მთავარი,სიახლეები

როდის მორჩება ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია – 6,6 მილიონის სამუშაო გეგმა-გრაფიკის გარეშე

19.11.2022 • 1285
როდის მორჩება ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია – 6,6 მილიონის სამუშაო გეგმა-გრაფიკის გარეშე

ბათუმში ბაგრატიონის ქუჩა ამჟამად მელიქიშვილის ქუჩის კვეთასთან ცალმხრივად გადაკეტილია. აქ სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ნიუპოვერი“ ატარებს. კომპანია მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერში გამარჯვებულად გამოავლინა და მასთან ხელშეკრულება 6,6 მილიონ ლარზე გააფორმა.

როდის დასრულდება სამუშაოები და როდის გაიხსნება ქუჩის ეს მონაკვეთი – მერიის სამმართველოში ინფორმაცია არ აქვთ. ამის თქმის საფუძველს ის გვაძლევს, რომ სამმართველომ მიმდინარე სამუშაოების გეგმა-გრაფიკი არ მოგვაწოდა. მეტიც, გეგმა-გრაფიკი კომპანიისთვის სამმართველოს უნდა მოეთხოვა, თუმცა არ მოუთხოვია.

ბათუმი, ბაგრატიონის ქუჩა / 19.11.2022

„ბათუმელები“ დაინტერესდა ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციის გეგმა-პროექტით, სადაც ამ ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები [გადაკეტვის მონაკვეთების და მიმდინარე სამუშაოების ვადის მითითებით] დროში დეტალურად იქნებოდა გაწერილი.

მერიის სამმართველოში გეგმა-გრაფიკის მისაღებად ოფიციალური წერილობითი მიმართვა მოგვთხოვეს, ჩვენი წერილის მიღებიდან ერთ კვირაში კი, გეგმა-გრაფიკის მოწოდების ნაცვლად მოგვწერეს, რომ სამუშაოები 2023 წლის 30 ივნისამდე უნდა დასრულდეს:

„თქვენი წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსა“ და შპს „ნიუპოვერს“ შორის 2022 წლის 29 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებით, ბაგრატიონის ქუჩის – [შარტავას წრიულიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთი] სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ვადად განსაზღვრულია 2023 წლის 29 ივნისის ჩათვლით პერიოდი.“

სამმართველოს გეგმა-გრაფიკი გამეორებით მოვთხოვეთ, თუმცა პასუხი მაინც ვერ მივიღეთ.

როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ბაგრატიონის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების [რაშიც 6,6 მილიონი ლარი იხარჯება ბიუჯეტიდან] დროში, თუნდაც თვეების მიხედვით გაწერილი გეგმა-გრაფიკი არ არსებობს. ჩვენი ინფორმაციით, მრავალმილიონიან სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია მერიის სამმართველოსთან ზეპირი შეთანხმებით ახორციელებს.

„როგორც ასეთი, თვეების მიხედვით გაწერილი გეგმა-გრაფიკი არ არის, თუმცა სამუშაოებს სამმართველოსთან შეთანხმებით ვახორციელებთ… გეგმა-გრაფიკის არქონა, ჩვენი მხრიდან არ არის ხელშეკრულების დარღვევა“ – გვითხრეს კომპანიაში.

ბათუმი, ბაგრატიონის ქუჩა / 19.11.2022

მერიის სამმართველოსა და „ნიუპოვერს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, „შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია 10 კალენდარული დღის ვადაში წერილობითი ფორმით შემსყიდველს წარუდგინოს პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი.“

მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს, როგორც შემსყიდველს, კომპანიისთვის გეგმა-გრაფიკი არ მოუთხოვია.

„გეგმა-გრაფიკის, როგორც ასეთის მოთხოვნა სამმართველოსგან ამ დრომდე არ ყოფილა“ – უთხრეს „ბათუმელებს“ „ნიუპოვერში“.

რატომ არ მოსთხოვა ამ დრომდე კომპანიას გეგმა-გრაფიკი მერიის სამმართველომ, ამაზე პასუხი სამმართველოსგან არ გვაქვს.

ასეთი გეგმა-გრაფიკის არსებობის შემთხვევაში კი, იმავე ხელშეკრულებით, ადვილი იქნებოდა კონტროლი, რა სამუშაოებს ასრულებს კომპანია ქუჩის გარკვეულ მონაკვეთებში და რა პერიოდი სჭირდება მას ამისთვის; ამასთან, ჩამორჩება თუ არა სამუშაოები გეგმა-გრაფიკს, რაც მთლიანი სამუშაოს დროულად დასრულების პროგნოზის მანიშნებელი იქნებოდა.

გეგმა-გრაფიკის დარღვევისთვის ხელშეკრულება კომპანიის დაჯარიმებასაც ითვალისწინებს, სამმართველო კი, ამ გეგმას, კომპანიისგან არ ითხოვს.

ბათუმი, ბაგრატიონის ქუჩა / 19.11.2022

„სამუშაოები, განსაზღვრულ მონაკვეთზე უნდა შესრულდეს ისე, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეზღუდვა. აქედან გამომდინარე, ყველა ეტაპზე შემსყიდველთან შეთანხმებული უნდა იქნას სამუშაოს დაწყება.“ – აღნიშნულია ამავე ხელშეკრულებაში.

როდის გაიხსნება ბაგრატიონის ქუჩის დღეს გადაკეტილი მონაკვეთი [მელიქიშვილის კვეთასთან]? ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არც სამმართველოსგან გვაქვს და არც კომპანიისგან.

„ამჯერად მიდის მიწისქვეშა სამუშაოები… ასევე შეიცვალა გრუნტი 2,8 მეტრ სიღრმეზე [მაქ ჭაობი იყო და მაგიტომ იყო ფილები დაწყობილი] და თუ ტექნიკასთან ერთად, დამატებით, ასე ვთქვათ, ბუნებრივადაც არ მივაღებინეთ ჯდენა, შემდგომ ხარისხზე იქნება პრობლემა. ამიტომ, გვინდა რომ მაქსიმალურად ხარისხიანად გავაკეთოთ და ამაზე ვართ ორიენტირებული.

ტრანსპორტის მოძრაობა მაქ მონაკვეთში გაიხსნება, თუმცა, გარკვეული შეზღუდვები იქნება – მანქანები იმოძრავებს მაგრამ გრუნტის გზა იქნება დროებით, ასფალტს ვერ დავაგებთ… ასფალტის დაგება, ბორდიური, ტროტუარი – ნაახალწლევს გავაკეთებთ, შესაბამის კლიმატურ პირობებში“ – გვითხრეს კომპანიაში.

„ნიუპოვერში“ ისიც გვითხრეს, რომ მათი წინასწარი გათვლებით, სამუშაოებს მთლიანობაში გაცილებით ადრე დაამთავრებენ, ვიდრე ხელშეკრულებითაა განსაზღვრული.

„2022 წლის 03 ნოემბრის მდგომარეობით ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოებზე მიმწოდებელს ჯამში შესრულებული აქვს 1 680 852 ლარის ღირებულების სამუშაოები.“ – მოგვწერეს მერიის სამმართველოდან 2022 წლის 15 ნოემბერს.

აღნიშნული დროისთვის კი, შესყიდვების პორტალის მიხედვით, კომპანია „ნიუპოვერზე“ ხელშეკრულების თანხის [6 688 869 ლარის] 51 პროცენტი უკვე გადარიცხული იყო – სულ 3 391 396 ლარი [აქედან 2 მილიონი ლარი კომპანიას სექტემბრის ბოლოს ავანსად ჩაურიცხეს].

ბათუმი, ბაგრატიონის ქუჩა / 19.11.2022

ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციაზე ბათუმის მერიამ 8,6 მილიონი ლარის ხელშეკრულება 2021 წლის მარტში კომპანია „ზიმო 7“-თან გააფორმა. კომპანიამ სამუშაოები 2022 წლის დასაწყისში შეწყვიტა. ბაგრატიონის ქუჩა ავარიულ მდგომარეობაში, ხოლო ჯავახიშვილისა და შარტავას ქუჩებს შორის მონაკვეთი ცალმხრივად გადაკეტილი დარჩა.

მერიაში მაშინ განაცხადეს, რომ „ზიმო 7“-მა 2,7 მილიონის სამუშაოები შეასრულა. ახალი ხელშეკრულება კი მერიამ, ხელახალ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან – „ნიუპოვერთან“, 2022 წლის 29 ივნისს, 6,6 მილიონ ლარზე გააფორმა.

ქუჩაზე სამუშაოები განახლდა, თუმცა, პარალელურად, ბაგრატიონის ქუჩაზე, აგვისტოს თვეში ორმოები ასფალტით ამოავსეს.

„ასფალტის დაკერებას რაც შეეხება, ვინაიდან მოძრაობა ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთში აკრძალული არ არის, დაზიანებული ადგილები კომპანიამ [ნიუპოვერმა] დროებით შეაკეთა. სამუშაოები კომპანიის ხარჯებით შესრულდა და დამატებითი თანხა ქალაქის ბიუჯეტიდან არ იხარჯება.

გზის დროებით მოასფალტებული მონაკვეთები ტენდერში გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ეტაპობრივად აუცილებლად შეკეთდება კაპიტალურად“, – გვითხრეს მაშინ მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში:

ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია შეჩერდა – იქნება ახალი ტენდერი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: