მთავარი,სიახლეები

„რუსები არიან მტრულ გარემოში, უკრაინის არტილერია კი თითქმის სწვდება ყირიმს“ – ინტერვიუ

18.11.2022 • 4265
„რუსები არიან მტრულ გარემოში, უკრაინის არტილერია კი თითქმის სწვდება ყირიმს“ – ინტერვიუ

„…ორივე მხარე მივიდა კულმინაციის წერტილამდე, განსხვავება ისაა, რომ რუსები დაღმავალი გზით უახლოვდებიან ამ წერტილს, ანუ პოტენციალის კლებით, უკრაინელები პირიქით – აღმავალი გზით,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე. მისი დაკვირვებით, ომის გარდამტეხი ეტაპი გაზაფხულზე გამოჩნდება, მანამდე კი გააჩნია, ვინ უკეთ შეძლებს თოვლში შეუმჩნევლად გადაადგილებას, ჯარისკაცების ზამთრის შესაბამისად აღჭურვას და მათთვის ცხელი საკვების მიწოდებას.

ვახტანგ კაპანაძე  განსაკუთრებულ ყურადღებას მომარაგების ხაზებზე აკეთებს, რის დაზიანებაც შესაძლოა ამჯერადაც წარმატებით შეძლოს უკრაინამ: „უკრაინის არტილერია უკვე დნეპრის ნაპირებიდან თითქმის სწვდება ყირიმის ნაწილს…“ – შენიშნავს იგი და დასძენს:

„შესაძლებელია, ალტერნატიული გზებიც გააკეთონ რუსებმა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რა დროს ახერხებ ამ გზის დაზიანებას: შეტევა უნდა განახორციელო ისე, რომ მომარაგების გზები იყო რელევანტური, თორემ თუ უბრალოდ დააზიანე, შეტევას არ ახორციელებ და იმათ გზები აღადგინეს, რა აზრი აქვს გზების განადგურებას?“ – კითხულობს ის.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, ბრიტანეთის დაზვერვის ბოლო შეფასებით დავიწყოთ: „რუსეთის არმიამ სანგრების ახალი სისტემა მოაწყო ყირიმის საზღვართან და მდინარე სივერსკი დონეცთან, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს შორის. ზოგიერთი ეს ადგილი ფრონტის ახლანდელი ხაზიდან 60 კილომეტრშია, რაც გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ რუსეთის სარდლობა უკრაინის არმიის მორიგი მსხვილი გარღვევისთვის ემზადება“. თქვენთვის რა დინამიკა იკვეთება ამ ეტაპზე ფრონტის ხაზიდან?

რუსეთი დიდი ხანია ემზადება დაკავებული ტერიტორიების დასაცავად და არა შეტევისთვის, მას შეტევის პოტენციალი აღარ აქვს.

სიღრმეები კი, რაც თქვენ დაასახელეთ, მეორე ოპერატიული ეშელონის, ან მეორე ეშელონის ბრიგადების თავდაცვის სიღრმეებია. რუსები აპირებენ იმას, რომ ნორმატიულ სიღრმეებზე განალაგონ  ქვედანაყოფები. ეს ითვალისწინებს იმასაც, რომ სიღრმეზე იყოს განლაგებული ეს სანგრები, ვინაიდან უკრაინის არტილერია
უკვე დნეპრის ნაპირებიდან თითქმის სწვდება ყირიმის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილს. ასე რომ, ეს არის სანგრები, რომლებიც ჩვეულებრივი, თავდაცვითი მოქმედებების დროს არის საჭირო ღრმა, ეშელონირებული თავდაცვისთვის. ეს პროცესი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ რუსეთი ამ ეტაპზე შეტევისთვის არ ემზადება.

  • თუმცა შეტევას განაგრძობს რუსეთი ბახმუტთან უკვე რამდენი თვეა. 

დიახ, რუსეთი ძალიან ახლოს არის მისული სოლედარსა და ბახმუტთან. ვფიქრობ, ბახმუტის და სოლედარის აღებას ალბათ შეძლებს, შემდეგ წინსვლას კი, ვეღარ შეძლებს. მას ხერსონიდან გამოყვანილი დანაყოფები სავარაუდოდ მისცემს შესაძლებლობას, რომ ამ მიმართულებით წარმატებას მიაღწიოს. ბახმუტის აღება რუსეთს სჭირდება იმისთვის, რომ რაღაც პოზიტივით მაინც დაამთავროს წინაზამთრის პერიოდი, სულ წაგებები რომ არ ჰქონდეს.

  • ამასობაში, უკრაინის მორიგ კონტრშეტევას რა შანსი აქვს, თქვენი დაკვირვებით? სვიატოვო-კრემენაიას მიმართულებით განაგრძობენ უკრაინელები კონტრშეტევას.

შეტევები გრძელდება, თუმცა სამწუხაროდ, ჯერჯერობით წარმატება არ არის. უკრაინელები ცდილობენ სვიატოვოსთან ბლოკადა გადაჭრან, ვგულისხმობ გზას, რომელიც ფრონტის პარალელურად მიედინება და რაც მომარაგების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ამ გზის გადაჭრას ცდილობენ ახლა უკრაინელები. ვნახოთ, რა გამოუვათ.

  • რუსეთის მომარაგების ხაზების დაზიანებას ელის ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტიც. ISW – ის შეფასებით, რუსული ჯარები დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ნაწილობრივ დაუცველები არიან, ხოლო უკრაინელებმა შესაძლოა მოახერხონ და დააზიანონ რუსეთის არმიის მომარაგების გზები. რამდენიმე ძირითადი სახმელეთო ხაზი უკრაინის სამხრეთში ოკუპირებული ტერიტორიებისკენ სწორედ აღმოსავლეთ ხერსონზე გადის. 

უკრაინა ეცდება თავისთავად ყველა ლოჯისტიკური ხაზი დააზიანოს… რეალურია ახლა ამის გაკეთება განსაკუთრებით, რადგან ხერსონში, მდინარის გასწვრივ უკრაინელები ძალიან უახლოვდებიან რუსეთის თავდაცვის სიღრმეებს. ღრმა ზოლს შესაძლოა ვერ დააზიანებენ, მაგრამ როცა ხერსონზეა საუბარი, ასევე დერეფანზე, რომელიც აკავშირებს რუსეთს ყირიმთან, ამ დერეფანზე წვდომაც გაეზარდათ უკრაინელებს.

შესაძლებელია, ალტერნატიული გზებიც გააკეთონ რუსებმა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რა დროს ახერხებ ამ გზის დაზიანებას: შეტევა უნდა განახორციელო ისე, რომ მომარაგების გზები იყო რელევანტური, თორემ თუ უბრალოდ დააზიანე, შეტევას არ ახორციელებ და იმათ გზები აღადგინეს, რა აზრი აქვს, გზების განადგურებას?

  • ბენ ჰოჯესის, ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაურის პროგნოზით, 2023 წლის ზაფხულისთვის უკრაინის არმია მთელი ქვეყნის დეოკუპაციას შეძლებს, აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის მეთაური, გენერალი მარკ მილი კი მიიჩნევს, რომ „უკრაინის სამხედრო გამარჯვების ალბათობა, უახლოეს მომავალში, ისე, რომ მთელი უკრაინიდან, მათ შორის, ყირიმიდანაც, განდევნონ რუსი სამხედროები, მაღალი არ არის“. თქვენი გამოცდილება რას გეუბნებათ?

მე ვიქნებოდი უფრო ფრთხილი. ჰოჯესმა რამდენჯერმე გააკეთა განცხადება, მაგრამ ზოგჯერ სურვილები არ გამოდის ისე, როგორც ჩვენ ყველას გვინდა. მე უფრო შუალედურ პოზიციას ავიღებდი: როგორც წინა ინტერვიუებში აღვნიშნე – გაზაფხულზე უნდა გამოჩნდეს გარდატეხა, რომლის შემდეგაც შეგვიძლია ვთქვათ თარიღები და თვეები: რა შედეგი იქნება მიღწეული. ჩემი აზრით, გაზაფხულის გარდატეხა გამოაჩენს ძალიან ბევრ საკითხს.

  • ბენ ჰოჯესი ასევე ფიქრობს, რომ ზამთარში უკრაინის არმია რუსეთისაზე უკეთეს პირობებში აღმოჩნდება, რადგან ისინი საკუთარ ტერიტორიაზე არიან, მათთვის უფრო მეგობრულ გარემოში. გარდა ამისა, ფაქტორებია უკრაინელთა მაღალი მოტივაცია და დასავლელი პარტნიორების დახმარებაც.

ვეთანხმები ამ მოსაზრებას სრულად, ვინაიდან რუსები დონეცკის და ლუგანსკის რამდენიმე რაიონის გარდა, არიან მტრულ გარემოში. აქ არის რამდენიმე ფაქტორი: უკრაინელებს არ უკვირთ რთული ზამთარი, მათ არანაკლებ იციან ზამთარი, ვიდრე რუსებმა. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, რომ უკრაინელები უკვე 8 წელიწადია ზამთრის პირობებში ომობენ. მათ აქვთ ზამთრის პირობებში საომარი მოქმედებების წარმოების გამოცდილება.

აქ მთავარია, როგორ იქნებიან მომზადებული საბრძოლო დანაყოფები საომარი მოქმედებებისთვის. რა თქმა უნდა, ბუნებას შეაქვს გარკვეული კორექტივები: ზამთრის პირობებში რთულია შენიღბვა, თუმცა ამავდროულად გაზრდილია ღრუბლიანობა, ნისლი… ასევე, შემცირებულია ნათელი დღეების საათები. მებრძოლს ამ დროს სჭირდება შესაბამისი გათბობის საშუალებები, ცხელი საკვებით უზრუნველყოფა და შესაბამისი აღკაზმულობა.

რომელი მხარეც უფრო წარმატებით მოახერხებს ამ ყველაფრის ორგანიზებას, წარმატებაც მის მხარეს იქნება.

უკრაინელებს ამ ეტაპზე ნამდვილად აქვთ უპირატესობა: მათ მთელი ევროპა ეხმარება, ზამთარი მათთვის უცხო არ არის და ზამთარში ბრძოლის გამოცდილებაც აქვთ.

  • რა მოლოდინი არსებობს უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით? მიაწვდიან დასავლელი პარტნიორები უკრაინას მეტი რაოდენობით „აბრაამსებს“ და „ლეოპარდებს“, რაც უკრაინას ფართომასშტაბიანი კონტრშეტევისთვის სჭირდება? 

მე, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ დასავლეთიდან დიდ ინტერესს, რომ უკრაინას შეტევითი იარაღი მიაწოდონ შესაბამისი რაოდენობით. დასავლეთი აშკარად ცდილობს, საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის საშუალებები მიაწოდოს უკრაინას. ჯავშანტექნიკა, „ლეოპარდი“ იქნება ეს, თუ „აბრაამსი“, ეს შეტევითი იარაღია და აუცილებლად სჭირდება უკრაინას ფართომასშტაბიანი კონტრდარტყმისთვის.

  • დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურის განადგურება რუსეთის სტრატეგიის უმნიშვნელოვანეს ელემენტად იქცა. მსგავსი მასშტაბური სარაკეტო შეტევები უკიდურესად ამცირებს ფრთოსანი რაკეტების მარაგს, თქვენი აზრით, რა გათვლით უღირს მოსკოვს ასეთი თავდასხმების გაგრძელება?

იმ რაკეტებს, რომელსაც იყენებს რუსეთი, X ტიპის ფრთოსანი რაკეტებია და დიდი რაოდენობით აქვს მომარაგებული რუსეთს, მოძველებულია, ნაკლები სიზუსტის მქონეა, მაგრამ ლეტალურია. ამის რაოდენობა რუსეთს აქვს. პრობლემა რუსეთს აქვს მაღალი სიზუსტის იარაღებში.

ვფიქრობ, ეს სარაკეტო თავდასხმის სერიები ისევ ექნება რუსეთს, რაც უფრო მოახლოვდება ზამთარი. რუსეთი ცდილობს, გამოიწვიოს ე.წ. სტრატეგიული პარალიზება, როცა უკრაინა ვერ შეძლებს ეკონომიკურად, ასევე სამხედრო თვალსაზრისით გამოიყენოს თავისი პოტენციალი. გამოუვა თუ არ გამოუვა, არ ვიცი.

რუსეთს ასევე აქვს ჩაფიქრებული, რომ ზემოქმედება მოახდინოს ამ გზით უკრაინის მოსახლეობაზე, რომელიც მოითხოვს ომის შეჩერებას.

  • თუმცა ჩანს, რომ ეს არ გამოსდის რუსეთს. ჩაბნელებულია უკრაინის ქალაქები, სადაც ვერ თბებიან ადამიანები, მაგრამ უკრაინული სოციალური ქსელების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უკრაინელები არ ბრაზობენ საკუთარ ხელისუფლებაზე. შეძლებენ რუსები ამის დანახვას და პოლიტიკის შეცვლას, თუ მათი სტრატეგიის ნაწილი ისევ იქნება საცხოვრებელი სახლების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვა?

ჯერ ზამთარი არ დამდგარა, უნდა ველოდოთ ზამთრის ყინვებს, თუმცა უკრაინელების საბრძოლო სულისკვეთება არ დაცემულა და არც დაეცემა, დიდი იმედი მაქვს. უკრაინას აქვს წარმატება და ეს მატებს მათ ძალას, გამძლეობას… ჩვენც გადავიტანეთ 90-იანი წლები, უშუქობა, გათბობის გარეშე ცხოვრება წლობით, უკრაინელებიც გადაიტანენ ამას, ნაკლებად არ არიან ამას მიჩვეულები, მაგრამ ყინვებში დარჩენა ცოტა სხვა არის, შედარება არ შეიძლება.

რუსეთის მიზანია ამავდროულად აღმოსავლეთ ევროპის მოსახლეობა, სადაც ისეთი ერთიანობა არ არის, როგორც ეს უკრაინაშია. ევროპის ქვეყნებში აქტიურად მუშაობს რუსეთის ფული, რუსული ლობი. ყველა არჩევნები ევროპის ქვეყნებში მიმართულია სოციალური პრობლემების გადაწყვეტაზე. რუსეთს, ჩემი აზრით, აქვს ეს გათვლა, რომ თუ უკრაინა არა, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მაინც მოუწოდებს მოსახლეობა მთავრობებს, რომ აიძულონ ზელენსკი, მოლაპარაკების მაგიდაზე დაჯდეს.

  • რეალურად რა მარაგები შეიძლება ჰქონდეს რუსეთს, რომ მსგავსი თავდასხმები კიდევ დიდხანს განაგრძოს? მასირებული სარაკეტო თავდასხმების შემდეგ რუსი პროპაგანდისტები აშარჟებდნენ დასავლეთს იმის შესახებ, რომ მათი ინფორმაცია რუსეთში ამ იარაღის დეფიციტზე არის დეზინფორმაცია. 

ადრეც ვამბობდი და გავიმეორებ: საბჭოთა წარმოების იარაღით სავსეა რუსეთი. დეფიციტია თანამედროვე, მაღალი სიზუსტის იარაღი. მას შეუძლია დარტყმები განახორციელოს, თუმცა არა თანამედროვე იარაღით.

ასევე ნუ დაგვავიწყდება რუსეთის მოლაპარაკებები ირანთან, არ არის გამორიცხული, გამოჩნდეს ირანული ბალისტიკური რაკეტებიც, ან ჩრდილოეთ კორეული წარმოების რაღაც გამოჩნდეს. არ უნდა ვიყოთ იმის იმედად, რომ რუსეთს გაუთავდება იარაღი და მორჩა, დამთავრდა ომი.

უკრაინა აუცილებლად უნდა გააძლიეროს დასავლეთმა ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო საშუალებებით. ის რაოდენობა, რასაც უკრაინა იღებს დასავლეთიდან, მიუხედავად მისი მაღალი ეფექტისა, არ არის საკმარისი. რაოდენობა კი, ამ შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ჯერჯერობით ვერ ვხედავ იმის ნიშნებს, რომ დასავლეთი მზადაა, ერთდროულად, დიდი რაოდენობით, ჯავშანტექნიკა გადასცეს უკრაინას. ცის ჩაკეტვა არ იქნება, მაგრამ რასაც ახლა აკეთებს დასავლეთი, არის ის, რომ ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო საშუალებებით ამარაგებს უკრაინას. დიდი რაოდენობით რაკეტები მაინც ეცემა უკრაინაში, რაც აჩვენებს, რომ მიწოდებული ტექნიკა არასაკმარისია. სრულად ვერ დაკეტავენ ცას, ეს გამორიცხულია, მაგრამ შესაძლებელია მნიშვნელოვნად გაძლიერება.

  • ცის დაცვის კუთხით უკრაინის გაძლიერება, რა სახის უპირატესობას ქმნის სამხედრო თვალსაზრისით, თანაც იმ მოცემულობაში, რაც ახლა აქვთ უკრაინელებს? 

ამ მოცემულობაში არის აუცილებელი უკრაინელებისთვის ცის დაცვის გაძლიერება, რადგან ამ მიწოდებულ საშუალებებს აქვს თავისი რესურსი და მას სჭირდება განახლება.

ამ ეტაპზე იკვეთება ის, რომ ორივე მხარე მივიდა კულმინაციის წერტილამდე, განსხვავება ისაა, რომ რუსები დაღმავალი გზით უახლოვდებიან ამ წერტილს, ანუ პოტენციალის კლებით, უკრაინელები პირიქით – აღმავალი გზით. ორივე მხარეს სჭირდება გადაჯგუფება, დამატებითი რესურსები, მობილიზაცია. გამომდინარე ლოგიკიდან, ვამბობ, რომ ორივე მხარე ეცდება, გააძლიეროს თავისი შესაძლებლობები, რათა გაზაფხულისთვის მოემზადონ.

რუსებს სამხედრო – საბრძოლო პოტენციალი დაქვეითებული აქვთ: არ შეუძლიათ ჰაერში ბატონობის მოპოვება, ასევე შეტევითი დარტყმითი საშუალებები, უკან იხევს და თავდაცვაშია. რუსეთმა ხალხის რაოდენობა კი დაიმატა, მაგრამ ეს არ მატებს მას ხარისხობრივ-ტექნიკურ უპირატესობას, რაც გააჩნია უკრაინას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: