ბათუმი,სიახლეები

აჭარის მაღალმთიანი სოფლების გაზიფიცირება – რაში დაიხარჯება 10 მილიონი

18.11.2022 •
აჭარის მაღალმთიანი სოფლების გაზიფიცირება – რაში დაიხარჯება 10 მილიონი

დაბა ხულოდან კურორტ გოდერძიმდე ცენტრალურ გაზსადენს, ხოლო ხელვაჩაურის ხუთ სოფელში შიდა ქსელს კომპანია „ენერჯი ინვესტი 2009“ ააშენებს. სამუშაოებისთვის აჭარის და საქართველოს ბიუჯეტებიდან ჯამში 9 988 878 ლარია გათვალისწინებული.

კომპანიას ცენტრალური გაზსადენის მშენებლობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 27-მილიონიანი ტენდერი აქვს მოგებული, ხელვაჩაურის სოფლების გაზიფიცირებაზე კი ტენდერი საქართველოს გაზის ტრანსპორტირების სახელმწიფო კომპანიას ჰქონდა გამოცხადებული.

ხულოდან გოდერძიმდე ცენტრალური გაზსადენის მშენებლობა 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები შეჩერდა. მიზეზად, როგორც სამინისტროში ასევე მშენებელ კომპანიაში ხულო-გოდერძის ავტომაგისტრალის დაგეგმილი მშენებლობა დასახელდა – ვინაიდან გაზსადენი პროექტით მიუყვება გზას, ის ვერ აშენდება, თუ ჯერ გზა არ გაკეთდა.

ხულო-გოდერძის გზა ორ მონაკვეთად იყო დაყოფილი და მისი რეაბილიტაცია დასრულებული უნდა ყოფილიყო, თუმცა სამუშაოები მხოლოდ 2022 წელს განახლდა – დაბა ხულოდან 4 კილომეტრიან მონაკვეთზე, ასევე ამ მონაკვეთიდან – გოდერძიმდე.

აჭარის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში ხულო-კურორტ გოდერძის გაზსადენის მშენებლობის დასრულებისთვის 4,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

აჭარის მიმდინარე წლის ბიუჯეტში კი, ამ მიზნით, 6 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა რამდენი ლარის სამუშაოები შესრულდება წელს, ჯერ უცნობია. კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ისინი ამ დრომდე სამუშაოებს პერიოდულად აგრძელებენ.

„სამუშაოებს დღესაც ვაგრძელებთ, თუმცა, ისევ გზის მშენებლობაზე ვართ დამოკიდებული, როგორც კი გვაძლევენ გარკვეულ მონაკვეთებზე მუშაობის ნებართვას, ჩვენც ვმუშაობთ. ასეთ გრაფიკში ვართ თითქმის 2 წელია. დღეისათვის დარჩენილია 20 კილომეტრი კურორტ გოდერძიმდე. ამ 20 კილომეტრს კი, გზა რომ გაკეთებული იყოს, 4 თვეში დავასრულებთ. მაგრამ ჯერ არც გზაზეა სამუშაოები ისე, რომ ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთოთ და თან წინ ზამთარია. ამიტომ, სამუშაოები 2023 წელში გადავა“ – გვითხრა გოჩა გოგიტიძემ, „ენერჯი ინვესტი 2009“-ს დირექტორმა.

„ენერჯი ინვესტი 2009“ ხელშეკრულების გასაფორმებლად მიწვეულია ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების: მაჭახლისპირის, სინდიეთის, აჭარისაღმართის, ქვედა ჩხუტუნეთის და ჩიქუნეთის გაზიფიცირების სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერშიც.

ტენდერი 5 488 878 ლარით იყო გამოცხადებული და „ენერჯი ინვესტი 2009“-სთან ხელშეკრულების გაფორმებასაც გაზის ტრანსპორტირების კომპანია ზუსტად ამავე თანხაზე გეგმავს.

აღნიშნული ხუთი სოფლის გაზიფიცირება ხელშეკრულების გაფორმებიდან 403 დღეში უნდა დასრულდეს.

ტენდერის პირობის მიხედვით, „აღნიშნულ ვადაში, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას შესრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობის შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა [დასკვნა უნდა მოიცავდეს როგორც ტექნიკურ, ასევე სახარჯთაღრიცხვო ნაწილს]“.

საქართველოს მთავრობის გეგმით, 2022 წელს აჭარის გარკვეულ სოფლებში, ასევე დაბა ქედასა და შუახევში გაზიფიცირების სამუშაოები უნდა დაწყებულიყო, თუმცა ამ დრომდე ტენდერებიც კი არ არის დასრულებული. დასახლებული პუნქტების ჩამონათვალი ნახეთ ბმულზე: აჭარის რომელ სოფლებში ჩაირთვება ბუნებრივი აირი 2022-2024 წლებში.

პარალელურად, გაზის ტრანსპორტირების კომპანიას ტენდერი გამოცხადებული ჰქონდა ქედის სოფლების: კოკოტაურის, დოლოგანის, ქვედა მახუნცეთის, ცხემნას, ზვარეს, ვარჯანისის, დაბა შუახევის და დაბა ხულოს გაზიფიცირების სამუშაოებზეც, თუმცა ეს ტენდერი არ შედგა – შპს „ჯი პი სი“ გაზიფიცირებას 6 040 020 ლარით გეგმავდა, თუმცა მას დისკვალიფიკაცია მისცეს ტექნიკური დოკუმენტაციის გამო.

დისკვალიფიკაციის ოქმში აღნიშნულია, რომ „ჯი პი სის“ მიერ წარდგენილი სამუშაოების გეგმა-გრაფიკი 3 დღით აღემატებოდა მოთხოვნილს [390 დღე, 387 დღის ნაცვლად];

ამასთან „პრეტენდენტის მიერ არ იქნა გათვალისწინებული სატენდერო კომისიის შენიშვნები სამუშაოს ხარჯთაღრიცხვასთან დაკავშირებით, კერძოდ, სოფელ ქვედა მახუნცეთის და დაბა შუახევის გაზიფიცირების ხარჯთაღრიცხვის [გარკვეული] პოზიციები კვლავ არ არის განფასებული.“

გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა 6 163 287 ლარით, სადაც წინადადებების მიღება 2022 წლის 21 ნოემბერს დასრულდება.

პირობის მიხედვით, კოკოტაურის, დოლოგანის, ქვედა მახუნცეთის, ცხემნას, ზვარეს, ვარჯანისის, დაბა შუახევის და დაბა ხულოს გაზიფიცირების სამუშაოები, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 387 დღეში უნდა დასრულდეს.

აღნიშნული ტენდერები გაზის ტრანსპორტირების კომპანიას ისედაც ხელახლა ჰქონდა გამოცხადებული და თავდაპირველ ტენდერთან შედარებით სავარაუდო ღირებულება ჯამში 2 მილიონი ლარით იყო გაზრდილი.

ამ თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

აჭარის რომელ სოფლებში ჩაირთვება ბუნებრივი აირი 2022-2024 წლებში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: