მთავარი,სიახლეები

„ოზთურქის ბინებს აღარ ვითხოვთ“ – აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

17.11.2022 • 1632
„ოზთურქის ბინებს აღარ ვითხოვთ“ – აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

„ვითხოვთ ბინებს, წლებია უსახლკაროდ ვართ“ – ამ მოთხოვნით დღეს, 17 ნოემბერს, აჭარის მთავრობის  სახლთან შეკრებილმა ადამიანებმა აქცია გამართეს.

„13 წელია ბათუმში, ნაქირავებში ვცხოვრობთ მე და ჩემი ქმარი,“ – გვიყვება აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გუგული ბერიძე, – „ძალიან გვიჭირს, ბინის ქირა 200 ლარია, ვეღარ ვიხდით. მეეზოვედ ვმუშაობ და კიდევ პენსია გვაქვს… მანამდე, ქობულეთში ვცხოვრობდით, სოფელ კვირიკეში, მაგრამ იქ ჩვენი სახლი სიძველისგან დაიშალა, აღარ იცხოვრებოდა. ქობულეთის მერია ვერ დაგვეხმარა. შვილი მყავს, მაგრამ ის ცოლის ოჯახში ცხოვრობს, ვერც კი ვნახულობ,“ – აღნიშნა მან.

აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილი ადამიანები სხვადასხვა მიზეზით დარჩნენ უსახლკაროდ. ისინი ისეთი პროგრამის შემუშავებას ითხოვენ, რომელიც მათ სახლ-კარის შეძენის საშუალებას მისცემს.

იმავე ადამიანებმა ბათუმში წელს, ზაფხულშიც გამართეს აქცია ბათუმის მერიასთან. მაშინ ისინი ითხოვდნენ გოგოლის ქუჩაზე უკანონოდ აშენებული 9 კორპუსის გადაცემას. აქციის მონაწილეებმა გვითხრეს, რომ დღეს ეს მოთხოვნა აღარ აქვთ.

ამჟამად მილიონერი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი, ვისი საკუთრებაც არის უკანონო კორპუსები, დაკავებულია.

„ოზთურქის ბინებს აღარ ვითხოვთ… რა ვიცი, დავწერეთ მაშინ განცხადება, ხელი მოვაწერეთ და პასუხიც ვერ მივიღეთ… სხვისი საკუთრება კი არის, მაგრამ მთავრობამ ხომ წაართვა? მე ასე გავიგე ეს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ აქციის კიდე ერთი მონაწილე, თამილა ირემაძე. მან ვერ გვითხრა, რატომ აღარ არის იგივე მოთხოვნა აქტუალური ახლა.

„ჩვენ 9 წელია ვცხოვრობთ ნაქირავებში… მაჭახლის ხეობაში ცხოვრობდა ჩემი ქმარი, გასაყოფი იყო და წამოვედით, ქირაში 300 ლარს ვიხდით, სოციალური დახმარება გვაქვს, სასადილოთი ვსარგებლობთ, პენსიას ვიღებ ასევე, როგორც შშმ პირი.

გავიგე ასე, რომ შეიძლება ბინები მოგვიწიოსო და გავერთიანდი ფუხარაში, ეს მოძრაობა მერაბ ბლადაძემ დააფუძნა და ფეისბუქჯგუფი არსებობს,“ – გვითხრა თამილა ირემაძემ.

„ეს გამაფრთხილებელი აქციაა, მასშტაბურ აქციას გავმართავთ. აქ მოვედით იმიტომ, რომ მერიასთან შეკრებას აზრი არ ჰქონდა, ისეთი გადაწყვეტილება მიიღეს… არ არსებობს ადამიანი, რომელიც დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს, რაც მერიამ შეიმუშავა,“ – ამბობს მერაბ ბლადაძე, აქციის ორგანიზატორი. ის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატია.

მერაბ ბლადაძესაც ვკითხეთ, ისევ ითხოვენ თუ არა გოგოლის ქუჩაზე უკანონოდ აშენებული კორპუსების უსახლკარო ადამიანებისთვის გადაცემას.

„ხელისუფლებამ მისცა ასეთი ინტერპრეტაცია, თითქოს ჩვენ ვითხოვდით ამ ბინების ჩამორთმევას ოზთურქისთვის. ეს ასე არ არის,“ – გვითხრა მერაბ ბლადაძემ, – „ჩვენ გავიგეთ, რომ მერია ითხოვდა სასამართლოში უკანონოდ აშენებული კორპუსების დემონტაჟს, ამიტომ ვთქვით, რომ მიეცათ ოზთურქისთვის სხვა საკუთრება და იქ იმდენი შენობაა, თუკი ის გადაეცემოდა უსახლკარო ადამიანებს, მთელი აჭარის პრობლემა მოიხსნებოდა.

თვითონ ოზთურქმა უნდა გადაწყვიტოს ეს, მისი საკუთრებაა. თუ ის ამ ნაბიჯს გადადგმას, ეს ადამიანები მაშინ ქირას გადაუხდიან ოზთურქს და გამოისყიდიან.

დაახლოებით 3 ათასი ადამიანია დღეს აჭარის რეგიონში უსახლკაროდ, ზუსტი მონაცემები არ არის, ამას სჭირდება კომისიის შექმნა და შესწავლა. თუ ამ ადამიანებს არ დავეხმარებით, ისინი მუდმივად ღია ცის ქვეშ დარჩებიან, ჩვენ კი, კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ვართ სოციალური სახელმწიფო. მთლიანად საქართველო იხრჩობა კორუფციის მორევში და ასეთი ხალხისთვის არავის სცალია,“ -აღნიშნა მერაბ ბლადაძემ „ბათუმელებთან“.

აქციაზე ასევე იყვნენ ადამიანები, რომლებიც ქობულეთში „მამაპაპისეული მიწების დაკანონებას“ ითხოვენ.

აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: