„თვეში დაახლოებით ორჯერ, ყოფილა სიტუაციები სამჯერ“ – გასულ კვირას „ტვ პირველის“ ეთერში ქედის შპს „ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ დირექტორის მიერ ხელფასის აღებასთან დაკავშირებით ამ განცხადების გაკეთების შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ამ ეტაპზე გიორგი ბარამიძე მუნიციპალური ორგანიზაციის დირექტორადაც აღარ მუშაობს.
გიორგი ბარამიძე და „ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ ბუღალტერი პროკურატურაში იყვნენ დაბარებულები. ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ თავად გიორგი ბარამიძემ დაადასტურა: „მივეცით ჩვენებები და მიდის დათვლა, იქნება ალბათ შედეგები.“
ქედის მერმა, როლანდ ბერიძემ და მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსმა, შოთა ბერიძემ არ უპასუხეს ჩვენს კითხვებს, თავად რა მოიკვლიეს მუნიციპალურ ორგანიზაციაში თვეში ორჯერ ხელფასის შესაძლო გაცემაზე.
ქედის მერმა მხოლოდ ის გვითხრა, რომ პროკურატურას ის არ დაუკითხავს: „დირექტორი გათავისუფლებულია, დანარჩენს მოკვლევა დაადგენს. მეტს ვერაფერს გეტყვით“.
ქედის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსმა, შოთა ბერიძემ კი ტელეფონი გაგვითიშა. გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ განცხადება გათავისუფლების თაობაზე თავად დაწერა:
„საჯარო ვარ და ისე რომ არ იყოს, რომ ისევ ჩემს ადგილზე ვრჩები და ხელს ვუშლი გამოძიებას, დავწერე განცხადება და წამოვედი. სრულიად გადავეცი ჩემი საქმე პროკურატურას და ყველა უწყებას, ვინც დაინტერესდება. ველოდები გამოძიების დასრულებას.“
გიორგი ბარამიძე ირწმუნება, რომ ის ორ ხელფასს არ იღებდა:
„მე ვარ შპს-ს დირექტორი და გაწერილი ბრძანებით ვიღებ პრემიას. გარდა ამისა, ტენდერებში ვიღებ მონაწილეობას, მაქვს ამის უფლება. ამ ტენდერებისგან ჩვენ გვრჩება გარკვეული თანხა და აი ამ ამონაგებიდან ვირიცხავდით პრემიებს. ჩვენ ამის უფლება გვაქვს. ვემსახურებით 55 სამარშრუტო ტაქსის და ათ ამბულატორიას 40 000 ლარად ერთ წელში. სხვა მუნიციპალიტეტებში ამბულატორიული მომსახურება ცალკეა – ეს მე სუბსიდირებით გადმომცეს, მაგრამ არის ყველაზე დაბალბიუჯეტიანი. წარმოიდგინეთ 40 000 ლარი უნდა გაიყოს 12 თანამშრომელზე და თვიური ანაზღაურება რა გამოუვათ? – ისეთი თვეებიც მქონდა, როცა 450 ლარს ვიღებდი ხელფასის სახით. არ გვქონდა ისეთი შემოსავალი, რომ ხელფასები გაგვეცა. 2022 წელს კი მოხდა ის, რომ ჩვენ აღარ ავიღეთ პრემიები და თანხა გავეცით ხელფასების სახით. ამ წლიდან როგორც სხვა დირექტორებს, მაქვს თვეში 1300 ლარი. მეშვიდე წელია მე სახელმწიფო შპს-ში ვმუშაობ და ერთი შენიშვნა არ მიმიღია, რომ კანონი დავარღვიე. ქრთამი არასდროს ამიღია და საწვავი არასდროს გამიყიდია, სახელმწიფო მოხელე ვარ და სახელმწიფოს ვემსახურები ყოველთვის“.
ქონებრივ დეკლარაციაში ხელფასის არდაფიქსირებას გიორგი ბარამიძე საჯარო სამსახურის ბიუროს ახალ სისტემაზე გადასვლით ხსნის და ამბობს, რომ ამას ახალი სისტემა ისედაც ითვლის და თავად რომც სურდეს დამალვა, მაინც ვერ მოახერხებდა: „რამე რომ გამოგეპაროს გაჯარიმებენ“.
2021-2022 წლებში გიორგი ბარამიძის მიერ შევსებულ დეკლარაციებში ხელფასის ოდენობა არ ფიქსირდება. 2020 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით კი, რომელიც 2019 წლის მონაცემებს ასახავს, მან წლიური ანაზღაურების გრაფაში 22 636 ლარი მიუთითა, შესაბამისად – თვეში 1886 ლარი. დეკლარაციის მიხედვით, 2018 წელს მისი ხელფასი 1289 ლარი იყო.
გიორგი ბარამიძე არ უარყოფს ასევე, რომ ქედის საკრებულოს თავმჯდომარე მისი მეუღლის მამაა. მისვე განმარტებით, ამ თანამდებობაზე თავად მანამდე მუშაობდა, ვიდრე მისი სიმამრი საკრებულოს თავმჯდომარე გახდებოდა.