სიახლეები

კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარების გზები საქართველოში – კონფერენცია

19.11.2022 • 696
კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარების გზები საქართველოში – კონფერენცია

18 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმში“ კონფერენცია გაიმართა საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარების გზების შესახებ.

კონფერენციაზე ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ჯგუფებმა, რომლებიც მუშაობენ კორპორაციული პასუხისმგებლობის საკითხებზე ან თავად არიან ბენეფიციარები.

კონფერენციას ესწრებოდნენ სოციალურ პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირები სახელმწიფო სტრუქტურებიდან, საჯარო, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორიდან.

18 ნოემბერს სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმში“ კონფერენცია გაიმართა, საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარების გზების შესახებ

კონფერენციის ერთ-ერთი მომხსენებელი, ბავშვთა ჰოსპისის კოორდინატორი როდამ გოგოხია იყო. მან კონფერენციის მონაწილეებს უამბო როგორ აშენდა ჰოსპისი, რომლის მსგავს სერვისსაც საქართველოში ბავშვებს ვერსად სთავაზობენ.

ბავშვთა ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყანა“ ოჯახური ტიპის სახლია და 2016 წლიდან არსებობს. აქ 0-დან 18 წლამდე ბავშვები ცხოვრობენ, რომლებსაც ქრონიკული და უკურნებელი სენი აქვთ. აქ ბავშვებს პალიატიურ დახმარებას უწევენ. ჰოსპისის მიზანია, დარჩენილი სიცოცხლე ბავშვებმა ტკივილის და დისკომფორტის გარეშე გაატარონ.

„ციცინათელების ქვეყნის“ გახსნის იდეა 2013 წელს გაჩნდა ღია საზოგადოების ფონდში. მშენებლობა სამედიცინო კომპანია „ევექსის“ პირველი შენატანით და პრეზიდენტის ფონდით დაიწყო. მერე ინიციატივას ბიზნესი, არასამთავრობო სექტორი და ჟურნალისტები შეუერთდნენ.

„ეს იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ გაერთიანდა ყველა ერთი საქმისთვის. ჰოსპისში 23 ადამიანია დასაქმებული, ისინი 24 საათი ბავშვების სამსახურში არიან: ექიმები, მედდები, მძღოლები, დიასახლისები და ა.შ.“ – განაცხადა კონფერენციაზე ჰოსპისის კოორდინატორმა.

როდამ გოგოხია, ბავშვთა ჰოსპისის, „ციცინათელების ქვეყნის“ კოორდინატორი

მოწვეულმა მომხსენებლებმა და სტუმრებმა ისაუბრეს კორპორაციული  პასუხისმგებლობის რა პოლიტიკა, პრაქტიკა და მიდგომები აქვთ. როგორია რეალობა და რამდენად გააზრებული აქვთ გავლენა საზოგადოების, ბიზნესისა თუ სახელმწიფოს განვითარებაზე. 

ამ გავლენის მნიშვნელობა კარგად ესმით Educare Georgia-ს წარმომადგენლებს.

პროექტი „ჩართე“ სწორედ Educare Georgia-ს იდეა იყო. კონფერენციაზე „ჩართეს“ წარმომადგენელმა, მარიამ მჭედლიშვილმა ამ ინიციატივის მნიშვნელობაზე, შედეგებსა და მიზნებზე ისაუბრა.

საქველმოქმედო ონლაინპლატფორმა „ჩართე“ ნებისმიერ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას სურვილის შემთხვევაში, თუნდაც 1 ლარით დაუფინანსოს ინტერნეტი ან კომპიუტერი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს.

18 ნოემბერს სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმში“ კონფერენცია გაიმართა, საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარების გზების შესახებ.

არასამთავრობო ორგანიზაცია Educare Georgia-ს მიზანია გახადოს ხარისხიანი განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი. მათი შექმნილია „ხანის აკადემიის“ ქართულენოვანი ონლაინპლატფორმაც.

ამ პლატფორმის სხვადასხვა სკოლაში წარდგენისას პროექტის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს, რომ „ხანის აკადემიის“ ლექციებს რეგიონებში მოსწავლეების დიდი ნაწილი იმ მარტივი მიზეზით ვერ მოისმენდა, რომ მათ არ ჰქონდათ ინტერნეტი და კომპიუტერი:

„ამის შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ აგვემოქმედებინა „ხანის აკადემიის“ პარალელური პროექტი, რომლის საშუალებითაც სოციალურად შეჭირვებულ უფროსკლასელებს დავუფინანსებდით ინტერნეტს და დავურიგებდით კომპიუტერებს. ასე გაჩნდა „ჩართე“- ამბობს მარიამ მჭედლიშვილი, Educare Georgia-ს ოპერაციების მენეჯერი.

მარიამ მჭედლიშვილი, Educare Georgia-ს ოპერაციების მენეჯერი

„ჩართეს“ მხარდამჭერების და შემწირველების წყალობით ჯამში 2017 მოსწავლეს ჩაერთო ინტერნეტი ან გადაეცა კომპიუტერი. „ჩართეს“ საშუალებით ბოლო მონაცემებით უკვე მილიონ-ნახევარზე მეტი ლარი შეგროვდა. პროექტს ამჯერად 4 657 მხარდამჭერი ჰყავს.

კონფერენციაზე ერთი ამბის საფუძველზე დაარსებული ფონდის შესახებ ვრცლად ისაუბრა დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის თანადამფუძნებელმა, ჟურნალისტმა რუსუდან ცხომელიძემ.

დიმიტრი ცინცაძე ოპერატორია, რამდენიმე წლის წინ მას ლიმფომის დიაგნოზი დაუდგინდა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია დასჭირდა:

„მაშინ ეს ოპერაცია 100 ათას ლარზე მეტი ღირდა. ჟურნალისტები, ქუჩებში, მოლებში, მაღაზიებში ყუთებით ვიდექით და დიტოსთვის ფულს ვაგროვებდით. ის წავიდა გერმანიაში და გადარჩა. დიტოს გადარჩენის ისტორია მერე ბავშვების გადარჩენის მოტივად იქცა. ამ ამბის შემდეგ გავიაზრეთ რამხელა პრობლემის წინაშე იდგნენ ბავშვები, რომლებსაც ასევე სჭირდებოდათ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია უცხოეთში.

დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის თანადამფუძნებელი, ჟურნალისტი რუსუდან ცხომელიძე

ასე დაარსდა დიტოს ფონდი. ეს არ იყო მხოლოდ თანხის შეგროვება, ჩვენ ჟურნალისტებმა პარლამეტის წინ გავმართეთ აქცია და ხელისუფლებას მოვთხოვეთ დაეცვა მთავარი – სიცოცხლის უფლება, მას შემდეგ 6 ბავშვის ოპერაცია დააფინანსა სახელმწიფომ, ტანხით ჩვენი ფონდიც ეხმარებოდა. მოგვიანებით კი მთავრობის განკარგულებით დაფუძნდა სოლიდარობის ფონდი, რომელიც აფინანსებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას უცხოეთში, თუმცა სამწუხაროდ, საქართველოში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაციები ბავშვებისთვის საქართველოში არ ტარდება“- ამბობს რუსუდან ცხომელიძე.

დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა 10 წლის განმავლობაში 446 ბავშვს გაუწია დახმარება.

შეხვედრაზე ბიზნესის წარმომადგენლებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა წარმოეჩინათ კორპორაციული პასუხისმგებლობების საუკეთესო პროექტები ან მიეღოთ ინფორმაცია სხვადასხვა ინიციატივის შესახებ, გამხდარიყვნენ მხარდამჭერები.

18 ნოემბერს კონფერენციის მომხსენებელი მსოფლიო მასშტაბის დიდი ფილანტროპული ორგანიზაცია Care-ის წარმომადგენელი, ქეთევან ხაჩიძეც იყო.

ქეთევანი საქართველოში ქეა კავკასიის (care-caucasus) მთავარი აღმასრულებელი ოფიცერია. მან კერძო სექტორთან თანამშრომლობის სპეციფიური გამოცდილება და ფილანტროპიის მსოფლიო პრაქტიკის მაგალითები გაუზიარა დამსწრე საზოგადოებას:

„მსოფლიოში გამოწვევები იზრდება, რაც შეიძლება მეტ ადამიანს რომ მოვუტანოთ სარგებელი, ჩვენი ორგანიზაციაც თანამშრომლობს კერძო სექტორთან, ბიზნესთან.

გარდა მცირე ბიზნესისა და ბიზნესასოციაციებისა მულტინაციონალურ კომპანიებთანაც ვთანამშრომლობთ.  

პირველ რიგში კონტაქტამდე კომპანიის ეთიკურ სტანდარტებს ვამოწმებთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რამდენად ეთიკურია. მნიშვნელოვანია მათი ფინანსური რესურსის მოზიდვა, მაგრამ გადაუმოწმებელ, არაეთიკურ კომპანიასთან თანამშრომლობამ შესაძლებელია დიდი რეპუტაციული ზარალი მოგვიტანოს“- ამბობს ქეა კავკასიას წარმომადგენელი.

ქეთევან ხაჩიძე, ქეა კავკასიის (care-caucasus) მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი

ორგანიზაცია „Care“ 100 ქვეყანაში მუშაობს, მისი მიზანია სიღარიბის და უთანასწორობის შემცირება, 2021 წლის მონაცემები ორგანიზაცია 8 მილიონ ადამიანს დაეხმარა სხვადასხვა მიმართულებით.

გუნდის მთავარი პრიორიტეტებია სოფლად განვითარება, ქალების და გოგოების განვითარება, ღარიბ ქვეყნებში ჰუმანიტარული კრიზისის დაძლევისთვის ბრძოლა.

ქეთევან ხაჩიძემ ორგანიზაციის ქართულ ნაწილზეც ისაუბრა. ქეა კავკასია 30 წელზე მეტია სამხრეთ კავკასიაში მუშაობს. მათი პირველი პროგრამა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერას ეხებოდა.

ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ კონფერენციაზე ისაუბრა იმის შესახებ, რომ მედიის, არასამთავრობო სექტორის და ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების დამფინანსებლები საქართველოში არიან სწორედ მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე ფილანთროპული ორგანიზაციები, რომლებიც ამ ტიპის პასუხისმგებლობის  და გავლენის მნიშვნელობას აცნობიერებენ არამხოლოდ საკუთარ გეოგრაფიულ არეალში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ჟურნალისტმა ისაუბრა საქართველოში ბიზნესისთვის დამახასიათებელი კორპორაციული პასუხისმგებლობის თავისებურებებზე. ზვიად ქორიძის თქმით, ფილანთროპია საზოგადოების ცხოვრებას არსებითად უნდა ცვლიდეს და არ უნდა იყოს მხოლოდ ერთი ადამიანის, ერთი ჯგუფის გაძლიერებაზე ორიენტირებული ინიციატივა:  

„მაგალითად, საქართველოში ყველა სამშენებლო კომპანიას თითო გარდაცვლილი მუშა მაინც ჰყავს. ბუნებრივია, როცა კომპანია არ ფიქრობს თავისი დასაქმებულის შრომით უფლებებზე და უსაფრთხოების სისტემებზე, ის არ შექმნის ადამიანის უფლებათა დიდ ჰაბს, რომლის მიზანიც, ვთქვათ, შრომითი უფლებების დაცვა იქნება ქვეყანაში, არ დახარჯავს ამაზე რესურსს.

პირიქით, გაცილებით ნაკლებით დანახარჯი იქნება მისთვის თუ ამ ტრაგიკულ შემთხვევას გადაფარავს აქციით, მაგალითად პირველ ივნისს ბავშვებს წაიყვანს ზოოპარკში და მერე აუცილებლად სთხოვს მედიას მედიას გააშუქოს ეს საქველმოქმედო აქცია. ბიზნესი რეკლამის სახით კი არ აძლევს ამ თემას მედიას, არა. ფულს უხდის და ეუბნება, რომ მას აქვს გამოყოფილი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისთვის ფინანსური რესურსი.

ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი

მედიასაც უწევს ასეთი აქციების გაშუქება. ამგვარად ბიზნესი ავალდებულებს მედიას, რომ წარმოჩნდნენ ისინი, როგორც კარგი და პასუხისმგებლიანი კომპანიები. მერე პარალელურად იმასაც ითხოვენ, რომ არ გაშუქდეს ტრაგიკული შემთხვევები, ამიტომაცაა, რომ მედია პირველ დღეს ყვირის, როცა მშენებლობაზე მუშა კვდება, მაგრამ მეორე დღიდან ეს ისტორია აღარ არსებობს.

ბიზნესის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა იყოს, რომ არ მოხდეს ის ტრაგედიები, რაც ხდება. ბიზნესის ინტერესს უნდა წარმოადგენდეს საუბრობდნენ პრობლემებზე თავადაც, მოქალაქეებიც, მედიაც, რადგან სწორედ ეს დისკუსია სწევს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტს მაღლა საზოგადოებაში“ – ამბობს ზვიად ქორიძე.

კონფერენციის დასასრულს „ბათუმელებთან” „გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის” წარმომადგენელმა, სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა თუ რა გავლენა და მნიშვნელობა აქვს ამგვარ კონფერენციებს, რამდენად უწყობს ხელს დისკუსიები კორპორაციული პასუხისმგებლობის სწორად გააზრებას:

„ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის გაცვლა დაინტერესებულ მხარეებს შორის, მნიშვნელოვანია კორდინაცია ჩვენი საქმიანობის რომ ერთად, უფრო წარმატებით წამოვწიოთ წინ კორპორაციული პასუხისმგებლობის საკითხები როგორც პოლიტიკის დონეზე ისე პრაქტიკაში”.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წარმომადგენელი, სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ კონფერენციები სოციალური პასუხისმგებლობის სწორად გააზრების შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია ეწყობოდეს რეგიონებშიც.

საკომუნიკაციო ჯგუფ „ანაგრამას“ თანადამფუძნებელი, თამარ როდონაია ამბობს, რომ 
18 ნოემბერს გამართული კონფერენცია ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან სასაუბროდ, თუ როგორ ხედავენ კორპორაციული პასუხისმგებლობის მიდგომების დანერგვას, რას კეთდება, რა არის  კორპორაციულო პასუხისმგებლობის განვითარების შემაფერხებელი საკითხები და რას უნდა მივაქციოთ მეტი ყურადღება:

თამარ როდონაია, საკომუნიკაციო ჯგუფ „ანაგრამას“ თანადამფუძნებელი

„თემის ირგვლივ გამართულმა დისკუსიამ ნათლად დაგვანახა, რომ ინტერესი მაღალია და ორგანიზაციები მზად არიან მეტი ყურადღება დაუთმონ კორპორაციული მდგრადობის სტრატეგიის დანერგვას მათ საქმიანობაში და ამ პროცესში სხვადასხვა მხარესთან მუშაობას სასარგებლო შესაძლებლობად მიიჩნევენ” – ამბობს ჯგუფ „ანაგრამას“ თანადამფუძნებელი.

გადაბეჭდვის წესი