ბათუმი,მთავარი,სიახლეები

გოდერძის სათხილამურო ტრასაზე მაგისტრალური გაზსადენი გაივლის – რატომ შეიცვალა პროექტი  

08.12.2019 • 2348
გოდერძის სათხილამურო ტრასაზე მაგისტრალური გაზსადენი გაივლის – რატომ შეიცვალა პროექტი  

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის დაწყების გაჭიანურებამ პრობლემა შეუქმნა ხიჭაური-გოდერძის გაზსადენის პროექტის განხორციელებას ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. გაზსადენის ასაშენებლად აჭარის ბიუჯეტიდან 27 037 601 ლარი უნდა დაიხარჯოს.

პროექტის მიხედვით, გაზსადენის საპროექტო ტრასა ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზას მიუყვება. დაგეგმილი იყო გაზსადენის მშენებლობა გზის რეაბილიტაციასთან ერთად დაწყებულიყო, თუმცა, ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა, სულ ცოტა, მომავალი წლის გაზაფხულამდე ვერ დაიწყება.

შესაბამისად, გაზსადენის მშენებლობაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ენერჯი ინვესტი 2009“ აცხადებს, რომ დღის წესრიგში დადგა გოდერძის უღელტეხილი-კურორტი გოდერძის მონაკვეთზე გაზსადენის მშენებლობის ალტერნატიული ტრასის შერჩევა.

კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე შერჩეული ალტერნატიული მარშრუტით [სიგრძე 3 730 მეტრი] გაზსადენი ნაწილობრივ კურორტ გოდერძის სათხილამურო ტრასაზე გაივლის [ხიჭაურიდან გოდერძიმდე გაზსადენის მთლიანი სიგრძე კი 54 კილომეტრია].

„აღნიშნული ცვლილება პროექტში, იწვევს გაზსადენის ექსპლუატაციის პირობების ცვლილებას და ექვემდებარება სკრინინგის [გზშ-ს კოდექსით, სკრინინგი არის პროცედურა, რომლითაც დგინდება, თუ რომელი პროექტი ან ღონისძიება მოითხოვს გარემოზე ზემოქმედების სრულ ან ნაწილობრივ შეფასებას] პროცედურის გავლას. აქედან გამომდინარე, საქართველოს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, ხიჭაურის დასახლებიდან გოდერძის უღელტეხილამდე გაზსადენის სამშენებლო დოკუმენტის ქსელის ცვლილებების პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ჩატარების საჭიროების დასადგენად მომზადდა სკრინინგის განცხადება“, – აცხადებს „ენერჯი ინვესტი 2009“.

სკრინინგის განცხადებით კომპანიამ უკვე მიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

გაზსადენის სამშენებლო დოკუმენტის ქსელის ცვლილებების პროექტიდან [სკრინინგის ანგარიშიდან]:

[checklist]

  • „გოდერძის უღელტეხილი-კურორტი გოდერძიმდე გაზსადენის ალტერნატიული ახალი 3 730 მ-ის ტრასა გაივლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ მიწის
    ნაკვეთებზე [ნაწილობრივ სათხილამურო ტრასაზე].
  • აღნიშნულიდან გამომდინარე, ადგილი ექნება ახალი, არა ანთროპოგენული ზეგავლენის მიწის ათვისებას, რაც გარკვეულ ზემოქმედებას იქონიებს არსებულ ნიადაგზე. მილსადენის განთავსება დაგეგმილია 2 მეტრი სიღრმის თხრილში, რაც თავის მხრივ გულისხმობს მიწისქვეშა წყლებზე ზემოქმედებას. მიწის აღნიშნულ სიღრმემდე ამოღების პროცესში ნიადაგის და გრუნტის ხარისხის გაუარესება შეიძლება გამოიწვიოს ნარჩენების არასწორმა მართვამ და გაუმართავი სამშენებელო ტექნიკის და სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციამაც.
  • გაზსადენის 3 730 მეტრი სიგრძის ტრასის სიახლოვეს არ არის განლაგებული არც ერთ მჭიდროდ დასახლებულ პუნქტი. შესაბამისად, მშნებლობის ეტაპზე ადგილობრივ მოსახლეობაზე ჰაერის დაბინძურებით და ხმაურის გავრცელებით გამოწვეული ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის.
  • ამასთან, გაზსადენის ახალი ტრასა არ კვეთს არც ერთ [როგორც დიდ, ასევე პატარა მდინარეს] და ასევე არც ერთ ბუნებრივი ხევს და მილსადენის ძირითადი ნაწილი განთავსდება მიწისქვეშა თხრილში. შესაბამისად, მდინარეების და ხევების კალაპოტებში სამუშაოები არ შესრულდება.
  • საპროექტო ტერიტორიის სიახლოვეს არ არის ტყით მჭიდროდ დაფარული ტერიტორია, სადაც გაბატონებულია საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობები.
  • საპროექტო რეგიონი გამოირჩევა ცხოველთა სახეობრივი მრავალფეროვნებით, შესაბამისად, საჭირო იქნება შემარბილებელი ღონისძიებების გატარება: ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტის და სამშენებლო უბნების საზღვრების მკაცრი დაცვა და სხვ.
  • ისეთი სამუშაოები, რაც იწვევს ცხოველების ზედმეტად შეშფოთებას, უნდა განხორციელდეს რაც შეიძლება მოკლე ვადებში [მაგ. მაღალი ხმაურის გამომწვევი სამუშაოები];
  • საპროექტო მილსადენის ახალი ალტერნატიული 3 730 მ-ის ტრასის მონაკვეთი მოქცეულია ზურმუხტის ქსელის შეთავაზებული „გოდერძის“ უბნის მიმდებარე არეალის ფარგლებში. შესაბამისად, მოცემულ დაცულ ტერიტორიაზე ზემოქმედების რისკების შემცირებისათვის განხორციელდება წყლის, ნიადაგის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების, ხმაურის გავრცელების, მცენარეულ საფარზე ზემოქმედების და ა.შ. შემარბილებელი ღონისძიებების ეფექტურად გატარება.
  • მშენებლობის ეტაპზე მოსალოდნელია, გარკვეული რაოდენობის როგორც სახიფათო, ასევე უსაფრთხო ნარჩენების წარმოქმნა. სახიფათო ნარჩენების წარმოქმნა ძირითადად დაკავშირებული იქნება სატრანსპორტო საშუალებების რემონტთან ან გაუმართავი ტრანსპორტით დაბინძურებული ნიადაგის და გრუნტის მოხსნასთან, ასევე შედუღების და სამღებრო სამუშაოების შესრულებასთან. ნარჩენების არასწორი მართვის შემთხვევაში მოსალოდნელია გარემოს ცალკეული რეცეპტორების ხარისხობრივი მდგომარეობის გაუარესება და ამდენად აუცილებელია ნარჩენების სწორი მართვის გეგმის დასახვა.
  • პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, მშენებლობის, გაზსადენი მილის გამოცდის და ექსპლუატაციის პროცესში სხვადასხვა სახის ავარიის რისკები არსებობს. თუმცა, ასეთი სახის
    რისკებს მასშტაბური ხასიათი არ ექნება“.

[/checklist]

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარადგინონ ამავე სამინისტროში, 2019 წლის 18 დეკემბრამდე.

მთავარი ფოტო: კურორტი გოდერძი, ხულო /თედო ჯორბენაძის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

რაც შეეხება ხულო-ზარზმის გზის მშენებლობას, „კონტრაქტორი [კომპანია „ტოდინი“] ცდილობს, დაიწყოს პირველი ეტაპის – მიწის სამუშაოები, თუმცა სუსტია მისი მზაობა, სამუშაოების განხორციელების კუთხით“, – მოგვწერეს 3 დეკემბერს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან.

ამ თემაზე:

რა ზიანის ანაზღაურებას ითხოვს მთავრობა კომპანია „ტოდინისგან“

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: