მთავარი,სიახლეები

მარიუპოლის დამცველი მისი მკურნალობისთვის მოგროვილ 23,4 მილიონს თანამებრძოლებს ჩუქნის

14.10.2022 • 6846
მარიუპოლის დამცველი მისი მკურნალობისთვის მოგროვილ 23,4 მილიონს თანამებრძოლებს ჩუქნის

მარიუპოლის დამცველი, ტყვეობიდან დაბრუნებული მიხაილო დიანოვი მისი მკურნალობისთვის საზოგადოებისგან შეგროვილ ქველმოქმედებას, 23 მილიონ 430 ათას გრივნას ($ 634 000) თანამებრძოლებს ჩუქნის.

ამის შესახებ დიანოვმა ფეისბუქგვერდზე დაწერა.

„თქვენი შემოწირულება მხოლოდ ზრუნვა არ ყოფილა – ეს იყო ასევე დიდი პასუხისმგებლობა. ამ თანხას სწორი და პატიოსანი გამოყენება უნდა მოეძებნოს,“ – წერს მიხაილო დიანოვი.

მიხაილო ტყვეობიდან ურთულესი მდგომარეობით დაბრუნდა. „აზოვსტალიდან“ გამოსვლისას ის ორივე ფეხსა და ხელში იყო დაჭრილი. იმის გამო, რომ მარჯვენა მკლავის ძვალი ჩამსხვრეული ჰქონდა, სპეციალური, მეტალის აპარატი ეკეთა.

ტყვეობაში ყოფნისას მიხაილოსთვის არანაირი სამედიცინო დახმარება არ გაუწევიათ, მეტიც, მისი მდგომარეობა გაუარესდა, რადგან მისი დის, ოლენას თქმით, მას ხელიდან „აზოვსტალში“ დაყენებული აპარატიც მოხსნეს:

„აპარატი ხელიდან ბრტყელტუჩათი მოხსნეს, ყოველგვარი ნარკოზის, ყოველგვარი გაყუჩების გარეშე – ჟანგიანი ბრტყელტუჩათი. ხელიდან ეს მეტალი ასე გამოაძვრეს… ასეთი იყო მათი დახმარება“.

სოციალურ ქსელებში მიხაილოს ამ ფოტოს გამოქვეყნებისა და დახმარებისკენ მოწოდების შემდეგ, ტყვეობიდან დაბრუნებული მებრძოლის სამკურნალოდ უკრაინელებმა მილიონობით გრივნა შეაგროვეს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, უკრაინელმა მილიარდერმა, „აზოვსტალის“ კანონიერმა მფლობელმა, რინატ ახმეტოვმა და საფეხბურთო კლუბმა „შახტიორმა“ გადაწყვიტეს, მიხაილოს მკურნალობის ხარჯები საკუთარ თავზე აეღოთ.

„ვიცი, რომ მე სხვებზე მეტად გამიმართლა. მცნობენ, ჩემთვის დახმარება უამრავმა ადამიანმა გადაწყვიტა და ახლა მე მაქვს შანსი, ჯანმრთელი ხელი დავიბრუნო. ვოცნებობ, ასევე შემეძლოს სხვა ჩემს თანამებრძოლებს დავეხმარო,“ – წერს მიხაილო დიანოვი და დასძენს, რომ საზოგადოებას თანხის დახარჯვის სრულ ანგარიშს ჩააბარებს და აუცილებლად მოუყვება თითოეულ მებრძოლზე, რომელიც ამ ფულით ისარგებლებს.

მე ვერ ვირჩევ, როდის მოვკვდები, მაგრამ ვირჩევ, როგორ ვიცხოვრო – მებრძოლი ცნობილი ფოტოდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: