მთავარი,სიახლეები

რატომ მოხსნეს თამარ მაყაშვილი სპექტაკლებიდან – ინტერვიუ

06.11.2022 • 6256
რატომ მოხსნეს თამარ მაყაშვილი სპექტაკლებიდან – ინტერვიუ

13 ნოემბერს ბათუმის დრამატულ თეატრში ბერტოლტ ბრეხტის პიესის, „დედა კურაჟის“ საპრემიერო ჩვენებაა დაგეგმილი. წელს 144-ე თეატრალური სეზონი ბათუმში ამ სპექტაკლით გაიხსნა. მასში ერთ-ერთ მთავარ როლს მსახიობი თამარ მაყაშვილი ასრულებდა, თუმცა 13 ნოემბერს ის აღარ ითამაშებს, რადგან თეატრის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით მოიხსნა „მიმდინარე რეპერტუარიდან“.

ამის მიზეზი გახდა მსახიობის მიერ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 31 ოქტომბერს გასულ გადაცემაში ნათქვამი ფრაზები. „არასდროს ვაცმევდი ამ რაღაც სულელურ კაბებს, იმ დღეს გავიხედე და კატოს არ აცვია ხულელი ბავშვივით რაღაცა საშინელი ბეშუმური კაბა? ცისარტყელა, ბეშუმური“, – თქვა თამარ მაყაშვილმა ოჯახის წევრებზე საუბრისას.

მოგვიანებით თამარ მაყაშვილმა სამჯერ მოიხადა ბოდიში ამ ნათქვამის გამო. მიუხედავად ამისა, მისი ბოდიში არ გაითვალისწინეს.

რამდენად მართლზომიერი იყო მსახიობის მიმართ თეატრის ადმინისტრაციის მხრიდან გატარებული ზომები, რამდენად ქმნის ეს გადაწყვეტილება საფრთხე სხვა მსახიობებისთვის? – ჰკითხა  „ბათუმელებმა“ ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, კინომცოდნე თეო ხატიაშვილს.

  • ქალბატონო თეო, თქვენი აზრით, რამდენად შესაბამისი ზომა იყო ბათუმის დრამატული თეატრის მხრიდან თამარ მაყაშვილის მოხსნა რეპერტუარიდან გადაცემაში მისი გამონათქვამისთვის?

ნამდვილად გადაჭარბებულია. არა იმიტომ, რომ არ უთქვამს არაფერი შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციის შემცველი, არამედ თუნდაც იმიტომ, რომ ამ ადამიანმა შემდგომ ბოდიში მოიხადა. ჩვენ ვისმენთ [მსგავს გამონათქვამებს] მათ შორის ხელოვანებისგან, მათ შორის უფრო დიდი რეჟისორებისგან და სახელოვანი ადამიანებისგან, რომელთა მიმართაც მაყურებლის მოწიწება და შესაბამისად, გავლენაც არის გაცილებით დიდი, მაგრამ არასდროს არ ვთხოვთ მათ პასუხს.

არასდროს რობერტ სტურუას პასუხი არ უგია თავისი არაერთხელ გამოთქმული ქსენოფობიური აზრების გამო.

არასდროს პასუხი არ უგია არცერთ პარლამენტარს, ხელისუფლების წარმომადგენელს, რომელიც თავის საჯარო გამოსვლებში სხვადასხვა ჯგუფის მიმართ იჩენს სიძულვილის ენას.

რას ვხედავთ ამ შემთხვევაში? ჩვეულებრივი პრაქტიკაა, როდესაც სუსტ, დაბალ რგოლზე გადატყდება ხოლმე თითქოს პასუხისმგებლობა. აი, ამ შემთხვევაში თითქოს ასეთი დიდსულოვანი და „კეთილშობილური“ დამოკიდებულება გამოიჩინა [საზოგადოებისადმი] ბათუმის თეატრის ხელმძღვანელობამ.

ძალიან კარგი პოსტი ეწერა დათა თავაძეს, სამეფო უბნის თეატრის რეჟისორს, რომელიც საუბრობდა იმაზე, რომ დღემდე თეატრალური სივრცე სავსეა სტერეოტიპული, ქსენოფობიურ ხუმრობებზე აგებული რეპერტუარით. მაგალითად, სომეხი პერსონაჟის დამახინჯებული ქართული ქართული შეიძლება გახდეს [სპექტაკლის] ძირითადი კომიკური ელემენტი, მაშინ როდესაც ამ თითქოს უწყინარ ხუმრობაში ღრმა არმენოფობია გამოსჭვივის.

მეორე მხრიდან რომ შევხედოთ და ვთქვათ, რომ ეს არის მართლაც დემოკრატიული, ტოლერანტული საზოგადოების რეაქცია, რომელსაც მიუღებლობა აქვს ნებისმიერი ქსენოფობიური გამოვლენისადმი, ამ შემთხვევაშიც კი ვფიქრობ ცოტა სასტიკად მოექცა ბათუმის თეატრის დირექცია ამ მსახიობს, იმიტომ, რომ მსახიობმა თავისი გამონათქვამის გამო მოიბოდიშა.

თუმცა, მე მგონია, რომ შეიძლება პრეცედენტის სახით კარგიც იყოს, რომ დანარჩენი მსახიობები, მხატვრები, მუსიკოსები, ასე შემდეგ დაფიქრდნენ უფრო მეტად, როდესაც მსგავს უკბილო ხუმრობებს ტელევიზიით მოგვიყვებიან.

თეო ხატიაშვილი

  • გახსენდებათ მსგავსი შემთხვევა, როცა საქართველოში სატელევიზიო გადაცემაში ასეთი გამონათქვამისთვის სპექტაკლებიდან მოუხსნიათ მსახიობი? თქვენი აზრით, რა მოხდა ამჯერად?

არ მახსენდება. ყოფილა შემთხვევა, როდესაც არაკორექტული გამონათქვამის გამო ატეხილა ამბავი საზოგადოებაში და ამის გამო მერე მოუხდიათ ბოდიში.

აქ მნიშვნელოვანია კიდევ ერთი მომენტი და ეს ბევრმა აღნიშნა, როდესაც ამ თემაზე კომენტარებს წერდნენ. როდესაც სატელევიზიო გადაცემაში ამბობს მსგავს შეურაცხმყოფელ გამონათქვამს ადამიანი, [გადაცემის] წამყვანი და პროდიუსერი ვალდებულია იქვე, ეთერში მიუთითოს მას ამის შესახებ. როგორც ვიცი, მაყაშვილის ამ ხუმრობას აჰყვა მთელი სტუდია.

გასაგებია, თეატრის ხელმძღვანელობას ვერ მოვთხოვთ „იმედის“ დანარჩენ წამყვანებს პასუხი მოსთხოვოს. იმას, რომ ზოგადად საზოგადოების [დამოკიდებულებაა] პრობლემაა, ამას კიდევ ერთხელ აჩვენებს ეს კონკრეტული შემთხვევა, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის პრობლემა, არამედ ეს არის ნორმა. აი, ასეთი დამოკიდებულებაა შენს ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური, რელიგიური, სოციალური ჯგუფებისადმი.

რამდენჯერ მოგვისმენია სოფლელებზე ხუმრობა და გაგვიტარებია ჩვეულებრივად? ეს არის ჩვეულებრივი კულტურული ფაშიზმის ქვეყანა.

ერთი თამარ მაყაშვილი დასაჯეს და თანაც ვინ დასაჯა? მან, ვინც ასევე ძალიან ხშირად შემჩნეულია დისკრიმინაციულ დამოკიდებულებაში სხვა ჯგუფების მიმართ.

  • თამარ მაყაშვილმა თავისი გამონათქვამისთვის ბოდიში მოიხადა, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. თქვენი დაკვირვებით, როგორ არჩევენ იმ ადამიანებს, ვის აპატიონ ყველაფერი და ვინ ბოდიშის მოხდის შემდეგაც კი დასაჯონ?

სამწუხაროდ ამ ჩვენს პოლიტიზებულ ქვეყანაში ყველაფერი ისევ დადის პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე. [მაყაშვილის შემთხვევაში] ეს არის გარკვეულწილად სადამსჯელო ოპერაციაც.

როდესაც გახმაურდა მაყაშვილის თეატრიდან განთავისუფლება, მაშინვე ძალიან ბევრს გაუჩნდა ეჭვი, რომ ეს იყო ერთგვარი შურისძიება რობერტ სტურუას და ხელისუფლების რჩეულებში მყოფი ზანგურისადმი, რომელსაც ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებდა თამარ მაყაშვილის ოჯახი.

მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ ეს იყო ერთგვარი სასჯელი, იმიტომ, რომ ვიღაცამ გაბედა და ასეთი ფავორიტი რეჟისორის ფავორიტ მსახიობს სასამართლოში უჩივლა.

  • ერთი შეხედვით იქმნება შთაბეჭდილება, რომ თეატრმა შეასრულა საზოგადოების იმ ნაწილის დაკვეთა, რომელიც აღშფოთდა, გაბრაზდა მსახიობის ამ განცხადებით. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს ასეა?

არ მჯერა, რომ ამას აკეთებს მართლა შეგნებით და თავისი განწყობების შესაბამისად ქანთარია, იმიტომ, რომ თვითონ უთქვამს ძალიან ბევრი რამ დისკრიმინაციული, შეურაცხმყოფელი…

ადამიანი ასეთი მორალის პოზიციებიდან ძალიან არადამაჯერებელია.

  • რა საფრთხეს შეიძლება ეს შეიცავდეს, როდესაც ასე ექცევა თეატრი მსახიობს? 

მაინც იმედს დავიტოვებ, რომ ეს ერთი კონკრეტული შემთხვევაა.. თუმცა იმას, რაც ხდება კულტურის სფეროში ბოლო წლებში, თამამად შეგვიძლია დავარქვათ რეპრესიები.

განსაკუთრებით გამორჩეულია მუზეუმი, საიდანაც არასასურველ, ხელისუფლებისადმი არაერთგულ კადრებს იშორებენ. თუმცა ადამიანები სრულიად ნეიტრალური განწყობებითაც ერთი ხელის მოსმით გაუშვეს.

სრული განუკითხაობაა. შესაძლებელი გახდა ყოველგვარი კანონის დაცვის, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე ერთ მშვენიერ დღეს თანამშრომელი მივიდეს სამსახურში და კარი დაკეტილი დახვდეს. ეს არის ერთიანი პროცესის ნაწილი. ვის რა მიზეზს მოუძებნიან, ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს.

ვართ პოტენციური საფრთხის წინაშე, რომ ერთ დღეს ჩვენი რაღაც არ მოეწონებათ. არა იმიტომ, რომ არ ვასრულებთ საქმეს ისე, როგორც საჭიროა, არამედ ხელისუფლების განწყობის მიხედვით, შეიძლება უსამსახუროდ აღმოვჩნდეთ.

უკვე ტენდენციად იქცა დამოკიდებულება – მე ვარ ხელისუფლების ბანდა და მე კანონს, როგორც მინდა ისე შემოვატრიალებ ჩემს სასარგებლოდ. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ არ მინდა ვინმე თანამშრომელი იყოს ჩემთან, მას გავუშვებ. თეატრი იქნება, მუზეუმი თუ სხვადასხვა სფერო, სამწუხაროდ ეს უკვე იქცა მიღებულ პრაქტიკად და ცხადია, საშიშია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: