შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩასაბარებლად ქუჩის მარშრუტები ზუგდიდშიც დაამტკიცა.
ზუგდიდში სამი საგამოცდო მარშრუტი იქნება:
N1 მარშრუტი – მომსახურების სააგენტოს ტერიტორია – შ. ხუბულავას ქუჩა – შოთა რუსთაველის ქუჩა – თამარ მეფის ქუჩა – უკუმიმართულება: თამარ მეფის ქუჩა – შოთა რუსთაველის ქუჩა – შ. ხუბულავას ქუჩა – მომსახურების სააგენტოს ტერიტორია;
N2 მარშრუტი – მომსახურების სააგენტოს ტერიტორია – შ. ხუბულავას ქუჩა – ბარამიას ქუჩა – კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა – შოთა რუსთაველის ქუჩა – უკუმიმართულება: შოთა რუსთაველის ქუჩა – კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა – წითელი ჯვრის ქუჩა – თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალი – შ. ხუბულავას ქუჩა – მომსახურების სააგენტოს ტერიტორია;
N3 მარშრუტი – მომსახურების სააგენტოს ტერიტორია – შ. ხუბულავას ქუჩა – შოთა რუსთაველის ქუჩა – თამარ მეფის ქუჩა – უკუმიმართულება: თამარ მეფის ქუჩა – შოთა რუსთაველის ქუჩა – შ. ხუბულავას ქუჩა – ბარამიას ქუჩა – კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა – წითელი ჯვრის ქუჩა – თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალი – შ. ხუბულავას ქუჩა – მომსახურების სააგენტოს ტერიტორია.
ზუგდიდის საგამოცდო მარშრუტების დამტკიცების შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანება 2022 წლის 28 ნოემბრიდან ამოქმედდება.
ზუგდიდის საგამოცდო მარშრუტების სანახავად, გადადითამ ბმულზე.
B და BE კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა საქართველოში ორეტაპიანია – პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი ტარდება დახურულ მოედანზე, ხოლო მეორე ეტაპი – რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში [ქუჩებში იმ საგამოცდო მარშრუტებზე, რომლებიც შსს-მ დაამტკიცა].
საგამოცდო მარშრუტები ბათუმში,რუსთავში, თელავში, გორში, ახალციხეში, საჩხერეში, ქუთაისში, ოზურგეთსა და ფოთში, შს მინისტრმა 2022 წლის აპრილში დაამტკიცა, თუმცა ბრძანებაში 22 ივნისს შევიდა ცვლილება, შესაბამისად, ამ ცხრა ქალაქში ახალი საგამოცდო მარშრუტები შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.
სამინისტროში მაშინ განაცხადეს, რომ იმ დროისთვის „მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის სამსახურში, ქალაქში გზებზე მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, კანდიდატები ვერ შეძლებდნენ მართვის უფლების მისაღები გამოცდის მეორე ეტაპის ჩაბარებას შესაბამისი სამუშაოების დასრულებამდე“.
დღეს, 20 ნოემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ მიმდინარეობს.
წელს ფესტივალის მთავარი თემა აჭარული ნაქარგებია, რომელთა დეკორაციებითაც გაფორმდა ევროპის მოედანი.
სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდგანა“ 2015 წლიდან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა. ფესტივალი 2020-2021 წლებში არ ჩატარებულა კორონავირუსის პანდემიის გამო.
„აქ მოსვლამდე არანაირი სიღრმისეული ცოდნა არ მქონდა ჟურნალისტიკაზე. რეალურად 7 წელია ამ სფეროთი ვარ დაინტერესებული. ვერც სოციალური ქსელი, ვერც სხვა პლატფორმა, ვერაფერი ვერ დამეხმარა იმ ცოდნის მიღებაში, რომელიც მჭირდებოდა. აქ მოსვლა კი გარდამტეხი აღმოჩნდა ჩემთვის. ბევრი რამე სხვანაირად დავინახე და უფრო დადებითად განვეწყვე ჟურნალისტური საქმიანობის მიმართ,“ – ამბობს მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ სურმანიძე.
მარიამი და კიდევ სხვადასხვა სკოლის 16 მოსწავლე აჭარიდან „ბათუმელების“ მედიასკოლის მონაწილეები არიან. „მედიაწიგნიერების სკოლა“- ამ პროექტს „ბათუმელები“ ახორციელებს „ბათუმის ამერიკულ კუთხესთან“ ერთად.
მედიასკოლის მონაწილეები სამთვიან ინტენსიურ კურსს გადიან ჟურნალისტიკასა და მედიაწიგნიერებაში. კურსის მიმდინარეობისას სწავლობენ ახალი ამბებისა და ვიდეო/ფოტომასალის მომზადებას, ინტერვიუს ჩაწერის ტექნიკას.
მე-11 კლასის მოსწავლე ელენე თავართქილაძეც მედიასკოლის მონაწილეა. 13 წლის იყო, როცა ჩანაწერების გაკეთება დაიწყო. ბლოგის გაკეთება უნდოდა, თუმცა არ იცოდა ეს ისე როგორ მოეხერხებინა, რომ მისი ვინაობა არ გამოჩენილიყო. მედიასკოლაში მისვლის მიზეზი მისთვის ისეთი ცოდნის მიღების სურვილი აღმოჩნდა, რომელსაც გამოიყენებდა.
“ბათუმელების” მედიასკოლის მონაწილეები
„მოლოდინები გამიმართლდა. ვიცოდი, რომ რაღაც ისეთს ვისწავლიდი, რაც მომავალში გამომადგებოდა. ჯერ არ გამომიყენებია, მაგრამ ვფიქრობ, რომ აქ მიღებული ცოდნა გამომადგება. შეიძლება დამაფიქროს ჩემს მომავალ კარიერაზე და ხელი შეუწყოს ჩემს განვითარებას,“ – ამბობს ელენე.
„არ ვიცოდი, რომ „მეოთხე ხელისუფლება“ იყო ჟურნალისტიკა და არც ის, ამხელა ძალა თუ გააჩნდა. ახლა ვხედავ რამდენად საპასუხისმგებლო საქმეა, იმიტომ, რომ თუ რამე შეგეშლება, ამით შეიძლება ცუდი ზეგავლენა მოახდინო მთლიანად საზოგადოებაზე.
მედიასკოლაში სწავლისას ჟურნალისტიკის მნიშვნელობა უფრო გავაანალიზე და ისიც დავინახე, თუ რამდენად შემიძლია, მე ჩემს ცხოვრებაში ამ გზას გავყვე,“ – ამბობს მე-15 საჯარო სკოლის მოსწავლე დეა მუთიძე.
მედიასკოლის მონაწილეები აჭარაში მდებარე სხვადასხვა სკოლების მოსწავლეები არიან.
„აქ მოსვლის შემდეგ ჟურნალისტიკამ კიდევ უფრო დამაინტერესა. შეიძლება ჩემი მომავალი პროფესიაც ჟურნალისტიკა იყოს“, – ამბობს მეცხრე კლასის მოსწავლე გიორგი მორთულაძე.
“ბათუმელების” მედიასკოლის მონაწილეები
მედიასკოლაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრისას სკოლის მოსწავლეები ამბობენ, რომ მედიასკოლა მათ ეხმარება უფრო გლობალურად შეხედონ მოვლენებს.
„როდესაც პროფესიონალებს ხვდები, რომლებიც თავის სფეროზე და საქმიანობაზე გიყვებიან, ეს უფრო ფართოდ გაჩვენებს რაღაცებს. ამიტომ, შეიძლება ითქვას, აქ მოსვლით გამართლდა ის მოლოდინები, რაც მქონდა.
მაგალითად, რაღაც დონეზე წარმომედგინა, როგორი უნდა ყოფილიყო ინტერვიუ, მაგრამ აქ მიღებულმა ინფორმაციამ, კიდევ უფრო გამიღრმავა ეს ცოდნა. დამანახა, როგორ მუშაობენ ჟურნალისტები. ეს მუშაობის პრინციპი იყო ძალიან საინტერესო,“ – ამბობს მედიასკოლის კიდევ ერთი მონაწილე, ნინი თურაძე.
საფრანგეთმა უკრაინას Crotale-ს საჰაერო თავდაცვის სისტემების ორი ბატარეა, და, ასევე, ორი მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა გადასცა ცის დასაცავად.
ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა Le Journal du Dimanche-სთან ინტერვიუში. მისი თქმით, ახლა პარიზში განიხილავენ კიევის მოთხოვნას სარადარო სადგურების უზრუნველყოფის შესახებ.
ასევე, საფრანგეთში დაახლოებით 2 000 უკრაინელი ჯარისკაცი გაივლის სპეციალიზებულ წვრთნას რამდენიმე კვირის განმავლობაში.
Crotale განკუთვნილია საშუალო, დაბალ და ძალიან დაბალ სიმაღლეებზე საჰაერო სამიზნეებთან ბრძოლისთვის. „ამერიკის ხმის“ ცნობით, ამ კომპლექსის საშუალო ფასი 16 მილიონი აშშ დოლარია.
უკრაინამ, მოკავშირეებთან ერთად, უკრაინის საჰაერო ფარის შესახებ ერთობლივი დეკლარაციის შემუშავება დაიწყო. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ წერს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებაზე დაყრდნობით.
„რადგან რუსეთის დარტყმები უკრაინის ქალაქებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე აშკარად გაგრძელდება, უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება ეფექტური სარაკეტო თავდაცვა. ძალიან სწრაფად, ზამთრის დაწყებამდე.
…ამიტომ, უკრაინამ, თავის უახლოეს მოკავშირეებთან ერთად, დაიწყო ერთობლივი დეკლარაციის შემუშავება უკრაინის საჰაერო ფარის შესახებ.
ჩვენ გვინდა ავაშენოთ ინტეგრირებული მრავალდონიანი საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემა უკრაინისთვის და ეს იქნება წვლილი მთელი ევროპის კონტინენტის საერთო საავიაციო უსაფრთხოებაში“ – განაცხადა ერმაკმა Halifax International Security Forum-ზე.
უკრაინაში, ხარკოვის, ხერსონისა და დონეცკის რეგიონების გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ბოლო ორი თვის განმავლობაში 700-ზე მეტი დაღუპულის ცხედარი იპოვეს. მათი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეა – ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა.
გარდა ამისა, მისივე თქმით, აქ 20-ზე მეტი ადგილი იქნა აღმოჩენილი, სადაც უკანონოდ აკავებდნენ და აწამებდნენ უკრაინის მოქალაქეებს. დანაშაულების უმეტესობა ხარკოვის რეგიონში დაფიქსირდა.
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე უკვე აღძრეს 43000-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე, 12 რუსი სამხედრო უკვე გასამართლებულია უკრაინაში სამხედრო დანაშაულის ჩადენისთვის. მსჯავრდებულთა უმეტესობა უკრაინაშია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 20 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 84 210 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +330]
ტანკი – 2 886 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 5 817 ერთეული [+2]
საარტილერიო სისტემა – 1 868 ერთეული [+1]
MLRS – 393 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 209 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 278 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 261 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 537 ერთეული [+1]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 480 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 4 371 ერთეული [+3]
სპეცტექნიკა – 161 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 20 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
333 თვითმფრინავი
177 ვერტმფრენი
2 538 უპილოტო საფრენი აპარატი
388 საზენიტო სარაკეტო სისტემა
6 729 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
899 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 604 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
7 293 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
უკრაინაში, ხარკოვის, ხერსონისა და დონეცკის რეგიონების გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ბოლო ორი თვის განმავლობაში 700-ზე მეტი დაღუპულის ცხედარი იპოვეს. მათი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეა – ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა:
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 ნოემბრის 21 საათიდან 21 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება:
დღისით: 17 – 23 გრადუსი
ღამით: 8 – 13 გრადუსი
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 8 – 13 გრადუსი
ღამით: 1 – 6 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, 22-23 ნოემბერს აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
მიზნობრივი ქვეყნები, სადაც პირდაპირი სარეკლამო კამპანიებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან მილიონობით თანხა იხარჯება, არ იცვლება.
საერთაშორისო ბაზრებზე რეგიონის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის მარკეტინგისთვის, აჭარის ბიუჯეტიდან 2022 წელს 3 872 000 ლარია გამოყოფილი, 2023 წლისთვის კი, ეს თანხა 6 375 000 ლარი იქნება.
აჭარაში, ოფიციალური მონაცემებით, იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით 999 ათასი ვიზიტორი ჩამოვიდა [აქედან ნახევარ მილიონზე მეტი – აგვისტომდე]. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი რეგიონს 1,4 მილიონი ვიზიტორი ესტუმრა.
წელს უცხოელი ვიზიტორებიდან ყველაზე მეტი თურქეთის მოქალაქეები იყვნენ – 442 611 ვიზიტორი, შემდეგ არიან რუსეთის მოქალაქეები – 112 225 ვიზიტორი, მესამე ადგილზე კი, ისრაელია – 97 843 ვიზიტორი.
მიუხედავად იმისა, რომ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბოლო წლებში პირდაპირ სარეკლამო კამპანიას არ აწარმოებს რუსეთში და ის არც მიზნობრივი ბაზრების ჩამონათვალშია, წელს, იანვარ-ოქტომბერში, რუსეთიდან გაცილებით მეტი ვიზიტორი იმყოფებოდა აჭარაში, ვიდრე პანდემიამდე – 2019 წლის იმავე პერიოდში.
აჭარაში ვიზიტორთა რაოდენობა მოქალაქეობის მიხედვით 2019-2022 წლების იანვარ-ოქტომბერში [ტოპ 10 ქვეყანა]:
წყარო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი
მარკეტინგისთვის დეპარტამენტს არც ირანი და უზბეკეთი აქვს მიზნობრივ ჩამონათვალში, თუმცა ეს ქვეყნები აჭარაში ვიზიტორთა რაოდენობის ათეულშია.
ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, წელს სარეკლამო კამპანია არც ბელარუსში ჰქონიათ, თუმცა ამ ქვეყნიდან 28 ათასზე მეტი ვიზიტორი ჩამოვიდა.
სარეკლამო კამპანიის წარმოებას ბელარუსში, როგორც „ბათუმელებს“ დეპარტამენტში უთხრეს, არც მომავალ წელს გეგმავენ, მაგრამ აჭარის ბიუჯეტის პროექტში ის კვლავ მიზნობრივი ქვეყნების ჩამონათვალშია.
რატომ არის ბელარუსი მიზნობრივი ქვეყნების ჩამონათვალში, თუ იქ სარეკლამო კამპანია არ იგეგმება და რატომ არ იცვლება ამ ქვეყნების ჩამონათვალი? – ამ კითხვაზე დეპარტამენტიდან პასუხი ჯერჯერობით ვერ მივიღეთ.
[red_box]ვიზიტორების რაოდენობა აჭარაში მიზნობრივი ქვეყნებიდან[/red_box]
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიზნობრივი ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორების სტატისტიკა იანვარ-ოქტომბრის პერიოდში, წლების მიხედვით / წყარო: დეპარტამენტი
რამდენი ვიზიტორი იმყოფებოდა აჭარაში, როგორც ტურისტი, ეს მონაცემები, ფაქტობრივად, არ გვაქვს, ვინაიდან ტურიზმის დეპარტამენტიდან მიღებული მონაცემების წყარო შინაგან საქმეთა სამინისტროა, რომელიც ძირითადად, მხოლოდ საზღვრის კვეთის სტატისტიკას აწარმოებს, ვიზიტორთა მოქალაქეობის მიხედვით.
შესაბამისად, ზემოთ მოყვანილ ცხრილებში მოცემულია საერთო სტატისტიკა ვიზიტორების და არა უშუალოდ ტურისტების. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისგან მიღებულ მონაცემებში მითითებულია: „საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები [აჭარის ა.რ. ადმინისტრაციული საზღვრების მიხედვით] – წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი.“
საერთაშორისო ბაზრებზე რეგიონის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის მარკეტინგისთვის, აჭარის ბიუჯეტიდან 2022 წელს 3 872 000 ლარია გამოყოფილი, 2023 წლისთვის კი, ეს თანხა თითქმის ორმაგდება და 6 375 000 ლარი იქნება.
თუმცა ფინანსები ტურიზმის დეპარტამენტს დამატებით არ გამოეყოფა – მარკეტინგისთვის საჭირო თანხა, წელს დაფინანსებული სხვადასხვა ღონისძიების შეწყვეტის ხარჯზე გაიზრდება.
აჭარის ბიუჯეტიდან 2023 წელს აღარ დაფინანსდება „ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისა“ და „უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო განსახორციელებელი ღონისძიებები“, რისთვისაც წელს, შესაბამისად, 1,9 და 1,6 მილიონი ლარია ბიუჯეტში. ამ ღონისძიებებს ტურიზმის დეპარტამენტი ახორციელებს.
აჭარის მთავრობა ტურიზმს კვლავ პრიორიტეტად აცხადებს, თუმცა, ფაქტობრივად, უცვლელი რჩება აჭარის ბიუჯეტიდან ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისთვის 2022 წელს ჯამში 13 375 000 ლარია გამოყოფილი, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში კი, 13 971 200 ლარია გათვალისწინებული [აქედან 1 035 400 ლარი ხელფასებისთვის].
საერთაშორისო ბაზრებზე რეგიონის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის მარკეტინგისთვის, აჭარის მთავრობის ამჟამინდელი გათვლებით, დაფინანსება არც მომდევნო წლებში იზრდება. მთავრობის პროგრამის მიხედვით, აღნიშნული აქტივობისთვის გათვლილია:
2023 წელს – 6 375 000 ლარი
2024 წელს – 5 763 000 ლარი
2025 წელს – 6 339 000 ლარი
2026 წელს – 6 973 000 ლარი
მთავრობის პროგნოზით, ასეთი დაფინანსებით, „უცხოელ ტურისტთა რაოდენობის პროცენტული ზრდა საბაზისო, 2019 წელთან შედარებით, 2023 წელს იქნება 4 პროცენტი, მომდევნო წლებში კი, +10 პროცენტი.
18 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმში“ კონფერენცია გაიმართა საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარების გზების შესახებ.
კონფერენციაზე ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ჯგუფებმა, რომლებიც მუშაობენ კორპორაციული პასუხისმგებლობის საკითხებზე ან თავად არიან ბენეფიციარები.
კონფერენციას ესწრებოდნენ სოციალურ პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირები სახელმწიფო სტრუქტურებიდან, საჯარო, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორიდან.
18 ნოემბერს სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმში“ კონფერენცია გაიმართა, საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარების გზების შესახებ
კონფერენციის ერთ-ერთი მომხსენებელი, ბავშვთა ჰოსპისის კოორდინატორი როდამ გოგოხია იყო. მან კონფერენციის მონაწილეებს უამბო როგორ აშენდა ჰოსპისი, რომლის მსგავს სერვისსაც საქართველოში ბავშვებს ვერსად სთავაზობენ.
ბავშვთა ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყანა“ ოჯახური ტიპის სახლია და 2016 წლიდან არსებობს. აქ 0-დან 18 წლამდე ბავშვები ცხოვრობენ, რომლებსაც ქრონიკული და უკურნებელი სენი აქვთ. აქ ბავშვებს პალიატიურ დახმარებას უწევენ. ჰოსპისის მიზანია, დარჩენილი სიცოცხლე ბავშვებმა ტკივილის და დისკომფორტის გარეშე გაატარონ.
„ციცინათელების ქვეყნის“ გახსნის იდეა 2013 წელს გაჩნდა ღია საზოგადოების ფონდში. მშენებლობა სამედიცინო კომპანია „ევექსის“ პირველი შენატანით და პრეზიდენტის ფონდით დაიწყო. მერე ინიციატივას ბიზნესი, არასამთავრობო სექტორი და ჟურნალისტები შეუერთდნენ.
„ეს იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ გაერთიანდა ყველა ერთი საქმისთვის. ჰოსპისში 23 ადამიანია დასაქმებული, ისინი 24 საათი ბავშვების სამსახურში არიან: ექიმები, მედდები, მძღოლები, დიასახლისები და ა.შ.“ – განაცხადა კონფერენციაზე ჰოსპისის კოორდინატორმა.
როდამ გოგოხია, ბავშვთა ჰოსპისის, „ციცინათელების ქვეყნის“ კოორდინატორი
მოწვეულმა მომხსენებლებმა და სტუმრებმა ისაუბრეს კორპორაციული პასუხისმგებლობის რა პოლიტიკა, პრაქტიკა და მიდგომები აქვთ. როგორია რეალობა და რამდენად გააზრებული აქვთ გავლენა საზოგადოების, ბიზნესისა თუ სახელმწიფოს განვითარებაზე.
ამ გავლენის მნიშვნელობა კარგად ესმით Educare Georgia-ს წარმომადგენლებს.
პროექტი „ჩართე“ სწორედ Educare Georgia-ს იდეა იყო. კონფერენციაზე „ჩართეს“ წარმომადგენელმა, მარიამ მჭედლიშვილმა ამ ინიციატივის მნიშვნელობაზე, შედეგებსა და მიზნებზე ისაუბრა.
საქველმოქმედო ონლაინპლატფორმა „ჩართე“ნებისმიერ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას სურვილის შემთხვევაში, თუნდაც 1 ლარით დაუფინანსოს ინტერნეტი ან კომპიუტერი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს.
18 ნოემბერს სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმში“ კონფერენცია გაიმართა, საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარების გზების შესახებ.
არასამთავრობო ორგანიზაცია Educare Georgia-ს მიზანია გახადოს ხარისხიანი განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი. მათი შექმნილია „ხანის აკადემიის“ ქართულენოვანი ონლაინპლატფორმაც.
ამ პლატფორმის სხვადასხვა სკოლაში წარდგენისას პროექტის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს, რომ „ხანის აკადემიის“ ლექციებს რეგიონებში მოსწავლეების დიდი ნაწილი იმ მარტივი მიზეზით ვერ მოისმენდა, რომ მათ არ ჰქონდათ ინტერნეტი და კომპიუტერი:
„ამის შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ აგვემოქმედებინა „ხანის აკადემიის“ პარალელური პროექტი, რომლის საშუალებითაც სოციალურად შეჭირვებულ უფროსკლასელებს დავუფინანსებდით ინტერნეტს და დავურიგებდით კომპიუტერებს. ასე გაჩნდა „ჩართე“- ამბობს მარიამ მჭედლიშვილი, Educare Georgia-ს ოპერაციების მენეჯერი.
მარიამ მჭედლიშვილი, Educare Georgia-ს ოპერაციების მენეჯერი
„ჩართეს“ მხარდამჭერების და შემწირველების წყალობით ჯამში 2017 მოსწავლეს ჩაერთო ინტერნეტი ან გადაეცა კომპიუტერი. „ჩართეს“ საშუალებით ბოლო მონაცემებით უკვე მილიონ-ნახევარზე მეტი ლარი შეგროვდა. პროექტს ამჯერად 4 657 მხარდამჭერი ჰყავს.
კონფერენციაზე ერთი ამბის საფუძველზე დაარსებული ფონდის შესახებ ვრცლად ისაუბრა დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის თანადამფუძნებელმა, ჟურნალისტმა რუსუდან ცხომელიძემ.
დიმიტრი ცინცაძე ოპერატორია, რამდენიმე წლის წინ მას ლიმფომის დიაგნოზი დაუდგინდა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია დასჭირდა:
„მაშინ ეს ოპერაცია 100 ათას ლარზე მეტი ღირდა. ჟურნალისტები, ქუჩებში, მოლებში, მაღაზიებში ყუთებით ვიდექით და დიტოსთვის ფულს ვაგროვებდით. ის წავიდა გერმანიაში და გადარჩა. დიტოს გადარჩენის ისტორია მერე ბავშვების გადარჩენის მოტივად იქცა. ამ ამბის შემდეგ გავიაზრეთ რამხელა პრობლემის წინაშე იდგნენ ბავშვები, რომლებსაც ასევე სჭირდებოდათ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია უცხოეთში.
დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის თანადამფუძნებელი, ჟურნალისტი რუსუდან ცხომელიძე
ასე დაარსდა დიტოს ფონდი. ეს არ იყო მხოლოდ თანხის შეგროვება, ჩვენ ჟურნალისტებმა პარლამეტის წინ გავმართეთ აქცია და ხელისუფლებას მოვთხოვეთ დაეცვა მთავარი – სიცოცხლის უფლება, მას შემდეგ 6 ბავშვის ოპერაცია დააფინანსა სახელმწიფომ, ტანხით ჩვენი ფონდიც ეხმარებოდა. მოგვიანებით კი მთავრობის განკარგულებით დაფუძნდა სოლიდარობის ფონდი, რომელიც აფინანსებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას უცხოეთში, თუმცა სამწუხაროდ, საქართველოში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაციები ბავშვებისთვის საქართველოში არ ტარდება“- ამბობს რუსუდან ცხომელიძე.
დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა 10 წლის განმავლობაში 446 ბავშვს გაუწია დახმარება.
შეხვედრაზე ბიზნესის წარმომადგენლებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა წარმოეჩინათ კორპორაციული პასუხისმგებლობების საუკეთესო პროექტები ან მიეღოთ ინფორმაცია სხვადასხვა ინიციატივის შესახებ, გამხდარიყვნენ მხარდამჭერები.
18 ნოემბერს კონფერენციის მომხსენებელი მსოფლიო მასშტაბის დიდი ფილანტროპული ორგანიზაცია Care-ის წარმომადგენელი, ქეთევან ხაჩიძეც იყო.
ქეთევანი საქართველოში ქეა კავკასიის (care-caucasus) მთავარი აღმასრულებელი ოფიცერია. მან კერძო სექტორთან თანამშრომლობის სპეციფიური გამოცდილება და ფილანტროპიის მსოფლიო პრაქტიკის მაგალითები გაუზიარა დამსწრე საზოგადოებას:
„მსოფლიოში გამოწვევები იზრდება, რაც შეიძლება მეტ ადამიანს რომ მოვუტანოთ სარგებელი, ჩვენი ორგანიზაციაც თანამშრომლობს კერძო სექტორთან, ბიზნესთან.
გარდა მცირე ბიზნესისა და ბიზნესასოციაციებისა მულტინაციონალურ კომპანიებთანაც ვთანამშრომლობთ.
პირველ რიგში კონტაქტამდე კომპანიის ეთიკურ სტანდარტებს ვამოწმებთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რამდენად ეთიკურია. მნიშვნელოვანია მათი ფინანსური რესურსის მოზიდვა, მაგრამ გადაუმოწმებელ, არაეთიკურ კომპანიასთან თანამშრომლობამ შესაძლებელია დიდი რეპუტაციული ზარალი მოგვიტანოს“- ამბობს ქეა კავკასიას წარმომადგენელი.
ქეთევან ხაჩიძე, ქეა კავკასიის (care-caucasus) მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი
ორგანიზაცია „Care“ 100 ქვეყანაში მუშაობს, მისი მიზანია სიღარიბის და უთანასწორობის შემცირება, 2021 წლის მონაცემები ორგანიზაცია 8 მილიონ ადამიანს დაეხმარა სხვადასხვა მიმართულებით.
გუნდის მთავარი პრიორიტეტებია სოფლად განვითარება, ქალების და გოგოების განვითარება, ღარიბ ქვეყნებში ჰუმანიტარული კრიზისის დაძლევისთვის ბრძოლა.
ქეთევან ხაჩიძემ ორგანიზაციის ქართულ ნაწილზეც ისაუბრა. ქეა კავკასია 30 წელზე მეტია სამხრეთ კავკასიაში მუშაობს. მათი პირველი პროგრამა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერას ეხებოდა.
ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ კონფერენციაზე ისაუბრა იმის შესახებ, რომ მედიის, არასამთავრობო სექტორის და ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების დამფინანსებლები საქართველოში არიან სწორედ მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე ფილანთროპული ორგანიზაციები, რომლებიც ამ ტიპის პასუხისმგებლობის და გავლენის მნიშვნელობას აცნობიერებენ არამხოლოდ საკუთარ გეოგრაფიულ არეალში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ჟურნალისტმა ისაუბრა საქართველოში ბიზნესისთვის დამახასიათებელი კორპორაციული პასუხისმგებლობის თავისებურებებზე. ზვიად ქორიძის თქმით, ფილანთროპია საზოგადოების ცხოვრებას არსებითად უნდა ცვლიდეს და არ უნდა იყოს მხოლოდ ერთი ადამიანის, ერთი ჯგუფის გაძლიერებაზე ორიენტირებული ინიციატივა:
„მაგალითად, საქართველოში ყველა სამშენებლო კომპანიას თითო გარდაცვლილი მუშა მაინც ჰყავს. ბუნებრივია, როცა კომპანია არ ფიქრობს თავისი დასაქმებულის შრომით უფლებებზე და უსაფრთხოების სისტემებზე, ის არ შექმნის ადამიანის უფლებათა დიდ ჰაბს, რომლის მიზანიც, ვთქვათ, შრომითი უფლებების დაცვა იქნება ქვეყანაში, არ დახარჯავს ამაზე რესურსს.
პირიქით, გაცილებით ნაკლებით დანახარჯი იქნება მისთვის თუ ამ ტრაგიკულ შემთხვევას გადაფარავს აქციით, მაგალითად პირველ ივნისს ბავშვებს წაიყვანს ზოოპარკში და მერე აუცილებლად სთხოვს მედიას მედიას გააშუქოს ეს საქველმოქმედო აქცია. ბიზნესი რეკლამის სახით კი არ აძლევს ამ თემას მედიას, არა. ფულს უხდის და ეუბნება, რომ მას აქვს გამოყოფილი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისთვის ფინანსური რესურსი.
ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი
მედიასაც უწევს ასეთი აქციების გაშუქება. ამგვარად ბიზნესი ავალდებულებს მედიას, რომ წარმოჩნდნენ ისინი, როგორც კარგი და პასუხისმგებლიანი კომპანიები. მერე პარალელურად იმასაც ითხოვენ, რომ არ გაშუქდეს ტრაგიკული შემთხვევები, ამიტომაცაა, რომ მედია პირველ დღეს ყვირის, როცა მშენებლობაზე მუშა კვდება, მაგრამ მეორე დღიდან ეს ისტორია აღარ არსებობს.
ბიზნესის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა იყოს, რომ არ მოხდეს ის ტრაგედიები, რაც ხდება. ბიზნესის ინტერესს უნდა წარმოადგენდეს საუბრობდნენ პრობლემებზე თავადაც, მოქალაქეებიც, მედიაც, რადგან სწორედ ეს დისკუსია სწევს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტს მაღლა საზოგადოებაში“ – ამბობს ზვიად ქორიძე.
კონფერენციის დასასრულს „ბათუმელებთან” „გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის” წარმომადგენელმა, სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა თუ რა გავლენა და მნიშვნელობა აქვს ამგვარ კონფერენციებს, რამდენად უწყობს ხელს დისკუსიები კორპორაციული პასუხისმგებლობის სწორად გააზრებას:
„ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის გაცვლა დაინტერესებულ მხარეებს შორის, მნიშვნელოვანია კორდინაცია ჩვენი საქმიანობის რომ ერთად, უფრო წარმატებით წამოვწიოთ წინ კორპორაციული პასუხისმგებლობის საკითხები როგორც პოლიტიკის დონეზე ისე პრაქტიკაში”.
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წარმომადგენელი, სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ კონფერენციები სოციალური პასუხისმგებლობის სწორად გააზრების შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია ეწყობოდეს რეგიონებშიც.
საკომუნიკაციო ჯგუფ „ანაგრამას“ თანადამფუძნებელი, თამარ როდონაია ამბობს, რომ
18 ნოემბერს გამართული კონფერენცია ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან სასაუბროდ, თუ როგორ ხედავენ კორპორაციული პასუხისმგებლობის მიდგომების დანერგვას, რას კეთდება, რა არის კორპორაციულო პასუხისმგებლობის განვითარების შემაფერხებელი საკითხები და რას უნდა მივაქციოთ მეტი ყურადღება:
თამარ როდონაია, საკომუნიკაციო ჯგუფ „ანაგრამას“ თანადამფუძნებელი
„თემის ირგვლივ გამართულმა დისკუსიამ ნათლად დაგვანახა, რომ ინტერესი მაღალია და ორგანიზაციები მზად არიან მეტი ყურადღება დაუთმონ კორპორაციული მდგრადობის სტრატეგიის დანერგვას მათ საქმიანობაში და ამ პროცესში სხვადასხვა მხარესთან მუშაობას სასარგებლო შესაძლებლობად მიიჩნევენ” – ამბობს ჯგუფ „ანაგრამას“ თანადამფუძნებელი.
ბათუმში ბაგრატიონის ქუჩა ამჟამად მელიქიშვილის ქუჩის კვეთასთან ცალმხრივად გადაკეტილია. აქ სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ნიუპოვერი“ ატარებს. კომპანია მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერში გამარჯვებულად გამოავლინა და მასთან ხელშეკრულება 6,6 მილიონ ლარზე გააფორმა.
როდის დასრულდება სამუშაოები და როდის გაიხსნება ქუჩის ეს მონაკვეთი – მერიის სამმართველოში ინფორმაცია არ აქვთ. ამის თქმის საფუძველს ის გვაძლევს, რომ სამმართველომ მიმდინარე სამუშაოების გეგმა-გრაფიკი არ მოგვაწოდა. მეტიც, გეგმა-გრაფიკი კომპანიისთვის სამმართველოს უნდა მოეთხოვა, თუმცა არ მოუთხოვია.
ბათუმი, ბაგრატიონის ქუჩა / 19.11.2022
„ბათუმელები“ დაინტერესდა ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციის გეგმა-პროექტით, სადაც ამ ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები [გადაკეტვის მონაკვეთების და მიმდინარე სამუშაოების ვადის მითითებით] დროში დეტალურად იქნებოდა გაწერილი.
მერიის სამმართველოში გეგმა-გრაფიკის მისაღებად ოფიციალური წერილობითი მიმართვა მოგვთხოვეს, ჩვენი წერილის მიღებიდან ერთ კვირაში კი, გეგმა-გრაფიკის მოწოდების ნაცვლად მოგვწერეს, რომ სამუშაოები 2023 წლის 30 ივნისამდე უნდა დასრულდეს:
„თქვენი წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსა“ და შპს „ნიუპოვერს“ შორის 2022 წლის 29 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებით, ბაგრატიონის ქუჩის – [შარტავას წრიულიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთი] სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ვადად განსაზღვრულია 2023 წლის 29 ივნისის ჩათვლით პერიოდი.“
სამმართველოს გეგმა-გრაფიკი გამეორებით მოვთხოვეთ, თუმცა პასუხი მაინც ვერ მივიღეთ.
როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ბაგრატიონის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების [რაშიც 6,6 მილიონი ლარი იხარჯება ბიუჯეტიდან] დროში, თუნდაც თვეების მიხედვით გაწერილი გეგმა-გრაფიკი არ არსებობს. ჩვენი ინფორმაციით, მრავალმილიონიან სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია მერიის სამმართველოსთან ზეპირი შეთანხმებით ახორციელებს.
„როგორც ასეთი, თვეების მიხედვით გაწერილი გეგმა-გრაფიკი არ არის, თუმცა სამუშაოებს სამმართველოსთან შეთანხმებით ვახორციელებთ… გეგმა-გრაფიკის არქონა, ჩვენი მხრიდან არ არის ხელშეკრულების დარღვევა“ – გვითხრეს კომპანიაში.
ბათუმი, ბაგრატიონის ქუჩა / 19.11.2022
მერიის სამმართველოსა და „ნიუპოვერს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, „შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია 10 კალენდარული დღის ვადაში წერილობითი ფორმით შემსყიდველს წარუდგინოს პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი.“
მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს, როგორც შემსყიდველს, კომპანიისთვის გეგმა-გრაფიკი არ მოუთხოვია.
„გეგმა-გრაფიკის, როგორც ასეთის მოთხოვნა სამმართველოსგან ამ დრომდე არ ყოფილა“ – უთხრეს „ბათუმელებს“ „ნიუპოვერში“.
რატომ არ მოსთხოვა ამ დრომდე კომპანიას გეგმა-გრაფიკი მერიის სამმართველომ, ამაზე პასუხი სამმართველოსგან არ გვაქვს.
ასეთი გეგმა-გრაფიკის არსებობის შემთხვევაში კი, იმავე ხელშეკრულებით, ადვილი იქნებოდა კონტროლი, რა სამუშაოებს ასრულებს კომპანია ქუჩის გარკვეულ მონაკვეთებში და რა პერიოდი სჭირდება მას ამისთვის; ამასთან, ჩამორჩება თუ არა სამუშაოები გეგმა-გრაფიკს, რაც მთლიანი სამუშაოს დროულად დასრულების პროგნოზის მანიშნებელი იქნებოდა.
გეგმა-გრაფიკის დარღვევისთვის ხელშეკრულება კომპანიის დაჯარიმებასაც ითვალისწინებს, სამმართველო კი, ამ გეგმას, კომპანიისგან არ ითხოვს.
[toggle title=„გეგმა-გრაფიკთან დაკავშირებით ვრცლად სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]
„შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში წერილობითი ფორმით შემსყიდველს წარუდგინოს პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი.
გეგმა-გრაფიკის დათქმულ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ერთჯერადი ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 (ოცი) კალენდარულ დღეში მისი წარუდგენლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
შემსყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს გეგმა-გრაფიკის კორექტირება, რის შესასრულებლადაც შემსყიდველი მიმწოდებელს წერილობითი ფორმით განუსაზღვრავს კორექტირების გონივრულ ვადას.
აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ერთჯერადი ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო მითითებული ვადის 20 (ოცი) კალენდარული დღით ვადაგადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
გეგმა-გრაფიკის ან წერილობითი დავალებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, ჩაითვლება საპატიოდ, თუ შესაბამისი ვადის გასვლამდე მიმწოდებელი დაუყოვნებლივ შეატყობინებს შემსყიდველს ისეთი დამაბრკოლებელი გარემოების არსებობის შესახებ, რომელიც
ობიექტურად ამართლებს ვადაგადაცილებას.
მიმწოდებელი ვალდებულია დამაბრკოლებელი გარემოების აღმოფხვრისთანავე წარუდგინოს შემსყიდველს კორექტირებული გეგმა-გრაფიკი. ამ პუნქტის მიზნებისათვის ვადაგადაცილების საპატიოდ მიჩნევის საკითხს აფასებს მხოლოდ შემსყიდველი, რომელიც 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში წერილობით აცნობებს მიმწოდებელს მოთხოვნის დაკმაყოფილების, ან მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
თუკი მიმწოდებლის პასუხი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გაიცა მას შემდეგ, რაც გავიდა შესაბამისი სამუშაოსათვის განკუთვნილი ვადა, მიმწოდებელს ამ ვადის დარღვევისთვის არ დაერიცხება ჯარიმა.
წინამდებარე ხელშეკრულების დანართები, ასევე, მე-3 მუხლით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკი წარმოადგენს ხელშეკრულების არსებით შემადგენელ ნაწილს.
გეგმა-გრაფიკით ან წერილობითი დავალებით გათვალისწინებული სამუშაოების (თითოეული პუნქტის ან ობიექტის) ვადების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე კონკრეტულ ობიექტზე (ან თითოეული პუნქტით) ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოების 0,5%-ის (ნული მთელი ხუთი მეათედი) ოდენობით.“
საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსა და „ნიუპოვერს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან
[/toggle]
ბათუმი, ბაგრატიონის ქუჩა / 19.11.2022
„სამუშაოები, განსაზღვრულ მონაკვეთზე უნდა შესრულდეს ისე, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეზღუდვა. აქედან გამომდინარე, ყველა ეტაპზე შემსყიდველთან შეთანხმებული უნდა იქნას სამუშაოს დაწყება.“ – აღნიშნულია ამავე ხელშეკრულებაში.
როდის გაიხსნება ბაგრატიონის ქუჩის დღეს გადაკეტილი მონაკვეთი [მელიქიშვილის კვეთასთან]? ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არც სამმართველოსგან გვაქვს და არც კომპანიისგან.
„ამჯერად მიდის მიწისქვეშა სამუშაოები… ასევე შეიცვალა გრუნტი 2,8 მეტრ სიღრმეზე [მაქ ჭაობი იყო და მაგიტომ იყო ფილები დაწყობილი] და თუ ტექნიკასთან ერთად, დამატებით, ასე ვთქვათ, ბუნებრივადაც არ მივაღებინეთ ჯდენა, შემდგომ ხარისხზე იქნება პრობლემა. ამიტომ, გვინდა რომ მაქსიმალურად ხარისხიანად გავაკეთოთ და ამაზე ვართ ორიენტირებული.
ტრანსპორტის მოძრაობა მაქ მონაკვეთში გაიხსნება, თუმცა, გარკვეული შეზღუდვები იქნება – მანქანები იმოძრავებს მაგრამ გრუნტის გზა იქნება დროებით, ასფალტს ვერ დავაგებთ… ასფალტის დაგება, ბორდიური, ტროტუარი – ნაახალწლევს გავაკეთებთ, შესაბამის კლიმატურ პირობებში“ – გვითხრეს კომპანიაში.
„ნიუპოვერში“ ისიც გვითხრეს, რომ მათი წინასწარი გათვლებით, სამუშაოებს მთლიანობაში გაცილებით ადრე დაამთავრებენ, ვიდრე ხელშეკრულებითაა განსაზღვრული.
„2022 წლის 03 ნოემბრის მდგომარეობით ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოებზე მიმწოდებელს ჯამში შესრულებული აქვს 1 680 852 ლარის ღირებულების სამუშაოები.“ – მოგვწერეს მერიის სამმართველოდან 2022 წლის 15 ნოემბერს.
აღნიშნული დროისთვის კი, შესყიდვების პორტალის მიხედვით, კომპანია „ნიუპოვერზე“ ხელშეკრულების თანხის [6 688 869 ლარის] 51 პროცენტი უკვე გადარიცხული იყო – სულ 3 391 396 ლარი [აქედან 2 მილიონი ლარი კომპანიას სექტემბრის ბოლოს ავანსად ჩაურიცხეს].
ბათუმი, ბაგრატიონის ქუჩა / 19.11.2022
—
ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციაზე ბათუმის მერიამ 8,6 მილიონი ლარის ხელშეკრულება 2021 წლის მარტში კომპანია „ზიმო 7“-თან გააფორმა. კომპანიამ სამუშაოები 2022 წლის დასაწყისში შეწყვიტა. ბაგრატიონის ქუჩა ავარიულ მდგომარეობაში, ხოლო ჯავახიშვილისა და შარტავას ქუჩებს შორის მონაკვეთი ცალმხრივად გადაკეტილი დარჩა.
მერიაში მაშინ განაცხადეს, რომ „ზიმო 7“-მა 2,7 მილიონის სამუშაოები შეასრულა. ახალი ხელშეკრულება კი მერიამ, ხელახალ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან – „ნიუპოვერთან“, 2022 წლის 29 ივნისს, 6,6 მილიონ ლარზე გააფორმა.
ქუჩაზე სამუშაოები განახლდა, თუმცა, პარალელურად, ბაგრატიონის ქუჩაზე, აგვისტოს თვეში ორმოები ასფალტით ამოავსეს.
„ასფალტის დაკერებას რაც შეეხება, ვინაიდან მოძრაობა ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთში აკრძალული არ არის, დაზიანებული ადგილები კომპანიამ [ნიუპოვერმა] დროებით შეაკეთა. სამუშაოები კომპანიის ხარჯებით შესრულდა და დამატებითი თანხა ქალაქის ბიუჯეტიდან არ იხარჯება.
გზის დროებით მოასფალტებული მონაკვეთები ტენდერში გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ეტაპობრივად აუცილებლად შეკეთდება კაპიტალურად“, – გვითხრეს მაშინ მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში:
ბათუმის ბიუჯეტი 9 თვის ანგარიშის მიხედვით, ხარჯვით ნაწილში ვერ შესრულდა. ჩავარდნა ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებშია. მიზეზად კი, მერიაში მიმწოდებელი კომპანიების მერ ვალდებულებების ვერშესრულებას ასახელებენ. არის სხვა პრობლემებიც.
სამრეწველო ზონის მიმდებარედ მახოს ხიდიდან გონიოს ხიდამდე და „გეზის“ მიმდებარედ არსებული გზების მშენებლობა-მოწყობის სამუშაოებისთვის მერიას 2022 წელს 10 მილიონი უნდა დაეხარჯა, თუმცა, შესრულდა მხოლოდ პროექტის 30 პროცენტი. 10-მილიონიანი დაფინანსებიდან 7 მილიონ 486 296 ისევ ბიუჯეტში დარჩა.
მერიის განმარტებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შეფერხებით დაიწყო, რადგან ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ „ოცნების ქალაქში“ მშენებარე კორპუსების საკანალიზაციო სისტემის დაერთება თავდაპირველად არსებულ პროექტზე დაგეგმა, რაც მერიის განმარტებით შემდგომში დიდ ცვლილებებს გამოიწვევდა.
„გამომდინარე აქედან კომპანიამ ვერ დაიწყო სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით. სამუშაოების დროს შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე საჭირო გახდა ხელშეკრულებაში შესულიყო ცვლილებები, ასევე შემსრულებელი კომპანია უამინდობის გამო სამუშაოებს აწარმოებს შეფერხებით, რამაც საბოლოოდ იმოქმედა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე.“ – წერს მერია.
ე.წ. „შანხაის დასახლებაში“ სოციალური სახლის მშენებლობა არ დაწყებულა
ბათუმში, ე.წ. „შანხაის დასახლებაში“ სოციალური სახლის მშენებლობა არ დაწყებულა. 2 მილიონ 181 154 ლარი, რომელიც ამ პროექტისთვის უნდა დახარჯულიყო, ხელუხლებლად დარჩა ბიუჯეტში.
მერია წერს, რომ სოციალური სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით გამოიკვეთა ახალი გარემოება, რომელიც მოითხოვს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანას და კორექტირებას.
სატენდერო დოკუმენტაციის ფასების ცხრილში გამოვლინდა ხარვეზი: კერძოდ, ერთ-ერთი ბლოკის მონოლითური რკინაბეტონის საძირკვლის ფილის მოწყობა განსაზღვრული იყო 3,447 ტონა ბეტონით, ნაცვლად 207,541 ტონისა, აღნიშნული ხარვეზის აღმოჩენის დროს ტენდერის სტატუსი იყო შერჩევა/შეფასება, რის გამოც ცვლილებების შეტანა შეუძლებელი იყო. შესაბამისად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ტენდერის შეწყვეტის თაობაზე. დაგეგმილია განმეორებითი ტენდერის გამოცხადება.
„შანხაის დასახლება“ ბათუმში
ბაღების მშენებლობა / დაირღვა გეგმა-გრაფიკი
მხოლოდ 27 პროცენტით შესრულდა ბათუმში, ქათამაძის ქ. №38-ში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტი. ბიუჯეტში დარჩა მილიონ 508 169 ლარი. მერიაში განმარტეს, რომ შემსრულებელმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის დარღვევით აწარმოა.
იგივე მიზეზით მშენებელმა ბაგრატიონის #127-ში ბაღის მშენებლობისთვის გათვალისწინებული თანხიდან, მხოლოდ 953 775 ლარის ათვისება შეძლო, ბიუჯეტში დარჩა მილიონ 120 225 ლარი.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ გეგმა-გრაფიკით ვერ წარმართა დაბა ჩაქვში, ჭავჭავაძის ქ. №7-ის მიმდებარედ საბავშვო ბაღის მშენებლობაც.
ჩაქვში დაგეგმილი სარეკრეაციო სივრცის მოწყობა ვერ დაიწყო
ბათუმში, ჩაქვის დასახლებაში დაგეგმილი სარეკრეაციო სივრცისა და მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომლისთვისაც მიმდინარე წლის ბიუჯეტში მილიონ 181 985 ლარი იყო გათვალისწინებული ვერ დაიწყო.
ბათუმის მერიამ ტენდერის მსვლელობის პროცესში აღმოაჩინა, რომ პროექტი თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე უნდა შეთანხმებულიყო საქართველოს გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან, რაც არ იყო გათვალისწინებული. შესაბამისად კომისიამ ტენდერის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
სკვერები
თამარ მეფის გამზირზე, N20-ში მერიას სკვერის მოწყობა ჰქონდა დაგეგმილი, რისთვისაც 2022 წლის ბიუჯეტში 552 500 ლარი იყო გათვალისწინებული, ათვისებულია მხოლოდ 129 643 ლარი. მიზეზი ამ შემთხვევაშიც გეგმა-გრაფიკის დარღვევაა.
ამავე ქუჩაზე, რელიგიის მუზეუმის მიმდებარედ, მერია კიდევ ერთი სკვერის მოწყობას აპირებდა – ეს პროექტიც ვერ შედგა. მერიის განმარტებით ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით არსებობს რისკი, რომ შემსრულებელმა კომპანიამ სამუშაოები ვერ შეასრულოს.
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციის პროექტი ჩავარდა
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეკონსტრუქციის პროექტს მერია აჭარის მთავრობიდან მიღებული სპეციალური ტრანსფერის ფარგლებში ახორციელებს. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი 89 პროცენტით არის შესრულებული, მერია რისკებს მაინც ხედავს და ეჭვობს, რომ კომპანია საქმეს ვერ დაასრულებს.
ჩავარდა ფასადების რეაბილიტაციის პროექტიც
ქალაქში არსებულ სახლებზე დაზიანებული ფასადების რეაბილიტაცია მერიამ ვერ დაიწყო იმის გამო, რომ ტენდერში არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო მონაწილეობა. აუთვისებელი დარჩა 325 000 ლარი.
ავტობუსების შესაძენად გამოყოფილი 7 მილიონი ისევ ბიუჯეტშია
ისევ ბიუჯეტშია ავტობუსების შესაძენად გამოყოფილი სპეციალური ტრანსფერი, 7 მილიონი ლარი. მერიის განმარტებით, შესყიდვასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების გაფორმება ახლა მიმდინარეობს.
ბათუმისთვის 65 ახალი ავტობუსის შესყიდვასა და მათი გეგმიური ფლობის მომსახურებაზე გამოცხადებული ტენდერი 2022 წლის ნოემბერში დასრულდა. გამარჯვებულად გამოვლენილია შპს „ჯი-თი გრუპი“, რომელიც მერიას ერთ ავტობუსს 536 600 ლარად მიჰყიდის. ანუ, ჯამში ქალაქი 34 879 000 ლარს გადაიხდის 65 ავტობუსში [დღგ-სა და ყველა მომსახურების ჩათვლით].
კობალაძის ქუჩის რეაბილიტაციის და აღმაშენებლის ქუჩაზე უსაფრთხოების კუნძულების მოწყობა
კობალაძის ქუჩის რეაბილიტაციისა და აღმაშენებლის ქუჩაზე უსაფრთხოების კუნძულების მოსაწყობად 925 930 ლარი იყო გამოყოფილი. ბიუჯეტის 9 თვის ანგარიშის მიხედვით დახარჯულია 355 877 ლარი. პროექტი მხოლოდ 38 პროცენტით შესრულდა.
მერიის განმარტებით, კომპანიამ წერილობით აცნობა შემსყიდველს, რომ ტურისტული სეზონის გამო სექტემბრის თვეში ხალხმრავლობა სამშენებლო ობიექტის მიმდებარედ არ შემცირებულა, რის გამოც სამშენებლო კომპანიას არ მიეცა გზის დაკეტვის შესაძლებლობა სამუშაოების საწარმოებლად. შსს-სგან კი სავალი გზის შეზღუდვაზე თანხმობა 26 სექტემბრამდე ვერ მიიღეს.
ჩავარდა ქართული ჭიდაობის ნახევრად ღია ტიპის საჭიდაო მოედნის მოწყობის პროექტი
საჭიდაო მოედანი იმის გამო ვერ მოაწყვეს, რომ ტენდერში არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო მონაწილეობა. მერიამ ტენდერი გაზრდილი ფასით განმეორებით გამოაცხადა, თუმცა ტენდერი ისევ არ შედგა.
მერიაში იმედი აქვთ, რომ მესამე შემთხვევაში კომპანიის შერჩევა და ხელშეკრულების გაფორმება სამუშაოების შესყიდვაზე მოხერხდება. შესყიდვის ღირებულებაა – 214 000 ლარი.
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, მრავალწლიანი ხეები მოჭრეს. გზის ერთ მონაკვეთში რვა მოჭრილი ხის კუნძი გადავიღეთ. რვავე ხე ჯანსაღი იყო და ეს ვიზუალურადაც ჩანს. ამ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ერ ტე დე“ საქართველოს საავტომობილო გზების დაკვეთით აწარმოებს. სატენდერო მოთხოვნა ითვალისწინებს როგორც საავტომობილო გზის რეაბილიტაციას, ასევე სანიაღვრე არხებისა და ტროტუარების მოწყობას.
ადგილზე გვითხრეს, რომ ხეები პროექტს უშლიდა ხელს და მათზე გვერდის ავლა შეუძლებელი იყო, თუმცა თუ დავაკვირდებით, იგივე მიდგომით პროექტს ხელს ელექტროგაყვანილობის ბოძებიც შეუშლიდა ხელს. კომპანიამ მათ გვერდი აუარა, ხეების მოშორება კი, როგორც ჩანს შესაძლებლად მიიჩნიეს და ბევრი არ უფიქრიათ, მათი მოჭრის გადაწყვეტილება მიიღეს.
ბათუმში, სახელმწიფოს ტერიტორიაზე ხის მოჭრის ნებართვის მისაღებად შპს „მწვანე ბათუმს“ უნდა მიმართო. ორგანიზაციის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ხეების მოჭრის ნებართვა გაცემულია. კითხვაზე რამდენი ხის მოჭრის ნებართვა გაიცა ფრიდონ ხალვაშის გამზირზე არ გვიპასუხეს და განგვიმარტეს, რომ ეს ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 19 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 83 880 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +420]
ტანკი – 2 885 ერთეული [+6]
ჯავშანტექნიკა – 5 815 ერთეული [+7]
საარტილერიო სისტემა – 1 867 ერთეული [+2]
MLRS – 393 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 209 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 278 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 261 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 536 ერთეული [+0]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 480 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 4 368 ერთეული [+2]
სპეცტექნიკა – 161 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 19 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
333 თვითმფრინავი
177 ვერტმფრენი
2 532 უპილოტო საფრენი აპარატი
388 საზენიტო სარაკეტო სისტემა
6 705 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
897 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 599 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
7 273 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, 16 ნოემბერს რუსეთმა სასესხო ვალდებულებების ემისია ჩაატარა და აქედან 820 მილიარდი რუბლი [13,6 მილიარდი დოლარი] მიიღო, რაც რუსეთის ისტორიაში ერთ დღეში განხორციელებული ემისიების ყველაზე მაღალი მონაცემია.
„ეს მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, რადგან სასესხო ვალდებულებების ემისია გადამწყვეტი მექანიზმია თავდაცვის ხარჯების დასაფარად, ეს ხარჯები კი უკრაინაში შეჭრის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა,“ – წერს უწყება 19 ნოემბრის რელიზში.
დაზვერვის ინფორმაციით, 2023 წელს რუსეთის „ეროვნული თავდაცვისთვის“ დაგეგმილი ხარჯი 5 ტრილიონი რუბლია [84 მილიარდი დოლარი].
„ამ აუქციონის მოცულობა, დიდი ალბათობით, მიუთითებს, რომ რუსეთის ფინანსთა სამინისტრო არსებულ პირობებს აფასებს, როგორც შედარებით ხელსაყრელს, თუმცა მომავალი წლისთვის გაურკვეველ საგადასახადო-ბიუჯეტურ მდგომარეობას ელოდება,“ – აღნიშნავს ბრიტანეთის დაზვერვა.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. როგორც გუშინდელ რელიზში უწყება წერდა, უკრაინის ფრონტის ხაზზე რუსეთმა ახალი სასანგრე სისტემის მოწყობა დაიწყო, რაც მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის სარდლობა უკრაინელთა მორიგი გარღვევისთვის ემზადება.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) დასკვნით, რუსეთს მობილიზაციის ახალი ტალღა ელოდება, რადგან კრემლს მობილიზაცია არ შეუჩერებია და რეზერვისტების გაწვევას ამ ხნის განმავლობაში ფარულად განაგრძობდა.
„ფარული მობილიზაციის გაგრძელება და მობილიზაციის მომდევნო ტალღისთვის მზადება, მიმდინარე საშემოდგომო გაწვევასთან ერთად, სავარაუდოდ, მძიმე ტვირთად აწვება რუსეთის შეიარაღებული ძალების ისედაც გადატვირთულ აპარატს,“ – წერს ISW.
ექსპერტები იხსენებენ იმ ფაქტსაც, რომ „ნაწილობრივი მობილიზაციის“ შეწყვეტაზე პუტინს ბრძანება არ გამოუცია, კრემლის განცხადებით, გაწვევის ფორმალურად დასრულებას ეს არ სჭირდებოდა. ISW-ის შეფასებით, პუტინმა მობილიზაციის ტემპების დროებით შეანელა, რათა ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული პოტენციალი საშემოდგომო გაწვევისთვის გამოეთავისუფლებინა.
„თუმცა ცხადია, რომ რუსეთის ხელისუფლებას არც არასდროს შეუწყვეტია მობილიზაცია, ეს კი ნიშნავს, რომ გაწვეულების შედარებით შეზღუდული რაოდენობა მაინც გადის მომზადებას, პარალელურად კი წვრთნებს გადიან სავალდებულო სამსახურის ახალწვეულებიც,“ – აღნიშნავენ ექსპერტები, რომელთა ვარაუდითაც, მობილიზაცის მომდევნო ტალღა, კიდევ უფრო დაბალი ხარისხით მომზადებულ რეზერვისტებსა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის ახალწვეულებს გამოუშვეს.
ISW-ის სხვა მთავარი მიგნებები:
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (აესს) განაცხადა, რომ არ აღიარებს რუსეთის უკანონო მფლობელობას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და შესაბამისად უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიის ანექსიას;
სოციალურ მედიაში 18 ნოემბერს გავრცელებული ვიდეო აჩვენებს, როგორ უხსნის ერთი რუსი სამხედრო ცეცხლს უკრაინელ ჯარისკაცებს, მაშინ როდესაც სხვა რუსი სამხედროები ტყვედ ბარდებიან;
სვატოვო-კრემენაიას ხაზზე უკრაინელთა კონტრშეტევის პარალელურად, რუსეთის ძალები ლუგანსკის ოლქში დაკარგული პოზიციების დაბრუნებას ცდილობენ;
რუსეთის არმია განაგრძობდა სახმელეთო შეტევებს ბახმუტსა და ავდეევკასთან და დონეცკის ოლქის აღმოსავლეთით;
რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება და სამხედრო სარდლობა აშკარად შეშფოთებულია სამხრეთ უკრაინაში უკრაინელთა მორიგი კონტრშეტევით;
ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებებმა ფილტრაციის ზომები გაამკაცრეს.
„თვეში დაახლოებით ორჯერ, ყოფილა სიტუაციები სამჯერ“ – გასულ კვირას „ტვ პირველის“ ეთერში ქედის შპს „ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ დირექტორის მიერ ხელფასის აღებასთან დაკავშირებით ამ განცხადების გაკეთების შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ამ ეტაპზე გიორგი ბარამიძე მუნიციპალური ორგანიზაციის დირექტორადაც აღარ მუშაობს.
გიორგი ბარამიძე და „ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ ბუღალტერი პროკურატურაში იყვნენ დაბარებულები. ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ თავად გიორგი ბარამიძემ დაადასტურა: „მივეცით ჩვენებები და მიდის დათვლა, იქნება ალბათ შედეგები.“
ქედის მერმა, როლანდ ბერიძემ და მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსმა, შოთა ბერიძემ არ უპასუხეს ჩვენს კითხვებს, თავად რა მოიკვლიეს მუნიციპალურ ორგანიზაციაში თვეში ორჯერ ხელფასის შესაძლო გაცემაზე.
ქედის მერმა მხოლოდ ის გვითხრა, რომ პროკურატურას ის არ დაუკითხავს: „დირექტორი გათავისუფლებულია, დანარჩენს მოკვლევა დაადგენს. მეტს ვერაფერს გეტყვით“.
ქედის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსმა, შოთა ბერიძემ კი ტელეფონი გაგვითიშა. გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ განცხადება გათავისუფლების თაობაზე თავად დაწერა:
„საჯარო ვარ და ისე რომ არ იყოს, რომ ისევ ჩემს ადგილზე ვრჩები და ხელს ვუშლი გამოძიებას, დავწერე განცხადება და წამოვედი. სრულიად გადავეცი ჩემი საქმე პროკურატურას და ყველა უწყებას, ვინც დაინტერესდება. ველოდები გამოძიების დასრულებას.“
გიორგი ბარამიძე ირწმუნება, რომ ის ორ ხელფასს არ იღებდა:
„მე ვარ შპს-ს დირექტორი და გაწერილი ბრძანებით ვიღებ პრემიას. გარდა ამისა, ტენდერებში ვიღებ მონაწილეობას, მაქვს ამის უფლება. ამ ტენდერებისგან ჩვენ გვრჩება გარკვეული თანხა და აი ამ ამონაგებიდან ვირიცხავდით პრემიებს. ჩვენ ამის უფლება გვაქვს. ვემსახურებით 55 სამარშრუტო ტაქსის და ათ ამბულატორიას 40 000 ლარად ერთ წელში. სხვა მუნიციპალიტეტებში ამბულატორიული მომსახურება ცალკეა – ეს მე სუბსიდირებით გადმომცეს, მაგრამ არის ყველაზე დაბალბიუჯეტიანი. წარმოიდგინეთ 40 000 ლარი უნდა გაიყოს 12 თანამშრომელზე და თვიური ანაზღაურება რა გამოუვათ? – ისეთი თვეებიც მქონდა, როცა 450 ლარს ვიღებდი ხელფასის სახით. არ გვქონდა ისეთი შემოსავალი, რომ ხელფასები გაგვეცა. 2022 წელს კი მოხდა ის, რომ ჩვენ აღარ ავიღეთ პრემიები და თანხა გავეცით ხელფასების სახით. ამ წლიდან როგორც სხვა დირექტორებს, მაქვს თვეში 1300 ლარი. მეშვიდე წელია მე სახელმწიფო შპს-ში ვმუშაობ და ერთი შენიშვნა არ მიმიღია, რომ კანონი დავარღვიე. ქრთამი არასდროს ამიღია და საწვავი არასდროს გამიყიდია, სახელმწიფო მოხელე ვარ და სახელმწიფოს ვემსახურები ყოველთვის“.
ქონებრივ დეკლარაციაში ხელფასის არდაფიქსირებას გიორგი ბარამიძე საჯარო სამსახურის ბიუროს ახალ სისტემაზე გადასვლით ხსნის და ამბობს, რომ ამას ახალი სისტემა ისედაც ითვლის და თავად რომც სურდეს დამალვა, მაინც ვერ მოახერხებდა: „რამე რომ გამოგეპაროს გაჯარიმებენ“.
2021-2022 წლებში გიორგი ბარამიძის მიერ შევსებულ დეკლარაციებში ხელფასის ოდენობა არ ფიქსირდება. 2020 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით კი, რომელიც 2019 წლის მონაცემებს ასახავს, მან წლიური ანაზღაურების გრაფაში 22 636 ლარი მიუთითა, შესაბამისად – თვეში 1886 ლარი. დეკლარაციის მიხედვით, 2018 წელს მისი ხელფასი 1289 ლარი იყო.
გიორგი ბარამიძე არ უარყოფს ასევე, რომ ქედის საკრებულოს თავმჯდომარე მისი მეუღლის მამაა. მისვე განმარტებით, ამ თანამდებობაზე თავად მანამდე მუშაობდა, ვიდრე მისი სიმამრი საკრებულოს თავმჯდომარე გახდებოდა.
„…ორივე მხარე მივიდა კულმინაციის წერტილამდე, განსხვავება ისაა, რომ რუსები დაღმავალი გზით უახლოვდებიან ამ წერტილს, ანუ პოტენციალის კლებით, უკრაინელები პირიქით – აღმავალი გზით,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე. მისი დაკვირვებით, ომის გარდამტეხი ეტაპი გაზაფხულზე გამოჩნდება, მანამდე კი გააჩნია, ვინ უკეთ შეძლებს თოვლში შეუმჩნევლად გადაადგილებას, ჯარისკაცების ზამთრის შესაბამისად აღჭურვას და მათთვის ცხელი საკვების მიწოდებას.
ვახტანგ კაპანაძე განსაკუთრებულ ყურადღებას მომარაგების ხაზებზე აკეთებს, რის დაზიანებაც შესაძლოა ამჯერადაც წარმატებით შეძლოს უკრაინამ: „უკრაინის არტილერია უკვე დნეპრის ნაპირებიდან თითქმის სწვდება ყირიმის ნაწილს…“ – შენიშნავს იგი და დასძენს:
„შესაძლებელია, ალტერნატიული გზებიც გააკეთონ რუსებმა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რა დროს ახერხებ ამ გზის დაზიანებას: შეტევა უნდა განახორციელო ისე, რომ მომარაგების გზები იყო რელევანტური, თორემ თუ უბრალოდ დააზიანე, შეტევას არ ახორციელებ და იმათ გზები აღადგინეს, რა აზრი აქვს გზების განადგურებას?“ – კითხულობს ის.
„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.
ბატონო ვახტანგ, ბრიტანეთის დაზვერვის ბოლო შეფასებით დავიწყოთ: „რუსეთის არმიამ სანგრების ახალი სისტემა მოაწყო ყირიმის საზღვართან და მდინარე სივერსკი დონეცთან, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს შორის. ზოგიერთი ეს ადგილი ფრონტის ახლანდელი ხაზიდან 60 კილომეტრშია, რაც გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ რუსეთის სარდლობა უკრაინის არმიის მორიგი მსხვილი გარღვევისთვის ემზადება“. თქვენთვის რა დინამიკა იკვეთება ამ ეტაპზე ფრონტის ხაზიდან?
რუსეთი დიდი ხანია ემზადება დაკავებული ტერიტორიების დასაცავად და არა შეტევისთვის, მას შეტევის პოტენციალი აღარ აქვს.
სიღრმეები კი, რაც თქვენ დაასახელეთ, მეორე ოპერატიული ეშელონის, ან მეორე ეშელონის ბრიგადების თავდაცვის სიღრმეებია. რუსები აპირებენ იმას, რომ ნორმატიულ სიღრმეებზე განალაგონ ქვედანაყოფები. ეს ითვალისწინებს იმასაც, რომ სიღრმეზე იყოს განლაგებული ეს სანგრები, ვინაიდან უკრაინის არტილერია
უკვე დნეპრის ნაპირებიდან თითქმის სწვდება ყირიმის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილს. ასე რომ, ეს არის სანგრები, რომლებიც ჩვეულებრივი, თავდაცვითი მოქმედებების დროს არის საჭირო ღრმა, ეშელონირებული თავდაცვისთვის. ეს პროცესი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ რუსეთი ამ ეტაპზე შეტევისთვის არ ემზადება.
თუმცა შეტევას განაგრძობს რუსეთი ბახმუტთან უკვე რამდენი თვეა.
დიახ, რუსეთი ძალიან ახლოს არის მისული სოლედარსა და ბახმუტთან. ვფიქრობ, ბახმუტის და სოლედარის აღებას ალბათ შეძლებს, შემდეგ წინსვლას კი, ვეღარ შეძლებს. მას ხერსონიდან გამოყვანილი დანაყოფები სავარაუდოდ მისცემს შესაძლებლობას, რომ ამ მიმართულებით წარმატებას მიაღწიოს. ბახმუტის აღება რუსეთს სჭირდება იმისთვის, რომ რაღაც პოზიტივით მაინც დაამთავროს წინაზამთრის პერიოდი, სულ წაგებები რომ არ ჰქონდეს.
ამასობაში, უკრაინის მორიგ კონტრშეტევას რა შანსი აქვს, თქვენი დაკვირვებით? სვიატოვო-კრემენაიას მიმართულებით განაგრძობენ უკრაინელები კონტრშეტევას.
შეტევები გრძელდება, თუმცა სამწუხაროდ, ჯერჯერობით წარმატება არ არის. უკრაინელები ცდილობენ სვიატოვოსთან ბლოკადა გადაჭრან, ვგულისხმობ გზას, რომელიც ფრონტის პარალელურად მიედინება და რაც მომარაგების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ამ გზის გადაჭრას ცდილობენ ახლა უკრაინელები. ვნახოთ, რა გამოუვათ.
რუსეთის მომარაგების ხაზების დაზიანებას ელის ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტიც. ISW – ის შეფასებით, რუსული ჯარები დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ნაწილობრივ დაუცველები არიან, ხოლო უკრაინელებმა შესაძლოა მოახერხონ და დააზიანონ რუსეთის არმიის მომარაგების გზები. რამდენიმე ძირითადი სახმელეთო ხაზი უკრაინის სამხრეთში ოკუპირებული ტერიტორიებისკენ სწორედ აღმოსავლეთ ხერსონზე გადის.
უკრაინა ეცდება თავისთავად ყველა ლოჯისტიკური ხაზი დააზიანოს… რეალურია ახლა ამის გაკეთება განსაკუთრებით, რადგან ხერსონში, მდინარის გასწვრივ უკრაინელები ძალიან უახლოვდებიან რუსეთის თავდაცვის სიღრმეებს. ღრმა ზოლს შესაძლოა ვერ დააზიანებენ, მაგრამ როცა ხერსონზეა საუბარი, ასევე დერეფანზე, რომელიც აკავშირებს რუსეთს ყირიმთან, ამ დერეფანზე წვდომაც გაეზარდათ უკრაინელებს.
შესაძლებელია, ალტერნატიული გზებიც გააკეთონ რუსებმა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რა დროს ახერხებ ამ გზის დაზიანებას: შეტევა უნდა განახორციელო ისე, რომ მომარაგების გზები იყო რელევანტური, თორემ თუ უბრალოდ დააზიანე, შეტევას არ ახორციელებ და იმათ გზები აღადგინეს, რა აზრი აქვს, გზების განადგურებას?
ბენ ჰოჯესის, ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაურის პროგნოზით, 2023 წლის ზაფხულისთვის უკრაინის არმია მთელი ქვეყნის დეოკუპაციას შეძლებს, აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის მეთაური, გენერალი მარკ მილი კი მიიჩნევს, რომ „უკრაინის სამხედრო გამარჯვების ალბათობა, უახლოეს მომავალში, ისე, რომ მთელი უკრაინიდან, მათ შორის, ყირიმიდანაც, განდევნონ რუსი სამხედროები, მაღალი არ არის“. თქვენი გამოცდილება რას გეუბნებათ?
მე ვიქნებოდი უფრო ფრთხილი. ჰოჯესმა რამდენჯერმე გააკეთა განცხადება, მაგრამ ზოგჯერ სურვილები არ გამოდის ისე, როგორც ჩვენ ყველას გვინდა. მე უფრო შუალედურ პოზიციას ავიღებდი: როგორც წინა ინტერვიუებში აღვნიშნე – გაზაფხულზე უნდა გამოჩნდეს გარდატეხა, რომლის შემდეგაც შეგვიძლია ვთქვათ თარიღები და თვეები: რა შედეგი იქნება მიღწეული. ჩემი აზრით, გაზაფხულის გარდატეხა გამოაჩენს ძალიან ბევრ საკითხს.
ბენ ჰოჯესი ასევე ფიქრობს, რომ ზამთარში უკრაინის არმია რუსეთისაზე უკეთეს პირობებში აღმოჩნდება, რადგან ისინი საკუთარ ტერიტორიაზე არიან, მათთვის უფრო მეგობრულ გარემოში. გარდა ამისა, ფაქტორებია უკრაინელთა მაღალი მოტივაცია და დასავლელი პარტნიორების დახმარებაც.
ვეთანხმები ამ მოსაზრებას სრულად, ვინაიდან რუსები დონეცკის და ლუგანსკის რამდენიმე რაიონის გარდა, არიან მტრულ გარემოში. აქ არის რამდენიმე ფაქტორი: უკრაინელებს არ უკვირთ რთული ზამთარი, მათ არანაკლებ იციან ზამთარი, ვიდრე რუსებმა. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, რომ უკრაინელები უკვე 8 წელიწადია ზამთრის პირობებში ომობენ. მათ აქვთ ზამთრის პირობებში საომარი მოქმედებების წარმოების გამოცდილება.
აქ მთავარია, როგორ იქნებიან მომზადებული საბრძოლო დანაყოფები საომარი მოქმედებებისთვის. რა თქმა უნდა, ბუნებას შეაქვს გარკვეული კორექტივები: ზამთრის პირობებში რთულია შენიღბვა, თუმცა ამავდროულად გაზრდილია ღრუბლიანობა, ნისლი… ასევე, შემცირებულია ნათელი დღეების საათები. მებრძოლს ამ დროს სჭირდება შესაბამისი გათბობის საშუალებები, ცხელი საკვებით უზრუნველყოფა და შესაბამისი აღკაზმულობა.
რომელი მხარეც უფრო წარმატებით მოახერხებს ამ ყველაფრის ორგანიზებას, წარმატებაც მის მხარეს იქნება.
უკრაინელებს ამ ეტაპზე ნამდვილად აქვთ უპირატესობა: მათ მთელი ევროპა ეხმარება, ზამთარი მათთვის უცხო არ არის და ზამთარში ბრძოლის გამოცდილებაც აქვთ.
რა მოლოდინი არსებობს უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით? მიაწვდიან დასავლელი პარტნიორები უკრაინას მეტი რაოდენობით „აბრაამსებს“ და „ლეოპარდებს“, რაც უკრაინას ფართომასშტაბიანი კონტრშეტევისთვის სჭირდება?
მე, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ დასავლეთიდან დიდ ინტერესს, რომ უკრაინას შეტევითი იარაღი მიაწოდონ შესაბამისი რაოდენობით. დასავლეთი აშკარად ცდილობს, საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის საშუალებები მიაწოდოს უკრაინას. ჯავშანტექნიკა, „ლეოპარდი“ იქნება ეს, თუ „აბრაამსი“, ეს შეტევითი იარაღია და აუცილებლად სჭირდება უკრაინას ფართომასშტაბიანი კონტრდარტყმისთვის.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურის განადგურება რუსეთის სტრატეგიის უმნიშვნელოვანეს ელემენტად იქცა. მსგავსი მასშტაბური სარაკეტო შეტევები უკიდურესად ამცირებს ფრთოსანი რაკეტების მარაგს, თქვენი აზრით, რა გათვლით უღირს მოსკოვს ასეთი თავდასხმების გაგრძელება?
იმ რაკეტებს, რომელსაც იყენებს რუსეთი, X ტიპის ფრთოსანი რაკეტებია და დიდი რაოდენობით აქვს მომარაგებული რუსეთს, მოძველებულია, ნაკლები სიზუსტის მქონეა, მაგრამ ლეტალურია. ამის რაოდენობა რუსეთს აქვს. პრობლემა რუსეთს აქვს მაღალი სიზუსტის იარაღებში.
ვფიქრობ, ეს სარაკეტო თავდასხმის სერიები ისევ ექნება რუსეთს, რაც უფრო მოახლოვდება ზამთარი. რუსეთი ცდილობს, გამოიწვიოს ე.წ. სტრატეგიული პარალიზება, როცა უკრაინა ვერ შეძლებს ეკონომიკურად, ასევე სამხედრო თვალსაზრისით გამოიყენოს თავისი პოტენციალი. გამოუვა თუ არ გამოუვა, არ ვიცი.
რუსეთს ასევე აქვს ჩაფიქრებული, რომ ზემოქმედება მოახდინოს ამ გზით უკრაინის მოსახლეობაზე, რომელიც მოითხოვს ომის შეჩერებას.
თუმცა ჩანს, რომ ეს არ გამოსდის რუსეთს. ჩაბნელებულია უკრაინის ქალაქები, სადაც ვერ თბებიან ადამიანები, მაგრამ უკრაინული სოციალური ქსელების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უკრაინელები არ ბრაზობენ საკუთარ ხელისუფლებაზე. შეძლებენ რუსები ამის დანახვას და პოლიტიკის შეცვლას, თუ მათი სტრატეგიის ნაწილი ისევ იქნება საცხოვრებელი სახლების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვა?
ჯერ ზამთარი არ დამდგარა, უნდა ველოდოთ ზამთრის ყინვებს, თუმცა უკრაინელების საბრძოლო სულისკვეთება არ დაცემულა და არც დაეცემა, დიდი იმედი მაქვს. უკრაინას აქვს წარმატება და ეს მატებს მათ ძალას, გამძლეობას… ჩვენც გადავიტანეთ 90-იანი წლები, უშუქობა, გათბობის გარეშე ცხოვრება წლობით, უკრაინელებიც გადაიტანენ ამას, ნაკლებად არ არიან ამას მიჩვეულები, მაგრამ ყინვებში დარჩენა ცოტა სხვა არის, შედარება არ შეიძლება.
რუსეთის მიზანია ამავდროულად აღმოსავლეთ ევროპის მოსახლეობა, სადაც ისეთი ერთიანობა არ არის, როგორც ეს უკრაინაშია. ევროპის ქვეყნებში აქტიურად მუშაობს რუსეთის ფული, რუსული ლობი. ყველა არჩევნები ევროპის ქვეყნებში მიმართულია სოციალური პრობლემების გადაწყვეტაზე. რუსეთს, ჩემი აზრით, აქვს ეს გათვლა, რომ თუ უკრაინა არა, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მაინც მოუწოდებს მოსახლეობა მთავრობებს, რომ აიძულონ ზელენსკი, მოლაპარაკების მაგიდაზე დაჯდეს.
რეალურად რა მარაგები შეიძლება ჰქონდეს რუსეთს, რომ მსგავსი თავდასხმები კიდევ დიდხანს განაგრძოს? მასირებული სარაკეტო თავდასხმების შემდეგ რუსი პროპაგანდისტები აშარჟებდნენ დასავლეთს იმის შესახებ, რომ მათი ინფორმაცია რუსეთში ამ იარაღის დეფიციტზე არის დეზინფორმაცია.
ადრეც ვამბობდი და გავიმეორებ: საბჭოთა წარმოების იარაღით სავსეა რუსეთი. დეფიციტია თანამედროვე, მაღალი სიზუსტის იარაღი. მას შეუძლია დარტყმები განახორციელოს, თუმცა არა თანამედროვე იარაღით.
ასევე ნუ დაგვავიწყდება რუსეთის მოლაპარაკებები ირანთან, არ არის გამორიცხული, გამოჩნდეს ირანული ბალისტიკური რაკეტებიც, ან ჩრდილოეთ კორეული წარმოების რაღაც გამოჩნდეს. არ უნდა ვიყოთ იმის იმედად, რომ რუსეთს გაუთავდება იარაღი და მორჩა, დამთავრდა ომი.
უკრაინა აუცილებლად უნდა გააძლიეროს დასავლეთმა ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო საშუალებებით. ის რაოდენობა, რასაც უკრაინა იღებს დასავლეთიდან, მიუხედავად მისი მაღალი ეფექტისა, არ არის საკმარისი. რაოდენობა კი, ამ შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ჯერჯერობით ვერ ვხედავ იმის ნიშნებს, რომ დასავლეთი მზადაა, ერთდროულად, დიდი რაოდენობით, ჯავშანტექნიკა გადასცეს უკრაინას. ცის ჩაკეტვა არ იქნება, მაგრამ რასაც ახლა აკეთებს დასავლეთი, არის ის, რომ ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო საშუალებებით ამარაგებს უკრაინას. დიდი რაოდენობით რაკეტები მაინც ეცემა უკრაინაში, რაც აჩვენებს, რომ მიწოდებული ტექნიკა არასაკმარისია. სრულად ვერ დაკეტავენ ცას, ეს გამორიცხულია, მაგრამ შესაძლებელია მნიშვნელოვნად გაძლიერება.
ცის დაცვის კუთხით უკრაინის გაძლიერება, რა სახის უპირატესობას ქმნის სამხედრო თვალსაზრისით, თანაც იმ მოცემულობაში, რაც ახლა აქვთ უკრაინელებს?
ამ მოცემულობაში არის აუცილებელი უკრაინელებისთვის ცის დაცვის გაძლიერება, რადგან ამ მიწოდებულ საშუალებებს აქვს თავისი რესურსი და მას სჭირდება განახლება.
ამ ეტაპზე იკვეთება ის, რომ ორივე მხარე მივიდა კულმინაციის წერტილამდე, განსხვავება ისაა, რომ რუსები დაღმავალი გზით უახლოვდებიან ამ წერტილს, ანუ პოტენციალის კლებით, უკრაინელები პირიქით – აღმავალი გზით. ორივე მხარეს სჭირდება გადაჯგუფება, დამატებითი რესურსები, მობილიზაცია. გამომდინარე ლოგიკიდან, ვამბობ, რომ ორივე მხარე ეცდება, გააძლიეროს თავისი შესაძლებლობები, რათა გაზაფხულისთვის მოემზადონ.
რუსებს სამხედრო – საბრძოლო პოტენციალი დაქვეითებული აქვთ: არ შეუძლიათ ჰაერში ბატონობის მოპოვება, ასევე შეტევითი დარტყმითი საშუალებები, უკან იხევს და თავდაცვაშია. რუსეთმა ხალხის რაოდენობა კი დაიმატა, მაგრამ ეს არ მატებს მას ხარისხობრივ-ტექნიკურ უპირატესობას, რაც გააჩნია უკრაინას.
საქართველოს განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი დღეს, 18 ნოემბერს, პარლამენტში დეპუტატების შეკითხვებს პასუხობდა. კითხვები შეეხებოდა საქართველოში რუსული სექტორების ზრდას.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, რუსულენოვანი სექტორების ზრდა არა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას, არამედ უკრაინელ ლტოლვილებს უკავშირდება.
„რუსულენოვანი სკოლებისა და სექტორების კონტინგენტის 1 820 მოსწავლით ზრდა უმთავრესად უკავშირდება 2022 წლის 24 თებერვლის შემდგომ უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე იმ პირების შემოსვლას, რომლებიც ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის ტერიტორიაზე.
უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებს, გარდა უკრაინული სექტორისა, საკუთარი სურვილით, შესაძლებლობა ეძლევათ, სხვადასხვა ენაზე გააგრძელონ სწავლა საქართველოს საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორც ქართულ, უკრაინულ და რუსულ, ასევე, სხვა მათთვის სასურველ ენებზე.
სწორედ აქედან გამომდინარე, გაიზარდა რუსულენოვან სექტორზე სწავლის გაგრძელების მსურველთა რაოდენობა, რაც არ გულისხმობს რუსულენოვანი სკოლებისა და სექტორების რაოდენობის ზრდას“, – ამბობს მინისტრი.
მინისტრის თქმით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 11 რუსულენოვანი სკოლა და 45 სექტორი გვაქვს.
„2022 წლის პირველი იანვრიდან საჯარო და კერძო სკოლებში რუსული სექტორი არ დამატებულა, ხოლო ორ საჯარო სკოლაში რუსულმა სექტორმა ფუნქციონირება საერთოდ შეწყვიტა“, – ამბობს ჩხენკელი.
____
რუსული სკოლა ბათუმში, სადაც რუსეთში შემუშავებული სახელმძღვანელოებით ასწავლიან
ხერსონიდან რუსული ჯარების გასვლა მტკივნეულ მოვლენად იქცა რუსული ელიტისთვის – მათ გააცნობიერეს, რომ „ნამდვილი ომი წაგებულია“. ამას რუსული ოპოზიციური გამოცემა „მედუზა“ რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულ კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს. როგორ აღიქვა პუტინის გარემოცვამ ხერსონის მარცხი და როგორ იზრდება ომის გამო უკმაყოფილება რუს ბიზნესმენებსა და პოლიტიკოსებში.
გამოცემის ერთ-ერთი წყაროს თქმით, ხერსონიდან უკან დახევა „ძალიან მტკივნეულად“ მიიღო რუსულმა ელიტამ.
„გავაცნობიერეთ – ნამდვილი ომი წავაგეთ. ადამიანები იწყებენ ფიქრს იმაზე, როგორც გააგრძელონ ცხოვრება, რა ადგილს დაიკავებენ მომავალში, რაზე გააკეთონ გათვლა, რაზე ითამაშონ. ერთი მხრივ იქნება რევანშისტული განწყობები, მეორე მხრივ – მოთხოვნა სტაბილურობაზე და ვითარების ნორმალიზებაზე,“ – უთხრა გამოცემას პუტინის გარემოცვასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა.
„მედუზას“ მტკიცებით, ბიზნესწრეებისგან განსხვავებით, რუსეთის პრეზიდენტის პოლიტიკურ ბლოკში უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილი. ერთ-ერთი წყაროს თქმით, კრემლში ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ დასავლეთში იაფ ენერგორესურსებზე მოთხოვნის გამო „უკრაინის მხარდაჭერა მოიკლებს.“
კრემლის კიდევ ერთი იმედი, გამოცემის ცნობით, უკრაინაში პოლიტიკური სიტუაციის შესაძლო ცვლილება და ვოლოდიმირ ზელენსკის გადადგომაა. რუსეთის ხელისუფლებას ასევე სჯერა, რომ რამდენიმე თვის შემდეგ, რუსეთის არმია მეტად ბრძოლისუნარიანი გახდება მობილიზაციის ხარჯზე და ფრონტზე სიტუაციას გადატეხს.
ამასთან, გამოცემის წყაროები ამტკიცებენ, რომ ხერსონიდან უკან დახევას არანაირი გავლენა არ მოუხდენია რუსების უმრავლესობის განწყობაზე, რადგან ისინი მარტივად იღებენ ოფიციალურ განმარტებას, რომ ქალაქის დატოვება აუცილებელი იყო. „მედუზა“ დასძენს, რომ ამას საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებიც ადასტურებს.
გამოცემის წყაროებს რეგიონული პოლიტიკოსებიდან და ბიზნესმენებიდან არ სჯერათ, რომ კრემლი ფრონტზე სიტუაციის შემობრუნებას შეძლებს.
„ის, რაც ხერსონში მოხდა, არის სამარცხვინო, ქვეყანაში არსებული ქაოსის შედეგი. კი გვქონდა ეჭვი ამაზე, მაგრამ არა ამ ხარისხით,“ – ამბობს გამოცემის ერთ-ერთი წყარო „ერთიანი რუსეთის“ რეგიონული წარმომადგენლობიდან.
კიდევ ერთი რეგიონული ჩინოვნიკის თქმით, მის გარშემო „გაჩნდა შეგრძნება, რომ ეს სხვისი ომია“.
„ჩვენ არავინ არაფერს გვეუბნება, ბევრ რამეს ახალი ამბებიდან ვიგებთ, მათ შორის უკრაინული და დასავლური წყაროებიდან. ისე ჩანს, რომ მუდმივად დათმობებზე მივდივართ და თან ამის დაფარვას და დამალვას ვცდილობთ,“ – ეუბნება „მედუზას“ ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი, რომლის აზრითაც მუდმივი დამარცხებების ფონზე „რუსეთის ხელისუფლების სრული ჩაკეტილობა“ კიდევ უფრო შემაშფოთებელი ხდება.
გამოცემის ინფორმაციით, უკმაყოფილების მიუხედავად, რუსი ჩინოვნიკები და ბიზნესმენები პუტინის წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯების გადადგმას არ აპირებენ, „უბრალოდ უნდათ, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდეს“.
დაბა ხულოდან კურორტ გოდერძიმდე ცენტრალურ გაზსადენს, ხოლო ხელვაჩაურის ხუთ სოფელში შიდა ქსელს კომპანია „ენერჯი ინვესტი 2009“ ააშენებს. სამუშაოებისთვის აჭარის და საქართველოს ბიუჯეტებიდან ჯამში 9 988 878 ლარია გათვალისწინებული.
კომპანიას ცენტრალური გაზსადენის მშენებლობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 27-მილიონიანი ტენდერი აქვს მოგებული, ხელვაჩაურის სოფლების გაზიფიცირებაზე კი ტენდერი საქართველოს გაზის ტრანსპორტირების სახელმწიფო კომპანიას ჰქონდა გამოცხადებული.
ხულოდან გოდერძიმდე ცენტრალური გაზსადენის მშენებლობა 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები შეჩერდა. მიზეზად, როგორც სამინისტროში ასევე მშენებელ კომპანიაშიხულო-გოდერძის ავტომაგისტრალის დაგეგმილი მშენებლობა დასახელდა – ვინაიდან გაზსადენი პროექტით მიუყვება გზას, ის ვერ აშენდება, თუ ჯერ გზა არ გაკეთდა.
ხულო-გოდერძის გზა ორ მონაკვეთად იყო დაყოფილი და მისი რეაბილიტაცია დასრულებული უნდა ყოფილიყო, თუმცა სამუშაოები მხოლოდ 2022 წელს განახლდა – დაბა ხულოდან4 კილომეტრიან მონაკვეთზე, ასევე ამ მონაკვეთიდან – გოდერძიმდე.
აჭარის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში ხულო-კურორტ გოდერძის გაზსადენის მშენებლობის დასრულებისთვის 4,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
აჭარის მიმდინარე წლის ბიუჯეტში კი, ამ მიზნით, 6 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა რამდენი ლარის სამუშაოები შესრულდება წელს, ჯერ უცნობია. კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ისინი ამ დრომდე სამუშაოებს პერიოდულად აგრძელებენ.
„სამუშაოებს დღესაც ვაგრძელებთ, თუმცა, ისევ გზის მშენებლობაზე ვართ დამოკიდებული, როგორც კი გვაძლევენ გარკვეულ მონაკვეთებზე მუშაობის ნებართვას, ჩვენც ვმუშაობთ. ასეთ გრაფიკში ვართ თითქმის 2 წელია. დღეისათვის დარჩენილია 20 კილომეტრი კურორტ გოდერძიმდე. ამ 20 კილომეტრს კი, გზა რომ გაკეთებული იყოს, 4 თვეში დავასრულებთ. მაგრამ ჯერ არც გზაზეა სამუშაოები ისე, რომ ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთოთ და თან წინ ზამთარია. ამიტომ, სამუშაოები 2023 წელში გადავა“ – გვითხრა გოჩა გოგიტიძემ, „ენერჯი ინვესტი 2009“-ს დირექტორმა.
„ენერჯი ინვესტი 2009“ ხელშეკრულების გასაფორმებლად მიწვეულია ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების: მაჭახლისპირის, სინდიეთის, აჭარისაღმართის, ქვედა ჩხუტუნეთის და ჩიქუნეთის გაზიფიცირების სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერშიც.
ტენდერი 5 488 878 ლარით იყო გამოცხადებული და „ენერჯი ინვესტი 2009“-სთან ხელშეკრულების გაფორმებასაც გაზის ტრანსპორტირების კომპანია ზუსტად ამავე თანხაზე გეგმავს.
აღნიშნული ხუთი სოფლის გაზიფიცირება ხელშეკრულების გაფორმებიდან 403 დღეში უნდა დასრულდეს.
ტენდერის პირობის მიხედვით, „აღნიშნულ ვადაში, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას შესრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობის შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა [დასკვნა უნდა მოიცავდეს როგორც ტექნიკურ, ასევე სახარჯთაღრიცხვო ნაწილს]“.
საქართველოს მთავრობის გეგმით, 2022 წელს აჭარის გარკვეულ სოფლებში, ასევე დაბა ქედასა და შუახევში გაზიფიცირების სამუშაოები უნდა დაწყებულიყო, თუმცა ამ დრომდე ტენდერებიც კი არ არის დასრულებული. დასახლებული პუნქტების ჩამონათვალი ნახეთ ბმულზე: აჭარის რომელ სოფლებში ჩაირთვება ბუნებრივი აირი 2022-2024 წლებში.
პარალელურად, გაზის ტრანსპორტირების კომპანიას ტენდერი გამოცხადებული ჰქონდა ქედის სოფლების: კოკოტაურის, დოლოგანის, ქვედა მახუნცეთის, ცხემნას, ზვარეს, ვარჯანისის, დაბა შუახევის და დაბა ხულოს გაზიფიცირების სამუშაოებზეც, თუმცა ეს ტენდერი არ შედგა – შპს „ჯი პი სი“ გაზიფიცირებას 6 040 020 ლარით გეგმავდა, თუმცა მას დისკვალიფიკაცია მისცეს ტექნიკური დოკუმენტაციის გამო.
დისკვალიფიკაციის ოქმში აღნიშნულია, რომ „ჯი პი სის“ მიერ წარდგენილი სამუშაოების გეგმა-გრაფიკი 3 დღით აღემატებოდა მოთხოვნილს [390 დღე, 387 დღის ნაცვლად];
ამასთან „პრეტენდენტის მიერ არ იქნა გათვალისწინებული სატენდერო კომისიის შენიშვნები სამუშაოს ხარჯთაღრიცხვასთან დაკავშირებით, კერძოდ, სოფელ ქვედა მახუნცეთის და დაბა შუახევის გაზიფიცირების ხარჯთაღრიცხვის [გარკვეული] პოზიციები კვლავ არ არის განფასებული.“
გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა 6 163 287 ლარით, სადაც წინადადებების მიღება 2022 წლის 21 ნოემბერს დასრულდება.
პირობის მიხედვით, კოკოტაურის, დოლოგანის, ქვედა მახუნცეთის, ცხემნას, ზვარეს, ვარჯანისის, დაბა შუახევის და დაბა ხულოს გაზიფიცირების სამუშაოები, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 387 დღეში უნდა დასრულდეს.
აღნიშნული ტენდერები გაზის ტრანსპორტირების კომპანიას ისედაც ხელახლა ჰქონდა გამოცხადებული და თავდაპირველ ტენდერთან შედარებით სავარაუდო ღირებულება ჯამში 2 მილიონი ლარით იყო გაზრდილი.
რეგიონულ სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს ბათუმში. ოლიმპიადა ყველა სასკოლო საგანში ჩატარდა. გამარჯვებული მოსწავლეები პლანშეტებით დაასაჩუქრეს.
„ბათუმელები“ კონკურსში გამარჯვებულ რამდენიმე მოსწავლეს გაესაუბრა. ერთ-ერთია მეთერთმეტეკლასელი ნატა სიხარულიძე, რომელიც ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში სწავლობს. ნატას გუნდმა ქიმიის ოლიმპიადის კონკურსზე მეორე საპრიზო ადგილი აიღო.
„ქიმიის სიყვარული ჩემი მასწავლებლის დამსახურებაა. ყოველთვის მაინტერესებდა საბუნებისმეტყველო საგნები, მაგრამ ამავდროულად, ამ საგნების მიმართ რაღაც შიში მქონდა, ალბათ იმიტომ, რომ რთული მეგონა და მასწავლებელმა ეს ხედვა შემაცვლევინა.
ბევრი ამბობდა, ვერ ისწავლი, რთულია და აქედან გამომდინარე, გაუცნობიერებელი შიში ყოველთვის მქონდა.
თუმცა მე ექიმობას ვაპირებ და ვიცი, რომ ეს საგანი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემს პროფესიაში ეროვნული გამოცდების ჩაბარების დროსაც. გამიმართლა იმაშიც, რომ ძალიან კარგი მასწავლებელი შემხვდა, ვინც ქიმიის მნიშვნელობა ნათლად დამანახა.
ქიმიას დღეს უბრალოდ სასკოლო საგნად კი არ აღვიქვამ, არამედ როგორც ბუნების ნაწილად, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ყოველდღიურობაშიც,“ – გვითხრა ნატამ.
მისი თქმით, საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლისას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პრაქტიკას, ექსპერიმენტებს, რაც სახალისოს ხდის ამ მეცნიერების შესწავლას.
„სკოლაში ქიმიის კაბინეტი გვაქვს და მასწავლებელი ყოველდღიურად ცდილობდა, ერთი ცდა მაინც ჩაეტარებინა, რომ გაკვეთილი მოსაწყენი არ ყოფილიყო.
როცა დავალებას გვაძლევდა, გვასწავლიდა, როგორ უნდა ჩაგვეტარებინა ექსპერიმენტი სახლში, დამოუკიდებლად. პანდემიის დროს ვიდეოებს ვწერდით და მასწავლებელს ვუგზავნიდით.
ჩემთვის ერთ-ერთი საინტერესო პროცესია ფორმულების მიხედვით ამოცანების გამოთვლა და როცა სწორ პასუხს ვიღებ, ძალიან მიხარია,“ – ამბობს ნატა.
ნატას აზრით, საგნის გააზრება და სიყვარულით სწავლა მასწავლებლის ხელოვნებაზეა დამოკიდებული. „ჩემი აზრით, როცა მასწავლებელს უყვარს თავისი საგანი, ამას ჩვენ, ბავშვებიც ვგრძნობთ.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ის, რომ მასწავლებელი როგორც მეგობარი, ისე ურთიერთობდა კლასში, ჩვენთვის გასაგებ ენაზე გვიხსნიდა თემას, ისეთი შედარებები მოჰქონდა, რაც ჩვენი თაობისთვის ნაცნობი და უფრო გასაგებია.
ჩვენი გაკვეთილები არ იყო ერთფეროვანი, სულ რაღაც საინტერესო მოჰქონდა მასწავლებელს გაკვეთილზე და ამ ყველაფერმა განაპირობა ჩემი ინტერესი და სიყვარული ქიმიის მიმართ.“
ნატას თქმით, რესურსების ქონა ძალიან მნიშვნელოვანია სკოლებისთვის, რადგან პრაქტიკაში დანახული და გააზრებული საკითხები ბევრად შედეგიანია, ვიდრე მხოლოდ თეორიით სწავლა.
ნატა ამბობს, რომ ქიმია სამომავლოდაც დარჩება მისი საყვარელი საგნების სიაში და სურს, ბავშვების მოტივაციისთვის მეტი საინტერესო და ხელმისაწვდომი სამეცნიერო სივრცე არსებობდეს, როგორც სკოლაში, ასევე ქალაქში.
„ამერიკულ კუთხეში“, ასევე „ალტე უნივერსიტეტში“, გვეძლევა ხოლმე შესაძლებლობა, რაღაც ექსპერიმენტები ვაკეთოთ, მაგრამ ეს ფიზიკაში უფრო გვეხმარება, ვიდრე ქიმიაში, თუმცა მაინც მნიშვნელოვანია. ძალიან მინდა, სკოლაშიც იყოს მეტი მრავალფეროვნება და ხელმისაწვდომობა ამ მხრივ,“ – ამბობს ნატა.
მეცხრეკლასელი მარიამ დევაძეც მეორე სკოლის მოსწავლეა, რომელმაც ისტორიის კონკურსში გაიმარჯვა. მისი გუნდი მესამე ადგილზე გავიდა რეგიონულ ოლიმპიადაზე.
როგორც მარიამი ამბობს, წელს პირველად მიიღო ამ პროექტში მონაწილეობა და შედეგითაც კმაყოფილია.
„მსოფლიოს ისტორია ძალიან მიყვარს და, ბუნებრივია, საქართველოს ისტორიაც. განსაკუთრებით თამარის ეპოქას გამოვარჩევ, რადგან თამარი ჩემთვის მისაბაძი ქალი, ძლიერი, სამართლიანი და ჭკვიანი პოლიტიკოსია.
მან შეძლო, საქართველო გეოპოლიტიკურად საინტერესო და წარმატებული სახელმწიფო გაეხადა. პირველი ქალი მეფე იყო და არ შეუშინდა გამოწვევებს,“ – ამბობს მარიამ დევაძე.
მარიამის აზრით, საქართველოს წინსვლას ისტორიულად ყველაზე ხშირად შიდა ღალატი უშლიდა ხელს და ეს პრობლემა დღემდე დგას.
„სამწუხაროდ, ვერც წარსულისგან ვისწავლეთ, რადგან ქართველების წაგების მთავარი მიზეზი ყოველთვის ღალატის გამო.
დღეს, 21-ე საუკუნეში, რასაც ვხედავ, არის ის, რომ ქართველებს მაინც და მაინც არ გვიხარია ერთმანეთის წარმატება და ეს ძალიან მწყინს. ერთმანეთს უფრო ვერჩით, ვიდრე მტერს,“ – გვითხრა მარიამმა.
მარიამი ფიქრობს, რომ მისი თაობის ადგილს განვითარებულ და ბევრად პროგრესულ საქართველოში ხედავს. „ძლიერ და წარმატებულ ქვეყანაში მინდა ვიცხოვრო, რადგან საქართველოს ბევრი კრიტერიუმი აქვს იმისთვის, რომ იყოს პროგრესული და ძლიერი ქვეყანა.
რეალურად, ჩვენ იმაზე მეტის გაკეთება შეგვიძლია, ვიდრე ვაკეთებთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თაობა შეძლებს, უკეთესი გახდეს ეს ქვეყანა. მთავარია, შეჩერდეს მიგრაცია და ადამიანებს მოუნდეთ არა ამ ქვეყნიდან გაქცევა, არამედ აქ ცხოვრება.
უკეთესი პოლიტიკოსები რომ გვყავდეს, შეიძლებოდა ჩვენი ქვეყნის პოტენციალის უკეთ წარმოჩენა და განვითარება, რადგან ისეთ გეოპოლიტიკურ არეალში მდებარეობს ჩვენი ქვეყანა, ამის შესაძლებლობა არსებობს, თუმცა ვერ ვიყენებთ სათანადოდ ამ შესაძლებლობებს“, – გვითხრა მარიამმა.
ისტორიაში ამ ეტაპზე „გეორგიევსკის ტრაქტატის“ საკითხებს გადიან და მიიჩნევს, რომ როგორც ადრე, დღესაც ქართული სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხე არის რუსეთი.
„ყოველთვის იყო რუსეთი ჩვენი ქვეყნისთვის დაბრკოლება, მათ გვიღალატეს ერეკლეს დროსაც, როცა არ დაგვეხმარნენ კრწანისის ომში და აღა-მაჰმად-ხანს შესაძლებლობა მისცეს თბილისი გაენადგურებინა.
დღევანდელ რეალობაშიც რუსეთი ჩვენი ქვეყნის ოკუპანტია, ძალიან სასტიკი ქვეყანაა და არ იცის დანდობა. ვხედავთ, რასაც აკეთებს უკრაინაში,“ – ამბობს მარიამი.
სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებულია პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე დავით კილაძეც. მისმა გუნდმა პირველი ადგილი აიღო ისტორიის კონკურსში.
დავითს ყველაზე მეტად ბიზანტიის ისტორია აინტერესებს ამ ეტაპზე, რადგან მიიჩნევს, რომ იმ დროისთვის ყველაზე წარმატებული და ძლიერი იმპერია იყო.
საქართველოს ისტორიაში კი გიორგი სააკაძის პერიოდმა მიიქცია მისი ყურადღება.
„ბევრი წყარო შევისწავლე ამ ადამიანის შესახებ და ვფიქრობ, რომ გიორგი სააკაძე საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე დგამდა ნაბიჯებს. თუმცა ის, რომ გადამწყვეტ მომენტში ქართველი მებრძოლების მხარეს დადგა, ესეც მნიშვნელოვანია,“ – ამბობს ის.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის თემაზე კი დავითი ფიქრობს, რომ ძველად საქართველოს არ ჰქონდა დიდი არჩევანი, „რადგან მაშინ საქართველო არა მარტო პოლიტიკურ მოკავშირეს ეძებდა, არამედ ერთმორწმუნე მოკავშირესაც.
დღეს ერთმორწმუნეობას არ აქვს პოლიტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან ბევრ ქვეყანაშია რწმენის თავისუფლება. გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთმა ბევრად უფრო დიდი უფლებები დაარღვია ჩვენს ქვეყანაში, რაც სარწმუნოებაზე მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩვენს სახელმწიფოებრიობას შეეხო“, – ამბობს დავით კილაძე.
მას თავისი და მისი თანატოლების მომავალი ევროპულ სივრცეში უფრო წარმოუდგენია, ვიდრე სხვა რეალობაში.
___________________
მთავარი ფოტო: ნატა სიხარულიძე, დავით კილაძე და მარიამ დევაძე/მოსწავლეები
23 ნოემბერს, 19:00 საათზე, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოფესტივალი LemON-ი გაიხსნება.
კინოფესტივალის ორგანიზატორია „არტ საზოგადოება ლიმონარიუმი“. პარტნიორები – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი და ბათუმის დრამატული თეატრი.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმები. წელს ფესტივალს დაემატა ერთი საკონკურსო სექცია. კერძოდ, სტუდენტური ფილმების კონკურსთან ერთად დაწესდა სადებიუტო-პროფესიული ფილმების საერთაშორისო კონკურსი.
ფესტივალი 23-28 ნოემბერს გაიმართება. კინოჩვენებები ხელოვნების უნივერსიტეტის დარბაზში დაიმართება და მათზე დასწრება თავისუფალია.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება სადებიუტო და სტუდენტური საკონკურსო ფილმების ჩვენებები – დილის და საღამოს სეანსები (24-25-26-27-28 ნოემბერი).
ასევე, საერთაშორისო ჟიურის წევრები ჩაატარებენ მასტერკლასებს ქართველი და უცხოელი კონკურსანტებისთვის.
ფესტივალის საერთაშორისო ჟიურის მიერ კონკურსანტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება ბათუმის დრამატულ თეატრში, 28 ნოემბერს, 19:00 საათზე.
სტუდენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრები არიან: რუსუდან გლურჯიძე – რეჟისორი, საქართველო; ილეანა სტანკულესკუ – ფესტივალ სინედოკის ორგანიზატორი, რუმინეთი და ნიკონ რომანჩენკო, რეჟისორი, უკრაინა.
სადებიუტო ფილმების საერთაშორისო კონკურსის თავმჯდომარე ქართველი რეჟისორი ნანა ჯორჯაძეა. ჟიურის წევრები არიან: პეგა აჰანგარანი – მსახიობი და რეჟისორი, ირანი; გრანა მოუსავი – რეჟისორი, ავსტრალია; მალგოზლატა ინიელსკა – რეჟისორი, პოლონეთი; ირინა რომანჩენკო – რეჟისორი, უკრაინა.
ფესტივალის პარტნიორები და ფინანსური მხარდამჭერები არიან აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.
არც დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრო გალიფ ოზთურქი, მილიონერი ბიზნესმენი, რომელსაც ნარკოდანაშაულის ჩადენას ედავება პროკურატურა და წინასწარ პატიმრობაშია.
ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეა. მის წინააღმდეგ თავდაპირველად გამოძიება ფინანსური კუთხით დაიწყო, თუმცა მას ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ნარკოდანაშაულის ჩადენას ედავება. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი აპარტამენტებიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს.
მოსამართლეს ოზთურქმა წერილი მისწერა, რომ ისევ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ვერ შეძლებს დაესწროს სასამართლო სხდომას.
„გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გალიფ ოზთურქს“, – უთხრა მოსამართლე ლევან ყოლბაიას სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა, ია ეგიბერიძემ. ის და კიდევ 3 ექსპერტი თბილისიდან სასამართლო სხდომას დისტანციური წესით დაესწრნენ.
გენეტიკური ექსპერტიზა პოლიეთილენის შეფუთვას ჩაუტარდა, სადაც კოკაინი იყო მოთავსებული.
„მივიღეთ პაკეტი, დადგინდა მთლიანობა… მოხდა დნმ-ს გამოთვლა“, – ექსპერტმა დეტალურად აღწერა, რა პროცედურა ჩაატარა გენეტიკური ექსპერტიზისთვის.
„ცდომილება არსებობს, მაგრამ ალბათობის მაჩვენებელი დედამიწის მოსახლეობას ბევრჯერ აღემატება“, – დასძინა ექსპერტმა.
„ხომ არ არის შესაძლებელი, მექანიკური შეხებით დარჩეს ბიოლოგიური მასალა კონკრეტულ ობიექტზე?“ – დაეჭვდა ადვოკატი რობერტ გრიგალაშვილი.
„მაგალითად, ოფლიანი ხელი ჩამოვართვი კოლეგას და მის ხელმონაკიდ ნივთზე ჩემი მასალა ამოვიდეს?“ – ექსპერტს მიმართა ისევ ადვოკატმა.
„სხვადასხვა სახით შეიძლება დარჩეს“, – ვერ უარყო მექანიკური შეხებით ბიოლოგიური მასალის ობიექტზე დარჩენის შესაძლებლობა ექსპერტმა.
„თუმცა ამ მიმართულებით ჩვენ კვლევა არ ჩაგვიტარებია“, – დასძინა ექსპერტმა.
„მესამე ფირი გვაჩვენეთ“, – მიმართა ადვოკატმა სხდომის მდივანს და ექსპერტმაც ნახა გამოძიების მიერ ოზთურქის ბინაში გადაღებული ჩხრეკის ამსახველი კადრები.
კადრებში ჩანს, რომ სამართალდამცველები ყოველგვარი აღჭურვილობის და სპეცტანსაცმლის გარეშე იღებენ სხვადასხვა შეფუთვას ოზთურქის ბინიდან და პოლიეთილენის ლურჯ, გამჭვირვალე პარკში ათავსებენ.
დღევანდელ პროცესზე ჩხრეკის ამსახველი ვიდეოს მხოლოდ ის მცირე მონაკვეთი აჩვენეს, სადაც ჩანს შეფუთვების აღება და პარკში მოთავსება.
„თქვენ რას იტყვით, ასეთი დაბინძურებული მასალა გამოდგებოდა საკვლევად?“ – ექსპერტს მიუბრუნდა ადვოკატი.
ექსპერტმა ია ედიბერიძემ გაიმეორა, რომ ნივთმტკიცება მას არ გამოუკვლევია და მისი მოვალეობა მხოლოდ კონკრეტული ბიოლოგიური მასალიდან გენეტიკური პროფილის დადგენა იყო.
„ეს ხდება პირბადით, ხელთათმანებით“, – ამასაც ხაზი გაუსვა ექსპერტმა.
სასამართლო განხილვა გრძელდება.
——————
მილიონერი გალიფ ოზთურქი ბათუმში 31 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის დროს დააკავა. 2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოზთურქს არა ფინანსური დანაშაულის ჩადენას [როგორც ამის შესახებ უწყებამ წინასწარ განაცხადა], არამედ ოფიციალურად მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავებიან: სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ოზთურქს 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელის.
5 ივლისს კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, ოზთურქის სისხლში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერება არ აღმოჩნდა. 6 ივლისს კი, გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ მარიხუანის „მცირე ოდენობით შენახვისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა. აქ გაირკვა, რომ ოზთურქს სისხლის სამართლის საქმის გარდა მარიხუანის ნაწილშიც ადმინისტრაციული წესით ედავებოდნენ.
„უკრაინსკა პრავდას“ ინფორმაციით, 18 ნოემბრის ღამეს ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ნაწილში რუსმა სამხედროებმა მთელი ოჯახი დახვრიტეს – დედა, მამა და ორი შვილი.
გამოცემის წყაროების ცნობით, ზაპოროჟიეს ოლქში, პოლოგივის რაიონში, პოჩტოვაიას ქუჩაზე, დახოცეს ალექსანდრ და ნატალია დარმობიდები და მათი ორი შვილი, ვლადისლავი და კირილი.
ამ დროისთვის ქუჩა რუსეთის არმიის სამხედროებს აქვთ ალყაშემორტყმული.
„უკრაინსკა პრავდა“ წერს, რომ ინფორმაცია მკვლელობის შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახურმაც დაადასტურა.
საზღვაო ქვეითმა მიხაილო დიანოვმა მისი მკურნალობისთვის შეგროვებული ფულის ნაწილი „აზოვსტალის“ დაღუპული დამცველების შვილებს გადასცა. როგორც დიანოვმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა, „აზოვსტალის“ დამცველთა ოჯახების ასოციაციის ანგარიშზე მან უკვე გადარიცხა 3 მილიონი გრივნა.
„როგორც დაგპირდით, ვიწყებ შემოწირული თანხების იმ ადამიანებისთვის განაწილებას, ვისაც ეს სჭირდება. როგორც მანამდე ვთქვი, თქვენი ფული ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ორგანიზაციას, რომელსაც 3 მილიონი გრივნა გადავურიცხე, თვითონ „აზოვსტალელები“ ხელმძღვანელობენ და მათ ზუსტად იციან, რომელ ოჯახებს სჭირდებათ დახმარება ყველაზე მეტად,“ – დაწერა დიანოვმა და ტყვეობაში გატარებული დღეებიც გაიხსენა. – „მე ვიცოდი, რომ შინ ჩემი გოგო მელოდებოდა. ბევრი ადამიანისა და თითოეული თქვენგანის წყალობით. მე მომეცა შანსი, კვლავ ჩავხუტებოდი, მასთან ვყოფილიყავი, მაგრამ არიან ბავშვები, რომლებიც უკვე ვეღარასოდეს ნახავენ საკუთარ მშობლებს. ეს საშინელებაა“.
საზღვაო ქვეითი მიხაილო დიანოვი რუსეთის ტყვეობიდან 21 სექტემბერს ჯანმრთელობის ურთულესი მდგომარეობით დაბრუნდა. „აზოვსტალიდან“ გამოსვლისას ის ორივე ფეხსა და ხელში იყო დაჭრილი, მარჯვენა მკლავის ძვალი ჩამსხვრეული ჰქონდა და სპეციალური მეტალის აპარატი ეკეთა.
ტყვეობაში ყოფნისას მიხაილოსთვის არანაირი სამედიცინო დახმარება არ გაუწევიათ, მეტიც, მისი მდგომარეობა გაუარესდა, რადგან ხელიდან „აზოვსტალში“ დაყენებული აპარატიც მოხსნეს.
მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში მიხაილოს ფოტო გამოქვეყნდა და უკრაინულმა საზოგადოებამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეიტყო, დაიწყო თანხის შეგროვების კამპანია. უკრაინული მედიის ცნობით, საზღვაო ქვეითის სამკურნალოდ 5 მილიონი გრივნა 1 დღეში შეგროვდა, 14 ოქტომბერს კი მის ანგარიშზე უკვე 23 მილიონ 430 ათასი გრივნა ($ 634 000) იყო.
ტყვეობიდან დაბრუნებული მებრძოლის სამკურნალოდ უკრაინელებმა მილიონობით გრივნა შეაგროვეს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, უკრაინელმა მილიარდერმა, „აზოვსტალის“ კანონიერმა მფლობელმა, რინატ ახმეტოვმა და საფეხბურთო კლუბმა „შახტიორმა“ გადაწყვიტეს, მიხაილოს მკურნალობის ხარჯები თავიანთ თავზე აეღოთ.
სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა მიხაილომ, შეწირულობის ნაწილი იმ თანამებრძოლებისთვის გადაეცა, ვისაც მკურნალობა და რეაბილიტაცია სჭირდება.
მიხაილო დიანოვის შესახებ მსოფლიომ 2022 წლის გაზაფხულზე შეიტყო, როდესაც „აზოვსტალის“ მებრძოლის, დმიტრო კოზაცკის, მეტსახელად „ორესტის“ ფოტოები გამოქვეყნდა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი აცხადებს, რომ პალატის ახალი შემადგენლობის პირობებში კონგრესის წევრად დარჩება, თუმცა დემოკრატების ლიდერი აღარ იქნება.
„ეპოქის დასასრულს“ უწოდებს პელოსის გადაწყვეტილებას CNN-ი, რომელიც ამ ინფორმაციას ავრცელებს.
„მე არ ვეცდები, მივაღწიო ხელახლა არჩევას დემოკრატების ლიდერის პოსტზე ახალ კონგრესში. დროა, ფრაქციას ახალი თაობა ჩაუდგეს სათავეში,“ – განაცხადა პელოსიმ წარმომადგენელთა პალატის სხდომაზე.
ნენსი პელოსიმ საკუთარი გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოაცხადა, რაც დემოკრატებმა ქვედა პალატაში უმრავლესობა დაკარგეს, თუმცა სენატზე კონტროლი შეინარჩუნეს.
28 ოქტომბერს ნენსი პელოსის სახლში უცნობი შეიჭრა და მის ქმარს ჩაქუჩით დაესხა თავს. პოლ პელოსის რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა. როგორც მაშინ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა განაცხადა, მის მომავალ პოლიტიკურ კარიერაზე ეს შემთხვევაც იქონიებდა გავლენას.
ნენსი პელოსი დემოკრატიული პარტიის ლიდერის პოსტს 20 წელი იკავებდა, 2007 წელს ის წარმომადგელთა პალატის სპიკერი გახდა. ის პირველი ქალია აშშ-ის ისტორიაში, ვინც ამ თანამდებობაზე აირჩიეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 ნოემბრის 21 საათიდან 19 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება:
დღისით: 18 – 22 გრადუსი
ღამით: 8 – 13 გრადუსი
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 8 – 13 გრადუსი
ღამით: 1 – 6 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, 20-21 ნოემბერს აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 18 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 83 460 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +350]
ტანკი – 2 879 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 5 808 ერთეული [+4]
საარტილერიო სისტემა – 1 865 ერთეული [+5]
MLRS – 393 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 209 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 278 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 261 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 536 ერთეული [+5]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 480 ერთეული [+6]
გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 4 366 ერთეული [+4]
სპეცტექნიკა – 161 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით , 24 თებერვლიდან 18 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
333 თვითმფრინავი
177 ვერტმფრენი
2 522 უპილოტო საფრენი აპარატი
388 საზენიტო სარაკეტო სისტემა
6 689 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
895 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 595 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
7 266 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, დნეპრის დასავლეთ ნაწილიდან თავისი ჯარების გაყვანის შემდეგ რუსეთის სარდლობა პრიორიტეტს ანიჭებს ძალების გადაჯგუფებას, რეორგანიზაციას და ფრონტის დანარჩენ მონაკვეთებზე თავდაცვისთვის მზადებას.
უწყების ცნობით, რუსეთის არმიამ სანგრების ახალი სისტემა მოაწყო ყირიმის საზღვართან და მდინარე სივერსკი დონეცთან, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს შორის.
„ზოგიერთი ეს ადგილი ფრონტის ახლანდელი ხაზიდან 60 კილომეტრშია, რაც გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ რუსეთის სარდლობა უკრაინის არმიის მორიგი მსხვილი გარღვევისთვის ემზადება,“ – წერს ბრიტანეთის დაზვერვა 18 ნოემბრის რელიზში.
უწყების პროგნოზით, რუსეთი ეცდება ხერსონიდან გაყვანილი ძალების ნაწილი ბახმუტთან თავისი შეტევების გასაძლიერებლად და გასაფართოებლად გამოიყენოს.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყება წერდა, რომ უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურის განადგურება რუსეთის სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ელემენტია და მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი მასშტაბური სარაკეტო შეტევები უკიდურესად ამცირებს ფრთოსანი რაკეტების მარაგს, მოსკოვი ასეთ თავდასხმებს განაგრძობს.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსული ჯარები დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ნაწილობრივ დაუცველები არიან, ამიტომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაძლოა მოახერხონ და დააზიანონ რუსეთის არმიის მომარაგების გზები და ამით ხელი შეუშალონ რუსების მცდელობებს, გაიმაგრონ თავდაცვითი პოზიციები ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში.
„უკრაინის ძალებს, სავარაუდოდ, გაუჭირდებათ ისეთივე დრამატული შედეგების მიღწევა ხერსონის აღმოსავლეთ ნაწილში, თუმცა მაინც შესაძლებელია, ჩაშალონ რუსების მცდელობა, გაიმაგრონ და შეინარჩუნონ ახალი თავდაცვითი პოზიციები,“ – წერენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები.
როგორც ISW-ის დღევანდელ ანგარიშშია ნათქვამი, უკრაინას შეუძლია რუსეთის ლოგისტიკური გზების დაზიანება ისეთივე სამხედრო კამპანიით, როგორსაც ის ხერსონის დასავლეთ ნაწილის დასაბრუნებლად იყენებდა.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კავშირის რამდენიმე ძირითადი სახმელეთო ხაზი უკრაინის სამხრეთში ოკუპირებული ტერიტორიებისკენ სწორედ აღმოსავლეთ ხერსონზე გადის: სამხრეთ გზატკეცილი T2202 ნოვა-კახოვკა-არმიანსკი, სამხრეთ-აღმოსავლეთის გზატკეცილი Р47 კახოვკა – ჰენიჩესკი და გზატკეცილი М14, რომელიც მელიტოპოლამდე, ბერდიანსკსა და მარიუპოლამდე მიდის.
ISW-ის ცნობით, სატელიტური ფოტოები აჩვენებს, რომ რუსეთის ძალები თავდაცვით პოზიციებს სწორედ ამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი გზების გასწვრივ ქმნიან, რუსულ სოციალურ ქსელებში გაჩენილი ცნობები კი ადასტურებს, რომ უკრაინელებმა ამ მარშრუტებზე უკვე მიზანში ამოიღეს რუსული არმიის თავშეყრის ადგილები და სამხედრო ობიექტები.
„მაღალხარისხიანი საავტომობილო და სარკინიგზო გზების ნაკლებობა ამ რაიონში, განსაკუთრებით ისეთების, რომლებიც უკრაინის დანარჩენ ტერიტორიას ყირიმთან აკავშირებს, ქმნის პოტენციურად „ვიწრო ადგილებს“, რომლებიც შესაძლოა დაუცველი აღმოჩნდეს უკრაინელთა სამხედრო კამპანიის წინააღმდეგ. ეს კი თანდათანობით გააუარესებს რუსების შესაძლებლობას, განაგრძონ თავისი დანაყოფების მომარაგება ხერსონის დასავლეთ ნაწილში და სამხრეთ უკრაინის სხვა რეგიონებში,“ – წერს ISW-ი.
ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:
17 ნოემბერს რუსეთის არმიამ მორიგი მასობრივი სარაკეტო შეტევა განახორციელა უკრაინის ქალაქებზე;
რუსული წყაროების მტკიცებით, უკრაინის არმია განაგრძობდა კონტრშეტევას სვატოვო-კრემენაიას ხაზზე;
რუსეთის არმიამ რამდენიმე სახმელეთო შეტევა განახორციელა ბახმუტისა და ავდეევკის გარშემო და ქალაქ დონეცკის სამხრეთ-აღმოსავლეთით;
უკრაინის არმიამ დაიწყო დარტყმები რუსეთის სამხედრო ობიექტებსა და თავშეყრის ადგილებზე ხერსონის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში და ზაპოროჟიეს ოლქის სიღრმეში.
რუსო ხუციშვილი ემიგრაციაში 25 წლის წინ წავიდა. ცხოვრობს ჰამბურგში, მუშაობს პარფიუმერულ კომპანიაში – KaDeWe Group Alsterhaus და ამ კომპანიის სუნამოს ერთ-ერთ საუკეთესო ექსპერტადაა მიჩნეული. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსო განსაკუთრებული მომხმარებლებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, არაბეთის პრინცესა, არჩევს შესაფერის სუნამოებს და გემოვნების მიხედვით სთავაზობს მაღალი კლასის კოსმეტიკას.
„მე Happymaker-ი ვარ“ – ამბობს რუსო. – „ადამიანებს ვურჩევ მათთვის შესაფერის სურნელს, რაც მათ უფრო მშვენიერს და ბედნიერს ხდის. ეს მეც მაბედნიერებს“.
ამ პარფიუმერიულ კომპანიაში 15 წლის წინ დაიწყო პირველად მუშაობა, სტუდენტობისას. მაშინ ტანსაცმლის საკუთარი ხაზის გამოშვებაზე ოცნებობდა და ჰამბურგის უმაღლეს სასწავლებელში, (HAW) დიზაინერის ფაკულტეტზე სწავლობდა, მაგრამ წლების განმავლობაში 25 სხვადასხვა პარფიუმერულ კომპანიასთან თანამშრომლობის შემდეგ, KaDeWe Group Alsterhaus -მა აღმოაჩინა, რომ რუსოს გამორჩეულად მგრძნობიარე ყნოსვა აქვს და ვირტუოზულად შეუძლია ერთი შეხედვით, რამდენიმეწამიანი საუბრით გამოიცნოს, როგორ ადამიანს რა სუნამო შეეფერება.
რუსო ხუციშვილი
პარფიუმერულმა კომპანიებმა ამ უნარის ფასი კარგად იციან. რუსოც მუდმივი კონტრაქტით დაასაქმეს და ახლა ის სამსახურის პრაქტიკულ ნაწილთან ერთად სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს. სუნამოების დამზადების პროცესს აკვირდება. ეთერზეთების თავისებურებებს და ყველა იმ სუნამოს ინგრედიენტს შეისწავლის, რასაც მერე სხვებს შესთავაზებს.
„მომწონს ეს საქმე, ეს არ არის VIP მომხმარებლებისთვის მხოლოდ სუნამოს შერჩევა. მე ვსწავლობ ყველა სურნელის ისტორიას, ხასიათს, ვაკვირდები, სად და როგორ მზადდება ეს ყველაფერი, ზუსტად ვიცი, რას რა ეფექტი აქვს და რატომ. მე ამ ინფორმაციის და ისტორიების კარგად შეფუთვა, მერე კი მომხმარებლისთვის შეთავაზება შემიძლია.
როგორ გავხდი სუნამოს ერთ-ერთი საუკეთესო ექსპერტი? ალბათ იმიტომ, რომ ბევრ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა, სხვადასხვანაირთან, ბევრგან მიმუშავია, ბევრი სტუდენტი და მოსწავლეც მყოლია და როგორღაც გამომიმუშავდა უნარი, მაქსიმალურად ამოვიცნო, ვის რა სურნელი უნდა სდევდეს თან. ერთ ამბავს მოგიყვებით უძველესი ბრენდის ძვირფას სუნამოზე,“ – გვეუბნება რუსო და აგრძელებს:
„სუნამოებზე არანაკლებად მათი ისტორიები მიყვარს. არის ასეთი ძველი ბრენდი ფრანგული სუნამოების: Houbigant-ი ჰქვია. „quelques fleurs royale“ ამ ბრენდის ერთ-ერთი ასევე ძველი, ისტორიული სუნამოა. ნაპოლეონი იყენებდა Houbigant-ის სუნამოებს, quelques fleurs royale კი ნაპოლეონის მეუღლის, ჟოზეფინას საყვარელი სუნამო იყო. ამ სუნამოს რეცეპტით დაამზადეს რუსებმა სუნამო რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის, ნიკოლოზის მეუღლე ალექსანდრასთვის. მერე კი, როცა ბოლშევიკებმა დაამხეს რუსეთის საიმპერატორო კარი, ამავე რეცეპტის სუნამო დაამზადეს ისევ და სახელი გადაარქვეს. საბჭოთა ეპოქის ყველა ქალს ჰქონდა მერე ეს სუნამო და ერქვა красная москва“ – გვიყვება რუსო.
სამ სხვადასხვა სამსახურში მუშაობს და სამი შვილი ჰყავს. რუსო ხუციშვილი საუბრობს ემიგრაციის სირთულეებზე, სხვადასხვაგვარ სამსახურზე, სადაც 25 წლის განმავლობაში უმუშავია და კავშირებზე, რაც საქართველოსთან აქვს:
რუსო ხუციშვილი, ემიგრანტი:
ბებიას დიდი ამაგი აქვს ჩემზე, მისი დამსახურებაა ის რასაც აქამდე მივაღწიე. საშიშ 90-იანებში, როცა გარეთ სროლები იყო და ძარცვა, მას დავყავდი სკოლაში, ხატვაზე, ცეკვაზე, მუსიკაზე, საბალეტო სკოლაში. თან მუშაობდა. არ ვიცი, საიდან ჰქონდა ამდენი ძალა. ჩვენი ყველაზე სასიამოვნო გასეირნება იყო ვაგზლის მოედანზე, სახელგამის საკანცელარიო ნივთების მაღაზიაში, სადაც სახატავი მასალები, ქაღალდები, ფანქრები, საღებავები იყიდებოდა. ეს ჩემი დღესასწაული იყო. ყოველ კვირას დავყავდი მუსკომედიის თეატრში. ბებია ცდილობდა, მოეცა ჩემთვის ყველაფერი.
ცუდი და ბნელი დრო იდგა. მეტროც კი არ მუშაობდა. ქალაქის ცენტრში ბინა გავყიდეთ და დროებით გარეუბანში გადავედით, მაშინ ასე ჯობდა.
ბებიას დამსახურებაა, მან იზრუნა, რომ განმევითარებინა უნარები, რაც მქონდა. მას სურდა, გავრიდებოდი მაშინდელ ბნელ ქვეყანას, საფრთხით სავსე ქუჩებს და ხელს მიწყობდა, რომ გერმანიაში წამოვსულიყავი.
როცა 21 წლის ასაკში ჰამბურგში წამოვედი, ბებიას ჰკითხეს, რუსო როგორ გიყვარს და როგორ შეეგუები მის წასვლასო. ბებოს უთქვამს: რას ამბობთ, ახლა შემიძლია მშვიდად წავიდე ამ ქვეყნიდან, რადგან ვიცი, უსაფრთხო ქვეყანაშია და საკუთარ თავს მიხედავს ჩემი გოგოო.
ეს თქვა თურმე და მეორე დღეს გარდაიცვალა. ორი თვის წამოსული ვიყავი გერმანიაში ამ დროს. დაიძინა და არ გაუღვიძია. ორი თვის შემდეგ მითხრეს. ვერც ვრეკავდი ხშირად, ძიძის ხელფასის ერთ ნახევარს საქართველოში დასარეკად ვხარჯავდი, მეორე ნახევარი გერმანული ენის კურსებს ხმარდებოდა. ჩემი სადიპლომო ნაშრომი ბებოს, დიდ ბებიას და ჩვენი ოჯახის ქალებს მივუძღვენი, ეს უკვე ჰამბურგში, მანამდე საქართველოს ამბებია:
თბილისში სამხატვრო აკადემიის წინამოსამზადებელ კურსზე ჩავაბარე, მხატვრულ მოდელირებაზე უნდა შემეტანა საბუთები.
მეორე ვარიანტი იყო ტექნიკურ უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. ტექნიკურ უნივერსიტეტსა და აკადემიაში გამოცდები ერთმანეთს დაემთხვა. გადავწყვიტე, ჟურნალისტიკაზე ჩამებარებინა, მიუხედავად იმისა, რომ მხატვარ-მოდელიორობა მინდოდა, მაგრამ გადავიფიქრე: მაშინდელ აკადემიას კორუფციით ცნობილი რექტორი ჰყავდა.
კლანური მეთოდებით ფუნქციონირებდა, ვერ დავინახე აკადემიაში პერსპექტივა, მხატვარ-მოდელიორი გოგოები ისე ხატავდნენ, რომ კაბებთან შეხება არც კი ჰქონდათ, კერვას ვერ სწავლობდნენ. დახატავდნენ ფანტასტიკურ მოდელს და ნახატის პროდუქციად ქცევის პროცესი როგორი იყო, წარმოდგენა არ ჰქონდათ.
რატომ? იმიტომ, რომ სამხატვრო აკადემიაში ერთი საკერავი მანქანა იდგა და იქაც რიგში იყო. არ იყო ბაზა, თარგის, ტექნიკური ხაზვის და პროდუქციის ანუ წარმოების კურსი.
რუსო ხუციშვილი
სტუდენტს თავისი კოლექცია ვინმე მკერავისთვის რომ მიებარებინა შესაკერად, ამისთვის ძალიან ბევრი ფული უნდა დაეხარჯა და არც იყო სწორი მიდგომა ეს. ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეორე კურსის დახურვის შემდეგ გადავიტანე საბუთები დაუსწრებელზე და წამოვედი გერმანიაში, ყოველ ზაფხულს ჩამოვდიოდი საქართველოში და გამოცდებს ვაბარებდი, ჟურბალისტიკის ფაკულტეტიც დავასრულე და გერმანიის უმაღლეს სასწავლებელში, ჩემთვის სასურველ ფაკულტეტზე ჩავაბარე.
აკადემია რომც დამემთავრებინა, ვგრძნობდი, რომ დამოკიდებულება იყო ასეთი საქართველოში: დიპლომის აღება ნიშნავდა მზითევს, დაქორწინებისას ბიოგრაფიისთვის გამოსადეგი რამ იყო დიპლომი. ეს დამოკიდებულებები მაღიზიანებდა. მეტი მინდოდა. მინდოდა მენახა მსოფლიო, მინდოდა მენახა, რომ ახალგაზრდა ადამიანს აუცილებლად სადღაც უფასდება შრომა და შინაგანი მონდომება თუ ნიჭიც აქვს, მას სადღაც დაინახავენ, სათანადოდ შეაფასებენ. ამის ჟინი არ მასვენებდა.
საერთო, მძიმე ფონმა და მომავლის უიმედობამ წამომიყვანა აქ. ჰამბურგში მხატვრობა – მოდელირებაზე ჩავაბარე, მანამდე ცხადია იყო ძიძის მძიმე სამსახური, ენის კურსები…
ჰამბურგის სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე და ვნახე, რომ მოდის მომავალი დიზაინერები, დახატვიდან პროდუქტის წარმოების ჩათვლით, ყველა პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები.
ყველაფერი იწყება ფურცლით და ფანტაზიით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, საჭიროა ტექნიკური ნახაზი, თარგზე გადატანა ხელით ან სპეციალური პროგრამებით, რომელიც შემდეგ ინდუსტრიული, მასიური წარმოებისთვის ამზადებს დიზაინს.
რუსო ხუციშვილი სტუდენტებთან
სწავლობს ამ ყველაფერს დეტალურად სტუდენტი. გვქონდა უძვირფასესი იაპონური და გერმანული აპარატურა ატელიეებში, სტუდენტებს რიგში დგომა საკერავ მანქანებთან ნამდვილად არ გვიწევდა.
ჩემი ოცნებაა ქართველ სტუდენტებს სამხატვრო აკადემიაში თუ სხვაგან, ჰქონდეთ ისეთივე ტექნიკური და დაზგური აღჭურვილობა, როგორც ეს გერმანიაში აქვთ სტუდენტებს.
სადიპლომო ნაშრომი რომ დავიცავი, უკვე 3 შვილი მყავდა. ჩემი თემა ჩემი ოჯახის ქალების ასწლიანი ისტორია იყო – სამოსის თავისებურებებით.
ყველაზე ძველი ფოტო, რაზე დაყრდნობითაც იმდროინდელი საქართველოს სამოსის ისტორიაზე უნდა დამეწყო თხრობა, დიდი ბებიას, ელენეს ფოტო იყო, 1911 წელს გადაღებული. დიდი ბებიები, შემდეგ მოდიოდნენ ბებიები, მათი შვილები და მეც.
ამ ნაშრომით მინდოდა მეჩვენებინა, რომ ჩვენი ფესვები ევროპულია და ამაზე საუკუნის განმავლობაში სამოსიც მეტყველებდა. მინდოდა მეჩვენებინა, რომ ჩვენც ამ სივრცის ნაწილი ვართ.
ერთხელ ჩემმა პროფესორმა მკითხა: რუსუდან, სადაურად მიიჩნევ თავს, სად არის შენი სამშობლოო. ვიცი, რატომ მკითხა ეს: უცხო ქვეყანაში ქართულ სამოსზე დავიცავი საკურსო, ხოლო სადიპლომო შრომა ეძღვნებოდა საქართველოს ბოლო 100 წლეულის მოდას, ევროპულ პარალელებს და გეოპოლიტიკურ გავლენებს კულტურაზე, გემოვნების ჩამოყალიბებაზე.
რუსო ხუციშვილი
წარმოიდგინეთ, ჩონჩხის გარეშე ხომ არ არსებობს ადამიანი და არც ხორცის გარეშე არსებობს-მეთქი, ვუპასუხე. ადამიანი ცალკე არც ჩონჩხია და არც მხოლოდ ჩონჩხსშესხმული ხორცი, ბიოლოგიურად ამ ორის ერთობლიობა ქმნის ადამიანის ფიზიოლოგიას სრულყოფილად. მე ვიყავი საქართველოდან ჩამოსული ჩონჩხი და ხორცი აქ შევისხი-მეთქი ვუპასუხე.
მართლა ასეა. 21 წელი ვიცხოვრე საქართველოში, 25 – გერმანიაში. ორი ქვეყნის, ორი კულტურის ნაზავი ვარ. აქ ვარ – საქართველო მენატრება, საქართველოში როცა ვარ – ჰამბურგზე ვფიქრობ. ყველგან და ყოველთვის ვცდილობ, საქართველო საუკეთესო რაკურსით ვაჩვენო გერმანელებს და პირიქით.
აკადემია რომ დავამთავრე, 3 შვილი მყავდა. რთული სტუდენტობა მქონდა, ვმუშაობდი კიდეც. არ ვიცი, რას როგორ ვახერხებდი ისე, რომ საუკეთესო ნიშნებიც მქონოდა.
მეექვსე სემესტრში წარჩინებული სტუდენტის სტიპენდიაც დამინიშნეს, ამ სტიპენდიამ ორი წელი მომცა შესაძლებლობა, სწავლაზე ვკონცენტრირებულიყავი. ძალიან მედგა გვერდით ჩემი მეუღლე მორალურად, ფიზიკურად. მეხმარებოდა ბავშვების აღზრდასა და კრეატიულ წამოწყებებში. ის რომ არ მიმაგრებდეს ზურგს ძლიან რთული იქნებოდა.
სტუდენტურმა პრაქტიკამ დამარწმუნა, რომ არ მომწონდა დიზაინერებთან ერთად მუშაობა. ჩემი ფანტაზიის რეალიზაცია არ ხდებოდა, მე მათ უნდა მოვრგებოდი, ეს არ მანიჭებდა ბედნიერებას, ამიტომ ფრილანსერად დავიწყე მუშაობა. ხანმოკლე და გრძელვადიან ხელშეკრულებებს ვაფორმებდი.
ერთი წელი, მაგალითად, ხელოვნების აკადემიაში დიზაინს ვასწავლიდი და სტუდენტებთან მუშაობა მომწონდა. 8 წელი ვიმუშავე 2 სხვადასხვა სკოლაშიც, უფროსკლასელებთანაც და დაწყებითი კლასების მოსწავლეებთანაც. ვასწავლიდი ხატვას და დიზაინს. ჩემი ატელიეც მქონდა, ვქირაობდი და სტუდენტები მყავდა.
აკადემიის დამთავრების შემდეგ მქონდა ოცნება – სამოსის კოლექცია გამომეშვა, ძალიან მეხმარებოდნენ ამაში ჩემი პროფესორები. ვეძებდი საქართველოში ფაბრიკებს, მინდოდა საქართველოში ყოფილიყო დამზადებული ყველაფერი, მაგრამ სპონსორი ვერ ვიპოვე.
რუსო ხუციშვილის ნამუშევრები
დაფინანსებისა და ფაბრიკების ძიებაში სკოლებსა და სამხატვრო აკადემიაში შემომთავაზეს ლექტორად მუშაობა, პარალელურად პარფიუმერულ ფირმაშიც ვმუშაობდი. სამი სამსახური მქონდა ერთდროულად და სამი შვილი მყავდა უკვე. ადრე მეგონა, რომ დრო თუ არ გაქვს, ეს დრო შენით უნდა შექმნა, მაგრამ ახლა ასე აღარ გამოდის, რადგან დარჩენილ თავისუფალ დროს საქართველოს პროექტებს ვახმარ.
კორონას პერიოდმა ბევრი რამ შეცვალა, შევამცირე ჩემი შრომის ველი და დავტოვე სამსახური პარფიუმერიაში სადაც ე სუნამოს ერთ-ერთი ექსპერტთაგანი ვარ, ვახორციელებ პატარ-პატარა პატრიოტულ საგანმანათლებლო პროექტებს მეგობრებთან ერთად, მამაჩემთან ერთად საქართველოში გვაქვს ჩვენი ქართული პროექტი.
8 წელია პედაგოგიურ საქმიანობას ვეწევი, ფიროსმანი, გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი და დავით კაკაბაძეც იყო სკოლაში ჩემი პროგრამის ნაწილი.
ვისურვებდი, შეკითხვის თავისუფლების კულტურა იყოს ქართულ სკოლებში. ვფიქრობ, ეს ისევ პრობლემაა. თუ მოსწავლის შეკითხვა კრიტიკულია, მასწავლებელი ყოველთვის მწვავედ რეაგირებს. ძალიან უხეშიც რომ იყოს შეკითხვა და მასწავლებლის პირად პრობლემებს ეხებოდეს, მან უნდა იპოვოს გზა პასუხის მშვიდად გასაცემად, ისე, რომ მოსწავლის ინტერესი დაკმაყოფილდეს.
ერთხელ სკოლაში თემად გვქონდა ფიროსმანი, მივიტანე მისი ნახატების ალბომი და ვეკითხები ბავშვებს, რომელი ნამუშევრის ასლს დახატავდით-მეთქი, მანამდე მათ ფიროსმანის ცალმხრივი სიყვარულის და „აქტრისა მარგარიტას“ ამბავს მოვუყევი.
არცერთმა გერმანელმა ბავშვმა არ დახატა „აქტრისა მარგარიტა“. რატომ არავინ აირჩიეთ დასახატად მარგარიტა-მეთქი, ვიკითხე. როგორ შეიძლება ასეთი უზნეო ქალის დახატვა, რომელმაც ამხელა სიყვარულს, ამხელა ადამიანს, სიღარიბის გამო წიხლი ჰკრაო, არ არის ლამაზი მარგარიტა, ნეგატიური ადამიანიაო, მითხრეს.
აქ ბავშვები გეკამათებიან, კრიტიკულ კითხვებს სვამენ, განსჯიან მოვლენებს და ეს არის ჯანსაღი პროცესი. ვფიქრობ, ეს პრობლემაა მთელ ჩვენს საზოგადოებაში.
თავად ეს ქვეყანა, გერმანია, თვითკრიტიკამ, საკუთარი თავისთვის შეკითხვების დასმამ და სარკეში ჩახედვამ გადაარჩინა. მეც დამჭირდა ამის სწავლა. ძალიან მაღიზიანებდა ჩემ მიმართ მომართული კრიტიკა. მიჭირდა მიღება. ახლა კრიტიკულ შენიშვნებს როცა ვიღებ ვინმესგან, ჯერ ვისმენ, მერე რაღაცნაირად თითქოს ჰაერში ვაჩერებ, არ ვღიზიანდები, უბრალოდ ვაანალიზებ რა მოხდა, რამდენად რეალურია კრიტიკა. ვფიქრობ ბევრს და თუ ლოგიკური, მართებულია კრიტიკა, ვიწყებ რაღაცების გადაფასებას, გასწორებას საკუთარ თავში. თუ არაა მართებული, არგუმენტირებული პასუხით ვაბრუნებ უკან.
საქართველო
ბავშვობაში, როცა საქართველოში ვცხოვრობდი, ბალერინობაზე ვოცნებობდი. ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლაში დავდიოდი, ულამაზესი შენობაა ლამაზი დარბაზებით. თბილისში რომ ჩამოვედი, ჩავუარე ამ შენობას და ავტირდი. უზარმაზარი ბზარები ჰქონდა, ვიდექი და ვტიროდი. ეს პატარა გოგოების ოცნებების სკოლა იყო, რომელიც ინგრევა.
მგონია, რომ საქართველოში დარჩენილებისთვის ძალიან რთულია ცხოვრება. ხალხისთვის ყოველდღიურ გადარჩენაზე ფიქრია მთავარი რამ. შვილს რა აჭამონ და ა.შ.
ასეთი ყოფით გაწამებულ ადამიანებს არაფრის ნერვები და ძალა არ აქვთ, უსამართლობის გასაპროტესტებლად.
ერთი კვირის ჩასული როცა ვარ საქართველოში, ყველაფერი მაღიზიანებს, ტროტუარზე გაჩერებული მანქანები, ტაქსი, რომელიც შეიძლება ჩემს შვილს დაეჯახოს ზებრაზე, თუ ბავშვს ხელში არ ავიყვან, მაგრამ ერთ კვირაში უკვე ვეგუები მდგომარეობას, ვსწავლობ მანევრირებას, როგორ ავუარო გვერდი ამ ყველაფერს, როგორ გადავახტე, გადმოვახტე მანქანებს და ავისხლიტო ტაქსი, რომელიც ზებრაზე მეჯახება.
ძალიან მეცოდება ჩემი ხალხი, რომელიც ყოველდღიური გადარჩენისთვის იბრძვის. მეცოდებიან საჯარო მოხელეებიც საქართველოში, რომლებსაც ხელმძღვანელებთან შეთანხმების გარეშე წერტილ-მძიმეს დასმა არ შეუძლიათ ფეისბუქზე, ეშინიათ მოვლენებზე თავისუფლად საკუთარი აზრის გამოთქმის. შვილები, მოხუცი მშობლები დარჩებათ მშიერი, თუ საკუთარ აზრს გამოხატავენ, მაგრამ არჩევნებზე მაინც ხომ შეუძლიათ იყვნენ გულწრფელები, საარჩევნო ყუთთან მათ ხომ კამერით არავინ უღებთ.
არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ აქედან ვინმეს ვმოძღვრავ, მაგრამ ჩვენი, ემიგრანტების მხრებზე დგას საქართველოს ეკონომიკის დიდი წილი. ჩვენ რომ არ ვიყოთ ხან ახლობლების, ხან ნაცნობების, ხან საერთოდ უცნობების დამხმარე საქართველოში, ძალიან გაუჭირდებოდა საქართველოს, ამიტომ ჩვენ, ემიგრანტებსაც, ხომ გვაქვს უფლება, ვილაპარაკოთ შეცდომებზე ღიად, რა შეცდომებსაც ვფიქრობთ, რომ უშვებენ ადამიანები საქართველოში.
წასულები ვართ, მაგრამ ეს ქვეყანა ხომ ჩვენიცაა. ყველას ერთადერთი საერთო რამ გვჭირდება – ამ ქვეყნის ევროპული მომავალი.
ვფიქრობ, რომ რაღაც ბნელ ძალებს აწყობთ, გააჩაღონ შუღლი ქართველ ემიგრანტებსა და საქართველოში მცხოვრებ ქართველებს შორის, ეს აშკარაა სოციალურ ქსელებშიც.
ამავე ძალების პროვოცირებული იყო 5 ივლისის კატასტროფა, დაფინანსებული აგრესია. მშვიდობიანი პროტესტის უპრიმიტიულესი, უსაზიზღრესი დარბევა, ეს საშინლად ჩანს მსოფლიო ასპარეზზე, ჩვენი, ემიგრანტების წლობით ნაშრომი, რასაც ვაკეთებთ, ვცდილობთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანზე ვილაპარაკოთ მუდამ ევროპელებთან, ერთ დღეში ჩაიყარა წყალში.
ჰამბურგის ქართველები, მთელი ემიგრაცია, მუდმივად იმას ვამტკიცებთ, რომ ვიმსახურებთ ევროპულ ოჯახში ყოფნას. 5 ივლისის შემდეგ მოდიან და გვეკითხებიან ნაცნობები, უცნობები, ეს საქართველოში მოხდა? ჩვენ ეს ქვეყანა სხვანაირად წარმოგვედგინაო.
მერე გვიწევს მტკიცება, რომ ეს ბნელი ძალებით დაფინანსებული რბევა იყო, რომ მათ ჩვენი ქვეყნის უკუსვლა სურთ, რომ ამ ძალას სურს, დაანახოს მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს, რომ საქართველო არ არის მზად ევროპულ ოჯახში შესასვლელად. ემიგრანტებს დიდ ენერგიად გვიღირს დავარწმუნოთ ხალხი ამაში.
ჩვენი ყოფაც, ცხოვრების წესი, საქართველოში ხანდახან კარიკატურულობამდე მიდის. ჩემმა 17 წლის შვილმა მითხრა ერთხელ, თბილისში ისეთი ძვირადღირებული ავტომანქანები მოძრაობს, ჰამბურგშიც რომ არ მინახავს, თან ეს ავტომანქანები ჩამოძონძილი სახლების წინ ჩერდება, ცუდსახურავიანი, ჭიშკარმორყეული სახლების წინ. ალბათ ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანები ავტომანქანაში უფრო მეტ დროს ატარებენ, ვიდრე სახლში და ამიტომაა მათთვის ავტომანქანა სახლზე უფრო ძვირფასი. რა უბედურია ადამიანი, ვინც ოჯახს გულს ვერ უდებს და მანქანა ურჩევნიაო. სხვაგვარად ვერ ახსნა ბავშვმა ეს სამწუხარო ამბავი.
სამხედრო გამანადგურებლის მფრინავი ტარასი და ფრენების გაშიფვრის სპეციალისტი ეკატერინა ორი თვის წინ დაქორწინდნენ. ორივე მუდმივ მივლინებებში იყო, სხვადასხვა ქალაქში.
2022 წლის 25 სექტემბერს ეკატერინას დაურეკეს და უთხრეს, რომ ტარასი დაიღუპა. მან მტრის გამანადგურებელი დასახლებული პუნქტიდან გაიტყუა. ეს დასახლება დაბომბვას გადაურჩა, მაგრამ რუსი პილოტის წინ მფრინავი უკრაინელი პილოტი და მისი გამანადგურებელი ვეღარ გადარჩა.
ეკატერინას ტარასის სიკვდილი ვერ წარმოედგინა. რეკვა დაიწყო მეთაურებთან, ტარასის თანამებრძოლებთან. ყურმილს არავინ იღებდა, სიმართლის თქმას გაურბოდა ყველა.
უკრაინის გმირის, ტარას რედკინის შესახებ უკრაინის თავდაცვის ძალების ოფიციალური გამოცემა Armyinform-ი წერს.
იმ დღეს ტარასი მტრის საჰაერო თავდაცვის სისტემებს ანადგურებდა, ასეთი იყო იმ დღეს მისი სამხედრო დავალება. ახალი AGM-88 ტიპის სარადარო რაკეტებით მანევრირებდა. განსაკუთრებით ეფექტურად სახმელეთო სამიზნეებზე მუშაობდა.
25 სექტემბრის დილის ოთხი საათი იყო, როცა მან შეძლო დაკავშირება დანაყოფთან და აცნობა, გავიტყუე დასახლებული პუნქტიდან რუსული გამანადგურებელი და ახლა მე მომსდევენო. ამის შემდეგ კონტაქტი გაწყდა. ტარასის თანამებრძოლებს ბოლომდე ჰქონდათ იმედი, რომ მან კატაპულტირება მოასწრო, თუმცა ამაოდ.
ტარასი პირველ ოქტომბერს დაკრძალეს. მეორე დღეს მას 26 წელი შეუსრულდებოდა.
მფრინავის თანამებრძოლები იხსენებენ, რომ რბილი ხასიათის, დამთმობი და კეთილი ტარასი ბრძოლის ველზე შეუპოვარ და უშიშარ ჯარისკაცად იქცეოდა წამში. მფრინავად, რომელსაც უკრაინელების სიცოცხლის უსაფრთხოება მიაჩნდა მთავარ ღირებულებად, თუ საჭირო გახდებოდა, საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი.
მაგალითად, თუ მიზანი ფრთოსანი საბრძოლო რაკეტის განადგურება იყო და პირველსავე მცდელობისას არ ხერხდებოდა მისი ჩამოგდება, მთელი დანაყოფის გამანადგურებელი ვერტმფრენები, მაშინაც კი, თუ რომელიმეს საწვავი უთავდებოდა, რიგრიგობით ცდილობდნენ რაკეტის განადგურებას.
„არასდროს დამავიწყდება ღამე, როცა ტარასმა დამირეკა და მკითხა, როგორ ვიყავი. სახლს ვალაგებდი, მეგონა, მეორე დღეს შეძლებდა სახლში მოსვლას ცოტა ხნით. დილის ხუთზე ფრენაა დაგეგმილი და დაისვენეო, მითხრა. მე ეს ფრენები უნდა გამეშიფრა. თუმცა დილის ხუთზე უფრო ადრე დარეკეს, 3 საათზე გაისმა კოლეგების ზარი: სამხედრო განგაშია და ვიკრიბებითო.
იმ ღამეს ტარასმა სხვა პილოტებთან ერთად ტექნიკა გაარიდა მტრის დარტყმებს. დისლოკაციის ადგილი შეცვალეს. ამ დღის შემდეგ რამდენიმე საათით ერთად ყოფნაც კი ფუფუნებად იქცა ჩვენთვის. სახლში, რომელსაც ერთად ვაწესრიგებდით და ვალაგებდით, სადაც უნდა გვეცხოვრა, ჯამში მხოლოდ ერთი თვე გავატარეთ ერთად.
ყოველთვის თავშეკავებულად, განსაკუთრებული დეტალების გარეშე ჰყვებოდა სამხედრო საქმეებზე. მხოლოდ ხანდახან, იშვიათად მიყვებოდა, რომ მიზანში ამოიღეს, რომ მათი აეროდრომი სარაკეტო ბომბების ქვეშ მოექცა. აღარ ვსაუბრობ იმაზე, რა რთული მისიების შესრულება უწევდა. ვნერვიულობდი თუ არა? საშინლად ვნერვიულობდი. განსაკუთრებით მაშინ, როცა მეგობრების დაკარგვის ამბებს ვიგებდი, ერთის, მეორის, მესამის…
სულმოუთქმელად ველოდებოდით ტარასის დანაყოფის როტაციას, რომ ჩვენი შეუღლების აღსანიშნად პატარა დღესასწაული მაინც მოგვეწყო. ამ პირობებში ეს ვერ ხერხდებოდა, ჩვენი მშობლები სხვადასხვა ქალაქში იყვნენ დაფანტულები“, – იხსენებს ტარასის მეუღლე.
ტარასის დანაყოფი როტაციით სხვაგან ნამდვილად გადაიყვანეს. ოღონდ მის გარეშე. პილოტის დაღუპვის შემდეგ.
მფრინავის მეგობრები იხსენებენ, რომ 25 წლის სამხედროს ოცნება ძველი მფრინავი გამანადგურებლის შეცვლა და თანამედროვე F-16 თვითმფრინავით ფრენა იყო.
„სპეციფიკურ ინგლისურ ტერმინოლოგიას სწავლობდა. გადმომცეს მისი ბლოკნოტი, სადაც ინგლისურ ტერმინოლოგიას იწერდა და სწავლობდა, მომავალში ახალი თვითმფრინავი რომ ემართა. მიუხედავად იმისა, რომ გამანადგურებლის პილოტობა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო საქმეა, ტარასი ფრენებისგან დიდ სიამოვნებას იღებდა.
კარგად მქონდა გაცნობიერებული, რომ დავქორწინდი სამხედრო პილოტზე, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში ხალხის გადასარჩენად საკუთარ სიცოცხლესაც დათმობდა, თუმცა ისე მინდოდა მხოლოდ საუკეთესო დასასრულის შესაძლებლობა მერწმუნა… ახლა, ერთადერთი, რაც მაიმედებს, ის არის, რომ ადამიანები, ვინც ტარასმა გადაარჩინა, დააფასებენ მის მსხვერპლს.
უკრაინელებს, რომლებიც კითხულობენ სამხედრო პილოტების წარმატებების ამბებს ფრონტზე, მინდა ყოველთვის ახსოვდეთ, რის საფასურადაა მიღწეული ეს წარმატებები და რა ადამიანური მსხვერპლი დგას ამ ყველაფრის უკან“, – ამბობს ეკატერინა.
„ვითხოვთ ბინებს, წლებია უსახლკაროდ ვართ“ – ამ მოთხოვნით დღეს, 17 ნოემბერს, აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილმა ადამიანებმა აქცია გამართეს.
„13 წელია ბათუმში, ნაქირავებში ვცხოვრობთ მე და ჩემი ქმარი,“ – გვიყვება აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გუგული ბერიძე, – „ძალიან გვიჭირს, ბინის ქირა 200 ლარია, ვეღარ ვიხდით. მეეზოვედ ვმუშაობ და კიდევ პენსია გვაქვს… მანამდე, ქობულეთში ვცხოვრობდით, სოფელ კვირიკეში, მაგრამ იქ ჩვენი სახლი სიძველისგან დაიშალა, აღარ იცხოვრებოდა. ქობულეთის მერია ვერ დაგვეხმარა. შვილი მყავს, მაგრამ ის ცოლის ოჯახში ცხოვრობს, ვერც კი ვნახულობ,“ – აღნიშნა მან.
აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილი ადამიანები სხვადასხვა მიზეზით დარჩნენ უსახლკაროდ. ისინი ისეთი პროგრამის შემუშავებას ითხოვენ, რომელიც მათ სახლ-კარის შეძენის საშუალებას მისცემს.
იმავე ადამიანებმა ბათუმში წელს, ზაფხულშიც გამართეს აქცია ბათუმის მერიასთან. მაშინ ისინი ითხოვდნენ გოგოლის ქუჩაზე უკანონოდ აშენებული 9 კორპუსის გადაცემას. აქციის მონაწილეებმა გვითხრეს, რომ დღეს ეს მოთხოვნა აღარ აქვთ.
ამჟამად მილიონერი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი, ვისი საკუთრებაც არის უკანონო კორპუსები, დაკავებულია.
„ოზთურქის ბინებს აღარ ვითხოვთ… რა ვიცი, დავწერეთ მაშინ განცხადება, ხელი მოვაწერეთ და პასუხიც ვერ მივიღეთ… სხვისი საკუთრება კი არის, მაგრამ მთავრობამ ხომ წაართვა? მე ასე გავიგე ეს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ აქციის კიდე ერთი მონაწილე, თამილა ირემაძე. მან ვერ გვითხრა, რატომ აღარ არის იგივე მოთხოვნა აქტუალური ახლა.
„ჩვენ 9 წელია ვცხოვრობთ ნაქირავებში… მაჭახლის ხეობაში ცხოვრობდა ჩემი ქმარი, გასაყოფი იყო და წამოვედით, ქირაში 300 ლარს ვიხდით, სოციალური დახმარება გვაქვს, სასადილოთი ვსარგებლობთ, პენსიას ვიღებ ასევე, როგორც შშმ პირი.
გავიგე ასე, რომ შეიძლება ბინები მოგვიწიოსო და გავერთიანდი ფუხარაში, ეს მოძრაობა მერაბ ბლადაძემ დააფუძნა და ფეისბუქჯგუფი არსებობს,“ – გვითხრა თამილა ირემაძემ.
„ეს გამაფრთხილებელი აქციაა, მასშტაბურ აქციას გავმართავთ. აქ მოვედით იმიტომ, რომ მერიასთან შეკრებას აზრი არ ჰქონდა, ისეთი გადაწყვეტილება მიიღეს… არ არსებობს ადამიანი, რომელიც დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს, რაც მერიამ შეიმუშავა,“ – ამბობს მერაბ ბლადაძე, აქციის ორგანიზატორი. ის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატია.
მერაბ ბლადაძესაც ვკითხეთ, ისევ ითხოვენ თუ არა გოგოლის ქუჩაზე უკანონოდ აშენებული კორპუსების უსახლკარო ადამიანებისთვის გადაცემას.
„ხელისუფლებამ მისცა ასეთი ინტერპრეტაცია, თითქოს ჩვენ ვითხოვდით ამ ბინების ჩამორთმევას ოზთურქისთვის. ეს ასე არ არის,“ – გვითხრა მერაბ ბლადაძემ, – „ჩვენ გავიგეთ, რომ მერია ითხოვდა სასამართლოში უკანონოდ აშენებული კორპუსების დემონტაჟს, ამიტომ ვთქვით, რომ მიეცათ ოზთურქისთვის სხვა საკუთრება და იქ იმდენი შენობაა, თუკი ის გადაეცემოდა უსახლკარო ადამიანებს, მთელი აჭარის პრობლემა მოიხსნებოდა.
თვითონ ოზთურქმა უნდა გადაწყვიტოს ეს, მისი საკუთრებაა. თუ ის ამ ნაბიჯს გადადგმას, ეს ადამიანები მაშინ ქირას გადაუხდიან ოზთურქს და გამოისყიდიან.
დაახლოებით 3 ათასი ადამიანია დღეს აჭარის რეგიონში უსახლკაროდ, ზუსტი მონაცემები არ არის, ამას სჭირდება კომისიის შექმნა და შესწავლა. თუ ამ ადამიანებს არ დავეხმარებით, ისინი მუდმივად ღია ცის ქვეშ დარჩებიან, ჩვენ კი, კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ვართ სოციალური სახელმწიფო. მთლიანად საქართველო იხრჩობა კორუფციის მორევში და ასეთი ხალხისთვის არავის სცალია,“ -აღნიშნა მერაბ ბლადაძემ „ბათუმელებთან“.
აქციაზე ასევე იყვნენ ადამიანები, რომლებიც ქობულეთში „მამაპაპისეული მიწების დაკანონებას“ ითხოვენ.