მთავარი,სიახლეები

რის გაკეთებას გეგმავს მომავალ წელს აჭარის მთავრობა – 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი

16.11.2022 • 1189
რის გაკეთებას გეგმავს მომავალ წელს აჭარის მთავრობა – 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი

2023 წლის ბიუჯეტის პროგნოზი ნახევარი მილიარდი ლარია. დოკუმენტის პირველი ვარიანტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ უმაღლეს საბჭოს განსახილველად უკვე გადაუგზავნა. ოპოზიცია ეჭვობს, რომ დოკუმენტი რადიკალურად შეიცვლება და ის მხოლოდ იმიტომ შეიტანეს, პროცედურა რომ არ დაერღვიათ, ამიტომაც მიიჩნევენ, რომ ახლა მისი დეტალური განხილვა აზრს მოკლებულია.

„შემოდის ფორმალურად მომზადებული ბიუჯეტი. მას განიხილავენ, ტრადიციულად დაიწუნებენ და დააბრუნებენ უკან. შემდეგ ისევ შემოიტანენ. დეკემბერში დაიწყება რეალური განხილვა. ეს იმის ბრალია, რომ ბიუჯეტი არ იგეგმება ნორმალურად, როგორც უნდა იგეგმებოდეს. მათ არა აქვთ დაზუსტებული ციფრები, რომლის საფუძველზეც შეიძლება აიგოს ბიუჯეტი, ამიტომ, ეცდებიან, რომ მიიყვანონ წლის ბოლომდე მისი დამტკიცება, რომ ფაქტობრივად შემოსული თანხების მიხედვით დათვალონ  ბიუჯეტი. ახლა რეალურ პროგნოზს ვერ აკეთებენ, რაც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პასუხისმგებლობაა.“ – ამბობს გია აბულაძე, უმაღლესი საბჭოს წევრი ენმ-დან.

დოკუმენტი უკვე განიხილა აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ, ამავე სხდომაზე ცნობად მიიღეს 2022 წლის ბიუჯეტის სამი კვარტლის ანგარიშიც.

დოკუმენტის პირველი ვარიანტის მიხედვით, შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 492 მილიონ 348 000 ლარია. აქედან 400 000 ლარი საშემოსავლო გადასახადი, 170 000 ლარი კი გრანტის სახით მისაღები თანხაა. ეს არის გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF“-ის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის გამოყოფილი გრანტი. ამ გრანტით ორგანიზაცია აჭარის საჯარო სკოლებში ინკლუზიური განათლების დანერგვის ხელშეწყობას ცდილობს.

2023 წლისთვის რესპუბლიკური ბიუჯეტის სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 11 მილიონ  762 300 ლარით განისაზღვრა, მათ შორის ყველაზე მეტი 8 მილიონ 198 700 ლარი საკუთრებიდან მისაღები თანხის საპროგნოზო მაჩვენებელია. დამატებით ამ თანხაში უნდა აისახოს პროცენტები, დივიდენდები და რენტა – ეს ჯამში 8 მილიონზე მეტია.

არაფინანსური აქტივების კლების მაჩვენებელი 80 მილიონ 415 700 ლარით განსაზღვრეს – ამაში შედის უკვე გასხვისებული ქონების საფასურიც, რომლის ამოღებასაც აჭარის მთავრობა 2023 წელს გეგმავს.

2022 წლის ბიუჯეტის სამი კვარტლის ანგარიშის მიხედვით, ქონების გასხვისებიდან ამოსაღები თანხის შესრულების ნაწილში დიდი გარღვევა დაფიქსირდა. აქტივების კლების გეგმა 45 მილიონი ლარი იყო, ხოლო შესრულებამ 13 მილიონ 506 500 ლარი შეადგინა, ეს  გეგმის 29,7 პროცენტია.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო განმარტავს:

„მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის ფარგლებშიც ინვესტორებს პრივატიზებული ქონების საფასურის გადახდის ვადა გაუგრძელდათ 2022 წლის ბოლომდე. გარდა ამისა, ნაწილობრივ მოხერხდა რიგი ქონების პრივატიზება, რომელთა განკარგვის შედეგად უპირობოდ განხორციელდებოდა დაგეგმილი შემოსულობების შესრულება. სამინისტროს მიერ განსაკარგად გათვალისწინებული
ქონების პრივატიზების მიზნით გამოცხადდა აუქციონები, რომლებიც მიმდინარეობს დღეის მდგომარეობითაც, მათ შორის რიგ ქონებაზე არაერთგზის, რომლებიც არ შედგა განაცხადების შემოუსვლელობის გამო.
საანგარიშო პერიოდში ძირითადი კაპიტალის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 7 მილიონ  395 700 ლარი, ხოლო მიწის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა 6 მილიონ 110,8 ათასი ლარი შეადგინა.“

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მომავალი წლის ბიუჯეტში მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერის სახით, 100 მილიონ 400 000 ლარი გაითვალისწინა, აქედან ბათუმის მუნიციპალიტეტს 53 მილიონი შეხვდება. ამას ემატება სპეციალური ტრანსფერიც, მომავალი წლის ბიუჯეტში ჯამში სპეციალური ტრანსფერის სახით 67 მილიონ 688 000 ლარი გაითვალისწინეს. აქედან 60 მილიონი ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის არის გამოყოფილი.

მიმდინარე წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 2022 წლის სამ კვარტალში ადგილობრივი თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი კაპიტალური ფინანსური დახმარების დაზუსტებულმა გეგმამ შეადგინა 68 მილიონ 044 500 ლარი, საიდანაც გახარჯულია 49 მილიონ  372 100 ლარი, რაც გეგმის 72,6 პროცენტია.

2023 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებს მომავალ წელს ხელფასები გაეზრდებათ, ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების გრაფაში თანხები გაზრდილია.

მილიონზე მეტით იზრდება ქალქმშენებლობითი და სივრცითი მოწყობის პროგრამა, აქედან 7 მილიონი მთის კურორტების სარეკრეაციო სივრცეების განვითარებას უნდა მოხმარდეს, 4 მილიონი კი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობას.

2 მილიონით არის შემცირებული სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის გათვალისწინებული საკომპენსაციო თანხა, მიმდინარე წელს 19 მილიონი იყო, მომავალი წლისთვის 17 მილიონია.

მაღალმთიანი რეგიონის გაზიფიცირებისთვის 4 მილიონ 500 000 ლარი გაითვალისწინეს, მილიონ ნახევრით ნაკლები, ვიდრე მიმდინარე წელს. თითქმის იდენტურია ტურიზმის სფეროს დაფინანსებაც, ამ მიმართულებით ახალი პროექტები ბიუჯეტში არ არის.

82 მილიონიდან 95 მილიონამდე გაიზარდა განათლების სამინისტროს ბიუჯეტი, ნამატი თანხა ძირითადად საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ინვენტარით აღჭურვას უნდა მოხმარდეს.

400 000 ლარით იზრდება და მილიონ 200 000 ლარია პროექტებისა და ფესტივალების მხარდაჭერა.

4 მილიონით იზრდება ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება.

9 თვის ანგარიშის მიხედვით, მთავრობამ გასული წლის გადასახადების გეგმა ძირითადად ვერ შეასრულა. ამ ნაწილში სამინისტრო მხოლოდ ციფრებით შემოიფარგლა და უმაღლესი საბჭოსთვის გაგზავნილ დოკუმენტში დეტალურად არ აღწერა კონკრეტულად რა ვერ შესრულდა და რატომ. შეიძლება ითქვას, რომ ანგარიში ძალიან ზოგადია.

გარდა ამისა, ოპოზიცია აპელირებს შეუსრულებელ პრიორიტეტების დოკუმენტზე. „თუ ქვეყანა ვითარდება, რატომ არის ბოლო ათი წლის განმავლობაში  პრიორიტეტების დოკუმენტი დაკოპირებული? – სვამს კითხვას გია აბულაძე:

„როცა გვეუბნებიან, რომ ქვეყანა ვითარდება და წინ მიდის, როგორ შეიძლება პრიორიტეტები არ იცვლებოდეს. როცა რეგიონში იზრდება ბავშვთა სიღარიბე და ამაზე სახალხო დამცველის ანგარიშშიც წერია, ამ დროს პრიორიტეტების დოკუმენტში სიღარიბესთან დაკავშირებით ვერაფერს ნახავთ. როდესაც ამბობენ, რომ ტურიზმი არის ჩვენი პრიორიტეტი, ვერ ნახავთ პრიორიტეტების დოკუმენტში, რომ რაიმე შეიცვალა ამ მიმართულებით.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: