბათუმის იახტკლუბი – პროექტი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: