ბათუმი,მთავარი,სიახლეები

რუსეთსა და ბელარუსში სარეკლამო კამპანია დაგეგმილი არ გვაქვს – ტურიზმის ადმინისტრაცია

05.03.2022 • 1353
რუსეთსა და ბელარუსში სარეკლამო კამპანია დაგეგმილი არ გვაქვს – ტურიზმის ადმინისტრაცია

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსეთსა და ბელარუსში სარეკლამო კამპანია ან რაიმე აქტივობები 2022 წლისთვის დაგეგმილი არ აქვთ და არც გეგმავენ.

რუსეთი არ არის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პროგრამის – „რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია ქვეყნის შიდა და საერთაშორისო ბაზარზე“  სამიზნე ქვეყნების ჩამონათვალშიც, თუმცა ამ სიაში არის ბელარუსი.

„ბელარუსი, როგორც სამიზნე ქვეყანა პროგრამაში არის, პროგრამა მრავალწლიანია, თუმცა 2022 წლისთვის რაიმე აქტივობა ბელარუსში ამ დროისთვის დაგეგმილი არ გვაქვს. დავგეგმავთ თუ არა, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარება მოვლენები“ – გვითხრეს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.

 

„რუსეთში 2013 წლის შემდეგ სარეკლამო კამპანიას აღარ ვაწარმოებთ და არც რაიმე სხვა აქტივობა გვქონია“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

ადმინისტრაცია სარეკლამო კამპანიას რუსეთში 2014 წელს გეგმავდა, თუმცა მაშინ უკრაინაში [ყირიმში] განვითარებული მოვლენების გამო „რუსეთის ფედერაციაში სარეკლამო კამპანიის მომსახურებაზე“ გამოცხადებული ტენდერი შეწყვიტა.

 

საქართველოში რუსი ვიზიტორების, მათ შორის ტურისტების შემოსვლა, ფაქტობრივად არც აგვისტოს ომის და არც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ შეზღუდულა.

2018-2019 წლებში კი რუსი ვიზიტორების რაოდენობამ თითოეულ წელში 1 მილიონს გადააჭარბა. გამონაკლისი პანდემია აღმოჩნდა, თუმცა, 2020 წელს საქართველოში რუსეთის 165 ათასი მოქალაქე შემოვიდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საშუალო წლიური მონაცემების მიხედვით:

  • 2014 წლის ბოლო ორ კვარტალში საქართველოში რუსეთის 347 564 მოქალაქე [ვიზიტორი] შემოვიდა [საქსტატში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ უფრო ადრე პერიოდისთვის ასეთ სტატისტიკას არ აწარმოებდნენ];
  • 2015-2021 წლებში კი, სულ – 5 072 261 რუსეთის მოქალაქე.

ჯამში, 2014 [6 თვე]-2021 წლებში საქართველოში რუსეთის 5 419 825 მოქალაქე შემოვიდა. ამ მონაცემებში არ არის ასახული საქართველოს იმ მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთა, რომლებიც ამავდროულად რუსეთის მოქალაქეებიც არიან.

რუსეთის მოქალაქე ვიზიტორების რაოდენობა 2015-2021 წლებში:

წყარო: უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკა – საქსტატი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით 2022 წლის იანვარში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 27 292 ვიზიტორი შემოვიდა.

2022 წლის 1-ლი მარტიდან, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვრით საქართველოში შემოსვლა შეუძლია ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც არის სრულად ვაქცინირებული [სრულად ვაქცინაციის არქონის შემთხვევაში – წარმოადგენს ბოლო 72 საათიანი ვალიდურობის მქონე PCR ტესტს. ამასთან შემოსვლიდან მესამე დღეს PCR ტესტირების ვალდებულებაც გაუქმდა].

მთავრობის ინფორმაციით, კოვიდრეგულაციების შემსუბუქების გამო ქვეყნებს შორის გაუქმდა ე.წ. ჩამკეტი, თუმცა აღნიშნული არ ეხება სახელმწიფოში არსებულ სავიზო რეგულაციებს.

4 მარტს საქართველოში შეიქმნა პეტიცია, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ფედერაციასთან უვიზო მიმოსვლის გაუქმებას მოითხოვენ.

პარალელურად, საქართველოს უძრავი ქონების ასოციაცია აცხადებს, რომ რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვაზე მოთხოვნა გაიზარდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კი, 4 მარტს განაცხადა, რომ რუსეთთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილია „ყველას შევახსენებ, რომ რუსეთთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილია, სხვათა შორის, რუსეთის მხრიდან. იცით, რომ ლარსის საზღვარზე გადმოდის მხოლოდ ტვირთი და არ არის მიმოსვლა“.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია „საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით“ 2022 წელს სხვადასხვა აქტივობას გეგმავს, რაშიც 12 მილიონამდე ლარს, ტენდერის გარეშე დახარჯავს.

ამ თემაზე:

ტურიზმის ადმინისტრაცია Facebook-ზე რეკლამაში წელს 300 ათას ლარს დახარჯავს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: