მთავარი,სიახლეები

მე ვერ ვირჩევ, როდის მოვკვდები, მაგრამ ვირჩევ, როგორ ვიცხოვრო – მებრძოლი ცნობილი ფოტოდან

26.09.2022 •
მე ვერ ვირჩევ, როდის მოვკვდები, მაგრამ ვირჩევ, როგორ ვიცხოვრო – მებრძოლი ცნობილი ფოტოდან

ფოტოზე ჩანს კაცი, გაბურძგნილი თმითა და წვერით, სახეს ღიმილი და მოლურჯო-მომწვანო თვალები უნათებს. ცალ ხელში, რომელიც შეხვეულ-ჩამოკიდებული აქვს და ზედ რკინის აპარატი უკეთია, ჭიქა უჭირავს, მეორეში – კოვზი და თან ფოტოგრაფს ორ თითს უჩვენებს –  გამარჯვების ნიშანს.

ეს კაცი მიხაილო დიანოვია, რომელიც უკრაინამ პირველად მაშინ გაიცნო, როდესაც ევაკუაციამდე ორიოდ დღით ადრე, დმიტრო კოზაცკის „აზოსვტალში“ გადაღებული ფოტოები გამოქვეყნდა. იმ დროს „აზოვსტალში“ უკვე აღარც მედიკამენტები იყო, აღარც საკვები და აღარც გადარჩენის იმედი.

მიხაილოს ფოტო მედიაში და სოციალურ ქსელებში მეორედ უკვე რამდენიმე დღის წინ, რუსეთის ტყვეობიდან მისი დაბრუნების შემდეგ გავრცელდა.

ძვლებამდე გამხდარია, დაზიანებული ხელი უმძიმეს მდგომარეობაში აქვს, ქუთუთოები ისე აქვს დასიებული, ლამის მთელ სახეს უფარავს – რომ არა ღიმილი და უცნაურად განათებული მოლურჯო-მომწვანო თვალები, რომლებიც ახლა კიდევ უფრო დიდი უჩანს, შეიძლება ვერ იცნოთ, რომ ეს სწორედ ის კაცია, დმიტრო კოზაცკის ცნობილი ფოტოდან.

საზღვაო ქვეითთა 36-ე ცალკეული ბრიგადის სერჟანტი, 42 წლის მიხაილო დიანოვი ბას-გიტარისტია. ტერნოპილში დაიბადა, მუსიკალური სკოლაც იქ დაამთავრა, ფორტეპიანოს განხრით – ოცნებობდა მუსიკოსობაზე, სცადა უამრავი სხვადასხვა საქმე, თუმცა საბოლოოდ, საკუთარი თავი არმიაში იპოვა.

„არ გამკვირვებია, როდესაც მიშა არმიაში წავიდა. სულ საკუთარ თავს ეძებდა, იცოდა, რომ დღეს შეიძლებოდა აქ ყოფილიყო, ხვალ კი რადიკალურად სხვანაირ ადგილას და სხვა საქმე ეკეთებინა,“ – იხსენებს მისი კოლეგა და მეგობარი ვლადიმირ გავრილიუკი.

18 წელია მეგობრობენ. ოდესღაც ერთად მუშაობდნენ სავაჭრო აგენტებად. ბოლო წლებში, ვლადიმირს უცხოეთში სამკურნალოდ ჰყავდა შვილი, რომელსაც ლეიკემია აქვს.

„მიშა ყოველთვის ძალიან გვეხმარეობდა. ფრონტიდანაც მირეკავდა, ჩვენს ამბავს კითხულობდა. მეუბნებოდა, მე ვიბრძოლებ, შენ ბავშვს მიხედე. ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთო.

ვლადიმირი ჰყვება, რომ მიხაილომ ბევრი სამსახური გამოიცვალა, ხან ადმინისტრატორი იყო, ხან აგენტი, ხან რა და ხან რა, „მერე კი რაღაც მომენტში თქვა, რომ არაფერი ამ საქმეებიდან მისი არ იყო“ და არმიაში წავიდა.

„აბსოლუტური სმენა აქვს. მუსიკოსის კარიერაზე ოცნებოდა, ბას-გიტარისტობაზე. შემოქმედებითი ადამიანია, ყველა გაოცდა, როდესაც საომრად წავიდა,“ – იხსენებს მიხაილოს კიდევ ერთი მეგობარი იგორ შვედიკი, რომელსაც მასთან მუსიკა აკავშირებდა. – „ტერნოპილის როკ-კლუბში დავდიოდით, ჯერ კიდევ ნახევრად საბჭოთა კავშირი იყო და მიწისქვეშეთში ვუკრავდით.“

მიხაილო დიანოვი/ფოტო: ფეისბუქიდან

მიხაილოს უმცროსი და ოლენა ჰყვება, რომ ძმა ღირსების რევოლუციის შემდეგ ძალიან შეიცვალა, – „მაშინ მიხვდა, რომ ეს ბრძოლა არც დღეს დამთავრებოდა და არც ხვალ.“

მაშინ წავიდა მიხაილო ფრონტზე მოხალისედ. ჯერ 79-ე ბრიგადაში მოხვდა, შემდეგ კი 36-ე ბრიგადის საზღვაო ქვეითი გახდა. მარიუპოლთან მსახურობდა.

„როდესაც ჩემი ძმის ფოტო დავინახე, ტელეფონი ხელიდან გამივარდა,“ – იხსენებს ოლენა დმიტრო კოზაცკის ფოტოს.

მის გამოქვეყნებამდე ორი დღით ადრე, ოლენამ უცხო ნომრიდან შეტყობინება მიიღო – სწერდნენ, რომ მიხაილო ცოცხალი იყო. მანამდე, თითქმის მთელი თვის განმავლობაში, ძმაზე არაფერი გაეგო.

24 თებერვლის შემდეგ მიხაილო ყოველდღე რეკავდა ან მოკლე შეტყობინებებს გზავნიდა – „ცოცხალი ვარ“, „ყველაფერი კარგადაა“, 5 მარტის შემდეგ კი კავშირი გაწყდა.

„8 აპრილს დაურეკა ჩემს ქმარს, თუმცა არ უთქვამს, სად იყო. შემდეგ 14 აპრილს დარეკა და მაშინ გავიგეთ, რომ „აზოვსტალში“ იყო. ვერ გადმოვცემ, როგორი ხმა ჰქონდა, ბოლო ძალებს იკრებდა, რომ დაგვლაპარაკებოდა,“ – ამბობს ოლენა.

მაშინ გაიგეს, რომ დაჭრილი იყო – ორივე ფეხში, მარჯვენა ხელის ძვალი კი მთლიანად დამსხვრეული ჰქონდა.

უკრაინული გამოცემა Hromadske მიხაილოს მკითხველისთვის უკეთ გასაცნობად მის 2020 წლის 6 თებერვლის ფეისბუქ სტატუსს იხსენებს:

„მე შეიძლება მოვკვდე ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას – ეს ჩემი არჩევანი არაა, მაგრამ ჩემი არჩევანია – როგორ ვიცხოვრებ. თუ გარშემო რაიმე ცუდი ხდება, შეიძლება არაფერი გააკეთო, ან გააკეთო რამე. არაფრის კეთება მე უკვე ვცადე“.

„მე დავბრუნდი“ – დაწერა რამდენიმე დღის წინ მიხაილომ ფეისბუქზე და ყველა გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა.

ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ

მიხაილო დიანოვი ერთ-ერთია იმ 215 ადამიანს შორის, რომლებიც რუსეთის ტყვეობიდან 22 სექტემბერს ღამით გაათავისუფლეს.

„აზოვსტალის“ მცველები, უკრაინის მხარეს მებრძოლი ათი უცხოელი, პოლკ „აზოვის“ 108 მებრძოლი და 5 მეთაური – დენის პროკოპენკო, სერგეი ვოლინსკი „ვოლინა“, სვიატოსლავ პალამარი, დენის შლეგა, ოლეგ ხომენკო უკრაინამ პუტინის ახლობელ ოლიგარქში, ვიქტორ მედვედჩუკში და 55 რუს სამხედრო ტყვეში გაცვალა.

მიხაილო დიანოვი ამჟამად კიევის სამხედრო ჰოსპიტალშია. როგორც მისმა დამ, ოლენამ „უკრაინსკა პრავდას“ უთხრა, ჯერჯერობით მისთვის ოპერაციის გაკეთება შეუძლებელია.

„პირველ რიგში, წონაში უნდა მოიმატოს. ეს ახლა მთავარია, რადგან მისი ფიზიკური მდგომარეობა არ იძლევა ოპერაციის გაკეთების საშუალებას. შეიძლება საშიში იყოს მისი ჯანმრთელობისთვის. ახლა ცოტა უნდა მოძლიერდეს“, – ამბობს ოლენა და დასძენს, რომ მიხაილომ ტყვეობაში თავისი ნორმალური წონის 30% დაკარგა.

ტყვეობაში ყოფნისას მიხაილოსთვის არანაირი სამედიცინო დახმარება არ გაუწევიათ, მეტიც, მისი მდგომარეობა გაუარესდა, რადგან ოლენას თქმით, მას ხელიდან „აზოვსტალში“ დაყენებული აპარატიც მოხსნეს:

„აპარატი ხელიდან ბრტყელტუჩათი მოხსნეს, ყოველგვარი ნარკოზის, ყოველგვარი გაყუჩების გარეშე – ჟანგიანი ბრტყელტუჩათი. ხელიდან ეს მეტალი ასე გამოძრეს… ასეთი იყო მათი დახმარება“.

სოციალურ ქსელებში მიხაილოს ფოტოს გამოქვეყნებისა და დახმარებისკენ მოწოდების შემდეგ, ტყვეობიდან დაბრუნებული მებრძოლის სამკურნალოდ უკრაინელებმა ერთ საათში რამდენიმე მილიონი გრივნა შეაგროვეს.

_____

მთავარ ფოტოზე: მიხაილო დიანოვი “აზოვსტალში”/ დმიტრო კოზაცკის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: