მთავარი,სიახლეები

სურნელის ქართველი ექსპერტი გერმანიიდან – „ორი ქვეყნის, ორი კულტურის ნაზავი ვარ“

17.11.2022 • 1735
სურნელის ქართველი ექსპერტი გერმანიიდან – „ორი ქვეყნის, ორი კულტურის ნაზავი ვარ“

რუსო ხუციშვილი ემიგრაციაში 25 წლის წინ წავიდა. ცხოვრობს ჰამბურგში, მუშაობს პარფიუმერულ კომპანიაში – KaDeWe Group Alsterhaus და ამ კომპანიის სუნამოს ერთ-ერთ საუკეთესო ექსპერტადაა მიჩნეული. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსო განსაკუთრებული მომხმარებლებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, არაბეთის პრინცესა, არჩევს შესაფერის სუნამოებს და გემოვნების მიხედვით სთავაზობს მაღალი კლასის კოსმეტიკას.

„მე Happymaker-ი ვარ“ – ამბობს რუსო. – „ადამიანებს ვურჩევ მათთვის შესაფერის სურნელს, რაც მათ უფრო მშვენიერს და ბედნიერს ხდის. ეს მეც მაბედნიერებს“.

ამ პარფიუმერიულ კომპანიაში 15 წლის წინ დაიწყო პირველად მუშაობა, სტუდენტობისას. მაშინ ტანსაცმლის საკუთარი ხაზის გამოშვებაზე ოცნებობდა და ჰამბურგის უმაღლეს სასწავლებელში, (HAW) დიზაინერის ფაკულტეტზე სწავლობდა, მაგრამ წლების განმავლობაში 25 სხვადასხვა პარფიუმერულ კომპანიასთან თანამშრომლობის შემდეგ, KaDeWe Group Alsterhaus -მა აღმოაჩინა, რომ რუსოს გამორჩეულად მგრძნობიარე ყნოსვა აქვს და ვირტუოზულად შეუძლია ერთი შეხედვით, რამდენიმეწამიანი საუბრით გამოიცნოს, როგორ ადამიანს რა სუნამო შეეფერება.

რუსო ხუციშვილი

პარფიუმერულმა კომპანიებმა ამ უნარის ფასი კარგად იციან. რუსოც მუდმივი კონტრაქტით დაასაქმეს და ახლა ის სამსახურის პრაქტიკულ ნაწილთან ერთად სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს. სუნამოების დამზადების პროცესს აკვირდება. ეთერზეთების თავისებურებებს და ყველა იმ სუნამოს ინგრედიენტს შეისწავლის, რასაც მერე სხვებს შესთავაზებს.

„მომწონს ეს საქმე, ეს არ არის VIP მომხმარებლებისთვის მხოლოდ სუნამოს შერჩევა. მე ვსწავლობ ყველა სურნელის ისტორიას, ხასიათს, ვაკვირდები, სად და როგორ მზადდება ეს ყველაფერი, ზუსტად ვიცი, რას რა ეფექტი აქვს და რატომ. მე ამ ინფორმაციის და ისტორიების კარგად შეფუთვა, მერე კი მომხმარებლისთვის შეთავაზება შემიძლია.

როგორ გავხდი სუნამოს ერთ-ერთი საუკეთესო ექსპერტი? ალბათ იმიტომ, რომ ბევრ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა, სხვადასხვანაირთან, ბევრგან მიმუშავია, ბევრი სტუდენტი და მოსწავლეც მყოლია და როგორღაც გამომიმუშავდა უნარი, მაქსიმალურად ამოვიცნო, ვის რა სურნელი უნდა სდევდეს თან. ერთ ამბავს მოგიყვებით უძველესი ბრენდის ძვირფას სუნამოზე,“ – გვეუბნება რუსო და აგრძელებს:

„სუნამოებზე არანაკლებად მათი ისტორიები მიყვარს. არის ასეთი ძველი ბრენდი ფრანგული სუნამოების: Houbigant-ი ჰქვია. „quelques fleurs royale“ ამ ბრენდის ერთ-ერთი ასევე ძველი, ისტორიული სუნამოა. ნაპოლეონი იყენებდა Houbigant-ის სუნამოებს, quelques fleurs royale კი ნაპოლეონის მეუღლის, ჟოზეფინას საყვარელი სუნამო იყო. ამ სუნამოს რეცეპტით დაამზადეს რუსებმა სუნამო რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის, ნიკოლოზის მეუღლე ალექსანდრასთვის. მერე კი, როცა ბოლშევიკებმა დაამხეს რუსეთის საიმპერატორო კარი, ამავე რეცეპტის სუნამო დაამზადეს ისევ და სახელი გადაარქვეს. საბჭოთა ეპოქის ყველა ქალს ჰქონდა მერე ეს სუნამო და ერქვა красная москва“ – გვიყვება რუსო.

სამ სხვადასხვა სამსახურში მუშაობს და სამი შვილი ჰყავს. რუსო ხუციშვილი საუბრობს ემიგრაციის სირთულეებზე, სხვადასხვაგვარ სამსახურზე, სადაც 25 წლის განმავლობაში უმუშავია და კავშირებზე, რაც საქართველოსთან აქვს:

  • რუსო ხუციშვილი, ემიგრანტი:

ბებიას დიდი ამაგი აქვს ჩემზე, მისი დამსახურებაა ის რასაც აქამდე მივაღწიე. საშიშ 90-იანებში, როცა გარეთ სროლები იყო და ძარცვა, მას დავყავდი სკოლაში, ხატვაზე, ცეკვაზე, მუსიკაზე, საბალეტო სკოლაში. თან მუშაობდა. არ ვიცი, საიდან ჰქონდა ამდენი ძალა. ჩვენი ყველაზე სასიამოვნო გასეირნება იყო ვაგზლის მოედანზე, სახელგამის საკანცელარიო ნივთების მაღაზიაში, სადაც სახატავი მასალები, ქაღალდები, ფანქრები, საღებავები იყიდებოდა. ეს ჩემი დღესასწაული იყო. ყოველ კვირას დავყავდი მუსკომედიის თეატრში. ბებია ცდილობდა, მოეცა ჩემთვის ყველაფერი.

ცუდი და ბნელი დრო იდგა. მეტროც კი არ მუშაობდა. ქალაქის ცენტრში ბინა გავყიდეთ და დროებით გარეუბანში გადავედით, მაშინ ასე ჯობდა.

ბებიას დამსახურებაა, მან იზრუნა, რომ განმევითარებინა უნარები, რაც მქონდა. მას სურდა, გავრიდებოდი მაშინდელ ბნელ ქვეყანას, საფრთხით სავსე ქუჩებს და ხელს მიწყობდა, რომ გერმანიაში წამოვსულიყავი.

როცა 21 წლის ასაკში ჰამბურგში წამოვედი, ბებიას ჰკითხეს, რუსო როგორ გიყვარს და როგორ შეეგუები მის წასვლასო. ბებოს უთქვამს: რას ამბობთ, ახლა შემიძლია მშვიდად წავიდე ამ ქვეყნიდან, რადგან ვიცი, უსაფრთხო ქვეყანაშია და საკუთარ თავს მიხედავს ჩემი გოგოო.

ეს თქვა თურმე და მეორე დღეს გარდაიცვალა. ორი თვის წამოსული ვიყავი გერმანიაში ამ დროს. დაიძინა და არ გაუღვიძია. ორი თვის შემდეგ მითხრეს. ვერც ვრეკავდი ხშირად, ძიძის ხელფასის ერთ ნახევარს საქართველოში დასარეკად ვხარჯავდი, მეორე ნახევარი გერმანული ენის კურსებს ხმარდებოდა. ჩემი სადიპლომო ნაშრომი ბებოს, დიდ ბებიას და ჩვენი ოჯახის ქალებს მივუძღვენი, ეს უკვე ჰამბურგში, მანამდე საქართველოს ამბებია:

თბილისში სამხატვრო აკადემიის წინამოსამზადებელ კურსზე ჩავაბარე, მხატვრულ მოდელირებაზე უნდა შემეტანა საბუთები.

მეორე ვარიანტი იყო ტექნიკურ უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. ტექნიკურ უნივერსიტეტსა და აკადემიაში გამოცდები ერთმანეთს დაემთხვა. გადავწყვიტე, ჟურნალისტიკაზე ჩამებარებინა, მიუხედავად იმისა, რომ მხატვარ-მოდელიორობა მინდოდა, მაგრამ გადავიფიქრე: მაშინდელ აკადემიას კორუფციით ცნობილი რექტორი ჰყავდა.

კლანური მეთოდებით ფუნქციონირებდა, ვერ დავინახე აკადემიაში პერსპექტივა, მხატვარ-მოდელიორი გოგოები ისე ხატავდნენ, რომ კაბებთან შეხება არც კი ჰქონდათ, კერვას ვერ სწავლობდნენ. დახატავდნენ ფანტასტიკურ მოდელს და ნახატის პროდუქციად ქცევის პროცესი როგორი იყო, წარმოდგენა არ ჰქონდათ.

რატომ? იმიტომ, რომ სამხატვრო აკადემიაში ერთი საკერავი მანქანა იდგა და იქაც რიგში იყო. არ იყო ბაზა, თარგის, ტექნიკური ხაზვის და პროდუქციის ანუ წარმოების კურსი.

რუსო ხუციშვილი

სტუდენტს თავისი კოლექცია ვინმე მკერავისთვის რომ მიებარებინა შესაკერად, ამისთვის ძალიან ბევრი ფული უნდა დაეხარჯა და არც იყო სწორი მიდგომა ეს. ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეორე კურსის დახურვის შემდეგ გადავიტანე საბუთები დაუსწრებელზე და წამოვედი გერმანიაში, ყოველ ზაფხულს ჩამოვდიოდი საქართველოში და გამოცდებს ვაბარებდი, ჟურბალისტიკის ფაკულტეტიც დავასრულე და გერმანიის უმაღლეს სასწავლებელში, ჩემთვის სასურველ ფაკულტეტზე ჩავაბარე.

აკადემია რომც დამემთავრებინა, ვგრძნობდი, რომ დამოკიდებულება იყო ასეთი საქართველოში: დიპლომის აღება ნიშნავდა მზითევს, დაქორწინებისას ბიოგრაფიისთვის გამოსადეგი რამ იყო დიპლომი. ეს დამოკიდებულებები მაღიზიანებდა. მეტი მინდოდა. მინდოდა მენახა მსოფლიო, მინდოდა მენახა, რომ ახალგაზრდა ადამიანს აუცილებლად სადღაც უფასდება შრომა და შინაგანი მონდომება თუ ნიჭიც აქვს, მას სადღაც დაინახავენ, სათანადოდ შეაფასებენ. ამის ჟინი არ მასვენებდა.

საერთო, მძიმე ფონმა და მომავლის უიმედობამ წამომიყვანა აქ. ჰამბურგში მხატვრობა – მოდელირებაზე ჩავაბარე, მანამდე ცხადია იყო ძიძის მძიმე სამსახური, ენის კურსები…

ჰამბურგის სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე და ვნახე, რომ მოდის მომავალი დიზაინერები, დახატვიდან პროდუქტის წარმოების ჩათვლით, ყველა პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები.

ყველაფერი იწყება ფურცლით და ფანტაზიით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, საჭიროა ტექნიკური ნახაზი, თარგზე გადატანა ხელით ან სპეციალური პროგრამებით, რომელიც შემდეგ ინდუსტრიული, მასიური წარმოებისთვის ამზადებს დიზაინს.

რუსო ხუციშვილი სტუდენტებთან

სწავლობს ამ ყველაფერს დეტალურად სტუდენტი. გვქონდა უძვირფასესი იაპონური და გერმანული აპარატურა ატელიეებში, სტუდენტებს რიგში დგომა საკერავ მანქანებთან ნამდვილად არ გვიწევდა.

ჩემი ოცნებაა ქართველ სტუდენტებს სამხატვრო აკადემიაში თუ სხვაგან, ჰქონდეთ ისეთივე ტექნიკური და დაზგური აღჭურვილობა, როგორც ეს გერმანიაში აქვთ სტუდენტებს.

სადიპლომო ნაშრომი რომ დავიცავი, უკვე 3 შვილი მყავდა. ჩემი თემა ჩემი ოჯახის ქალების ასწლიანი ისტორია იყო – სამოსის თავისებურებებით.

ყველაზე ძველი ფოტო, რაზე დაყრდნობითაც იმდროინდელი საქართველოს სამოსის ისტორიაზე უნდა დამეწყო თხრობა, დიდი ბებიას, ელენეს ფოტო იყო, 1911 წელს გადაღებული. დიდი ბებიები, შემდეგ მოდიოდნენ ბებიები, მათი შვილები და მეც.

რუსო ხუციშვილი შვილთან, ანნა მისიშვილთან ერთად/ სოფო თოლორდავას ფოტო

ამ ნაშრომით მინდოდა მეჩვენებინა, რომ ჩვენი ფესვები ევროპულია და ამაზე საუკუნის განმავლობაში სამოსიც მეტყველებდა. მინდოდა მეჩვენებინა, რომ ჩვენც ამ სივრცის ნაწილი ვართ.

ერთხელ ჩემმა პროფესორმა მკითხა: რუსუდან, სადაურად მიიჩნევ თავს, სად არის შენი სამშობლოო. ვიცი, რატომ მკითხა ეს: უცხო ქვეყანაში ქართულ სამოსზე დავიცავი საკურსო, ხოლო სადიპლომო შრომა ეძღვნებოდა საქართველოს ბოლო 100 წლეულის მოდას, ევროპულ პარალელებს და გეოპოლიტიკურ გავლენებს კულტურაზე, გემოვნების ჩამოყალიბებაზე.

რუსო ხუციშვილი

წარმოიდგინეთ, ჩონჩხის გარეშე ხომ არ არსებობს ადამიანი და არც ხორცის გარეშე არსებობს-მეთქი, ვუპასუხე. ადამიანი ცალკე არც ჩონჩხია და არც მხოლოდ ჩონჩხსშესხმული ხორცი, ბიოლოგიურად ამ ორის ერთობლიობა ქმნის ადამიანის ფიზიოლოგიას სრულყოფილად. მე ვიყავი საქართველოდან ჩამოსული ჩონჩხი და ხორცი აქ შევისხი-მეთქი ვუპასუხე.

მართლა ასეა. 21 წელი ვიცხოვრე საქართველოში, 25 – გერმანიაში. ორი ქვეყნის, ორი კულტურის ნაზავი ვარ. აქ ვარ – საქართველო მენატრება, საქართველოში როცა ვარ – ჰამბურგზე ვფიქრობ. ყველგან და ყოველთვის ვცდილობ, საქართველო საუკეთესო რაკურსით ვაჩვენო გერმანელებს და პირიქით.

აკადემია რომ დავამთავრე, 3 შვილი მყავდა. რთული სტუდენტობა მქონდა, ვმუშაობდი კიდეც. არ ვიცი, რას როგორ ვახერხებდი ისე, რომ საუკეთესო ნიშნებიც მქონოდა.

მეექვსე სემესტრში წარჩინებული სტუდენტის სტიპენდიაც დამინიშნეს, ამ სტიპენდიამ ორი წელი მომცა შესაძლებლობა, სწავლაზე ვკონცენტრირებულიყავი. ძალიან მედგა გვერდით ჩემი მეუღლე მორალურად, ფიზიკურად. მეხმარებოდა ბავშვების აღზრდასა და კრეატიულ წამოწყებებში. ის რომ არ მიმაგრებდეს ზურგს ძლიან რთული იქნებოდა.

სტუდენტურმა პრაქტიკამ დამარწმუნა, რომ არ მომწონდა დიზაინერებთან ერთად მუშაობა. ჩემი ფანტაზიის რეალიზაცია არ ხდებოდა, მე მათ უნდა მოვრგებოდი, ეს არ მანიჭებდა ბედნიერებას, ამიტომ ფრილანსერად დავიწყე მუშაობა. ხანმოკლე და გრძელვადიან ხელშეკრულებებს ვაფორმებდი.

ერთი წელი, მაგალითად, ხელოვნების აკადემიაში დიზაინს ვასწავლიდი და სტუდენტებთან მუშაობა მომწონდა. 8 წელი ვიმუშავე 2 სხვადასხვა სკოლაშიც, უფროსკლასელებთანაც და დაწყებითი კლასების მოსწავლეებთანაც. ვასწავლიდი ხატვას და დიზაინს. ჩემი ატელიეც მქონდა, ვქირაობდი და სტუდენტები მყავდა.

აკადემიის დამთავრების შემდეგ მქონდა ოცნება – სამოსის კოლექცია გამომეშვა, ძალიან მეხმარებოდნენ ამაში ჩემი პროფესორები. ვეძებდი საქართველოში ფაბრიკებს, მინდოდა საქართველოში ყოფილიყო დამზადებული ყველაფერი, მაგრამ სპონსორი ვერ ვიპოვე.

რუსო ხუციშვილის ნამუშევრები

დაფინანსებისა და ფაბრიკების ძიებაში სკოლებსა და სამხატვრო აკადემიაში შემომთავაზეს ლექტორად მუშაობა, პარალელურად პარფიუმერულ ფირმაშიც ვმუშაობდი. სამი სამსახური მქონდა ერთდროულად და სამი შვილი მყავდა უკვე. ადრე მეგონა, რომ დრო თუ არ გაქვს, ეს დრო შენით უნდა შექმნა, მაგრამ ახლა ასე  აღარ გამოდის, რადგან დარჩენილ თავისუფალ დროს საქართველოს პროექტებს ვახმარ.

კორონას პერიოდმა ბევრი რამ შეცვალა, შევამცირე ჩემი შრომის ველი და დავტოვე სამსახური პარფიუმერიაში სადაც ე სუნამოს ერთ-ერთი ექსპერტთაგანი ვარ, ვახორციელებ პატარ-პატარა პატრიოტულ საგანმანათლებლო პროექტებს მეგობრებთან ერთად, მამაჩემთან ერთად საქართველოში გვაქვს ჩვენი ქართული პროექტი.

8 წელია პედაგოგიურ საქმიანობას ვეწევი, ფიროსმანი, გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი და დავით კაკაბაძეც იყო სკოლაში ჩემი პროგრამის ნაწილი.

ვისურვებდი, შეკითხვის თავისუფლების კულტურა იყოს ქართულ სკოლებში. ვფიქრობ, ეს ისევ პრობლემაა. თუ მოსწავლის შეკითხვა კრიტიკულია, მასწავლებელი ყოველთვის მწვავედ რეაგირებს. ძალიან უხეშიც რომ იყოს შეკითხვა და მასწავლებლის პირად პრობლემებს ეხებოდეს, მან უნდა იპოვოს გზა პასუხის მშვიდად გასაცემად, ისე, რომ მოსწავლის ინტერესი დაკმაყოფილდეს.

ერთხელ სკოლაში თემად გვქონდა ფიროსმანი, მივიტანე მისი ნახატების ალბომი და ვეკითხები ბავშვებს, რომელი ნამუშევრის ასლს დახატავდით-მეთქი, მანამდე მათ ფიროსმანის ცალმხრივი სიყვარულის და „აქტრისა მარგარიტას“ ამბავს მოვუყევი.

არცერთმა გერმანელმა ბავშვმა არ დახატა „აქტრისა მარგარიტა“. რატომ არავინ აირჩიეთ დასახატად მარგარიტა-მეთქი, ვიკითხე. როგორ შეიძლება ასეთი უზნეო ქალის დახატვა, რომელმაც ამხელა სიყვარულს, ამხელა ადამიანს, სიღარიბის გამო წიხლი ჰკრაო, არ არის ლამაზი მარგარიტა, ნეგატიური ადამიანიაო, მითხრეს.

აქ ბავშვები გეკამათებიან, კრიტიკულ კითხვებს სვამენ, განსჯიან მოვლენებს და ეს არის ჯანსაღი პროცესი. ვფიქრობ, ეს პრობლემაა მთელ ჩვენს საზოგადოებაში.

თავად ეს ქვეყანა, გერმანია, თვითკრიტიკამ, საკუთარი თავისთვის შეკითხვების დასმამ და სარკეში ჩახედვამ გადაარჩინა. მეც დამჭირდა ამის სწავლა. ძალიან მაღიზიანებდა ჩემ მიმართ მომართული კრიტიკა. მიჭირდა მიღება. ახლა კრიტიკულ შენიშვნებს როცა ვიღებ ვინმესგან, ჯერ ვისმენ, მერე რაღაცნაირად თითქოს ჰაერში ვაჩერებ, არ ვღიზიანდები, უბრალოდ ვაანალიზებ რა მოხდა, რამდენად რეალურია კრიტიკა. ვფიქრობ ბევრს და თუ ლოგიკური, მართებულია კრიტიკა, ვიწყებ რაღაცების გადაფასებას, გასწორებას საკუთარ თავში. თუ არაა მართებული, არგუმენტირებული პასუხით ვაბრუნებ უკან.

  • საქართველო

ბავშვობაში, როცა საქართველოში ვცხოვრობდი, ბალერინობაზე ვოცნებობდი. ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლაში დავდიოდი, ულამაზესი შენობაა ლამაზი დარბაზებით. თბილისში რომ ჩამოვედი, ჩავუარე ამ შენობას და ავტირდი. უზარმაზარი ბზარები ჰქონდა, ვიდექი და ვტიროდი. ეს პატარა გოგოების ოცნებების სკოლა იყო, რომელიც ინგრევა.

მგონია, რომ საქართველოში დარჩენილებისთვის ძალიან რთულია ცხოვრება. ხალხისთვის ყოველდღიურ გადარჩენაზე ფიქრია მთავარი რამ. შვილს რა აჭამონ და ა.შ.

ასეთი ყოფით გაწამებულ ადამიანებს არაფრის ნერვები და ძალა არ აქვთ, უსამართლობის გასაპროტესტებლად.

ერთი კვირის ჩასული როცა ვარ საქართველოში, ყველაფერი მაღიზიანებს, ტროტუარზე გაჩერებული მანქანები, ტაქსი, რომელიც შეიძლება ჩემს შვილს დაეჯახოს ზებრაზე, თუ ბავშვს ხელში არ ავიყვან, მაგრამ ერთ კვირაში უკვე ვეგუები მდგომარეობას, ვსწავლობ მანევრირებას, როგორ ავუარო გვერდი ამ ყველაფერს, როგორ გადავახტე, გადმოვახტე მანქანებს და ავისხლიტო ტაქსი, რომელიც ზებრაზე მეჯახება.

ძალიან მეცოდება ჩემი ხალხი, რომელიც ყოველდღიური გადარჩენისთვის იბრძვის. მეცოდებიან საჯარო მოხელეებიც საქართველოში, რომლებსაც ხელმძღვანელებთან შეთანხმების გარეშე წერტილ-მძიმეს დასმა არ შეუძლიათ ფეისბუქზე, ეშინიათ მოვლენებზე თავისუფლად საკუთარი აზრის გამოთქმის. შვილები, მოხუცი მშობლები დარჩებათ მშიერი, თუ საკუთარ აზრს გამოხატავენ, მაგრამ არჩევნებზე მაინც ხომ შეუძლიათ იყვნენ გულწრფელები, საარჩევნო ყუთთან მათ ხომ კამერით არავინ უღებთ.

არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ აქედან ვინმეს ვმოძღვრავ, მაგრამ ჩვენი, ემიგრანტების მხრებზე დგას საქართველოს ეკონომიკის დიდი წილი. ჩვენ რომ არ ვიყოთ ხან ახლობლების, ხან ნაცნობების, ხან საერთოდ უცნობების დამხმარე საქართველოში, ძალიან გაუჭირდებოდა საქართველოს, ამიტომ ჩვენ, ემიგრანტებსაც, ხომ გვაქვს უფლება, ვილაპარაკოთ შეცდომებზე ღიად, რა შეცდომებსაც ვფიქრობთ, რომ უშვებენ ადამიანები საქართველოში.

წასულები ვართ, მაგრამ ეს ქვეყანა ხომ ჩვენიცაა. ყველას ერთადერთი საერთო რამ გვჭირდება – ამ ქვეყნის ევროპული მომავალი.

ვფიქრობ, რომ რაღაც ბნელ ძალებს აწყობთ, გააჩაღონ შუღლი ქართველ ემიგრანტებსა და საქართველოში მცხოვრებ ქართველებს შორის, ეს აშკარაა სოციალურ ქსელებშიც.

ამავე ძალების პროვოცირებული იყო 5 ივლისის კატასტროფა, დაფინანსებული აგრესია. მშვიდობიანი პროტესტის უპრიმიტიულესი, უსაზიზღრესი დარბევა, ეს საშინლად ჩანს მსოფლიო ასპარეზზე, ჩვენი, ემიგრანტების წლობით ნაშრომი, რასაც ვაკეთებთ, ვცდილობთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანზე ვილაპარაკოთ მუდამ ევროპელებთან, ერთ დღეში ჩაიყარა წყალში.

ჰამბურგის ქართველები, მთელი ემიგრაცია, მუდმივად იმას ვამტკიცებთ, რომ ვიმსახურებთ ევროპულ ოჯახში ყოფნას. 5 ივლისის შემდეგ მოდიან და გვეკითხებიან ნაცნობები, უცნობები, ეს საქართველოში მოხდა? ჩვენ ეს ქვეყანა სხვანაირად წარმოგვედგინაო.

მერე გვიწევს მტკიცება, რომ ეს ბნელი ძალებით დაფინანსებული რბევა იყო, რომ მათ ჩვენი ქვეყნის უკუსვლა სურთ, რომ ამ ძალას სურს, დაანახოს მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს, რომ საქართველო არ არის მზად ევროპულ ოჯახში შესასვლელად. ემიგრანტებს დიდ ენერგიად გვიღირს დავარწმუნოთ ხალხი ამაში.

ჩვენი ყოფაც, ცხოვრების წესი, საქართველოში ხანდახან კარიკატურულობამდე მიდის. ჩემმა 17 წლის შვილმა მითხრა ერთხელ, თბილისში ისეთი ძვირადღირებული ავტომანქანები მოძრაობს, ჰამბურგშიც რომ არ მინახავს, თან ეს ავტომანქანები ჩამოძონძილი სახლების წინ ჩერდება, ცუდსახურავიანი, ჭიშკარმორყეული სახლების წინ. ალბათ ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანები ავტომანქანაში უფრო მეტ დროს ატარებენ, ვიდრე სახლში და ამიტომაა მათთვის ავტომანქანა სახლზე უფრო ძვირფასი. რა უბედურია ადამიანი, ვინც ოჯახს გულს ვერ უდებს და მანქანა ურჩევნიაო. სხვაგვარად ვერ ახსნა ბავშვმა ეს სამწუხარო ამბავი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: