მთავარი,სიახლეები

უკრაინამ მიზანში ამოიღო რუსული არმიის თავშეყრის ადგილები აღმოსავლეთ ხერსონშიც – ISW

18.11.2022 • 1160
უკრაინამ მიზანში ამოიღო რუსული არმიის თავშეყრის ადგილები აღმოსავლეთ ხერსონშიც – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსული ჯარები დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ნაწილობრივ დაუცველები არიან, ამიტომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაძლოა მოახერხონ და დააზიანონ რუსეთის არმიის მომარაგების გზები და ამით ხელი შეუშალონ რუსების მცდელობებს, გაიმაგრონ თავდაცვითი პოზიციები ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში.

„უკრაინის ძალებს, სავარაუდოდ, გაუჭირდებათ ისეთივე დრამატული შედეგების მიღწევა ხერსონის აღმოსავლეთ ნაწილში, თუმცა მაინც შესაძლებელია, ჩაშალონ რუსების მცდელობა, გაიმაგრონ და შეინარჩუნონ ახალი თავდაცვითი პოზიციები,“ – წერენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები.

როგორც ISW-ის დღევანდელ ანგარიშშია ნათქვამი, უკრაინას შეუძლია რუსეთის ლოგისტიკური გზების დაზიანება ისეთივე სამხედრო კამპანიით, როგორსაც ის ხერსონის დასავლეთ ნაწილის დასაბრუნებლად იყენებდა.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კავშირის რამდენიმე ძირითადი სახმელეთო ხაზი უკრაინის სამხრეთში ოკუპირებული ტერიტორიებისკენ სწორედ აღმოსავლეთ ხერსონზე გადის: სამხრეთ გზატკეცილი T2202 ნოვა-კახოვკა-არმიანსკი, სამხრეთ-აღმოსავლეთის გზატკეცილი Р47 კახოვკა – ჰენიჩესკი და გზატკეცილი М14, რომელიც მელიტოპოლამდე, ბერდიანსკსა და მარიუპოლამდე მიდის.

ISW-ის ცნობით, სატელიტური ფოტოები აჩვენებს, რომ რუსეთის ძალები თავდაცვით პოზიციებს სწორედ ამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი გზების გასწვრივ ქმნიან, რუსულ სოციალურ ქსელებში გაჩენილი ცნობები კი ადასტურებს, რომ უკრაინელებმა ამ მარშრუტებზე უკვე მიზანში ამოიღეს რუსული არმიის თავშეყრის ადგილები და სამხედრო ობიექტები.

„მაღალხარისხიანი საავტომობილო და სარკინიგზო გზების ნაკლებობა ამ რაიონში, განსაკუთრებით ისეთების, რომლებიც უკრაინის დანარჩენ ტერიტორიას ყირიმთან აკავშირებს, ქმნის პოტენციურად „ვიწრო ადგილებს“, რომლებიც შესაძლოა დაუცველი აღმოჩნდეს უკრაინელთა სამხედრო კამპანიის წინააღმდეგ. ეს კი თანდათანობით გააუარესებს რუსების შესაძლებლობას, განაგრძონ თავისი დანაყოფების მომარაგება ხერსონის დასავლეთ ნაწილში და სამხრეთ უკრაინის სხვა რეგიონებში,“ – წერს ISW-ი.

ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები:

  • 17 ნოემბერს რუსეთის არმიამ მორიგი მასობრივი სარაკეტო შეტევა განახორციელა უკრაინის ქალაქებზე;
  • რუსული წყაროების მტკიცებით, უკრაინის არმია განაგრძობდა კონტრშეტევას სვატოვო-კრემენაიას ხაზზე;
  • რუსეთის არმიამ რამდენიმე სახმელეთო შეტევა განახორციელა ბახმუტისა და ავდეევკის გარშემო და ქალაქ დონეცკის სამხრეთ-აღმოსავლეთით;
  • უკრაინის არმიამ დაიწყო დარტყმები რუსეთის სამხედრო ობიექტებსა და თავშეყრის ადგილებზე ხერსონის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში და ზაპოროჟიეს ოლქის სიღრმეში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: