მთავარი,სიახლეები

რა არის თავბრუსხვევის მიზეზები და რას ნიშნავს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი

03.11.2021 • 16550
რა არის თავბრუსხვევის მიზეზები და რას ნიშნავს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი

ვერტიგო ლათინური სიტყვაა და თავბრუსხვევას ნიშნავს. ქრონიკული და მოვლა-გავლითი თავბრუსხვევა მნიშვნელოვნად აქვეითებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს.

ვერტიგო შეიძლება მრავალი სხვადასხვა დაავადების სიმპტომი იყოს. მათ შორის ძალიან ხშირად ეს შეიძლება მიანიშნებდეს ვერტებრო-ბაზილარულ სინდრომზე.

რა დაავადებები იწვევს ვერტიგოს, რა არის ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი, რაც ხშირადაა თავბრუსხვევით გამოხატული, როგორ დგინდება მისი არსებობა და რა კვლევებია ამ დიაგნოზის დასადგენად საჭირო. ვერტებრო-ბაზილარულ სინდრომთან და თავბრუსხვევასთან დაკავშირებულ ამ და სხვა კითხვებზე „ბათუმელებთან“ ექიმი ნევროლოგი ჯამბულ მაკარაძე საუბრობს.

  • ბატონო ჯამბულ, რა არის ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი, რომელიც ხშირადაა თავბრუსხვევის მიზეზი?

ეს არის ხერხემლის არტერიების ან ბაზილარული არტერიის [თავის ტვინის ერთ-ერთი ძირითადი არტერიაა] აუზში სისხლის ცირკულაციის მოშლა და ამითაა გამოწვეული თავბრუსხვევაც. ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი თავად დაავადებას ჰქვია, ხოლო ვერტიგო ანუ თავბრუსხვევა არის სიმპტომი, რომელიც ასევე ამ დაავადების დროსაც შეიძლება გამოვლინდეს და სხვა მრავალი დაავადების მიზეზიც შეიძლება იყოს.

  • რა არის მისი გამომწვევი მიზეზი და რა დაავადებები სდევს თან?

როგორც აღვნიშნე, ეს სისხლძარღვოვანი, ანუ არტერიული მიზეზებით გამოწვეული სინდრომია. მიზეზი ძირითადად არტერიების კედლის შევიწროებაა, როცა სახეზეა ე.წ. ათეროსკლეროზული „ფოლაქები“.

დაავადება ხშირად მაღალწნევიან ადამიანებს უვითარდებათ. არტერიების დაავადება შეიძლება გამოიწვიოს გულიდან ან სხვა დიდი არტერიებიდან წამოსულმა ემბოლმა ან თრომბმა, რომელიც, უხეშად რომ ვთქვათ, შეიძლება გაიჭედოს ვერტებრო-ბაზილარულ სისხლძარღვებში.

სწორედ ამის შემდეგ ყალიბდება თავბრუსხვევა და თავის ტვინის დაზიანების სინდრომები, რაც ზოგჯერ სიცოცხლესთან შეუთავსებელია.

ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი ათეროსკლეროზის შედეგიცაა – მარტივად რომ ვთქვათ, მიზეზად შეიძლება იქცეს ცხიმის დაგროვება არტერიებში. შესაძლებელია მიზეზი იყოს არტერიების სისხლჩაქცევაც ან ამ არტერიის გახეთქვა – რაც უკვე ინსულტია, ინსულტსაც ახასიათებს თავბრუსხვევა ხშირად.

  • რით უნდა მივხვდეთ, რომ ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი გვაქვს, გარდა თავბრუსხვევისა, რა სიმპტომები ახასიათებს ამ დაავადებას?

ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი ეს არის სიმპტომების კრებული. თავბრუსხვევა ერთ-ერთი ძირითადი სიმპტომია.

ადამიანი ამ დროს გრძნობს, რომ ირგვლივ ყველაფერი ტრიალებს, უჭირს წონასწორობის დაცვა. შესაძლებელია ამ დროს მხედველობის პრობლემაც განვითარდეს, ან დავიწროვდეს მხედველობის ველი, ანუ ჩამობნელდეს ჩვენი ხედვის არეალის ნახევარი. ამას ჰემიენოპია ჰქვია.

ვერტებრო-ბაზილარული სინდრომის დროს სმენაც შეიძლება დაკარგოს პაციენტმა. შეიძლება სახის ერთი ან ორივე ნახევარიც დაბუჟდეს, ძნელდება ყლაპვა, იცვლება მეტყველება, შესაძლოა ხელ-ფეხიც კი გაჩერდეს.

ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი იშვიათად, მაგრამ მაინც შესაძლოა იყოს გამოხატული სინკოპეთი, ეს ძალიან საინტერესო სიმპტომია. ადამიანი გონების დაკარგვის გარეშე წყლის წვეთივით მოწყვეტით ეცემა უეცრად, მეორე წუთს კი შეუძლია წამოდგეს და გაიაროს.

  • როგორ იკვლევენ ექიმები თავბრუსხვევის მიზეზს და რა კვლევებია საჭირო ვერტებრო-ბაზილარული სინდრომის დასადგენად?

საწყის ეტაპზე დიაგნოზის დასასმელად ექიმის კვალიფიკაცია და გამოცდილებაა საჭირო. თავბრუსხვევა აუცილებლად ვერტებრო-ბაზილარულ სინდრომს არ ნიშნავს.

უამრავი სხვა მიზეზი აქვს თავბრუსხვევას და უხშირესად გამოწვეულია არა თავის ტვინის დაზიანებით, არამედ შიგნითა ყურის პრობლემებით, რასაც ე.წ. პერიფერიულ თავბრუსხვევასაც უწოდებენ.

ექიმმა უპირველესად უნდა გაარკვიოს ვერტიგო ანუ თავბრუსხვევა ცენტრალური არტერიებითაა გამოწვეული თუ პერიფერიულით. თუ ირკვევა, რომ ეს არის ცენტრალური გენეზისის თავბრუსხვევა, ამ შემთხვევაში საჭიროა ამ არტერიების დოპლეროგრაფიული კვლევა, ანუ ხერხემლისა და ბაზილარული არტერიის კვლევა.

ასევე თავის ტვინის მაგისტრალური, დიდი არტერიების ულტრაბგერითი კვლევა და თუ არის აშკარა პათოლოგია, როგორიცაა, ვთქვათ, დაბუჟება სახის არეში, რა თქმა უნდა, სასურველია ჩატარდეს თავის ტვინის ბირთვული, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა თავის ტვინის დასათვალიერებლად.

თავის ტვინის დაზიანების კერები ვიზუალური   შემოწმებით შეიძლება ვერც კი გამოიცნოს ექიმმა. კვლევითი ვიზუალიზაცია გვეხმარება სიმპტომების განვითარების პროგნოზირებაში და გართულებების პრევენციაში.

თუ  დადგინდა კვლევით, რომ ეს სინდრომი აქვს ადამიანს, მეორე ეტაპია რისკების შესწავლა: რის გამო ხდება სიმპტომების ჩამოყალიბება, დიაბეტი ხომ არ აქვს პაციენტს, არითმია, ათეროსკლეროზი, უნდა შეიცვალოს უმოძრაო ცხოვრების სტილი და ა.შ.

სამწუხაროდ, ვერტებრო-ბაზილარული სინდრომისას თუ არ იმკურნალა პაციენტმა, გართულების შემთხვევაში ვითარდება თავის ტვინის ინფარქტი ან სისხლჩაქცევა, რის გამოც შეიძლება ყველაფერი ლეტალურად დასრულდეს. შესაძლებელია სინდრომმა მძიმე უნარშეზღუდულობაც გამოიწვიოს. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი რისკების განსაზღვრა.

  • არსებობს თუ არა უწყინარი, თუნდაც ძლიერი თავბრუსხვევა, რასაც შეიძლება არაფერი ედოს საფუძვლად გარდა სტრესისა?

დიახ, თავბრუსხვევა შეიძლება სტრესის დროსაც დაიწყოს და ეს არ არის ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი. უნდა აღვნიშნოთ, რომ თავბრუსხვევის მიზეზებზე საუბრისას არსებობს თავბრუსხვევის კლასიფიკაცია: არის ცენტრალური არტერიების და მისი სტრუქტურების დაზიანება, არის პერიფერიული არტერიების დაზიანებით გამოწვეული ვერტიგო, კერძოდ, შიგნითა ყურიდან პატარა გამტარი გზებია, რომლითაც ვესტიბულური ნერვი უერთდება თავის ტვინს, ამ გზაზე თუ გაჩნდა პრობლემა, იწყება თავბრუსხვევა.

არსებობს ფსიქოგენური წარმოშობის თავბრუსხვევაც, როგორც ზემოთ ვთქვით სტრესის, დაძაბულობის, დეპრესიის, ისტერიის დროს რომ იწყება.

ფსიქოგენური წარმოშობის ვერტიგოს სიტყვასიტყვით ჰქვია კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური ვერტიგო.

კეთილთვისებიანი იმიტომ ჰქვია, რომ კეთილი მიმდინარეობა აქვს, ონკოლოგიასთან ამას კავშირი არ აქვს. პაროქსიზმული ნიშნავს, რომ შეტევითია: მოვლა-გავლითია ამ დროს თავბრუსხვევა. პოზიციური ნიშნავს, რომ თავის პოზიციის შეცვლასთან ერთად იწყება ვერტიგო და როგორც კი გახევდება ადამიანი, მალევე ჩერდება თავბრუსხვევა.

  • რა ხდება ფსიქოგენური თავბრუსხვევის დროს ადამიანის ორგანიზმში?

შუა ყურში სამი ნახევარრკალოვანი არხია ერთმანეთის პეროენდიკულარულად განლაგებული. ამ არხებში ენდოლიმფა ცირკულირებს. ზოგჯერ გროვდება მიკროკრისტალები არხებში, მიკრომარილები, ეს ენდოლიმფა ცირკულირებს მუდმივად და აქედან იწყება ზუსტად ჩვენი სივრცეში შეგრძნება დგომის, ჯდომის თუ გადააადგილების. მიკროკრისტალების არსებობა ხელს უშლის ენდოლიმფის თავისუფალ გადაადგილებას და ამ დროს ადამიანს ეწყება თავბრუსხვევა მოძრაობის, გადაადგილებისას, მაგრამ როგორც კი ენდოლიმფა თავისუფლად იწყებს დინებას, მაშინვე ჩერდება თავბრუსხვევა. ასე, რომ ამ ტიპის თავბრუსხვევას არ აქვს საერთო ვერტებრო-ბაზილარულ სინდრომთან და აბსოლუტურად სხვა სპექტრია. როგორც ვახსენეთ, ეს არის კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური ვერტიგო.

  • გავრცელებულია მოსაზრება, რომ კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური ვერტიგო ძირითადად ქალებისთვისაა დამახასიათებელი, ასეა ნამდვილად?

კი, ასეა. ლიტერატურაშიც ასეა, რომ  შუახნისას, 50 წლის ასაკიდან ეწყებათ ეს სინდრომი ქალებს. მინახავს გაცილებით ახალგაზრდა ასაკშიც, კაცებშიც. პროცენტულად ნამდვილად უფრო ქალებშია გავრცელებული.

  • რა შეიძლება იყოს პრევენცია, ცხოვრების წესი, ვარჯიში, კვება… თუ უკვე აქვს ეს დაავადება ადამიანს, რა ცხოვრების წესია მისთვის რეკომენდებული?

ისევე როგორც უამრავი სხვა დაავადების შემთხვევაში, ამ დროსაც პაციენტი უნდა  ცხოვრობდეს ჯანსაღი ცხოვრების წესით, ანუ ჰიპოდინამია, უმოძრაო ცხოვრების სტილი, სუფრის მარილის ჭარბად მოხმარება, ნახშირწყლების – კერძოდ ამ შემთხვევაში შაქრის ჭარბად მოხმარება, ნიკოტინი – არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ვერაგი რისკფაქტორები სისხლძარღვოვანი დაავადებებისა, ქოლესტერინის ცვლა, ქოლესტერინის ცვლის  მოდიფიცირებასა და მის მენეჯმენტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის საკვებში ცხოველური ცხიმის შეზღუდვა, იგულისხმება ქონი და კარაქი. არ იგულისხმება თევზეული, რომელიც პირიქით, კარგია.

რაც შეეხება ვარჯიშს. ეს ისეთი პათოლოგიაა, რომ კისრის ვარჯიში უკუნაჩვენებია: კისრის არტერიები გადის ხერხემალში, კისრის  მკვეთრმა ტრიალმა შეიძლება ისედაც შევიწროებული არტერიები უფრო შეავიწროოს, ხელი შეუწყოს სისხლმომარაგების შეფერხებას და თავის ტვინის ინფარქტის განვითარებას. მკვეთრი მოძრაობები ასეთ შემთხვევაში, წესით, არ შეიძლება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანმა ზომიერად არ იმოძრაოს, არ ივარჯიშოს, არ იაროს ფეხით.

მეტსაც გეტყვით: ვესტიბულარული დარღვევების მქონე პაციენტებისთვის არსებობს ე.წ. წონასწორობის დამცველი ვარჯიშები. პაციენტი ამას იმისთვის აკეთებს, რომ დაისწავლოს სხეულის კოორდინირებულად მართვა.

გადაბეჭდვის წესი