დაუშვებლად მიგვაჩნია ამ კანონის მიღება – მწერალთა სახლის განცხადება რუსულ კანონზე

საქართველოს მწერალთა სახლი განცხადებას ავრცელებს რუსულ კანონპროექტზე, რომლის მიღებასაც საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს.

„მწერალთა სახლს“ დაუშვებლად მიაჩნია საქართველოში უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღება და ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, მედიისა და საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლებისთვის ამ შეურაცხმყოფელი დამღის დადება.

ჩვენთვის სიმბოლურია, რომ დღეს, როცა მწერალთა სახლში საჯაროდ იხსნება რეპრესირებული მწერლების მუზეუმი, რომლის მთავარი ფუნქცია საბჭოთა წარსულის გააზრება უნდა იყოს, საქართველოს პარლამენტი იღებს კანონს, რომელიც საბოლოოდ დააშორებს ქვეყანას მის მთავარ მიზანს.

საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული მწერლების მუზეუმზე მუშაობისას, ვერასოდეს ვიფიქრებდით, რომ უკვე ისტორიად ქცეული მასალა ასე ცხადად დაუკავშირდებოდა დღევანდელობას.

საგულისხმოა, რომ ჩვენი მუზეუმი, ისევე როგორც ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო მრავალი პროექტი, სწორედ აშშ-ს საელჩოს გრანტითაა შექმნილი.

მივიჩნევთ, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მიერ აღიარებულ ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსს“ – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც მწერალთა სახლმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა.

  • რა ხდება? 

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულi” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციას, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

______________

ფოტოზე: აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ. ფოტო: „ნეტგაზეთი“/ბათუმელები“

„მიგვაჩნია დაუშვებლად“ – რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოები რუსულ კანონზე

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ. „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ განცხადების ტექსტს.

„სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოები გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს პარლამენტში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს მთელი სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციასა და მისთვის მტრული გარემოს შექმნას.

წარმოდგენილი კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეების მიერ გამოხატულ ურყევ ნებას, საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებულ მიზნებს და ადამიანის უფლებებს. მისი მიღება იქნება საგანგაშო და დამანგრეველი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის.

ინიციირებული კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, მედიას, საქველმოქმედო და რელიგიურ გაერთიანებებსაც კი „უცხოური გავლენის აგენტებად“ აცხადებს და აკნინებს მათ მთელ საქმიანობას და როლს საზოგადოებაში.

პრინციპულად მნიშვნელოვანია, აღნიშნული კანონპროექტი ან რაიმე მსგავსი ინიციატივა, არ იქცეს კანონად. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის ნებისმიერი ფორმით მიღება უდიდესი ზიანის მომტანი იქნება მთელი ქვეყნისთვის.

კანონის მიღება პირდაპირ გამოიწვევს რამდენიმე უფლების ერთდროულად დარღვევას, კერძოდ, გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანების თავისუფლების, რელიგიის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შელახვას.

კანონი შეაფერხებს საქველმოქმედო, სოციალური, ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანდაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარების პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებას, დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ბენეფიციარებს.

განსაკუთრებითაა ხაზგასასმელი, რომ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტის (ნებისმიერი ფორმით) მიღება უმძიმეს დარტყმას მიაყენებს სამოქალაქო ინტეგრაციის მთელ პროცესსა და ტოლერანტობის კულტურის განვითარებას.

ყოველივე აქედან გამომდინარე, „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება  მიგვაჩნია დაუშვებლად!“ – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერს რელიგიათა საბჭო: 

1. წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესია
2. საქართველოს ევანგელურ – ბაპტისტური ეკლესია
3. ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია
4. საქართველოს ევანგელისტური ეკლესია
5. აღდგენილი სამოციქულო ეკლესია
6. საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია
7. დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია
8. მეგობართა საზოგადოება – კვაკერები
9. საქართველოს სომხური კათოლიკური ეკლესია
10. ბაჰაის საზოგადოება
11. სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
12. ხსნის არმია
13. ქართველ მუსლიმთა კავშირი
14. საქართველოს მეშვიდე დღის ქრისტიან – ადვენტისტთა ეკლესია
15. ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა
16. საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო
17. საქართველოს ევანგელურ – პროტესტანტული ეკლესია
18. სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია
19. საქართველოს აჰმადია მუსლიმების გაერთიანება
20. საქართველოს ევანგელურ – ლუთერული ეკლესია
ეთნიკურ უმცირესობათა საბჭო
1. ელნურ ალისოი (ალიევი) – სოლიდარობის მუზეუმი
2. ედგარ ბიტბუნოვი – კავკასიის და ახლო აღმოსავლეთის კვლევის ცენტრი
3. ქერიმ გუმბათლი – დემოკრატიისა და ინტეგრაციის რესურსები
4. ალექსანდრე ქავთარაძე – საქართველოს უდიები
5. ლილი საფაროვა – ქალთა უფლებების სათემო ინიციატივა
6. ზაზა კალაშოვი – საქართველოს ქურთული ასოციაცია “რონაი”
7. გიორგი ტუმასიანი – მშვიდობის ფონდი
8. რაშან ზიადალიევი – სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი
9. სამირა ისმაილოვა – სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა
10. მარი მიქოიანი – ჯენერეიშნ აი
11. ზაურ ხალილოვი – სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
12. ბაირა ბეპიევი – საერთაშორისო საზოგადოება კავკასიური მოზაიკა
13. რაინა ბელევა – საქართველოს ბულგარელთა სათვისტომო
14. მარი არაქელოვა – ქართველ სომეხთა კავშირი
15. სუსანა ხაჩატრიანი – საქართველოს სომეხ ქალთა ასოციაცია
16. ნონა ხანგოშვილი – სათემო კავშირი „პანკისის კეთილდღეობისათვის“
17. ლეილა მამედოვა – საქართველოს აზერბაიჯანელ ახალგაზრდათა კავშირი
18. აგიტ მირზოევი – ჩართულობის და განვითარების ცენტრი
19. ვალენტინა მარჯანიშვილი – ქართულ-უკრაინული პრესის და წიგნის სახლი
20. ჯეიხუნ ნარზალოვი (მუხამედალი) – წითელი ხიდი

თავისუფლებაზე შეტევა იმდენ კოცონს აანთებს, რომ დაწვავს ყველას, ვინც იქნება მის წინააღმდეგ

„ყველა მოქალაქეს მივმართავ – ეს არასამთავრობოების და რამდენიმე მედიის პრობლემა კი არ არის. ეს არის ამ ხალხის მცდელობა საქართველოში დაამყარონ დიქტატურა და მოსპონ თავისუფლების ბოლო კუნძულები.

და თუ არ გინდათ, რომ ეს მოხდეს, იყავით ჩვენ გვერდით. ხვალ, ზეგ და ამ უახლოეს დღეებში,“ – ეს განცხადება დღეს, 2 მარტს, საქართველოს პარლამენტში გააკეთა ლევან ცუცქირიძემ, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა.

დღეს საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე უნდა განეხილათ აგენტების შესახებ რუსული კანონის ანალოგი.

სხდომაზე არ დაუშვეს მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. სამაგიეროდ დარბაზში შეუშვეს „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტები, პრორუსი პოლიტიკოსები და „ხალხის ძალის“ აქტივისტები.

„რაც აქ ხდება დღეს საქართველოს პარლამენტში, რომელიც არის ადგილი, სადაც, წესით, უნდა ყვაოდეს ქართული დემოკრატია და დღეს გადასარჩენად კი არ უნდა ჰქონდეს საქმე, არამედ უნდა ვმსჯელობდეთ საზოგადოება იმაზე, როგორ წავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა წინ უსაფრთხოებისკენ და თავისუფლებისკენ.

გააქვთ პრორუსული კანონი კომიტეტზე განსახილველად, რომელზე დასასწრებად არ უშვებენ იმ ადამიანებს, რომლებიც ვაკრიტიკებთ და ვეწინააღმდეგებით ამ კანონს, მიუხედავად იმისა, რომ ამის სრული უფლება გვაქვს და შეუშვეს მოულოდნელად ხალხის ძალის წარმომადგენლები. ეს არის კანონის დარღვევა,“ – ასე შეაფასა ლევან ცუცქირიძემ დღეს არსებული სიტუაცია.

მისივე თქმით, ახლა მთავარი გეგმაა წინააღმდეგობა ყველგან, ვისაც სად და როგორ შეუძლია.

„გეგმა არის წინააღმდეგობა ყველგან, ვისაც როგორ შეუძლია. გაგრძელდება ეს წინააღმდეგობა ყველგან, არამარტო თბილისში და არამარტო პარლამენტში, ყველგან.

თავისუფლებაზე შეტევა იმდენ კოცონს აანთებს ამ ქვეყანაში, რომ დაწვავს ყველას, ვინც იქნება თავისუფლების წინააღმდეგ.

ავანგარდში იდგება საქართველოს თავისუფლების იდეა და ავანგარდში იდგებიან საქართველოს მოქალაქეები,“- თქვა ლევან ცუცქირიძემ.


საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

„ხელს შეუწყობს ადვოკატების მარგინალიზაციას“ – ადვოკატთა ასოციაცია რუსულ კანონზე

„კანონპროექტით განსაზღვრული ისეთი ტერმინის გამოყენებამ, როგორიცაა, მაგალითად, „უცხოური გავლენის აგენტი“, შესაძლოა ხელი შეუწყოს უფლებადამცველი ადვოკატების მარგინალიზაციას, რაც გამოიწვევს ადვოკატთა თანასწორობისა და მათი დისკრიმინაციის დაუშვებლობის კანონით დადგენილი პრინციპის ხელყოფას,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ადვოკატთა ასოციაცია აქვეყნებს.

ადვოკატთა ასოციაციას რუსულ კანონზე პოზიციის დაფიქსირება „ბათუმელებმა“ 28 თებერვალს სთხოვა. ასოციაციის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ხელმძღვანელი პირები საქართველოში არ არიან და კომენტარს ვერ გააკეთებდნენ, თუმცა მოგვიანებით ასოციაციამ განცხადება გაავრცელა.

ადვოკატთა ასოციაცია განცხადებაში არ ახსენებს, რომ ეს კანონი რუსულია, თუმცა აღნიშნავს, რომ აგენტების შესახებ კანონპროექტის შინაარსმა „საერთო ჯამში შესაძლოა ზიანი მიაყენოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს“.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სტრატეგიულ ყველა პარტნირორს – აშშ-ს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ მკაფიო პოზიცია რუსულ კანონთან დაკავშირებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია „მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს კანონპროექტის მიღების მიზანშეწონილობის განხილვისას აქტიურად ითანამშრომლოს საერთაშორისო პარტნიორებთან და იხელმძღვანელოს ევროპის კავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგის მოთხოვნათა შესაბამისად.“

„მიგვაჩნია, რომ კანონპროექტის შინაარსი, მისი ინიცირების დრო და განხილვის კონფრონტაციული ფონი შეიცავს რისკებს პოლარიზაციის გაღრმავების, სოციალური დაპირისპირებისა და დემოკრატიული პროცესების შესუსტების თვალსაზრისით, რამაც საერთო ჯამში შესაძლოა ზიანი მიაყენოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს.

არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, როდესაც ფართო საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაფინანსების ძირითად წყაროს საერთაშორისო დონორული მხარდაჭერა წარმოადგენს, კანონპროექტის მთავარ მიზნად გამჭვირვალობის გაძლიერების მითითება არასაკმარისად და არარელევანტურად მიგვაჩნია. მნიშვნელოვანია ნათლად განიმარტოს რა საფრთხეებისა თუ რისკების პრევენციას ემსახურება აღნიშნული კანონპროექტის მიღების აუცილებლობა.

საქართველოსთვის არსებითია დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, კანონის უზენაესობის განმტკიცება, ადამიანის უფლებების დაცვა და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა, რაშიც ფასეული წვლილი შეაქვს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. აღსანიშნავია, რომ ადვოკატთა ასოციაციის არაერთი წევრი ადვოკატი საქმიანობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაში, ჩართულია სტრატეგიულ სამართალწარმოების პროცესში და იურიდიულ დახმარებას უწევს მოწყვლად ჯგუფებს,“ – აღნიშნულია ადვოკატთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საბერძნეთში 46 ადამიანი დაიღუპა მატარებლების შეჯახების შედეგად

საბერძნეთში გაიზარდა 28 თებერვალს, ღამით, მატარებლის კატასტროფის გამო დაღუპულთა რიცხვი.

ბოლო ცნობებით, ორი მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე 46 ადამიანი დაიღუპა და ათობით პირი დაშავდა. რამდენიმე ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

დაღუპულთა შორის არიან რკინიგზის თანამშრომლები და უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც თესალონიკში მიდიოდნენ ათენიდან და ქალაქ ლარისადან.

საბერძნეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

ქვეყანაში პოლიტიკურმა პარტიებმა შეაჩერეს საარჩევნო კამპანია აპრილში დაგეგმილი არჩევნებისთვის.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი 10 რეგიონიდან არჩილ თალაკვაძეს მიმართავს

საქართველოში მოქმედი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, არჩილ თალაკვაძეს მიმართავენ და მოუწოდებენ, არ დაუჭიროს მხარი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ანალოგს, რომლის მიღებასაც „ქართული ოცნება“ აპირებს.

არჩილ თალაკვაძე 2011-2012 წლებში ამერიკის შეერთებული შტაბების ელჩთან ერთად ხსნიდა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებს“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

მიმართვის ტექსტს „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენ გვაქვს ახალგაზრდა დემოკრატია. თუმცა ამ წლების განმავლობაში, ჩვენი საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, შევძელით მნიშვნელოვანი ინსტიტუტების განმტკიცება, როგორიცაა – თავისუფალი მედია, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, უფრო ეფექტური თვითმმართველობა და ანგარიშვალდებული ხელისუფლება.

დღეს ქვეყანაში გვაქვს სხვადასხვა მედია, რომლითაც ხშირად და აქტიურად ისმის ოპოზიციის ხმა; გვყავს სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც თავისუფლად გამოხატავს საკუთარ პოზიციას ნებისმიერ საკითხზე“, – ორი წლის წინ ამ სიტყვებით მიმართეთ მე-10 მოწვევის პარლამენტს, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორ ფიქრობთ, ორი წლის შემდეგ შეძლებთ ამ სიტყვების გამეორებას?

ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანი, რომელიც, 2011-2012 წლებში, აშშ-ის ელჩთან ერთად, სიამაყით ხსნიდა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებს“, დღეს მათ „უცხოური გავლენის აგენტებად“ გამოცხადებას მხარს არ დაუჭერს.

არჩილ თალაკვაძე ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის გახსნაზე

საჯარო დისკუსიების ორგანიზება, მოქალაქეების ჩართვა დემოკრატიულ პროცესებში და დაუცველი ჯგუფების ინტერესების ადვოკატირება არ არის უცხოური ძალის გავლენა.

11 წლის უკან ასეთ კანონპროექტს ჩვენთან ერთად გააპროტესტებდით; მაქსიმალურად ეცდებოდით ცენტრებში საერთაშორისო პარტნიორებისა და ადგილობრივი მოქალაქეების მობილიზებას, რათა შეწინააღმდეგებოდით მსგავს ინიციატივას და თქვენს წვლილს შეიტანდით ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისა და მომავლის დაცვაში.

თქვენ კარგად გესმით სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის მნიშვნელობა. 2011-2012 წლებში, როცა USAID-ის “კარგი მმართველობის” პროგრამაში მუშაობდით, აქტიურად უჭერდით მხარს ძლიერი, დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაციების იდეას, რომ მათი დახმარებით გაძლიერებულიყვნენ ახალგაზრდები, ქალები, შშმ პირები, ძალადობის მსხვერპლი ბავშვები, სოციალურად დაუცველი ოჯახები, ფერმერები, საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლი ადამიანები.

სწორედ USAID-ის „კარგი მმართველობის“ პროგრამის ძალისხმევით შეიქმნა საქართველოს ათ ქალაქში ხელმისაწვდომი სივრცეები ყველა ადამიანისთვის, რის ბაზაზეც შემდგომში დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ ჩამოყალიბდა.

ჩვენ დღესაც სხვადასხვა სფეროს ათიათასობით წარმომადგენელს ვმასპინძლობთ ყოველწლიურად, ვეხმარებით სხვადასხვა დაუცველ მოქალაქეს საკუთარი უფლებების დაცვაში და ამ საქმეში გვერდით გვიდგანან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები.

თქვენ ყველაზე კარგად გაიგებთ ჩვენს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსული კანონის მიღება არამარტო სამოქალაქო სექტორის სიცოცხლისუნარიანობას შეუქმნის საფრთხეს, არამედ საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ სვლას დააბრკოლებს, კანონის მიღება დააზარალებს ქართველ ხალხს.

გვჯერა, რომ თქვენ არ დაუჭერთ მხარს ამ კანონს და დაარწმუნებთ თქვენს კოლეგებს, რომ ის მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის, არამედ საქართველოს და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ.

გვეწვიეთ ათივე „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ახალციხეში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, თელავში, მარნეულში, ოზურგეთში, რუსთავში, საგარეჯოსა და ქუთაისში და მოისმინეთ ადგილობრივი მოსახლეობის აზრი ამ თემაზე.

წერილს გწერთ თქვენი ყოფილი კოლეგები და „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ამჟამინდელი თანამშრომლები, რომლებსაც თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ გამოიყენებთ თქვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რომ აღნიშნული კანონპროექტი კანონად არ იქცეს“.

მიმართვას ხელს აწერენ ბათუმის, ოზურგეთის, თელავის, ზუგდიდის, მარნეულის, საგარეჯოს, ქუთაისის, რუსთავის, გორის და ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების წარმომადგენლები.

მთავარი ფოტო: არჩილ თალაკვაძე ხსნის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს აშშ-ს ელჩ ჯონ ბასთან ერთად

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 2 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 2 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 150 605 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 715]
  • ტანკი – 3 397 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 6 658 ერთეული [+20]
  • საარტილერიო სისტემა – 2 398 ერთეული [+5]
  • MLRS – 480 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 247 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 300 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 288 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 058 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 873 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 264 ერთეული [+7]
  • სპეცტექნიკა – 230 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 2 მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 391 თვითმფრინავი
  • 212 ვერტმფრენი
  • 3 295 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 407 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 105 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 045 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 247 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 665 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ჯადოქრები ФСБ-ს სამსახურში: როგორ იყენებს რუსეთი ჯადოქრებს პროპაგანდაში

რას ჰყვება ქარხნის მფლობელი, რომელსაც ამერიკაში 100 ტონაზე მეტი ყველი გააქვს

ყველის საწარმო „ცეზარი“ წელიწადში 2 მილიონ ლიტრ რძეს გადაამუშავებს და აწარმოებს იმერულ ყველს, სულგუნს, შებოლილ სულგუნს, კარაქსა და მაწონს. „ცეზარს“ ორი ქარხანა აქვს: ქვემო ქართლის სოფელ წალკასა და აჭარის მაღალმთიან სოფელ დიოკნისში.

საწარმოს საქართველოს ორმოცამდე მოქალაქე ჰყავს დასაქმებული. გარდა ქართული ბაზრისა, „ცეზარს“ რძის პროდუქტები გააქვს აშშ-სა და კანადაშიც.

საწარმო მთლიანად დასავლური დაფინანსებით აშენდა.

ხულოში ყველის ქარხნის ასაშენებლად და დანადგარებით აღსაჭურვად ძმები, არკადი და ცეზარ კახაძეები, არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსის“ კავკასიის ალიანსების პროგრამის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ (SDC) 500 ათასი დოლარით დააფინანსა. დაფინანსება საწარმო „ცეზარმა“ სამ ეტაპად მიიღო 2014-2019 წლებში.

არკადი კახაძე ამბობს, რომ დაფინანსების გარეშე პატარა კუსტარულ საწარმოდ დარჩებოდა „ცეზარი“.

თავიდან წალკაში გახსნეს ეკომიგრანტმა ძმებმა პატარა საწარმო 2006 წელს. პირველი დაფინანსება 250 ათასი დოლარი „მერსი ქორფსისგან“ მიიღეს 2010 წელს. ასე იყიდეს წალკაში შენობა და დანადგარები ქარხნისთვის.

მერე 2015 წელს დაწერეს პროექტი ბიზნესის გასაფართოებლად. მაღალმთიან აჭარაშიც ჰქონდათ პატარა საწარმო და უნდოდათ დიდ ქარხნად ექციათ. „მერსი ქორფსმა“ ეკომიგრანტ ძმებს ამისთვის 500 ათასი დოლარი გამოუყო:

ყველის საწარმო „ცეზარის” პროდუქტები.

„ჩემს საწარმოშიც, იმ არასამთავრობო ორგანიზაციაშიც, რომელმაც დამაფინანსა, ცხადია, პერიოდულად შემოდის სახელმწიფო აუდიტის სამსახური და ამოწმებს შემოსავალ-გასავალს. შემოდის ფინანსთა სამინისტრო, ამოწმებს ყველაფერს, რაც ფინანსებს ეხება.

ახალი კანონით უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ რაღას მთხოვს სახელმწიფო? აუდიტის და ფინანსთა სამინისტროს დასკვნებს, შემოწმებებს აბა რა ფუნქცია აქვს? ჩემთვის გაუგებარია, დამატებით ახსნა-განმარტებებს რატომ მომთხოვენ მომავალში, როგორც „აგენტს“. ეს იარლიყი რატომ სჭირდებათ, რას აძლევთ მათ ჩემი დისკრედიტაცია, რასაც ეს იარლიყი გამოიწვევს?

აგენტად არ დავრეგისტრირდები, არც ერთ შემთხვევაში. ეს არ მოხდება“, – ამბობს არკადი კახაძე.

როგორც ის გვეუბნება, ყველის საწარმოს გარდა მას ბათუმში მაღაზიაც აქვს ამავე სახელწოდებით: „ცეზარი“. მაღაზიის გახსნაც დასავლური დაფინანსებით შეძლო: შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ (SDC) 50%-ით დააფინანსა ხარჯები.

რძის პროდუქტების საწარმო „ცეზარი“ ხულოში

ცოტა ხნის წინ აშშ-სა და კანადის სურსათის სააგენტოს წარმომადგენლობამ საწარმო „ცეზარის“ ქარხნების მდგომარეობა შეამოწმეს და დადებითად შეაფასეს წარმოების სტანდარტი. ეს დაწესებულებები უცხო ქვეყნებში მაშინ ამოწმებენ პროდუქტის წარმოების ადგილებს, როცა აშშ-სა და კანადაში ამ საწარმოების მიერ ექსპორტირებული პროდუქციის ყოველწლიური რაოდენობა 100 ტონას აჭარბებს.

არკადი კახაძე, ყველის საწარმო „ცეზარის“ მფლობელი: „სამარცხვინოა კანონის მიღება უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ. თავს იჭრის ამით ხელისუფლება. დასავლური გრანტები მოსახლეობის, სოფლებისა და ქალაქების განვითარებისთვისაა განკუთვნილი. ჩემი ქვეყანა მავალდებულებს აგენტი დავირქვა იმიტომ, რომ წარმოების განვითარების, ხალხის დასაქმების, სოფლის განვითარებისთვის ევროკავშირის ქვეყნებმა დამაფინანსეს.

არამხოლოდ საწარმო დამიფინანსეს ევროპელებმა. მოგვაძიებინეს კლიენტები აშშ-სა და კანადის ბაზარზე, გვასწავლეს, როგორ მოგვეწყო საწარმო საერთაშორისო სტანდარტებით, ჩვენ ეს ცოდნა არ გვქონდა. დაგვაკავშირეს უცხოელ სპეციალისტებს. ნაბიჯ-ნაბიჯ მივედით აქამდე, დიდი შრომით.

ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, ლაშა კომახიძის [ბათუმის ყოფილი მერი] გარდა არავინ დაინტერესებულა რას ვაკეთებთ, რა გვჭირდება, როგორ ვართ.

ტიტე აროშიძემ, როცა სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო, მომაქირავა სახელმწიფოს კუთვნილი მანქანა და ბიდონები – იალაღებზე რძე რომ შემეგროვებინა, თვეში 3000 ლარს მახდევინებდა ქირას. აღარ მიღირდა, ლიზინგზე ძვირი გამოდიოდა ეს და დავუბრუნე მალევე უკან, მადლობა, არ მინდა-მეთქი.

რუსული ფულით დაფინანსებულ პირებს გამოავლენს ეს კანონი? არა. არც მსმენია, რომ რუსეთს წარმოება, სოფლის მეურნეობის მიმართულება, განათლების მიმართულება და ხალხის გასაძლიერებლად რამე პროექტი დაეფინანსებინოს. რუსეთიდან ფული ასე შემოდის საქართველოში: ჩამოვა ვინმე იქ გამდიდრებული ბიზნესმენი და აშენებს ეკლესიებს, საიდანაც მერე რუსული იდეოლოგია იღვრება მრევლში, ხალხში. ეგენი გამოიკვლიონ.

ლუკაშენკომ უღალატა უკრაინას და წაიყვანა ქვეყანა რუსეთისკენ, უღალატა ქვეყანას გადამწყვეტ მომენტში, სწორედ ასე აპირებს ჩვენი ხელისუფლებაც.

„ვითომ“ ოპოზიციურმა პარტიებმაც შეაძულა ხალხს ქმედება და ვინმეს მხარეს დგომა. ოპოზიციაც სუსტი და არასერიოზულია, ხელისუფლებას კი რუსეთისკენ მივყავართ, ხალხი დაბნეულია. ესაა ჩვენი რეალობა“.

რატომ ფუჭდება სიბრძნის კბილები მალე – ექიმის რჩევები

სიბრძნის კბილები ბოლო კბილებია, რომლებიც პირის ღრუში, უკან ამოიჭრება. როგორც წესი, ადამიანს ოთხი სიბრძნის კბილი აქვს – ორი ზევით, ორი – ქვევით. მათი შენარჩუნება ხშირად გარკვეულ პრობლემებს უკავშირდება. კლინიკა „როგოს“ ყბა-სახის ქირურგი თენგიზ მგელაძე „ბათუმელებთან“ საუბრობს სიბრძნის კბილების თავისებურებებსა და მათ ადგილმდებარეობასთან დაკავშირებულ გართულებებზე.

  • ბატონო თენგიზ, რა არის სიბრძნის კბილი და როგორია მისი ამოჭრის ვადები?

სიბრძნის კბილი [იგივე მერვე კბილი] სტრუქტურითა და შემადგენლობით ჩვეულებრივი კბილია, უბრალოდ ამოდის შედარებით უფრო გვიან ასაკში, სადღაც 12-14 წლიდან იწყება ამ კბილის ფორმირება და ამოჭრა.

ამოჭრის ვადა ინდივიდუალურია. საშუალოდ ეს ხდება 18-19 წლიდან 22-23 წლამდე ასაკში. თუ სიბრძნის კბილს საშუალება აქვს, ანუ არის ამოსასვლელად შესაბამისი სივრცე, ამ შუალედში ბოლომდე ამოდის. თუმცა ხშირ შემთხვევაში ამ კბილს არ ჰყოფნის ამოსასვლელი სივრცე, იჭედება, ვერ ამოდის და ვითარდება ქვევით.

არიან პაციენტები, რომელთაც 16-18 წლის ასაკში ოთხივე მერვე კბილი ამოსული, დასრულებული და ფორმირებული აქვთ. ზოგადად, დაახლოებით 18-19 წლის ასაკში უფრო აქტიურად ამოიჭრება ხოლმე ეს კბილები. ბოლო კლასიფიკაციით ასეა, ადრე სხვა ვადები იყო, მაგალითად, 25 წლამდე. ცოტა გადმოიწია, მაგრამ მაინც ინდივიდუალურია.

  • გავრცელებულია წარმოდგენა, რომ ეს კბილები ჩვეულებრივ კბილებზე სუსტია და მალე ფუჭდება. რამდენად რეალურია ეს?

სიბრძნის კბილი აბსოლუტურად ჩვეულებრივი სტრუქტურის, ჩვეულებრივი ემალის მქონე კბილია. მალე იმიტომ ფუჭდება, რომ ძალიან უკან მდებარეობს, რის გამოც ტექნიკურად შეუძლებელია კბილის სრულფასოვნად გაწმენდა.

როცა კბილი ნახევრად არის ამოჭრილი, იმ ნახევრის გასუფთავება ხდება, დანარჩენი ნახევრის, რომელიც ღრძილში ჩაფლულია – ვერა, მალე ჩნდება კარიესი და ამიტომ ფუჭდება მალე ეს კბილი, თორემ შემადგენლობითა და სტრუქტურით სხვა კბილების მსგავსი, ჩვეულებრივი კბილია.

  • ანუ სიბრძნის კბილს თავისი ფუნქცია აქვს?

თუ კბილს გარშემოწერილობაში საჭირო ადგილი აქვს, არც უნდა ამოვიღოთ, უნდა გვქონდეს, ის ზედმეტი არ არის.

მაგრამ ევოლუციის შედეგად, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, პირის ღრუში აღარ არის მის ამოსასვლელად საჭირო ადგილი, ამიტომ ხშირად ორთოდონტები აძლევენ რეკომენდაციას პაციენტებს, რომ კბილთა მწკრივი ანუ თანკბილვა რომ არ დაირღვეს, წინასწარ, ნახევრად ჩანასახოვან პერიოდში ამოიღონ.

საქმე ის არის, რომ თუ ადგილი არ არის და კბილი ვერ ამოდის, ეს ქმნის პრობლემებს იმ კუთხით, რომ გაიჭედება, პაციენტს ექნება შეშუპება, დაარღვევს თანკბილვას და ა.შ.

  • რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და როდის, რომ სიბრძნის კბილმა პრობლემები არ შექმნას?

ზრდასრულ ასაკში, 12-და 14 წლამდე, როცა უკვე ფორმირებულია მუდმივი კბილები, მუდმივი თანკბილვა, აი, მაშინ უნდა გადამოწმდეს, ასევე ცოტა მოგვიანებით – 16-18 წლის ასაკშიც. იმიტომ, რომ სიბრძნის კბილი შეიძლება ვერ ამოვიდეს, გაიჭედოს და შექმნას პრობლემები.

კერძოდ, შესაძლოა ამ კბილის ირგვლივ წარმოიქმნას კისტა, განვითარდეს ქვედა ყბის ნერვთან ძალიან ახლოს და გაართულოს კბილის ამოღება. ანუ წინასწარ დიაგნოსტირების გარეშე სიბრძნის კბილს შეუძლია რიგი პრობლემების შექმნა.

  • სიბრძნის კბილის ჯანმრთელად შესანარჩუნებლად რა შეგვიძლია გავითვალისწინოთ ჰიგიენაში?

სამწუხაროდ, ეს პაციენტზე არ არის დამოკიდებული.

თუ კბილი სრულფასოვნად ამოჭრილი არ არის, ვერანაირად ვერ მოუვლით და ვერ გაიწმენდთ სრულფასოვნად.

საქმე ის არის, რომ რადგან ეს კბილი ძალიან უკან მდებარეობს, არ ხდება მისი არც მექანიკური წმენდა. ზოგადად, კბილების მექანიკური წმენდა ხდება ღეჭვის დროს, მაგარი საკვების მიღებისას, მაგრამ მე-8 კბილებზე ეს ვერ ხდება. ამ შემთხვევაში იწმინდება ჯაგრისით, მაგრამ ისიც ვერ სწვდება სათანადოდ, რადგან ამ კბილის ნახევარი არის ღრძილში დაფარული.

როგორც არ უნდა შეეცადოს პაციენტი, გამორიცხულია, რომ ნახევრად ამოჭრილ მერვე კბილს მოუაროს ისე, რომ იმ ნახევარში არ გაჩნდეს კარიერი, დააზღვიოს და ჰქონდეს მთელი ცხოვრება. ამიტომ, თუ არის ასეთი ჩვენება, რომ სიბრძნის კბილი ნახევრად ამოჭრილია და ვერ ამოდის, ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ წინასწარ, გეგმურად მოხდეს ამ კბილების ამოღება, რომ თავი დავიცვათ იმ გართულებებისგან, რაც შეიძლება მერვე კბილმა გამოიწვიოს.

  • როგორ ხდება დიაგნოსტირება, ამოსაღებია თუ არა სიბრძნის კბილი?
პაციენტები ხშირად გვეკითხებიან, უნდა ამოვიღოთ თუ არა ეს კბილები. დიაგნოსტირებისა და ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე უნდა ამოვიღოთ ეს კბილები ან დავტოვოთ, ისე პასუხს ვერ გასცემ ამ კითხვაზე. „ეს სიბრძნის კბილებია, მაინც არაფერში გვჭირდება და უნდა ამოვიღოთ“ – ეს ასე არ არის.
  • განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს ამ კბილის ამოღება?

თუ კბილი ჩვეულებრივად ამოჭრილია და რკალში მდებარეობს – ძალიან მარტივია. თუმცა აქვე დავამატებ, რომ მერვე კბილის ანატომიურად ანუ სტანდარტული ფესვების აგებულება და თანწყობა არ აქვს, როგორც სხვებს; ამიტომ საჭიროა ტომოგრაფია, ანუ 3D რენტგენოლოგიური კვლევა, რომ შევაფასოთ კბილის ფესვების მდგომარეობა.

ხშირ შემთხვევაში სიბრძნის კბილს აქვს ერთი და მოკლე პატარა ფესვი ან ორი – დაყოფილი, სამი, ოთხი ფესვიც. უნდა შეფასდეს ეს ფესვები, როგორ მდებარეობს, ხშირად ნერვთან ახლოს, ყბაში ანუ წინა კბილებთან შემოდის ხოლმე, მოხრილი ფესვები ახასიათებს და ამის გათვალისწინებით ვადგენთ წინასწარ  სირთულეს.

ისე არ არის, რომ ეს მერვე კბილია და ყველა შემთხვევაში რთული იქნება ამოღება. შესაძლოა იყოს ძალიან მარტივიც. საქმე ის არის, რომ მას არ გააჩნია ისეთი სტანდარტული ანატომიური აგებულება, როგორც, მაგალითად, წინა კბილს – მას 99% შემთხვევაში აქვს 1 ფესვი, მაგრამ მე-8 კბილის შემთხვევაში საჭიროა წინასწარ დიაგნოსტირება.

  • რამდენად გამართლებულია სიბრძნის კბილების დაბჟენა?

აბსოლუტურად გამართლებულია. თუ კბილი ფუნქციურია, რკალში დგას და ზედა თანმხვედრი კბილი აქვს, ჩვეულებრივად შეიძლება ამ კბილის მკურნალობა, დაბჟენა, გვირგვინის გადაკვრა, ანუ შეცვლა და მისი უძრავ ხიდში ჩართვა. ეს ჩვეულებრივი კბილია.

ვუახლოვდებით რუსეთს, სადაც სტუდენტები და მასწავლებლები ერთმანეთს ასმენენ – ჯანაშია

„ამ კანონპროექტით მივუახლოვდებით რუსულ დღევანდელობას, სადაც სტუდენტები ერთმანეთს ასმენენ იმის გამო, რომ სტუდენტი ან მასწავლებელი არ ეთანხმება სახელმწიფოს და ამის გამო ის შეიძლება წავიდეს ციხეში“, – ამბობს განათლების სპეციალისტი სიმონ ჯანაშია. ის „ბათუმელებთან“ რუსული, ე.წ. „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის საფრთხეზე საუბრობს.

  • ბატონო სიმონ, როგორი უნდა იყოს საგანმანათლებლო სფეროში მყოფი ადამიანების რეაქცია რუსულ კანონპროექტზე, რომლის მიღებასაც აპირებს პარლამენტი. ფიქრობთ თუ არა, რომ ეს კანონი დააზიანებს როგორც ქვეყანას, ასევე სტუდენტებს, მასწავლებლებსა და მეცნიერებს საქართველოში?

მგონი, მთავარი პრობლემა არის მოტივაცია, რის გამოც იღებენ ხოლმე ამ დროში ცალკეული სახელმწიფოები ასეთ კანონს. მსგავსი კანონი აქვს მიღებული რუსეთს, უნგრეთს, ყაზახეთს, ბელარუსში იყო განხილვა და ყველას ჰქონდა ერთი და იგივე მოტივაცია – შეეზღუდა თავისუფალი აზრი, შეეზღუდა დამოუკიდებელი ორგანიზაციები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მუშაობენ ისეთ პროექტებზე, რომლებიც გულისხმობს სახელმწიფოს კონტროლს, სახელმწიფოს არაკანონიერი მოქმედებების გამოაშკარავებას და საზოგადოების განვითარებას.

ჩვენი ხელისუფლების პირობებშიც ამ კანონის შემოღების მთავარი მოტივაციაა მაქსიმალურად შეზღუდოს თავისუფალი, დამოუკიდებელი ადამიანების მოქმედება, გააკონტროლოს მოქალაქეები და ხელი შეუშალოს სხვადასხვა ორგანიზაციას თავიანთ საქმიანობაში.

იმ ქვეყნებში, სადაც მსგავსი კანონი მიიღეს, არა მხოლოდ შეზღუდეს საგანმანათლებლო საქმიანობა, არამედ საგანმანათლებლო ორგანიზაციები ხელისუფლების ინტერესების ქვეშ მოაქციეს.

მაგალითად, რუსეთში, ამ კანონის მიღებიდან ათი წლისთავზე, როდესაც რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინაში, უნივერსიტეტები იძულებულნი გახდნენ მხარი დაეჭირათ ხელისუფლებისთვის და მათ მოუწიათ ომის მხარდამჭერი განცხადებების გავრცელებაც.

  • ჩვენ ვნახეთ კადრები რუსეთიდან, როცა მოსწავლეებმა დაასმინეს მასწავლებელი, რომელიც არ უჭერდა მხარს ომს, მასწავლებელი კი დაიჭირეს.

ამის გაგრძელება იყო ის, რომ არა მხოლოდ მასწავლებლები შეზღუდეს, არამედ სტუდენტების დასმენა დაიწყეს თანაკურსელებმა, როგორც უცხო ქვეყნის აგენტების. დაახლოებით იმავე ტერმინებით, რაც ჩვენთან განიხილება ამ კანონპროექტით. არის მეცნიერების ჯგუფი, რომლებიც დაპატიმრებულები არიან, როგორც უცხო ქვეყნის აგენტები.

ამ რეგულაციებს შემდეგ მოჰყვა დამატებითი რეგულაციები. მაგალითად, შეზღუდვა დაწესდა პუბლიკაციებზე. თავიდან იყო, რომ გამომცემლებს ყდაზე უნდა დაეწერათ, „ეს პუბლიკაცია გამოცემულია უცხო ქვეყნის აგენტების მიერ“, შემდეგ კი მაღაზიებს აუკრძალეს მათი გაყიდვა.

ცოტა უფრო ნაკლებად ავტორიტარულ საზოგადოებაში, მაგალითად, უნგრეთში, როცა ეს კანონი მიიღეს, ეს დაუკავშირდა საგანმანათლებლო ორგანიზაციების შეზღუდვასაც, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებოდნენ. ასეთი იყო, მაგალითად, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია და მათ მოუწიათ სხვა ქვეყანაში გადასვლა.

ამით რეალურად იზარალა უნგრეთმა – ცხადია, იმ ახალგაზრდებმაც, ვინც იქ ისწავლიდნენ.

რუსეთში შემოიღეს კანონები, რომლებიც მოითხოვს, რომ მეცნიერმა ჯერ ხელმძღვანელობასთან შეათანხმოს მოხსენება, რას წაიკითხავს, ვთქვათ, საზღვარგარეთ. რუსეთში დაპატიმრებული არიან ადამიანები იმის გამო, რომ სამეცნიერო კონფერენციაზე გააკეთეს მოხსენება, რომელიც სახელმწიფოს არ სურდა.

ჩვენს შემთხვევაშიც ეს კანონპროექტი გულისხმობს საზოგადოების კონტროლს. მაგალითად, ჯარის შესახებ კანონი რომ გაამკაცრეს ახლა, ესეც ამას უკავშირდება, რომ სახელმწიფოს უნდა ახალგაზრდა კაცებზე უფრო მეტი კონტროლი ჰქონდეს და შეამციროს იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომელთაც შეუძლიათ პროტესტი გამოთქვან.

  • ამერიკული ორგანიზაცია USAID-ი, ასევე, ევროკავშირი, ძალიან დიდ ფინანსურ რესურს დებს ჩვენს სახელმწიფოში. აშენებს სკოლებს, ეხმარება მეცნიერებს, უნივერსიტეტებს – განვითარებაში. ნაკლებად მოიძებნება სკოლა, უნივერსიტეტი, ამ დონორების გრანტი რომ არ ჰქონდეთ მიღებული. აქვთ კი გააზრებული სკოლებში, უნივერსიტეტებში ის ზიანი, რაც შეიძლება ამ კანონმა მოიტანოს?

ვფიქრობ, ბევრი ორგანიზაცია, რომლებიც შესაძლოა ერთადერთი დამფინანსებელი იყვნენ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის, სამომავლოდ დაფიქრდება, გააგრძელოს თუ არა ასეთ პირობებში მუშაობა საქართველოში. არავინ ისურვებს აგენტის იარლიყით მუშაობას. ბუნებრივია, ეს შეზღუდავს დონორ ორგანიზაციებსაც.

გარდა ამისა, ეს კანონი თავისთავად აღვივებს დამოკიდებულებას საზოგადოებაში, რომ თითქოს ჩვენ მართლა გარშემორტყმული ვართ მტრებით, რომლებიც დასავლეთიდან შემოდიან საქართველოში ფულით და აქ რაღაცას მიზანმიმართულად აფუჭებენ.

ამ დროს, ამ დახმარებების უმეტესობაზე თავად მთავრობას აქვს ხელი მოწერილი. არსებობს დონორებსა და სახელმწიფოს შორის ხელშეკრულებები, თუ რა პროგრამებს განახორციელებენ. მთავრობა თვითონ ამტკიცებს ამ პროგრამებს, მათ შორის სამეცნიერო კვლევების მიმართულებით, გაცვლების, საზოგადოებრივი პროექტების დაფინანსების მიმართულებით.

  • ანუ მთავრობა ერთი ხელით იღებს დასავლურ დაფინანსებას და მეორე მხრივ, აგენტებად აცხადებს ყველას, ვისაც ასევე დასავლური ორგანიზაციებისგან აქვს დახმარება? 

ორი მიმართულებით არის ეს გზავნილი და ორივე მიმართულება არის ძალიან საშიში. ერთია, რომ საზოგადოებას ეუბნები – დასავლეთი საშიშია, ჩვენ უნდა შევზღუდოთ მისი გავლენა საქართველოში, რომ ჩვენ აქამდე არ ვიცოდით რა გავლენები ჰქონდათ, ახლა გამოვააშკარავებთ და მერე დავიწყებთ ბრძოლასო.

მეორე არის ის, რომ ხელისუფლება თავად დასავლეთს ეუბნება – ჩვენ მხარდამჭერებად კი არ აღგიქვამთ, არამედ, როგორც საკუთარი ინტერესების გამტარებლად საქართველოშიო, რაც თავისთავად პრობლემურია.

დახმარების უმეტესობა მოდის საქართველოში ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ვითხოვთ ხოლმე დახმარებას, ჩვენივე სურვილით. ასევე, ხელს ვაწერთ უამრავ ხელშეკრულებას, გვაქვს ორმხრივი ხელშეკრულებები სხვადასხვა სახელმწიფოსთან, მრავალმხრივი ხელშეკრულებები და ყველა ეს ორგანიზაცია გვეხმარება, რომ საქართველოში იყოს უკეთესი განათლება, უკეთესი მეცნიერება, უკეთესი კვლევითი ორგანიზაციები.

იმისთვის, რომ სახელმძღვანელოები დაიბეჭდოს, ახალი პროგრამები შემუშავდეს, სკოლები აშენდეს და ასე შემდეგ. საქართველოში ამ ხალხის გამოცხადება „აგენტებად“ და საზოგადოებისთვის იმის თქმა, რომ აშშ იმიტომ ამარაგებს ქართულ სკოლას კომპიუტერებით, რომ აქ რაღაც ამერიკული ინტერესის გატარება უნდათ, უბრალოდ აბსურდია.

არსებობს, მაგალითად, პარიზის დეკლარაცია, რომელიც ამბობს, რომ ყველა დონორი ორგანიზაცია უნდა ეხმარებოდეს სახელმწიფოს მისი ინტერესიდან და საჭიროებიდან გამომდინარე და ამ ხელშეკრულებას პატივს სცემენ.

ის, რასაც ხელისუფლება ავრცელებს ამ ორგანიზაციებზე დღეს, არის იმ დიდი კამპანიის ნაწილი, რომელიც მიმართულია საზოგადოების მოტყუებისკენ, რომ ჩვენ, თითქოს, ევროკავშირში გასაწევრიანებლად ჩვენი პოლიტიკა კი არ გვიშლის ხელს, არამედ მათ აქვთ ცუდი ზრახვები და ჩვენ არ ვემორჩილებით. აი, ასეთი რიტორიკა აქვს ხელისუფლებას.

  • ხელისუფლება ისე წარმოაჩენს, თითქოს სამოქალაქო სექტორი მალავდეს დაფინანსებას და სოციალურ ქსელებში ტროლების, ბოტების მეშვეობით ცდილობს ამ აზრის გავრცელებას. როგორ შეიძლება ადამიანებს ავუხსნათ, რომ აქ არ დგას გამჭვირვალობის პრობლემა და რომ ეს არის სიცრუე?

მე მიმუშავია არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც საზღვარგარეთიდან წამოსული დახმარებებით ფინანსდებოდნენ და ამ პროექტების ფინანსები არის გამჭვირვალე.

ორგანიზაციები აქვეყნებენ საკუთარი ფინანსური წყაროების შესახებ ინფორმაციას, აქვეყნებენ პროექტის მიზნებს, შედეგებს და ასე შემდეგ. საფრთხის შემცველი რომ ყოფილიყო აქ რამე, ეს ისედაც ეცოდინებოდა ხელისუფლებას.

ახალი კანონი სახელმწიფოს აძლევს უფლებას, ჩაერიოს კერძო ორგანიზაციების საქმიანობაში. მაგალითად, სახელმწიფო შეძლებს გააკონტროლოს კერძო ორგანიზაციის ყველა საქმიანობა, მოითხოვოს პირადი ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, ვინც რაიმე ფორმით დაკავშირებულია მასთან.

მათ შორის, კვლევით პროექტში ჩართული ადამიანების პირადი ინფორმაცია და ეს არ იქნება მხოლოდ ტელეფონის ნომერი ან მისამართი. მაგალითად, თუ ორგანიზაცია მუშაობს რომელიმე მარგინალიზებულ ჯგუფთან და ეს ადამიანები გამოთქვამენ წუხილს სახელმწიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით, სახელმწიფოს შეუძლია ზეწოლა მოახდინოს ამ ადამიანებზე და დააშინოს.

სახელმწიფოს, სამწუხაროდ, აქვს სურვილი, რომ მაქსიმალურად შეუშალოს ხალხს ხელი ერთმანეთთან ურთიერთობაში, ცხოვრების გაუმჯობესებაში.

მაგალითად, დღეს სახელმწიფო სკოლებს ხელს უშლის იმაში, რომ თავისუფლად იურთიერთონ იმ ადამიანებთან, რომლებსაც რესურსებად აღიქვამენ და შეუძლიათ მოიწვიონ სკოლაში, რომ ბავშვებს გაუზიარონ ინფორმაცია თავიანთი პროფესიის ან გამოცდილების შესახებ.

თუ ახალი შეზღუდვები დაემატება, სკოლაც და უნივერსიტეტიც შეიძლება ჩაიკეტოს და საზოგადოებას აღარ ჰქონდეს ერთმანეთთან თავისუფლად ურთიერთობის შესაძლებლობა.

  • ემუქრება თუ არა საფრთხე სტუდენტთა გაცვლით პროგრამებს? ხომ შეიძლება აღარ დააფინანსოს ევროკავშირმა ეს პროგრამები?

შესაძლოა თავად ორგანიზაციებმა გადაწყვიტონ, რომ აღარ არის აქ ისეთი გარემო, რომელიც საშუალებას აძლევს მათ გააძლიერონ საზოგადოება, თუ ყველაფერი მოექცევა სრული კონტროლის ქვეშ.

სახელმწიფო აღარ მისცემს შესაძლებლობას უნივერსიტეტებს და სკოლებს, რომ ავტონომიურად იმუშაონ. ეს საფრთხეს შეუქმნის ახალი პროექტების შექმნას და საბოლოო ჯამში, ხომ ეს არის ტოტალიტარული სამყარო, რომლისგანაც გაქცევას ვცდილობთ უკვე რამდენი ხანია?!

სამყარო, როდესაც სახელმწიფო აკონტროლებს ადამიანებს, საზოგადოების წევრებს შორის ურთიერთობას, აკონტროლებს იმას, როგორ უნდა ვიფიქროთ, როგორ უნდა ვიმუშაოთ, რა უნდა ვასწავლოთ და რა უნდა ვიკვლიოთ.

  • ტოტალიტარულ სისტემას გვიქმნის „ქართული ოცნება“?

მივუახლოვდებით რუსულ დღევანდელობას, სადაც სტუდენტები ერთმანეთს ასმენენ იმის გამო, რომ განსხვავებული აზრი აქვთ, როცა სახელმწიფოს არ ეთანხმება სტუდენტი და ამის გამო ის შეიძლება ციხეში წავიდეს.

ან შეიძლება გამომცემლობა დაიხუროს, თუ სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ მან სათანადოდ არ გაასაჯაროვა რაღაც ინფორმაცია. ბევრი რამ შეიძლება შეზღუდოს, როცა ტოტალიტარული ხდება სისტემა, იქ სახელმწიფოს ჩარევა აღარ არის საჭირო, რადგან პროცესები ისე წავა, რასაც რუსეთში ვხედავთ, როდესაც სტუდენტი სტუდენტს ასმენს, მასწავლებელი – მასწავლებელს, მეცნიერი – მეცნიერს და ასე შემდეგ.

ვიღაც ჩათვლის, რომ ამით რაღაც პატრიოტულ საქმეს აკეთებს და, ბუნებრივია, ეს იქნება კატასტროფა.

  • მასწავლებლები და პროფესორები კრიტიკულები არასდროს ყოფილან. როგორ ფიქრობთ, აღარ დადგა ის დრო, როცა ხმამაღლა უნდა გამოხატონ თავიანთი აზრი თუნდაც იმაზე, რა დონის ზიანს მიაყენებს პირველ რიგში მათ და მთელ საგანმანათლებლო სისტემას რუსული კანონი?

მასწავლებლების და პროფესორების მიზანი არ არის მხოლოდ კონკრეტული პროფესიული ცოდნის გადაცემა, ამის გარდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია ახალგაზრდების მოქალაქეებად ჩამოყალიბება. მოქალაქედ ჩამოსაყალიბებლად, ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი არის საკუთარი მაგალითი.

ალბათ გვინდა ისეთი მოქალაქეები აღვზარდოთ, რომლებსაც ექნებათ საკუთარი აზრის შემუშავების, გამოთქმის და ჩამოყალიბების საუკეთესო კომპეტენციები და თუ არ დავანახეთ მოსწავლეებს, სტუდენტებს საუკეთესო მაგალითი, მხოლოდ თეორიულად, სახელმძღვანელოებით და ლექციებით, ეს ვერ მოხდება.

ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პოლიტიკურად აქტიურები იყვნენ მასწავლებლები და უნივერსიტეტების წარმომადგენლებიც. ახლა, სამწუხაროდ, უნივერსიტეტების განცხადებასაც ვერ ვხედავთ და მე მგონია, რომ ეს ძალიან დიდი პრობლემაა.

  • არც მასწავლებლები გაურბიან ფრაზას – „პოლიტიკაში არ ვერევით“, „პოლიტიკა არ გვაინტერესებს“… ეს ხომ პირდაპირ ეწინააღმდეგება მოქალაქის ჩამოყალიბების პრინციპებს. ან შეძლება კი არ ესმოდეს მასწავლებელს, რომ ის გაკვეთილიც, რომელსაც ატარებს, ასევე პოლიტიკის ნაწილია?

„პოლიტიკაში არ ვერევი“ როცა ამბობს, ვთქვათ, პროფესორი, აქ ხშირად გულისხმობს იმას, რომ ის არ მოქმედებს რომელიღაც პარტიის სახელით. მაგრამ, პოლიტიკა გაცილებით ფართოა, ვიდრე რომელიღაც პარტიის მხარდაჭერა.

საკუთარი აზრის გამოთქმა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს საზოგადოება, როგორი წესებით უნდა იმართებოდეს, რა არის სამართლიანი, რა არის ჩვენი პრობლემების გადაჭრის გზები, – ეს ყველაფერი პოლიტიკაში მონაწილეობის ფორმებია და ამაზე უარს არავინ არ ამბობს, თუ დემოკრატიას ვაშენებთ, რა თქმა უნდა.

დემოკრატიაში მონაწილეობა არ არის მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობა, არამედ იმაზე ზრუნვაცაა, რომ შენ გარშემო იყოს უკეთესი გარემო და პროცესებში, გადაწყვეტილებების მიმღებებთან დისკუსიებში, მსჯელობებში იყო აქტიურად ჩართული.

მაგალითად, როცა მეცნიერი აყალიბებს ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გადავჭრათ ეკოლოგიური პრობლემები, ესეც პოლიტიკაში მონაწილეობაა.

ასევე მასწავლებელიც, როცა გამოთქვამს წუხილს იმის გამო, რომ მისი საგანი არ ისწავლება ისე, როგორც უნდა ისწავლებოდეს, ესეც პოლიტიკაში მონაწილეობაა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

თუ მასწავლებელს განათლების პოლიტიკა არ აინტერესებს, მაშინ მის ნაცვლად ის მიიღებს გადაწყვეტილებას, ვისაც აინტერესებს.

  • რა ფასის გადახდა მოუწევს საზოგადოებას, თუკი დღეს გაჩუმდებიან ადამიანები რუსულ რეპრესიულ კანონზე?

საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა შეიძლება ბევრნაირად, მათ შორის დუმილითაც, ოღონდ საჭირო დროს და საჭირო ადგილას. თუ ადამიანს უნდა, რომ გავლენა იქონიოს გარემოზე, უნდა გამოხატოს თავისი აზრი და სხვებთანაც გადაამოწმოს, იქნებ მისი მოსაზრებები არც არის სწორი და არსებობს იმის ალტერნატიული ახსნაც, რაც ხდება ჩვენს თავს.

დემოკრატიის თანამედროვე კონცეფცია გულისხმობს იმას, რომ დემოკრატია ყალიბდება არა მხოლოდ რაღაც პროცედურების საფუძველზე, არამედ აუცილებელია, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება იყოს დასაბუთებული, მსჯელობის შედეგად მიღებული და ამ მსჯელობაში ჩართვა საზოგადოების ერთ-ერთი უფლებაცაა და ვალდებულებაც.

თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ არასამართლიან გარემოში ვცხოვრობთ, ისევე იქნება გაუცხოება სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის, როგორც იყო საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც ადამიანები ებრძოდნენ სისტემას, არ ენდობოდნენ არც სკოლას, არც უნივერსიტეტს, რადგან ფიქრობდნენ, რომ ეს ორგანიზაციები იყო პარტიის ინსტრუმენტი ადამიანების დასამორჩილებლად.

თუ არ ჩავერთვებით ამ მსჯელობაში, დავკარგავთ დემოკრატიის ერთ-ერთ საფუძველს და თუ დემოკრატიას დავკარგავთ, მაშინ ჩვენ აღარ ვიქნებით ჩართული საკუთარი ბედის განსაზღვრაში, ერთ დღეს კი აღმოვაჩენთ, რომ არ მოგვწონს ეს გადაწყვეტილებები, თუმცა მათი შეცვლის ინსტრუმენტი აღარ გვექნება.

ეს ყველაფერი კი დამთავრდება იმით, რითაც მთავრდება არადემოკრატიულ ქვეყნებში – იწყება რეპრესიები, როცა მოქალაქეები გარბიან ასეთი სახელმწიფოებიდან, როცა ვკარგავთ ხელოვანებს, მეცნიერებს, ახალგაზრდებს და მოგვიწევს ისეთ სამყაროში ცხოვრება, რომლის საფუძველი არის არა შესაძლებლობები, არამედ შეზღუდვები.

ეს კანონიც სწორედ ასეთ სამყაროს გვთავაზობს.

_______________

ამ თემაზე:

ხელისუფლება მტრად აცხადებს დასავლეთს და ევროპულ ღირებულებებს – ტაბატაძე

რა იქნება ახლა, როცა მთავრობა ევროკავშირის დემარშს არ ითვალისწინებს – ინტერვიუ

„ქართულ ოცნებას“ მიტაცებული აქვს ძალაუფლება და მისი მიზანიც ესაა – ნებისმიერ ფასად და ნებისმიერი გზით შეინარჩუნოს ივანიშვილის დაჯგუფებამ გავლენა მიტაცებულ ძალაუფლებაზე,“ – მიიჩნევს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი. ის პერსონალურ სანქციებს ელის, როცა საქართველოს მთავრობა ევროკავშირის 27-ივე სახელმწიფოს დემარშსაც არ ითვალისწინებს.

თუმცა მიაჩნია, რომ ყველაზე მთავარია პროტესტის მასშტაბი ქვეყნის შიგნით.

რა შემთხვევაში იყენებს ევროკავშირი დემარშს, რას გულისხმობს იგი და რა ხდება მაშინ, როცა სახელმწიფო დემარშის მოთხოვნას არ ითვალისწინებს? – „ბათუმელებმა“ ამ თემაზე არმაზ ახვლედიანთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატია და თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი.

  • ბატონო არმაზ, რა არის დემარში და რა შემთხვევაში იყენებს ევროკავშირის ურთიერთობის ამ ფორმას? 

დემარში დიპლომატიური ურთიერთობის პრაქტიკაში მიღებული ფორმაა, რომელიც გამოიყენება მაშინ, როცა ერთი სახელმწიფო მეორეს აფრთხილებს, საყვედურობს. ჩვენ შემთხვევაში ევროკავშირის 27-ივე სახელმწიფო ერთდროულად, ერთ ხმაში გვაძლევს გაფრთხილებას. ეს არის ფაქტობრივად წითელი ბარათი ხელისუფლებისთვის ევროკავშირისგან.

დემარში იშვიათი შემთხვევაა, რადგან იგი უკიდურესი ზომაა. შეგვიძლია გავიხსენოთ თურქეთის შემთხვევა, რომელსაც წლებია აქვს კანდიდატის სტატუსი და ცალკეული შემთხვევები იყო, როცა უხეშად დაირღვა ადამიანის უფლებები. ამ შემთხვევებზე ევროკავშირს, ცხადია, ჰქონდა რეაქცია, მაგრამ არ ყოფილა დემარში.

ჩვენი შემთხვევა არის უპრეცედენტო, როცა ქვეყანა აცხადებს ფორმალურად სურვილს, მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამ დროს ფუნდამენტური ევროპული ღირებულებების დაცვაზე, დემოკრატიასა და სამართლის უზენაესობაზე უარს ამბობს.

ევროპის კავშირმა, მასში შემავალი 27 სახელმწიფოს მთავრობამ საქართველოს მთავრობას უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი უფლებების დაცვა ევროპის კავშირისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ისინი მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა იყოს დაცული.

  • რა გამოჩნდა „ოცნების“ რეაქციიდან? იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გუშინ თქვა, რომ ევროკავშირის ელჩს მოვუყევით, რაც კეთდება სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავადო. 

არაფერი ახალი არ გამოჩენილა პერმანენტული უპასუხისმგებლობის გარდა. ეს არის თავხედური დამოკიდებულება საქართველოს მთავრობისა დასავლეთის რეკომენდაციებზე, ევროკავშირის მიმართვაზე, რჩევებსა და სურვილებზე. საქართველოს მთავრობა მზად არის, უფრო მეტი თავხედობა ჩაიდინოს, რამაც შეიძლება გაამწვავოს და დაძაბოს ურთიერთობა საქართველოს და ევროპის კავშირს შორის, საქართველო და შეერთებულ შტატებს შორის. ეს არის გააზრებული ნაბიჯი „ქართული ოცნებისა“.

  • რა მიზანი აქვს „ქართულ ოცნებას“, როცა ის, მაგალითად, დემარშის მოთხოვნას არ ითვალისწინებს, რაც გულისხმობს მესამე პრეზიდენტისთვის შესაბამისი ჯანმრთელობის მომსახურების გაწევას? 

ერთადერთი მიზანი ამოძრავებს „ქართულ ოცნებას“ – ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერი გზით. ის კარგად ხვდება, რომ ევროპის კავშირთან და დასავლეთთან დაახლოება მისთვის პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასია. გარემოში, სადაც ოდნავ მაინც დემოკრატიულობა იქნება შესაძლებელი, ის ვეღარ შეინარჩუნებს მიტაცებულ ძალაუფლებას.

„ქართულ ოცნებას“ მიტაცებული აქვს ძალაუფლება და მისი მიზანიც ესაა – ნებისმიერ ფასად და ნებისმიერი გზით შეინარჩუნოს ივანიშვილის დაჯგუფებამ გავლენა მიტაცებულ ძალაუფლებაზე.

  • რის იმედი აქვს ამ დროს ივანიშვილს, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი ევროპას ირჩევს? 

ის აპირებს აშკარად, რომ განამტკიცოს რეპრესიული მანქანა, შექმნას ისეთი კანონები, რომელიც აგვიკრძალავს მიტინგს და პროტესტის  გამოხატვასაც. ჩემი აზრით, აიკრძალება საერთოდ სიტყვის თავისუფლება და ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღე, თუ დღეს არ გამოვხატავთ პროტესტს „ოცნების“ ამ აღვირახსნილი პოლიტიკის გამო.

  • თქვენი დაკვირვებით, „ოცნების“ მთავრობასთან დაახლოებულმა ორბანმა რატომ დაუჭირა მხარი დემარშს? 

ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ დიდი გეოპოლიტიკური კონტექსტი: დღეს აღარ დარჩა არათუ ევროპაში, არამედ მსოფლიოში სახელმწიფო, რომელიც არ გამოხატავს თავის მხარდამჭერ პოზიციებს უკრაინის მიმართ. თითზე ჩამოსათვლელია ეს დიქტატორული რეჟიმები, რომლებიც პუტინის მხარეს არიან. წარმოიდგინეთ, რომ ყოფილ საბჭოთა, შუა აზიის რესპუბლიკებში მკაფიო აზრია იმის შესახებ, რომ უნდა ჩამოშორდნენ რუსულ ორბიტას და დაუკავშირდნენ დასავლეთს.

ამ ფონზე საქართველო ერთადერთ პოსტსაბჭოთა ქვეყნად რჩება, რომელიც შეუნიღბავად უჭერს მხარს პუტინის მმართველობას: არ არის საკმარისად გამოხატული სოლიდარობა უკრაინის მიმართ, ვიღებთ რუსულ კანონპროექტს და პირდაპირ ვკლავთ მესამე პრეზიდენტს. ვიქცევით, როგორც ქაჯები.

უნგრეთში დღეს შესაძლოა არის ხელისუფლება ამ შეფერილობით, მაგრამ უნგრეთი არის ცენტრალური ევროპის წარმატებული ქვეყანა, რომლის ხალხიც კარგად აცნობიერებს, რომ ერთადერთი გზა დემოკრატიაა და სამართლის უზენაესობა. უნგრეთის ვერცერთი ხელისუფლება ვერ გადაახვევინებს უნგრელ ხალხს ევროპული გზიდან, ამ ხალხს საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი საბჭოთა ოკუპაცია, ტანკები და თავისუფლების წართმევაც. შესაბამისად, შინაგანი სურვილების მიუხედავად, უნგრეთის ხელისუფლება კარგად იაზრებს, რას ნიშნავს დასავლური ორბიტის მიღმა დარჩება, იგი ანგარიშს უწევს მოსახლეობის სურვილს.

  • მოუწევს იგივე სურვილის გათვალისწინება ივანიშვილს საქართველოში? 

მხოლოდ მაშინ მოუწევს, როდესაც ჩვენ, საზოგადოება იძულებულს გავხდით, ეს გაითვალისწინოს. სხვა გზა დღეს აღარ არის. იძულების გარეშე „ქართული ოცნება“ პირიქით, რეპრესიულ მანქანას გააასმაგებს. საბოლოო ჯამში შეიძლება მივიდეთ იქამდე, რომ გამპროტესტებელიც აღარავინ დარჩეს.

  • რა იქნება ახლა, როცა გაირკვა, რომ დემარშსაც არ ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლება? 

„ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, არ გაითვალისწინებს  ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოების ამ მოთხოვნას. მისთვის დღეს არ არსებობს უფრო დიდი ამოცანა, უფრო დიდი საქმე, ვიდრე დღენიადაგ ზრუნვა იმაზე, რომ ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს მიტაცებული ძალაუფლება.

„ქართულ ოცნებას“ არ აინტერესებს მიმართვა და დემარში, ის რეაგირებას მოახდენს მხოლოდ კონკრეტულ სანქციებზე და რეაგირებას მოახდენს მხოლოდ მაშინ, თუ ქვეყანაში პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა იქნება ისეთი, რომ „ქართული ოცნება“ იძულებული გახდება, გაითვალისწინოს ჩვენი ხმა, მოთხოვნა, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპის კავშირში.

დემარშის შეუსრულებლობის პასუხად ევროპის კავშირი, რა თქმა უნდა, ვერ გამოიყენებს ძალას, მაგრამ მის ხელშია ზეგავლენის, ზემოქმედების, თუნდაც ზეწოლის ბერკეტები. ევროპის კავშირს ბევრი რამ აქვს არსენალში, რაც შეიძლება აამოქმედოს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც ფორმალურად აცხადებს, რომ სურს მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

  • რა ბერკეტები შეიძლება გამოიყენოს ევროკავშირმა ამ შემთხვევაში? 

უმთავრესი ბერკეტი არის ევროპის კავშირის გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. სწორედ ბრიუსელში ეს 27 სახელმწიფო მიიღებს გადაწყვეტილებას ერთობლივად, იმსახურებს თუ არა საქართველო ჰქონდეს ევროპის კავშირის კანდიდატის სტატუსი.

არსებობს ზეწოლის სხვა შესაძლებლობაც, მათ შორის, ფინანსური სანქციები: საქართველო ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. ეს შეიძლება შეეხოს ასევე სავიზო რეჟიმს…

  • თქვენ რაც ახსენეთ, ეს ეხება ქვეყანას, სადაც მოსახლეობის 80 %-ზე მეტს ევროკავშირი სურს და ეს რამდენიმე დღის წინ აქციაზეც გამოჩნდა.  

დემარშის მოთხოვნის გაუთვალისწინებლობა, ისე, როგორც სხვა უმწვავესი თემები, როგორიცაა რუსული კანონპროექტი აგენტების შესახებ, უზარმაზარი პრობლემაა, რაც შეუქმნა საქართველოს „ქართულმა ოცნებამ“ ევროპის კავშირისკენ მიმავალ გზაზე. ეს საკითხები თავისუფლად შეიძლება გახდეს სანქცირების მიზეზი და სანქცირებული იქნებიან კონკრეტული პირები, მათ შორის, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილი, ასევე ადამიანები, რომლებიც არ ითვალისწინებენ დემარშის მოთხოვნას.

დარწმუნებული ვარ, თუ ამ გზით წავიდა საქართველოს დღევანდელი მმართველი ძალა, თითოეული ადამიანი, ვინც ამას თავის თავზე აიღებს, ანუ ვინც ხელს მოაწერს საქართველოს კრემლის ორბიტაზე დარჩენას, იქნება სანქცირებული.

თუ საქართველოს მთავრობა არ გაუშვებს მესამე პრეზიდენტს უცხოეთში სამკურნალოდ, რა თქმა უნდა, ეს ჩაითვლება ამ მოთხოვნის შეუსრულებლობად. თუ ხელისუფლება განაგრძობს მიხეილ სააკაშვილის ფაქტობრივად წამებას და არაადამიანურ პირობებში დატოვებს მას, რა თქმა უნდა, ეს ჩაითვლება მოთხოვნის შეუსრულებლობად.

  • ფაქტია, რომ სააკაშვილს არ უშვებენ სამკურნალოდ საზღვარგარეთ და რუსულ კანონსაც იღებენ. როდის შეიძლება დაწესდეს სანქციები, რამაც შესაძლოა ეს პროცესი შეაჩეროს? 

ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ მიხეილ სააკაშვილის წამებაც, რუსული კანონპროექტი აგენტების შესახებ, ეს არის „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული გეგმა: საქართველომ  ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, საბოლოოდ ჩაიკეტოს გზა ევროპისკენ, დასავლეთისკენ, რომ ზურგი შეგვაქციოს დასავლეთმა. ეს არის უმთავრესი განზრახვა ივანიშვილის პოლიტიკური დაჯგუფების.

ყველა ამ უმწვავესი პრობლემის მოგვარება შეიძლება ერთადერთი გზით: თუკი საქართველოს მოქალაქეები გავისიგრძეგანებთ, რა გვჭირს და რატომ. ეს პროცესი შეჩერდება, თუ შევძლებთ პროტესტს იმ მასშტაბით, იმ სიღრმით და დოზით, რომ „ოცნება“ იძულებული გახდეს, შეცვალოს თავისი ჩანაფიქრი. თუ ამას ვერ შევძლებთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ამას ჩვენს ნაცვლად სხვა ვერავინ გააკეთებს.

ვფიქრობ, სულ მალე დადგება დრო, როდესაც საქართველოს მთავრობის მეთაურს, მის წარმომადგენლებს – რატი ბრეგვაძეს და მისნაირებს დასავლეთში აღარავინ არ შეხვდება, ხელს არავინ ჩამოართმევს. იქნება პერსონალური სანქციებიც. ვფიქრობ, ეს გამოაფხიზლებს ჩვენს საზოგადოებას!

  • გამოფხიზლება ახსენეთ და ხალხის გამოფხიზლებაა პრობლემა, თუ პოლიტიკოსების, რომლებმაც უნდა მოახერხონ პროტესტის ორგანიზება? 

ჩემი აზრით, ორივე პრობლემაა: გამოფხიზლება და პროტესტის ორგანიზებაც. ვფიქრობ, გამოფხიზლების შემთხვევაში პროტესტი იქნება სულ სხვა ხარისხის და ეს სავსებით შესაძლებელია. პოლიტიკური შემადგენელი კი, დღეს ჩემთვის ერთადერთია: პასუხისმგებლობიანი ოპოზიცია გაერთიანდეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სანუკვარი იდეის ირგვლივ. ამ შემთხვევაში საზოგადოების პროტესტი გაათასმაგდება. ჩვენ რუსთაველზე და სხვაგანაც ვნახავთ იმდენ ადამიანს, რომ „ქართული ოცნება“ იძულებული იქნება, გაიაზროს თავისი თავხედობა და გადადგას თანმხვედრი ნაბიჯები.

ჯადოქრები ФСБ-ს სამსახურში: როგორ იყენებს რუსეთი ჯადოქრებს პროპაგანდაში

უკრაინული 24tv.ua წერს, რომ რუსულ სატელევიზიო გადაცემებში სულ უფრო ხშირად ჩნდებიან ექსტრასენსები, ნათელმხილველები და ჯადოქრები. რუსულ ტელევიზიებზე დაკვირვებით არხი წერს, რომ ეს „ჯადოქრები“ შემოიფარგლებიან პუტინის სადიდებელი ოდებით და ასევე იმით, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები დაიშლება“.

თოქშოუებს, რომლებშიც „ნათელმხილველები“ ​​რუსეთის „გამარჯვებას“ და უკრაინის განადგურებას წინასწარმეტყველებენ, რუსეთის მილიონობით მოქალაქე უყურებს. „ეს მიუთითებს იმაზე, რომ ოკუპანტი ქვეყნის საზოგადოების დეგრადაციის დონე კვლავ იზრდება“, – წერს 24tv.ua.

მაგალითად, 12 დეკემბერს, თოქშოუში „მალახოვი“ მოწვეული ჰყავდათ სამხედრო „ნათელმხილველი“, რომელიც თითქოს საბჭოთა დაზვერვაში მუშაობდა. ექსტრასენსმა გენერალ-ლეიტენანტმა ალექსეი სავინმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მსოფლიოს ყველა ლიდერზე მაღლა დგას.

„უნდა გვიხაროდეს, რადგან ჩვენი ლიდერი ვლადიმერ ვლადიმიროვიჩი ძლიერია ინტელექტუალურად, სულიერად უფრო ძლიერია (ვიდრე ევროპისა და აშშ-ის ლიდერები). ჩვენ ღმერთმა მოგვცა ასეთი ლიდერი“, – განაცხადა მან.

2023 წლის 25 იანვრის ეთერში კი, „ასტროლოგმა“ თამარ გლობამ იწინასწარმეტყველა, რომ წლების შემდეგ, მუხლჩაუხრელი მუშაობის შედეგად რუსეთი მაინც „წარმატებული იქნება“. მისივე თქმით, ახლა დასავლეთი ცდილობს მოსკოვი დააჩოქოს.

მიუხედავად იმისა, რომ ახლა სხვა ქვეყნები რუსეთის განადგურებას ცდილობდნენ, ეს ჩვენთვის მაინც სასარგებლოა. ამის წყალობით, ჩვენ ვფხიზლდებით. რუსეთში მცხოვრები ადამიანის ხასიათი – ეს პროტესტის ფორმაა. და ახლა როგორც არ უნდა გვკრან ხელი, ბოლოს ძალიან ბევრი ისევ მოგვაწყდება უკან: ბიზნესისთვის და იმისთვისაც, რომ იცხოვრონ რუსეთში – ამტკიცებს ქალი.

ამავე გადაცემაში მოწვეული ჰყავდათ კიდევ ერთი მჩხიბავი – ჩეჩენი აიზენი, რომლის გამოჩენაც „ამ სამყაროში თვით ნოსტრადამუსმა იწინასწარმეტყველა“. ის პირდაპირ ამტკიცებს, რომ „რუსეთი – ეს არის არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ მესია, ის და ამ ქვეყანაში მცხოვრები ხალხები კი კაცობრიობის მხსნელები“.

ის მოუწოდებს რუსებს, გაერთიანდნენ პუტინის გარშემო, რათა ერთობლივი ძალისხმევით შეებრძოლონ სატანას.

უბედურება მოვა იქიდან, საიდანაც არ ელი. ეს რომ არ მოხდეს, ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ სატანისტური ბოროტების წინააღმდეგ. ჩვენ, მრავალეროვანი რუსეთის ხალხებს, ბედმა გვარგუნა გადავარჩინოთ კაცობრიობა ჩვენი მთავრობის ხელმძღვანელობით – აცხადებს ჩეჩენი „წინასწარმეტყველი“.

აიზენის ავღანელი კოლეგა – „მათემატიკოს-წინასწარმეტყველი“ სიდიკ აფგანი კი სხვა ტელეარხის ეთერში ამტკიცებდა, რომ ზელენსკი გააგრძელებს კაცობრიობის ბირთვული იარაღით შანტაჟის ტაქტიკას. თუმცა მას არ უთქვამს, სად იპოვის უკრაინა ამ შეიარაღებას.

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის თანახმად, „უკრაინის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება“ კრემლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროპაგანდისტული მესიჯია.

ჯადოქრებს და ექსტრასენსებს რუსული მედია ხშირად იწვევს ეთერში. რუსეთი მათი ჩართულობით ცდილობს, გავლენა მოახდინოს არამხოლოდ თავის მოსახლეობაზე, არამედ მის საზღვრებს გარეთ აუდიტორიაზეც.

უკრაინამ გაუძლო ზამთრის ტერორს, ეს პუტინის მეხუთე მარცხია – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება წერს, რომ 2023 წლის პირველ მარტს რუსეთმა მეხუთე მარცხი იწვნია უკრაინაში – უკრაინამ გაუძლო ზამთრის ტერორს.

ამის შესახებ კულება ფეისბუქზე წერს.

„2023 წლის 1-ელ მარტს პუტინმა იწვნია მეხუთე მსხვილი მარცხი სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ – უკრაინამ დაამარცხა მისი ზამთრის ტერორი.

ჩვენ გავუძელით ყველაზე რთულ ზამთარს ჩვენს ისტორიაში. იყო სიცივე და სიბნელე, მაგრამ ჩვენ ვიყავით ურყევი.

ჩვენთან ერთად იყვნენ ჩვენი პარტნიორები და გვეხმარებოდნენ.

გაიმარჯვა ევროკავშირმაც, რომელიც, მოსკოვის ხორხოცის მიუხედავად, არ გაიყინა რუსული გაზის გარეშე. ერთი რჩევა რუსეთს – დაიხრჩვეთ თქვენი გაზით და რაკეტებით.

ეს უკვე მეხუთე მარცხია.

პირველი მარცხი იყო, როცა შეტევის პირველივე წუთებიდან პუტინს არ მივეცით შიშით ჩვენი პარალიზების საშუალება.

მეორე, როდესაც ჩვენ ჩავშალეთ რუსული ბლიცკრიგის გეგმა. უკრაინა არც სამ დღეში დაეცა, არც შვიდში, არც ერთ თვეში და არც ერთ წელიწადში. და არასოდეს დაეცემა.

მესამე მარცხი მივაყენეთ რუსეთის ფედერაციას დიპლომატიურ ფრონტზე: მსოფლიო კოალიცია უკრაინისთვის, რეზოლუციები, იზოლაცია, იარაღი, სანქციები, ენერგეტიკული, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას.

მეოთხე მარცხი – რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დიდი ნაწილის დაკარგვა უკრაინის შეიარაღებული ძალების და უკრაინის თავდაცვის ძალების ეფექტური მოქმედებებისა და კონტრშეტევების შედეგად.

საბოლოო გამარჯვებამდე ჯერ კიდევ რთული გზაა. მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით, როგორ მოვიგოთ. ამისთვის ყოველდღე უნდა ვიმუშაოთ და გვჯეროდეს უკრაინის“ – წერს კულება.

2022-2023 წლის ზამთარში რუსეთმა დიდი დარტყმა მიაყენა უკრაინის ენერგოობიექტებს, რის შედეგადაც ქვეყანაში ქალაქებსა და სოფლებს შეზღუდვით მიეწოდებოდა ელექტროენერგია. მიუხედავად სირთულეებისა, უკრაინამ ენერგოკრიზისს გაუძლო.

______________

ფოტო: EPA-EFE/SERGEY DOLZHENKO

38 მგზავრი დაიღუპა მატარებლების შეჯახების შედეგად საბერძნეთში – ბოლო ცნობები

საბერძნეთში გაიზარდა მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპული მგზავრების რაოდენობა – ბოლო ცნობებით დაიღუპა სულ მცირე 38 ადამიანი, 85 კი დაშავდა.

საბერძნეთში, ქალაქ ლარისასთან სამგზავრო მატარებელი სატვირთოს წუხელ შეეჯახა. სამგზავრო მატარებელი სალონიკიდან ათენის მიმართულებით მიდიოდა. მატარებელში 350-მდე მგზავრი იმყოფებოდა.

ამჟამად შემთხვევის ადგილას 150 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

მატარებლების შეჯახების გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ბერძნული მედიის ცნობით, საბერძნეთის პროკურატურამ დააკავა ქალაქ ლარისას რკინიგზის სადგურის თანამშრომელი და გამოძიება დაიწყო.

რუსეთს დრონების მარაგი შეუმცირდა და ეცდება მის შევსებას – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის პირველი მარტის ანგარიში „შაჰიდებთან“ უკრაინის ბრძოლას მიმოიხილავს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2023 წლის 27 თებერვალს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ღამის განმავლობაში 14 „შაჰიდით“ თავდასხმა. მათგან უკრაინამ 11 დრონის ჩამოგდება მოახერხა.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერხი პოპკოს განცხადებით, ჩამოგდებული დრონებიდან 9 კიევის საჰაერო სივრცის სიახლოვეს იყო. დანარჩენი სამი „შაჰიდი“ კი, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩრდილოეთ უკრაინაში, ჩერნიგოვის ოლქში ჩამოაგდეს.

ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რამდენადაც 15 თებერვლიდან 27 თებერვლის იერიშამდე დრონებით თავდასხმა არ დაფიქსირებულა, ტემპის მსგავსი კლება შესაძლოა რუსეთის მარაგში აღნიშნული დრონების შემცირებაზე მიუთითებდეს. შესაბამისად, უწყების პროგნოზით, რუსეთი შეეცდება ამ მარაგის შევსებას.

ბრიტანელი ანალიტიკოსები „შაჰიდების“ ტრაექტორიაზე დაყრდნობით წერენ, რომ დიდი ალბათობით, ისინი რუსეთის ბრიანსკის ოლქიდან გაუშვეს. მანამდე კი, 2022 წლის შუა დეკემბრის შემდეგ, დრონების გაშვების ერთადერთ პუნქტად შემჩნეული იყო კრასნოდარის რეგიონი, აზოვის ზღვის გასწვრივ ტერიტორია.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, დრონების გაშვების ახალი, მეორე ადგილი, რუსებს შეტევის ახალ მიმართულებას აძლევს – უფრო ახლოს კიევთან. უწყების ვარაუდით, ეს არის რუსების მცდელობა, შეამცირონ უკრაინის საჰაერო სივრცეში ყოფნის დრო და უკრაინის საჰაერო თავდაცვა კიდევ უფრო დატვირთონ.

ფინეთი რუსეთის საზღვარზე 200 კილომეტრის სიგრძის ღობეს აშენებს

ფინეთმა დაიწყო 200 კილომეტრი სიგრძის ღობის მშენებლობა რუსეთის ფედერაციის საზღვარზე. ღობის სიმაღლე 3 მეტრი იქნება.

მედიის ცნობით, სამშენებლო სამუშაოები მარტში დაიწყება.

ღობის პირველ, სამკილომეტრიანი მონაკვეთს, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, იმატრაში ააშენებენ.

ფინეთს რუსეთთან ყველაზე გრძელი საზღვარი აქვს ევროკავშირში, რომელიც 1340 კილომეტრზეა გადაჭიმული. ამჟამად საზღვარი მსუბუქი, ხის ღობითაა გამოყოფილი.

ფინეთმა სამი მეტრი სიმაღლის მავთულხლართებიანი ღობის აგება რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შედეგ გადაწყვიტა, რადგან ფინეთში გაიზარდა რუსეთის იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც მობილიზაციისგან თავდასაღწევად ფინეთში გადადიოდნენ.

სამი მეტრი სიმაღლის ღობე მავთულხლართებით აღიჭურვება, ექნება ღამის ხედვის კამერები, განათება და დინამიკები.

მშენებლობის ღირებულება 380 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

_______________

ფოტოზე: ფინეთისა და რუსეთის საზღვარი. ფოტო: yle.fi

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 2 მარტს დაიწყება და  3 აპრილს დასრულდება.

საგამოცდო ცენტრები იფუნქციონირებს:  თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და  ხულოში. წელს დაემატება კიდევ ერთი ცენტრი ამბროლაურშიც.

ცენტრის ინფორმაციით, აპლიკანტი ვალდებულია რეგისტრაციისას შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები.

„ამ ვადის ამოწურვის შემდეგ გამოსაცდელი გამოცდებზე ვეღარ დარეგისტრირდება.

საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა, აბიტურიენტებს 13 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ,“ – აცხადებს ცენტრი.

ამავე წყაროს ცნობით, აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ელექტრონულ კრებულში გაეცნონ გამოცდებთან დაკავშირებულ მიმდინარე ინფორმაციებს. მათ შორის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ ინფორმაციას.

„ცნობარში ასევე მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები,  კომპეტენციის  ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები“.

ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლების გამოცდებზე რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.

თურქეთში მიწისძვრის შედეგად 45 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა – ბოლო ცნობები

სამხრეთ თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45 089-მდე გაიზარდა. ამის შესახებ დღეს, 1-ელ მარტს, განაცხადა თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა, AFAD-მა.

6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით შვიდ მაგნიტუდაზე მეტი სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა, რასაც მასობრივი ნგრევა და უდიდესი ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა.

AFAD-ის მონაცემებით, 6 თებერვლის 2 დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ თურქეთში 11 000-ზე მეტი ბიძგი დააფიქსირეს სეისმოლოგებმა.

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ პროვინციებში 358 000-ზე მეტი კარავია გაშლილი იმ ადამიანებისთვის, რომელთა სახლები მიწისძვრის შედეგად დაინგრა, პროვინციებში შეიქმნა საკონტეინერო ქალაქები, სადაც უსახლკაროდ დარჩენილი პირები ცხოვრობენ.

თურქული მედია წერს, რომ ქვეყანაში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ გაიზარდა მოთხოვნა ზურგჩანთებზე, საძილე ტომრებზე, ფარნებზე და მსგავს, პირველადი საჭიროების ნივთებზე.

____________

ფოტო: EPA-EFE/ERDEM SAHIN

როგორი ამინდი იქნება ბათუმში მარტის პირველ დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, პირველი მარტის 21 საათიდან 2 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით – წვიმა.

მაღალმთიან აჭარაში თოვაა მოსალოდნელი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, 3-4 მარტს, საღამოს და ღამის საათებში მოსალოდნელია ზოგან დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში კი, ზოგან – თოვა.

როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 2023 წლის 8 მარტს დაიწყება და 15 მარტამდე გაგრძელდება.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, სკოლებში სწავლა არდადეგების შემდეგ ჩვეულ ფორმატში გაგრძელდება.

სკოლის ის მოსწავლეები, ვისაც I-XII კლასების პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევა სურთ, გამოცდებს 7 მარტის ჩათვლით ჩააბარებენ.

გამოცდებზე გასასვლელად მათ რეგისტრაცია 15 თებერვლამდე უნდა გაევლოთ.

„ექსტერნატის გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს პირს იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნის წესით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა“, – განაცხადეს სამინისტროში.

პირველკლასელთა რეგისტრაცია 6 მარტს დაიწყება – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 2023 წლის 6 მარტს დაიწყება და გაგრძელდება 20 მარტის ჩათვლით.

პირველ ეტაპზე სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები დარეგისტრირდებიან.

ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას, ადმინისტრაცია კი ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს.

„სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, რის შემდეგაც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს,“-ამბობს სამინისტრო.

პირველ ეტაპზე რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენისა და ჩარიცხვის პერიოდია 2023 წლის 21 მარტიდან 28 აპრილის ჩათვლით.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს:

  • ფიზიკური შეზღუდვა
  • ინტელექტუალური განვითარების დარღვევა
  • სწავლის უნარის დარღვევა
  • სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის)
  • მეტყველების განვითარების დარღვევა
  • ქცევითი და ემოციური დარღვევა
  • გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება
  • სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს
  • აუტიზმის სპექტრი

იმ ბავშვებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ, რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე გაიარონ.

II ეტაპზე რეგისტრაცია 2 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა  და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში, მშობელი/მეურვე/მზრუნველი სასურველი საჯარო სკოლის თანამშრომელია, ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

დააკავეს ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვაში ჩართული კომპანიის ხელმძღვანელები – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის ორი ხელმძღვანელი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომელთა საქმიანობის სფეროსაც წარმოადგენდა ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვა, უცხოური კომპანიების წარმომადგენლებს შესთავაზეს დახმარება საქართველოში არსებული ცენტრებიდან მანქანების შეძენასა და მიწოდებაში.

სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების განზრახვით, ბრალდებულებმა გააყალბეს ავტომანქანების შეძენასთან დაკავშირებული ინვოისები, სადაც შეიტანეს ყალბი მონაცემები, თითქოსდა ავტოცენტრებიდან შეძენილ იქნა დამკვეთისათვის სასურველი ძვირადღირებული ავტომანქანები, ცენტრების ანგარიშებზე გადაარიცხინეს გარკვეული თანხები, რომლითაც, ნაცვლად უცხოური კომპანიების მიერ დაკვეთილი ავტომანქანებისა, შეძენილ იქნა ბრალდებულებისათვის სასურველი ავტომანქანები, რომლებიც შემდგომ მათ მიერ გასხვისდა სხვადასხვა პირზე. ამ ეტაპზე დადგენილია, რომ უცხოურ კომპანიებზე მიყენებული ზიანი ჯამში შეადგენს 4 163 332 ლარს.

გამოძიების პროცესში, დაყადაღებულ იქნა კომპანიის და ბრალდებულების სახელზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონება და საბანკო ანგარიშები“ – აცხადებს საგამოძიებო უწყება.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე და 180-ე მუხლის მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – პირველი მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის პირველ მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 149 890 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 650]
  • ტანკი – 3 395 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 6 638 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 2 393 ერთეული [+10]
  • MLRS – 479 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 247 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 300 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 288 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 055 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 873 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 257 ერთეული [+5]
  • სპეცტექნიკა – 230 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 1-ელ მარტამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 391 თვითმფრინავი
  • 211 ვერტმფრენი
  • 3 281 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 406 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 086 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 045 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 240 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 621 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]უკრაინამ გაუძლო ზამთრის ტერორს, ეს პუტინის მეხუთე მარცხია – კულება[/yellow_box]

ამავე თემაზე:

რას წერს ბელარუს პარტიზანებსა და რუსული საჰაერო სისტემების დაზიანებაზე ბრიტანეთის დაზვერვა

დასაქმებულთა პროტესტი და კომპანიის პასუხი – გაფიცვის 17 დღე

„ეს როგორ შეიძლება? რატომ აკეთებენ ამას? რისი გულისთვის თან? ვიღაცებმა რომ ფულები იშოვონ იმის გულისთვის?“ – ვიდეო, სადაც „საირმე მინერალ ვოთერსში“ დასაქმებული ვაჟა მარუაშვილი ცრემლებს ვერ იკავებს და პოლიციას ტირილით უსვამს კითხვებს, 26 თებერვლის საღამოს გავრცელდა.

იმ დღეს საირმეში პოლიციამ საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. პროტესტის მონაწილეები ცდილობდნენ გზა გადაეკეტათ და ასე მიექციათ ხელისუფლების ყურადღება მათი პრობლემისაკენ, მაგრამ პასუხად ძალადობა მიიღეს.

ვაჟა მარუაშვილი, კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსში“ სამუშაოდ ათი წლის წინ მივიდა. ის და მისი 33 თანამშრომელი უკანასკნელი 17 დღეა მინერალური წყლების მწარმოებელი ქარხნის წინ, თოვლსა და ყინვაში საპროტესტო აქციას მართავს.

დასაქმებულები ღირსეული შრომის პირობებს და ხელფასების გაზრდას ითხოვენ. ძირითად მოთხოვნებს, რომელიც დასაქმებულებს 17 დღის წინ ჰქონდათ, რამდენიმე დღეა იანვრის თვის კუთვნილი ანაზღაურების მიღების მოთხოვნაც დაემატა.

  • რას ითხოვენ „საირმე მინერალ ვოთერსში“ დასაქმებულები 

„საირმე მინერალ ვოთერსში“ დასაქმებულები 13 თებერვალს გაიფიცნენ. გაფიცვას წინ უძღოდა მედიაციის პროცესი, რომელშიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო იყო ჩართული, თუმცა კომპანიასა და დასაქმებულებს შორის მედიაცია ვერ შედგა.

„საირმე მინერალ ვოთერსში“ დასაქმებულები ითხოვენ:

  • ხელფასების 30%-იანი ზრდას
  • ღირსეულ და უსაფრთხო შრომის პირობებს
  • ქარხნის გამართულ მუშაობას და იქ არსებული ანტისანიტარიის მოგვარებას
  • იანვრის თვის ხელფასის ანაზღაურებას

რა გახდა გაფიცვის მიზეზი – რას ჰყვებიან დასაქმებულები და რას პასუხობს მენეჯმენტი

„საირმე მინერალ ვოთერსში“ დასაქმებულთა თქმით, ქარხანაში არ არის უსაფრთხო შრომისთვის საჭირო პირობები, საწარმოში არ აქვს გამწოვი, არ არის გათბობა და საქარხნო დანადგარები მოძველებულია. საწარმოში არის ანტისანიტარია.

დასაქმებულები ამბობენ, რომ მათი შრომითი პირობები სიცოცხლისთვის სახიფათოა. კერძოდ, უწევთ მუშაობა დახურულ სივრცეში, სადაც გროვდება ოზონი, რომელიც წყლის წარმოებისთვისაა საჭირო. დასაქმებულთა მტკიცებით, თუკი სამუშაო სივრციდან ადამიანი ხშირად არ გამოვა, შესაძლოა გაიგუდოს.

გაფიცულ დასაქმებულთა მოთხოვნებს არ იზიარებსკომპანიის მენეჯმენტი. „საირმე მინერალ ვოთერსის“ დირექტორის მოადგილე ლევან კასრაძე “ბათუმელებისთვის” წერილობით გამოგზავნილ ინტერვიუში აცხადებს, რომ კომპანიის ინტერესია განვითარება და წარმოების ზრდა, რისი ერთ-ერთი წინაპირობაც ტექნიკურად გამართული დანადგარებია. შესაბამისად, ყველაზე მეტად კომპანიის პრიორიტეტია საწარმოო პროცესის სრულყოფა და თანამშრომლების სრული დატვირთვით დასაქმება.

„კომპანია სისტემატურად მოწმდება შრომის ინსპექციის, ასევე სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ და სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ „საირმე მინერალ ვოთერსს“ გააჩნია ISO 22000 სერტიფიკატი, იცავს ყველა სურსათთან დაკავშირებულ პროცედურებს. პროდუქტი ავტორიზებულ ლაბორატორიებში მუდმივად გადის შემოწმებას.

საწარმოს ტერიტორიაზე შესაბამისი ტემპერატურის შენარჩუნების მიზნით, კომპანიის მიერ გატარებულია საჭირო ღონისძიებები.

რაც შეეხება ანტისანიტარიას, წყალი მოდის მთელ ტერიტორიაზე. საწარმოო შენობის მეორე სართულზე კი პერსონალისთვის განთავსებულია საშხაპეები, ხელსაბანები, საპირფარეშოები, კეთილმოწყობილი, აღჭურვილია ცივი და ცხელი წყლით. კომპანია ზრუნავს ჰიგიენის დაცვაზე და მის შენარჩუნებაზე,“ – ნათქვამია კომპანიიდან „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში.

  • ხელფასი

„საირმე მინერალ ვოთერსში“ დასაქმებულები ჰყვებიან, რომ მათი შრომის ანაზღაურება დღეში 44 ლარია. თვის განმავლობაში 24 სამუშაო დღიდან უმეტესად 16-17 დღე მუშაობენ. დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 700-900 ლარია.

დასაქმებულები ჰყვებიან, რომ ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც სამსახურში მისულან, ელექტროენერგია არ ყოფილა და ადმინისტრაციას ასეთი დღე სამუშაო დღედ არ გაუტარებია.

„მე ვარ შემფუთავი ოპერატორი. ჩემი ხელფასი ბოლო 6 თვის განმავლობაში არის 1050 ლარი. თქვენც შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენ ბუღალტერს და მოსთხოვოთ დასაქმებულთა ინტერესებიდან გამომდინარე ხელფასების ოდენობის გასაჯაროება. ჩვენ თანახმა ვართ. ვიმეორებ, გაასაჯაროონ ბოლო 6 თვის ხელფასი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ „საირმე მინერალ ვოთერსში“ დასაქმებულებმა შალვა ქობალიამ.

მისი თქმით, დეკემბერში ქარხანაში დასაქმებულებმა მაღალი დატვირთვის გამო ზეგანაკვეთურად იმუშავეს, ამიტომ დეკემბრის თვეში სხვა თვეებთან შედარებით მათი ანაზღაურება მაღალი იყო.

შალვა ქობალია და სხვა გაფიცულები კომპანიისგან ითხოვენ ბოლო 6 თვის ამონაწერის გასაჯაროებას და ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში ნათლად გამოჩნდება რეალურად რა ხელფასზე უწევდათ მუშაობა.

„ბათუმელებს“ წერილობით მოაწოდა ხელფასის თაობაზე ინფორმაცია „საირმე მინერალ ვოთერსის“ დირექტორის მოადგილემ ლევან კასრაძემ.

„ჩვენ ამოღებული გვაქვს ბოლო 6 თვის მონაცემები და მასზე დაყრდნობით ვადასტურებთ, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში დარიცხული საშუალო ხელფასი 1473 ლარიდან 1711 ლარამდე მერყეობს, ზოგიერთი თანამშრომლის დარიცხული ხელფასი კი კონკრეტულ თვეებში 2000 ლარსაც ცდება.

2022 წელს ხელფასების მნიშვნელოვნად, 50%-ით გაიზარდა. ამავე წელს, წარმოებაში დასაქმებულების რაოდენობა 20 ადამიანით გაიზარდა. დღესდღეობით, კომპანიაში დასაქმებულის საშუალო ხელფასი ბაღდათის მუნიციპალიტეტში არსებულ საშუალო ხელფასზე მაღალია,“ – მოგვწერა ლევან კასრაძემ.

ამასთან, ლევან კასრაძის თქმით, კომპანია საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად მზადაა გაასაჯაროოს ხელფასის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები, თუკი გაფიცულები ამაზე წერილობით თანხმობას მისცემენ კომპანიას.

სოლიდარობა და პროფკავშირების როლი

„საირმე მინერალ ვოთერსში“ დასაქმებულებს სოლიდარობა გამოუცხადეს სხვადასხვა კერძო საწარმოში დასაქმებულებმაც. მაგალითად, „გურია ექსპრესში“ დასაქმებულთა პროფკავშირმა გაფიცულებს ოჯახში დამზადებული პროდუქტები ჩაუტანა.

გაფიცულ თანამშრომლებს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა სხვადასხვა შრომითმა პროფკავშირმაც.

საწარმოს გაფიცულ თანამშრომლებთან ერთადაა გიორგი დიასამიძე, აგრომეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირ „ლაბორის“ თავმჯდომარე. ის ამბობს, რომ „გაფიცვა გაგრძელდება მანამ, სანამ დასაქმებულთა სამართლიანი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება“.

გიორგი დიასამიძე აქცენტს აკეთებს შრომის ინსპექციაზე და ამბობს, რომ ამ სამსახურის უმოქმედობის შედეგიც არის დღეს მიმდინარე საპროტესტო გაფიცვა.

„შრომის ინსპექცია იყო შესული [საწარმოში]. შრომის ინსპექციამ ის დარღვევები, რაც ქარხანაშია, ვერ აღმოაჩინა. ეს ბადებს ეჭვს, რომ ბექა ფერაძის ხელმძღვანელობის პირობებში შრომის ინსპექცია გადაიქცა კანტორად. შესაბამისად, ამ ყველაფერმა იმოქმედა იმაზე, რასაც დღეს ვუყურებთ,“ – ამბობს გიორგი დიასამიძე „ბათუმელებთან“.

რა გამოარკვია შრომის ინსპექციამ

როდის შეამოწმა და რა დარღვევები აღმოაჩინა შრომის ინსპექციამ „საირმე მინერალ ვოთერსში“ – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ შრომის ინსპექციას მიმართა.

მიუხედავად ნახევარ დღიანი ლოდინისა, ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი სახელმწიფო უწყებისგან ვერ მივიღეთ.

რას პასუხობს „საირმე მინერალ ვოთერსის“ ადმინისტრაცია გაფიცულებს

„ბათუმელების“ კითხვებს „საირმე მინერალ ვოთერსის“ დირექტორის მოადგილემ, ლევან კასრაძემ წერილობით უპასუხა. ჩვენ მას ვკითხეთ, აპირებს თუ არა კომპანია გაფიცულ თანამშრომლებთან მოლაპარაკებას და მათი რომელიმე მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

„2022 წლის თებერვალში გაფორმდა მედიაციის პირველი ხელშეკრულება, რასაც კომპანია მკაცრად იცავდა და არანაირი პრეტენზია არ ყოფილა არც დასაქმებულების და არც პროფკავშირების მხრიდან. გაურკვეველი მიზეზების გამო გიორგი დიასამიძის მიერ ინიცირებული იყო მეორე მედიაცია. ამის მიუხედავად დასაწყისშივე სრულფასოვნად ჩავერთეთ მედიაციის პროცესში და მოკლე დროში წარმოვადგინეთ ჩვენი წინადადება.

ჩვენ განვიხილავდით მაქსიმალურად ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებას, საწარმოს ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში. საბოლოო ჯამში, მათი მოთხოვნები იმდენად გაიზარდა, რომ 27 პუნქტი შეადგინა და მედიაციის პროცესიც ჩიხში შევიდა. ამას ემატება ცრუ ბრალდებები და ცილისმწამებლური განცხადებები, რომელიც ძირითადად, პროფკავშირების წარმომადგენლის, გიორგი დიასამიძისა და გაფიცულთა ნაწილისგან ვრცელდება.

ყოველდღიურად განვითარებული მოვლენები, პროვოკაციები, გზის გადაკეტვა, იმ თანამშრომლების შეურაცხყოფა, რომლებიც მუშაობენ, გვარწმუნებს, რომ კომპანიის დისკრედიტაცია მიზანმიმართულად მიმდინარეობს და გიორგი დიასამიძის ინტერესი არა თანამშრომლების ინტერესების დაცვა, არამედ საწარმოო პროცესის გაჩერებაა,“ – მოგვწერა ჩვენს კითხვაზე პასუხად „საირმე მინერალ ვოთერსის“ დირექტორის მოადგილემ ლევან კასრაძემ.

„საირმე მინერალ ვოთერსის“ დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ კომპანიამ მიმდინარე გაფიცვით ორი სახის ზიანი მიიღო, რეპუტაციული და ფინანსური.

„საწარმო არასრული დატვირთვით განაგრძობს მუშაობას და ვცდილობთ წარმოების შენარჩუნებას. აღსანიშნავია, რომ კომპანია ვითარდებოდა და პროპორციულად იზრდებოდა ყველა თანამშრომლის ხელფასი. მაგრამ დღეს, როცა ვსაუბრობთ გაფიცვის დროს მიყენებულ ზარალზე (მაგალითად, საწარმო არ მუშაობს სრული დატვირთვით, ამ ფონზე ადგილი აქვს პროდუქციის ტრანსპორტირების შეფერხებას გაფიცულების მხრიდან დ ა.შ) აქ ხაზი უნდა გაესვას  არაპირდაპირ ზარალსაც, რომელიც წარმოიქმნება იმიჯის შელახვით.

ამიტომ დღეს ზარალის მოცულობაზე ჯერჯერობით რთულია კონკრეტულ ციფრებზე საუბარი, თუმცა ზარალი, რაც ამ გაფიცვების შედეგად კომპანიას ადგება, არ იქნება მცირე. ეს ყველაფერი დაითვლება  და მონაცემები გადაეცემა შესაბამის ორგანოებს“, – ამბობს ლევან კასრაძე.

„ბათუმელებმა“ კომპანიის დირექტორს ჰკითხა, თუ რატომ არ აქვთ ამ დრომდე გაფიცულ თანამშრომლებს მიღებული იანვრის თვის ანაზღაურება და როდის მიიღებენ დასაქმებულები კუთვნილ ხელფასს.   

„შრომის კოდექსის მიხედვით, კომპანია არ არის ვალდებული გაფიცვის დროს დასაქმებულებს გადაუხადოს ხელფასი. ჩვენ იანვრის ხელფასებს გადავიხდით გაფიცვის დასრულების შემდეგ, რაზეც გაფიცულები ჩავაყენეთ საქმის კურსში. ცნობისათვის, წლების განმავლობაში ჩვენ 1 დღეც არ გადაგვიცილებია, ხელფასებს და სხვა სახის ანაზღაურებას თანამშრომლებს დროულად ვაძლევთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ სამსახურიდან 1 თანამშრომელიც არ გაგვითავისუფლებია“, – მოგვწერა პასუხად ლევან კასრაძემ.

კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსის“ შესახებ

შპს „საირმე მინერალ ვოთერს“ საქართველოში 2010 წელს დააფუძნეს. კომპანია საქართველოში მტკნარი წყლის მოპოვების 3 ლიცენზიას 2011 წლიდან 2036 წლამდე ფლობს.

კომპანიის 92 %-ის მფლობელი 25 წლის იაკოვ გვიჩიაა. ის ორმაგი მოქალაქეა და საქართველოს მოქალაქეობის პარალელურად, რუსეთის მოქალაქეც არის.

კომპანიის დარჩენილ 4-4 %-ს თანაბრად ინაწილებენ  სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციის მოქალაქე პირები გია და ხათუნა გვიჩიები [ხათუნა გვიჩია, გია გვიჩიას მეუღლეა].

სენტ-კიტსი და ნევისი არის კუნძულოვანი სახელმწიფო კარიბის ზღვაში.

გია გვიჩია პარალელურად კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

საჯარო რეესტრის ამონაწერში არ ფიქსირდება ფლობენ თუ არა ისინი საქართველოს მოქალაქეობას, თუმცა ცესკოს მონაცემების მიხედვით, საქართველოში ისინიც იმავე მისამართზე არიან რეგისტრირებულები, სადაც 92 %-ის მფლობელი იაკოვ გვიჩია.

გია გვიჩია დიდი ხანია, რაც რუსეთში ცხოვრობს და იქ ეწევა ბიზნესსაქმიანობასაც. ის რუსეთში დიდი ხანის განმავლობაში ლუდის ბიზნესით იყო დაკავებული.

სხვადასხვა ინფორმაციით, 1999 წელს გია გვიჩიამ რუსეთის მთავრობისგან მეგობრობის ორდენი მიიღო, ამავე წელს ის საქართველოში ღირსების ორდენით დაუჯილდოებიათ.

კომპანიის დირექტორი, იანინა მაშკოვაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა.

„საირმე მინერალ ვოთერსი“ წლების განმავლობაში მონაწილეობს სახელმწიფო ტენდერებში და იღებს სახელმწიფო დაკვეთებს. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის შემსყიდველთა სიაში არის საქართველოს რკინიგზა, საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

კომპანია ირწმუნება, რომ ბულვართან 13-სართულიანი კორპუსის აშენებით მხოლოდ $445 000 იგებს

ბათუმის ცენტრში, ბულვართან ახლოს, შპს „გრინკო“ 13-სართულიანი მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობას გეგმავს. მიწის ნაკვეთი რუსთაველის #21-ში მდებარეობს. აქ აშენებულ კორპუსს ყველა სართულიდან ბულვარის ხედი ექნება. მეხუთე სართულიდან ზევით კი, რუსთაველის ქუჩის მხარეს განთავსებული ყველა ბინის ფანჯრიდან როგორც ბულვარი, ასევე ზღვის ხედი გადაიშლება.

დაგეგმილი პროექტის მიხედვით, კომპანია შენობის ნაწილში საცხოვრებელ ბინებს განათავსებს, ნაწილი ე.წ. აპარტამენტების ტიპის ბინები იქნება. კომპანიამ ასევე უნდა დააკმაყოფილოს ის მოქალაქეები, რომელთა საცხოვრებლებსაც მშენებლობისთვის ითვისებს. გარდა ამისა, მერიას უნდა გადასცეს გარკვეული ფართობი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის [k2]  გაზრდის სანაცვლოდ.

ეს ყველაფერი კომპანიამ გამოთვალა და მერიისთვის წარდგენილი პროექტის ეკონომიკური დასაბუთების გეგმაში ჩაწერა, რომ აქ ბინებისა და აპარტამენტების გასხვისებიდან, ჯამში, 23 მილიონ ლარს ამოიღებს. ეს 7 მილიონზე მეტი დოლარია.

შპს „გრინკომ“ ბათუმის მერიას განაშენიანების დეტალურ გეგმასთან [გდგ] ერთად პროექტის ეკონომიკური დასაბუთებაც წარუდგინა. დოკუმენტში მოცემული გათვლების მიხედვით, კომპანია ვარაუდობს, რომ მშენებლობა 16 მილიონი ლარი დაუჯდება. რამდენად რეალურია ეს ფასი?

დამტკიცებული განაშენიანების გეგმის მიხედვით, სამშენებლო მიწის ნაკვეთი 878 კვ მეტრია, პროექტის მთლიანი სამშენებლო მოცულობა – 9129 კვ.მეტრი. საცხოვრებელი ფართობი აივნების ჩათვლით 5 694 კვ.მეტრი იქნება, 350 კვ.მეტრი – კომერციული ფართობი. კომპანია გეგმავს ასევე საოფისე ფართობის ანტრესოლისა და ტერასის მოწყობას, დახურული ავტოსადგომი 795 კვ.მეტრი იქნება.

მიწის ნაკვეთის ღირებულება კომპანიამ 4 მილიონ 346 250 ლარად შეაფასა, თუმცა მისი მფლობელებისთვის ამ თანხის გადახდა არ უწევს, რადგან  მათ ახალაშენებულ კორპუსში ბინები უნდა გადასცეს, როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, ასეთია გარიგების პირობა.

  • მშენებლობის ხარჯი – კომპანიამ მშენებლობის ხარჯის სახით, დღგ-ს ჩათვლით, 16 მილიონ 378 497,5 ლარი მიუთითა

კომპანია წერს, რომ ერთი 1 კვ. მეტრის აშენება 1677,5  დაუჯდება, რაც 600 აშშ დოლარზე მეტია. გამოთვლილია კორპუსის თითოეული  ნაწილის, მათ შორის კიბის უჯრედის მოწყობის ხარჯი – საბოლოო დაანგარიშების შემდეგ კომპანია წერს, რომ ეს მშენებლობა დღგ-ს ჩათვლით 16 მილიონ 378 497 ლარი დაუჯდება, რაც 6 მილიონზე მეტი დოლარია.

მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის მეორე ნახევრიდან დღემდე საქართველოში სამშენებლო მასალების, ასევე სამშენებლო პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ფასები მკვეთრად გაიზარდა,  შპს „გრინკოს“ მითითებული ციფრები მშენებლებმა შეაფასეს, როგორც „მკვეთრად გაზრდილი“.

ამ ფასებზე ორ მშენებელ კომპანიას და ორ არქიტექტორს ვკითხეთ. მათი ინფორმაციით, გდგ დოკუმენტში მითითებული სავარაუდო ფასი არარეალურად გაზრდილია:

„ალბათ თეთრი კარკასი იგულისხმება, მაღალი ხარისხის სრული აღჭურვით, დანა-ჩანგლის ჩათვლით“ – გვითხრა ერთ-ერთმა.

„თუ აქ სასტუმროს მოწყობას, აღჭურვას გეგმავს, აუზი ან რაიმე სხვა აქვს დაგეგმილი, არ ვიცი, მაგრამ ფასი მაინც ძალიან გაზრდილია.“

ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის ინფომაციით, რომელიც მხოლოდ შავ კარკასს აშენებს და ბინებად ყიდის, 1 კვ.მეტრის აშენება 230 აშშ დოლარი უჯდება. 

ვინაობას მათივე თხოვნით არ ვასახელებთ, „კლიენტებთან უხერხულობა რომ გამოვრიცხოთ“.

  • შემოსავლები სარეალიზაციო ფართობის მიხედვით

კომპანიამ 1 კვ.მეტრის სავარაუდო ღირებულებად 3670 ლარი მიუთითა, ამ ეტაპზე ეს თანხა 1390 აშშ დოლარია. თუმცა ახლა ბათუმში ბინების ფასი, ზღვის ხედით, 1500 დოლარიდან იწყება.

კომპანია ასევე მიუთითებს, რომ 5694 კვ.მეტრი საცხოვრებელი ფართობიდან 140 კვ.მეტრი ეგრეთ წოდებული საკომპენსაციო ფართობია, რომელიც კომპანიამ კ2 კოეფიციენტის მიღების სანაცვლოდ მერიას უნდა გადასცეს. რჩება სარეალიზაციო 5554 კვ.მეტრი, რომლის ფასიც, ჯამში, 20 მილიონ 383 180 ლარია.

კომერციული ფართობის, 1 კვ.მეტრის სავარაუდო ღირებულებად 4200 ლარია მითითებული, შესაბამისად 350 კვ.მეტრის ღირებულება 1 მილიონ 470 000 ლარი იქნება. საოფისე ფართობი – ანტრესოლი ასევე 340 კვ.მეტრია, ამ შემთხვევაში კვ.მეტრის ფასი 2240 ლარი იქნება – საერთო ჯამში ღირებულება კი – 784 000 ლარი.

კომპანია 20 ავტოსადგომის რეალიზაციას გეგმავს, ერთის ფასი 19 600 ლარია, საერთო ფასი კი 392 000 ლარი.

ამ შემოსავლებს თუ დავიანგარიშებთ, საცხოვრებელი, საოფისე, კომერციული, პარკინგის ფართობების ღირებულება, ჯამში, 23 მილიონ 029 180 ლარია.

რაც შეეხება ვალდებულებას, რომელიც კომპანიამ კ2 კოეფიციენტის გაზრდის სანაცვლოდ აიღო. საქმე ისაა, რომ კანონი ზონაში დადგენილი სიმაღლის გაზრდის დაშვების შემთხვევაში ქალაქისთვის საკომპენსაციო ღონისძიების დაკისრებას აწესებს.

კ2-ის გარეშე, დადგენილი პარამეტრების მიხედვით, კომპანიას მხოლოდ 7 სართულის აშენება შეეძლო, მაგრამ ახლა მერიისა და საკრებულოს თანხმობით 13 სართულს ააშენებს. საკომპენსაციო ღონისძიების სახით მერიამ კომპანიისგან საცხოვრებელი ბინები მოითხოვა. როგორც დოკუმენტშია მითითებული, შეთანხმდნენ, რომ კომპანია მერიას 140 კვ.მეტრს გადასცემს. ეს განაშენიანების ინტენსივობის გაზრდილ და დადგენილ კოეფიციენტებს შორის სხვაობით მიღებული საცხოვრებელი ფართობის 5 პროცენტია. ამ ფართობის ღირებულებად კომპანიამ 513 800 ლარი მიუთითა.

ეს ყველაფერი კომპანიამ ასე შეაჯამა: სხვაობა შემოსავალსა და ხარჯს შორის – 1 მილიონ 790 633, ასევე ჩაწერა, რომ აქედან გადასახადებიც უნდა გადაიხადოს. დღგ, მოგების გადასახადი, კ2-ის გადასახადი, მშენებლობის ნებართვის გადასახადი. ამ ყველაფრის შემდეგ კი სულ რაღაც 1 მილიონ 179 349 ლარი დამრჩება მოგების სახითო.

კომპანიის დირექტორმა ლევან წივწივაძემ გვითხრა, რომ კომპანია მაღალი სტანდარტის მშენებლობას გეგმავს, ამიტომაც ფასი რეალურია: „შეიძლება მეტიც დაგვჭირდეს, მაგრამ მეტ განმარტებას ჯერ ვერ გავაკეთებ, ვიდრე უშუალოდ შენობის პროექტი არ იქნება მზად.“

რა საფრთხის შემცველია მუსიკის ხმამაღლა მოსმენა ყურსასმენებით

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მილიარდი ახალგაზრდა მთელ მსოფლიოში შესაძლოა სმენის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს, ძირითადად რეკრეაციულ სივრცეებსა და პირად მოწყობილობებში მუსიკის არაუსაფრთხო მოსმენის პრაქტიკის გამო.

ოტორინოლარინგოლოგი ზებურ ალიშანიძე ამბობს, რომ [მუსიკალურ ფლეერებსა და სმარტფონებში] ყურსასმენებით არაუსაფრთხოდ და ხანგრძლივად მოსმენილი ხმა სმენის შეუქცევადად დაკარგვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა მაღალი ხმის მავნე ეფექტი, როგორც წესი, მყისიერად არ ვლინდება.

„ადრეულ პერიოდში ვერ ამჩნევს პრობლემას პაციენტი, გადის რამდენიმე  წელი და შემდგომ იჩენს თავს შესაბამისი სიმპტომები“ – ამბობს ექიმი.

ოტორინოლარინგოლოგ ზებურ ალიშანიძის განმარტებით, მთავარი ნიშნები დაზიანებული სმენა, ყურებში ხმაური და სმენის დაქვეითებაა – „იქამდე  შესაძლოა იყოს  თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა და იშვიათ შემთხვევაში – ყურის ტკივილიც“.

ექიმი ამბობს, რომ ხმამაღალი ბგერები სმენის დაქვეითებას იწვევს სმენის რეცეპტორების, ნერვული უჯრედების „მოკვლის“ გზით.

„ყური სამ ნაწილად იყოფა – გარეთა ყური, შუა და შიგნითა ყური. გარეთა და შუა ყურს შიგნითა ყურამდე ბგერის გამტარის მოვალეობა აკისრია. შიგნითა ყური ბგერებს ელექტროიმპულსებად გარდაქმნის, რის შემდეგაც ბგერებს აღიქვამს ტვინი. მაღალი ხმის შედეგად, შიგნითა ყურში ხდება ამ სმენის რეცეპტორების, იგივე ნერვული უჯრედების დაზიანება” – განმარტავს ზებურ ალიშანიძე.

ჯანმოს ანგარიშში განმარტებულია, რომ ხმამაღალი ბგერების ზემოქმედება, თუნდაც მოკლე დროით, იწვევს ყურის სენსორული უჯრედების დაღლას. ამის შედეგი ხდება სმენის დროებითი დაქვეითება ან ტინიტუსი – ყურებში ხმაური.

მაგალითად, ხმამაღალი კონცერტიდან თუ კლუბიდან, სადაც მუსიკა ძალიან ხმამაღლა ისმის, ადამიანი შეიძლება გამოვიდეს „ჩახშული“ სმენით ან ტინიტუსით. მაგრამ სმენა უმჯობესდება სენსორული უჯრედების აღდგენასთან ერთად.

„როდესაც ექსპოზიცია განსაკუთრებით ხმამაღალი, რეგულარული ან ხანგრძლივია, ამან შეიძლება გამოიწვიოს სენსორული უჯრედების და სხვა სტრუქტურების მუდმივი დაზიანება, რაც გამოიწვევს სმენის შეუქცევად დაკარგვას“ – წერს ჯანმო.

რაც შეეხება ასაკობრივ ზღვარს, ექიმი ამბობს, რომ ბავშვებისთვის საერთოდ არ არის რეკომენდებული ყურსასმენების გამოყენება.

ბგერა დეციბელებით იზომება. ჯანმოს რეკომენდაციით, მოზრდილი ადამიანებისთვის ნორმალურია ხმის სიმაღლე – 80 დეციბელი, ბავშვებისთვის – 75 დეციბელი. დასაშვები ექსპოზიციის დონე არის კვირაში ორმოცი საათი, უსაფრთხო მოსმენის დასაშვები დრო მცირდება ხმის დონის მატებასთან ერთად.

ჯანმოს რეკომენდაციით, ყურსასმენი უნდა იყოს ყურზე კარგად მორგებული.

ზებურ ალიშანიძე ამბობს, რომ სჯობს  უპირატესობა მივანიჭოთ ისეთ ყურსასმენებს, რომლებიც მექანიკურად, ადგილობრივად არ აღიზიანებს ყურს, „ყურსასმენები კი, რომლებიც პირველ რიგში უხეშია, მორგების დროს მტკივნეულია, არ არის რეკომენდებული”.

ყურსასმენებთან დაკავშირებით ჯანმო რეკომენდაციებს ავრცელებს:

  • დააყენეთ თქვენი მოწყობილობის ხმის დონე არაუმეტეს 60%-ზე
  • გამოიყენეთ კარგად მორგებული და ხმაურის ჩამხშობი ყურსასმენები
  • აირჩიეთ მოწყობილობები ჩაშენებული უსაფრთხო მოსმენის ფუნქციებით

დაქვეითებული სმენა, უმეტეს შემთხვევაში, აღდგენას არ ექვემდებარება.

„მკურნალობის ფარგლებში, ჩვენ ვცდილობთ, შევინარჩუნოთ ის სმენა, რაც არის, რათა მეტად აღარ დაქვეითდეს სმენა,“ – ამბობს ზებურ ალიშანიძე.

„შვილი მეუბნება, მეშინია, წავიდეთო, მაგრამ სად?“ – 2 ოჯახი წაბლანაში კვლავ მეწყერსაშიშ ზონაშია

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში რამდენიმე ოჯახი კვლავ მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობს.

სამხარაულის ბიუროს დასკვნაში, რომელიც 2022 წლის მაისის ბოლოს მოამზადეს სპეციალისტებმა, ვკითხულობთ, რომ 7 ოჯახის საცხოვრებელი სახლი მეწყრული პროცესების გააქტიურების ზონაში დგას და აქ მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება ვერ იქნება ეფექტური, რადგან გრძელვადიან პერიოდში შესაძლოა ისევ ჩამოყალიბდეს და განვითარდეს მეწყრული პროცესები, რის გამოც გამოკვლეული ტერიტორიისა და მისი მიმდებარე არეალის საცხოვრებელი დანიშნულებით გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.

გასული წლის ზამთარში, როცა ჯერ კიდევ არ ჰქონდა აღნიშნული ტერიტორია შესწავლილი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ, აჭარის გეოლოგიური სამსახურის დასკვნაზე დაყრდნობით, 5 ოჯახი ალტერნატიულ, უსაფრთხო საცხოვრებელ სახლებში გადაიყვანა ქირით, 4 თვით.

წელს კი, როცა უკვე არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, სადაც ვკითხულობთ, რომ საცხოვრებელ სახლებში დარჩენა საფრთხეს უქმნის 7 ოჯახს, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას არც ერთი ოჯახი არ გაუყვანია უსაფრთხო საცხოვრებელ სახლებში.

ამ ოჯახების ნაწილმა სოფელი უსაფრთხოების მიზნით დატოვა ზამთრის პერიოდში, თუმცა რამდენიმე ოჯახი კვლავ სოფელში, მეწყერსაშიშ ზონაში რჩება და აგრძელებს ცხოვრებას.

როლანდ შაინიძის 8-სულიანი ოჯახი ერთ-ერთია იმ ოჯახებს შორის, რომლებიც მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობენ ამ დრომდე.

„4 შვილის მამა ვარ, 2 მათგანი მცირეწლოვანია. დიდთოვლობა კიდევ უფრო ზრდის [მეწყრის] საშიშროებას. მე არ ვარ გეოლოგი, მაგრამ ლოგიკურია, რომ საშიშია აქ გაჩერება.

2 მეტრომდე თოვლი მოვიდა. თოვლი რომ დნობას დაიწყებს, რა თქმა უნდა, საშიშია. მითუმეტეს, ნალექი იყო წვიმის სახითაც. თოვლზე წვიმა კიდევ უფრო სავალალოს ხდის მდგომარეობას.

გასულ წელს 4 თვით ვიყავით გასულები ქირით. ქირას ადგილობრივი მერია იხდიდა, წელს კი მერიამ განაცხადა, ვერ გაგიყვანთ ქირით, არ გვაქვს მაგის ბიუჯეტიო და იძულებულები ვართ, გავჩერდეთ ჩვენს სახლებში“, – გვითხრა მან.

კაცის თქმით, როცა უამინდობაა და რამდენიმე დღე გადაუღებლად წვიმს, ღამეს ნათესავების სახლებში ათევენ.

„მოდის გეოლოგი და გეუბნება, რომ აქ არ იცხოვრება. ეს ტერიტორია საფრთხის შემცველია და არ ვიცით, თუ რა დროს განვითარდება მეწყრული პროცესები.

გეუბნება შვილიც – მეშინია, მოდი გადავიდეთ სადმე, არ მძინავს, მაგრამ სად უნდა წავიდეთ?“, – კითხულობს როლანდი.

7-სულიანი ოჯახი ჰყავს წაბლანელ ბეგლარ შაინიძესაც. მათი სახლიც მეწყერსაშიშ ზონაშია.

ბეგლარს აინტერესებს, თუ გასულ წელს საჭირო გახდა მათი ქირით გაყვანა უსაფრთხო საცხოვრებელ სახლებში, წელს რატომ არ გაიყვანეს, თუმცა, მისივე თქმით, ახლა ყველაზე მეტად სხვა რამ აფიქრებს:

„მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ რელიეფი ისეა, რომ მთელი სოფლის წყალი ამ ხევში ჩაედინება. პრევენციული ღონისძიებებისას პლასტმასის მილები მოგვცეს და ჩვენი ძალებით, წყლისთვის სხვა მიმართულების მიცემა მოვახერხეთ.

ახლა ეს მილი გასკდა და წყალი იღვრება, მეწყრულ ნაპრალებში მიედინება და შემდეგ ცენტრალურ გზაში ჩაედინება. ცენტრალურ გზაზე ყოველდღიური შეფერხებაა. ხომ იციან, ეს წყალი საიდან მოდის, არა?!“, – ამბობს ბეგლარ შაინიძე. იგი ვარაუდობს, რომ ამ მიზეზით მოსალოდნელია მეწყრული პროცესების გააქტიურების დაჩქარებაც.

„მეწყერსაშიშ ზონაში ვაგრძელებთ ცხოვრებას. ყოველდღიური საფრთხის ქვეშ ხარ ადამიანი და რამდენ ხანს გაუძლებ? ღამე გამოიღვიძებს ოჯახის წევრი და გეუბნება – „წავიდეთ“, სად უნდა წახვიდე?!

გულგრილად არიან ჩვენ მიმართ განწყობილები. ცუდი ამინდი გავიდა, მუნიციპალიტეტის მერი ხარ თუ წარმომადგენელი, ხომ შეიძლება დაურეკო ადამიანს და ელემენტარულად მოიკითხო მაინც – მანდ ხართ ისევ, რას აკეთებთ, რა მდგომარეობა გაქვთ, მოდით, გადადით, მანდ არ იცხოვრება… არანაირი მოკითხვა, არაფერი. რას აკეთებენ, ვერ ვხვდები.

ჯერჯერობით, მართალია, ეს საცხოვრებელი სახლები არ გაფუჭებულა, არ გადაბრუნებულა, მაგრამ ეს მეწყერი ჩვენგან სულ რაღაც 50 მეტრშია.

სამხარაულის დასკვნაც გვაქვს, რომ აქ აღარ იცხოვრება. არ ფუნქციონირებს სკოლაც და ვართ ასე დარჩენილები.

წელს მკაცრი ზამთარი გვაქვს, არ ვიცით, რა მოხდება გაზაფხულზე“, – გვითხრა ბეგლარ შაინიძემ.

„ბათუმელები“ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა.

მერიას ვკითხეთ, რას აპირებენ მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებ ოჯახებთან დაკავშირებით, აქვთ თუ არა ინფორმაცია რესპონდენტის მიერ ნახსენები დაზიანებული მილის შესახებ და რატომ ვერ მოხერხდა ამ ოჯახების ალტერნატიულ, უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოში გადაყვანა წელსაც.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიიდან წერილობით გვიპასუხეს, რომ მაშინ, როცა წაბლანაში მეწყრული პროცესების განვითარების შემდგომ მეწყრული კერის არეალში მცხოვრები ოჯახები გაიყვანეს, გათვალისწინებული იქნა ფორსმაჟორული სიტუაცია – მოსახლეობა აბინავებდა მოსავალს.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის მერიამ გაითვალისწინა მათი მდგომარეობა და დროებით მოახდინა იქ მცხოვრები ოჯახებისთვის, მერის სარეზერვო ფონდიდან დროებით ქირის ფულით დაფინანსება. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ ოჯახებს საკუთრებაში გააჩნიათ ქალაქ ბათუმში ალტერნატიული საცხოვრებელი ბინები.

რაც შეეხება მეწყრული კერის მიმდებარედ ჩამდინარე წყლებს, თავის დროზე მოხდა მისი დროებით სხვა ადგილას გადაყვანა.

ასევე, სამომავლოდ გეოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე, სოფელ წაბლანაში მისასვლელი გზის რეაბილიტაციასთან ერთად მოხდება სხვა საჭირო პრევენციული ღონისძიებების გატარება,“ – მოგვწერეს ხულოს მერიიდან.
___________________

ამავე თემაზე:

„ტერიტორია საფრთხის შემცვლელია“ – რა წერია სამხარაულის დასკვნაში წაბლანის მეწყერზე

თუ ჩვენ არ ვთქვით, სხვა ვინ იტყვის?! – ბათუმელი სტუდენტები რუსულ კანონზე

„შესაძლოა, სტუდენტების დიდი ნაწილი ვერ აცნობიერებდეს იმას, რომ სამომავლოდ არანაირი პერსპექტივა არ ექნება არც სწავლას და არც ამ დიპლომებს, თუ ქვეყანა არ წავა დემოკრატიისკენ, არ წავა ევროპისკენ და თუ არ ვიმოქმედებთ იმის შესაცვლელად, რაც ხდება დღეს ქვეყანაში. რუსული კანონი არა მარტო დაანგრევს ჩვენს მომავალს, სერიოზულ რისკებს შეგვიქმნის ფიზიკური უსაფრთხოების მხრივაც“, – ამბობს მარიამ პაქსაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი.

მარიამ პაქსაძე და ილია აბულაძე, რომელიც ამავე უნივერსიტეტის სტუდენტია, „ბათუმელებს“ რუსული კანონის საფრთხესა და იმ ნიჰილიზმზე ესაუბრნენ, რასაც სტუდენტების ნაწილი უპერსპექტივობის გამო განიცდის.

„რუსული კანონი არ არის რაიმე სასიკეთო ცვლილებებისკენ მიმართული, ეს კანონი სჭირდებათ სამოქალაქო სექტორის და მედიის დემონიზებისთვის. რეალურად, ეს კანონი დაანგრევს სამოქალაქო სექტორს და სერიოზულ რისკებს ქმნის ადამიანების ფიზიკური უსაფრთხოების მხრივაც.

ამ კანონს იღებენ იმისთვის, რომ გაგვაჩუმონ ისე, როგორც გააჩუმეს ადამიანები რუსეთში, ბელარუსში. ცდილობენ, აღარ ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომლებიც ფესვგადგმულია ჩვენს ქვეყანაში, იქნება ეს სიღარიბე, კორუფცია, ნეპოტიზმი და თუ სხვა უკანონობა,“ – ამბობს მარიამი.

მისი აზრით, ამ კანონის შემოტანა მაშინ, როცა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ელოდება, დიდი ბარიერი იქნება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

„რა თქმა უნდა, ეს არის რუსული კანონი, რუსულ მაგალითზეა აღებული და კარგად ვხედავთ, რომ ჩვენი ხელისუფლება დიდი ხანია ცდილობს რუსული წესებით თამაშს, დაამონოს საზოგადოება, ჩაახშოს თავისუფალი აზრი, ჩაახშოს თავისუფალი საზოგადოება, რომ არავინ ამხილოს მათი აღვირახსნილობა.

გადავხედოთ, რომელ სახელმწიფოებშია ეს კანონი, რუსეთში და ბელარუსში ხომ?! იქ, სადაც მძლავრია ანტიდემოკრატიული ღერძი და პუტინის რეპრესიული რეჟიმი, გაცამტვერებულია გამოხატვის თავისუფლება, მედია, სამოქალაქო საზოგადოება.

შესაბამისად, ეს არის მთავარი აზრი და იდეა ამ კანონის, რომ იგივე გარემო შექმნას საქართველოშიც“ – მიიჩნევს მარიამი.

ის გვესაუბრება იმ საფრთხეებზე, რომელთა წინაშეც დადგებიან უნივერსიტეტები, სტუდენტები და მათი მომავალი.

„მე, პირადად, ჟან მონეს პროგრამით ვიმყოფებოდი ევროპაში და ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე. ასევე ვარ ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის, „არ გადადოს“ წევრიც და ევროკავშირისგან არაერთი მცირე გრანტიც მიგვიღია, რითაც ისევ ჩვენს ქალაქში არსებულ პრობლემებზე ვიმუშავეთ.

ვმუშაობდით არაადაპტირებული ტრანსპორტის საკითხზე, უსაფრთხო გადასასვლელების თემაზე და სხვა სოციალურ საკითხებზე, რაც ეხება ჩვენს ქალაქს და საზოგადოებას.

ჩემთვის, როგორც სტუდენტისთვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უცხოურ დაფინანსებას, რადგან რეალურად, ეს ყველაფერი ისევ ჩვენს ქვეყანას ხმარდება, ჩვენს ღარიბ ქვეყანაში სამწუხაროდ, ვერ მოიძიებ ფინანსურ რესურსებს ასეთი საქმეებისთვის, რადგან ბიზნესი არ უჭერს მხარს სოციალურ და ახალგაზრდულ პროგრამებს, ამიტომ უცხოელი მეგობრების დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია.

ქვეყანაში, სადაც კორუფცია, ნეპოტიზმი და ბევრი უსამართლობაა, სადაც მოშლილია სასამართლო სისტემა, დონორების მოძიების გარდა სხვა გზას ვერ ვხედავთ. ამიტომ რუსული კანონის მიღებით, ფაქტობრივად, ამ გზის დახშობას ცდილობენ ჩვენთვის“ – გვითხრა მარიამ პაქსაძემ.

მისი აზრით, რუსული კანონი განვითარების შეჩერებას ნიშნავს.

„ჩემი მომავალი, როგორც ახალგაზრდის, წარმომიდგენია განვითარებულ ქვეყანაში და არა ისეთ ქვეყანაში, სადაც ყოველდღე სოციალურ პრობლემებზე მიწევს ფიქრი. ფიქრი იმაზე, როგორ ვისწავლო, სად დავსაქმდე და როგორ ვრეალიზდე.

ვფიქრობ, სტუდენტების ნაწილის ნიჰილიზმს სწორედ ეს განაპირობებს. მათ პროტესტს ხშირად არ მოაქვს შედეგი, ვინც ხმას ამოიღებს, ცდილობენ პრობლემები შეუქმნან, უნივერსიტეტშიც შექმნილია გარემო თავისუფალი აზრის ჩახშობისთვის და ეს არის პრობლემა.

დიდი ნაწილი ალბათ ვერ აცნობიერებს იმას, რომ შორეულ პერსპექტივაში ეს სწავლა და დიპლომი არაფერი არ იქნება, თუ ახლა არ ვიმოქმედებთ, არ შევცვლით რაღაცებს, არ წავალთ დემოკრატიული გზისკენ, არ წავალთ ევროპისკენ.

ევროპისგან დაშორების შემთხვევაში საფრთხე შეექმნება იმ გაცვლით პროგრამებს, რომლებითაც დღეს ძალიან ბევრი სტუდენტი სარგებლობს და შესაძლებლობა აქვთ, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში ისწავლონ, მონაწილეობა მიიღონ არაერთ საერთაშორისო პროექტში და განვითარდნენ.

მე, როგორც სტუდენტი, თითქმის ყოველდღე ვფიქრობ ამ საფრთხეებზე და მინდა, რომ სხვა სტუდენტებიც გამოფხიზლდნენ. მაგრამ ფაქტია, რომ არაფერი კეთდება – უმოქმედობა, ინერტულობა… მოდუნებული არიან, გადართული არიან სხვა, რაღაც პატარა საკითხებზე, რაც რეალურად არაფრის მომცემია“ – გვეუბნება მარიამი.

მისი თქმით, შეუძლებელია ადამიანი აცნობიერებს რუსული კანონით გამოწვეულ საშიშროებას და ამაზე ხმას არ იღებდეს.

მარიამი ასევე საუბრობს უნივერსიტეტში შექმნილ გარემოზე, რომელიც რეალურად მიმართულია არა სტუდენტების პრობლემების მოგვარებაზე, არამედ მათ გასაჩუმებლად.

„ახალგაზრდული რეგიონული ცენტრი“ არსებობს ჩვენთან, რომელსაც რეალურად დიდი დაფინანსება აქვს, მაგრამ ჩვენთვის არაფერი კეთდება.

ხდება მხოლოდ ის, რომ მისი წარმომადგენლები ქმნიან ჩატებს და თვითმმართველობის წევრები ცდილობენ სტუდენტებს ხელისუფლების მხარდამჭერი ვიდეოები და მასალები გააზიარებინონ, ფაქტობრივად, სახელისუფლებო პროპაგანდაზე იმუშაონ.

მე, როგორც სტუდენტს, ამ ყველაფრისგან არანაირი სიკეთე არ მიმიღია, ჩვენი ინტერესები, ღირებულებები განსხვავებულია. მე ვერ მოვემსახურები ვიღაცის პროპაგანდას, არ შემიძლია არ გამოვთქვა ჩემი აზრი და თვალი დავხუჭო იმ რეალობაზე, რაც დღეს ამ ქვეყანაშია,“ – გვითხრა მარიამმა.

ილია აბულაძე ბსუ-ს მეორეკურსელია.

მარიამის მსგავსად, ისიც მიიჩნევს, რომ რუსული კანონი არ შეესაბამება დემოკრატიულ ნორმებს და პრობლემა იქნება საქართველოსთვის.

„რომ არა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საგანმანათლებლო პროექტები, მე, როგორც სტუდენტი, ვერ წავიდოდი ევროპის ქვეყნებში, ვერ შევისწავლიდი სიახლეებს და არაერთ მნიშვნელოვან პროექტს გამოვაკლდებოდი.

სტუდენტების გაცვლით პროგრამაზე – „ერაზმუს+“-ზე, მილიონობით ევრო იხარჯება, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა წამყვან უნივერსიტეტებში მიიღონ განათლება. რუსული კანონის გამო კი ეს პროგრამა შესაძლოა გაჩერდეს.

„ერაზმუსის“ გარდა კიდევ ბევრი სასარგებლო პროგრამაა სტუდენტებისთვის, ლექტორ-მასწავლებლებისთვის, მეცნიერებისთვის და ყველაფერს საფრთხე ემუქრება.

გერმანული ორგანიზაციები ასევე მუშაობენ კავკასიის ინტეგრაციის პროექტებზე, რაც ხელს უწყობს ქართველებსა და აფხაზებს, სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას და ბუნებრივია, ამ პროექტებსაც ხელი შეეშლება.

ამის გამო, რომ უცხოელი მეგობრები გეხმარებიან, ხელს გიწყობენ განათლებაში, განვითარებაში, პრობლემების მოგვარებაში, ხელისუფლებამ აგენტი გეძახოს და შენი მარგინალიზება მოახდინოს, ვფიქრობ, ეს არც ერთ მოქალაქეს არ უნდა და იმედი მაქვს, ხელისუფლება გადახედავს თავის გადაწყვეტილებებს და არ მიიღებენ ამ კანონს. აუცილებელია გაჩერდეს რუსეთისკენ სვლა“ – ამბობს ილია.

მისი აზრით, სტუდენტები ამ ქვეყნის დიდი ძალაა, ამიტომ აუცილებელია მათ ხმა აიმაღლონ.

„თუ ჩვენ არ გამოვედით გარეთ, არ ვთქვით, რა არის კარგი და რა ცუდი, მაშინ სხვა ვინ იტყვის?!

მე პირადად ახალგაზრდა ევროპელი ელჩი ვარ და ვალდებულიც ვარ გავავრცელო ის ღირებულებები, რაც საერთო გვაქვს ქართველებს და ევროპელებს და ასევე ჩვენი საკუთარი კულტურა გავიტანო სხვაგან და სხვისი კულტურაც მივიღოთ.

გავცვალოთ ინფორმაციები, ერთმანეთს დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს განვითარებაში, სწორი ინფორმაციის მიღებაში, რადგან როცა ინფორმირებული ხარ, დაცული ხარ ყალბი ინფორმაციისგან და შესაბამისად, პროპაგანდისგანაც“ – ამბობს ილია აბულაძე.

__________________

მთავარ ფოტოზე: ილია აბულაძე, მარიამ პაქსაძე

იუსტიციის სამინისტრომ 17 NGO-ს და ფიზიკურ პირს გრანტი მისცა – რას ფიქრობენ ისინი რუსულ კანონზე

„არ მსურს მაგ თემაზე საუბარი,“ – გვითხრა პროფესორმა და ყოფილმა მოსამართლემ მაია ივანიძემ. იგი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელია და იუსტიციის სამინისტრომ გრანტზე ხელშეკრულება უკვე გაუფორმა „ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებისთვის“.

„ბათუმელებმა“ მას რუსულ კანონზე სთხოვა მოსაზრება.

იუსტიციის სამინისტრომ საგრანტო კონკურსის ფარგლებში სულ 17 გამარჯვებულს მისცა გრანტი ბიუჯეტიდან, მათ შორის, 6 სამოქალაქო ორგანიზაციაა, 11 – ფიზიკური პირი. ამ საგრანტო პროექტისთვის ჯამში 335 000 ლარი დაიხარჯება.

გრანტებს სხვა სამთავრობო უწყებებიც გასცემენ. ამჯერად ჩვენ იუსტიციის სამინისტროს გრანტის მიმღები სამოქალაქო ორგანიზაციებით დავინტერესდით.

სამინისტროს საგრანტო პროექტების პრიორიტეტების ჩამონათვალში წერია, რომ გრანტს სამინისტრო „ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებისთვის“ და „სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცებისთვის“ გასცემს. თუმცა 6 ორგანიზაციიდან 2 ორგანიზაცია პირდაპირ ამბობს, რომ „რუსულ კანონზე“ არ ილაპარაკებს. ერთ ორგანიზაციაში – „ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოებისთვის“ კომენტარს დაგვპირდნენ, თუმცა შემდეგ აღარ გვიპასუხეს.

კიდევ ერთ ორგანიზაციაში კი გვითხრეს, რომ რუსული კანონი საფრთხეა, მაგრამ არ ეთანხმებიან ასეთ დასათაურებას: „რუსული კანონი“, ანუ სახელწოდებას, რამაც „ქართული ოცნება“ ყველაზე მეტად გააღიზიანა. შეგახსენებთ, რომ კანონი „უცხოური გავლენის შესახებ“, რომლის მიღებასაც „ქართული ოცნება“ აპირებს, მხოლოდ რუსეთშია და ამ კანონის საფუძველზე ქვეყანაში სრულიად გაქრა კრიტიკული მედია თუ სამოქალაქო ორგანიზაციები.

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში, მაგალითად, „თინათინ წერეთლის სახელობის სამეცნიერო საზოგადოება“ სახელმწიფოსგან მიცემულ გრანტს „სკოლის მოსწავლეებში მართლშეგნების დონის ამაღლებისთვის“ დახარჯავს, თუმცა საზოგადოების ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მაია ივანიძე ამბობს, რომ რუსულ კანონზე საუბრისგან „თავს შეიკავებს“.

„ამასთან დაკავშირებით თავს შევიკავებ, მეგონა, საგრანტო პროექტის ფარგლებში მირეკავდით… ამ წუთას სხვა სივრცეში ვარ და არ შემიძლია საუბარი. იცით რა, იმდენად ვარ დაკავებული ამ საგრანტო პროექტით, რომ ნამდვილად არ მაქვს დრო,“ – გვიპასუხა მაია ივანიძემ. მას შევთავაზეთ, რომ მისთვის ხელსაყრელ დროს დავურეკავდით. ყოფილმა მოსამართლემ გაგვიმეორა, რომ თავს შეიკავებს.

რა მართლშეგნებას აუმაღლებენ მოსწავლეებს [იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში პროფესორი მაია ივანიძე ამ მიმართულებით აპირებს მუშაობას], თუკი დემოკრატიას რაც საფრთხეს უქმნის, ამაზე არ ისაუბრებთ? – ვკითხეთ ყოფილ მოსამართლეს.

„არ მსურს მე მაგ საკითხზე საუბარი,“ – დაგვემშვიდობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში გრანტი მიუღია სტუდენტურ ორგანიზაციასაც – „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო“. ევროპული სახელწოდების მიუხედავად, ამ ორგანიზაციაშიც ხელისუფლებისგან ევროპული პერსპექტივის გაუქმების მცდელობაზე დუმილი არჩიეს.

„ამასთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარს არ ვაკეთებთ,“ – გვიპასუხეს ტელეფონის ნომერზე, რაც ამ ორგანიზაციას ფეისბუქგვერდზე აქვს მითითებული.

„არაპოლიტიკური ორგანიზაცია ვართ. ჩვენ ვართ სტუდენტების ასოციაცია და მსგავს საკითხებზე კომენტარს არ ვაკეთებთ,“ – აქაც დაგვემშვიდობა და ამ ფორმით გაამართლეს საკუთარი დუმილი, როცა სახელწოდებით ევროპისკენ მიდიხარ, რეალურად კი – რუსეთში.

„მე არ მითქვამს, რომ ეს არ არის რუსული კანონი. მე ამ სახელს არ დავარქმევდი… უბრალოდ, არ მიყვარს ასე რაღაცას სახელი დავარქვა იმიტომ, რომ ეს შეფასებითი ამბავია და ამიტომაც თავს ვარიდებ,“ – გვითხრა თამარ ქარაიამ. მასაც რუსულ კანონზე ვესაუბრეთ.

თამარ ქარაიაც იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია. იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია და ორგანიზაციის „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი. ეს ორგანიზაცია დაფინანსებას იღებს გერმანული დონორი ორგანიზაციიდანაც, როგორიცაა ფრიდრიხ ებერტის ფონდი.

„ვფიქრობ, რომ რაღაც ქვეყანასთან ასოცირებას სჯობია, რომ მოხდეს ღირებულებასთან ასოცირება… სამწუხაროდ, კარგად არ ვიცნობ რუსულ კანონს, არ გავცნობივარ და ვერ გეტყვით.

მე წლებია ვმუშაობ სხვადასხვა დონორთან. დონორებისგან რაც დავინახე, არის ის, რომ ორიენტირებული არიან გაძლიერდეს სამოქალაქო საზოგადოება, გაძლიერდეს მოქალაქე და შეიქმნას რესურსები, რომელიც მოემსახურება სულ მცირე იმას, რომ განათლების სისტემა იყოს უფრო ძლიერი.

თუ საჭიროა, რაიმე საფრთხის გამოვლენა და სახელმწიფო თვლის, რომ არსებობს ამ მიმართულებით საფრთხე, არის ძალიან ბევრი რესურსი, რომ ჩაერთოს,“ – გვითხრა თამარ ქარაიამ.

სამოქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელს ასევე ვკითხეთ, აპირებს თუ არა აგენტად დარეგისტრირებას, თუ პარლამენტი რუსულ კანონს მიიღებს.

„ეს დამოკიდებულია შემოსავალზე… მე არ ვთვლი, რომ ვარ აგენტი. წინასწარ ამის თქმა რთულია, მეცინება ჩემს აგენტობაზე საუბარი. საინტერესოა როგორი იქნება აღსრულების მექანიზმი,“ – აღნიშნა თამარ ქარაიამ „ბათუმელებთან“. მას ვუთხარით, რომ კანონპროექტი ჯარიმას და პატიმრობასაც ითვალისწინებს.

„არასერიოზულია ამაზე საუბარი. იმედი მაქვს, რომ მიხვდებიან, რომ ეს არ არის სწორი ქცევა,“ – დასძინა თამარ ქარაიამ.

„ადამიანის უფლებების გარდა, დაავადების გავრცელებაც იმატებს,“ – ამბობს კახა კვაშილავა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტს ახორციელებს. კახა კვაშილავა „ზიანის შემცირების ქსელის“ ხელმძღვანელია და წლებია ნარკომომხმარებლებში აივ ინფექციის გავრცელების რისკების შემცირებაზე მუშაობს.

„ძირითადად ჩვენ გვაფინანსებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რომელიც ამ თანხას იღებს გლობალური ფონდიდან. გლობალური ფონდი კი, ნამდვილად არის უცხოური დაფინანსება. ასე რომ, ამ კანონს პირდაპირ აქვს კავშირი ჩვენნაირ ორგანიზაციებზე.

დაფინანსება გვაქვს სხვა დონორებისგან, მათ შორის, უკრაინის ალიანსი გვაფინანსებს, არის ევროკავშირის პროექტი, ღია საზოგადოების ფონდის პროექტი გვქონდა. ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ აივ-შიდსის დაავადების გავრცელების ასეთი დაბალი მაჩვენებელი გვაქვს. რესურსი, რასაც ხარჯავენ დონორი ორგანიზაციები, ნამდვილად არ იხარჯება ფუჭად,“ – გვიყვება კახა კვაშილავა.

კახა კვაშილავას აზრით, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, ჯანდაცვაზე ორიენტირებული პროექტებიც გაჩერდება.

„დონორი ორგანიზაციები თავად შეიკავებენ თავს ასეთ ვითარებაში ჩადონ კაპიტალი ჩვენს სასარგებლოდ,“ – დასძინა კახა კვაშილავამ.

 

ძუძუს კიბოთი დაღუპვის რისკი 2-ჯერ მეტია კავკასიაში, ვიდრე ჩრდილოეთ ევროპაში – ჯანმო

კიბოს რეგისტრის მონაცემებით, საქართველოში სარძევე ჯირკვლის კიბო ყველაზე ხშირი ავადობის კიბოა ქალებში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ძუძუს კიბო ყველაზე გავრცელებული სახეობაა ევროპის რეგიონში და ქალებში კიბოთი სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია.

საქართველოში 2020 წელს ძუძუს კიბო 1942 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მისგან 910 ქალი გარდაიცვალა

ჯანმო წერს, რომ ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალი ორჯერ მეტი ალბათობით დაიღუპება ავადმყოფობისგანთუ ის ცხოვრობს კავკასიაშივიდრე ჩრდილოეთ ევროპაში.

ჯანმო: მოწყვლად ჯგუფებში და დაბალი განათლებისა და შემოსავლის მქონე ქალებში უფრო გვიან ხდება დიაგნოზის დასმა და მათი გადარჩენის მაჩვენებელიც უფრო დაბალია.

ჯანმოს მონაცემებით, 2020 წელს ევროპის რეგიონში 576 337 ქალს დაუდგინდა ძუძუს კიბო157 111 კი – მისგან დაიღუპა. ეს საათში 18 სიკვდილს უტოლდებათუ მიმდინარე ტენდენციები არ შეიცვალა, 2020-2040 წლებში რეგიონში ძუძუს კიბოს ახალი შემთხვევები 12.8%-ითხოლო სიკვდილიანობა 25.2%-ით გაიზრდება

საქართველოში ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და კოლორექტალური კიბოს სკრინინგის პროგრამა თბილისში 2008 წლიდან, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 2011 წლიდან მუშაობს, ასევე პროსტატის კიბოს მართვაც.

მიუხედავად იმისა, რომ ძუძუს კიბოს სკრინინგს ყოველწლიურად, ოფიციალური მონაცემებით, 20 000-ზე მეტი ქალი იტარებს და პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ადრეულ ეტაპზე პათოლოგიის გამოვლენის მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა, სკრინინგ-პროგრამის მთავარ გამოწვევად ისევ პროგრამაში მოსახლეობის ჩართვის გაზრდა რჩება.

2020 წელს დაავადების I და II სტადიაზე ორივე სქესობრივ ჯგუფში რეგისტრირებულია ყველა ლოკალიზაციის კიბოს ახალი შემთხვევების 41.6%; III და IV სტადიებზე – 41.4%, დანარჩენ შემთხვევებში სტადია არ იყო იდენტიფიცირებული.

კიბოს პრევენციისდიაგნოსტიკისა და მკურნალობის კუთხით არსებული მიღწევების მიუხედავადძალიან ბევრი ქალი კვლავ აწყდება ბარიერებსრომლებიც უარყოფითად მოქმედებს კიბოს გამოსავალზე. 

უახლეს განცხადებაში ჯანმო წერს, რომ ხშირად ქალებს დიაგნოზი ძალიან გვიან  უდგინდებათ, მულტიდისციპლინური მკურნალობა და შემდგომი დაკვირვება არაოპტიმალურია, დამხმარე და პალიატიური მზრუნველობა კი კრიტიკულად განუვითარებელი რჩება

ძუძუს კიბოს 5-წლიანი განკურნების მაჩვენებელი დასავლეთ ევროპის მაღალშემოსავლიან ქვეყნებში აღემატება 90%-თუმცა მისი მაჩვენებელი 75%-ია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაშისაშუალო შემოსავლის მქონე უკრაინაში განკურნების მაჩვენებელი 56%-იახოლო უზბეკეთში – 43%.

ჯანმომ ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენისა და მართვის სერვისების შეფასებისა და გაძლიერების ინიციატივა შეიმუშავა, რომელიც მოიცავს რეკომენდაციებს ქვეყნებისთვის, თუ როგორ უნდა შემცირდეს ძუძუს კიბოს სიკვდილიანობა ადრეული გამოვლენისა და კიბოს ყოვლისმომცველი მენეჯმენტის გაზრდის გზით.

სიკვდილიანობის შესამცირებლად ჯანმო მოუწოდებს ქვეყნებს დანერგონ ორი მთავარი სტრატეგია: ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენა (მათ შორის ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის ჩათვლით) და ეფექტური მულტიმოდალური მკურნალობა.

რეკომენდაციები მოიცავს აუცილებელი მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, სკრინინგის პროგრამებში საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე რეესტრებისა და საინფორმაციო სისტემების გაძლიერებას.

ამავე თემაზე:

კიბოს 10 000 ახალი შემთხვევა ყოველწლიურად – რას უკავშირდება სტატისტიკის ზრდა 

 

Loialte-ს განახლებული კონცეფცია და გეგმები აჭარაში

აუდიტორული და საკონსულტაციო სერვისების აუთსორსინგი (გარე კომპანიის მხრიდან მიწოდება) სულ უფრო დიდი დოზით შემოდის ქართული ბიზნესის ყოველდღიურობაში, რადგან ერთის მხრივ სხვადასხვა ტიპის რეგულაციებთან შესაბამისობა გარდაუვალია, ხოლო მეორეს მხრივ გაზრდილი კონკურენტული გარემო სხვადასხვა გამოწვევებს აჩენს ბიზნესისთვის, რომლის გადასაწყვეტად მხოლოდ კომპანიაში დაგროვებული რესურსი და გამოცდილება საკმარისი აღარ არის.

ამასთან, კომპანიები სულ უფრო მეტად ხვდებიან, რომ აუთსორსინგი უფრო პრაქტიკული, ნაკლებ რისკიანი და ხარჯთეფექტურია, ვიდრე კომპანიის შიგნით შესაბამისი დეპარტამენტების მოწყობა ან ცალკეული თანამშრომლების დაქირავება.

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialté უკვე 5 წელია ქართველ და უცხოელ მომხმარებელს ემსახურება ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული მრავალფეროვანი აუთსორსინგული სერვისებით. ბრენდი სრულად ქართულია და შეიქმნა იმ მიზნით, რომ საწყის ეტაპზე საქართველოს ბაზარზე გაიმყაროს პოზიციები, ხოლო საშუალო და გრძელ ვადაში გლობალური მოთამაშე გახდეს.

Loialté ბათუმში 2019 წლიდან მუდმივმოქმედი ფილიალით არის წარმოდგენილი და უკვე საკმაოდ დიდ ბუღალტრულ, საგადასახადო და ფინანსურ პორტფელს მართავს. თუმცა, 2023 წელი კომპანიის აჭარაში ოპერირებისთვის გარდამტეხი იქნება, რაც განპირობებულია იმით, რომ Loialté მომსახურების დიაპაზონს აფართოებს და აჭარის ბიზნეს სექტორს უკვე ყველა იმ სერვისს შესთავაზებს, რასაც დედაქალაქში, კერძოდ:

  • ბუღალტრული აუთსორსინგი
  • აუდიტი და მარწმუნებელი საქმიანობა
  • საგადასახადო სერვისები (აუდიტი, კონსალტინგი, დეკლარაციების კონტროლი, დავებში მხარდაჭერა და ა.შ.)
  • Contractor – სრული იურიდიული მომსახურება ბიზნესისთვის
  • Hiro – HRM სააგენტო (ადამიანური რესურსების მართვა)
  • Erudio – საგანმანათლებლო ჰაბი
  • Altera – ციფრული ტექნოლოგიები
  • Loialté Strategy – ბიზნესის დაწყება და განვითარება

Loialté ახალ გეგმებს ახალი ფილიალით ხვდება, რომელიც ბათუმში, პუშკინის N73-ია განთავსებული და აერთიანებს როგორც სამუშაო, ისე თანამედროვე სატრენინგო და შეხვედრების სივრცეებს. ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს კომპანია შესაძლებლობას აძლევს უფასოდ ისარგებლონ Loialté-ს ინფრასტრუქტურით ბიზნეს თუ სხვა ტიპის შეხვედრებისთვის.

Loialté სწრაფად იზრდება, რასაც განაპირობებს ერთის მხრივ ბაზრის განვითარება, ხოლო მეორეს მხრივ კომპანიის ბიზნეს მოდელი – კომპლექსური მომსახურება. უფრო კონკრეტულად – Loialté მომხმარებელს ერთ სივრცეში სთავაზობს ყველა იმ სერვისს, რომელიც მისი ბიზნესისთვის იმ კონკრეტულ მომენტში თუ სამომავლო განვითარებისთვისაა საჭირო. როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული მიდგომა შესაძლებლობას აძლევთ, რომ შეინარჩუნონ მომსახურების მაღალი ხარისხი და ამავდროულად მომხმარებლებს შესთავაზონ მუდმივად ხელმისაწვდომი ფასები, ასევე მომსახურებათა პაკეტები მოარგონ ინდივიდუალი კომპანიის საჭიროებებს.

კომპანიის მმართველ პარტნიორებთან საუბრისას გავიგეთ, რომ 2023 წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აჭარაში Loialté-ს საგანმანათლებლო მიმართულების – Erudio-ს განვითარებას, სადაც დაემატება არაერთი საინტერესო და აქტუალური ტრენინგი თუ სასწავლო კურსი და მომხმარებელს შესთავაზებს როგორც სტანდარტულ, ისე კონკრეტულ კომპანიაზე მორგებულ პროგრამებს.

ასევე, გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით აჭარის ფილიალში გაძლიერდება HRM სააგენტო Hiro-ს გუნდი, რომელიც ნებისმიერი ზომის ბიზნესისთვის HR-თან დაკავშირებულ კომპლექსურ მომსახურებას უზრუნველყოფს.

სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი ასევე Loialté-ს იურიდიული მიმართულების, ქვებრენდ Contractor-ის მიმართულებით, რადგან წლევანდელი წელი ბიზნესისთვის დატვირთული იქნება სხვადასხვა რეგულაციებთან შესაბამისობაში მოსვლის თვალსაზრისით.

პრიორიტეტში რჩება ბუღალტრული, საგადასახადო და ფინანსური მიმართულების პორტფელის ზრდა და განვითარება, სადაც Loialté დღეის მდგომარეობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, რამდენიმე ასეულ კლიენტს ემსახურება და დაგეგმილია, რომ მთლიან პორტფელში აჭარის რეგიონის წილი მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialté-ში მიმდინარე სიახლეებს პერიოდულად შემოგთავაზებთ. კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ოფიციალურ ვებ გვერდზე – www.loialte.com.ge ან ეწვიოთ Loialté-ს სოციალურ ქსელებს (FB, Linkedin).

რა მოუვა თქვენ სესხს, თუ „ეროვნული ბანკის“ კანონს შეცვლიან – ინტერვიუ

„არსებობს საფრთხე, რომ ეროვნული ბანკი გამოიყენონ პოლიტიკური, პარტიული მიზნებისთვის,“ – ეს შთაბეჭდილება შეუქმნა ეკონომისტ სოსო ბერიკაშვილს ეროვნული ბანკის საკანონმდებლო ცვლილებამ, რასაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, ხოლო აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს გაუჩინა კითხვა: „რატომ უნდა შეცვალო სტრუქტურა?

საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, ეროვნულ ბანკში სამი ვიცე-პრეზიდენტიდან ერთ-ერთი პირველი ვიცე-პრეზიდენტი იქნება და ის შეასრულებს პრეზიდენტის უფლებამოსილებას, პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში. ეროვნული ბანკის მოქმედ პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს ზეგ, 2 მარტს უფლებამოსილება უწყდება.

ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის შერჩევამდე 9-კაციანი საბჭო უნდა დაკომპლექტდეს, რომლის 2 ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად შერჩეულ კანდიდატურებზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტში უარი უთხრეს.

„რა საჭიროა დამატებით ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა? მაშინ, როცა მოქმედი 3 ვიცე-პრეზიდენტიდან თავისუფლად შესაძლებელია ერთ-ერთმა შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობა, ამას პრაქტიკა ადასტურებს. მაშასადამე, ჩნდება კითხვა: ნუთუ ხელისუფლებას არცერთი ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურა არ აკმაყოფილებს და სჭირდება დამატებითი ადგილის შექმნა? ასევე, ჩნდება ეჭვი იმის შესახებ, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატურებს არ ექნება პარლამენტის მხარდაჭერა, კანონი იძლევა შესაძლებლობას, რომ პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა განუსაზღვრელი ვადით შეასრულოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობა. ასეთი ეჭვი უთუოდ უნდა გაიფანტოს, რამეთუ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის პრინციპი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი ხსნის, რატომ შეიძლება ამ ვითარებაში ეროვნული ბანკი ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის კი არა, „ქართული ოცნების“ პარტიული დაკვეთის შემსრულებლად იქცეს. ის მიანიშნებს ბანკის საბჭოს რამდენიმე ახალ წევრზე, რომლებიც „ქართულ ოცნებასთან“ არიან ღიად დაკავშირებული, მაგალითად, ნათია თურნავა – ეკონომიკის ყოფილი მინისტრი.

„…ბანკს პირდაპირ შეუძლია, რომ გააძვიროს სესხი, ან გააიაფოს ელექტორალური მიზნებიდან გამომდინარე,“ – ამბობს სოსო ბერიკაშვილი. „ბათუმელებმა“ მას ამ თემაზე რამდენიმე კითხვა დაუსვა. სოსო ბერიკაშვილი კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანია.

  • ბატონო სოსო, სად ჩნდება საფრთხე, თუ პარლამენტი, პრეზიდენტის ვეტოს მიუხედავად, მაინც შეცვლის ეროვნული ბანკის კანონმდებლობას და პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს პრეზიდენტის უფლებამოსილებას? 

სამართლებრივი მოცემულობაა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ასევე საბჭოს წევრების არჩევა ვერ ხდება პრეზიდენტის გვერდის ავლით. ვნახეთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს წარუდგინა საბჭოს წევრობის 2 კანდიდატი, რომლებიც, როგორც ჩანს, არ იყო ხელისუფლებასთან შეთანხმებული და პარლამენტმა ჩააგდო.

ახლა თავის დაზღვევის მიზნით, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ კანონი უნდა შეცვალოს და მოიგონეს პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილი ვერ აიძულეს, რომ „ოცნებისთვის“ სასურველი კანდიდატი წარადგინოს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი შეასრულებს ამ ფუნქციას.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები უკვე არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ პარტიული ბექგრაუნდი. მაშინ, როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილი აიძულეს, რომ ეს გაკეთებინა. მაგალითად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრია ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ნათია თურნავა, მისი ყოფილი მოადგილეები და ასე შემდეგ. მე მათ კომპეტენციას კი არ ვეხები, არამედ ფაქტობრივი მდგომარეობაა, რომ ისინი არიან პოლიტიკური და პარტიული ბექგრაუნდით. თუ, მაგალითად, ნათია თურნავა შეასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას, ეს საფრთხის ქვეშ დააყენებს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხარისხს.

იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ვერ აიძულებს სალომე ზურაბიშვილს, წარადგინოს სასურველი კანდიდატები, საბჭოში უკვე არსებული წევრებიდან აირჩევენ პირველ ვიცე-პრეზიდენტს. ფაქტობრივად, ის იქნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ვიდრე არ აირჩევენ ბანკის ახალ პრეზიდენტს. ეს პროცესი კი, დროში შესაძლოა ძალიან გაიწელოს.

  • რა საფრთხე შეიძლება შეიქმნას, თუ ეროვნულ ბანკს ეყოლება მოვალეობის შემსრულებელი ხანგრძლივად? 

ეროვნული ბანკის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რაც ახლა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ.

ამ ქვეყანაში ისედაც არსებობს ინსტიტუციების პრობლემა, ხოლო ამ დრომდე ეროვნული ბანკი ფორმალურად მაინც იყო დამოუკიდებელი. ეს საკანონმდებლო ცვლილება ასუსტებს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას. ეს პრობლემას უქმნის ქვეყანას, ამას ხედავენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც.

სოსო ბერიკაშვილი, ეკონომისტი
  • რატომ უნდა შეცვალო სტრუქტურა?“ – იკითხა აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა. 

ის ამას დიპლომატიურად და რბილად ამბობს. უფრო მკაცრად კი, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ეროვნულ ბანკს ნამდვილად ასუსტებს. როგორც კელი დეგნანმა თქვა, ეს კითხვებს აჩენს მინიმუმ, რაც თავისთავად პრობლემაა ინსტიტუციისთვის. საერთაშორისო სავაჭრო ფონდის გამოხმაურება, რბილად რომ ვთქვათ, არ იყო პოზიტიური. სავალუტო ფონდი წლებია თანამშრომლობს ეროვნულ ბანკთან, დახმარებას გვიწევენ, იაფი კრედიტებია, რასაც ფინანსური სტაბილური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი როლი აქვს. ეს ცვლილება მინიმუმ სავალუტო ფონდთან ურთიერთობის გაფუჭებისთვისაც არ ღირს.

  • როგორ აისახება ეს ადამიანებზე, მაგალითად, ვისაც ბანკის სესხი აქვს? 

ამის თქმა რთულია, მაგრამ არსებობს საფრთხე, რომ ეროვნული ბანკი გამოიყენონ პოლიტიკური, პარტიული მიზნებისთვის, რაც დამაზიანებელია. მსესხებელი პირდაპირ დამოკიდებულია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებზე, ბანკს პირდაპირ შეუძლია, რომ მას გაუძვიროს სესხი, ან გააიაფოს ელექტორალური მიზნებიდან გამომდინარე. მთლიანობაში ეს ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესზეც შეიძლება უარყოფითად აისახოს.

საფრთხეა მმართველი გუნდის პოლიტიკური ინტერესები. ეროვნული ბანკი პასუხისმგებელია ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ფასების ზრდაზე, ასევე გარკვეული თვალსაზრისით ვალუტის კურსზეც. ამის კონტროლის ბერკეტი თუ ხელისუფლებას ჩაუვარდება, თანაც ღარიბაშვილის კომპეტენციის პირობებში, ეს განსაკუთრებული პრობლემაა.

ამ ვითარებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. პრინციპულად არასწორია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაზე ასე შეხება.

რუსული კანონი ათასობით შშმ პირს სერვისების გარეშე და უმუშევარს დატოვებს – თომა კაკაბაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ წლებია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ზრდასრულების უფლებებს იცავს. ორგანიზაციის ოფისი ბათუმშია, თუმცა ეხმარება არამხოლოდ ბათუმში, არამედ აჭარის მუნიციპალიტეტებში, სოფლად მცხოვრებ შშმ პირებსაც.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი თომა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ რეპრესიული რუსული კანონის ანალოგის მიღებით ათასობით ადამიანი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებს ვეღარ მიიღებს, უმუშევრად დარჩება არაერთი შშმ პირიც.

„დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“ და „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ – ორივე ორგანიზაცია უცხოელი დონორებისგან ვფინანსდებით.

ერთს ამერიკული ორგანიზაცია USAID-ი აფინანსებს, მეორეს კი – ევროკავშირი. ამ პროექტების წყალობით ქედაში და შუახევში პროექტ „ანიკას“ ფარგლებში 60 შშმ ადამიანს ვეხმარებით, ასევე შშმ ბავშვებს. 30-ზე მეტი სპეციალისტია, კოორდინატორები არიან დასაქმებული. მთლიანობაში 100-მდე ადამიანია მარტო ერთ პროექტში ჩართული და თუ რუსული კანონი ამოქმედდება, ფაქტობრივად, ეს ადამიანები უმუშევრები დარჩებიან და ვერც მათთვის აუცილებელ სერვისებს მიიღებენ“, – აცხადებს თომა კაკაბაძე.

„დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრში“ კი, როგორც თომა ამბობს, 1000-მდე შშმ პირს და მათი ოჯახის წევრებს უწევენ სხვადასხვა სახის დახმარებას, იქნება ეს ადვოკატირება, ინფორმირება, შშმ ადამიანების საჭიროებების კვლევა თუ სხვა. პროცესების შეჩერება კი სერიოზულ ზიანს მიაყენებს ამ ადამიანებს.

„1000 ადამიანი, ეს არის უნიკალურ ბენეფიციართა რაოდენობა და ეს მარტო შშმ პირები არ არიან, მშობლებიც არიან ამ პროექტით დასაქმებული. ვეხმარებით სხვა შშმ პირებსაც, რომ დავასაქმოთ, ჩავრთოთ სხვადასხვა პროგრამაში, გადავამისამართოთ. თუ პროგრამა არ მიეწოდება, რეაგირებას ვაკეთებთ დისკრიმინაციულ ფაქტებზე, ვეხმარებით შშმ სტატუსის, დამხმარე საშუალებების მიღებაში“, – ამბობს თომა კაკაბაძე.

აღნიშნული ორგანიზაცია ზრუნავს იმაზე, რომ შშმ ადამიანები არ დარჩნენ განათლების გარეშე და ხელმისაწვდომი გახადონ გარემო მათთვის.

„ამ სერვისების გამართვაზე მუშაობა ყოველდღიური რთული სამუშაოა, მაგრამ დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი ერთ-ერთი ნათელი წერტილია შშმ ადამიანებისთვის და ესეც რომ წაერთვათ, პირისპირ რჩებიან სახელმწიფოსთან, რომელიც ვერ აწვდის მათ სრულფასოვან ინფორმაციას პროგრამების შესახებაც კი – ვერ ფარავს ყველას და ვერც მათთვის გასაგებ ენაზე აწვდის ინფორმაციას, რადგან უსინათლოს თავისი სპეციფიკით სჭირდება ინფორმაციის მიწოდება, სმენისარმქონეს – თავისი სპეციფიკით“, – ამბობს თომა.

ძალიან მნიშვნელოვანია შშმ ადამიანების ინფორმირება, რადგან ხშირად არ იციან, რომელ უწყებას უნდა მიმართონ. არის შემთხვევები, როცა მერიის ნაცვლად ჯანდაცვის სამინისტროში მიდიან და პირიქით, რაც მათ დროს და მოტივაციასაც ართმევს. არ იციან, როგორ ჩაერთონ კონკრეტულ პროგრამაში, რა დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ. მათ ამ ყველაფერში სწორედ აღნიშნული ორგანიზაციები ეხმარებიან.

პროექტები, რომლებსაც დონორი ორგანიზაციები აფინანსებენ, გულისხმობს შშმ პირების გაძლიერებას ბევრი მიმართულებით. ასევე სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტების შეფასებას და ანალიზს. ასეთი პროექტები აჭარის გარდა ხორციელდება კახეთში, შიდა ქართლსა და სამეგრელოშიც.

„ამ რეგიონებში მომუშავე შშმ პირთა ორგანიზაციებს უტარდებათ ტრენინგები, რომ შემდეგ გაიცეს მათზე გრანტები და თავად შეძლონ სახელმწიფო პროგრამების მონიტორინგი და სერვისების ანალიზი. ასევე, გამოიკვლიონ კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში რა საჭიროებები აქვთ შშმ პირებს და იმუშაონ მათზე მორგებული სერვისების დანერგვაზე.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პროგრამების სიკეთეები გავრცელდეს ყველგან – ქალაქზეც და სოფელზეც და არ იყოს მხოლოდ ცენტრალიზებული“, – გვეუბნება თომა.

„ორგანიზაცია ასევე მუშაობს შშმ ქალების, იძულებით გადაადგილებული შშმ პირების და ეთნიკური უმცირესობების შშმ პირების უფლებების მხარდაჭერაზეც“, – ამბობს თომა.

რამდენად არიან ინფორმირებული ეს ადამიანები იმის შესახებ, რომ ხელისუფლება უპირებს ამ სიკეთეების წართმევას რუსული კანონით? – ვკითხეთ მას.

თომა კაკაბაძის თქმით, რუსული კანონის შესაძლო შემოღებაზე გარკვეული ინფორმაციები აქვთ შშმ ადამიანებს და არ ეთანხმებიან.

„ვრცელდება რუსული კანონის შესახებ ინფორმაციები, ვიდეორგოლები, გადაცემები, გვიკავშირდებიან ყოველდღიურად და გვეკითხებიან, თუ რა ხდება, საიდან მოვიდა ეს კანონი და რატომ. გვეუბნებიან, რომ ჩვენ გვერდით იქნებიან და თუ საჭიროა, ქუჩაშიც გამოვლენ.

მათ კარგად იციან, რომ თუ რუსულ კანონს მიიღებს პარლამენტი, ეს მათ პირდაპირ შეეხება. ამ ხალხმა გაიაზრა ეს ყველაფერი და, ბუნებრივია, წინააღმდეგია ამ კანონის. არავის უნდა შინმოვლის, პერსონალური ასისტენტის სერვისის, ინფორმაციის, ადვოკატირების, დასაქმების, განათლებისა და ახალი ინიციატივების გარეშე დარჩეს.

ამ ადამიანებმა ჩვენი პროგრამების დახმარებით შეძლეს სახლიდან გამოსვლა, სამუშაოს პოვნა, განათლების მიღება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა.

სამსახურს იწყებენ, განათლებას იღებენ, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ერთვებიან და უკვე თავადვე გეგმავენ ადვოკატირებას და სხვებს აძლიერებენ. ახლა გამოდის, რომ სამოქალაქო მოძრაობა კი არა, ის ახალწარმოჩენილი აქტივისტებიც კი შეიძლება ისევ შებრუნდნენ სახლებში, ჩაიკეტონ  თავიანთ ღრმა წარსულში, რომელიც მძიმედ გასახსენებელია მათთვის, რადგან წლები დაკარგეს იმის გამო, რომ ვერ ნახეს მხარდამჭერი, დამხმარე, ვერ მიიღეს განათლება, რომ საზოგადოებრივად ღირებული ყოფილიყვნენ.

ეს ყველაფერი გადის ზუსტად ამ ადამიანებზე და ესენი არიან მრავალრიცხოვანი. ერთი კონკრეტული პროექტიც რომ გაჩერდეს, აქ ათასობით ადამიანისთვის ჩაიკეტება თავისუფლების, დამოუკიდებლობის და ღირსეული ცხოვრების კარი“, – გვეუბნება თომა კაკაბაძე.

მისი თქმით, კანონის მიღების შემთხვევაში არავინ ისურვებს „ამ დამამცირებელი და დამაკნინებელი იარლიყით მუშაობას.

„იმდენად შეურაცხმყოფელია ეს იარლიყი და სამოქალაქო სექტორის საქმიანობის გაუფასურების მცდელობა, რომ ეს მივა მძიმე შედეგებამდე.

ყველამ კარგად ვიცით, რომ აქ არანაირ გამჭვირვალობაზე არ არის საუბარი, რადგან თითოეული თეთრი, რომელიც ამ ქვეყანაში შემოდის, ყველაფერზე ინფორმირებულია სახელმწიფო. იბარებს აუდიტს, მთელი პროცედურების გავლა გვიწევს, რომ სახელმწიფოს ანგარიშები ჩავაბაროთ, ამიტომ, „გამჭვირვალობა“ თითიდან გამოწოვილი საკითხია, რაზეც აპელირებენ ამ კანონპროექტის ინიციატორები. ისინი ცდილობენ გავლენა მოახდინონ საზოგადოების იმ ნაწილზე, ვინც აქამდეც იძახდა, რომ „არასამთავრობოები ფულისმჭამელები არიან“. ამ ადამიანების საამებლად და წასაქეზებლად ამბობენ.

სინამდვილეში, დემოკრატიის მოსპობა უნდათ, უნდათ, რომ გააჩუმონ ადამიანები. ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს, ევროკავშირის წევრ არც ერთ ქვეყანაში არ მოქმედებს, გაერომაც გამოაქვეყნა განცხადება, რომ ეს ეწინააღმდეგება მის პრინციპებს. მაშინ რატომ უნდა ხელისუფლებას ამ კანონის მიღება? იმისთვის, რომ დემოკრატია დაასამაროს?

ვფიქრობ, იმ ადამიანებმა უნდა გადაარჩინონ საკუთარი თავიც და სხვებიც, რომლებიც დონორი ორგანიზაციებისგან მხარდაჭერას იღებენ, რადგან ამ თანხებით ქართველი ხალხის სასიკეთოდ კეთდება ყველაფერი და „ქართულ ოცნებას“ სურს, განვითარების გარეშე დატოვოს მოქალაქეები“, – ამბობს თომა კაკაბაძე.

მისი თქმით, ეს პროცესი მხოლოდ საპროტესტო ტალღას ამწიფებს ქვეყანაში და თუ ხელისუფლება არ მოუსმენს ხალხის ხმას, ხალხი სხვანაირად დაიცავს საკუთარ უფლებას.

„მზად ვართ, გამოვიდეთ ქუჩაში და ეს მიიღებს ძალიან მძიმე სახეს. ეს იქნება ათიათასობით ადამიანი, ვინც რეალურად გააპროტესტებს ამ ყველაფერს.

ამიტომ არ ვიცი, ვის ინტერესშია, რატომ უნდა ხელისუფლებას, რომ ჭიქაში ქარიშხალი დაატრიალოს და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იმოქმედოს, როცა ამის საჭიროება საერთოდ არ არსებობს“, – ამბობს თომა.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

კანონპროექტის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს, მიიღოს ევროკავშირის ქვეყნის კანდიდატის სტატუსი, რაზეც ევროკომისიამ წლის ბოლოს უნდა იმსჯელოს.

უნდა გეყოთ გამბედაობა და მიმართოთ ერს, რომ ეს არის ძალიან საშიში კანონი – მონაზონი ილია II-ს

მონაზონი დედა სიდონია  ვიდეოს ავრცელებს, სადაც ის პატრიარქ ილია მეორეს და სხვა სასულიერო პირებს მოუწოდებს, ღიად დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია რუსულ კანონთან დაკავშირებით. „უნდა ვიცოდეთ რას ვემსახურებით. ვლოცულობთ? რისთვის ვლოცულობთ – რუსეთი გვინდა თუ საქართველოს დამოუკიდებლობა“, – ამბობს მონაზონი.

მონაზონმა ვიდეომიმართვა დღეს, 28 თებერვალს, გაავრცელა:

„პატრიარქო! 17 წლისამ გაგიცანით, როცა მონასტერში მოვედი.

იმ წლებში, მოგეხსენებათ ეროვნული თვითშეგნება მაღალი იყო და გარდა სარწმუნოებისა, სამშობლოს სიყვარულმა მაგრძნობინა თავი იმდენად ზრდასრულად, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა!

თქვენ შემმოსეთ, თქვენ მიწოდეთ სიდონია 20 წლის ასაკში!

17 წლის ასაკში „გავწირე“ თავი – თავის უარსაყოფად! წელს 50-ის ვხდები და სამშობლო ისევ იგივე განსაცდელშია!

ალბათ მოგეხსენებათ უნდა დააკანონ „უცხოეთის აგენტის“ კანონი, ეს სამშობლოს დააკარგვინებს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ის ადამიანები უნდათ, რომ იწოდებოდნენ უცხოეთის აგენტებად, რომლებმაც ჩვენი სამშობლოს მეცნიერება, ხელოვნება, ეკონომიკა, როგორღაც ჩიხიდან გამოიყვანეს უცხოეთიდან დაფინანსებული წარმოებით და უამრავმა ქართველმა ნახა ამით განვითარება.

ჩემთვის ისიც გაუგებარია, რატომ ითვლება დასავლეთიდან დაფინანსება „უცხოეთის აგენტებად“ და განიხილება თუ არა რუსეთიდან შემოსული დაფინანსება ამ კანონში?

პატრიარქო! თუ თქვენი არჩევანი შეგნებულად არ არის რუსეთი, რომელმაც უთვალავჯერ უღალატა ჩვენს ქვეყანას, განა არ გიღირთ სიცოცხლის ბოლო წლები იმ თავგანწირვად, რომელიც მე ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში გავწირე?

სამშობლოსთვის, ქართველი ხალხის განვითარებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის თქვენ უნდა გეყოთ გამბედაობა და მიმართოთ ერს, რომ ეს არის ძალიან საშიში კანონი და ხალხს უთხრათ სიმართლე, თუ რა განსაცდელის წინაშე დგას სახელმწიფოს თავისუფლება, თუ ამ რუსულ კანონს მიიღებენ.

არ მინდა დავიჯერო, რომ საქართველოს რუსეთთან ხედავთ. თვითონ რუსეთი არ ვითარდება, ის რომ ვითარდებოდეს, შეიძლება პირველი ჩვენ წავსულიყავით მასთან, რუსეთი კი არ გვძულს, გვძულს მისი ქმედებანი, რომელსაც ჩვენი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს და არა მარტო ჩვენი.

ჩვენ დამოუკიდებელი, თავისუფალი, თავმოყვარე ერი უნდა შევდგეთ. ღმერთს ვერ ვიპოვით, თუ თავისუფლება ვერ ვიპოვეთ, თუ საკუთარი თავი ვერ ვიპოვეთ.

პატრიარქო, თუ არ არის თქვენი მიზანმიმართული არჩევანი რუსეთი, ეპისკოპოსებო, ნუ შეიკეტებით საკუთარ კეთილდღეობაში. თქვენ იმიტომ მოგენდოთ ხალხი, რომ სამშობლო, მისი მომავალი უნდა დაიცვათ.

მარტო ლოცვა რომ იყოს საკმარისი, მაშინ ამბორისი ხელაიაც ლოცვით შემოიფარგლებოდა და არ გააკეთებდა იმ განცხადებებს, რის გამოც ის ძალიან გვიყვარს და დღემდე ითვლება ღირსეულ პატრიარქად.

დღეს 19-20 წლის ბიჭები თავს სწირავენ უკრაინაში სამშობლოსთვის და დღეს ეს ღირსებაა. საქართველო იარსებებს თუ არა როგორც სამშობლო, ასეთ თავგანწირვაზეა დამოკიდებული.

თქვენი არჩევანი აგვიხსენით. ნუ ხართ ჩუმად, ნუ დუმხართ მონაზვნებო, მღვდლებო, ეპისკოპოსებო, ეს ჩვენი ვალია.

ჩვენ არ ვართ რაღაც ცალკე განყენებული ორგანიზმი. მაშინ უნდა ვიცოდეთ, რას ვემსახურებით. ვლოცულობთ? რისთვის ვლოცულობთ, – რუსეთი გვინდა, თუ საქართველოს დამოუკიდებლობა.

დღეს რუსეთი საქართველოს იმას ვერ მისცემს, რისი იმედიც ერეკლე მეორეს ჰქონდა და ძალიან გაუცრუვდა ეს იმედი.

დავფიქრდეთ კიდევ ერთხელ და იქნებ, როგორმე გავაცნობიეროთ ჩვენი ვალი სამშობლოს წინაშე“, – ამბობს დედა სიდონია თავის ვიდეომიმართვაში.

როგორ მუშაობს აჭარის რეგიონული ჰაბი

აჭარის რეგიონული ჰაბი შეიქმნა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტით – „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“.

2021 წლიდან აჭარის რეგიონული ჰაბის ფუნქციას „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ასრულებს.

  • რა კეთდება აჭარის რეგიონული ჰაბის საშუალებით

აჭარის რეგიონული ჰაბის საშუალებით აჭარაში მოქმედი ან ახალდაარსებული, აგრეთვე ახალგაზრდული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, საინიციატივო და სათემო ჯგუფების, ახალგაზრდების წარმომადგენლებისთვის გამოიყოფა საკონსულტაციო სივრცე და და შესაბამისი დრო, ასევე, ვლინდება მათი საჭიროებები. იდეებისა და ინიციატივების განსახორციელებლად ეს ჯგუფები იღებენ კონსულტაციასა და დახმარებას სხვადასხვა ფორმით: შეხვედრებით, სატელეფონო კავშირით, სოციალური არხებითა და ონლაინპლატფორმით.

ჰაბი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ფანდრაიზერის მომსახურებას, აწვდის სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციებს საგრანტო პროგრამების შესახებ ინფორმაციას. ამგვარი მომსახურებით აჭარაში სარგებლობს 80 სამოქალაქო ორგანიზაცია, 7 სათემო და 11 საინიციატივო ჯგუფი. ჰაბი ყოველწლიურად აზუსტებს და ამუშავებს რეგიონში მოქმედი სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციების მონაცემთა ბაზას.

უკვე განხორციელებული პროექტებიდან აღსანიშნავია „მოგზაური ბიბლიოთეკა“, რომლის საშუალებითაც აჭარის მაღალმთიან სოფლებში ახლდება წიგნების ფონდი, ბიბლიოთეკები.

„მოგზაური ბიბლიოთეკის“ ფარგლებში 11 სასკოლო ბიბლიოთეკას შეემატა 10 000-ზე მეტი ლარის ღირებულების მხატვრული ლიტერატურა. ამ სკოლაში გაიმართა შეხვედრები მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან სამოქალაქო აქტივიზმის გასაძლიერებლად.

2022 წელს მომზადდა, დაიბეჭდა და დარიგდა აჭარაში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ცნობარი. ცნობარი აერთიანებს ყველა საჭირო ინფორმაციას: ორგანიზაციების სამუშაო სფეროს, საკონტაქტო ინფორმაციას და თითოეული მათგანის მიერ შეთავაზებულ სერვისებს.

ცნობარი ვრცელდება მაღალმთიანი აჭარის სოფლებში, რადგან მუნიციპალური ცენტრებიდან ბევრი სოფელია დაშორებული. მსგავსი ინფორმაციის თავმოყრა კი აადვილებს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან დაკავშირებას.

2022 წლის განმავლობაში გაიმართა შეხვედრები აჭარის 5 მუნიციპალიტეტში. ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის თვითმმართველობის წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია აჭარის რეგიონული ჰაბის პროექტების, მიზნებისა და საქმიანობის შესახებ. ამავე შეხვედრებზე გაიმართა პრეზენტაცია აჭარაში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.

2022 წლის ოქტომბერში ქალაქ ბათუმში, აჭარის რეგიონულმა ჰაბმა უმასპინძლა კონფერენციას „სოციალური პასუხისმგებლობის გააზრების“ თემაზე.

კონფერენციის მიზანი იყო ინფორმაციის გაცვლა იმ ჯგუფებს შორის, რომლებიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებზე მუშაობენ ან არიან ბენეფიციარები.

2022 წლის ოქტომბერში ქალაქ ბათუმში აჭარის რეგიონულმა ჰაბმა უმასპინძლა კონფერენციას „სოციალური პასუხისმგებლობის გააზრების“ თემაზე.

კონფერენციას ესწრებოდნენ სოციალურ პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირები სახელმწიფო სტრუქტურებიდან, აჭარის რეგიონის ბიზნესორგანიზაციები, საკანონმდებლო, საგანმანათლებლო და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ადვოკატები, პოლიტიკოსები, სოციალური მუშაკები და მედიასაშუალებები, ახალგაზრდები.

ჰაბის გუნდის წევრები მოსახლეობასთან შეხვედრების დროს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სოფლებში მოქმედ საინიციატივო ჯგუფებთან და სოფლის რწმუნებულებთან კომუნიკაციის საფუძველზე, ადგილობრივ საჭიროებებს შეისწავლიან, შემდეგ კი იგეგმება მოსახლეობის შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომლებიც გამოვლენილი საჭიროებების თემაზე მუშაობენ.

ორგანიზაცია „შშმ ქალთა ალიანსი“, რომელსაც ხელმძღვანელობს დეა ერემაშვილი, ერთი წელია, რაც ჰაბის მუშაობაში ჩაერთო.

როგორც დეა ამბობს, ჰაბისგან მუდმივად იღებს ინფორმაციას მიმდინარე საგრანტო კონკურსების შესახებ, რაშიც მის ორგანიზაციას შეუძლია მონაწილეობის მიღება:

„ახალბედა ორგანიზაცია ვარ და არ მყავს თანამშრომელი, რომელიც მოიძიებდა დაფინანსების სხვადასხვა წყაროს. ჰაბისგან ვიღებ ამ ინფორმაციას. რეალურად დამეხმარნენ პროექტის წერაშიც, გამიწიეს კონსულტაცია, ქედის მუნიციპალიტეტიდან თანადაფინანსება როგორ უნდა მიმეღო“ – ამბობს დეა ერემაშვილი.

ორგანიზაცია „შშმ ქალთა ალიანსი“, რომელსაც დეა ერემაშვილი ხელმძღვანელობს, ერთი წელია, რაც ჰაბის მუშაობაში ჩაერთო.

მისივე თქმით, ჰაბმა მისცა შესაძლებლობა, აჭარის სოფლებში მცხოვრები შშმ პირებისთვის მიეწვდინა ხმა, რისი შესაძლებლობაც ორგანიზაციას აქამდე არ ჰქონდა:

„ერთი მნიშვნელოვანი დეტალია კიდევ: სხვა დროს შშმ პირთა ორგანიზაციებს მხოლოდ შშმ საკითხებზე გამართულ დისკუსიებში იწვევდნენ, ჰაბთან ერთად კი ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ შეხვედრაში ვარ ჩართული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია შშმ პირთა ორგანიზაციებისთვის“ – ამბობს შშმ ქალთა ალიანსის ხელმძღვანელი.

დარინა დუმბაძე საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელია. ეს ორგანიზაცია ძირითადად დაუნის სინდრომის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობს, რამაც საბოლოოდ სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ სტერეოტიპები უნდა შეამციროს:

„აქამდე საერთოდ არ გვქონია პროექტები მაღალმთიანი აჭარის სოფლებისთვის. ჰაბის საშუალებით კი ამ სოფლების მცხოვრებლებს შევხვდით, მივაწოდეთ ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის, სერვისების შესახებ და დავტოვეთ ჩვენი საკონტაქტო ინფორმაციაც მათთან“ – ამბობს დარინა დუმბაძე.

2021 წლიდან დღემდე აჭარის რეგიონული ჰაბის პროექტების ფარგლებში სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან 50 შეხვედრა ჩატარდა, შეხვედრებში მონაწილეობა 1000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

ეს სტატია  შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

ბათუმში 4 ნომერ ავტობუსებს ხვალიდან ახლით ჩაანაცვლებენ

ბათუმში ახალი მუნიციპალური ავტობუსები სამარშრუტო ხაზზე მუშაობას ხვალიდან, 1-ელი მარტიდან დაიწყებს. პირველ ეტაპზე ახალი ავტობუსები სრულად ჩაანაცვლებს №4 სამარშრუტო ხაზზე მოძრავ Zonda-ს მარკის ტრანსპორტს.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, №4 სამარშრუტო ხაზზე 10 ახალი ავტობუსი იმოძრავებს.

ბათუმის ავტოპარკის განახლების პროცესი აპრილის თვეში დასრულდება. ISUZU-ს ფირმის ახალი ავტობუსები სრულად ჩაანაცვლებს Zonda-ს [ყვითელი] მარკის მოძველებულ ტრანსპორტს.

ახალი ავტობუსები გათვლილია 70 მგზავრზე და ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ავტობუსებში ინტეგრირებულია გათბობის, კონდიცირების, ვენტილაციის, საინფორმაციო ხმოვანი და ვიდეომონიტორინგის სისტემები.

საერთო ჯამში, ძველ ავტობუსებს ახლით შემდეგ შვიდ სამარშრუტო ხაზზე ჩაანაცვლებენ:

  • #2 [ადლიის ქუჩა – ახალშენის ცენტრი]
  • #2ა [ახალშენის ცენტრი-ადლიის ქუჩა]
  • #4 [აღმაშენებლის ქუჩა – სვიშევსკის ქუჩა]
  • #8 [აღმაშენებლის ქუჩა – მახინჯაური]
  • #9 [ქათამაძის ქუჩა – ივანე მესხის ქუჩა]
  • #11 [აღმაშენებლის ქუჩა – ფერიის ქუჩა]
  • #12ა [მაიაკოვსკის ქუჩა – მახოს ხიდი]

“ბათუმის ავტოტრანსპორტის” ინფორმაციით, დამატებით 10 ახალი ავტობუსი მომავალი კვირის ბოლოს ჩამოვა, თუმცა, რომელ ნომერ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ, კომპანიაში არ ამბობენ. “შესაბამისი ცვლილება სამარშრუტო ხაზების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, წინასწარ დაანონსდება”, გვითხრეს ავტოტრანსპორტში.

ბათუმის მერია ამ ეტაპზე 65 ავტობუსს ჯამში 34 879 000 ლარად იყიდის.

—————
ფოტო: ბათუმის ავტოტრანსპორტი
Exit mobile version