განათლება,მთავარი,სიახლეები

„ახალგაზრდებს აღარ უნდა მოუნდეთ ამ ქვეყნიდან გაქცევა“ – 3 მოსწავლე ბათუმიდან

18.11.2022 • 3626
„ახალგაზრდებს აღარ უნდა მოუნდეთ ამ ქვეყნიდან გაქცევა“ – 3 მოსწავლე ბათუმიდან

რეგიონულ სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს ბათუმში. ოლიმპიადა ყველა სასკოლო საგანში ჩატარდა. გამარჯვებული მოსწავლეები პლანშეტებით დაასაჩუქრეს.

„ბათუმელები“ კონკურსში გამარჯვებულ რამდენიმე მოსწავლეს გაესაუბრა. ერთ-ერთია მეთერთმეტეკლასელი ნატა სიხარულიძე, რომელიც ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში სწავლობს. ნატას გუნდმა ქიმიის ოლიმპიადის კონკურსზე მეორე საპრიზო ადგილი აიღო.

„ქიმიის სიყვარული ჩემი მასწავლებლის დამსახურებაა. ყოველთვის მაინტერესებდა საბუნებისმეტყველო საგნები, მაგრამ ამავდროულად, ამ საგნების მიმართ რაღაც შიში მქონდა, ალბათ იმიტომ, რომ რთული მეგონა და მასწავლებელმა ეს ხედვა შემაცვლევინა.

ბევრი ამბობდა, ვერ ისწავლი, რთულია და აქედან გამომდინარე, გაუცნობიერებელი შიში ყოველთვის მქონდა.

თუმცა მე ექიმობას ვაპირებ და ვიცი, რომ ეს საგანი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემს პროფესიაში ეროვნული გამოცდების ჩაბარების დროსაც. გამიმართლა იმაშიც, რომ ძალიან კარგი მასწავლებელი შემხვდა, ვინც ქიმიის მნიშვნელობა ნათლად დამანახა.

ქიმიას დღეს უბრალოდ სასკოლო საგნად კი არ აღვიქვამ, არამედ როგორც ბუნების ნაწილად, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ყოველდღიურობაშიც,“ – გვითხრა ნატამ.

მისი თქმით, საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლისას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პრაქტიკას, ექსპერიმენტებს, რაც სახალისოს ხდის ამ მეცნიერების შესწავლას.

„სკოლაში ქიმიის კაბინეტი გვაქვს და მასწავლებელი ყოველდღიურად ცდილობდა, ერთი ცდა მაინც ჩაეტარებინა, რომ გაკვეთილი მოსაწყენი არ ყოფილიყო.

როცა დავალებას გვაძლევდა, გვასწავლიდა, როგორ უნდა ჩაგვეტარებინა ექსპერიმენტი სახლში, დამოუკიდებლად. პანდემიის დროს ვიდეოებს ვწერდით და მასწავლებელს ვუგზავნიდით.

ჩემთვის ერთ-ერთი საინტერესო პროცესია ფორმულების მიხედვით ამოცანების გამოთვლა და როცა სწორ პასუხს ვიღებ, ძალიან მიხარია,“ – ამბობს ნატა.

ნატას აზრით, საგნის გააზრება და სიყვარულით სწავლა  მასწავლებლის ხელოვნებაზეა დამოკიდებული. „ჩემი აზრით, როცა მასწავლებელს უყვარს თავისი საგანი, ამას ჩვენ, ბავშვებიც ვგრძნობთ.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ის, რომ მასწავლებელი როგორც მეგობარი, ისე ურთიერთობდა კლასში, ჩვენთვის გასაგებ ენაზე გვიხსნიდა თემას, ისეთი შედარებები მოჰქონდა, რაც ჩვენი თაობისთვის ნაცნობი და უფრო გასაგებია.

ჩვენი გაკვეთილები არ იყო ერთფეროვანი, სულ რაღაც საინტერესო მოჰქონდა მასწავლებელს გაკვეთილზე და ამ ყველაფერმა განაპირობა ჩემი ინტერესი და სიყვარული ქიმიის მიმართ.“

ნატას თქმით, რესურსების ქონა ძალიან მნიშვნელოვანია სკოლებისთვის, რადგან პრაქტიკაში დანახული და გააზრებული საკითხები ბევრად შედეგიანია, ვიდრე მხოლოდ თეორიით სწავლა.

ნატა ამბობს, რომ ქიმია სამომავლოდაც დარჩება მისი საყვარელი საგნების სიაში და სურს, ბავშვების მოტივაციისთვის მეტი საინტერესო და ხელმისაწვდომი სამეცნიერო სივრცე არსებობდეს, როგორც სკოლაში, ასევე ქალაქში.

„ამერიკულ კუთხეში“, ასევე „ალტე უნივერსიტეტში“, გვეძლევა ხოლმე შესაძლებლობა, რაღაც ექსპერიმენტები ვაკეთოთ, მაგრამ ეს ფიზიკაში უფრო გვეხმარება, ვიდრე ქიმიაში, თუმცა მაინც მნიშვნელოვანია. ძალიან მინდა, სკოლაშიც იყოს მეტი მრავალფეროვნება და ხელმისაწვდომობა ამ მხრივ,“ – ამბობს ნატა.

მეცხრეკლასელი მარიამ დევაძეც მეორე სკოლის მოსწავლეა, რომელმაც ისტორიის კონკურსში გაიმარჯვა. მისი გუნდი მესამე ადგილზე გავიდა რეგიონულ ოლიმპიადაზე.

როგორც მარიამი ამბობს, წელს პირველად მიიღო ამ პროექტში მონაწილეობა და შედეგითაც კმაყოფილია.

„მსოფლიოს ისტორია ძალიან მიყვარს და, ბუნებრივია, საქართველოს ისტორიაც. განსაკუთრებით თამარის ეპოქას გამოვარჩევ, რადგან თამარი ჩემთვის მისაბაძი ქალი, ძლიერი, სამართლიანი და ჭკვიანი პოლიტიკოსია.

მან შეძლო, საქართველო გეოპოლიტიკურად საინტერესო და წარმატებული სახელმწიფო გაეხადა. პირველი ქალი მეფე იყო და არ შეუშინდა გამოწვევებს,“ – ამბობს მარიამ დევაძე.

მარიამის აზრით, საქართველოს წინსვლას ისტორიულად ყველაზე ხშირად შიდა ღალატი უშლიდა ხელს და ეს პრობლემა დღემდე დგას.

„სამწუხაროდ, ვერც წარსულისგან ვისწავლეთ, რადგან ქართველების წაგების მთავარი მიზეზი ყოველთვის ღალატის გამო.

დღეს, 21-ე საუკუნეში, რასაც ვხედავ, არის ის, რომ ქართველებს მაინც და მაინც არ გვიხარია ერთმანეთის წარმატება და ეს ძალიან მწყინს. ერთმანეთს უფრო ვერჩით, ვიდრე მტერს,“ – გვითხრა მარიამმა.

მარიამი ფიქრობს, რომ მისი თაობის ადგილს განვითარებულ და ბევრად პროგრესულ საქართველოში ხედავს. „ძლიერ და წარმატებულ ქვეყანაში მინდა ვიცხოვრო, რადგან საქართველოს ბევრი კრიტერიუმი აქვს იმისთვის, რომ იყოს პროგრესული და ძლიერი ქვეყანა.

რეალურად, ჩვენ იმაზე მეტის გაკეთება შეგვიძლია, ვიდრე ვაკეთებთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თაობა შეძლებს, უკეთესი გახდეს ეს ქვეყანა. მთავარია, შეჩერდეს მიგრაცია და ადამიანებს მოუნდეთ არა ამ ქვეყნიდან გაქცევა, არამედ აქ ცხოვრება.

უკეთესი პოლიტიკოსები რომ გვყავდეს, შეიძლებოდა ჩვენი ქვეყნის პოტენციალის უკეთ წარმოჩენა და განვითარება, რადგან ისეთ გეოპოლიტიკურ არეალში მდებარეობს ჩვენი ქვეყანა, ამის შესაძლებლობა არსებობს, თუმცა ვერ ვიყენებთ სათანადოდ ამ შესაძლებლობებს“, – გვითხრა მარიამმა.

ისტორიაში ამ ეტაპზე „გეორგიევსკის ტრაქტატის“ საკითხებს გადიან და მიიჩნევს, რომ როგორც ადრე, დღესაც ქართული სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხე არის რუსეთი.

„ყოველთვის იყო რუსეთი ჩვენი ქვეყნისთვის დაბრკოლება, მათ გვიღალატეს ერეკლეს დროსაც, როცა არ დაგვეხმარნენ კრწანისის ომში და აღა-მაჰმად-ხანს შესაძლებლობა მისცეს თბილისი გაენადგურებინა.

დღევანდელ რეალობაშიც რუსეთი ჩვენი ქვეყნის ოკუპანტია, ძალიან სასტიკი ქვეყანაა და არ იცის დანდობა. ვხედავთ, რასაც აკეთებს უკრაინაში,“ – ამბობს მარიამი.

სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებულია პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე დავით კილაძეც. მისმა გუნდმა პირველი ადგილი აიღო ისტორიის კონკურსში.

დავითს ყველაზე მეტად ბიზანტიის ისტორია აინტერესებს ამ ეტაპზე, რადგან მიიჩნევს, რომ იმ დროისთვის ყველაზე წარმატებული და ძლიერი იმპერია იყო.

საქართველოს ისტორიაში კი გიორგი სააკაძის პერიოდმა მიიქცია მისი ყურადღება.

„ბევრი წყარო შევისწავლე ამ ადამიანის შესახებ და ვფიქრობ, რომ გიორგი სააკაძე საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე დგამდა ნაბიჯებს. თუმცა ის, რომ გადამწყვეტ მომენტში ქართველი მებრძოლების მხარეს დადგა, ესეც მნიშვნელოვანია,“ – ამბობს ის.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის თემაზე კი დავითი ფიქრობს, რომ ძველად საქართველოს არ ჰქონდა დიდი არჩევანი, „რადგან მაშინ საქართველო არა მარტო პოლიტიკურ მოკავშირეს ეძებდა, არამედ ერთმორწმუნე მოკავშირესაც.

დღეს ერთმორწმუნეობას არ აქვს პოლიტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან ბევრ ქვეყანაშია რწმენის თავისუფლება. გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთმა ბევრად უფრო დიდი უფლებები დაარღვია ჩვენს ქვეყანაში, რაც სარწმუნოებაზე მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩვენს სახელმწიფოებრიობას შეეხო“, – ამბობს დავით კილაძე.

მას თავისი და მისი თანატოლების მომავალი ევროპულ სივრცეში უფრო წარმოუდგენია, ვიდრე სხვა რეალობაში.

___________________

მთავარი ფოტო: ნატა სიხარულიძე, დავით კილაძე და მარიამ დევაძე/მოსწავლეები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: