მთავარი,სიახლეები

რატომ დამალეს მოსამართლე თადუმაძის დეკლარაციის შემოწმების შედეგი -საკონსტიტუციო დავა

08.06.2023 • 1261
რატომ დამალეს მოსამართლე თადუმაძის დეკლარაციის შემოწმების შედეგი -საკონსტიტუციო დავა

დღეს, 8 ივნისს, საკონსტიტუციო სასამართლომ საია-ს სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო პარლამენტის წინააღმდეგ, რაც შალვა თადუმაძის ქონებრივ დეკლარაციას უკავშირდება.

შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეა და მანამდე საქართველოს გენერალური პროკურორი იყო. გარდა იმისა, რომ უზენაესის მოსამართლედ არჩევამდე, შალვა თადუმაძის დიპლომი და მისი განათლების საკითხი სკანდალად იქცა, 2019 წელს შალვა თადუმაძეს მისი ქონებრივი დეკლარაციის გადამოწმების შედეგის დაფარვაც მოუთხოვია.

„…საჯარო სამსახურის ეროვნული ბიურო შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ამოწმებს ამა თუ იმ თანამდებობის პირთა დეკლარაციებს,“ – განმარტავს „ბათუმელებთან“ საია-ს იურისტი, გიორგი გოცირიძე.

„კომისია ამოწმებს ამ მონაცემებს და კონკრეტული თანამდებობის პირისგან ითხოვს შესაბამის დოკუმენტებს, რომ გადამოწმდეს დეკლარაციაში მითითებული მონაცემები. კომისია ამოწმებს ასევე ელექტრონულ ბაზებს. კომისია იღებს გადაწყვეტილებას: დეკლარაციაში მითითებული მონაცემები სწორია, არასწორია თუ დაფიქსირდა უმნიშვნელო ხარვეზი.

კანონის მიხედვით, მონიტორინგის შედეგი ქვეყნდება პროაქტიულად. მონიტორინგის შედეგებით, როგორც ჩანს, თადუმაძე უკმაყოფილო დარჩა და სასამართლოს მიმართა, შედეგი არ გასაჯაროებულიყო,“ – გვითხრა გიორგი გოცირიძემ.

შალვა თადუმაძემ 2019 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა სარჩელით საჯარო სამსახურის ბიუროს წინააღმდეგ. მან მოითხოვა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2019 წლის 22 ნოემბრის განკარგულების ბათილად ცნობა და მისი მოქმედების შეჩერება საქმეზე გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე.

შალვა თადუმაძის პოზიციით, თუ საჯარო სამსახურის ბიურო პროაქტიულად გამოაქვეყნებდა მის დეკლარაციას, მასში ასახული შეცდომები [მოსარჩელის აზრით შეცდომები] მიაყენებდა მას მნიშვნელოვან რეპუტაციულ ზიანს. კერძოდ კი, შალვა თადუმაძის მიმართ ჩამოყალიბდებოდა არასწორი აღქმა და აგრეთვე, საზოგადოება შეცდომაში იქნებოდა შეყვანილი იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ბიუროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში იყო მითითებული.

მაშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ შალვა თადუმაძის ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.

„…სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სათანადოდ არის დასაბუთებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სადავო აქტის შეჩერების საფუძვლების არსებობა. შესაბამისად, შუამდგომლობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს“, – ჩაწერა 2019 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ, 2020 წლის თებერვალში, საია-მ განცხადებით მიმართა საჯარო სამსახურის ბიუროს და მოითხოვა შალვა თადუმაძის და სხვა პირების მიმართ მონიტორინგის შედეგების თაობაზე გაცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები [განკარგულებები]. ბიურომ საიას არ გადასცა ყოფილი მთავარი პროკურორის და უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლის, შალვა თადუმაძის შესახებ არსებული განკარგულება.

საიამ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბიუროს უარის ბათილად ცნობისთვის და ინფორმაციის გადმოცემის მოთხოვნით. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა: „სასამართლო მიიჩნევს, რომ შალვა თადუმაძის მიერ წარდგენილი დეკლარაციის შემოწმების შედეგების თაობაზე მიღებული ინდ. აქტის კანონიერ ძალაში შესვლამდე, სასამართლოს მიერ მისი მოქმედების შეჩერების პირობებში სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო არ იყო უფლებამოსილი, საჯარო ინფორმაციის წესით, საჯარო გაეხადა კონკრეტული დეკლარაციის შემოწმების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია.“

საბოლოოდ, 2022 წელს საია უზენაეს სასამართლომდე მისულა, სადაც თავმჯდომარის მოადგილე თავად შალვა თადუმაძეა: აქ განჩინება მიიღეს და საჩივარი დაუშვებლად ცნეს.

დავის საგანია სამართლებრივი ნორმები, რაც განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვის საფუძვლებს და ადგენს მონაცემთა სუბიექტის უფლებამოსილებას, მოითხოვოს კანონის საწინააღმდეგოდ შეგროვებული ან დამუშავებული მონაცემების დაბლოკვა.

საიას განმარტებით, საერთო სასამართლოებმა სადავო ნორმები განმარტეს იმგვარად, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებისას, გარკვეულ შემთხვევებში, გამოირიცხება შეჩერებული აქტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა. ამავდროულად, საერთო სასამართლოების განმარტებით, კანონსაწინააღმდეგოდ ცნობილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ ექცევა საჯარო ინფორმაციის ცნების დეფინიციის ქვეშ.

დავის საგანია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილი: „მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შესახებ ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს ხდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას, გარდა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელებას ან კომერციული ბანკის დეპოზიტართა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს ან/და კომერციული ბანკის ან ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას. სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერების ვადა“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: