მთავარი,სიახლეები

კრემლს მობილიზაცია არ შეუწყვეტია და ახლა მორიგ ტალღას ელოდება – ISW

19.11.2022
კრემლს მობილიზაცია არ შეუწყვეტია და ახლა მორიგ ტალღას ელოდება – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) დასკვნით, რუსეთს მობილიზაციის ახალი ტალღა ელოდება, რადგან კრემლს მობილიზაცია არ შეუჩერებია და რეზერვისტების გაწვევას ამ ხნის განმავლობაში ფარულად განაგრძობდა.

„ფარული მობილიზაციის გაგრძელება და მობილიზაციის მომდევნო ტალღისთვის მზადება, მიმდინარე საშემოდგომო გაწვევასთან ერთად, სავარაუდოდ, მძიმე ტვირთად აწვება რუსეთის შეიარაღებული ძალების ისედაც გადატვირთულ აპარატს,“ – წერს ISW.

ექსპერტები იხსენებენ იმ ფაქტსაც, რომ „ნაწილობრივი მობილიზაციის“ შეწყვეტაზე პუტინს ბრძანება არ გამოუცია, კრემლის განცხადებით, გაწვევის ფორმალურად დასრულებას ეს არ სჭირდებოდა. ISW-ის შეფასებით, პუტინმა მობილიზაციის ტემპების დროებით შეანელა, რათა ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული პოტენციალი საშემოდგომო გაწვევისთვის გამოეთავისუფლებინა.

„თუმცა ცხადია, რომ რუსეთის ხელისუფლებას არც არასდროს შეუწყვეტია მობილიზაცია, ეს კი ნიშნავს, რომ გაწვეულების შედარებით შეზღუდული რაოდენობა მაინც გადის მომზადებას, პარალელურად კი წვრთნებს გადიან სავალდებულო სამსახურის ახალწვეულებიც,“ – აღნიშნავენ ექსპერტები, რომელთა ვარაუდითაც, მობილიზაცის მომდევნო ტალღა, კიდევ უფრო დაბალი ხარისხით მომზადებულ რეზერვისტებსა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის ახალწვეულებს გამოუშვეს.

ISW-ის სხვა მთავარი მიგნებები:

  • ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (აესს) განაცხადა, რომ არ აღიარებს რუსეთის უკანონო მფლობელობას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და შესაბამისად უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიის ანექსიას;
  • სოციალურ მედიაში 18 ნოემბერს გავრცელებული ვიდეო აჩვენებს, როგორ უხსნის ერთი რუსი სამხედრო ცეცხლს უკრაინელ ჯარისკაცებს, მაშინ როდესაც სხვა რუსი სამხედროები ტყვედ ბარდებიან;
  • სვატოვო-კრემენაიას ხაზზე უკრაინელთა კონტრშეტევის პარალელურად, რუსეთის ძალები ლუგანსკის ოლქში დაკარგული პოზიციების დაბრუნებას ცდილობენ;
  • რუსეთის არმია განაგრძობდა სახმელეთო შეტევებს ბახმუტსა და ავდეევკასთან და დონეცკის ოლქის აღმოსავლეთით;
  • რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება და სამხედრო სარდლობა აშკარად შეშფოთებულია სამხრეთ უკრაინაში უკრაინელთა მორიგი კონტრშეტევით;
  • ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებებმა ფილტრაციის ზომები გაამკაცრეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: